Home Blog Page 1736

“შესაძლოა, ხრიკს მიმართონ და ინტერპელაცია გადაიწიოს – შს მინისტრი ან ავად გახდეს, ან საზღვარგარეთ წავიდეს”

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე არ გამორიცხავს, მმართველმა გუნდმა შოვის სტიქიის თემაზე პარლამენტში, ინტერპელაციის წესით შს მინისტრის დაბარებასთან დაკავშირებით გარკვეულ ხრიკებს მიმართოს, თუმცა მისივე თქმით, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში მოსვლა მაინც მოუწევს.

ჩიხლაძის აზრით, შს მინისტრისგან კითხვებზე პასუხების მიღება მნიშვნელოვანია, კითხვებს კი, მის მიერ გაკეთებული განცხადებები აჩენს.

„ინტერპელაცია პარლამენტში აუცილებლად შედგება. შესაძლოა ხრიკს მიმართონ და ინტერპელაცია გადაიწიოს – მინისტრი ან ავად გახდეს ან საზღვარგარეთ წავიდეს, თუმცა როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ინტერპელაცია დაგვიანებით მაინც გაიმართება. მთავარი ბერკეტი მაინც დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაა, რადგან საგამოძიებო კომისია არის კომპლექსური და შესაძლებელია ყველა მინისტრისა და შესაბამისი სფეროს ყველა წარმომადგენლის დაბარება და გამოკითხვა. კითხვები, პირველ რიგში, არსებობს პრემიერ-მინისტრისადმი და შემდეგ მთელი კაბინეტის მიმართ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ვახტანგ გომელაური პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა.

“მივმართავ მმართველ გუნდს, სირცხვილია ყველაფრის „გაპრავება“, ამორალურია ის, რასაც აკეთებთ” – ლევან სამუშია

მინდა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მივმართო, სირცხვილია ყველაფრის „გაპრავება“. ამორალურია ის, რასაც თქვენ აკეთებთ. ამორალურია, როცა გამოძიების მაგივრად სცემთ საზოგადოებას პასუხებს და გამოძიებაზე საერთოდ არაფერს ლაპარაკობთ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ლევან სამუშიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მან საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოუწოდა, რაჭაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს.

„მოგმართავთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყეთ გამოძიება და დაუყოვნებლივ იმოქმედეთ უფლებამოსილების ფარგლებში“,-განაცხადა სამუშიამ.

მისივე შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, თითქოს სტიქიასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, „საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა“.

„შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, „ლელომ“ 6 აგვისტოს გამართა ბრიფინგი და გააკეთა განცხადება პროკურატურის მიმართ სავარაუდო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების შესახებ. შემდგომ, ჩვენ მოვისმინეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის „საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა“ და პირდაპირი მესიჯი იმისა, რომ ხელისუფლება გამოძიებას არ აპირებს, გამოძიება შესაბამისი მუხლებით არ მიმდინარეობს. პირველ რიგში, როგორც შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, მითითებული მუხლების გარდა, შესაძლოა კვალიფიკაცია შეცვლილიყო, როდესაც სამოხელეო დანაშაულზეა საუბარი. მინდა გითხრათ, რომ აქ პირველ რიგში, არის ინტერესთა კონფლიქტი. შესაძლოა, საუბარი იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მხრიდან სავარაუდო დანაშაულთან. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შსს-ს გამომძიებლები იძიებდნენ თავისი უფროსების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს“,-განაცხადა სამუშიამ.

მისი თქმით, გამოძიება სავარაუდო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით უნდა დაიწყოს.

„მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ნუ აიცილებთ თავიდან გამოძიების დაწყებას. ნუ ჩადიხართ დანაშაულს, ვინაიდან გამოძიების განზრახ არდაწყება, სამსახურებრივი უფლებამოსილების განზრახ არგანხორციელება, ესეც დანაშაულია. თქვენ ვალდებული ხართ დაიწყოთ გამოძიება და არა ის, რა ფარსსაც დღეს შსს აწარმოებს. ათქმევინეს შსს-ს წარმომადგენლებს, რომ ვითომ გამოძიება მიმდინარეობდა. სრულიად ნათელია, რომ არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით“, – განაცხადა სამუშიამ.

გარდა ამისა, მან განმარტა, რომ „ლელო“ ან საქმეს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ბოლომდე გაჰყვება. ლევან სამუშიას განმარტებით, პარტიის საპარლამენტო გუნდი ამ საქმეში თავიდან ბოლომდე ჩართულია.

“ახალი ბოლშევიკური მოწოდებები გაჩნდა” – რომან გოცირიძე

ხელისუფლების დაფინანსებულ კონცერტებზე არ უნდა წავიდეს ჭეშმარიტად ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეო, ახალი ბოლშევიკური მოწოდებები გაჩნდა, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების” ხელმძღვანელი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც გუშინ, The Killers-ის სოლისტის მიერ სცენაზე რუსი დრამერის აყვანას და ამის გამო გამოწვეულ პროტესტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, კონცერტები ხალხის ფულით არის დაფინანსებული და „სისულელეა ვინმესადმი საყვედური, რატომ დადის კონცერტებზე“.

„ხელისუფლების დაფინანსებულ კონცერტებზე არ უნდა წავიდეს ჭეშმარიტად ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეო, ახალი ბოლშევიკური მოწოდებები გაჩნდა. ყალბი მორალიზმია ეს. ეს კონცერტები ხალხის (ბიუჯეტის) ფულითაა დაფინანსებული (რაც ცუდია) და ზედ ჩვენი ყოფიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდ ფულსაც ამატებენ ადამიანები. ეს არაა პარტიული ღონისძიება, ესწრება თუ არა მას რომელიმე პარტიული საძულველი პირი. ხელისუფლების დაფინანსებული პენსიაც არ უნდა აიღოს ოპოზიციონერმა და მეტროშიც ორჯერ მეტი უნდა გადაიხადოს, რადგან ხელისუფლების მიერაა სუბსიდირებული? მაშინ არც სუბსიდირებული ღვინო უნდა დალიოს და არც თეატრებში იაროს. სისულელეა ვინმესადმი საყვედური, რატომ დადის კონცერტებზე. ამ ხელისუფლების მომხრე მწერლების წიგნებიც არ წავიკითხოთ, მაგალითად, ჭაბუა ამირეჯიბის? არც ლაშა ტალახაძის გამარჯვება გაგვიხარდეს? ძალიან ბოლშევიკური მიდგომაა,“ – წერს რომან გოცირიძე.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის დასახლება უროჟაინოე გაათავისუფლეს – ომის 539-ე დღე

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის დასახლება უროჟაინოე გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ავრცელებს.

„უროჟაინოე გათავისუფლებულია. სამხდროები პოზიციებზე მაგრდებიან. შეტევითი ოპერაცია გრძელდება“, – განაცხადა მალიარმა.

მისივე თქმით, მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა, შეტევითი მოქმედებები ასევე ბახმუტის, მელიტოპოლის და ბერდიანსკის მიმართულებებზე გრძელდება.

დისკუსია ტერიტორიების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე აბსოლუტურად მიუღებელია, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელის, სტიან იენსენის განცხადებას, რომ რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა შეიძლება კიევისთვის მშვიდობის მიღწევისა და ნატო-ში გაწევრიანების გზა იყოს.

“დისკუსია უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე მისი ტერიტორიების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ აბსოლუტურად მიუღებელია. ყოველთვის ვთვლიდით, რომ ალიანსი, ისევე როგორც უკრაინა, ტერიტორიებით არ ვაჭრობს”, – დაწერა ნიკოლენკომ “ფეისბუქზე”.

მისი თქმით, ნატო-ს ოფიციალური პირების შეგნებული თუ გაუცნობიერებელი ჩართულობა უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობის შესახებ ნარატივის ფორმირებაში რუსეთის ინტერესებშია.

„ევროატლანტიკური უსაფრთხოების ინტერესებში კი უკრაინის გამარჯვებისა და ნატო-ში მისი გაწევრიანების დაჩქარების გზების განხილვაა“, – აცხადებს ნიკოლენკო.

“სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მოქალაქეების პოვნის მცირედი თეორიული შანსი იქნება” – პაპუნა მარგველიძე

რაჭის გუბერნატორის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში, შოვის ტერიტორიაზე დარჩენილია რამდენიმე ადგილი, რომელიც უახლოეს დღეებში დამუშავდება.

მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოების არეალი გაიზარდა რიონის ხეობაში.

„დაკარგული 33 მოქალაქიდან ამ დროისთვის 26 ცხედარია ნაპოვნი, გრძელდება შვიდი დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები. გარდაცვლილებიდან 23 იდენტიფიცირებულია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მითითებით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მოქალაქეების პოვნის მცირედი თეორიული შანსი იქნება. კურორტ შოვის ტერიტორიაზე დარჩენილია რამდენიმე ადგილი, რომლებიც უახლოეს დღეებში დამუშავდება. საძიებო სამუშაოები გაგრძელდება, პერიმეტრიც გაზრდილია მდინარე რიონის ხეობაში და ასევე, მძიმე ტექნიკაც იმუშავებს იქამდე, ვიდრე არ იპოვნიან ყველა დაკარგულ მოქალაქეს“, – განაცხადა რაჭის გუბერნატორმა.

კითხვაზე, რას აპირებენ მთლიანი პერიმეტრის შესწავლის შემდეგ, მარგველიძემ განაცხადა:

„ჩვენ კოორდინაციაში ვართ ყველა შესაბამის უწყებასთან და შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ გავაგრძელებთ მუშაობას“.

ამასთან, როგორც რაჭის გუბერნატორმა განაცხადა, სოფელ გლოლაში მთავრდება წყალმომარაგების სისტემის სამუშაოები და, სავარაუდოდ, სოფელს წყალმომარაგება დღეს აღუდგება.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოში 126 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოში 126 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 19.0 პროცენტი მდებარეობს კახეთის რეგიონში, 17.5 პროცენტი ქვემო ქართლის რეგიონში, 15.1 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 13.5 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 11.1 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო 23.8 პროცენტი – სხვა რეგიონებშია განთავსებული.

მათივე ცნობით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წლის II კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 115.5 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 38.2 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 50.5 პროცენტი – ღორი, ხოლო 10.4 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 0.9 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 463.7 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

„სასაკლაოების მიერ 2023 წლის II კვარტალში 14.5 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 30.4 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 42.7 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 25.3 პროცენტი – ღორის ხორცზე, 1.6 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია. საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 13.7 ათას პირს, საიდანაც 37.0 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 065 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 33.8 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 12.7 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური – 30.0 ლარი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება სამაცივრე მეურნეობას, „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოში 202 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (51.0 პროცენტი) შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული.

„მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია ქ. თბილისში (11.9 პროცენტი), კახეთის რეგიონში (9.9 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (8.4 პროცენტი), იმერეთის რეგიონში (5.4 პროცენტი), ქვემო ქართლის რეგიონში (5.4 პროცენტი), აჭარის ა.რ.-ში (4.0 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (2.0 პროცენტი), გურიის რეგიონში (1.0 პროცენტი) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (1.0 პროცენტი). 2023 წლის II კვარტალში მომსახურება გაეწია 312 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით – 881 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 272 კაცით განისაზღვრა.

2023 წლის II კვარტალის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 67.7 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 46.7 პროცენტი – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 25.2 პროცენტი – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 12.4 პროცენტი – თევზეული, 8.4 პროცენტი – ხილი და ბოსტნეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

2023 წლის II კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 17.4 პროცენტს – საკუთარი წარმოების, 19.9 პროცენტს – შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 62.8 პროცენტს მომსახურების სახით შენახული პროდუქციის მოცულობა შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 5.8 მლნ. ლარი შეადგინა. 2023 წლის II კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 113.5 მლნ. ლარის ღირებულების (20.4 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 26.1 პროცენტი, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 31.5 პროცენტი, ხოლო შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ – 42.4 პროცენტი. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 61.1 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. ამავე პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი ქათმის ხორცზე (გაყინულის ჩათვლით) (47.6 პროცენტი), პირუტყვის ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (31.7 პროცენტი) და თევზეულზე (12.1 პროცენტი) მოდის.

საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ საზღვარგარეთის ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 6.8 მლნ. ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 6.0 პროცენტს შეადგენს. ძირითადად რეალიზებულია ქათმის ხორცი, თევზეული, ხილი და ბოსტნეული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 44.3 პროცენტს, მაისში – 51.4 პროცენტს, ხოლო ივნისში – 45.7 პროცენტს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საქსტატის“ მონაცემებში ასევე საუბარია ელევეტორებზე. სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის II კვარტალში საქართველოში 39 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც კახეთის (25.6 პროცენტი) და ქვემო ქართლის (25.6 პროცენტი) რეგიონებში იყო განთავსებული.

„ელევატორების 12.8 პროცენტი ფუნქციონირებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 12.8 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 7.7 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 7.7 პროცენტი ქ. თბილისში, 5.1 პროცენტი – გურიის რეგიონში და 2.6 პროცენტი – აჭარის ა.რ.-ში.

2023 წლის II კვარტალის განმავლობაში მომსახურება გაეწია 28 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 91 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 486 კაცით განისაზღვრა. 2023 წლის II კვარტალში, ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 85.4 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 59.2 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი. საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 66.0 პროცენტს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა. 2023 წლის II კვარტალში, ელევატორების მიერ გაყიდულია 54.4 მლნ. ლარის ღირებულების 47.5 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 53.5 პროცენტი იყო საკუთარი წარმოების. ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 85.1 პროცენტი. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 49.2 პროცენტს, მაისში – 47.8 პროცენტს, ხოლო ივნისში – 43.6 პროცენტს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“მიმდინარეობს გამოძიება და აქედან გამომდინარე, არ ვთვლით მიზანშეწონილად, რომ ამ უბედურებასთან დაკავშირებით პარალელურად რაღაც სტრუქტურები შეიქმნას საქართველოს პარლამენტში”

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და აქედან გამომდინარე არ თვლიან მიზანშეწონილად, რომ პარალელურად რაღაც სტრუქტურები შეიქმნას საქართველოს პარლამენტში.

მისი თქმით, მათ ოპონენტებს არ აინტერესებთ პრობლემის არსი, მთავარია საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება.

„მიმდინარეობს გამოძიება, მასალების მოკვლევა და აქედან გამომდინარე ჩვენ არ ვთვლით მიზანშეწონილად, ამ უბედურებასთან დაკავშირებით პარალელურად რაღაც სტრუქტურები შეიქმნას საქართველოს პარლამენტში და სრულად იყოს ეს თემა პოლიტიზებული. ეს უნდათ ჩვენ ოპონენტებს. არც აინტერესებთ პრობლემის არსი, მთავარია საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება იმისთვის, რომ საშემოდგომო სესიაზე უსაქმურობისგან არ გაილიოს მათი დღეები“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ რაჭის სტიქიასთან და მის შედეგებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

სამოქალაქო გემებისთვის შექმნილი დერეფნით ოდესის პორტიდან პირველი გემი გავიდა

დღეს, სამოქალაქო გემებისთვის შექმნილი დერეფნით ოდესის პორტიდან პირველი გემი გავიდა, – ინფორმაციას უკრაინის აღდგენის სამინისტრო ავრცელებს.

„დღეს ოდესის პორტიდან კონტეინერმზიდი JOSEPH SCHULTE (ჰონკონგი) გავიდა და ის სამოქალაქო გემებისთვის შექმნილი დროებითი დერეფნით გადაადგილდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

დროებითი დერეფანი იმ გემებისთვის გამოიყენება, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, რომ დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით, 2023 წლის 8 აგვისტოდან ამოქმედდა.

რას გულისხმობს 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია და მისი 2023-2024 წლის სამოქმედო გეგმა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განმარტავენ, რას გულისხმობს ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია და მისი 2023-2024 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა.

როგორც უწყებაში განაცხადეს, ეროვნული სტრატეგიის თანახმად იგეგმება საქართველოში და მეზობელ ქვეყნებში ჩქაროსნული რკინიგზის განვითარების შესაძლებლობის შესწავლა, რის საფუძველზეც განისაზღვრება სამომავლო ნაბიჯები. ამასთან, აღნიშნავენ, რომ 2030 წლის ბოლოსთვის ჯამში აშენდება 760 კმ მაგისტრალური გზა. 2024 წელს კი დასრულდება რკინიგზის მოდერნიზაცია, რის შედეგადაც შემცირდება მგზავრობის დრო.

„სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც გაზრდის ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს მობილობას. კერძოდ, როგორც სტრატეგიაშია აღნიშნული 2030 წლის ბოლოსთვის ჯამში აშენდება 760 კმ მაგისტრალური გზა. 2024 წელს დასრულდება რკინგზის მოდერნიზაცია, რის შედეგადაც შემცირდება მგზავრობის დრო. ამასთან, იგეგმება საქართველოში და მეზობელ ქვეყნებში ჩქაროსნული რკინიგზის განვითარების შესაძლებლობის შესწავლა, რის საფუძველზეც განისაზღვრება სამომავლო ნაბიჯები.

სტრატეგიაში ცალკე ამოცანად განისაზღვრა სატრანსპორტო ოპერაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებას.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანების მოწესრიგება. შესაბამისი კანონპროექტი, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის სახით, უკვე წარედგინა საქართველოს პარლამენტს, რომლის მიღებაც საშემოდგომო სესიაზე იგეგმება. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, გაუმჯობესდება ავტოსადგურების ინფრასტრუქტურა, მნიშვნელოვნად ამაღლდება მომსახურების ხარისხი და მგზავრობის უსაფრთხოების დონე”,-აღნიშნავენ უწყებაში.

რაც შეეხება უშუალოდ 2023-2024 წლების სამოქმედო გეგემას, როგორც სამინისტროში განმარტავენ, სამოქმედო გეგმა ჯამში მოიცავს 48 აქტივობას, რომლებიც შეეხება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, საერთაშორისო სტანდარტების და ევროკავშირის რეგულაციების/დირექტივების დანერგვას, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის გაციფროვნებას (მათ შორის ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა, სატრანსპორტო დოკუმენტების გაციფროვნება), საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვების ხელშეწყობის მიზნით ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების გაფორმებას, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას და სხვ.

„2023-2024 წლების სამოქმედო გეგმაში გაწერილია კონკრეტული ღონისძიებები ლოგისტიკური სექტორის ეფექტურობის და კონკურენტუნარიანობის ამაღლების, ადამიანური კაპიტალის განვითარების და სატრანსპორტო დარგების, უსაფრთხო კავშირებისა და დერეფნების მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

სამოქმედო გეგმა ჯამში მოიცავს 48 აქტივობას, რომლებიც შეეხება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, საერთაშორისო სტანდარტების და ევროკავშირის რეგულაციების/დირექტივების დანერგვას, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის გაციფროვნებას (მათ შორის ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა, სატრანსპორტო დოკუმენტების გაციფროვნება), საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვების ხელშეწყობის მიზნით ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების გაფორმებას, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას და სხვ.

სამოქმედო გეგმა სხვა ღონიძიებებთან ერთად ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან რეფორმებს როგორიცაა საქალაქათაშორისო სამგზავრო გადაყვანების მოწესრიგება, სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირება და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის რეფორმა”,-აღნიშნავენ უწყებაში.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

აიღე სესხი როცა გინდა – 2 წუთში, ონლაინ, ნებისმიერი ადგილიდან

თიბისი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად მომხმარებლებს სთავაზობს ციფრულ სესხს, რომლის აღებაც შესაძლებელია როცა გინდა – მარტივად, 2 წუთში, ნებისმიერი ადგილიდან ონლაინ განაცხადის შევსებით.

სპონტანური გადაწყვეტილებებისთვის, ახალი გამოცდილებისთვის და სურვილების მომენტალურად ასრულებისთვის, თიბისის ციფრულ ბანკში ან ვებგვერდზე tbccredit.ge მომხმარებელს 10 000 ლარამდე სესხის აღება ახლა უკვე 2 წუთში შეუძლია. სესხის მხოლოდ ონლაინ აღების შემთხვევაში, მომხმარებელი 20%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებს. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 16%-დან. წინსწრებით გადახდის საკომისიო 0%-ია.

დამღლელი საცობების, რიგებისა და დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე, გამარტივებული განაცხადის ონლაინ შევსების შემდეგ მოთხოვნილი თანხა მომხმარებლის ანგარიშზე მყისიერად აისახება.

თიბისი ინოვაციური გადაწყვეტების ინიცირებით და საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შეთავაზებით, მუდმივად ცდილობს გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება. ახალი ციფრული სესხი დაგიზოგავთ დროს, ენერგიას და უსწრაფეს და კომფორტულ გამოცდილებას შეგიქმნით.

 

R

“ლეხ კაჩინსკი ნატო-ს შემდგომი გაფართოების დიდი მომხრე იყო, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და უკრაინას, არ მოუსმინეს” – ანჯეი დუდა

სამი დღის წინ, 15 წელი გავიდა პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ისტორიული გამოსვლიდან თბილისში, იმ მომენტში, როცა რუსული ტანკები საქართველოს დედაქალაქისკენ მიემართებოდნენ, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჟეი დუდამ განაცხადა.

„ზუსტად სამი დღის წინ, 15 წელი გავიდა რუსეთის აგრესიის დროს პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ისტორიული გამოსვლიდან თბილისში, იმ მომენტში, როცა რუსული ტანკები საქართველოს დედაქალაქისკენ მიემართებოდნენ. პოლონეთის მამაცმა პრეზიდენტმა, ჩვენი რეგიონის სხვა მამაც ლიდერებთან ერთად, მაშინ თბილისის ცენტრიდან თავისუფალ სამყაროს ერთიანობისა და რუსეთის იმპერიული მცდელობის წინააღმდეგ დაპირისპირების თხოვნით მიმართა და მან გააფრთხილა: „დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და მერე იქნებ ჩემი ქვეყნის, პოლონეთის დროა!“ ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ეს სიტყვები”, – განაცხადა დუდამ პოლონეთის არმიის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე.

დუდას თქმით, სამწუხაროდ მაშინ ლეხ კაჩინსკის დასცინოდნენ და არ უსმენდნენ, მაგრამ ისტორიამ დაამტკიცა, რომ ის მართალი იყო.

„ლეხ კაჩინსკი, ჩემი მასწავლებელი, იყო ნატო-ს შემდგომი გაფართოების დიდი მომხრე, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და უკრაინას, რაც უზრუნველყოფდა მთელი ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებას. სამწუხაროდ, მაშინ მას არ მოუსმინეს. მას თავს დაესხნენ, სასტიკად დასცინოდნენ, მის იდეებს ძირს უთხრიდნენ, მაგრამ ის მართალი იყო. ეს ისტორიამ დაამტკიცა და ეს არის გაკვეთილი, საიდანაც ყველა პოლიტიკოსმა უნდა ისწავლოს”, – განაცხადა დუდამ.

“ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს” – Black Sea Arena

ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს, – ამის შესახებ Black Sea Arena-ს განცხადებაშია აღნიშნული, რითაც ისინი კონცერტზე The Killers-ის სოლისტის მიერ სცენაზე რუსი დრამერის აყვანას და ამის გამო გამოწვეულ პროტესტს გამოეხმაურნენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სცენაზე სოლისტის მოქმედება Black Sea Arena პოზიცია არაა.

„გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით. რუსეთი ოკუპანტია“,- აღნიშნულია განცხადებაში, რასაც თან ერთვის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით The Killers-ის პასუხი.

თავად ბენდმა გავრცელებულ განცხადებაში მომხდარის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და განმარტა, რომ მათი განზრახვა ვინმეს შეურაცხყოფა არ ყოფილა.

„კეთილო ქართველო ხალხო, ჩვენი განზრახვა არასდროს ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა! ჩვენ გვაქვს დიდი ხნის ტრადიცია, მივიწვიოთ ადამიანები დრამებზე დასაკრავად და სცენიდან ჩანდა, რომ ხალხის თავდაპირველი პასუხი მიანიშნებდა, რომ თანახმა იყვნენ ერთ-ერთი მაყურებელი სცენაზე ჩვენთან ერთად გამოსულიყო. ვაცნობიერებთ, რომ კომენტარი, რომელიც გულისხმობდა, რომ The Killers-ის აუდიტორია და თაყვანისმცემლები არიან „ძმები და დები“, შესაძლოა არასწორად იქნა გაგებული. არ გვინდოდა ვინმეს განაწყენება და ბოდიშს ვიხდით. თქვენთან ვდგავართ და ვიმედოვნებთ, რომ მალე დავბრუნდებით”, – აღნიშნულია The Killers-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, Black Sea Arena-ზე კონცერტის დროს, The Killers-ის სოლისტმა აუდიტორიიდან სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა. აღნიშნულს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ხალხის ნაწილმა კონცერტი პროტესტის ნიშნად დატოვა.