Home Blog Page 1729

“როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით სამართლიანობა უნდა აღდგეს”- ანა დოლიძე

როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით სამართლიანობა უნდა აღდგეს, მაგრამ ეჭვი არ უნდა არსებობდეს, რომ ასეთი გადაწყვეტილების დრო პოლიტიკურ კლიმატს უკავშირდება, – ამის შესახებ განცხადება პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მისი თქმით, უნდა დავსვათ კითხვა, რატომ დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ ამდენი ხანი იმისთვის, რომ პასუხისგებაში მიეცა შესაბამისი ხალხი.

„რა თქმა უნდა, როინ შავაძის მკვლელობა გამოსაძიებელია და ყველა დამნაშავე პასუხისგებაში უნდა იქნეს მიცემული. ყველა ასეთ შემთხვევაში სამართლიანობა უნდა დადგეს. მაგრამ უნდა დავსვათ კითხვა, რატომ დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ ამდენი ხანი იმისთვის, რომ პასუხისგებაში მიეცა შესაბამისი ხალხი?! სტრასბურგის გადაწყვეტილება აქ არ არის თავის გამართლება, ჯერ ერთი, გადაწყვეტილებიდან სამი წელი გავიდა და მეორეც, სტრასბურგის გარეშეც დიდი ხანია შეეძლო ხელისუფლებას, შესაბამისი ხალხი პასუხისგებაში მიეცა. ამიტომ სამართლიანობა უნდა აღდგეს, მაგრამ ეჭვი არ უნდა არსებობდეს, რომ ასეთი გადაწყვეტილების დრო პოლიტიკურ კლიმატს უკავშირდება.“- განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძის განცხადებას პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

“ოცნებამ” საკუთარ მოსახლეობას ჰიბრიდული ომი გამოუცხადა”- გიორგი გახარია

ფაქტობრივად, ჩათვალეთ, რომ „ოცნება”, იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს ჩვენი შვილის მომავლით ვაჭრობს, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე და ამ ფონზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკაზე.

გიორგი გახარიას თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთთან პირისპირ მარტო ტოვებს.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, დღეს რომ დაიწყოს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესი, ამას დაჭირდება მინიმუმ 10-15 წელი. ეს ჩვენს შვილებს ეხება. ფაქტობრივად, ჩათვალეთ, რომ „ოცნება” დღეს, იმისთვის რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს ჩვენი შვილის მომავლით ვაჭრობს, იმათ პერსპექტივას ცვლის თავიანთ მათ დღევანდელ სავარძლებში და კაბინეტებში. „ოცნებამ” საკუთარ მოსახლეობას ჰიბრიდული ომი გამოუცხადა. ვიღაც რომ გვეუბნება ხოლმე – ომი გინდათ? ჯერჯერობით ღიმილით სახეზე მინდა შევახსენო, რომ საქართველოს ამ ომის ფასი ევროპული ინტეგრაციისთვის უკვე გადახდილი აქვს და 2008 წელს თითოეული სიცოცხლე, რომელიც ამ ქვეყანამ და ამ ხალხმა გადაიხადა, გადაიხადა იმისთვის, რომ დღეს საქართველო იყოს ევროკავშირში ყველაზე პერსპექტიული პირველი ქვეყანა და ნატო-ს წევრობის პირველი კანდიდატი და ესენი ახლა რასაც აკეთებენ, იმ დაღუპული ქართველი ჯარისკაცების და ახალგაზრდების სიცოცხლეს აუფასურებენ, ჰაერს ატანენ. ვინ მისცათ მათ ამის უფლება? ომი არავის უნდა, ყველას მშვიდობა უნდა. სამწუხაროდ, ამ ქვეყანამ ომით ევროპული ოჯახის წევრობის უკვე გადაიხადა და ეს ყველამ კარგად იცის ევროპაშიც და ევროპის გარეთაც. ხვალ და ზეგ, მოლდოვა რომ გახდება ევროკავშირის და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი ყველანაირი ომის გარეშე და ეს წევრობა რომ მოლდოვას მისცემს შესაძლებლობას სახელმწიფოებრივი განვითარების და ტერიტორიული აღდგენის, აი მერე რას იტყვიან? ქვეყნისთვის არის მთავარი მშვიდობა, იმიტომ რომ გრძელვადიანი მშვიდობის მომტანი ამ ქვეყანაში არის მხოლო და მხოლოდ ქვეყნის ევროპული, ღირსეული, დემოკრატიული, სამართლიანი მომავალი. რასაც ესენი აკეთებენ, ტოვებენ ამ ქვეყანას მარტო პირისპირ რუსეთთან, ვერ იქნება მშვიდობის მომტანი. აქ კომპრომისები არ იქნება, არც ერთ შემთხვევაში. ეს არც გაფრთხილება და არც არც მუქარაა, ეს ობიექტური რეალობაა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს რომ ჩვენ აქ ვსხედვართ და ქვეყანაში მშვიდობაა, დღეს რომ ქართული საზოგადოება ძალიან ბევრ თემაზე თამამად ლაპარაკობს, ამაში „ხალხის ძალის” ძალიან დიდი დამსახურებაა-სუბარი

„ყველგან, სადაც მივდივართ, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, ადამიანები გვხვდებიან და აქეთ გვეუბნებიან იმას, რასაც ჩვენ ვეუბნებოდით ერთ წლის წინ, რასაც ამ ხნის განმავლობაში ვამბობდით და რისი თქმაც ერთ წლის წინ უბრალოდ შოკი იყო”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი” განაცხადა.
მისი თქმით, „ხალხის ძალის” დიდი დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოში მშვიდობაა და პოლიტიკურ პროცესებზე სიმართლის თქმა არის შესაძლებელი.
„შეიძლება ძალიან ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დიდი წილი სიმართლეა ამაში – დღეს რომ ჩვენ აქ ვსხედვართ და ქვეყანაში მშვიდობაა, ამაში ძალიან დიდი დამსახურებაა „ხალხის ძალის”. დღეს რომ ქართული საზოგადოება ძალიან ბევრ თემაზე თამამად ლაპარაკობს, ამაშიც „ხალხის ძალის” ძალიან დიდი დამსახურებაა. ჩამოვხსენით ფარდა ძალიან ბევრ აქამდე დაფარულ საიდუმლოებას, ვუთხარით ხალხს სიმართლე. შეიძლება, ბოლომდე ჩვენც ვერ გავბედეთ, მაგრამ მაინც ვუთხარით სიმართლე და დღეს ამ სიმართლეს ლაპარაკობს ყველა, იმეორებენ პოლიტიკოსები.
ყველგან, სადაც მივდივართ, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, ადამიანები გვხვდებიან და აქეთ გვეუბნებიან იმას, რასაც ჩვენ ვეუბნებოდით ერთ წლის წინ, რასაც ამ ხნის განმავლობაში ვამბობდით და რისი თქმაც ერთ წლის წინ უბრალოდ შოკი იყო იმიტომ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ” რაც დაგვიტოვა დღის წესრიგი და ნარატივი, ჩვენც ვერ შევცვალეთ, ვერ გადავაბიჯეთ ამას და დავრჩით ისევ იმ მდგომარეობაში. პრაქტიკულად, ეს იყო ხალხისთვის ნახევრად სიმართლის თქმა და ყველაფერზე იმის თქმა, რომ კი ბატონო, თქვა კუბილიუსმა, ის ძალიან კარგი კაცია, მეგობარია, მაგრამ… აი ამ მაგრამის შემდეგ, ჩვენ ვეცდებით დავეწიოთ და გამოვასწოროთ… ჩვენ კი ხალხს ვუთხარით სიმართლე და კიდევ ერთხელ ვამბობ ძალიან თამამად, რომ დღეს რომ საქართველოში მშვიდობაა, დღეს რომ ჩვენ აქ ვართ, ეს არის „ხალხის ძალის” ძალიან დიდი დამსახურება, რა თქმა უნდა, ხელისუფლებასთან ერთად. ხელისუფლების ეს პოლიტიკა რომ არ ყოფილიყო, „ხალხის ძალის” ნათქვამი ვერაფერს იზამდა, მაგრამ ჩვენ გავუკვალეთ ეს გზა. კიდევ ერთს ვიტყვი. ჩვენ ვსაუბრობდით, როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგიები – დაძაბავენ სიტუაციას და შემდეგ უკვე აღარაფერი გრჩება, გარდა იმისა, რომ იარაღი აიღო ხელში და დაღუპვისკენ წაიყვანო ხალხიც და ქვეყანაც. ზუსტად ჩვენმა ერთწლიანმა მუშაობამ ხალხს დაანახა სიმართლე, რის გამოც უფრო ძნელად მუშაობს ეს ტექნოლოგიები. თუნდაც, იგივე ამ ქართული FARA-ს კანონზე, ვიღაცეები ამბობენ, რომ მისი უკან გაწვევა იყო მარცხი. სინამდვილეში ეს იყო უზარმაზარი გამარჯვება იმიტომ, რომ ქვეყანა გადარჩა უბედურებას და ამისთვის მადლობა ჩვენს ხალხს, რომ ასე მიიღო ჩვენი ნათქვამი”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, 16 და 20 ივლისს განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.

„როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა, ხოლო 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა და დაემატა ანაკლია- განმუხურის ტერიტორიაზე 3 წერტილი. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები.

სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

დაინტერესების შემთხვევაში მონაცემები არის საჯარო და გამჭვირვალე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

მთელ დღეს სიზარმაცის შემოტევებს ებრძვით. თუ ამ ბრძოლაში გაიმარჯვეთ, ბევრი მნიშვნელოვანი საქმის წარმატებით დასრულებას შეძლებთ. თუ იაქტიურებთ, საინტერესო და სასიამოვნო ადამიანებს გაიცნობთ. ახალი ნაცნობობის ნუ შეგეშინდებათ და წვეულებაზე მიწვევას აუცილებლად დათანხმდით.

კურო

რთული და დაძაბული დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახალი საქმის დაწყებამდე ძველი დაასრულოთ და საყვარელი ადამიანისთვის მიცემული პირობის შესრულებაზე იზრუნოთ. ამ დღეს მომავალი თვის ტენდენციები ყალიბდება, ამიტომ გირჩევთ, მხოლოდ თქვენთვის მნიშვნელოვან და სარგებლის მომტან საკითხებზე გაამახვილოთ ყურადღება.

ტყუპები

ტყუპებისთვის ბოლო დღეები განსაკუთრებით რთული და დაძაბული იყო. დროა, ცოტა განიტვირთოთ და საკუთარ საჭიროებებზე იფიქროთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან ერთად მეტი დრო გაატაროთ – მათ თქვენი მხარდაჭერა და ყურადღება სჭირდებათ. ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი მნიშვნელოვანია, ამიტომ „ასი თვალი და ყური უნდა გამოიბათ“ და თქვენს სიახლოვეს მომხდარი ამბავი არ უნდა გამოგეპაროთ.

კირჩხიბი

საოჯახო საქმეები სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ და სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ. გირჩევთ, გათავისუფლდეთ უსარგებლო ნივთებისგან, რომლებიც მხოლოდ ადგილს იკავებენ. ხელსაყრელი დროა მეგობრების შეკრებისა და მხიარული წვეულების მოწყობისთვის. ეცადეთ დასვენებისთვის დრო გამონახოთ – წინ მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით.

ლომი

მოერიდეთ კამათს და დაპირისპირებას – ოპონენტების დარწმუნებას მაინც ვერ შეძლებთ და დროს, ნერვებს და ენერგიას ფუჭად დახარჯავთ. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ, საყიდლებზე წახვიდეთ და საკუთარი თავი ლამაზი ნივთებით გაანებივროთ, რაზედაც დიდი ხანია ოცნებობთ. ამ დღეს შეძენილი ნივთები იმედს გაგიმართლებთ და დიდ ხნის განმავლობაში გასიამოვნებთ.

ქალწული

დაძაბული კვირის შემდეგ გადაწყვიტეთ, რომ ერთი დღე საყვარელი ადამიანების გარემოცვაში დაისვენოთ. მათთან ურთიერთობა კარგი განწყობით და ოპტიმიზმით აგავსებთ. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარში სახლისა და სამუშაო გრაფიკის მოწესრიგებაზე იზრუნოთ. ეს მომავალი კვირის დაგეგმვაში დაგეხმარებათ.

სასწორი

ეს დღე პასიურად, გარედან დამკვირვებლის პოზიციაში უნდა გაატარო და ძალები აღიდგინოთ. ნუ დაივიწყებთ ადამიანს, რომელმაც რთულ დროს დახმარების ხელი გამოგიწოდათ. დაურეკეთ და მოიკითხეთ, შესაძლოა, ამჟამად დახმარება მას სჭირდება. დღეისთვის დაგეგმილი საქმეები სასურველ შედეგს არ მოგიტანთ, ამიტომ ჯობს, მომდევნო კვირაში გადაიტანოთ.

მორიელი

დროა, დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრა დაგეგმოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სერიოზული პროექტის დაწყებაზე უარი თქვათ, რადგან მისი დასრულებისთვის ძალა და მონდომება არ გეყოფათ. გამორიცხული არ არის, რომ ზოგი ადამიანისა ან სიტუაციის მიმართ თქვენი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალოს.

მშვილდოსანი

საყვარელი ადამიანები თქვენგან საოჯახო საქმეებში მონაწილეობას და დახმარებას ელიან. სამსახურში მოსალოდნელია მცირე კამათი. ეცადეთ კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ, რომ კოლეგასთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ.

თხის რქა

ამ დღეს ნებისმიერი უთანხმოების მოგვარება შეგიძლიათ! თუნდაც კონფლიქტის შუაგულში იყოთ, ნათელი გონებით და მძლავრი არგუმენტებით მოწინააღმდეგის დაყოლიებას შეძლებთ. გასაკვირი არ არის, რომ ახლობლები საკამათო საკითხების მოსაგვარებლად თქვენ მოგმართავენ. გირჩევთ, დიპლომატიური ნიჭი მოლაპარაკების დასაწყებად გამოიყენოთ, საჭირო ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ და საყვარელ ადამიანს გული გადაუშალოთ.

მერწყული

სავარაუდოდ, საქმეს, რომელიც არ გაინტერესებთ, თაროზე განუსაზღვრელი დროით შემოდებთ და საინტერესო საქმეებით დაკავდებით. სწორი გადაწყვეტილებაა – უინტერესო საქმის კეთების დროს უამრავ შეცდომას დაუშვებთ და შეიძლება ფინანსურადაც დაზარალდეთ. ოჯახის წევრებთან კამათი და დაპირისპირება გელით. მალე შერიგდებით, მაგრამ ეს უსიამოვნო ეპიზოდი დიდხანს გემახსოვრებათ.

თევზები

ცხოვრებაში ცვლილებების მოსაზიდად, ბინაში დიდი დასუფთავება უნდა მოაწყოთ და ყველა ნივთი თავის ადგილზე მოათავსოთ. მარტოობაში გატარებული დღე ბევრი საკითხის გააზრებასა და დამღლელი ურთიერთობისგან მცირე ხნით დასვენებაში დაგეხმარებათ.

29 ივლისის ამინდის პროგნოზი

29 ივლისის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ძლიერი ქარი, – ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 29 ივლისს, დილიდან გამოიდარებს და 1 აგვისტომდე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსამდე დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოში ხვალიდან მხოლოდ ცალკეულ რაიონში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 29-31 ივლისს 3-4 გრადუსით დაიკლებს.

ქ. თბილისში 1 აგვისტომდე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება. 28-29 ივლისს იქროლებს ძლიერი ქარი.

“ვლადიმერ პუტინი რეჯეფ ერდოღანის ზარებს აღარ პასუხობს” – რას წერს უცხოური პრესა

არ არსებობს მუდმივი მეგობრობა, არის მხოლოდ მუდმივი ინტერესები…

როგორც ამერიკული “უოლ სთრით ჯორნელი” წერს, მოსკოვში, თურქეთის საელჩოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დიპლომატის თქმით, ვლადიმერ პუტინი რეჯეფ ერდოღანის ზარებს აღარ პასუხობსო, ანუ, უბრალოდ რომ ვთქვათ, “ტრუბკას არ იღებს”

კრემლი განაწყენებულია. როცა რეჯეფს არჩევნების წინ მხარდაჭერა ჭირდებოდა, ვლადიმერ პუტინი დაეხმარა, მაგრამ როგორც კი თურქმა ლიდერმა თავი ქუდში იგრძნო და გაიმარჯვა, რუსი კოლეგა “დაიკიდა” და “აზოველები” გაათავისუფლა… შემდეგ კი რევერანსები გაუკეთა დასავლეთს… ჩავა თუ არა ვლადიმერ პუტინი თურქეთში ვიზიტით, რომელიც აგვისტოს პირველ ნახევარშია დაგეგმილი (რ.ერდოღანის ნათქვამის მიხედვით)? ეს ჯერ არავინ იცის. “ვოსტოკ – დელო ტონკოე…”

წყარო

გოგა ხაინდრავა ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებას „ტვიტერზე“ ეხმიანება

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებას „ტვიტერზე“ ეხმიანება.

“საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია. არ აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების შესახებ არ შეიცველება!”, – ციტირებს ხაინდრავა პრეზიდენტ სი ძინპინის განცხადებას და დასძენს, რომ არც საქართველოს ღირსეული ადგილი შეიცვლება მსოფლიოში.

ბათუმში, 31 ივლისს სოჭიდან საკრუიზო ლაინერით პუტინისა და ომის მომხრე არტისტები ჩავლენ

ბათუმში სოჭიდან საკრუიზო ლაინერით პუტინისა და ომის მომხრე არტისტები ჩავლენ. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” პროექტი “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

კერძოდ, როგორც მედია წერს, Astoria Grande-ს მგზავრებს შორის, რომელიც ბათუმში 31 ივლისს ჩავა, იქნება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მხარდამჭერი “Zа Россию” მარათონის მონაწილე, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მხარდამჭერი, 2018 წლის არჩევნებში პუტინის მომხრე და ჯგუფი Hi-Fi-ს ყოფილი სოლისტი, მიტია ფომინი, რომლის წინააღმდეგ უკრაინას სანქციები აქვს შემოღებული.

“[ფომინმა] მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსულ პროპაგანდაში და მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის, სუვერენიტეტისთვისა და დამოუკიდებლობისთვის ძირის გამომთხრელ რუსულ პოლიტიკას, ყირიმის ანექსიას”, – წერია უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს პროექტის “ომი და სანქციები” ვებგვერდზე.

ასევე მოსალოდნელია, რომ ლაინერზე იქნება რუსული მუსიკალური ჯგუფი “ტესტოსტერონი,” რომელიც ნიჟნი ნოვგოროდში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში რუსული არმიის მოსამსახურეების წინაშე გამოდიოდა. Astoria Grande-ზე კიდევ ერთი არტისტი ბელარუსი დმიტრი კოლდუნი იქნება, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და 2018 წელს ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში” კონცერტიც ჩაატარა.

განრიგის თანახმად, საკრუიზო ლაინერი სოჭს 29 ივლისს დატოვებს და ბათუმში 31 ივლისს ჩავა. მის მგზავრებს არ შეუძლიათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა და ბათუმის პორტიდან გასვლამდე გემზე უნდა დარჩნენ.

”ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელიც მშვიდობიანად აპროტესტებდა რუსეთის ახალ პროვოკაციას” – სალომე ზურაბიშვილი რუსულ საკრუიზო ლაინერზე

ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელიც მშვიდობიანად აპროტესტებდა რუსეთის ახალ პროვოკაციას, – ამის შესახებ საქართვერლოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს.

“ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელიც მშვიდობიანად აპროტესტებდა რუსეთის ახალ პროვოკაციას – რუსული საკრუიზო ლაინერი სტუმრობს საქართველოს პორტს ბათუმში, მაშინ როცა პუტინი ბლოკავს მარცვლეულის გადაზიდვებს და აფერხებს თავისუფალ გადაადგილებას შავ ზღვაში. შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, უკრაინისა და ევროკავშირისთვის”, – წერს პრეზიდენტი.

დონალდ ტრამპის განცხადებით, დაპატიმრების შემთხვევაშიც გააგრძელებს პრეზიდენტის პოზიციისთვის ბრძოლას

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, იგი დაპატიმრების შემთხვევაშიც გააგრძელებს პრეზიდენტის პოზიციისთვის ბრძოლას. ამის შესახებ მან ჯონ ფრედერიქსთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, შეაჩერებს თუ არა საიდუმლო დოკუმენტების არასათანადოდ მოპყრობის საქმეზე მის წინასაარჩევნო კამპანიას, ტრამპმა უპასუხა, რომ “არავითარ შემთხვევაში.”

“კონსტიტუციაში არაფერი წერია იმის შესახებ, რომ ეს შეიძლება მოხდეს და მემარცხენე რადიკალური ჭკუაშეშლილებიც ამბობენ, რომ არა, არ შეაჩერებს… და მეც ეს არ შემაჩერებს. ეს ხალხი ავად არის. ის, რასაც ისინი აკეთებენ, სრულიად საშინელია”, – განაცხადა ტრამპმა.

“ამ დღეებში დაეწყობიან პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები და ყველა ერთხმად გაილაშქრებს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინააღმდეგ”

ჩვენ რომ უარი არ გვეთქვა იმ ინვესტიციებზე, რომლებზეც ხშირად ჩვენი პარტნიორების ხათრით ვამბობდით უარს, დღეს საქართველოს ეკონომიკა იქნებოდა არა 80 მილიარდი, არამედ მინიმუმ 1.5-ჯერ და შეიძლება, 2-ჯერ მეტიც”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა.

სუბარის შეფასებით, ახლა არის ის ისტორიული შანსი, რომელსაც სჭირდება გამოყენება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დღეს, როდესაც იქმნება ახალი მსოფლიო დღის წესრიგი, ჩინეთის მხარდაჭერა საქართველოსთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო აქამდეც, მაგრამ მსოფლიოში მიმდინარე საერთო გადალაგებისა და არეულობის ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩინეთის მხარდაჭერა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი შედგა სწორედ სი ძინპინის პირადი მოწვევით და უახლოეს მომავალში გაფორმდება სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტი, რომელსაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მოაწერს ხელს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და ამანაც გამოიწვია „შეშფოთება”, რომელიც გარკვეულწილად აგენტურის დაკვეთაა და მეტი არაფერი.

ჩინეთი დღეს არის უმნიშვნელოვანესი მოთამაშე, მსოფლიოს მეორე ეკონომიკა, რომელიც ძალიან მალე გახდება მსოფლიოს პირველი ეკონომიკა, ყოველ შემთხვევაში, ასეთი ტემპებით თუ განვითარდება. მისი ეკონომიკა უფრო დიდი და მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთად აღებული ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკა. მაგრამ 15 წლის წინ საერთოდ სახსენებელიც კი არ იყო ჩინეთის ეკონომიკა თავისი მოცულობითა და მასშტაბებით ევროკავშირის, ან აშშ-ის ეკონომიკასთან შედარებით. დღეს ამ ახალ რეალობაში, როდესაც მრავალპოლარული სამყაროსკენ მიდის ყველაფერი, ჩინეთის როლი არის უმნიშვნელოვანესი. დაახლოებით ერთი თვის წინ ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყნის პრეზიდენტი იყო შეკრებილი. უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იყო, უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს მოეწერა ხელი და დღეს საქართველო არის ამ სარტყლის გაგრძელება – ჩინეთი, ცენტრალური აზია და შემდეგ – საქართველო – ეს არის მართლა ერთი გზა და ერთი სარტყლის კონცეფციის მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გავხდეთ.

ქართველებს ხშირად წარმოგვიდგენია ხოლმე, რომ ჩვენ ვართ სამყაროს ჭიპი და ამის იქით გზა აღარსად გადის. მილიონი გზა გადის ჩვენთვის გვერდის ავლით და შეიძლება, წმინდა ლოჯისტიკურად ეს გზები უფრო მოხერხებულიც იყოს. ჩვენ თუ არ გამოვიყენეთ ახლა ის შესაძლებლობა, რაც პოლიტიკურმა ვითარებამ შექმნა, ისე გაიკვალება ეს გზები ჩვენი გვერდის ავლით, რომ დავრჩებით განზე და მოვექცევით ჩიხში. ვერც შავი ზღვა გვიშველის და ვერც ნავთობსადენები, თუ გაზსადენები, რომლებიც გადის საქართველოზე. ახლა არის ის ისტორიული შანსი, რომელსაც სჭირდება გამოყენება“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ჩინეთი დღეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშეა და საქართველოსთვის ჩიენთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

„ჩინეთი არ არის მხოლოდ ეკონომიკური სუპერ „დერჟავა“. დღეს ის არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშე. აშშ-სთან და ევროკავშირთან ერთად ჩინეთი არის ამ დიდ სამეულში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოთამაშე და მისი მხარდაჭერა საქართველოსთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე ახლო, თუ შორეულ მომავალში. მისი გავლენა არის უაღრესად დიდი როგორც მსოფლიო პოლიტიკაზე, ისე რუსეთზე და ამ ფონზე სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა”, – აცხადებს სუბარი.

მისივე თქმით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერამ, უკვე გამოიწვია ერთგვარი წინააღმდეგობა ქართულ ოპოზიციაში.

„პირველი, ვინც გამოვარდა, გახარიას, ყოფილი პრემიერის პარტია იყო და დარწმუნებულნი იყავით, რომ ამ დღეებში დაეწყობიან პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები და ყველა ერთხმად გაილაშქრებს ჩინეთთან ამ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინააღმდეგ. რატომ? – იმიტომ, რომ ისინიც იღებენ შეკვეთებს იმავე ცენტრიდან, რომელზეც ვსაუბრობთ.

ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობდით ჩვენი დასავლელი პარტნიორების ბევრ მოთხოვნას. ზოგ შემთხვევაში ეს მოთხოვნები არ იყო საქართველოს სასარგებლოდ, პირიქით, ზოგჯერ საზიანოც კი იყო. თუნდაც ის, რომ უარს ვამბობდით ინვესტიციებზე ვთქვათ, ჩინეთიდან, არაბული სამყაროდან, აღარაფერს ვამბობ რუსულ და ირანულ ინვესტიციებზე. ასე უბრალოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების ხარჯზე უარს ვამბობდით იმიტომ, რომ არ სიამოვნებდათ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს.

აშშ-სთან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში, რომელსაც 2009 წლის აპრილში მოეწერა ხელი, საუბარია ორმხრივ ინვესტიციებსა და სამუშაო ადგილების შექმნაში, ასევე, სამხედრო და საგანმანათლებლო სფეროებში დახმარებაზე. სამწუხაროდ, ჩვენ ამერიკული ინვესტიციები ძალიან ცოტა ვნახეთ საქართველოში. ყველაზე დიდი ინვესტიცია, რაც ჩაიდო, იყო „თელასი”, რომელიც შემდეგ მიიყიდა რუსულ სახელმწიფო კომპანია „რაოზე” და ეს ამერიკული კომპანიაც გავიდა საქართველოდან.

რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ მხარდაჭერას, რომელიც არის თუნდაც განათლების, ან თავდაცვის სფეროში. თავდაცვის სფეროში საუბარია ყოველწლიურად დაახლოებით 35-40 მილიონი დოლარის დახმარებაზე. მეორე მხრივ, ჩვენც ასევე შევისყიდით ამერიკულ შეიარაღებას, რომელშიც საქართველოს ბიუჯეტიდან იხარჯება საკმაოდ მნიშვნელოვანი ოდენობის თანხა. დაახლოებით ორნახევარი მილიარდი ლარი დახარჯა საქართველომ აშშ-ის თხოვნით, იმ საერთაშორისო მისიებში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ასე რომ ვალში ამ ნაწილშიც არ ვართ. ერთი რამის თქმა მინდა, ამიტომაც ჩამოვთვალე ეს ციფრები: მიუხედავად იმისა, რომ მადლობელნი ვართ ამ დახმარებისა იმ სფეროში, რაშიც გვიწევს, რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ენჯეოების დაფინანსებასა და რევოლუციის დაგეგმვას.

ჩვენ რომ უარი არ გვეთქვა იმ ინვესტიციებზე, რომლებზეც ხშირად ჩვენი პარტნიორების ხათრით ვამბობდით უარს, დღეს საქართველოს ეკონომიკა იქნებოდა არა 80 მილიარდი, რომელსაც წლის ბოლოს ველოდებით, არამედ მინიმუმ 1.5-ჯერ და შეიძლება, 2-ჯერ მეტიც. 120, ან 160 მილიარდი რომ ყოფილიყო საქართველოს ეკონომიკა დღეს, პენსია, ხელფასები საჯარო სამსახურებში და თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება იქნებოდა მინიმუმ 2-ჯერ მეტი, ბიუჯეტი იქნებოდა არა 21 მილიარდი, არამედ 30 მილიარდი და შეიძლება, მეტიც და ეს არის ის ფული, რომელიც ჩვენ დაგვაკლდა. სამუშაო ადგილების პრობლემაც საერთოდ აღმოფხვრილი იქნებოდა და იმ სამუშაო ადგილებზეც ხელფასი იქნებოდა ბევრად მეტი, ვიდრე ახლა. ეს არის რეალურად ის რიცხვები, რომლებზეც ვსაუბრობ და რომელთა ზარალიც რეალურად განვიცადეთ. ამ ფონზე ამ პრიზმაში რომ დავინახავთ იმ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ახლა იწყება ჩინეთთან, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოს ისტორიაში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: უახლოესი 1-2 კვირის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ მთავრდება სატელევიზიო სეზონები, ჩვენ დავინახავთ, როგორ გამოვა ოპოზიცია ამ ხელშეკრულების წინააღმდეგ და ესეც იქნება დაკვეთა!” – განაცხადა სოზარ სუბარმა, რომლის კომენტარსაც “ხალხის ძალა” ავრცელებს.