Home Blog Page 1741

“კოლექტიური “ნაცმოძრაობა” უნდა გასამართლდეს” – ხალხის ძალა

კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელიც აერთიანებს პარტია „ნაცმოძრაობას“, „ლელოს“, ვაშაძისა და გახარიას პარტიებს, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, „დროას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“, უნდა გასამართლდეს, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

„უნდა მოეწყოს ქართული „ნიურნბერგის პროცესი“, რათა კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ პასუხი აგოს როგორც 2012 წლამდე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებისთვის, როგორიცაა ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, “ელიტური” კორუფცია, არჩევნების გაყალბება, ტელევიზიების მიტაცება, ქვეყნის ტერიტორიების რუსეთისთვის ჩაბარება და მრავალი სხვა, არამედ იმ დანაშაულებისთვისაც, რომლებსაც ისინი 2012 წლიდან დღემდე სჩადიან.

კოლექტიური ნაცმოძრაობა არის აგენტურა, რომელიც ერთი ცენტრიდან იმართება და კოორდინირდება. აგენტი იმთავითვე ხელს აწერს პირობას, რომ ნებისმიერ მომენტში ნებისმიერ დავალებას შეასრულებს, მათ შორის ისეთ დავალებასაც კი, რომლის შესრულებამაც ქვეყანა ომში და უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში შეიძლება გახვიოს, ან, თუნდაც, სუვერენიტეტი სრულად დააკარგვინოს. ისინი ნებისმიერ დროს შეასრულებენ საქართველოს უკრაინიზაციის დავალებას და აქამდე შესრულებულიც ექნებოდათ, ხელისუფლებას სწორად და პრინციპულად რომ არ ემოქმედა და საქართველოს ეროვნული ინტერესები ბოლომდე რომ არ დაეცვა.

ცოტა ხნის წინ, გლობალურმა ომის პარტიამ ე.წ. „წამების პრევენციის კომიტეტს“ სააკაშვილზე დააწერინა, ვიდეოთვალთვალი მის ღირსებას ლახავდაო. იმ ფონზე, რომ სააკაშვილის მკვლელობაზე, წამებაზე, მოწამვლაზე და მსგავს სისულელეებზე დღეს აღარავინ ლაპარაკობს, ეს მცირე ჟესტი, ძირითადად, სხვა აგენტებისთვის იყო განკუთვნილი. სხვა აგენტებს უნდა დაენახათ, რომ პატრონები საკუთარ თანამშრომელს ბოლომდე არ წირავენ და მინიმუმ, ციხეში სრულიად უყურადღებოდ არ ტოვებენ.
ყველას გვახსოვს, რომ „გლობალურმა ომის პარტიამ“ სააკაშვილის დასახსნელად, თავის დროზე, ლამის მთელი თავისი ევროპული აგენტურა ფეხზე დააყენა. ამ ხაზის გაგრძელება მათ ახლაც შეუძლიათ, თუმცა, ჩანს, რომ მათი საარჩევნო სტრატეგია ახლა არა სააკაშვილზე, არამედ სხვა რამეზეა გათვლილი.

სააკაშვილის გათავისუფლება რომ უნდოდეთ, სალომე ზურაბიშვილს მას ნებისმიერ მომენტში შეაწყალებინებდნენ. თუმცა, ხედავენ, რომ ნაცმოძრაობა ღრმა კრიზისშია ჩაფლული და ჭაობიდან მას ვერც ბელადის გათავისუფლება ამოიყვანს. სააკაშვილით თუ მის გარეშე, ნაცმოძრაობა მაქსიმუმ 30-35 მანდატს მიიღებს პარლამენტში, ასეთ პირობებში კი, მმართველი ძალა საკონსტიტუციო უმრავლესობას იოლად მოიპოვებს.

შესაბამისად, „გლობალური ომის პარტია“ აქცენტს უფრო მეტად არა სააკაშვილზე, არამედ სალომე ზურაბიშვილზე აკეთებს. მათი გათვლით, 2021 წელს „დავერბოვკებული“ სალომე „ლელოს“ უნდა მიუერთონ და ამ ერთობას 5-პროცენტიანი ბარიერი უნდა გადაალახვინონ. იმ შემთხვევაში კი, თუ სალომეს სააკაშვილს შეაწყალებინებენ, მას იმ მწირ რესურსსაც გააფლანგვინებენ, რომელიც დღეისათვის აქვს შეკოწიწებული.

სალომესა და სააკაშვილს შორის საბოლოო არჩევანს „გლობალური ომის პარტია“ არჩევნებამდე ორიოდე თვით ადრე გააკეთებს. თუ სააკაშვილში დაინახავენ მეტ საარჩევნო რესურსს, მას სალომეს შეაწყალებინებენ, ხოლო თუ სალომეში – სააკაშვილი ციხეში დარჩება, სალომე სექტემბერში პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგება და „ლელოსთან“ ერთად საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისად, „გლობალური ომის პარტია“ ჯერჯერობით ბალანსს იცავს, სააკაშვილის არარსებულ ღირსებაზე საუბრობს და შეწყალების საკითხს ღიად ტოვებს. უფრო მაღალი ალბათობით, საბოლოოდ, არჩევანი მაინც სალომე-„ლელოს“ ალიანსზე შეჩერდება.

პარალელურად, „გლობალური ომის პარტია“ გვარამია-მელიას გაერთიანებაზეც მუშაობს. თუ ჩათვლიან, რომ მათ 5-პროცენტიანი ბარიერის დამოუკიდებლად გადალახვის რესურსი აქვთ, ცალკე მიაღებინებენ არჩევნებში მონაწილეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათაც სალომე-„ლელოს“ ბლოკს მიუერთებენ.

რამდენად შეძლებს „გლობალური ომის პარტია“ გამოცდილი ქართული საზოგადოების თვალში სალომეს, ხაზარაძის, გვარამიას და მელიას შუაშისტურ ძალად წარმოჩენას, ეს ცალკე საკითხია. ფაქტია, რომ 2016, 2020 და 2021 წლებში მათ შუაშისტის სახელი ვერც ბოკერიას „ევროპულ საქართველოს“, ვერც ხაზარაძის „ლელოს“ და ვერც გახარიას პარტიას მიაწებეს. დიდი ალბათობით, ფსევდოშუაშისტური გაერთიანების წარმატების მორიგი მცდელობაც წარუმატებლობით დასრულდება. მთავარია, საზოგადოება ყველაფერს გულდასმით დააკვირდეს, რომ ვერცერთმა ფსევდოშუაშისტურმა პარტიამ 5-პროცენტიანი ბარიერიც კი ვერ გადალახოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

“უკრაინაზე რუსეთის მასირებული სარაკეტო იერიშის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, დაშავებულია სულ მცირე 130 ადამიანი” – ზელენსკი

უკრაინაზე რუსეთის მასირებული სარაკეტო იერიშის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, დაშავებულია სულ მცირე 130 ადამიანი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა ხარკოვზე სამი დარტყმა განახორციელა, დაშავებულია ცხრა ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვი.

„200-ზე მეტი ადგილი დაზარალდა, მათ შორის 139 საცხოვრებელი, ბევრი დაიღუპა ჩვეულებრივ მაღალსართულიან კორპუსში. იქ ჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობდა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ხარკოვის გუბერნატორმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ თავდასხმებმა ქალაქში 100-ზე მეტი მაღალსართულიანი კორპუსი და გაზსადენი დააზიანა, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა ტიპის 44 რაკეტიდან 22 გაანადგურეს. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, კიევის თავზე 20-მდე დრონი ჩამოაგდეს.

თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა

თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი SVT-ი ავრცელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 23 იანვარს რამდენიმე საათიანი დებატების შემდეგ თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ (პარლამენტმა) შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა.

თურქეთის პარლამენტის 364 დეპუტატიდან შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას 287-მა დაუჭირა მხარი, 35 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო დანარჩენებმა თავი შეიკავეს.

ახლა, შვედეთის გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის საბოლოო რატიფიცირებისთვის საბუთს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმოწერა სჭირდება.

აღინიშნება, რომ ეს ფორმალური ნაბიჯია, თუმცა პროცესის თარიღი ამ მომენტისთვის უცნობია. ამ მომენტისთვის, თურქეთის გარდა ნატოში შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირება მხოლოდ ერთმა ქვეყანამ – უნგრეთმა – არ მოახდინა, რომლის ოფიციალურმა პირებმა რამდენჯერმე დადეს პირობა, რომ ბუდაპეშტი ამ პროცესში “ბოლო არ იქნება”.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სამართალდამცავების მხრიდან, კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენების და საპროტესტო აქციის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სამართალდამცავების მხრიდან, 2024 წლის 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენების და საპროტესტო აქციის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ კეკელიძის ქუჩაზე, გამოსახლების პროცესის მიმდინარეობისას, 20 ადამიანი დააკავეს.

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს, შესაძლოა, ნევროზულობა და ხასიათის მოულოდნელმა ცვლა გარკვეული უთანხმოების მიზეზი გახდეს. ექსპერიმენტებისა და რადიკალური ცვლილებებისთვის შესაფერისი დრო დღეს არ არის.

კურო

დაკავდით ოჯახის საკითხების მოგვარებით. ნურაფერს შეეჭიდებით ახალს. მეტი მოთმინება და წინდახედულობა გამოიჩინეთ.

ტყუპები

საოჯახო საკითხების გადაწყვეტის გამო, გჭირდებათ მეტი თვითკონტროლის და მოთმინების გამოჩენა. ფინანსებთან დაკავშირებით, დაიცავით ზომიერება.

კირჩხიბი

ნებისმიერ სიტუაციაში, მთავარია, ფლობდეთ საკუთარ თავს. რჩევებისთვის და მხარდაჭერისთვის, სჯობს, მეგობრებს მიმართოთ.

ლომი

დღეს, ძირითადად, საქმეზე ხართ ორიენტირებული , თუმცა ნებისმიერი გადაწყვეტილება სჯობს, კარგად აწონ-დაწონოთ და დასკვნის დადებამდე იყოთ რაციონალური.

ქალწული

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სამომავლოდ გადადეთ. განსაკუთრებით, თავი შეიკავეთ ფინანსური საკითხების წარმოებისგან.

სასწორი

თვალი გადაავლეთ განვლილ გზას, ძველი სიტუაციებიდან და შეცდომებიდან შესაძლოა, ახლებური ხედვით საინტერესო დასკვნები გააკეთოთ. გამოიჩინეთ კეთილგონიერება და შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

მორიელი

დროა, მიუბრუნდეთ ძველ საქმეებსა და პროექტებს, მეტად დაეყრდენით სანდო გარემოცვას და საკუთარ გამოცდილებას.

მშვილდოსანი

დღეს, დაგეგმილი ნებისმიერი ნაბიჯი, დიდი ალბათობით, წარმატებული იქნება. მეტი ყურადღება დაუთმეთ ახლობლებს. ნუ იქნებით დაუდევრები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

თხის რქა

გამოიყენეთ თქვენი ენერგია მიზანმიმართულად, თუმცა არც დასვენება დაივიწყოთ. კარგად განსაზღვრეთ ყოველი ნაბიჯი. ახლა შეგიძლიათ, ჩანაფიქრების რეალიზებაზე აქტიურად იფიქროთ.

მერწყული

იდეების რეალიზაცია მარტივი არაა. პირველ რიგში, თქვენი თვითშეფასება დაგეხმარებათ დაბრკოლებების გადალახვაში.

თევზები

დაფიქრდით იმაზე, რა უნდა მოხდეს, თქვენი ცხოვრებით კმაყოფილი რომ იყოთ, რა არის თქვენი ჭეშმარიტი მისწრაფება. მთავარია, სწორად განსაზღვროთ, რა გინდათ და შემდეგ ეტაპობრივად მიჰყვეთ გეგმების შესრულებას. ყველაფრის ერთბაშად გაკეთების მცდელობა სწორი არ იქნება.

„ნათაღლითარი ფულით, უცხო ქვეყნის დავალებების შესრულება სახელმწიფოს ღალატია!“ – გოგა ხაინდრავა

ანექსიის პირობებში, საერთაშორისო სამართლის მიერ არაღიარებული სუბიექტისგან, ფულადი ანაზღაურების საფასურად ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედება ჯაშუშობის ტოლფასია, – ამის შესახებ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა X-ზე წერს.

„ნათაღლითარი ფულით, უცხო ქვეყნის დავალებების შესრულება სახელმწიფოს ღალატის! გამგები გაიგებს“, – წერს ხაინდრავა.

“ვიდრე ამას ვაკეთებთ, ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმა არ იქნება” – იენს სტოლტენბერგი

რუსეთის მხრიდან ნატოს ქვეყნებისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს, მაგრამ რუსეთის ქმედებებს ვაკვირდებით. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

“ნატოს ნებისმიერ წევრის წინააღმდეგ პირდაპირ ან გარდაუვალ საფრთხეს ვერ ვხედავთ. და ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით იმას, თუ რას აკეთებს რუსეთი, გავზარდეთ ჩვენი სიფხიზლე, ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში წარმომადგენლობა, მაგრამ ამის მთელი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ნატოს წევრზე თავდასხმა აღვკვეთოთ,” – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ნაწილში საბრძოლო ქვედანაყოფების დიდი რაოდენობით განლაგების, თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდითა და სწავლებების დიდი რაოდენობით ნატო ცდილობს არ დაუშვას მიმდინარე ომის ესკალაცია.

“მიმდინარე კვირას ფართო სწავლებებს დავიწყებთ, რომლებიც ნატოს ყველაზე დიდი სწავლებები იქნება ათწლეულების განმავლობაში, რომლებშიც მონაწილეობას 90 ათასი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს.

ამ ყველაფერს იმისთვის ვაკეთებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს მზადყოფნა და ძალა, რათა არასწორი გათვლების ან გაუგებრობების ნებისმიერი შესაძლებლობა აღმოვფხვრათ, რომლებიც მოსკოვში არსებობს ნატოს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დაცვისთვის ჩვენი მზადყოფნის შესახებ. და სანამ ამას ვაკეთებთ, ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმა არ იქნება,” – განაცხადა სტოლტენბერგმა.

“არ გავიდეთ გარეთ, არა? არ დავყაროთ კარვები და ლეიბები?” – თაკო ჩარკვიანი

არ გავიდეთ გარეთ, არა? არ დავყაროთ კარვები და ლეიბები?, – ამის შესახებ ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

თაკო ჩარკვიანი გავრცელებულ განცხადებაში ოპოზიციის ნაწილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ვინც „ფუნთუშებზე გაზრდილი საბა ბუაძის, მუსტანგზე ამხედრებული ხაზარაძის და ბიძინა ივანიშვილის, გახარიას იმედად არის დარჩენილი“, ან „პოლიტიკურად ბეცია“ , ან “ნეტარი“.

“არ გავიდეთ გარეთ, არა ????? არ დავყაროთ კარვები და ლეიბები??? რატომ??? პოლონეთში ჩვენზე ნაკლებად მოაზროვნენი არიან, დრამატულ თეატრთან რომ 300 “მატრასი” ლეიბი დაყარეს პატრიოტებმა, ისე რომ, არ უღლიცინიათ, როგორც ზოგიერთმა “აქოურმა ” კომფორტს მორგებულმა “ზარმაცმა ” ოპოზიციონერმა იღლიცინა, მახსოვს ყოფილი ხელისუფლების დროს (4 თვე გარეთ კარვები იყო გაშლილი).

ჰოდა გახარია რომ ოპოზიცია გეგონება, სახლებიდან ქუჩაში კი არა, ქვეყნიდან გაყრიან პატრიოტებს ცოტა ხანში!

კარვები და ლეიბები “ტეხავს” რუსთაველზე? რუსთაველზე გასვლა არააქტუალურია??? როგორც ერთმა პოლიტლუზერმა თქვა. ხოდა “ბულკებზე”- ფუნთუშებზე გაზრდილი საბა ბუაძის, ამერიკულ ძვირადღირებულ მუსტანგზე ამხედრებული ხაზარაძის და ბიძინა ივანიშვილის, გახარიას იმედად დარჩენილი ვინც არის, ან პოლიტიკურად ბეცია , ან “ნეტარი”…..

მოქალაქეების გამოსახლების კადრებს ვუყურებდი და სიმწრისგან ( შემზარავ კადრებს ) გალაკტიონი მომაგონდა “ ქუჩაში მტვერში წაიქცა ბავშვი, თმით მიმოზებით ნუკრის თვალებით……… შეშლილი სახით კიოდა ქუჩა , შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა”….

მტვერში, ქუჩაში, მტრის გარემოცვაში დარჩენილია საქართველო!“, – წერს ჩარკვიანი „ფეისბუქზე“.

მელიქიშვილის გამზირსა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო მელიქიშვილის გამზირსა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე, 24 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

პირველ ეტაპზე გზა გადაიკეტება მელიქიშვილის გამზირზე, რომლის გახსნის შემდეგაც საგზაო მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას ქუჩის ნაწილზე.

შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის ქუჩიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

რაც შეეხება კოსტავას ქუჩას, შეზღუდვა შეეხება თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთს.

შეზღუდვის პერიოდში რუსთაველის გამზირიდან მიმავალი საავტომობილო ნაკადისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით, ხოლო ნ. ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით, მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.

“აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭა” – რევაზ სოხაძე

აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭა, ნაწილს სატრანსპორტოსი – ეს იყო ტექნიკური გადაწყვეტილება, რომელიც არაფერს ცვლის,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას დაედო ის შესაბამისი ზონები, რომელიც გათვალისწინებული იყო განაშენიანების რეგულირების გეგმის დროს.

“ეს იყო ტექნიკური გადაწყვეტილება, რომელიც არაფერს ცვლის.

გასულ წელს დავამტკიცეთ განაშენიანების რეგულირების გეგმა, ხოლო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურაა, რომ ამ განაშენიანების რეგულირების გეგმარების საფუძველზე უნდა დაიდოს შესაბამისი ზონები, რაც დამტკიცდა განაშენიანების გეგმის დამტკიცების დროს.

სუფთა ტექნიკური ხასიათის გადაწყვეტილება იყო. აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას დაედო ის შესაბამისი ზონები, რომელიც გათვალისწინებული იყო განაშენიანების რეგულირების გეგმის დროს.

საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭა, მათ შორის ნაწილს სატრანსპორტოსიც. განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით შეიცვალა, რომელიც გასულ წელს მივიღეთ”,-აღნიშნა სოხაძემ.

კეკელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა, სოლიდარობის აქცია გაიმართა

კეკელიძის ქუჩაზე, სადაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მარინა ხატიაშვილის ოჯახი გამოასახლა, მოქალაქეებმა სოლიდარობის მიზნით აქცია გამართეს.

აქციის ორგანიზატორებმა წამოაყენეს ორი მოთხოვნა წამოაყენეს: სასწრაფო მორატორიუმი გამოცხადდეს გამოსახლებებზე და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პირები, ვინც პოლიციამ ხატიაშვილის სახლიდან გამოსახლების დროს დააკავა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებამ დღეს იხილა მარინა ხატიაშვილის ოჯახის ძალადობის გზით გამოსახლება, საზოგადოებამ ასევე იხილა უმნიშვნელოვანესი რამ, სახალხო წინააღმდეგობა და უპრეცედენტო სოლიდარობა.

მათი თქმით, სწორედ სახალხო სოლიდარობისა და წინააღმდეგობის გატეხის მიზნით 24 და 26 იანვარს კიდევ ორი ოჯახის გამოსახლებაა დაგეგმილი.

“ხვალ, იმავეს უპირებენ ნახალოვკაში, ცოტნე დადიანის 259 ნომერში მაია კიკალიშვილის ოჯახს, 2008 წლის ომის ვეტერან ქალს, ორ მოზარდ შვილთან ერთად. რაც ყველაზე მეტად გვაღელვებს და უნდა გვახსოვდეს არის ის, რომ ხვალ შესაძლოა, იმავე დარბევის მსხვერპლნი გახდნენ ბავშვები, ქალბატონი მაიას შვილების კლასელები და სკოლელები, რომლებიც იქ იქნებიან კლასელის ქუჩაში გაგდებისგან დასაცავადა და იქ უნდა ვიდგეთ ჩვენც. იმავეს უპირებენ 26 იანვარს ბალახაძეების ოჯახს, რუსთაველის ძეგლთან, ზანდუკელის ქუჩაზე, ოჯახში, სადაც ორსული ქალი და შშმ პირი ცხოვრობს. ეს გარემოებები გვავალდებულებს, რომ ვიდგეთ მათ გვერდით უკანონო გამოსახლების წინააღმდეგ, იქ, სადაც გული და მორალი გვკარნახობს, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ამ სამი ოჯახის გარდა საქართველოს მასშტაბით გამოსახლების რიგშია 1300 ოჯახი. მთელი საზოგადოება ვალდებულნი ვართ, იქამდე დავასრულოთ ეს ჯოჯოხეთი, ვიდრე დამრბევი რაზმები მათ კარებსაც შეამტვრევენ. ამიტომ, საზოგადოება უნდა გაერთიანდეთ სასიცოცხლო მნიშვნელოვანი მოთხოვნის ირგვლივ.

ვითხოვთ, სასწრაფო და დაუყოვნებლივ მორატორიუმს ყველა ჩანიშნულ გამოსახლებაზე. ამ მოთხოვნის შესრულებას არ სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები,ეს შესაძლებელია პარლამენტის ერთი აქტით და პარლამენტი ვალდებულია, რომ ეს აქტი მიიღოს. ამ მოთხოვნას დავაყენებთ ხვალინდელ გამოსახლებაზეც, 26 იანვრის გამოსახლებაზეც და კიდევ უფრო მძაფრად უნდა დავაყენოთ, ამ გამოსახლებების შემდეგ, იმის მიუხედავად, რა შედეგით დასრულდება ისინი” , – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა, რომელმაც საზოგადოებას მოთხოვნები გააცნო.

კეკელიძის ქუჩაზე სამართალდამცველები ამ დრომდე რჩებიან.

ჯანმო ევროპაში წითელას მზარდი შემთხვევების ფონზე სასწრაფო ვაქცინაციის მოწოდებით გამოდის

ევროპაში, წითელას მზარდი შემთხვევების ფონზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია “სასწრაფო” ვაქცინაციის მოწოდებით გამოდის.

ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის ოფისი ავრცელებს.

მათი ცნობით, 2023 წლის პირველ 10 თვეში ევროპაში წითელას 30-ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირებულა, ვიდრე წინა წლის იმავე პერიოდში.

განცხადებაში ისინი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებენ, “სასწრაფოდ” დაიწყონ იმუნიზაციის კამპანიები.

კერძოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისმა 2023 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში წითელას 30 000-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირა, როდესაც მთლიანად 2022 წელს მხოლოდ 941 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. მათი ცნობით, შემთხვევებმა ბოლო თვეებში მოიმატა და სასწრაფო ზომების არმიღების შემთხვევაში ტენდენცია გაგრძელდება.

ჯანმო-ს ცნობით, წითელას შემთხვევების ზრდა ვაქცინაციის დონის დაქვეითებითაა გამოწვეული. წითელა კი, თავის მხრივ, ინფექციური ვირუსია, რომელიც იწვევს ცხელებას, ხველას, და იშვიათ შემთხვევებში, პნევმონიას, ტვინის ანთებასა და სიკვდილს.