Home Blog Page 1739

“საქართველო გააგრძელებს უკრაინელი ხალხისა და მეგობარი ქვეყნის დახმარებას”- უკრაინაში საქართველოს ელჩი

გუშინ დილით მქონდა შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ევგენი პერებიინისთან, რომელმაც ამ შეხვედრისას მაუწყა უკრაინის პოზიცია მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, მთხოვა ქვეყნის დატოვება, საქართველოში კონსულტაციების გამართვის მიზნით, შეხვედრიდან 48 საათის განმავლობაში, – ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა „ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის მხარეს განემარტა საქართველოს პოზიცია და ხაზი გაესვა, რომ ის მოთხოვნა და შეშფოთება, რომელიც დაფიქსირებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, არ შეესაბამება სიმართლეს.

„მე ცხადია დავეთანხმე, ვინაიდან ეს იყო უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნა და თხოვნა, თუმცა უკრაინის მხარეს განემარტა ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია და ხაზი გაესვა, რომ ის მოთხოვნა და შეშფოთება, რომელიც დაფიქსირებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, არ შეესაბამება სიმართლეს, რაც დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და სხვა მრავალი ფაქტით, რომელიც გავრცელდა არაერთხელ საქართველოს ხელისუფლების მიერ. აღინიშნა, რომ ეს მოვლენა ხელს უშლის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და შესაბამისად, ქმნის გარკვეულ პრობლემებს კომუნიკაციისთვის, მათ შორის. აღინიშნა ასევე, რომ რუსეთის ინტერვენციის პირველივე დღიდან საქართველო მაქსიმალურ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, მათ შორის ყველა საერთაშორისო მოედანზე. საქართველო გააგრძელებს უკრაინელი ხალხისა და მეგობარი ქვეყნის დახმარებას“, – განაცხადა ელჩმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს. მან ასევე დაავალა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბაროს უკრაინაში საქართველოს ელჩი, რათა „გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში“

“მაკფოლი ამბობს, რომ არ სჯერა, რომ საქართველოში სანქციებისგან თავის არიდებას ადგილი არ აქვს – ნუ, ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ”- გურამ მაჭარაშვილი

“მაკფოლის ინტერვიუ იყო წაშველება პოლიტიკურად განადგურებული ოპოზიციისთვის იმიტომ, რომ ახლა ოპოზიციას პულსი აღარ ესინჯება”-  ასე ეხმაურება „ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლის მიერ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემული ინტერვიუს.

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს,  მაიკლ მაკფოლის განცხადება არის წახალისება ოპოზიციისთვის, რომელსაც პულსიც აღარ ესინჯება.

„ამერიკულმა და ევროპულმა ტექნიკურმა ჯგუფმა საქართველოში შემოწმებისას თქვეს, რომ საერთაშორისო სანქციებიდან თავის არიდებას საქართველოში ადგილი არ აქვს. მაკფოლი ამბობს, რომ არ სჯერა – ნუ, ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ. მაკფოლის ინტერვიუ იყო წაშველება პოლიტიკურად განადგურებული ოპოზიციისთვის იმიტომ, რომ ახლა ოპოზიციას პულსი აღარ ესინჯება. როგორც ჩანს, ადგილობრივმა „ომის პარტიამ” „გლობალურ ომის” პარტიას მიმართა, რომ პრაქტიკულად რაღაცით დახმარებოდა”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

“ომი შეიძლება, რამდენიმე დღეში დასრულდეს, დასავლეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას თუ ახლავე შეწყვეტს”-მედვედევი

ნებისმიერი ომი შეიძლება, სწრაფად დასრულდეს: ან სამშვიდობო ხელშეკრულებით, ან იმგვარად, რაც აშშ-მა გააკეთა 1945 წელს, როდესაც მათ გამოიყენეს ბირთვული იარაღი იაპონიის ქალაქების წინააღმდეგ, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

დასავლეთის კრიტიკის საპასუხოდ, რომ რუსული არმია მოძველებულია, მედვედევმა განაცხადა, რომ ეს ტყუილია. მისი თქმით, ომი შეიძლება, რამდენიმე დღეში დასრულდეს, თუ დასავლეთი ახლავე შეწყვეტს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.

„ზოგადად, ნებისმიერი ომი, თუნდაც მსოფლიო ომი, შეიძლება, ძალიან სწრაფად დასრულდეს. ან თუ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს, ან თუ გააკეთებთ იმას, რაც ამერიკელებმა გააკეთეს 1945 წელს, როდესაც გამოიყენეს თავიანთი ბირთვული იარაღი და დაბომბეს იაპონიის ორი ქალაქი. მათ, მართლაც, მაშინ შეაჩერეს სამხედრო კამპანია. ფასი თითქმის 300 000 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეა“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

“პოლიტიკოსებმა უნდა დააკონკრეტონ, რას გულისხმობენ, როცა ამბობენ, რომ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნისთვის დაბრკოლება არ უნდა გახდეს”- ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ამაზე პასუხი აგოს.

ოხანაშვილის თქმით, პოლიტიკოსებმა უნდა დააკონკრეტონ, რას გულისხმობენ, როცა საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნისთვის დაბრკოლება არ უნდა გახდეს.

„სასამართლოს გადაწყვეტილებებით, დადასტურებულად ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, შემდეგ საქართველოში უკანონოდ შემოვიდა და თუ რამე იქნებოდა დაბრკოლება, ეს კანონის არაღსრულებაა. არავინ უარყოფს, რომ კონკრეტული დანაშაულის ჩამდენმა პირმა პასუხი უნდა აგოს. როგორ წარმოგიდგენიათ, კანონის უზენაესობას რა ფასი აქვს და ვინ დაიცავს კანონს, როცა ხედავენ, რომ ადამიანი დანაშაულს სჩადის და შემდეგ ხდება აპელირება, რომ იცი, დანაშაული კი ჩაიდინა, მაგრამ კანონი არ უნდა აღსრულდეს. მაშინ, რა ფასი აქვს სამართლებივ სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობას?“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

“ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დანაღმვის ნიშნები ვერ დავაფიქსირეთ, მაგრამ ძალიან ყურადღებით ვართ” – რაფაელ გროსი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დანაღმვის ნიშნები ვერ აღმოაჩინა. ამის შესახებ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ იაპონიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სააგენტო ყურადღებით აკვირდება.

“დღეს კონტაქტი მქონდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუდმივი მისიის ექსპერტებთან, სულ რამდენიმე საათის წინ. ვიცით ორივე მხარის მტკიცებები და განცხადებები… ცოტა ცოტა ხნის წინანდელი ინსპექციის დროს დანაღმვის არანაირი ნიშნები ვერ დავაფიქსირეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ყურადღებით ვართ”, – განაცხადა გროსიმ.

მისი თქმით, ახლა “მოდუნება არ შეიძლება.”

სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ასევე, პირობა დადო, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას რეგულარულად გაავრცელებს.

“ნიკა გვარამიამ საქართველოში ყველაზე მაღალ დონეზე დანერგა ზიზღი, სიძულვილის ენა”- სოზარ სუბარი

ნიკა გვარამია არის ადამიანი, რომელმაც საქართველოში ყველაზე მაღალ დონეზე დანერგა ზიზღი, სიძულვილის ენა და შეურაცხყოფა პირდაპირი ეთერიდან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სოზარ სუბარის თქმით, სალომე ზურაბიშვილი მისი გათავისუფლების გამო მორალურ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს.

„უბრალოდ, ადამიანს, რომელმაც ის შეიწყალა, საქართველოს პრეზიდენტს მორალური პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ მან შეიწყალა ადამიანი, რომელიც საქართველოში პოლარიზაციის ერთ-ერთი დიდი და მთავარი წყაროა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამასთან, როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, გვარამია სტრასბურგში სარჩელს თუ შეიტანს იმის თაობაზე, დაირღვა თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლება მასთან დაკავშირებით, ისევე გამტყუნდება, როგორც „რუსთავი 2“-ის საქმეზე გამტყუნდა.

„სააკაშვილის საქმეს რომ სტრასბურგში წააგებდნენ, ეს ძალიან კარგად იცოდნენ, ამიტომაც არ უნდოდათ წასვლა. უბრალოდ, მართლა ვაიძულეთ ყოველდღიური მოწოდებებით. ბუნებრივია, სტრასბურგმა თქვა სიმართლე, რომ არანაირი წამება და მკურნალობასთან დაკავშირებული პრობლემები არ არსებობდა. იყო თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლება დარღვეული გვარამიასთან დაკავშირებით – დარწმუნებული ვარ, როგორც „რუსთავი 2“-ის საქმეზე გამტყუნდა გვარამია და მთელი მაშინდელი ოპოზიცია, ისე გამტყუნდება თავის საქმესთან დაკავშირებით. გაბედოს და წავიდეს სტრასბურგში თავის საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

“მოწოდება, არ მოერიდოთ ესკალაციას, არის არასწორი” – ირაკლი კობახიძე

მოწოდება, არ მოერიდოთ ესკალაციას, არის არასწორი მოწოდება – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლის მიერ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას.

მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ კონკრეტული ქვეყნები ესკალაციას არ უნდა მოერიდონ, კითხვის ნიშნებს აჩენს.

„წავიკითხე მაკფოლის ინტერვიუ, სადაც საუბარი ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ესკალაციას არ უნდა მოერიდონ კონკრეტული ქვეყნები და საუბარი ჰქონდა ქართველ ჟურნალისტთან ამ თემაზე, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს. მე არ მინდა, ამ თემაში ღრმად შევიდე. ზოგადად, ასეთი მოწოდებები არ არის სწორი. მოწოდება, არ მოერიდოთ ესკალაციას, არის არასწორი მოწოდება, მე ასე მგონია“ , – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა რუსეთთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზე და განაცხადა, რომ, რასაც ქვეყანა რუსეთთან ერთი წლის განმავლობაში ვაჭრობს, იმავეს ვაჭრობს დასავლეთი ერთ დღეში.

კობახიძის თქმით, საქართველოს ერთი წლის მაჩვენებელი და დასავლეთის ვაჭრობის ერთი დღის მაჩვენებელი ერთი და იგივეა და ამ ფონზე „ყველაფერი ნათელია“.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია მოქმედებს იმ ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ სურთ სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის.

„ყველა ქვეყანა, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესების დაცვას უფრთხილდება. ეს არის ის, რაც ამოძრავებს ნებისმიერ ქვეყანას. ჩვენც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დავიცვათ. არცერთ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დააზარალებს საკუთარ ქვეყანას და მოსახლეობას. გახსოვთ ოპოზიციის მოწოდებები სანქციებთან მიერთების შესახებ, რაც გამოიწვევდა მინიმუმ, მარტო პირველივე წელს, 2,5 მილიარდი დოლარით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემცირებას. ამას ითხოვდა ოპოზიცია. თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, საითკენ არის ორიენტირებული რადიკალური ოპოზიცია და ვისი დაკვეთით მოქმედებენ ეს პოლიტიკური ძალები. იმ ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ სურთ სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც მძიმე ზიანს მიაყენებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“უკრაინის გადაწყვეტილება გაუგებარი და საფუძველს მოკლებულია” – ილია დარჩიაშვილი

გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, როგორც აქამდე იყო. აქტიურად ვეხმარებოდით უკრაინას ჰუმანიტარული თვალსაზრისით, პოლიტიკური, დიპლომატიური ხაზით, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი ღირსეული დამოკიდებულება პარტნიორის მიმართ. ჩვენ მიმართ ვერცერთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, თუ გადაწყვეტილება ამ ხაზს ვერ შეგვაცვლევინებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და უკრაინის გადაწყვეტილება საფუძველს არის მოკლებული.

„გაუგებარი და საფუძველს მოკლებული იყო გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისგან მოვისმინეთ. მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ. ჩვენ ტრადიციულად აქამდე გვქონდა ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსისგან გაუგებარი, უსამართლო დამოკიდებულება მოვისმინეთ საქართველოს მისამართით. ჩვენ ტრადიციულად ვინარჩუნებთ სიმშვიდეს. ეს ჩვენი დამოკიდებულებაა მეგობარი ხალხის და ქვეყნის მისამართით. ჩვენ აუცილებლად გვექნება დრო მომავალში, რათა ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე ორმხრივ ფორმატებში, თუმცა დღეს ტრადიციულად ჩვენ ვარჩევთ იმ პოზიციას, რომელიც გვაქვს, რომელიც გამოვხატეთ. ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება. შესაბამისად, როგორც ვისაუბრეთ, ელჩი დაბრუნდება უახლოეს პერიოდში საქართველოში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საფუძველი, რომელიც გახდა განმაპირობებელი ამ გაუგებარი გადაწყვეტილების, ვფიქრობთ, რომ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ნათელია ყველაფერი, ყველა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რაოდენ პასუხისმგებლობით ეკიდება სახელმწიფო ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის უფლებებს. შესაბამისად, თავად ეს საკითხიც საფუძველს მოკლებულია, როგორც მოვისმინეთ, გადაწყვეტილება განპირობებული იყო სწორედ ამ საკითხით.

შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის, უკრაინის მხარდაჭერას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, როგორც აქამდე იყო. ჩვენ ძალიან აქტიურად ვეეხმარებოდით უკრაინას ჰუმანიტარული თვალსაზრისით, პოლიტიკური, დიპლომატიური ხაზით, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი დამოკიდებულება, ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი პარტნიორის მისამართით და ამას გავაგრძელებთ. ვერცერთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, თუ გადაწყვეტილება ჩვენ მიმართ, ამ ხაზს ვერ შეგვაცვლევინებს“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ზელენსკის თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, სამწუხაროა, რომ ოფიციალური კიევი მეგობარი სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას მიმართავს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ გადაწყვეტილებას განსაკუთრებით გაუგებარს ხდის უკრაინის ხელისუფლების მიერ დასახელებული საფუძველი.

“სანქციებთან დაკავშირებით არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არ მივიღებთ ქვეყნის დამაზიანებელ გადაწყვეტილებას” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე  მედიასთან საუბრისას  გამოეხმაურა  „ხალხის ძალის“ მიერ მაიკლ მაკფოლის განცხადების შეფასებას, სადაც აღნიშნულია, რომ  მაკფოლის განცხადება არა გადამოწმებულ ფაქტებს, არამედ რადიკალური ოპოზიციის ნარატივს ეფუძნება.

კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს მხრიდან სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გაკეთებული რიგი განცხადებები ყოველგვარ კონკრეტიკას და მტკიცებულებებს მოკლებულია.

მისივე თქმით, საქართველოში იმყოფებოდა სანქციების საკითხების შემსწავლელი ტექნიკური ჯგუფი, რომლის დასკვნა  აბათილებს სანქციებთან დაკავშირებულ ბრალდებებს.

„ერთი, რაც  ცხადია – ძალიან დიდი მოწოდებები და ზეწოლა იყო მეორე ფრონტთან და  სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამ ზეწოლისა, ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ, თუ რატომ არ ვუერთდებით სანქციებს და აქ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ პირველ რიგში, ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს,  ხალხის ინტერესს და არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ დამაზიანებელი იქნება. სანქციების მიზანი უნდა იყოს სხვისი დაზიანება. მგონი, ყველა ვხვდებით, რომ თუ ქართული პროდუქტები არ გავა რუსულ ბაზარზე, ამით ჩვენ რუსულ ეკონომიკას ვერაფერს ვერ ვუზამთ, პირიქით – დავაზიანებთ საკუთარს, დავაზიანებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, ჩვენს ეკონომიკას. რატომ უნდა გავაკეთოთ და მივიღოთ ისეთი გადაწყვტილება, რომელიც ვიცით, რომ დამაზიანებელი იქნება. რაც შეეხება განცხადებებს, რომ საქართველო ხშირად არის გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის, ამის დამადასტურებელი ვერანაირი ფაქტი, ვერანაირი კონკრეტიკა და მაგალითი  ვერ იყო მოყვანილი. ჯგუფმა, რომელიც ჩამოსული იყო და სანქციებზე მუშაობს, მადლობა გამოუცხადა საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობისთვის და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისთვის.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენ არაფერს გავაკეთებთ ისეთს, რომელიც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ყველა თვალსაზრისით, გინდ ეკონომიკურად, გინდ პიარულად და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“დრო ჩართულია – ქართველი ხალხი მალე ჩარეცხავს „რუსულ ოცნებას“ – კახა ოქრიაშვილი

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ჯორჯიან თაიმსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„უკიდურესად დაიძაბა უკრაინასა და საქართველოს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა. ამის მთავარი მიზეზი „რუსული ოცნების“ მოღალატეობრივი პრორუსული პოლიტიკაა!

ამ დაპირისპირების ერთ მხარეს წარმოვადგენთ ჩვენ, ქართველი ხალხი, უკრაინელ ხალხთან და მთავრობასთან ერთად, ხოლო მეორე მხარეს წარმოადგენს პუტინ-ივანიშვილი და მოღალატეობრივი „რუსული ოცნება“.

დრო ჩართულია – ქართველი ხალხი მალე ჩარეცხავს „რუსულ ოცნებას“! – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 ივლისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6019 ლარი ეღირება, ევრო – 2.8316 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3057 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6055 ლარი ღირდა, ევრო – 2.8408 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3113 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 6 ივლისს ამოქმედდება.

“მაკფოლს აოცებდა სააკაშვილის ციხეები, ადამიანების წამება და გაუპატიურება, ქუჩაში დახვრეტილი ახალგაზრდები, ბიზნესის რეკეტი” – ხალხის ძალა

შეგვიძლია პირდაპირი პარალელი გავავლოთ სანქციების შესახებ მაკფოლის განცხადებასა და ვლადიმირ ზელენსკის გუშინდელ გადაწყვეტილებას შორის. როგორც მაკფოლის განცხადებით სცადეს ტექნიკური ჯგუფის დასკვნების გადაფარვა, ზუსტად ასევე სცადეს იგივე ძალებმა ზელენსკის მიერ ჩვენი ელჩის გაძევებით სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუფერულებაც, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ისინი რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის და უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლის მიერ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუს ეხმიანებიან.

„ხალხის ძალის“ შეფასებით, მაკფოლის და მისი მეგობრების პროვოკაციულ მოწოდებებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა აყვნენ და ხელისუფლებამ კვლავ ის პოლიტიკა უნდა შეინარჩუნოს, რომლის წყალობითაც საქართველო დღემდე მშვიდობას ინარჩუნებს.

„გვინდა გამოვეხმაუროთ, მაიკლ მაკფოლის მიერ „რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუს, საიდანაც რამდენიმე ყურადსაღები პასაჟი ამოვიკითხეთ.

პირველ რიგში, აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას და მის უფროსებს არ მოეწონათ ამერიკულ-ევროპული ტექნიკური ჯგუფის ვიზიტის შედეგები, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლის საშუალებას არავის აძლევს. ტექნიკურმა ჯგუფმა საქართველოში რამდენიმე დღე გაატარა და ეს დასკვნა ფაქტებისა და დოკუმენტების გადამოწმების საფუძველზე გამოიტანა, რის შემდეგაც ხელისუფლებას საგანგებო მადლობაც გადაუხადა. როგორც ჩანს, ამ შედეგით შეშფოთდა „გლობალური ომის პარტია” და საკუთარ აგენტურას მაკფოლის ინტერვიუ წააშველა, რომელმაც უაპელაციოდ, ყოველგვარი ფაქტებისა და დოკუმენტების გარეშე განაცხადა, სანქციების გვერდის ავლის მტკიცებულებები გვაქვს და მომავალში კონკრეტული კომპანიები და ადამიანები შეიძლება დავასანქციროთო. ამგვარი მტკიცებულებები მაკფოლს ტექნიკური ჯგუფისგან უნდა მიეღო, თუმცა, ტექნიკურმა ჯგუფმა ვითარების სიღრმისეული შეფასებიდან სრულიად სხვა დასკვნა გამოიტანა, საიდანაც ჩანს, რომ მაკფოლის განცხადება რადიკალური ოპოზიციის მცირეოდენ გამაგრებას ისახავდა ერთადერთ მიზნად.

შეგვიძლია პირდაპირი პარალელი გავავლოთ სანქციების შესახებ მაკფოლის განცხადებასა და ვლადიმირ ზელენსკის გუშინდელ გადაწყვეტილებას შორის. როგორც მაკფოლის განცხადებით სცადეს ტექნიკური ჯგუფის დასკვნების გადაფარვა, ზუსტად ასევე სცადეს იგივე ძალებმა ზელენსკის მიერ ჩვენი ელჩის გაძევებით სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუფერულებაც. გარდა ამისა, ზელენსკის გუშინდელი გადაწყვეტილება იყო არაჟნების კონტეინერის ჩავარდნილი სპეცოპერაციის გადაფარვის უსუსური მცდელობაც. ყველას გვახსოვს აღიარებითი ჩვენებები იმასთან დაკავშირებით, რომ კონტეინერში სააკაშვილის მოთავსებისა და საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაცია დაგეგმა და აღასრულა უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსანმა, გია ლორთქიფანიძემ, რომელიც მოგვიანებით უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილედაც კი დააწინაურეს. აშკარაა, რომ სააკაშვილის თემის წინ წამოწევით, უკრაინის ხელისუფლება მოშლილი ქართული რადიკალური ოპოზიციის გაცოცხლებას ცდილობს. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრით ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიული მეგობრობა ზიანდება. შესაბამისად, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოს, არამედ ქართველი ხალხის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულებაცაა. საქართველოში მეორე ფრონტის მისაღწევად სააკაშვილის თემის გამოყენებით უკრაინის ხელისუფლება იმდენად არის დაინტერესებული, რომ არ გამოვრიცხავთ, ისინი სააკაშვილის ლიკვიდაციასაც კი განიხილავდნენ, რაზეც პირდაპირი მინიშნებები გუშინ დავით არახამიამ გააკეთა.

მაკფოლის ინტერვიუს რომ მივუბრუნდეთ, ჩვენი ქვეყნის წარსულსა და აწმყოზე ამ კაცმა განაცხადა, საქართველო ადრე იყო რეგიონის ლიდერი დემოკრატიული ქვეყანა, რომლისგანაც რეფორმებს ვსწავლობდით, ახლა კი აუტსაიდერი გახდაო. როგორც ჩანს, მაკფოლს აოცებდა სააკაშვილის ციხეები, ადამიანების წამება და გაუპატიურება, ქუჩაში დახვრეტილი ახალგაზრდები, ბიზნესის რეკეტი, ელიტური კორუფცია, ტელევიზიების მიტაცება და მრავალი სხვა „რეფორმა”, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა თავის დროზე „გაატარა”.

შეიძლება მაკფოლი ყველაზე მეტად 2008 წლის ომმა გააოცა, რომელსაც სააკაშვილი 2005 წლიდან მოყოლებული დიდი რუდუნებით ამწიფებდა: სააკაშვილმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრები აღადგინა, ცხინვალის რეგიონში პარალელური სეპარატისტული არჩევნები ჩაატარა, კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი უწოდა, ერთდროულად მილიტარიზაციით ტრაბახობდა და კეზერაშვილს ქართული ჯარი გააძარცვინა, კონსტიტუციური წყობილების აღდგენა დააანონსა და ბოლოს… ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, რითაც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყება თავის თავზე აიღო, ქართულ ჯარს კი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა დარღვევა დააბრალა. შეიძლება მაკფოლს ყველაზე მეტად სააკაშვილის ის დანაშაული მოსწონდა, რომელმაც საქართველოს ამხელა უბედურება დაატეხა თავს. მართალია 2008 წლის ომმა ჩვენი ქვეყანა ყველაზე მეტად დააზარალა, მაგრამ ფაქტია, რომ ომმა რუსეთსაც უმძიმესი რეპუტაციული და ეკონომიკური ზიანი მიაყენა. იქნებ, ამისათვის ემადლიერება და აქებს მაკფოლი სააკაშვილს, ანუ ესკალაციის დავალების პირნათლად შესრულებისთვის, რაზეც მოქმედი ხელისუფლება ასე ჯიუტად ამბობს დღეს უარს.

სინამდვილეში, მაკფოლის ეს განცხადება იმის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა დანაშაულს, ესკალაციისა და რუსული სამხედრო აგრესიის პროვოცირების ჩათვლით, ნაცმოძრაობა არა საკუთარი იმპროვიზაციით, არამედ მაკფოლის მეგობრების კარნახით სჩადიოდა.

კიდევ ერთი და ყველაზე საინტერესო თემა, რასაც მაკფოლი შეეხო, რუსეთთან ესკალაცია და ამასთან დაკავშირებული საფრთხეები იყო. პრიგოჟინის აჯანყებაზე კომენტირებისას, მაკფოლმა თქვა, დავინახეთ, რომ პუტინი არც ისეთი მაგარია, უკან დახევა და მოლაპარაკებაც შეუძლია და ესკალაციის შემთხვევაში, არათუ მოლაპარაკებაზე, კაპიტულაციაზეც კი შეიძლება წამოვიდესო. მაკფოლი ამბობს, ეს საინტერესო უნდა იყოს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან, მაგრამ ესკალაციისგან დღემდე თავს იკავებენო. მეტიც, მაკფოლმა ამას მოწოდებაც კი მიაყოლა, ეს ქვეყნები ესკალაციას არ უნდა შეუშინდნენო.

როდესაც ამ ყველაფერს ქართველ ჟურნალისტს ეუბნები, ცხადია, ვინ არის ამ მოწოდების ადრესატი და რა არის მისი მიზანი. ჩვენ დიდი ხანია ვამტკიცებთ, რომ „გლობალური ომის პარტიისთვის” საკმარისი არაა ის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო უკრაინის მიმართ გამოხატავს. მათ სურთ ამაზე მეტი, რაშიც მხოლოდ მეორე ფრონტი შეიძლება იგულისხმებოდეს და სწორედ ამ თემაზე საუბრობს ასე გულწრფელად ბატონი მაკფოლი.

პრიგოჟინის თემაზე განცხადება გუშინწინ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემაც გააკეთა. თუმცა, მან მაინც ვერ გარისკა იმის დაკონკრეტება თუ ვის გულისხმობდა იმ ძალებში, რომელთა დავალებითაც რადიკალური ოპოზიცია, პრიგოჟინის აჯანყების ფონზე, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე და აფხაზეთსა და ცხინვალში ტანკებით შესვლაზე საუბრობდა. ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის, ალბათ, უკვე ცხადია, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც მაკფოლის უფროსების კარნახით მოქმედებდა.

ვინც ესკალაციისკენ გვიბიძგებს, მისი ერთადერთი მიზანია, საქართველოს განადგურების ხარჯზე, რუსეთს პირველ ფრონტზე პოზიციები შეუსუსტოს. ამიტომ, მაკფოლის და მისი მეგობრების პროვოკაციულ მოწოდებებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ და ხელისუფლებამ კვლავაც ის პოლიტიკა უნდა შეინარჩუნოს, რომლის წყალობითაც საქართველო დღემდე მშვიდობას ინარჩუნებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ საკმაოდ მყარი მტკიცებულებები არსებობს, რომელიც მიუთითებს, რომ ისინი ეხმარებიან რუსეთს სანქციებზე გვერდის ავლასა ან, ასე ვთქვათ, „გზის მოჭრაში”.

„ჩვენ გვსურს ამას ნათელი მოვფინოთ. იმაზე, რომ საქართველო ნამდვილად არის ჩართული ამაში, ისიც მიუთითებს, რომ დავასახელებთ ცნობილ გვარებს. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული, და ამიტომაც ვფრთხილობ“,- აცხადებს მაიკლ მაკფოლი.