Home Blog Page 1726

30 ივლისი ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურისა და შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლობით, თბილისსა და ბათუმში, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. შრომითი ექსპლუატაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებულ შეხვედრებს, კერძო კომპანიებში დასაქმებულ პირები ესწრებოდნენ.

პროკურორებმა და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მიმართულებით არსებული მდგომარეობა, მიღწევები და გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვაზე ორიენტირებული მიდგომისა და მხარდაჭერის საკითხებს.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ დაიცვან თავი შრომითი ექსპლუატაციისგან, ვის მიმართონ ტრეფიკინგის სავარაუდო შემთხვევის დროს და რა სახელმწიფო სერვისებია ხელმისაწვდომი დაზარალებულთათვის. შეხვედრაზე ასევე განიხილეს, თუ რა სამართლებრივი მექანიზმებით ებრძვის სახელმწიფო ამ დანაშაულს და როგორია შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების პრევენციის, შრომითი ტრეფიკინგის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა  საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტული მიმართულებაა. შრომითი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის სამუშაო ჯგუფი ფუნქციონირებს, რომლის შემადგენლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები შედიან. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მიზანია სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოსავლენად.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებებით, საქართველო მსოფლიოს მასშტაბით კვლავ პირველ საფეხურზეა.

საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და ამ მიმართულებით თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს.

„ორ სამყაროში ვცხოვრობთ ერთდროულად – აღქმებისა და ფაქტების სამყაროში”- სუბარი

„ქართული ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ავნოს სახელმწიფოს ინტერესებს და საუბრობს იმაზე, თითქოს საქართველო გამოყენებულია სანქციების გვერდის ავლისთვის და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო მოაქციონ სანქციების რეჟიმში“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, რეალობა არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიტიური შეფასებები საქართველოსთან მიმართებაში, ხოლო ოპოზიცია ტყუილებზე აგებს თავის ქმედებებს და ყველანაირად ცდილობს, საქართველოს ავნოს და სანქციების რეჟიმში მოაქციოს.

„ორ სამყაროში ვცხოვრობთ ერთდროულად – აღქმებისა და ფაქტების სამყაროში. ფაქტების სამყარო არის ის, რაც დაიწერა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომ საქართველოში არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო კლიმატი, რომ საქართველო 100%-ით იცავს და შეესაბამება დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოში არ ფიქსირდება ამ სანქციების გვერდის ავლის არც ერთი შემთხვევა. მეორე მხრივ, ქართული ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ავნოს სახელმწიფოს ინტერესებს და საუბრობს იმაზე, თითქოს საქართველო გამოყენებულია სანქციების გვერდის ავლისთვის და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო მოაქციონ სანქციების რეჟიმში.

ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების მტრობა და ამის მიზანი არ არის უბრალოდ ის, რომ საქართველოს სანქციები დაუწესდეს, ამით ეკონომიკური ზიანი მივიღოთ, ხალხი გაღარიბდეს და შემდეგ თავიანთი რევოლუციური სცენარების განხორციელების საშუალება მიეცეთ. რეალური მიზანი არის ის, რომ ამით საქართველოსთვის დაიკეტოს ევროკავშირის კარი. ოპოზიციის მიზანია, ვერ მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და თუ ეს კარი დაიკეტება, შემოდგომაზე ისინი მოახდენენ საქართველოში არეულობასა და რევოლუციას. თუმცა ქართველმა ხალხმა საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო საიმისოდ, რომ ასეთ აღქმებში არ იცხოვროს და ფაქტებს მიაქციოს მეტი ყურადღება. თუმცა ქართველმა ხალხმა საკმაო გამოცდილება მიიღო იმისთვის, რომ ასეთი აღქმებით არ იცხოვროს და ფაქტებს მიაქციოს ყურადღება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

,,ასე მგონია მართლა რაღაც უცხო სხეულები არიან ჩვენს გარემოში”- ზაალ ანჯაფარიძე

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი დეპუტატის, დავით დარჩიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში აფასებს.

ანჯაფარიძის თქმით, დარჩიაშვილის მოსაზრება, რომ “სტრასბურგის სასამართლოს ვერ აუხსნი მიზეზებს თუ რატომ მოკლეს შავაძე, მისი გადმოსახედიდან მკვლელობაა მთავარი და სასამართლო ყორღანაშვილსაც დაიცავდა”, სწრაფ დეგრადაციაზე მეტყველებს. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ამგვარი განცხადებები ადასტურებს, რომ მგავსი “მორალის” მქონე ადამიანები, ქართული საზოგადოებისთვის უცხო სხეულები არიან. “ფეისბუქში ბევრი ატრიალებს ნაცების ექსდეპუტატის, ეხლა კი ილიაუნის პროფესორის დავით დარჩიაშვილის ამაზრზენ სტატუსს როინ შავაძეზე. მე განზრახ არ გავაზიარებ. დედაარსი ასეთია: იმსახურებდა მოკვლასო. მოკლედ, მთელი ამ შემადგენლობის სწრაფი დეგრადაცია მიდის. მათი “მორალი” სრულიად განსხვავებულია ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მორალისგან და ასე მგონია მართლა რაღაც უცხო სხეულები არიან ჩვენს გარემოში”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

,,პროკურატურამ დარჩიაშვილის განცხადებაზე გამოძიება უნდა დაიწყოს”- შაქარიშვილი

ვერსიის გამო კი არა დარჩიაშვილო დავით, არ არსებობს თუნდაც უტყუარად დამტკიცებული დანაშაულის კატეგორია, რის საფუძველზეც ადამიანის მოკვლა შეიძლება! მაგრამ რაზე გელაპარაკებით, უდანაშაულო ადამიანებს ხოცავდით ქუჩებში, დღისით-მზისით!!! ვინმე თქვენი ბანდის წევრის ცოლს ან საყვარელს თვალში რომ არ მოუვიდოდა, ამის გამო ოჯახებს ანადგურებდით! ხალხს აწამებდით, ხოცავდით და მერე იგონებდით ვერსიებს, ზოგს ყაჩაღობას აბრალებდით და ზოგსაც სამშობლოს ღალატს! – წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, წესით პროკურატურამ დარჩიაშვილის განცხადებაზე გამოძიება უნდა დაიწყოს, რადგან მან რეალურად ამ უსასტიკეს მკვლელობაში საკუთარი და მთლიანად რეჟიმის პოლიტიკური გუნდის თანამონაწილეობა აღიარა. მისივე თქმით, სიმართლე ერთია – გამყიდველმა და მოღალატე პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გმირ სამხედროზე შური იძია, რომელიც აგვისტოს ომში მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ღიად ლაპარაკობდა.

„ამ უსულო, უსისხლო, უჯიშო, უსამშობლო დავით დარჩიაშვილმა ერთ სტატუსში აღწერა ნაც-მოძრაობის მმართველობის სტილი – ვერსია არსებობდა, რომ რაღაც გამოგონილ ქმედებაში, სასტიკად მოკლული როინ შავაძე შესაძლოა დამნაშავე ყოფილიყოო… ვერსიაო, დიახ, ვერსიაო… იმაზე მოგვიანებით თუ სინამდვილეში რატომ მოექცნენ ასეთი არნახული სისასტიკით როინ შავაძეს, იქამდე, ამ აღიარებაზე გავამახვილოთ ყურადღება – რეჟიმის პოლიტიკური ნაწილი, რომელსაც დარჩიაშვილი წარმოადგენდა, დასაშვებად და კანონიერად მიიჩნევდა (დღესაც ასე მიიჩნევს) ადამიანის წამებით მოკვლას, მხოლოდ და მხოლოდ ვერსიის საფუძველზე! მართლა სიტყვები არ მყოფნის კოლექტიური დარჩიაშვილების ბუნების აღწერისათვის… ვერსიის გამო კი არა დარჩიაშვილო დავით, არ არსებობს თუნდაც უტყუარად დამტკიცებული დანაშაულის კატეგორია, რის საფუძველზეც ადამიანის მოკვლა შეიძლება! მაგრამ რაზე გელაპარაკებით, უდანაშაულო ადამიანებს ხოცავდით ქუჩებში, დღისით-მზისით!!! ვინმე თქვენი ბანდის წევრის ცოლს ან საყვარელს თვალში რომ არ მოუვიდოდა, ამის გამო ოჯახებს ანადგურებდით! რაში გჭირდებოდათ, თუნდაც თქვენი ჯიბის სასამართლოს განაჩენი ან რამე საერთოდ?! ხალხს აწამებდით, ხოცავდით და მერე იგონებდით ვერსიებს, ზოგს ყაჩაღობას აბრალებდით და ზოგსაც სამშობლოს ღალატს! გენატრებათ არა ის დრო და შეუზღუდავი ძალაუფლება?!

არ მოგეწონათ, გვიან, მაგრამ მაინც აღსრულებული სამართალი?! არ გინდათ ხო სიმართლე იცოდეს საზოგადოებამ?! განსაკუთრებით ახალგაზრდება, ვინც იმ დროს საბავშვო ბაღში იყო და არ ახსოვს რეჟიმის სისასტიკე…?! სიმართლე კი ერთია – გამყიდველმა და მოღალატე პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გმირ სამხედროზე შური იძია, რომელიც აგვისტოს ომში მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ღიად ლაპარაკობდა! ჯერ ჩვენი ბიჭების ცხედრები არ იყო გამოსვენებული და ხალხი შოკიდან გამოსული, როდესაც მთელი სახელმწიფო მანქანა ამუშავდა გმირი სამხედროების წინააღმდეგ! როინ შავაძეს, სერგო თეთრაძეს და სხვებს ჯაშუშობა იმიტომ დააბრალეთ, რომ გეშინოდათ, თქვენზე ბევრი რამ იცოდნენ! თქვენი “საქმენი საგმირონი” საკუთარი თვალით ნახეს! თქვენივე წამოწყებული ავანტიურის მერე როგორ გაიქეცით და როგორ მიატოვეთ ჩვენი სახედროები, მათ ნახეს როგორი უპასუხისმგებლო, უცოდინარი და მოღალატეობრივი იყო თქვენი ქმედებები ამ სამ დღიან ომში!!! მათი მოკვლით სიმართლე მაინც ვერ მოკალით! დრო კიდევ ბევრ მოვლენას ახდის ფარდას და შესაძლოა გვიან, მაგრამ აუცილებლად დაისჯებით! აუცილებლად!!! წესით პროკურატურამ, დარჩიაშვილის განცხადებაზე გამოძიება უნდა დაიწყოს, რადგან მან რეალურად ამ უსასტიკეს მკვლელობაში საკუთარი და მთლიანად რეჟიმის პოლიტიკური გუნდის თანამონაწილეობა აღიარა!“, – წერს ვატო შაქარიშვილ

,,რუსეთსა და აშშ-ს პირდაპირი სამხედრო შეტაკება არ სურთ”- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, რა დროსაც მას სირიაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან პირდაპირი სამხედრო შეტაკებების საფრთხეზე ჰკითხეს.

„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, მაგრამ ეს არავის არ სურს და ამერიკული მხარის ინიციატივით, ჩვენ ასეთი კონფლიქტების პრევენციის მიზნით თავის დროზე სპეციალური მექანიზმი შევქმენით. 

ჩვენი გარკვეული დეპარტამენტების ხელმძღვანელებს უშუალო კომუნიკაცია აქვთ ერთმანეთთან და ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციაზე შეუძლიათ კონსულტაციები გამართვა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ არავის არანაირი შეტაკება არ სურს“, – განაცხადა პუტინმა. 

მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა

რუსული მედიის ცნობით, 30 ივლისის ღამეს მოსკოვს რამდენიმე უკრაინული დრონი დაესხა თავს. შედეგად, აფეთქება მოხდა „IQ-კვარტალის“ შენობაში განთავსებულ ბიზნეს ცენტრში „მოსკოვი-სითი“. ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაშავებულის შესახებ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდასხმაში სამი დრონი მონაწილეობდა. არსებული ცნობით, ერთ-ერთი მათგანი მოსკოვის რეგიონის ოდინცოვოს რაიონის თავზე განადგურდა. დანარჩენი ორი კი, ელექტრონული ომის საშუალებებით ჩამოაგდეს და ისინი მოსკოვის ტერიტორიაზე დაეცა.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ქალაქში „მოსკოვი-სითის“ ორი ცათამბჯენის ფასადები მსუბუქად დაზიანდა.

„მეხუთე და მეექვსე სართულებზე დაზიანდა შემინული ფასადი. ასევე, პირველ და მეოთხე სართულებზე ჩაიმსხვრა „ოკო 2-ის“ შენობის მინები“, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

შედეგად, კომპლექსიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

ამასთან, მოსკოვის რეგიონის საჰაერო ზონაში ფრენები აიკრძალა და დახურული იყო ვნუკოვოს აეროპორტი. რუსული მედიის ცნობით, ჯამში 20-ზე მეტი რეისი გადაიდო

,,უსაზღვრო სიამაყითა და სიხარულით შევიკრიბეთ დღეს პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში” -ღარიბაშვილი

კიდევ ერთხელ ვუხდი  გულწრფელ მადლობას პრეზიდენტ სი ძინპინსა და მის მთავრობას, პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, მსოფლიო ლიტერატურაში შოთა რუსთაველის ღვაწლის აღიარებისთვის და ამ  შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რათა ხაზი გაესვას ჩვენს მემკვიდრეობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული გაცვლის, ცოდნის გაზიარებისა და მეგობრობის ხელშეწყობის იდეის  ერთგულება.

“ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილევ, პრეზიდენტო, პროფესორებო,  თავმჯდომარევ, ძვირფასო სტუმრებო, ბატონო ელჩო, მეცნიერებო და სტუდენტებო, ნება მომეცით, საუბარი დავიწყო იმით, თუ რამდენად მადლობელი ვარ მისი აღმატებულება,  პრეზიდენტი სი ძინპინისადმი, მე და ჩემი დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და ჩენგდუში საზაფხულო მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაზე რომ მოგვიწვია.  ძალიან მადლობელი ვართ განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობისა და თბილი დახვედრისთვის. უნდა აღვნიშნო, რომ უსაზღვროდ მოხარული ვარ, რომ ამიერიდან  ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლდა.

უსაზღვრო სიამაყითა და სიხარულით შევიკრიბეთ დღეს პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სკულპტურის  გახსნის აღსანიშნავად. უნდა განვაცხადო, რომ განსაკუთრებით მესიამოვნა, როცა პრეზიდენტ სისთან შეხვედრისას მან თავის გამოსვლაში გულითადად მოიხსენია ჩვენი დიდი პოეტი შოთა რუსთაველი.

გულწრფელ მადლობას ვუხდი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების განხორციელებაში. ეს შემთხვევა ადასტურებს ჩვენს ორ ერს შორის კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გაღრმავებას და პატივს სცემს იმ მდიდარ ლიტერატურულ მემკვიდრეობას, რომელიც აქვს როგორც საქართველოს, ისე ჩინეთს.

XII საუკუნის გამოჩენილი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის მიერ მსოფლიო ლიტერატურაში შეტანილი ღვაწლი უდიდესია და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად აღინიშნება. მისი ეპიკური პოემა „ვეფხისტყაოსანი” არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის შედევრია, არამედ მეგობრობის, სიბრძნის, ადამიანური ემოციებისა და ღირებულებების უნივერსალურობის დასტურიც არის. ეს არის ნაწარმოები, რომელიც სცილდება საზღვრებს, ენებსა და საუკუნეებს, რომელიც რეზონანსულია მთელ მსოფლიოში, მათ შორის აქაც – ჩინეთში.

ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელი ცერემონია სიმბოლოა ჩვენი ერების მზადყოფნისა, მიიღონ ერთმანეთის მხატვრული და ინტელექტუალური მემკვიდრეობა, ხელი შეუწყონ ურთიერთგაგებასა და პატივისცემას და ხაზი გაუსვან ლიტერატურისა და ხელოვნების ძალას. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული გაცვლის, ცოდნის გაზიარებისა და მეგობრობის ხელშეწყობის იდეისადმი.

ეს კავშირი უკვე დამყარდა და მოხარული ვარ, რომ ქართველთა შორის მზარდი ენთუზიაზმი არსებობს ჩინური კულტურისა და ენის მიმართ. სწორედ ეს მზარდი ინტერესი ქმნის ძლიერ საფუძველს ადამიანთა შორის მნიშვნელოვანი გაცვლის ხელშეწყობისთვის.

ამ კონტექსტში, მინდა ხაზი გავუსვა იმ სასიცოცხლო როლს, რომელსაც ასრულებენ კონფუცის ინსტიტუტები, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია საქართველოში წარმატებით ფუნქციონირებენ და აქტიურად უწყობენ ხელს ჩინური კულტურისა და ენის გავრცელებას საქართველოში. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ამ ინიციატივის მხარდაჭერა და განვითარება.

უმაღლეს სასწავლებლებში თანამშრომლობა დიდი ხანია ჩვენი ქვეყნების მთავარი პრიორიტეტია, მათ შორის, ძველი ენების შესწავლის მხარდაჭერა შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებში; აგრეთვე, პროფესიულ, უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის ხელშეწყობა და სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერა, სხვა ინიციატივებს შორის.

ჩვენი ვიზიტის დროს, მოხარული ვართ ხელი მოვაწეროთ განათლების სფეროში მნიშვნელოვან დოკუმენტს – ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს დაწყებით და საშუალო სკოლებში ერთობლივი ჩინური ენის განათლების შესახებ. მჯერა, რომ ეს დიდად შეუწყობს ხელს ჩვენს მიზანს, გაღრმავდეს ურთიერთგაგება ჩვენს ერებს შორის.

კიდევ ერთხელ ვუხდი  გულწრფელ მადლობას პრეზიდენტ სი ძინპინსა და მის მთავრობას, პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მსოფლიო ლიტერატურაში შოთა რუსთაველის ღვაწლის აღიარებისთვის და ამ  შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რათა ხაზი გაესვას ჩვენს მემკვიდრეობას. იმედი მაქვს, რომ ეს ქანდაკება იქნება შთაგონება ამ უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის და წაახალისებს  ქართული ლიტერატურის, პოეზიისა და ჩვენი უნიკალური ენის უზარმაზარი სამყაროს შესწავლას.

დაე, ეს ქანდაკება იდგეს მყარად როგორც მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის სიმბოლო, და იყოს მოტივაცია, რომელიც მიგვიყვანს უფრო ნათელი და ურთიერთდაკავშირებული მომავლისკენ. დიდი მადლობა”, – განაცხადა პრემიერმა.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ტუან ფენგიმ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ უ იენმა.

პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის ღონისძიებას საქართველოს დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე სტუდენტებმა კულტურული პერფორმანსები წარადგინეს.

,, ის არის მოთავე და სულიერი მამა ამ ადამიანების”- ცაგარეიშვილი

ვერ გავწირავთ ამ საზოგადოებას და ხალხს იმისთვის, რომ ისევ ხეებთან დააყენონ ადამიანები, ისევ ციხეებში გააუპატიურონ, ისევ მორგებში მიაჯაჭვონ გარდაცვლილ პატიმრებთან ხელბორკილებით, ისევ ახიონ ბიზნესები და შემდეგ თავიანთი გურუ ციხიდან გაათავისუფლონ, რომ მერე ეს ყველაფერი დაატრიალოს. ყველაფრის თავში და ბოლოში დღემდე სააკაშვილია, ის არის მოთავე და სულიერი მამა ამ ადამიანების. ეს ამბავი არ მოხდება, – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა მედიასთან განაცხადა

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი ტრენდი შემოიტანა პარტიის გაახალგაზრდავებასთან დაკავშირებით და ახალგაზრდები შეკრიბა, რომლებსაც მერე გამოუცხადეს, რომ სათავეში ძველ სახეებს ჩაუყენებდნენ.

„ტრენდი შემოიტანეს ახალი, მოდით, პარტია გავაახალგაზრდავოთო, შეკრიბეს ახალგაზრდები დმანისში, ლამაზი ტბის ნაპირზე და მეორე დღეს გამოუცხადეს, სათავეში ჩაგიყენებთ ჭიაბერაშვილს. რა კარგი შეტყობინებაა, ხომ, ამ ახალგაზრდებისთვის?! ანუ, შეკრებენ ახალგაზრდებს და ეუბნებიან, სათავეში ჩაგიყენებთ ადეიშვილს, მერე კიდევ შეკრებენ და ეტყვიან, სათავეში ჩაგიყენებთ მერაბიშვილს, მერე კეზერაშვილს, მერე ახალაიას და ა.შ. არ ვიცი, მეგის ქარდავა ციხეშია და ალბათ ისიც უნდათ, შეიამხანაგონ. ეს არის შეტყობინება და პარტიული ორგანიზაციის მშენებლობა? რაც უნდათ, ის აკეთონ, მათი არჩევანია, მაგრამ ეს არის ნულოვანი შედეგი. ძალიან ცდებიან, თუ ვინმეს ჰგონია მაგ პარტიად წოდებულ ორგანიზაციაში, მე რომ ავაზაკების თავყრილობას ვეძახი, ადამიანებს დაავიწყდათ, ვინ იყო მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ადეიშვილი, ქარდავა, ახალაია, კოდუა, კიდევ მეორე ქარდავა და ასე უსასრულოდ, რასაც არცერთი თაბახის ფურცელი არ ეყოფა. შესაბამისად, შედეგს მიიღებენ ნულოვანს, ძალიან მალე, წელიწად-ნახევარში, როცა რიგით მეათე არჩევნებს წააგებენ მმართველ ძალასთან“, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

30 ივლისის ამინდი საქართველოში

ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 აგვისტომდე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში ხვალიდან მხოლოდ ცალკეულ რაიონში იწვიმებს.

ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 31 ივლისს 3-4 გრადუსით დაიკლებს.ქ. თბილისში 1 აგვისტომდე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება

30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღეა

საეკლესიო ცნობების მიხედვით, იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს ქრისტიანობის სასტიკი დევნა დაიწყო. ანტიოქიაში ქრისტიანების დასასჯელად მიმავალი ეპარქი ოლიმბრი გზად თხუთმეტი წლის მარინეს გადაეყარა და შეიტყო, რომ ქალწული ქრისტეს აღმსარებელი იყო და მონათვლასაც აპირებდა. მაშინ ოლიმბრმა წმინდა მარინეს გადაბირება იწყო, რადგან მისი სილამაზით მოხიბლულს წმინდა მარინეს ცოლად შერთვა სურდა. მაგრამ რა ნახა, ქალწულს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ქრისტეს ერთგულება, შეიპყრო და სამსჯავროს წინაშე წარადგინა, სადაც წმინდა მარინეს კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს.

მიუხედავად სასტიკი წამებისა, იგი ვერ გატეხეს. ბოლოს მმართველის ბრძანებით გაკოჭილი მარინე წყლით სავსე კოდში ჩააგდეს დასახრჩობად. მოწამე უფალს სთხოვდა, ეს შეერაცხა მისთვის ნათლისღებად. მართლაც, მოხდა სასწაული. მოულოდნელად წმინდანი ღვთაებრივმა ნათელმა მოიცვა, საკვრელები თავისით შეიხსნა და თავს ზეციდან გარდამომხდარი თეთრი მტრედი დაადგა, რომელსაც ნისკარტით ოქროს გვირგვინი მოჰქონდა.

ამ სასწაულმა განაცვიფრა ხალხი, ბევრმა ირწმუნა და აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. ეპარქი გააფრთდა და ყველას ამოჟლეტა ბრძანა. წმინდა მარინეს კი თავი მოჰკვეთეს.

ჯვაროსნების მიერ 1204 წელს კონსტანტინოპოლის აღებამდე წმიდა მარინეს უხრწნელი ნაწილები პანტეპონტის მონასტერში განისვენებდა. სხვა ცნობებით, 908 წლამდე ისინი ანტიოქიაში ესვენა, აქედან კი იტალიაში გადააბრძანეს. ათონზე, ვათოპედის მონასტერში დაცულია დიდმოწამის ერთი მკლავი; მეორე კი საქართველოში, ზუგდიდის მუზეუმშია დასვენებული.

30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს იოლად გაუმკლავდებით ყოველგვარ საოჯახო საკითხებს, იქნება ეს თქვენი სივრცის მოწესრიგება,  დაზიანებული ნივთის შეკეთება თუ სხვა.

კურო

კარგი იქნება იზრუნოთ საკუთარ იმიჯზე, ჩაიცვით ელეგანტურად, შეხვდით მეგობრებს, გაერთეთ, გალაღდით, დატკბით სუფთა ჰაერით.

ტყუპები

გააანალიზეთ და დაკავდით პრობლემების მოგვარებით. დაგეგმეთ და განახორციელეთ მოკლევადიანი პროექტები, იზრუნეთ დაწყებული საქმეების დასრულებაზე.

კირჩხიბი

დღეს შეძლებთ უფრო ხალისიანი და მყუდრო გახადოთ თქვენი გარემო, პირადი სივრცე, გაისეირნეთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

ლომი

ერიდეთ ახალ ნაცნობობას, განმარტოებას და საიდუმლო ურთიერთობებს, სწორედ დღეს შეიძლება, გაგიჩნდეთ მნიშვნელოვანი იდეები, ახალი თემები შემოიჭრას თქვენს ცხოვრებაში და ამან გიბიძგოთ სიახლეებისკენ.

ქალწული

კარგი და შედეგიანი იქნება კომერციული საქმიანობა. ნათესავებთან ურთიერთობა, ბავშვებთან ერთად გასეირნება, წიგნის წაკითხვა, ან საინტერესო ფილმის ყურება.

სასწორი

ნუ იქნებით კონფლიქტური, იყავით მეტად თავდაჯერებული და არ აჰყვეთ ვნებებს, ცდუნებებს, კარგად დაფიქრდით ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე.

მორიელი

კარგი იქნება, ჩაუღრმავდეთ თქვენს სულიერ და ცხოვრებისეულ საკითხებს, ეს საშუალებას მოგცემთ დაინახოთ საკუთარი შეცდომები და მიხვდეთ, რა არის საჭირო თქვენი განვითარებისთვის.

მშვილდოსანი

მოიფიქრეთ გრძელვადიანი ფინანსური პროექტები, რომელიც სიკეთისა და კეთილდღეობის მომტანი იქნება, როგორც თქვენთვის, ასევე საზოგადოებისთვის.

თხის რქა

ეცადეთ გაისეირნოთ, კარგი იქნება ბუნებაში, ქალაქგარეთ, მთიან ადგილას დასვენება. თუ გასვლას ვერ ახერხებთ, ეცადეთ, მეტი კონტაქტი გქონდეთ მიწასთან და სიმწვანესთან.

მერწყული

ოჯახში მოსალოდნელია სიახლეები, გარკვეული საკითხების განხილვა საოჯახო ატმოსფეროში. გადააადგილეთ ავეჯი, გადაახალისეთ და გააფერადეთ გაზაფხულის ფერებით საცხოვრებელი გარემო.

თევზები

იყავით კეთილგანწყობილი ირგვლივმყოფი ადამიანების მიმართ. მოიპატიჟეთ სტუმრები და ისაუბრეთ საინტერესო ცხოვრებისეულ საკითხებზე, რელიგიაზე, ხელოვნებაზე.

,,სტრასბურგს ამას ვერ აუხსნი, ყორღანაშვილსაც დაიცავდა”- დარჩიაშვილი

შავაძის დაღუპვის ამბის ერთი ვერსიაა, რომ 2008 წელს მოკლეს, მეორეა, რომ ქართველთა პოზიციები გასცა, ოღონდ სტრასბურგს ამას ვერ აუხსნი, – ამის შესახებ დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

დარჩიაშვილის თქმით, სტრასბურგის გადმოსახედიდან მკვლელობაა მთავარი და ყორღანაშვილსაც დაიცავდა.

„შავაძის დაღუპვის ამბავზე: ერთი ვერსიაა/თემაა, რომ იგი მოკლეს 2008 წელს და მკვლელები უნდა დაისაჯონ; მეორე ვერსიაა, რომ მან 2008 წელს ქართველთა პოზიციები გასცა. ეს ორი ვერსია ერთმანეთს ერწყმის, ოღონდ სტრასბურგის სასამართლოს ამას ვერ აუხსნი: მისი გადმოსახედიდან, მკვლელობაა მთავარი. სტრასბურგი მართალია. თუმცა, მე არ ვიცი, ქართველებმა რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? ყორღანაშვილსაც დაიცავდა სტრასბურგი და მართალიც იქნებოდა თავისი გადმოსახედიდან. ჩვენ რა გვინდა?“, – წერს დარჩიაშვილი.

თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე ათ პირს პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომას რვა ბრალდებული ესწრებოდა, ორზე კი ძებნაა გამოცხადებული.

პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ გუშინ დაიწყო.