Home Blog Page 1724

10-14 ივლისს დღის საათებში ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „დაგი+“ აწარმოებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ60  მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რის გამოც,  2023 წლის 10 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით 11:00  სთ-დან 17:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, მომსახურების ინფლაციის ნორმალიზება ჯერ კიდევ მხოლოდ მოლოდინია

ივნისის ჯამურმა ინფლაციამ წლიურად 0.6% შეადგინა. ასევე 3%-იან სამიზნეზე მნიშვნელოვნად დაბალი იყო ფასების ყოველთიური ცვლილება. ამავდროულად, მომსახურების სფეროს ინფლაცია, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს შიდა მოთხოვნიდან გამომდინარე ზეწოლას, კვლავ მაღალია.

რა შეიძლება ითქვას ამ დინამიკიდან გამომდინარე ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზების შესახებ? ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი ცვლილება არ იკვეთება. საკუთრივ, ძლიერი სავალუტო შემოდინებების ფონზე, ვფიქრობთ, რომ სებ-ის ინტერვენციები კვლავ გაგრძლდება, ხოლო წლის ბოლოსათვის რეფინანსირების განაკვეთის 9.5%-მდე დაწევა საკმაოდ რეალისტურია. ამ მხრივ, არგუმენტები სავალუტო რეზერვების შევსების გარდა, კვლავ ლარის ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით გამყარება და ჯამურად სამიზნეზე დაბალი ინფლაციაა, რომელიც, ჩვენი შეფასებით, ივლისში 0.6%-დან კიდევ შემცირდება. თავისთავად, ეს ინფლაციის აღქმისა და მოლოდინების კუთხით მნიშვნელოვანი ფაქტორია. მომსახურების ინფლაციის მხრივ კი, იმდენად, რამდენადაც სამომავლოდ ეკონომიკის ზრდის 5%-იან ნიშნულთან უფრო დაახლოება საბაზო სცენარია, ვფიქრობთ, რომ სამომხმარებლო ფასების ეს კომპონენტიც ეტაპობრივად სამიზნესთან ახლო იქნება.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე.

R

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire გაიმართა

თიბისის მხარდაჭერით და HT Solutions – ის ორგანიზებით, თბილისში წარმატებით ჩატარდა საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire.

კონფერენციას 500 – ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა,  მასში მონაწილე IT მენეჯერებმა, ინჟინრებმა და სხვადასხვა კომპანიის IT მიმართულების ხელმძღვანელებმა ერთმანეთს უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები და ტრენდები გაუზიარეს. ადგილობრივმა და უცხოელმა სპიკერებმა, 4 ძირითად თემაზე ისაუბრეს: ციფრული ტრანსფორმაცია, კიბერუსაფრთხოება, Big Data და DevOps.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, კონფერენციაში Game Changer Partner-ის სტატუსით მონაწილეობდა და წარმოდგენილი იყო საკუთარი სივრცით, სადაც თიბისის ტექ გუნდმა, 200 პროფესიონალს საკუთარი DevOps გამოცდილება გაუზიარა. ტექნოლოგიებით დაინტერესებულმა ადამიანებმა ძირითადად ტექნიკური ნაწილი მოისმინეს, რადგან სცენა DevOps-სის გაშლას დაეთმო.

„თიბისი ტექნოლოგიური კომპანიაა და ჩვენ, ჯგუფის მასშტაბით, ბევრ საინტერესო სიახლეს ვნერგავთ. აღნიშნული კონფერენცია კარგი შესაძლებლობაა, რომ ტექ კომუნას კიდევ ერთხელ გავაცნოთ თუ რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენთან. ზოგადად, თიბისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური კომუნის განვითარება, რადგან ტექნოლოგიებს  შეუძლია პოზიტიური ცვლილებების მოტანა, სწორედ ამიტომ განვაგრძობთ ტექნოლოგიების მხარდაჭერას საქართველოში,“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

საქართველოში ტექნოლოგიური კონფერენცია, HT Solutions – ის ორგანიზებით 2018 წლიდან ტარდება და მისი მიზანი საქართველოში ტექნოლოგიური კომუნის მხარდაჭერა და გაძლიერებაა.

R

“მერამდენედ ცდილობენ ადამიანები ბიძინა ივანიშვილის სახელის, ფინანსებისა და კეთილი გულის გამოყენებას?”

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ ბატონმა ბაჩიაშვილმა შეძლო მოეპოვებინა ბიძინა ივანიშვილის ნდობა, რის შედეგადაც თავის თავი ერთ-ერთ მომგებიანი ბიზნესის განვითარების აღმასრულებლად შესთავაზა.

ექსპერტის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილის პოლიტიკურ აქტივობას არათუ საქართველოში, არამედ არცერთ კონტინენტზე არ იცნობენ. და ბოლოს, სიმართლე აუცილებლად გაირკვევა.

„სუპერ თაღლითი და მანიპულატორი -აი, ისეთი ფილმის სცენარი რომ იწერება ისეთი…..არ მინდა უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო და რამე ვამტკიცო, მაგრამ რა სურათიც იკვეთება ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებიდან, სწორედ ეს არის. რა შეიტყო გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით დღეს საზოგადოებამ:

1. ბატონმა ბაჩიაშვილმა შეძლო მოეპოვებინა ბიძინა ივანიშვილის ნდობა, რის შედეგადაც თავის თავი ერთ-ერთ მომგებიანი ბიზნესის განვითარების აღმასრულებლად შესთავაზა;
2. ფინანსების უკეთ გამოყენების მიზნით, მან შეძლო თავისი პირადი პასუხისმგებლობა აეცილებინა თავიდან, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი და ფინანსები კი ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფის გამაგრებისთვის გამოეყენებინა;
3. მიიღო რა შესაბამისი „რწმუნებები“, დაიწყო აქტიური ქმედებები არა თვით ბიზნესის განვითარების მიმართულებით, არამედ საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გამდიდრების მიზნით;
4. დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ ბიზნესი მოგებას არ იძლეოდა, სამაგიეროდ პირადად გიორგი ბაჩიაშვილის ქონება, როგორც მატერიალური, ასევე ფინანსური ეტაპობრივად იზრდებოდა;
5. ასეთი მანიპულაციებით ქმედება პირველი არ გახლავთ ივანიშვილის წინააღმდეგ. ცხადია, ბიძინა ივანიშვილმაც, საქმეს სამართლებრივი და კანონიერი კუთხით შეხედა;
6. მიმდინარე მოკვლევისა და გამოძიების შედეგად ბევრ რამეს ეფინება ნათელი, რამაც ბატონი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნას დაუდო საფუძველი;
7. ამ ისტორიაში ერთ-ერთ საინტერესო მდარე და მდაბიო გამოვლინება გახლავთ ეჭვმიტანილ გიორგი ბაჩიაშვილის, გაქნილი ვექილების მიერ მოგონილი „პოლიტიკური მრწამსის“ გამო დევნა-შევიწროების „ფაქტი“, რაც საზოგადოებაში დაცინვის საგანი გახდა: გიორგი ბაჩიაშვილის პოლიტიკურ აქტივობას არათუ საქართველოში, არამედ არცერთ კონტინენტზე არ იცნობენ.

და ბოლოს, სიმართლე აუცილებლად გაირკვევა… უბრალოდ მერამდენედ ცდილობენ ადამიანები ბიძინა ივანიშვილის სახელის, ფინანსების და რაც მთავარია კეთილი გულის გამოყენებას. მას კი ეს ყველაფერი ხან იმ ქვეყნიდან მობრუნებულების უმადურობით უბრუნდება და ხანაც ბოროტების უმაღლესი გამოვლინებით. თუმცა მაინც ვერაფერს ვერ გახდებიან. მიზეზი მარტივია, ამ ადამიანს მადლიერიც და დამფასებელი უმადურებზე ათასჯერ მეტი ჰყავს”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

“საქართველო ნატო-ს ყველაზე საიმედო პარტნიორია”- არჩილ თალაკვაძე

უმჯობესი იქნება, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა წაიკითხონ ნატო-ს ანგარიშები და გაეცნონ ინფორმაციას, რომელიც საქართველოში ჩატარებულ წვრთნებსა და ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობას უკავშირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თალაკვაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რომ „ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ხელისუფლება არაფერს აკეთებს, ვერანაირი მესიჯით ვერ მიდის ვილნიუსის სამიტზე და არ აქვთ მოლოდინი, რომ სამიტი რამე შედეგით დასრულდება“.

თალაკვაძის თქმით, „ეს ოპოზიციის დაზეპირებული განცხადებაა, რომელსაც წლების განმავლობაში იმეორებენ“.

ამასთან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რადიკალურ ოპოზიციას აქვს ერთი დღის წესრიგი, გააკრიტიკოს საკუთარი ქვეყანა, როგორმე დააზიანოს სახელმწიფო მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც პოლიტიკური ქულები მოიპოვოს.

„საქართველო არის ნატო-ს ყველაზე საიმედო პარტნიორი და არაწევრ ქვეყნებს შორის ის სახელმწიფო, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ნატო-ს საერთაშორისო მისიებში. ჩვენი ქვეყანა სტრატეგიულ მზადყოფნაშია გაწევრიანებისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რათა მიღებული იყოს ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რასაც საქართველო იმსახურებს. საქართველო ნამდვილად იმსახურებს, გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი.

რაც შეეხება კრიტიკას, გვესმის, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ერთი დღის წესრიგი, გააკრიტიკოს საკუთარი ქვეყანა, როგორმე დააზიანოს სახელმწიფო მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც პოლიტიკური ქულები მოიპოვოს, თუმცა საზოგადოება ყველაფერს ხედავს და არჩევნებზე ამას სათანადოდ აფასებს. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდისა და ხელისუფლების თითოეული ლიდერის მოლოდინია, რომ ნატო ძალიან მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს საქართველოსთან მიმართებით და ის გზავნილი, რომელიც ბუქარესტის სამიტზე იყო გაკეთებული თავის დროზე, გაძლიერდება და სამომავლო განვითარების ტრაექტორიას ცხადად გამოაჩენს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ნატო-სა და ევროკავშირს დავშორებულიყავით” – რომან გოცირიძე

ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ ნატო-სა და ევროკავშირს დავშორებულიყავით. ის ქვეყნები, რომლებიც ამ გზაზე გაცილებით უკან იყვნენ, მოლდოვა და უკრაინა, დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატები არიან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ანტიდასავლური კამპანიით დასავლელი პარტნიორების ნდობა დაკარგა.

„აშკარა პრორუსული დამოკიდებულებაა რუსეთ-უკრაინის აგრესიის ფონზე – კეთდება ანტიუკრაინული განცხადებები, მიმდინარეობს ოპოზიციის დევნა და დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვა. მთლიანობაში, ეს ყველაფერი ერთი სიტყვით შეიძლება აღიწეროს, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა და საქართველომ უკან გადადგა ნაბიჯები, რაც ჩვენი პარტნიორებისთვის შეუმჩნეველი არ არის.

„ქართული ოცნების“ მთელი პოლიტიკა აწყობილია პარტიულ ინტერესებზე, ასევე ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მსახურებაზე. ახლა გაახსენდათ, თურმე პარტიულ ინტერესებზე წინ ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს. რომელი საქვეყნო ინტერესები დააყენეს კლანურ ინტერესებზე მაღლა? ოლიგარქიული მმართველობა შეუმჩნეველი არავის რჩება. საქართველოს არ მართავს „ქართული ოცნება“, მართავს არაფორმალური მმართველი. ასეთ ვითარებაში შეუძლებელია, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან პროცესები აღქმული იყოს, როგორც პროგრესის შემქმნელი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

“გამოჯანმრთელების შემდეგ, როგორც სხვები იხდიან სასჯელს, ისე უნდა გადავიყვანოთ საპატიმროში” – ზარქუა სააკაშვილზე

პატიმარი სააკაშვილი ადეკვატურიაო როგორ გითხრათ?! -გამოჯანმრთელების შემდეგ როგორც სხვები იხდიან სასჯელს, ისე უნდა გადავიყვანოთ საპატიმროში, ეს ამდენი შოუ და მასკარადი დასრულდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, მისთვის მიხეილ სააკაშვილის განცხადებები გაუგებარია.

„პატიმარი სააკაშვილი ადეკვატურიაო როგორ გითხრათ?! ვერ არის კარგად, რა განცხადებებს აკეთებს?! დაწერს, წაშლის, განცხადებას გააკეთებს, ხან ქართულად გველაპარაკება, ხან რუსულად, ხან უკრაინულად. კაცი ვერ არის კარგად, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, გამოჯანმრთელების შემდეგ როგორც სხვები იხდიან სასჯელს ისე უნდა გადავიყვანოთ საპატიმროში, ეს ამდენი შოუ და მასკარადი დასრულდა”, – აღნიშნა ზარქუამ.

“საქართველომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე „ბუქსაობა“ დაიწყო”- პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმის  პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე „ბუქსაობა“ დაიწყო.

მისი თქმით, იმისთვის, რომ საქართველო ამ ორგანიზაციების წევრი გახდეს, ევროპელების ნების გარდა, საჭიროა ჩვენი ნება, რაც თავისი მხრივ, რეფორმების გატარებას გულისხმობს.

“ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უმაღლესი ტრიბუნებიდან გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინას რუსეთი ნატოს გამო დაესხა თავს და რომ არა ნატო ომი არ იქნებოდა, პირდაპირ ანტიუკრაინული და ანტიქართული განცხადებაა – გამოდის, რომ რუსეთს, გარდა ნატოსი, სხვა პრეტენზიები სახელმწიფოების მიმართ არა აქვს და შესაბამისად, ომის დაწყების საფუძველი ნატო ყოფილა.

“ქართულ ოცნებას“ ვეტყვი – რუსეთი უკრაინას ნატოს გამო კი არ დაესხა თავს, ნატოს წევრი რომ არ არის, ამის გამო დაესხა 2022 წელს, საქართველო ნატოს წევრი არ იყო, ამიტომ დაგვესხა 2008 წელს. ნატოს წევრობა იმიტომ გვინდა, რომ საქართველო ისევე იყოს დაცული, როგორი დაცულიც არის 1.5 მილიონიანი ესტონეთი, რომელსაც რუსეთი ჩიტს ვერ აუფრენს საზღვარზე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

11-12 ივლისს, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატოს სამიტი გაიმართება

“წელს ქვეწარმავლების რაოდენობა განსაკუთრებულად გაზრდილი არ არის” – რატი მამუკაშვილი

წელს არანაირად არ არის რაღაც განსაკუთრებულად გველების რაოდენობა გაზრდილი – უბრალოდ, თითქმის ყველა დაჭერილი გველი სოციალურ ქსელში ხვდება და ეს ქმნის მერე აჟიოტაჟს, თითქოს, წელს განსაკუთრებულად ბევრი გველი გვხვდება, – ამის შესახებ ჰერპეტოლოგმა, რატი მამუკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეწარმავალთან შეხვედრის დროს, მას ხელით დაჭერა არ დავუპიროთ, რადგან სტატისტიკურად დაკბენის ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.

„მოსახლეობაში არის ხოლმე განმტკიცებული, რომ „გველების შემოსევა გვაქვს“, „გველები წელს რაღაც მომრავლდნენ“ და ა.შ. – შეიძლება ითქვას, ამ პიკმა უკვე გაიარა. ისევე, როგორც წინა წლები, სტატისტიკურადაც და ისედაც, სრულიად ჩვეულებრივი წელია. არანაირად არ არის რაღაც განსაკუთრებულად გველების რაოდენობა გაზრდილი. უბრალოდ, თითქმის ყველა დაჭერილი გველი ხვდება სოციალურ ქსელში და ეს ქმნის მერე აჟიოტაჟს, იმ ფონს, თითქოს, წელს არის განსაკუთრებული წელი, გვხვდება ბევრი და ა.შ.

გიურზა, ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც შეხვდა მოსახლეობას და მოხდა მათი დაჭერის ფაქტები. არის გიურზა, ცხოვრობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პანიკაში უნდა ჩავარდეთ, პირიქით. ისევე, როგორც ყველა სხვა გველი, მათ შორის, გიურზაც არ არის აგრესიული. ადამიანთან შეხვედრას ძალიან ერიდება. თუ არ მოხდა მისთვის შემთხვევით ფეხის დაბიჯება, ან ისეთ გამოუვალ სიტუაციაში შეხვედრა, როცა ის გადაწყვეტს, რომ თავს დაესხას ადამიანს, რადგან სხვა გზა არ აქვს. სხვა შემთხვევაში ისევე, როგორც ყველა სხვა გველი, გიურზა ადამიანთან შეხვედრისას შეეცდება, რომ თავისი გზით წავიდეს და საფრთხეს გაერიდოს, რადგან მისთვის ადამიანი რეალურად, საფრთხეა“, – განაცხადა რატი მამუკაშვილმა.

ჰერპეტოლოგი ასევე განმარტავს, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუკი მას გველი უკბენს.

„ხალხში ძალიან ფართოდ არის გავრცელებული მითები, რომ უნდა მოხდეს შხამის ამოწოვა, ლახტის დადება, ნაკბენის ადგილის გადასერვა და მსგავსი რაღაცები, რაც აბსოლუტურად არ არის რეკომენდებული. ერთადერთი, აუცილებლად უნდა დავწვეთ ჰორიზონტალურად, უნდა მივიღოთ ბევრი სითხე – წყალი და დავრეკოთ 112-ში და დაველოდოთ ექიმს, რომელიც შემდეგ მკურნალობის პროცესებს წარმართავს,“ – განაცხადა რატი მამუკაშვილმა „მედიაჰოლდინგ კვირის“ პრესკლუბში.

“საჭიროა ომის დასრულება, ვიდრე ნატო თავის რიგებში უკრაინის დამატებას განიხილავს” – ბაიდენი

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინა ჯერ მზად არ არის ნატო-ში გაწევრიანებისთვის. მისივე თქმით, საჭიროა ომის დასრულება, ვიდრე ალიანსი თავის რიგებში უკრაინის დამატებას განიხილავს.

აღნიშნულის შესახებ ბაიდენმა „სიენენთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„არ მგონია, რომ ნატო-ში არის ერთსულოვნება იმასთან დაკავშირებით, შევიდეს თუ არა უკრაინა ნატო-ს ოჯახში ახლა, ამ მომენტში, ომის შუაგულში“, – აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის ვოლოდიმირ ზელენსკის ვრცლად ესაუბრა უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე და აღნიშნა, რომ აშშ განაგრძობს უკრაინის უსაფრთხოებისა და იარაღით უზრუნველყოფას რუსეთთან ომის დასასრულებლად, მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ში უკრაინის წევრობის შესახებ განხილვის დაწყება ნაადრევი იყო.

ამასთან, ბაიდენმა უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს უკრაინისთვის აუცილებელია, რადგან ქვეყანას საბრძოლო მასალა ამოეწურა.

შეგახსენებთ, 7 ივლისს თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას გადასცემს.

“გერმანია და აშშ ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინის ოფიციალურ განაცხადს ბლოკავენ”- Bild

გერმანია და აშშ ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინის ოფიციალურ განაცხადს ბლოკავენ. ამის შესახებ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Bild-ი იტყობინება.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ აშშ და გერმანია ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინის ოფიციალურ განაცხადს ბლოკავენ“, – აცხადებს მაღალჩინოსანი.

Bild-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკი აპირებდა, ნატოს სამიტზე კიევის ალიანსში მიღება მოეთხოვა. როგორც გამოცემის წყარო ამბობს, ამას ეწინააღმდეგებიან ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყნები, პირველ რიგში გერმანია და აშშ. კერძოდ, ბერლინი და ვაშინგტონი ალიანსის სხვა წევრებზე ზეწოლას ახორციელებენ, რათა ამ საკითხში საკუთარ მხარეს გადაიბირონ.

ვაზისუბანში ბაბუა და შვილიშვილი დაჭრეს

თბილისში, ვაზისუბანში ბაბუას და შვილიშვილს ესროლეს. შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. რა გახდა დაპირისპირების მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი ახალგაზრდებს შორის დაიწყო, რა დროსაც ბაბუამ დაპირისპირებული მამაკაცების გაშველება სცადა, თავდამსხმელმა კი ორივეს ცეცხლი გაუხსნა.
ბაბუა და შვილიშვილი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ხანდაზმულ ბაბუასა და 32 წლის მამაკაცს დაზიანებები ზურგის და ფეხის არეში აღენიშნებათ.
პოლიციამ თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავა.