კეკელიძის ქუჩაზე, სადაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მარინა ხატიაშვილის ოჯახი გამოასახლა, მოქალაქეებმა სოლიდარობის მიზნით აქცია გამართეს.
აქციის ორგანიზატორებმა წამოაყენეს ორი მოთხოვნა წამოაყენეს: სასწრაფო მორატორიუმი გამოცხადდეს გამოსახლებებზე და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პირები, ვინც პოლიციამ ხატიაშვილის სახლიდან გამოსახლების დროს დააკავა.
აქციის ორგანიზატორების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებამ დღეს იხილა მარინა ხატიაშვილის ოჯახის ძალადობის გზით გამოსახლება, საზოგადოებამ ასევე იხილა უმნიშვნელოვანესი რამ, სახალხო წინააღმდეგობა და უპრეცედენტო სოლიდარობა.
მათი თქმით, სწორედ სახალხო სოლიდარობისა და წინააღმდეგობის გატეხის მიზნით 24 და 26 იანვარს კიდევ ორი ოჯახის გამოსახლებაა დაგეგმილი.
“ხვალ, იმავეს უპირებენ ნახალოვკაში, ცოტნე დადიანის 259 ნომერში მაია კიკალიშვილის ოჯახს, 2008 წლის ომის ვეტერან ქალს, ორ მოზარდ შვილთან ერთად. რაც ყველაზე მეტად გვაღელვებს და უნდა გვახსოვდეს არის ის, რომ ხვალ შესაძლოა, იმავე დარბევის მსხვერპლნი გახდნენ ბავშვები, ქალბატონი მაიას შვილების კლასელები და სკოლელები, რომლებიც იქ იქნებიან კლასელის ქუჩაში გაგდებისგან დასაცავადა და იქ უნდა ვიდგეთ ჩვენც. იმავეს უპირებენ 26 იანვარს ბალახაძეების ოჯახს, რუსთაველის ძეგლთან, ზანდუკელის ქუჩაზე, ოჯახში, სადაც ორსული ქალი და შშმ პირი ცხოვრობს. ეს გარემოებები გვავალდებულებს, რომ ვიდგეთ მათ გვერდით უკანონო გამოსახლების წინააღმდეგ, იქ, სადაც გული და მორალი გვკარნახობს, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ამ სამი ოჯახის გარდა საქართველოს მასშტაბით გამოსახლების რიგშია 1300 ოჯახი. მთელი საზოგადოება ვალდებულნი ვართ, იქამდე დავასრულოთ ეს ჯოჯოხეთი, ვიდრე დამრბევი რაზმები მათ კარებსაც შეამტვრევენ. ამიტომ, საზოგადოება უნდა გაერთიანდეთ სასიცოცხლო მნიშვნელოვანი მოთხოვნის ირგვლივ.
ვითხოვთ, სასწრაფო და დაუყოვნებლივ მორატორიუმს ყველა ჩანიშნულ გამოსახლებაზე. ამ მოთხოვნის შესრულებას არ სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები,ეს შესაძლებელია პარლამენტის ერთი აქტით და პარლამენტი ვალდებულია, რომ ეს აქტი მიიღოს. ამ მოთხოვნას დავაყენებთ ხვალინდელ გამოსახლებაზეც, 26 იანვრის გამოსახლებაზეც და კიდევ უფრო მძაფრად უნდა დავაყენოთ, ამ გამოსახლებების შემდეგ, იმის მიუხედავად, რა შედეგით დასრულდება ისინი” , – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა, რომელმაც საზოგადოებას მოთხოვნები გააცნო.
კეკელიძის ქუჩაზე სამართალდამცველები ამ დრომდე რჩებიან.