Home Blog Page 1740

“არის გათვლა, ზურაბიშვილი „ლელოს“ მიუერთონ და ამ ერთობას 5-%-იანი ბარიერი ასე გადაალახვინონ” – თამთა მეგრელიშვილი

კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ აერთიანებს პარტია „ნაცმოძრაობას“, „ლელოს“, ვაშაძისა და გახარიას პარტიებს, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, „დროას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“. ამ ძალებს „ნაციონალური მოძრაობა” საკუთარ პოლიტიკურ გასაღებს უკითხავად არგებს და საკუთარი პოლიტიკური საჭიროებებით ათამაშებს, ამ ძალების ერთობა ერთი სენია ქართული სახელმწიფოსთვის, – წერს „ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, რითაც ეხმიანება მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც საუბარია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გასამართლების აუცილებლობაზე.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებასთან“ ყველა პოლიტიკურ ბრძოლაში წაგებული ძალაა, რომელსაც არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის რესურსი არ გააჩნია, რის გამოც, ხან ღია, ხანაც ფარულ კოალიციაშია სხვა ოპოზიციურ ძალებთან.

მეგრელიშვილის განცხადებით, ზურაბიშვილსა და სააკაშვილს შორის საბოლოო არჩევანს „გლობალური ომის პარტია“ არჩევნებამდე ორი თვით ადრე გააკეთებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც საავტორო უფლებები გააჩნია ადამიანის წამებაზე, საკუთარი მმართველობის პერიოდში ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაზე, ბიზნესის რეკეტზე, ტელევიზიების მიტაცებაზე, ეკლესიის ნგრევაზე და ღვაწლმოსილი ადამიანების პირდაპირ “ჩარეცხვაზე“. ეს არის ძალა რომელიც რეფორმების სახელით აუპატიურებდა და კლავდა ქართველს. მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნით ციხეში პატიმრების წამება იყო პოლიტიკური დირექტივა პატიმრის ნების გასატეხად, პრაგმატული მეთოდი – ციხის სამართავად და სადო-მაზოხისტური ტკბობა – ციხის ადმინისტრაციისთვის. ამ ძალის მმართველობის სისხლიანი ცხრა წელი გამოუსწორებელი, მძიმე შედეგების მატარებელია, თუმცა გვასწავლის იმას, რომ ასეთი ტიპის მმართველობა საქართველოში აღარ უნდა განმეორდეს. 2012 წლიდან ქართულ სახელმწიფოში გარდამტეხი ცვლილებები დაიწყო, კერძოდ „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგად ჩამოყალიბდა ადამიანზე, მისი ღირსების პატივისცემაზე ორიენტირებული სახელმწიფო სისტემა, აღიკვეთა ადამიანებზე ძალადობის მძიმე პრაქტიკა, აღიკვეთა ბიზნესის ტოტალური რეკეტი, დასრულდა ხელისუფლების ტოტალური მონოპოლია მედიასაშუალებებზე, თვისებრივად გაუმჯობესდა ქვეყნის უსაფრთხოება, გაღრმავდა სტრატეგიული თანამშრომლობა ევროკავშირთან, ნატოსთან, ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, გაიცა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი და ამ გარდამტეხი ცვლილებებისა და წინსვლის ფონზე „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამორჩა ყველა პოლიტიკურ საჭიროებას და დარჩა პარტიად რევანშისტული დღის წესრიგით, პარტიკულარული ინტერესებით, ძალად რომელიც მშვიდობის სახელით ღია პოლიტიკურ ომშია ქართველ ხალხთან. დიახ, “ნაციონალური მოძრაობა“ არის გაცხადებული ანტისახელმწიფოებრივი ძალა, რომელსაც რცხვენია ქართველობის. “ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებასთან“ დღემდე ყველა პოლიტიკურ ბრძოლაში წაგებული ძალაა, რომელსაც არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის ელექტორალური რესურსი არ აქვს და ის ხან ღია და ხანაც ფარულ კოალიციაშია სხვა ოპოზიციურ ძალებთან. დიახ, კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” აერთიანებს პარტია „ნაცმოძრაობას“, „ლელოს“, ვაშაძისა და გახარიას პარტიებს, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, „დროას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“. ამ ძალებს “ნაციონალური მოძრაობა” საკუთარ პოლიტიკურ გასაღებს უკითხავად არგებს და საკუთარი პოლიტიკური საჭიროებებით ათამაშებს. ამ ძალების ერთობა ერთი სენია ქართული სახელმწიფოსთვის. ეს ძალები ერთად და ცალ-ცალკე პასუხისმგებლობას იღებენ “ნაციონალური მოძრაობის” სისხლიან მმართველობაზე და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მინიმუმ სირცხვილისა და უხერხულობის გრძნობა უნდა იყოს ამ ძალის მხარდაჭერა. ამ ძალების მხარდაჭერა ამომრჩეველში პოლიტიკური სინდისის ქენჯნას უნდა იწვევდეს. სალომე ზურაბიშვილი, ჩვენი ქვეყნის, მაგრამ არა ხალხის პრეზიდენტი “ნაციონალური მოძრაობის” და მასთან მიტმასნილი ძალების პოლიტიკურ ტყვეობაშია და გამოდის მათი ნაწილია შესაბამისად მათი ყველა დავალების უსიტყვო შემსრულებელია და ამას ყველას დასანახად აკეთებს. სააკაშვილის გათავისუფლება ახლა რომ პოლიტიკურად მომგებიანი იყოს “ნაციონალური მოძრაობა” და ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს ამას პირდაპირ დაავალებდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე ისინი სალომე ზურაბიშვილის იმიჯს უფრთხილდებიან, არის გათვლა ის „ლელოს“ მიუერთონ და ამ ერთობას 5-პროცენტიანი ბარიერი ასე გადაალახვინონ. სალომე ზურაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის საბოლოო არჩევანს „გლობალური ომის პარტია“ ალბათ არჩევნებამდე ორიოდე თვით ადრე გააკეთებს. გააჩნია საარჩევნო პერიოდისათვის სააკაშვილსა და ზურაბიშვილს შორის საარჩევნო რესურსი რომელს უფრო მეტი ექნება. თუ სააკაშვილში დაინახავენ მეტ საარჩევნო რესურსს, მას სალომეს შეაწყალებინებენ, ხოლო თუ სალომეში – სააკაშვილი ციხეში დარჩება, სალომე სექტემბერში პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგება და „ლელოსთან“ ერთად საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. პარალელურად, „გლობალური ომის პარტია“ გვარამია-მელიას გაერთიანებაზეც მუშაობს. თუ ჩათვლიან, რომ მათ 5-პროცენტიანი ბარიერის დამოუკიდებლად გადალახვის რესურსი აქვთ, ცალკე მიაღებინებენ არჩევნებში მონაწილეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათაც სალომე-„ლელოს“ ბლოკს მიუერთებენ. მათი თამაშის წესები ესაა და ხედავთ უკვე გაშიფრულია. “ხალხის ძალა” როგორც ჯერ – ჯერობით უჩინარი ხელი ყველა პოლიტიკურ რებუსს ხსნის და სხვა პოლიტიკურ მოთამაშეთ საკუთარ ხელწერას უტოვებს. ახლა ამომრჩევლის კეთილგონიერებაზეა დამოკიდებული 2024 წლის არჩევნებზე როგორც ამომრჩეველი – პოლიტიკურ არასა და კის ვის ეტყვის. ფაქტია, სალომე ზურაბიშვილის, მამუკა ხაზარაძის, ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას შუაშისტურ ძალად წარმოჩენა უკვე მინიმუმ პოლიტიკურ უხერხულობას ქმნის.” – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

“ბიძინა ქართულ ციხეში ნაწამები კაცების ქონების გადმოფორმებით არ გამდიდრებულა! შენსავით” – ხაინდრავა ხაზარაძეს

x.com

მამუკა ხაზარაძემ კახა კალაძეს სასამართლოში უჩივლა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ, „ლელოს“ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ სარჩელი შეიტანა.

როგორც ადვოკატი ზვიად კორძაძე განმარტავს, სასარჩელო მოთხოვნა სასამართლოს მიერ კახა კალაძისთვის გავრცელებული არასწორი ცნობის უარყოფის დავალებაა.

„ბატონმა კალაძემ მამუკა ხაზარაძეზე განაცხადა, რომ ის ადამიანებს აუბედურებდა, ბიზნესს ართმევდა, რაც პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებაა. ჩვენ სარჩელი ამ ცნობების უარყოფის მოთხოვნით შეგვაქვს, რადგან ეს სინამდვილეს არ შეესაბამება, ყალბი ცნობებია და შესაბამისად, სასამართლოს ვთხოვთ, ბატონ კალაძეს დაავალოს აღნიშნული ცნობის უარყოფა. ამ ბოლო დროს, წარმოებაში მიღების საკითხი ასეთი ტიპის სარჩელებზე ცოტა სხვანაირად ხდება, კანონის შეუსაბამოდ. დაველოდოთ, რა მოხდება, ყველანაირი საფუძველი არსებობს, განცხადება სახეზეა, საკანონმდებლო ნორმები სახეზეა, რომელიც ბატონ მამუკას ამის საშუალებას აძლევს, დანარჩენს, დაველოდოთ სასამართლოს მხრიდან”,- განაცხადა კორძაძემ.

დაკავებული პირების უფლებების დასაცავად ხელბორკილის გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცდა

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაკავებული პირების მიმართ ხელბორკილის გამოყენების ინსტრუქცია ამოქმედდა, რომელიც ხელბორკილის და ძალის გამოყენების ფორმას, ზომას და შემთხვევებს განსაზღვრავს.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ გიორგი კვარაცხელიამ, ოპერატიული დანაყოფის თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე დოკუმენტის მნიშვნელობასა და დაკავების ღონისძიებების დროს პროპორციული ზომის გამოყენების წესებზე ისაუბრა.

„ხელბორკილის გამოყენების ერთიანი სტანდარტის დამკვიდრება, დაკავებული პირების მიმართ ხელბორკილის არამართლზომიერად გამოყენების რისკებს შეამცირებს, უფრო მეტად დაცულს გახდის დაკავებულ პირთა უფლებებს და აამაღლებს სამართალდამცავების პროფესიულ სტანდარტებს.

დოკუმენტი ევროკავშირისა (EU) და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით შეიქმნა,და დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ ჩატარებულ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზსა და დიდი ბრიტანეთის გამოცდილებას ეფუძნება.

ბორკილების გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებამდე შეფასებისთვის, სახალხო დამცველის აპარატის, უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს წარედგინა. დოკუმენტი მოქალაქეთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით დადებითად შეფასდა.

საჯარო განხილვისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ მოსაზრებების წარმოდგენის შემდეგ, დოკუმენტი სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცდა და შესასრულებლად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის სავალდებულო გახდა“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“თუ სალომე ზურაბიშვილი ქართული ოპოზიციის ლიდერი გახდება, გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ მეგობარი არის ოპოზიციის ლიდერი”

თუ სალომე ზურაბიშვილი ქართული ოპოზიციის ლიდერი გახდება, გამოდის, რომ „ქართული ოცნების” მეგობარი არის ქართული ოპოზიციის ლიდერი – არ ვიცი, ამას იზამს თუ არა ჩვენი ოპოზიცია, მაგრამ შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ მე ამ საქმეში არ გავერევი, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „ხალხის ძალის“ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების” მეგობარია და მათთვის არასდროს არაფერი დაუშავებია.

„ის სპექტაკლი, რომელიც ჩვენ იმპიჩმენტის მცდელობის სახით ვნახეთ, არის „ქართული ოცნებისა” და სალომე ზურაბიშვილის შეთანხმებული ქმედება. თუ ქართული ოპოზიციის ლიდერი გახდება ქალბატონი სალომე, გამოდის რომ „ქართული ოცნების” მეგობარი არის ქართული ოპოზიციის ლიდერი. აქედან გამომდინარე, არ ვიცი ამას იზამს თუ არა ჩვენი ოპოზიცია, მაგრამ მე ამ საქმეში რომ არ გავერევი, შემიძლია ზუსტად გითხრათ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, იდეალური საარჩევნო სტრატეგია, სადაც ხმები არ დაიკარგება, იქნება – „ნაცები“ „ნაცებში”, „ქოცები” „ქოცებში”, დანარჩენი კი – “გირჩთან“.

„ნაცები” “ნაცებში”, “ქოცები” “ქოცებში”, დანარჩენი ჩვენთან – ეს არის ჩემი აზრით, იდეალური საარჩევნო სტრატეგია, სადაც ხმები არ იკარგება. „ნაცებს“ თავისი ხმები მიაქვთ. „ნეონაცები“ ხმებს არ კარგავენ და დანარჩენი ხალხი, ვისაც სულით და გულით „ნაცობა“ არ უნდა და სხვანაირი პოლიტიკური ცხოვრების დაწყება უნდა, ჩვენ მივესალმებით, რომ ჩვენთან იყვნენ,” – განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „ხალხის ძალამ“ განაცხადა, რომ „გლობალური ომის პარტია“ აქცენტს არა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, არამედ ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე აკეთებს. პარტიის განცხადებითვე, მათი გათვლით, 2021 წელს „დავერბოვკებული“ სალომე ზურაბიშვილი „ლელოს“ უნდა მიუერთონ და ამ ერთობას 5%-იანი ბარიერი უნდა გადაალახვინონ.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისში, დადიანის ქუჩაზე, კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლება დროებით გადადო

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისში, დადიანის ქუჩაზე, კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლება დროებით გადადო.

როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში განაცხადეს, მიზეზი ისაა, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველია და სახლში 2 არასრულწლოვანი ცხოვრობს.

მათივე განმარტებით, აღსრულების ბიურო მხარეებთან კომუნიკაციას გააგრძელებს, რომ შეთანხმება შედგეს.

„აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქართველოს სააღსრულებო შესახებ კანონის 31-ე მუხლის საფუძველზე, გამოსახლება გადადო, ვინაიდან ოჯახი არის სოციალურად დაუცველი და ასევე, ამ სახლში ცხოვრობს 2 არასრულწლოვანი. სწორედ მათი ინტერესების გათვალისწინებით, მათ მიეცათ დამატებით დრო პრობლემის მოგვარებისთვის. აღსრულების ბიურო გააგრძელებს მხარეებთან კომუნიკაციას იმისთვის, რომ საქმე ნებაყოფლობით და შეთანხმებით დასრულდეს”, – განმარტავენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

მიუხედავად გადაწყვეტილებისა, ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები და ოჯახის მხარდამჭერები დაშლას არ აპირებენ.

ისინი ფიქრობენ, რომ გამოსახლების პროცედურის გადადება მათ გამარჯვებას და ხელისუფლების მარცხს ნიშნავს.

ცნობისთვის, დადიანის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიურო კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლებას დღეს გეგმავდა. როგორც ოჯახის ერთ-ერთი წევრი, მარიამ კაკიაშვილი აცხადებდა, მან 2014 წელს კერძო მევახშისგან ისესხა 5 ათასი დოლარი, რომლის გადახდაც ვერ შეძლო და საბოლოოდ, ბინა აუქციონზე გაიყიდა, რომელიც იმ კერძო მევახშემ შეისყიდა, რომლისგანაც მან თანხა ისესხა.

მარიამ კაკიაშვილის განმარტებით, მას მევახშე, დაახლოებით, 20-25 ათასი დოლარის გადახდას სთხოვდა.

კაკიაშვილის თქმით, მისთვის ქირით გადასვლა მიუღებელია. ის ასევე განმარტავს, რომ ომის ვეტერანია და 3 შვილის დედა და ამ სახლში 2 არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.

მარიამ კაკიაშვილი ითხოვს კონკრეტულ ვადას, რომ დაკისრებული ფინანსური ვალდებულების გადახდა შეძლოს.

წყარო – ინტერპრესნიუსი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – მეტი წმინდა სავალუტო შემოდინება და ასევე, გაუმჯობესებული სენტიმენტები

დეკემბრის წმინდა სავალუტო შემოდინებები ისევ გაუმჯობესდა. წინასწარი შეფასებებით, ეს ძირითადად ტრადიციული ტურიზმის მატებით იყო გამოწვეული მაშინ, როდესაც მიგრაციის ეფექტი მცირედით, მაგრამ კვლავ შემცირდა.

უკვე იანვრის დეპოზიტების ყოველდღიურ დინამიკაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ე.წ. ლარის სეზონური გაუფასურების მოლოდინები, თავისთავად, ბოლოდროინდელი გარკვეული გამყარების გამო შეიცვალა. სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, იანვარში დეკემბერთან მიმართებით უკვე ლარის დეპოზიტების ზრდა ვალუტასთან შედარებით ჭარბობს. ეს კი, ხშირად, მოლოდინების საკმაოდ აკურატული საზომია.

ამ ფონზე, უნდა ველოდოთ თუ არა ლარის დამატებით გამყარებას? ამ მხრივ, სავალუტო შემოდინებებსა და სენტიმენტებთან ერთად, თიბისი კაპიტალის ლარის გაცვლითი კურსის ჩარჩოს კიდევ დამატებით 2 კომპონენტია გასათვალისწინებელი. კერძოდ, დაბალი ინფლაცია და ბოლო პერიოდში საკმაოდ გამყარებული ლარის საშუალო კურსი, რაც ზოგიერთი ინდუსტრიისათვის კონკურენტუნარიანობის კუთხით, შესაძლოა მხოლოდ გარკვეულ, მაგრამ მაინც გამოწვევას წარმოადგენს. ამდენად, მართალია სებ-ის დეკემბრისა და იანვრის სავალუტო ინტერვენციების შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არაა ხელმისაწვდომი, თუმცა თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, სექტემბერ-ნოემბერში 169.4 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვის შემდეგ, კვლავ აშშ დოლარის შესყიდვის მიმართულებით ინტერვენციები უფრო მოსალოდნელია, ვიდრე ლარის მატერიალური გამყარება.

როგორც ყოველთვის, ბევრია დამოკიდებული ევროსა და სხვა რეგიონული ვალუტების დინამიკაზე. ამ მხრივ, აღსანიშნავია თურქული ლირის დამატებით დასუსტება, თუმცა, ამავდროულად, რუსული რუბლის გამყარება. მთლიანობაში, ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით, ბოლო პერიოდში ლარის საშუალო გაცვლითი კურსის არსებითი ცვლილება არ იკვეთება.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

R

სოზარ სუბარმა ის ძირითადი მიზეზები დაასახელა, რის გამოც „ხალხის ძალა“ „ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებას ითხოვს

„ხალხის ძალის“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაზე მედიასთან საზოგადოებრივი მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა ვრცლად ისაუბრა. მან დეტალურად ჩამოთვალა, რა დანაშაული მიუძღვის „ნაციონალურ მოძრაობას“ 2008 წლის აგვისტოს ომთან მიმართებაში და რატომ ითხოვს “ხალხის ძალა” მის გასამართლებას.

„პირდაპირ ჩამოვთვლი იმ პუნქტებს, რომლებიც გამოსაძიებელია და ეს მათი დანაშაულების მხოლოდ მცირე ნაწილია: რატომ მოახდინა ნაციონალურმა მოძრაობამ 2006 წელს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დე-ფაქტო აღდგენა (რომელიც თავის დროზე გააუქმა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ)? რატომ შეუერთეს ახალგორის რაიონი ცხინვალის რეგიონს, მაშინ როცა მანამდე იგი მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შედიოდა? რატომ ჩაატარეს ამ, დე-ფაქტო აღდგენილ რეგიონში, აბსოლუტურად არალეგიტიმური არჩევნები და ამ ნაბიჯებით რატომ მოუხაზეს რუსეთს ის საზღვრები, რომლის ოკუპაციაც მოგვიანებით მან მოახდინა? რატომ დაარქვეს კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი? რატომ შეიყვანეს 2006 წელს კოდორში იმ რაოდენობის ჯარი და რატომ შეიტანეს იმ რაოდენობის და ისეთი სახეობის სამხედრო ტექნიკა, რისი უფლებაც არ გვქონდა მოსკოვის ხელშეკრულებით? რატომ დააპატიმრეს ხეობის გმირი დამცველები და ამით ხელი რატომ შეუწყვეს კოდორის ხეობის ოკუპაციას? კოდორის ხეობაში ამ სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგ, 2006 წლის ოქტომბერში, გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია #1716, სადაც პირდაპირ ითქვა, რომ საქართველომ დაარღვია მოსკოვის ხელშეკრულება, რითაც ხელ-ფეხი კიდევ უფრო მეტად გაუხსნეს რუსეთის აგრესიას საქართველოში. მიუხედავად ზემოთქმულისა, რადგან ჯარი შეიყვანეს, რატომ არ გაუწიეს წინააღმდეგობა აგრესორს, როდესაც დაიწყო კოდორის ხეობის ოკუპაცია? რატომ გამოიყვანეს ჯარი უბრძოლველად, რატომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა, რომ ელოდებოდათ საფრთხე, რატომ მიატოვეს მშვიდობიანი მოსახლეობა როგორც კოდორის ხეობაში, ისე ფრონეს, ქსნის, დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში? რატომ ეუბნებოდნენ ადგილობრივებს, რომ დარჩენილიყვნენ და მათ საფრთხე არ ემუქრებოდათ, რამაც, საბოლოოდ, გამოიწვია ასეულობით ადამიანის სიკვდილი მშვიდობიან მოსახლეობაში? ეს არის კიდევ ერთი დანაშაული, რომელსაც სჭირდება გამოძიება. რატომ გადამალეს მტკიცებულებები, რომ რუსეთი იყენებდა აკრძალულ იარაღს (ეს იარაღი იყო, მაგალითად, ე.წ.კასეტური ბომბები, მათ შორის, „ისკანდერის“ ტიპის რაკეტები)? ამ მტკიცებულებების მოპოვებას რამდენიმე წელი დაგვჭირდა და ეს რომ არ მოგვეპოვებინა, ჩვენ წავაგებდით როგორც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ისე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსაც. 2008 წლის ოქტომბერში ნაციონალურმა მოძრაობამ რატომ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633-ს, რომლითაც ქართულ ჯარს დააბრალა ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა, ხოლო საქართველოს სახელმწიფოს – საომარი მოქმედებების დაწყება? კიდევ ერთი ფაქტი: უკრაინაში თავის დროზე დაწყებული იყო გამოძიება და საერთაშორისო პრესაში არაერთი წერილი დაიწერა იმის თაობაზე, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მონაწილეობდა იარაღის საერთაშორისო კონტრაბანდაში. ამავე კონტექსტში არაერთხელ ითქვა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ უკრაინისგან შეიძინა უვარგისი იარაღი, რომელშიც გადაიხადა რეალურ ღირებულებაზე ბევრად მეტი. მოგვიანებით ეს იარაღი ჩამოიწერა 2008 წლის ომში და ამით გახდა მილიარდერი კეზერაშვილი. 2008 წლის ომის კონტექსტში აუცილებელია ამ ფაქტის გამოძიება. ეს არის მცირე ნაწილი იმ კითხვებისა, რომლებიც აწუხებს ქართულ საზოგადოებას და სწორედ ამიტომ ვითხოვთ 2008 წელს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ჩადენილი დანაშაულთა გამოძიებას,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

“უკრაინას Taurus-ის რაკეტები მოსკოვზე თავდასხმისთვის არ სჭირდება” – დმიტრო კულება

უკრაინას Taurus-ის რაკეტები მოსკოვზე თავდასხმისთვის არ სჭირდება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ Taurus-ის რაკეტები მოსკოვზე თავდასხმისთვის არ გვჭირდება. ჩვენ დასავლელი პარტნიორების მიერ მოწოდებული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები მოსკოვზე ან რუსეთის სხვა ნაწილებზე თავდასხმისთვის არ გვჭირდება. ჩვენ Taurus-ის რაკეტები გვჭირდება, რათა უკრაინის ტერიტორიაზე, ფრონტის ხაზს მიღმა, რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურა გავანადგუროთ“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობასთან რაკეტების მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება.

„ყველაფერი პოლიტიკურ გარემოებებზე, ფრონტის ხაზზე არსებულ რეალურ საჭიროებებსა და მოთხოვნებზეა დამოკიდებულია“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, გერმანიის პარლამენტმა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემას მხარი არ დაუჭირა.

“კალაძის წინააღმდეგ ხაზარაძე სარჩელს შეიტანს პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამოო – რაც არ გაგაჩნია, ის როგორ შეგელახებოდა?”

ლევან ნიკოლეიშვილი, მამუკა ხაზარაძის მიერ კახა კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას სოციალურ ქსელში აფასებს.

ექსპერტის თქმით, ხაზარაძის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო შეტანილი სარჩელი მარცხისთვის არის განწირული, ვინაიდან, რაც არ გაგაჩნია, ის ვერ შეგელახება.

„კახი კალაძის წინააღმდეგ, მამუკა ხაზარაძე სარჩელს შეიტანს პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამოო – გვამცნეს დილიდან მევახშის კანტორიდან. მე მინდა ვურჩიო ხანდაზმულ თაღლითს, ეგ სარჩელი მარცხისთვისაა განწირული, რადგან რაც არ გაგაჩნია, ის როგორ შეგელახებოდა?” – წერს ნიკოლეიშვილი.

“ისრაელი ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას არ აპირებს” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელი ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას არ აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით, 22 იანვარი ისრაელისთვის უმძიმესი დღე აღმოჩნდა, რადგანაც „ცაჰალმა“ „ჰამასთან“ ბრძოლაში 24 ჯარისკაცი დაკარგა, თუმცა როგორც ნეთანიაჰუ აცხადებს, ისრაელი ბრძოლას სრულ გამარჯვებამდე მიიყვანს.

გერმანია უკრაინას სამხედრო ვერტმფრენებს პირველად გადასცემს

გერმანია უკრაინას „Sea King Mk 41“-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენებს პირველად გადასცემს, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

„Sea King არის აპრობირებული და საიმედო ვერტმფრენი, რომელიც დაეხმარება უკრაინელებს ბევრ სფეროში: შავი ზღვის დაზვერვით დაწყებული ჯარისკაცების ტრანსპორტირებამდე. ეს არის გერმანიისგან ამ ტიპის პირველი მიწოდება“, – ხაზგასმით აღნიშნა პისტორიუსმა.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან კიევისთვის გერმანიის სამხედრო დახმარების ჯამურმა რაოდენობამ დაახლოებით ექვს მილიარდ ევროს მიაღწია.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანია 2024 წელს უკრაინას შვიდ მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს.