Home Blog Page 1723

,,ჩვენი გადასაწყვეტია როგორ მოვკლათ ეს მტერი”- ზალუჟნი

ომში მტრის მის ტერიტორიაზე მოკვლა შეიძლება და საჭიროა კიდეც, თუ პარტნიორებს თავიანთი იარაღის გამოყენების ეშინიათ, საკუთარით მოვკლავთ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

გამოცემის თანახმად, ზალუჟნი ახლა საკუთარი თავის წინაშე აყენებს კითხვას: “როგორ შემცირდეს დანაკარგები? როგორ შემიძლია შევამცირო დანაკარგები?”

ზალუჟნის თქმით, შეიარაღების უკმარისობის, დასავლური ავიაციის არმიწოდებისა და შორი მანძილის რაკეტების გამოყენებაზე მოკავშირეების პირობები გამო “უკრაინის შეიარაღებული ძალები საზღვარს მიღმა ხშირი დარტყმებისთვის უკრაინული წარმოების იარაღს იყენებენ, რომლებსაც კიევი ოფიციალურად არასდროს არ აღიარებს.”

“საკუთარი ხალხის გადასარჩენად, რატომ უნდა ვეკითხებოდე ვინმეს ნებართვას, თუ რა ვაკეთო მტრის ტერიტორიაზე? რატომღაც უნდა ვფიქრობდე, რომ იქ არაფრის გაკეთების უფლება არ მაქვს. რატომ? იმიტომ რომ პუტინი… ბირთვულ იარაღს გამოიყენებს? ბავშვებს, რომლებიც კვდებიან, ეს არ აინტერესებთ…

ეს ჩვენი პრობლემაა, და ჩვენი გადასაწყვეტია როგორ მოვკლათ ეს მტერი. ომში შეიძლება და საჭიროა [მტრის] მის ტერიტორიაზე მოკვლა. თუ ჩვენს პარტნიორებს საკუთარი იარაღის გამოყენების ეშინიათ, საკუთარით მოვკლავთ. მაგრამ მხოლოდ იმდენის, რამდენიც საჭირო იქნება,” – განაცხადა ზალუჟნიმ.

,,მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე” – დაავადებათა კონტროლის ცენტრი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელი დღეებისათვის მოსამზადებლად რეკომენდაციებს ავრცელებს.

როგორც ცენტრში განმარტავენ, მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია მოსახლეობა ქუჩაში გასვლას მოერიდოს დღის ყველაზე ცხელ პერიოდში და მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე.

მათივე ცნობით, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა არ დატოვონ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში.

„განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე – იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს.
სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება.

მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია:

დეჰიდრატაცია (გაუწყლოება, ორგანიზმში წლის დეფიციტი);

გადახურება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა;
სითბური გამოფიტვა; სითბური დაკვრა.
იმისთვის, რომ სიცხეს გაუმკლავდეთ, შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00-მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ.

დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 320C, ხოლო ღამით კი 240C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისათვის;

აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ. ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის).

დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა – დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრო მოწყობილობები და ხელოვნური განათება.

მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები. ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს. თუ სახლში გაქვთ კონდიციონერი, დაკეტეთ კარები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტრო ენერგიის დეფიციტის საფრთხეს.

ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 350C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 350C-ს, იგი ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.

იმისთვის, რომ თავი აარიდოთ სივრცეს, გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით. თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას.

მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში. მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ მის შესასრულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი პერიოდი: 04:00 საათიდან 07:00 საათამდე.

დარჩით/გაჩერდით ჩრდილში. არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში“. – აღნიშნულია რეკომენდაციებში.

,,პოლონელ ექიმებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ნიმუში ოფიციალურად აეღოთ”- ზურაბ ჩხაიძე

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულებისას, მისი ნიმუში ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით მის მალულად გატანას ცდილობდა.

ზურაბ ჩხაიძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ეს ინციდენტი მაშინ, როცა პოლონელ ექიმებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ნიმუში ოფიციალურად აეღოთ.

„როცა კოლეგები შემოვიდნენ კლინიკაში, ჩვენ ფაქტობრივად რვა საათის განმავლობაში ვიმყოფებოდით ერთად. თუმცა, იმ მომენტში, როცა მათივე ინიციატივით ნიმუშები აიღეს, ეს ფაქტი არ მინახავს. ამისთვის გარკვეული წესი არსებობს. პირველ რიგში, ამას უნდა ესწრებოდნენ სხვა ექიმებიც, სხვა თანამშრომლებიც, ეს უნდა მოხდეს სრული წესის დაცვით, უნდა დაილუქოს ყველას თანდასწრებით, ხელი უნდა იყოს ყველას თანდასწრებით მოწერილი, რაც შემდეგში გაკეთდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, იქამდე ეს მცდელობა იყო მათი მხრიდან, ამ ნიმუშის არალეგალურად აღების, თუ გატანის.

პენიტენციური დაწესებულებიდან იყო ნებართვა და მათ მოითხოვეს ფრჩხილის, თმის და ასევე, წარბის ნიმუში, რომელიც ჩვენი თანდასწრებით, ლეგალურად იქნა აღებული და კონვერტში მოთავსებული, რაც მათ შემდგომ, პენიტენციური დაწესებულების თანხმობით გაიტანეს კლინიკიდან. ეს ინციდენტი რატომ მოხდა, მართალი გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია, არავინ წინააღმდეგი არ იყო, რომ მათ რამე ნიმუში ოფიციალურად აეღოთ. მიზანი რა იყო, ჩემთვის გაუგებარია ადამიანურად და ძალიან ვწუხვარ, რომ მსგავსი ინციდენტი მოხდა მათი მხრიდან“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ გადაცემა 360 გრადუსში სტუმრობისას.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა, პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის მალულად გატანის მცდელობაზე პოლონეთის საელჩოს პოზიცია მოისმინოს.

,,საქართველო ამაყობს საფრანგეთის რესპუბლიკასთან სანდო, მჭიდრო და ხანგრძლივი პარტნიორობით”- ღარიბაშვილი

ქალბატონო ელჩო,
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო,
ქალბატონებო და ბატონებო,
ფრანკოფონებო და ფრანკოფილებო,
ძვირფასო მეგობრებო,
დიდი სიხარულით მოგმართავთ ყველას ამ ეროვნულ დღესასწაულზე – 14 ივლისს, რომელიც აღნიშნავს საფრანგეთის თავისუფლებას, თანასწორობას, ძმობასა და ერთიანობას! – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბასტილიის აღება მთავარი მოვლენაა, როგორც საფრანგეთისთვის, ასევე დანარჩენი მსოფლიოსთვის. პარიზის მოქალაქეების ამ აჯანყებას – თვითნებობის, დესპოტიზმისა და უსამართლობის წინააღმდეგ – სიმბოლური ადგილი უჭირავს თანამედროვე ისტორიაში, ესაა დამფუძნებლური აქტი ყველა ერისთვის, რომლებიც იზიარებენ დემოკრატიას და კანონის უზენაესობას.
ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო და ხანგრძლივ პარტნიორობას.
„საქართველო ძალიან ამაყობს საფრანგეთის რესპუბლიკასთან სანდო, მჭიდრო და ხანგრძლივი პარტნიორობით. როგორც ელჩმა აღნიშნა, საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ და ამ ეროვნული დღესასწაულის დროს, კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით.
ჩემი ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ ძალისხმევას, რომელსაც საფრანგეთი მიმართავს დაძაბულობის განმუხტვისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად ჩვენს რეგიონში.
ჩვენ ვიზიარებთ ბევრ მიზანს, კერძოდ, უფრო მშვიდობიანი, სუვერენული და პროგრესული ევროპის აშენებას. ჩვენ ასევე გვაქვს საერთო ამბიცია, შევქმნათ საერთაშორისო წესრიგი, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, თანამშრომლობასა და საერთო ღირებულებებზე, რომლის სათავეში არის ადამიანის უფლებები; საფრანგეთის რევოლუციის კიდევ ერთი მიღწევა, რომელიც 234 წლის წინ – 14 ივლისს დაიწყო!“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოსა და საფრანგეთს შორის განსაკუთრებით მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები და ურთიერთნდობაზე დამყარებული პარტნიორობა ეფუძნება საერთო ევროპული ღირებულებების პატივისცემას, ასევე პრივილეგირებულ კავშირებს, რომლებიც ისტორიულად არსებობდა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის.
„აღიარება და მადლიერება – ეს ის ღირებულებებია, რომლებიც განსაკუთრებით ფესვგადგმულია ქართულ კულტურაში. ისინი ძალითა და ბრწყინვალებით გამორჩეულები არიან, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, რომელიც საზრდოობს ხანგრძლივი საერთო ისტორიით, კერძოდ, 1918-1921 წლების საქართველოს პირველი რესპუბლიკის შემდეგ, მისი საფრანგეთის მიერ არისტიდ ბრიანის აღიარებით, ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მთავრობის დახვედრით ულამაზეს ქალაქ ლევილ სურ-ორჟში, სადაც ჩვენი სახელოვანი წინაპრები – საფრანგეთის მხარდაჭერით – 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდნენ თავისუფალი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი საქართველოს იმედს. გენერალ დე გოლის ჟესტი, რომელმაც ეროვნული საგანძური დაუბრუნა თავის მფლობელს – ქართველ ერს, ჩვენს მეხსიერებაში რჩება და ამ ყველაფერს დიდი წვლილი მიუძღვის საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის მიმართ მადლიერებაში.
ამ ძველი და მჭიდრო მეგობრული კავშირებით გაძლიერებულმა ჩვენმა ორმა ქვეყანამ წამოიწყო ამბიციური ერთობლივი პროექტები. ამგვარად, Domaine de Leuville ხდება ახალი საერთო მოგონებების და კულტურის ადგილი. ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ლევილის ისტორიულ-კულტურული ცენტრი იყოს ჩვენს ორ ქვეყანას შორის კულტურული და სამეცნიერო კავშირების განმტკიცების სამსახურში”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა „დიმიტრი ამილახვრის სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობას, რომელიც მნიშვნელოვანი პლატფორმაა საფრანგეთსა და საქართველოს შორის მრავალგანზომილებიან ურთიერთობებში.
„2019 წლიდან ჩვენი თანამშრომლობა გაძლიერდა „დიმიტრი ამილახვრის სტრატეგიული დიალოგით“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა საფრანგეთსა და საქართველოს შორის მრავალგანზომილებიან ურთიერთობებში.
მინდა აღვნიშნო, რომ მომავალ 16-17 ოქტომბერს, ამ სტრატეგიული დიალოგის წყალობით, პარიზში აღვნიშნავთ საფრანგეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის დაარსების 30 წლის იუბილეს. უკვე 30 წელია! მაგრამ რა გრძელი გზა გავიარეთ სულ რაღაც სამ მოკლე ათწლეულში! ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველო და საფრანგეთი ძალიან მჭიდროდ და გულმოდგინედ თანამშრომლობდნენ, რამაც მრავალი ხელშესახები და ურთიერთსასარგებლო შედეგი მოგვიტანა სხვადასხვა სფეროში.
ეკონომიკიდან დაწყებული: ბოლო წლებში საფრანგეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობები უფრო და უფრო ფართოვდება და აქტიურდება. უამრავი სავაჭრო გზის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოს შეუძლია ევროპისთვის ბევრი რამის მოტანა, საფრანგეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის სიცოცხლისუნარიანობაზე დაყრდნობით. თანამშრომლობა, რომელიც მუდმივად განახლდება და მდიდრდება: ამრიგად, საქართველო იქნება წელს საპატიო სტუმარი მეცხოველეობის სამიტზე, რომელიც, იმედი მაქვს, მოიტანს ახალ ერთობლივ პროექტებს.
ნება მომეცით ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო და მივესალმო წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო დონორს, „საფრანგეთის განვითარების სააგენტოს“ (AFD) ჩართულობის წყალობით.
ასევე, მინდა ხაზი გავუსვა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას განათლებისა და კვლევის სფეროებში, აკადემიური გაცვლითი პროგრამების მზარდი იმპულსი, მათ შორის, საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობების ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამები. ამ თვალსაზრისით, დარწმუნებული ვარ, რომ პირველი ფრანკო-ქართული უნივერსიტეტი (UFG), რომელიც თბილისში 2019 წელს შეიქმნა, წარმოადგენს ყველაზე პერსპექტიულ ფრანკო-ქართულ დამაკავშირებელ ხიდს.
თბილისში ახლახანს გაიმართა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა, მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ფრანგული ენის სწავლების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.
და ბოლოს, მივესალმები საქართველოსა და საფრანგეთს შორის ჩინებულ თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრატეგიულ სფეროში, რომელიც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საყრდენია. ევროკავშირისა და ნატოს სამხედრო ოპერაციების ფარგლებში ფრანკო-ქართული თანამშრომლობა და ჩვენი ჯარისკაცების მხარდაჭერა ღირებულ წვლილს წარმოადგენს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ფრანგ ხალხს მადლობა გადაუხადა იმ გადამწყვეტი როლისთვის, რომელიც საფრანგეთმა ითამაშა 2008 წლის ომის დროს.
„ჩვენი ისტორიის საკვანძო მომენტებში, მათ შორის, ყველაზე მტკივნეულ მომენტებში, საფრანგეთი ყოველთვის იყო ქართველი ხალხის გვერდით. ნება მომეცით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი გულწრფელი მადლიერება ფრანგი ერისადმი იმ გადამწყვეტი როლისთვის, რომელიც საფრანგეთმა ითამაშა 2008 წლის ომის დროს.
საქართველო აფასებს საფრანგეთის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესში. საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში არის ქართველი ხალხის არჩევანი, ისტორიული შესაძლებლობა, რომ საქართველო საბოლოოდ გახდეს იმ საზოგადოების ნაწილი, რომლის ღირებულებებს და მსოფლიო ხედვას იზიარებს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს, რომელიც ეკუთვნის ყველა ფრანგს, ასევე საქართველოდან დაწყებული საფრანგეთის ყველა მეგობარს! ნება მომეცით აქ დავამტკიცოთ საქართველოს მთავრობის მტკიცე ნება და გადაწყვეტილება განაგრძოს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა საფრანგეთთან, იმ ყველაფრის საფუძველზე, რასაც ჩვენ ერთად მივაღწიეთ.
გაუმარჯოს საფრანგეთს! გაუმარჯოს საქართველოს!“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა შერაზ გასრიმ.
ღონისძიებაზე სა

პენიტენციური სამსახური განცხადებასა და ვიდეოს ავრცელებს ( ვიდეო)

სპეციალური კლინიკა ,,ვივამედში” მომხდარი ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს: 2022 წლის 29 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა, გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან რომლითაც სახელმწიფო პატიმრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც არ ითვალისწინებდა მკურნალი ექიმების რეკომენდაციებს, შესთავაზა, მისი მკურნალობის პროცესში ჩართვის მიზნით, მოეწვია ნებისმიერი უცხოელი ექიმი, ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან. 2023 წლის 20 მარტს, თითქმის 4 თვის შემდეგ, სამსახურს მომართა მსჯავრდადებულის დედამ განცხადებით, რაც ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს. განმცხადებელს არაერთგზის, წერილობითი და ზეპირი ფორმით, განემარტა, რომ ექიმებს უნდა ჰქონოდათ საქართველოში დროებითი საექიმო საქმიანობის განხორციელების უფლება და, ასევე, დაცული უნდა ყოფილიყო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. მიუხედავად ამისა, საზოგადოებას მიეწოდებოდა არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, თითქოს, მსჯავრდადებულთან არ უშვებდნენ პოლონელ ექიმებს. იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებიდან 7 თვის შემდეგ, 2023 წლის 5 ივლისს მსჯავრდადებულის ადვოკატმა შესაბამისი ფორმით, წარმოადგინა მომართვა მსჯავრდადებულ სააკაშვილთან კლინიკა ვივამედში პოლონელი ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით. 12 ივლისს მათ მიერ დასახელებულ ექიმებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ მოენახულებინათ მსჯავრდადებული, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა უწყების ერთგულება გაცემული დაპირებისადმი. ამასთან, 3 ივლისის იმავე ადვოკატის მიერ წარმოდგენილ წერილში მითითებული იყო, რომ მოცემული ინფორმაცია იყო კონფიდენციალური. თუმცა, მოგვიანებით, საზოგადოებამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მეშვეობით, პრაქტიკულად, პირდაპირ ეთერში იხილა ექიმების საავადმყოფოში შესვლის პროცესი, რასაც მიეძღვნა პოლიტიკური გადაცემები და იმთავითვე თავად დაარღვიეს კონფიდენციალურობა. ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა თავად სამსახურმა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად მატებს ბუნდოვანებას. ამ პიროვნებას ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, რომელიც ვერ ექვემდებარება ლოგიკურ ახსნას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ აღნიშნული ინციდენტის ამსახველ კადრებს და მოვუწოდებთ ყველას, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციული და კანონმდებლობასთან შეუთავსებლობაში მყოფი ქმედებებისგან.

 

 

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

,,საქართველოს საპატრიარქოს მიერ შექმნილი გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ხელმძღვანელობით, გელათის სამონასტრო კომპლექსში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.

გელათის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოში ჩამოსულია საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მისია. საბჭოს წევრები ადგილზე ეცნობიან სიტუაციას და მიმდინარე საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს.

მისიის ფარგლებში მოწვეულნი არიან იტალიელი, გერმანელი, ბრიტანელი და ამერიკელი უმაღლესი რანგის პრაქტიკოსი სპეციალისტები, რომლებიც დარგის წამყვან ინსტიტუციებს წარმოადგენენ და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის არაერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლზე წარმატებით მუშაობის გამოცდილება აქვთ.

გელათში ამჟამად მუშაობს კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფი, რომელიც ახორციელებს კედლის მხატვრობის ტექნოლოგიურ კვლევას, ამზადებს მხატვრობის ტექნოლოგიის ვიზუალური ლექსიკონს, ხდება ძეგლზე არსებული პრობლემების დეტალური აღწერა.

არსებული მდგომარეობის დოკუმენტაცია უკვე წარედგინა საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებიც მთავარი ტაძრის კედლის მხატვრობის ინსპექტირებას ახდენენ. შეგროვებული მასალის საფუძველზე მოხდება კედლის მხატვრობისთვის საჭირო საკონსერვაციო ღონისძიებებს განსაზღვრა.

საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ხედვა და შემუშავებული მიდგომები გელათის რეაბილიტაციის კომიტეტს და მისი სათათბირო ორგანოების, ეროვნულ სამეცნიერო საბჭოსა და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ერთობლივ სამუშაო შეხვედრაზე იქნება განხილული.

ზემოხსენებული ინსპექტირების სამუშაოების დასრულებისთანავე, 2023 წლის 15 ივლისს, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები სამეცნიერო დისკუსიას, მოგვიანებით კი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მოწვევით სამონასტრო კომპლექსის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესს მრავალდარგობრივი ექსპერტთა ჯგუფი ახორციელებს. მათ შორის არიან: სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედე
– კედლის მხატვრობის კონსერვატორები, დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ გეტის კონსერვაციის ინსტიტუტის, კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის, ინგლისის ეროვნული ფონდის, ინგლისის მემკვიდრეობასთან და საეკლესიო ნაგებობათა საბჭოსთან;

სტეფან სიმონი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციის ექსპერტი, მეცნიერი, მკვლევარი,
ბერლინის ეროვნული მუზეუმების რათგენის კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი, იელის უნივერსიტეტის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინსტიტუტის (IPCH) დამფუძნებელი;

გერჰარდ ვოლფი – ხელოვნების ისტორიკოსი, მაქს პლანკის სახელობის ფლორენციის ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორი;

სტივენ კელი – არქიტექტორი და ნაგებობათა კონსტრუქციების ინჟინერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებასა და კონსერვაციაში, ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტი;

რობერტო ნარდი – მოზაიკის კონსერვატორი, რომის არქეოლოგიური კონსერვაციის ცენტრი, მოზაიკის კონსერვაციის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი;

ანდრეინა კოსტანცი კობაუ -მოზაიკისა და კედლის მხატვრობის რესტავრატორი, რომის არქეოლოგიური კონსერვაციის ცენტრი”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იუსტიციის მინისტრი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის პოლონელი ექიმების ჩამოყვანის პროცესში ჩართული იყო საქართველოში პოლონეთის საელჩო.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, სწორედ პოლონეთის საელჩო იყო ექიმების რეკომენდატორი.

„მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული და კანონმდებლობასთან შეუთავსებელი ქმედებებისგან. გამომდინარე იქიდან, რომ პოლონეთის საელჩო ჩართული იყო ექიმების ჩამოყვანის პროცესში და იყო მათი რეკომენდატორი, საგარეო საქმეთა მინისტრს მივმართავ თხოვნით, რომ მოისმინოს საელჩოს პოზიცია აღნიშნულ ინციდენტზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

პენიტენციურმა სამსახურმა დღეს გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ასახულია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

,,საარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკს სხვა სახელი ექნება”- ვახტანგ ძაბირაძე

რეალურად ეს ფაქტი არაფერს ცვლის. არ ცვლის, არც პოლიტიკური თვალსაზრისით, არც ელექტორალური თვალსაზრისით. როდესაც ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო, მისი ელექტორატის ძირითადი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი იყო. ახლა რომ შეუერთდება, იგივე ელექტორატს შეუერთებს. ცალკე აღებული ვაშაძე, როგორც პოლიტიკურ ლიდერს რამე ელექტორალური წონა აქვს? ჩვენ ვიცით მისი წარმატებები თბილისის მერობის არჩევნების დროს, რაც კატასტროფა იყო. ამით „ნაციონალური მოძრაობა“ რას იგებს? შესაძლოა, ეს იყოს ერთ-ერთი სვლა, იმისათვის რომ ხაბეიშვილი რბილად ჩაანაცვლონ“, – განაცხადა ძაბირაძემ. მისივე შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ წინა საარჩევნოდ, გარდა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლისა“ ,შესაძლოა შეუერთდეს “დროა”, პარტია „კანონი და სამართალი” და „გირჩი მეტი თავისუფლება“ . „საარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკს სხვა სახელი ექნება და ამ სხვა სახელის სათავეში ვაშაძე იქნება, ხოლო ხაბეიშვილი მეორე პლანზე გადავა. „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში დგას ხაბეიშვილის პრობლემა, რა უყონ არ იციან. ამასთან, მელია აქტიურდება. გუნდი, რომ წარმოვიდგინოთ, გარდა თაკო ჩარკვიანისა, მას შეუერთდება ელენე ხოშტარია და „გირჩი“, სავარაუდოდ, ეს გაერთიანება შეიძლება ვიხილოთ“, – განაცხადა ძაბირაძემ.

„როგორც მისგან დაზარალებული, მე მას ვპატიობ“ – გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, იმ ადამიანებმა, რომლებიც ყოფილი ხელისუფლებისგან დაზარალდნენ, უნდა აპატიონ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ან საზღარგარეთ მის გადაყვანაზე დათანხმდნენ.

„წმინდა ჰუმანიტარული თვალსაზრისითაც, მიშას გაშვება უკვე შესაძლებელია. მე პირადად, როგორც დაზარალებული მისი მხრიდან, მე მას ვპატიობ. დარწმუნებული ვარ, რომ ვინც რეალურად მისგან დაზარალდა, ყველა მზად იქნება, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მას თუ არ აპატიოს, ყოველ შემთხვევაში დათანხმდეს, რომ წავიდეს და თავი დაგვანებოს“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა tv პირველის ეთერში განაცხადა. 

მანამდე, მის განცხადებას სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თემაზე, მექსპრეზიდენტი გამოეხმაურა და პოლიტოლოგს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დასდო ბრალი.

„გია ხუხაშვილს – გთხოვთ ნუ ტირაჟირებთ არასწორ ინფორმაციას. ზურაბიშვილს შეუძლია ჩემი „განაჩენების” აღსრულების გადავადება ნებისმიერ დროს, მიუხედავად მიმდინარე ,,საქმეებისა”. უბრალოდ, ივანიშვილის გარეშე ამას ვერ გააკეთებს და ივანიშვილი უყურებს პუტინს“, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე.

ამის პასუხად, გია ხუხაშვილმა თქვა:

„მიხეილ სააკაშვილი ძალიან გაბრაზდა. პირველი პოსტი მომიძღვნა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. მე დღეს ვთქვი, რომ პრეზიდენტმა რომც შეიწყალოს ან სასჯელი გადაუვადოს გამოტანილ განაჩენებზე, არსებობს მიმდინარე საქმეები, რომელზეც განაჩენი არ დამდგარა და რა უნდა ქნას? ხელისუფლებას შეუძლია თქვას, რომ არ ენდობა ამ პატიმარს და ან შინაპატიმრობაში დატოვოს, ან პატიმრობა მიუსაჯონ მიმდინარე საქმეებზე“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

,,ოპოზიციაში მოკალათებულმა აგენტურამაც დაიწყო ლაპარაკი ”- სამხარაძე ( ვიდეო)

“ქართული ოცნების” დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში საკანონმდებლო ორგანოში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს და წერს, რომ ვეტოს დაძლევის დროს, ის და ,,ქართული ოცნების” სხვა დეპუტატები, რომლებზეც ოპოზიცია აცხადებს, რომ პარლამენტში არ ყოფილან, ადგილზე იყვნენ.

,,ოპოზიციაში მოკალათებულმა აგენტურამაც დაიწყო ლაპარაკი, რომ ვეტოს დაძლევის დროს რამდენიმე დეპუტატი საერთოდ არ იყო ადგილზეო.

ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარემ პროცედურაზე აუხსნა ყველას, რომ ვეტოს დაძლევაზე თუ ხალხის რაოდენობაში ეჭვი შეეპარებოდა ვინმეს, ეგ პრეტენზია ერთ დეპუტატს კი არა, დეპუტატთა ჯგუფს უნდა დაეყენებინა და მაგას აქვს თავისი ფორმა, რაც ოპოზიციამ ვერ ან არ დაიცვა. შესაბამისად, ვეტო დაძლეულია.

მიუხედავად ამისა, მაგალითისთვის, მაინც ამოვიღე ვიდეოკადრები (სხვათა შორის იმდღევანდელი სტრიმიდან, ბევრი ძიება არ სჭირდებოდა და სხვებსაც მარტივად შეეძლოთ ნახვა), სადაც იმ დეპუტატების ადგილზე ყოფნა დასტურდება, რომლებზეც ასე ხელაღებით საუბრობენ, რომ არ მიუღიათ კენჭისყრაში მონაწილეობა. მათ შორის ვარ მეც! საერთოდ არ ყოფილან შენობაშიო, კვირაზე მეტია ხალხს ატყუებენ!

მოკლედ, 77 დეპუტატი ადგილზე იყო, ერთზე არც დაგვიმალავს ბარათის გამოყენება!”, – წერს დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში.

კრემლი „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს არ გაუკეთებია განცხადება შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელების შესახებ. ამის შესახებ მან „ინტერფაქსს“განუცხადა.

„ჩვენ არ გაგვიკეთებია განცხადება ამ კუთხით,“ – აღნიშნა პესკოვმა.

ინფორმაციისთვის, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას დათანხმდა.

ერდოღანის თქმით, მარცვლეულის შეთანხმება, რომლის ვადა 17 ივლისს იწურება, გაგრძელდება.

,,სად გაგვასწრეს? რით გაგვასწრეს?”- ქართველიშვილი

ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ უკრაინა ვილნიუსის სამიტის შემდეგ NATO-ში შესვლას უფრო მიუახლოვდა და ამ გზაზე საქართველოს გაასწრო ისევე, როგორც ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. ამის თქმა არის დიდი ცინიზმი, პირველ რიგში, უკრაინელი ხალხის წინაშე, რადგან ყველაფერს აქვს თავისი ფასი.“, – ამის შესახებ მედიასთან , „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაერთი მცდელობა იყო ჩვენთანაც მოვლენების ბახმუტიზაცია გამოეწვიათ, საქართველო მშვიდობასა და სტაბილურობას ინარჩუნებს.

„როდესაც ქალბატონი კელი დეგნანი ამბობს, რომ პრინციპში არაფერი შეცვლილა არც უკრაინისთვის, არც – საქართველოსთვის, NATO-ს კარი კვლავ ფართოდ ღიაა ამ ორი ქვეყნისთვისო, ე.ი. ყველაფერი ისევ ისეთი ბუნდოვანი და გაუგებარია, მაგრამ ამ ბუნდოვანებისა და გაუგებრობის ფასი უკრაინისთვის არის დაახლოებით 15 000 000 ლტოლვილი, განადგურებული ინფრასტრუქტურა, მიწასთან გასწორებული ქალაქები, ნახევარ მილიონამდე გარდაცვლილი ადამიანი, როგორც ჯარისკაცები, ასევე – მშვიდობიანი მოსახლეობა და ა.შ. ამ ფონზე, საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაერთი მცდელობა იყო ჩვენთანაც მოვლენების ბახმუტიზაცია გამოეწვიათ, მშვიდობასა და სტაბილურობას ინარჩუნებს, სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებს, უფრო მეტი ინვესტიციების მოსაზიდად მიისწრაფვის და ა.შ. როგორ შეიძლება ეს ორი მოცემულობა საერთოდ ერთმანეთს შეადარო? ვინც ამას ახერხებს, მით უმეტეს, რომ უკრაინა საქართველოსთვის მაგალითად გამოჰყავს და თითის შვერით არის დაკავებული, რომ აი, შეხედეთ, არ გრცხვენიათ? კიდევ ერთხელ გაგვასწრესო, – სად გაგვასწრეს? რით გაგვასწრეს? ერთადერთი, რაც მკაფიოდ ითქვა ვილნიუსის სამიტზე, ეს არის თარიღი, რა დროსაც უკრაინას, დიდი ალბათობით, მიიღებენ ამ ორგანიზაციაში – ანუ, იმ დღეს, როცა ის რუსეთს ომში დაამარცხებს. ოღონდ, ესეც გაურკვეველია, შეიძლება, კიდევ დამატებითი პერიოდი დასჭირდეს მოსკოვის აღების შემდეგ, იმისთვის, რომ საკანონმდებლო ბაზა NATO-ს სტანდარტებთან კიდევ უფრო დააახლოოს და ა.შ. იგივე ფორმულა გადმოგვიგდეს საქართველოსთვის – უკრაინის გზას დაადექითო, მეორე ფრონტი გახსენითო, ამ ომში მონაწილეობა მიიღეთო, თქვენც დაამარცხეთ რუსეთიო, მაგრამ, ეს მოგება ავტომატურად იმის ტოლფასი არ იქნება, რომ NATO-ს წევრები გახდებითო. შეიძლება, ჩვენთანაც რევიზია ჩატარდეს იმ კუთხით, თუ რამდენად ახლოს ვართ NATO-ს სტანდარტებთან. შესაბამისად, ეს არის ცინიზმი.

ცინიზმი ნომერი ორი: გადახედეთ დასავლეთის იუმორისტული ჟურნალების სამარცხვინო კარიკატურებს, სადაც ომში გახვეული უკრაინის პრეზიდენტს სამარცხვინო კარიკატურებით ხვდებიან. ამ ფაქტს არც ერთი ჩვენი ოპოზიციონერი თუ ოპოზიციის მხარდამჭერი მედია არ ეხმაურება. და საქართველოზე, რომელიც ჩამორჩენილია თურმე უკრაინას NATO-სკენ მიმავალ გზაზე, არც ერთი კარიკატურა არ კეთდება.“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.