Home Blog Page 1722

შეიცვალა თუ არა საქართველომ საგარეო ორიენტაცია

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დავით დავით ზარდიაშვილი

შეიცვალა თუ არა საქართველომ საგარეო ორიენტაცია? ამ შეკითხვას, სულ ცოტა, ორი ასპექტი აქვს – სამართლებრივი და პოლიტიკური.

სამართლებრივ ასპექტზე როცა ვსაუბრობთ, მხედველობაშია კონსტიტუციის 78-ე მუხლი. ეს გარდამავალი კონსტიტუციური ნორმა ავალდებულებს: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.“

უთუოდ ხაზგასასმელია: ჩანაწერი – „თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში“ – აქ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან იმთავითვე ადგენს, რომ ამ გარდამავალი ნორმით მითითებული „მოდუს ოპერანდი“, რამაც საქართველოს მკაფიო და მყარი ადგილი უნდა განაპირობოს საერთაშორისო ურთიერთობების იმ დროის „სტანდარტების“ სისტემაში, არ შეიძლება გასცდეს კონსტიტუციის ფარგლებს, ანუ ამ სახელმწიფოს „მოდუს ვივენდის“. რადგან მიზანი – არ ამართლებს საშუალებას. “კონსტიტუციურობა” კი ეს გახლავთ: კონსტიტუციური ორგანოები მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციით დადგენილი უფლებამოსილებების ფარგლებში მოქმედებენ და მათ კატეგორიულად ეკრძალებათ ამ ფარგლებიდან გასვლა, მიუხედავად იმისა, რა მიზანი ამოძრავებთ. ნორმის გარდამავლობა კი ამას მიუთითებს: სანამ ეს მიზანი – საქართველოს მყარი და მკაფიო ადგილი საერთაშორისო სისტემაში არ მიიღწევა, კონსტიტუციური ორგანოების საგარეო „მოდუს ოპერანდი“ ამ მიზანს ექვემდებარება. მაგრამ ეს მიზანი უნდა განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში და არავითარ შემთხვევაში მის გარეთ. ეს ცალსახაა. ხოლო კონსტიტუციის დაყვანა მის გარდამავალ დებულებამდე – აბსურდია. ასე რომ იყოს, მაშინ კონსტიტუციაში ეს ერთადერთი ნორმა, 78-ე მუხლი ეწერებოდა. ასე არ არის და არც შეიძლება იყოს. ამ თვალსაზრისით რაიმე პრობლემა არ არსებობს. ხოლო პრობლემების გამოგონება და შექმნა ქვეყნისთვის ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს იმთავითვე მოკლებულია. როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით: ანუ პრობლემის გამოგონებაა და ქვეყნისათვის თავს მოხვევა – როგორც ამ ნორმის კონსტიტუციიდან ამოღების მოთხოვნა, ასევე – პირიქით: კონსტიტუციის დაყვანა ამ ნორმამდე.

მეორე ასპექტი „საგარეო ორიენტაციისა“ პოლიტიკურია და აქ მართლაც არსებობს მიზანშეწონილობის ფუნდამენტური პრობლემა: რა უნდა გააკეთოს საქართველომ, როცა საერთაშორისო „მოდუს ვივენდი“ იცვლება და თუკი სამართლებრვადაც შევხედავთ, უკიდურესად რთულდება, ხშირად შეუძლებელიც კი ხდება კონსტიტუციური უფლებამოსილებების ფარგლებში, რაიმე ეფექტიანი ზომის განხორციელება 78-ე მუხლით განსაზღვრული „მოდუს ოპერანდის“ უზრუნველყოფისთვის? როცა რაიმე ორიენტაცია გაქვს, იმთავითვე მიიჩნევა, რომ ეს ორიენტირი შენთვის უძრავია და იმისკენ მოძრაობ. მაგრამ როცა ორიენტირი თავადაც მოძრავი ხდება, თან ისე გაგირბის, კომუნიზმისა რა იყოს, რომ მას ვერასდროს დაეწევი, შეიძლება სიჩქარის გაზრდამ ამ სრბოლაში კისერიც მოგატეხინოს.

რასაკვირველია, აქაც იგივე უნდა ვთქვათ: ორიენტირი ჩვენთვის მყარია, უძრავია და იგი ისაა, რაც კონსტიტუციაში ჩაიწერა: ე.ი. ნატო და ევროკავშირი 2017 წლის არსებული მდგომარეობით, როცა საერთაშორისო „მოდუს ვივენდი“ საქართველოს ადგილს მკაფიოდ, უალტერნატივოდ და ცალსახად მიუთითებდა. ვინც იმას ვერ ხედავს, რომ არც ნატო და არც ევროკავშირი ის აღარ არის, რაც 2017 წელს, როცა კონსტიტუციაში 78-ე მუხლი ჩაიწერა, ცხადია, ვერაფერს ვერ ხედავს და მასთან კამათი არცა ღირს. მეტიც: 78-ე მუხლში დღესაც და მაშინაც იგულისხმება ნატოსა და ევროკავშირის, თუ შეიძლება ასე ვთქვათ – იდეალი, რაც ურყევია, უძრავია, როგორც ორიენტირი და იმავე ღირებულებებზე დგას, იდენტურია, რაზეც ჩვენი კონსტიტუცია: ეროვნულ სუვერენიტეტზე, ერი-სახელმწიფოს ტერიტორიული იურისდიქციის შეუვალობისა და ამ ტერიტორიის ურღვევობის პრინციპებზე, სამართლის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე, კონსტიტუციური ორგანოების სამართლის ჩარჩოში მოქცევაზე და ასევე, კონსტიტუციის საყოველთაოდ სავალდებულობაზე, თვით ხალხისთვისაც: ყველა, მათ შორის ხალხიც, ე.ი. ადამიანთა ნებისმიერი ერთობა ამ ქვეყანაში, ვალდებულია კონსტიტუციურ წესრიგში იცხოვროს, დაიცვას და ამას გაუფრთხილდეს. აქ გამონაკლისი, არც რაიმე „გარდამავლობა“ არ არსებობს და ეს ორიენტირია, თუ გნებავთ, ჩვენი საგარეო ორიენტირიც. ამ თვალსაზრისით საგარეო და საშინაო ორიენტირები იგივეობრივია. რაც გვესმოდა და დღესაც გვესმის, როგორც „ევროკავშირი და ნატო“, ცხადია, ისევ იმისკენა ვართ ორიენტირებულნი. აი, თუკი ისინი თავად შეიცვლიან ამ ორიენტირებს, ჩვენ მაინც მყარად იქ ვიდგებით, როცა 2017 წელს ეს კონსტიტუციაში ჩავწერეთ. ეს იდეალებია და იდეალების დაცვა საქართველოსაც, ევროკავშირსაც და ნატოსაც ერთნაირად მოეთხოვებათ. აქ „ექსკლუზიური პრივილეგიები“ და „ინკლუუზიური ვალდებულებები“ არ და ვერ გამოიყოფა. ამიტომ: პასუხი მყარია – რასაკვირველია, საქართველოს საგარეო ორიენტირი არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად, არანაირად არ შეუცვლია. ერთადერთი, რაც შეიცვალა და ეს ძალიან თვალსაჩინოა, ნატოცა და ევროკავშირიც დაშორდა იმას, რაც ამ სახელწოდებების ქვეშ 2017 წელს იგულისხმებოდა. და დღესაც ჩვენში იგივე იგულისხმება.

სასამართლომ „ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ყოფილი დირექტორი და ყოფილი ბუღალტერი დამნაშავედ ცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბის და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, ორი პირი დამნაშავედ ცნო.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბის და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, ორი პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ „ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ყოფილმა დირექტორმა და ამავე საწარმოს ბუღალტერმა, სხვადასხვა დროს, ქედის მუნიციპალიტეტის მიერ ამბულატორიული მომსახურების პროგრამისთვის გათვალისწინებული თანხები, სარგებელის მიღების მიზნით უკანონოდ გადარიცხეს თავიანთ საბანკო ანგარიშებზე, რის შედეგადაც საწარმოს ყოფილმა დირექტორმა – 97 933 ლარი, ხოლო ყოფილმა ბუღალტერმა -22 035 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.

„ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ყოფილი დირექტორი სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება ჯგუფურად), სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და სსკ-ის 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

რაც შეეხება ამავე საწარმოს ყოფილ ბუღალტერს, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხელი შეუწყო მტკიცებულებების მოპოვებას და სრულად აანაზღაურა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი, მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის და საქართველოს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

დოკუმენტი სამ განზომილებას მოიცავს – პოლიტიკურს, ეკონომიკურსა და საერთაშორისოა.

კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი 2023 წლის 26 ივლისიდან პირველ აგვისტომდე ჩინეთში ვიზიტის დროს ქ. ჩენგდუში ესწრებოდა საერთაშორისო საუნივერსიტეტო სპორტული ფედერაციის (FISU) 31-ე მსოფლიო საზაფხულო თამაშებს. ვიზიტის განმავლობაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ქ. ჩენგდუში შეხვდა, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ლი ციანი – ქ. პეკინში. მხარეებს შორის წარიმართა სიღრმისეული საუბარი ორმხრივი ურთიერთობების, ურთიერთ-ხელსაყრელი საერთაშორისო და რეგიონალური საკითხების შესახებ და მიღწეული იქნა ფართო კონსენსუსი. მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხში აიყვანონ ორმხრივი ურთიერთობები.

მხარეები მიიჩნევენ, რომ 1992 წლის 9 ივნისს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა ნაყოფიერი შედეგების მომტანია სხვადასხვა მიმართულებით. საერთაშორისო და რეგიონალური ვითარების ინტენსიური და კომპლექსური განვითარების ფონზე, მხარეები იზიარებენ ვალდებულებას გააფართოვონ თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთაშორისო საკითხებში, გააღრმავონ ორმხრივი ურთიერთობები და ერთობლივად უზრუნველყონ რეგიონალური და გლობალური მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.

პოლიტიკური განზომილება

1.1. მხარეები ადასტურებენ პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს.

1.2. მხარეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არსებული საერთაშორისო მდგომარეობისა და ეკონომიკური გლობალიზაციის პირობებში, ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი კავშირების მნიშვნელობამ საგრძნობლად იმატა. მხარეები ერთმანეთს მიიჩნევენ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად, ხოლო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას თავიანთი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად მიიჩნევენ.

1.3. საქართველოს სწამს, რომ ჩინეთის მოდერნიზაცია ახალ გზას და ახალ არჩევანს სთავაზობს კაცობრიობას მოდერნიზაციის მისაღწევად. მხარეები გამოთქვამენ მზაობას მმართველობის სფეროში არსებული გამოცდილების გაცვლის კუთხით, საერთო განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

1.4. მხარეები მზად არიან გააძლიერონ მაღალი დონის პოლიტიკური კონსულტაციები საერთო ინტერესების მქონე საკითხებზე და გაამყარონ სტრატეგიული ურთიერთ-ნდობა.

1.5. მხარეები ხაზს უსვამენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, ისევე როგორც პოლიტიკურ ჯგუფებსა და პარტიებს შორის კავშირების გაფართოების აუცილებლობას, რათა მოხდეს გამოცდილების გაზიარება და ურთიერთობის გამყარება სხვადასხვა მიმართულებით.

1.6. ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებისა და განვითარების მიმართულებით ჩინეთისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, მხარეები ხაზს უსვამენ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას მრავალი მიმართულებით და სხვადასხვა დონეზე, ისევე როგორც კომუნიკაციისა და კონსულტაციების მნიშვნელობას შესაბამის რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ეკონომიკური განზომილება

2.1. მხარეები მიესალმებიან ბოლო წლებში ორმხრივი ვაჭრობის მდგრად ზრდას და გამოხატავენ მზაობას მის შემდგომ მატებასთან მიმართებით, მისი სტრუქტურის ოპტიმიზაციასთან, სასაქონლო ნომენკლატურის გაფართოებასთან, საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ზრდასთან დაკავშირებით.

2.2. საქართველო მიესალმება ჩინეთის მიერ შემოთავაზებული „სარტყელისა და გზის” ინიციატივას. მხარეებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს მთავრობებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას ხსენებული ინიციატივის ფარგლებში, რათა თანამშრომლობა მეტი ძალითა და შესაძლებლობებით წარიმართოს. მხარეები გააძლიერებენ დარგობრივი პოლიტიკის სფეროში კოორდინაციასა და განვითარებაზე ორიენტირებული გეგმების სინერგიას ხსენებული ინიციატივის ფარგლებში; გააღრმავებენ ურთიერთობასა და თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში; მიემხრობიან კონსულტაციებისა და თანამშრომლობის პრინციპს საერთო სარგებლის მისაღებად; ხელს შეუწყობენ ღია, მწვანე და სუფთა თანამშრომლობას „სარტყელისა და გზის” ინიციატივის მიზნების რეალიზებისთვის და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.

2.3. მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას ხელი შეუწყონ ორმხრივ ინვესტიციებსა და ვაჭრობას; მხარეები მოახდენენ თანამშრომლობის სტიმულირებას ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, შუა დერეფნის განვითარებისა და გაძლიერების, ციფრული ტექნოლოგიების, წარმოების, სარკინიგზო ქსელების განახლებისა და განვითარების, სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის, წყლის რესურსების, გარემოს დაცვის, გაუდაბნოებასთან ბრძოლის, წყლის დემინერალიზაციის, სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების, დასავლეთის სამომხმარებლო ბაზრების მიმართულებით ჩინური პროდუქციის შეუფერხებელი ექსპორტისთვის საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების, ტექნოლოგიური მიღწევებისა და ნოუ-ჰაუს გაზიარების, საკადრო რესურსების გადამზადების მიზნით.

2.4. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და საქართველო 2018 წლიდან იღებენ სარგებელს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების სფეროში. ქვეყნები გააგრძელებენ თანამშრომლობის გაღრმავებას ხსენებული შეთანხმების ფარგლებში; ურთიერთ-ხელსაყრელი შედეგების მისაღებად მხარს დაუჭერენ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს ჩინეთისა და საქართველოს საჯარო და კერძო სექტორის სუბიექტებს შორის; აქტიურად მოხდება ხსენებული შეთანხმების გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოყენება.

2.5. მხარეები გამოხატავენ მზაობას ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის კომისიის შემდეგი სხდომის ჩასატარებლად, რათა გაძლიერდეს ინფორმაციის გაზიარება ვაჭრობის, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურისა და სხვა მიმართულებით თანამშრომლობის მიზნით ხსენებული კომისიის ფორმატში, რაც გააძლიერებს ორმხრივი ურთიერთობების ხარისხსა და ეფექტურობას.

2.6. ჩინეთი მიესალმება საქართველოს აქტიურ მონაწილეობას ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში. ჩინეთი მხარს უჭერს ქართულ საწარმოებს ჩინეთის ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმებზე საქონლის რეალიზაციის მიზნით.

2.7. მხარეები გამოხატავენ მზაობას ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გასააქტიურებლად, რათა მოხდეს დარგის საერთო განვითარება. ჩინეთი მიესალმება საქართველოს მონაწილეობას ისეთ ტურისტულ გამოფენებში, როგორიცაა ჩინეთის ყოველწლიური საერთაშორისო ტურისტული ბაზარი.

2.8. ჩინეთი მხარს უჭერს და ხაზს უსვამს თბილისში აბრეშუმის გზის მე-4 ფორუმის მნიშვნელობას, რომლის თემა გახლავთ „დღევანდელი დაკავშირებულობა, ხვალინდელი მდგრადობისთვის” და რომელიც 2023 წლის 26-27 ოქტომბერს გაიმართება ქ. თბილისში.

2.9. ჩინეთსა და ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას საქართველო მიიჩნევს პრაგმატულ, ღია და ურთიერთ-სასარგებლო რეგიონალური თანამშრომლობის პლატფორმად. ჩინეთი მიესალმება საქართველოს ინტერესს ამ თანამშრომლობის მექანიზმში ჩაერთოს დამკვირვებლის რანგში.

2.10. ჩინეთი შეისწავლის საქართველოს მიერ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად პრეფერენციული დაკრედიტების საკითხს.

ხალხთა შორისი და კულტურული ურთიერთობის განზომილება

3.1. ახალ პირობებში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საჭიროების გათვალისწინებით, მხარეები გამოთქვამენ მზაობას აქტიურად აწარმოონ სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობა, განაახლონ შეთანხმება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც 1993 წელს იქნა ხელმოწერილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის.

3.2. ხალხთა შორის კავშირებისა და კულტურული ურთიერთობების სფეროში მეგობრული დამოკიდებულებისა და თანამშრომლობის დიდი პოტენციალის გათვალისწინებით, მხარეები თანხმდებიან გააძლიერონ კულტურული თანამშრომლობა. წახალისდება ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის ვიზიტები, გაძლიერდება თანამშრომლობა ტურიზმის, ჯანდაცვის, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის მიმართულებით. ამასთანავე, გაძლიერდება ურთიერთობები კინემატოგრაფიის, პრესის და საჯარო დიპლომატიის სფეროებში.

3.3. მხარეები შეისწავლიან ჩინეთისა და საქართველოს კულტურის წლების აღნიშვნის შესაძლებლობას და გააგრძელებენ კონსულტაციებს კულტურული ცენტრების დასაარსებლად, რასაც შესაბამისი ხელშეწყობა ექნება.

3.4. მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სფეროებში. განხორციელდება პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების გაცვლითი პროგრამები, გაძლიერდება თანამშრომლობა მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების კომერციალიზაციის სფეროში, განხორციელდება ერთობლივი პროექტები.

3.5. მხარეები ხელს შეუწყობენ უნივერსიტეტებს ერთობლივი სასწავლო პროგრამების მსგავსი პრაქტიკული თანამშრომლობის განხორციელებას; წახალისდება უნივერსიტეტების მიერ მაღალი ხარისხის ციფრული საგანმანათლებლო რესურსების სრული გამოყენება და მათი გათვალისწინება თანამშრომლობის ონლაინ და ოფლაინ ფორმატებში. მხარეები ხელს შეუწყობენ სტუდენტების ურთიერთ-გაცვლას და ერთობლივ განვითარებას, სამთავრობო სასტიპენდიო ინსტრუმენტებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით.

3.6. მხარეები მნიშვნელობას ანიჭებენ ენების შესწავლის მიზნით გაცვლისა და თანამშრომლობის პროგრამებს, წაახალისებენ ორივე ქვეყნის სკოლებს ჩინური და ქართული ენების შესწავლისკენ; მზაობას გამოთქვამენ ენის პედაგოგების გაცვლითი პროგრამების განხორციელებისა და გადამზადებისთვის; მხარს უჭერენ კონფუცის ინსტიტუტების (საკლასო ოთახების) განვითარებას.

საერთაშორისო განზომილება

4.1. მხარეები გააძლიერებენ კოორდინაციას და თანამშრომლობას რეგიონალურ და საერთაშორისო საქმეებში, ჭეშმარიტი მულტილატერალიზმის ერთობლივ მხარდაჭერას; მტკიცედ დაიცავენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ირგვლივ შექმნილ საერთაშორისო სისტემას, საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებზე დამყარებულ საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველზე ძირეულ ნორმებს; წაახალისებენ ახალი სახის საერთაშორისო ურთიერთობების დანერგვას.

4.2. მხარეები მხარს უჭერენ კაცობრიობის საერთო ღირებულებების – მშვიდობის, განვითარების, თანამშრომლობის, სამართლიანობის, დემოკრატიისა და თავისუფლების ხელშეწყობას; პატივს სცემენ ყველა ხალხის დამოუკიდებელ არჩევანს მათი ეროვნული შესაძლებლობების შესაბამისი განვითარების გზის განსაზღვრაში და ხელს უწყობენ კაცობრიობის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების შექმნას.

4.3. საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებული გლობალური განვითარების ინიციატივას და მზადაა აქტიური მონაწილეობა მიიღოს ხსენებული ინიციატივის ფარგლებში წარმოებულ თანამშრომლობაში, რათა დაჩქარდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2030 წლისთვის გაწერილი მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელება.

4.4. საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებული გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას. მხარეებს სურთ ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაძლიერება ხსენებული ინიციატივის ფარგლებში და ერთობლივ ძალისხმევას ახორციელებენ მშვიდობიანი და სტაბილური საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოსთვის, რეგიონში ქვეყნების საერთო განვითარების ხელშეწყობისა და დაცვისთვის.

4.5. საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებული გლობალური ცივილიზაციის ინიციატივას. მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ ხსენებული ინიციატივის განსახორციელებლად.

“უკრაინელებმა ბახმუტის მიმართულებით კიდევ 2 კილომეტრი გაათავისუფლეს” – ანა მალიარი

უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული კვირის განმავლობაში, კონტრშეტევის შედეგად,ბახმუტის მიმართულებით კიდევ 2 კილომეტრი გაათავისუფლეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით შეტევის დროს, უკრაინის დამცველებმა, სერთო ჯამში, 37 კვ. კმ. ტერიტორიის დეოკუპაცია განახორციელეს.

“გასული კვირის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა ამ მიმართულებით 2 კვ. კმ. გაათავისუფლეს. უკრაინელი სამხედროები წარმატებულ შეტევითი ოპერაციებს აწარმოებენ ქალაქ ბახმუტის სამხრეთით რაიონებში”, – განაცხადა ანა მალიარმა.

ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე ცხრა მოქალაქე დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე ცხრა მოქალაქე დააკავეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს ცხრა პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, აქციით დახვდნენ.

“ბირთვული იარაღი მზადაა, თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებული იქნება”-მედვედევი

ბირთვული იარაღი მზადაა, თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებული იქნება, – ამის შესახებ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, თუ „სხვა გამოსავალი“ არ იქნება. თუ მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინა თავისი კონტრშეტევით დაიკავებს რუსეთის ტერიტორიას, სტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებას ალტერნატივა არ ექნება.

„უბრალოდ ბირთვული იარაღის გამოყენების გარდა სხვა გამოსავალი არ იქნება, თუ უკრაინა შეტევებით რუსეთის ტერიტორიას აიღებს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ნატოს მიერ მხარდაჭერილი შეტევა წარმატებული გამოდგა და მათ წაგვართვეს ჩვენი მიწის ნაწილი: მაშინ ჩვენ მოგვიწევს გამოვიყენოთ ბირთვული იარაღი. ამიტომ ჩვენმა მტრებმა უნდა სცენ პატივი ჩვენს მეომრებს. ისინი იცავენ გლობალური ბირთვული ცეცხლის გაღვივებისგან“, – განაცხადა მედვედევმა სოციალურ მედიაში.

“ხალხის ძალა” განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ჯორჯიან თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:

„ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრამ ჩვენი ეროვნული სიამაყის განცდა კიდევ ერთხელ გააღვიძა. მილიარდნახევრიანი მოსახლეობისა და მსოფლიოს მეორე, 20-ტრილიონიანი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს თანასწორი მიღება გაუმართა.

შეიძლება ვინმემ ისიც თქვას, რომ როდესაც ერთი სახელმწიფოს ლიდერი მეორე სახელმწიფოს ლიდერს თანასწორ მიღებას უწყობს, ეს სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. შეიძლება ეს მართალიცაა, თუმცა, ჩვენ უკვე მრავალი წელია მიგვაჩვიეს, რომ დიდ ქვეყანას ჩვენს პატარა ქვეყანასთან მხოლოდ ბატონყმური ურთიერთდამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს.

უკვე მრავალი წელია, საქართველოს ზემოდან უყურებენ; საქართველოს განიხილავენ არა როგორც ღირსეულ პარტნიორს, არამედ როგორც ტერიტორიას, რომელიც აუცილებლად აგენტურის ხელით უნდა იმართებოდეს; შეურაცხყოფას გვაყენებენ აბსურდული რეზოლუციებითა და განცხადებებით; მფარველობენ დიქტატორებსა და დამნაშავეებს და ითხოვენ ბიძინა ივანიშვილის დასჯას, რომელმაც საქართველო აგენტურისგან გაათავისუფლა და ქვეყანას რეალური სუვერენიტეტი დაუბრუნა; გვაიძულებენ მანკიერი გარე ინტერესების შესაბამისად ვცვალოთ საქართველოს კონსტიტუცია, უპრეცედენტო და აბსურდული ცვლილებები შევიტანოთ კანონებში; გვთხოვენ ცალ ფეხზე დგომას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელსაც მხოლოდ პოლიტიკური განაცხადის დატვირთვა აქვს.

ამერიკის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების ლიდერს ბოლოს 2017 წლის მაისში შეხვდა, როდესაც დონალდ ტრამპი გიორგი კვირიკაშვილს გაესაუბრა. მას შემდეგ 6 წელიწადზე მეტი გავიდა და ქვეყანაში სამი პრემიერ-მინისტრი შეიცვალა, თუმცა, ჩვენ ჯერ ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრის კანდიდატის სტატუსსაც კი არ გვანიჭებენ. ეს ქედმაღლური და ბატონყმური დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია ჩვენი პატარა, მაგრამ უნიკალური ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყნისთვის.

ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრა იმის კიდევ ერთი ნიშანია, რომ საქართველო ღირსებასა და ეროვნული სიამაყის განცდას იბრუნებს, რაც ასე ძალიან გვაკლდა წლების განმავლობაში. დღეს საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენულია, როგორც არასდროს და სწორედ დამოუკიდებლობის განმტკიცების ხარჯზე ახერხებს, მშვიდობის შენარჩუნებასა და ეროვნული ინტერესების დაცვას საერთაშორისო ასპარეზზე. თუ წინა წლებში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ქართველების სიამაყის განცდა მინიმუმამდე იყო დასული, ბოლო კვლევების თანახმად, ნახტომისებური წინსვლა აღინიშნება, რაც სწორედ იმის შედეგია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბატონყმურ ურთიერთობებზე უარი თქვა და თავს აღარავის უხრის.

ახლა საჭიროა შიდა პოლიტიკაში ანალოგიური გარდატეხის შეტანა, რაც ხალხის სიამაყის განცდას საბოლოოდ გაამყარებს. ვიდრე აგენტურა, კოლექტიური ნაცმოძრაობის სახით, ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს ინარჩუნებს, შეუძლებელია ხალხის სიამაყის განცდა მაღალ ხარისხში იყოს და მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობდეს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. შესაბამისად, აუცილებელია მივაღწიოთ ისეთივე შიდაპოლიტიკურ გარდატეხას, როგორსაც საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მიაღწია, რისი საბოლოო შედეგიც პოლიტიკიდან კოლექტიური ნაცმოძრაობის, უცხოური აგენტურის საბოლოოდ ჩამოშორება უნდა იყოს“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

რუსებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

31 ივლისის ღამეს რუსეთის ძალებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.

რუსებმა ხარკოვს S-300 ტიპის რაკეტებით ბელგოროდის ოლქის ტერიტორიიდან დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო პროკურატურის პრესმდივანზე, დიმიტრი ჩუბენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსმა ოკუპანტებმა ბელგოროდის ოლქის ტერიტორიიდან ჩვენს რეგიონში S-300 რაკეტები გაუშვეს”, – აცხადებს ჩუბენკო. მისი თქმით, ერთ-ერთი რაკეტა ნოვობავარსკის რაიონის ტერიტორიაზე, კომერციული საწარმოს საწყობს მოხვდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. ასევე, დარტყმის შედეგად 200 კვ.მ ფართობზე ხანძარი გაჩნდა.

გარდა ამისა, კიდევ ერთი რაკეტა სოფელ ველიკი ბურლუკში კერძო სახლის ტერიტორიაზე დაეცა. თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვმა მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვისს თქმით, სავარაუდოდ ორი დარტყმა განხორციელდა. წინასწარი მონაცემებით, დაზიანდა არასაცხოვრებელი ნაგებობა. ადგილზე გაჩნდა ხანძარი. „დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ“, – განაცხადა ტერეხოვმა.

ჩინეთში, ტაიფუნ „დოქსურის“ გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ფილიპინებსა და ტაივანში ნგრევის გამოწვევის შემდეგ, ტაიფუნმა „დოქსურმა” ჩინეთის დედაქალაქს გადაუარა.

სახელმწიფო მაუწყებლის, CCTV-ს ცნობით, პეკინში საცხოვრებელი სახლები მაღალი რისკის ზონებში მცხოვრებმა 31 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. კიდევ 20 000 მოქალაქის ევაკუაცია კი მეზობელი ჰებეის პროვინციის დედაქალაქიდან განხორციელდა.

ხელისუფლებამ დედაქალაქისა და მიმდებარე რაიონების მოსახლეობა მოსალოდნელი წყალდიდობის, მეწყერისა და ღვარცოფის შესახებ გააფრთხილა.

ამ დროისთვის ჩინეთში ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ შემცირებული ინტენსივობის მიუხედავად ტაიფუნ „დოქსურისგან” მოსალოდნელი საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს ძლიერი ტაიფუნი „დოქსური“ რამდენიმე დღის წინ დაატყდა თავს. სტიქიური უბედურების გამო ტაივანში სკოლები დროებით დაიხურა და ავიარეისები გაუქმდა. „დოქსურმა“ ჩრდილოეთ ფილიპინების სანაპირო ზოლსაც გადაუარა და ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

NASA საკუთარ სტრიმინგ-სერვისს აამუშავებს

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველომ საკუთარი სტრიმინგ-სერვისის NASA+-ის შექმნის შესახებ განაცხადა. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სერვისი 2023 წლის ზაფხულში ამუშავდება. პლატფორმაზე შესაძლებელია იქნება NASA-ს პირდაპირი ტრანსლაციებისა და კოსმოსური მისიების შესახებ გადაღებული სერიალების ნახვა. მომავალში სხვადასხვა ორიგინალური პროექტის გადაღებაც იგეგმება.

სტრიმინგის მეშვეობით NASA-ში კოსმოსური კვლევების უკეთ გაშუქებასა და აღმოცენებითა და ინოვაციებით ხალხის შთაგონებას გეგმავენ. NASA+-ზე არ იქნება რეკლამა, სერვისზე წვდომა კი უფასო იქნება.

პლატფორმა ხელმისაწვდომი იქნება iOS-ზე, Android-ზე, NASA-ს ვებგვერდზე, Roku-ზე, Apple TV-სა და Fire TV-ზე.

ორივე ვადის განმავლობაში თქვენ ღირებულად მიგყავდათ წინ საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან-ჩინეთის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს

ვიცი, რომ მეორე ვადით მართავთ ქვეყანას პრემიერ-მინისტრის რანგში. ორივე ვადის განმავლობაში თქვენ ღირებულად მიგყავდათ წინ საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან. ამ ძალისხმევას დიდად ვაფასებთ, – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი ციანმა, საქართველოს პრემიერთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობა და თანამშრომლობა ახალ განზომილებაში გადაიყვანოს.

“მადლობას მოგახსენებთ მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად ჩინეთში ჩამობრძანებისა და პეკინში სტუმრობისათვის. თქვენ ძალიან ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე ბრძანდებით საქართველოში და ჩინელი ხალხის დიდი ხნის მეგობარი.

ვიცი ასევე, რომ მეორე ვადით მართავთ ქვეყანას პრემიერ-მინისტრის რანგში. ორივე ვადის განმავლობაში თქვენ ღირებულად მიგყავდათ წინ საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან. ამ ძალისხმევას დიდად ვაფასებთ.

გასულ წელს ჩვენმა ორმა ქვეყანამ აღნიშნა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე, ხოლო რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ჩენგდუში თქვენ მნიშვნელოვანი შეხვედრა გქონდათ პრეზიდენტ სი ძინპინთან. საუბარი იყო ჩვენი ორმხრივი კავშირების ახალ ერაზე და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე.

მოგვიანებით ჩვენი ორი ქვეყანა უმასპინძლებს სავაჭრო-ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც გაზრდის ჩვენს ორ მთავრობასა და ბიზნესწრეებს შორის კომუნიკაციასა და კოორდინაციას.

ჩვენი ქვეყნების მიერ გამოქვეყნდება ასევე ერთობლივი კომუნიკე ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანის მიზნით. ეს მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენა იქნება ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში.

ჩინეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობა და თანამშრომლობა ახალ განზომილებაში გადაიყვანოს”, – განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა.

” ერთი კონკრეტული გზავნილით ჩამოვედი – გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი კავშირები, ურთიერთობა და მეგობრობა”-ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის პრემიერს

ერთი კონკრეტული გზავნილით ჩამოვედი – გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი კავშირები, ურთიერთობა და მეგობრობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან ლი ციანთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს და ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე გაზრდა მოიტანს ცვლილებებსა და კონკრეტულ შედეგებს საქართველოსა და ჩინეთში.

„ბატონო პრემიერო, დიდი პატივი და სიამოვნებაა ჩემთვის დღეს თქვენთან შეხვედრა. უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვა რომ დიდად ვაფასებთ ჩინეთთან ურთიერთობას და მეგობრობას.

ერთი კონკრეტული გზავნილით ჩამოვედი – გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი კავშირები, ურთიერთობა და მეგობრობა.

ბატონო პრემიერო, მე მქონდა პატივი და შესაძლებლობა შევხვედროდი პრეზიდენტ სი ძინპინს ქ. ჩენგდუში და უსაზღვროდ მადლობელი ვარ მისი თბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის.

ასევე, მქონდა პატივი დავსწრებოდი მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიას, რომელიც ფანტასტიკური და დიდად სანახაობრივი იყო. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მადლიერება პრეზიდენტი სი ძინპინისა და თქვენდამი.

ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი პატივი გვერგო იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ჩვენს ურთიერთობას სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ზრდის.

მიმაჩნია, რომ ეს მოიტანს კონკრეტულ შედეგებს საქართველოსა და ჩინეთში. ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რაც უკვე ვახსენე პრეზიდენტ სი ძინპინთან, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს. აქვე მინდა გამოვხატო მადლიერება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

დიდად ვაფასებთ ჩინეთთან მეგობრობას და თანამშრომლობას. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას და საუბარს, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა!”, – განაცხადა პრემიერმა.