Home Blog Page 1718

“საქართველოს მთავრობის საქმეა, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან”-კელი დეგნანი

საქართველოს მთავრობის საქმეა, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან, ბევრი ქვეყანა ზურგს აქცევს „ერთი სარტყელის და გზის ინიციატივას“, ეს მას შემდეგ ხდება, რაც რამდენიმეწლიანი დაკვირვების შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს ინიციატივა არც ისეთი სასარგებლო იყო მათი ქვეყნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

დეგნანის თქმით, საქართველოს არჩევანია, ვინ იქნება მისი პარტნიორი.

„პირველ რიგში მივულოცავ ყველა ქართველ სპორტსმენს, ვინც მონაწილეობდა ზაფხულის საუნივერსიტეტო თამაშებში ჩენგდუში. დიდებული სანახავი გახლდათ ქართული დროშა, რომელიც ამ თამაშებზე იყო წარმოდგენილი. რაც შეეხება საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის საქმეა, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან. ბევრი ქვეყანა ზურგს აქცევს „ერთი სარტყელის და გზის ინიციატივას“, ეს მას შემდეგ ხდება, რაც რამდენიმეწლიანი დაკვირვების შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს ინიციატივა არც ისეთი სასარგებლო იყო მათი ქვეყნებისთვის. თუ საქართველო გადაწყვეტს, რომ ეს ინიციატივა გამოიყენოს, იმედს ვიტოვებ, რომ ეს კარგ შედეგებამდე მიიყვანს. ჩანდა, რომ ეს ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო. საქართველოს არჩევანია, ვინ იქნება მისი პარტნიორი. აშშ რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად, როგორც ეს იყო გასული წლების განმავლობაში. ჩვენი თანამშრომლობის ისტორია ძალიან პოზიტიურია და მკაფიოდ აჩვენებს იმ კონკრეტულ სარგებელს, რომელიც მოიტანა აშშ-ის და საქართველოს პარტნიორობამ“, – განაცხადა დეგნანმა.

“მივესალმები ყველა სტუმარს, როცა არ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა” – ჯანდაცვის მინისტრი

მე მივესალმები საქართველოს ყველა სტუმარს, როცა არ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა. ეს არის ჩემი პასუხი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სოჭიდან წამოსული ლაინერის ბათუმში შემოსვლას და აღნიშნულთან მიმართებაში მოქალაქეთა პროტესტს გამოეხმაურა.

ცნობისთვის, ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ “ასტორია გრანდეს” გამთენიისას საპროტესტო აქციით დახვდნენ. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. ადგილზე იყო ხმაური. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე.

“რუსეთი უკრაინაში მათ შორის აფრიკისთვის იბრძვის”- ზახაროვა აფრიკელ ჟურნალისტებს

რუსული ძალები უკრაინაში აფრიკისთვის და მთელი მსოფლიოსთვის იბრძვიან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა. ინფორმაციას 24tv.ua/ru ავრცელებს.

„თქვენ ვერ ხედავთ, რისთვის ვიბრძვით? ვერ ხედავთ რისთვის იღუპებიან ჩვენი ბიჭები? ისინი საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ აფრიკის კონტინენტის და მთელი მსოფლიოს უფლებას, რომ იყოს თავისუფალი,“ – განაცხადა ზახაროვამ.

ცნობისთვის, 27-28 ივლისს სანქტ-პეტერბურგში გაიმართა სამიტი „რუსეთი-აფრიკა“.

2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 1-ელ აგვისტოს, 10:00 საათიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფიო გორგოძის თქმით, 2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 1-ელ აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

როგორც მან გამოცდების ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ყველა საგნის შედეგების გამოცხადების შემდეგ, აბიტურიენტებს სამი დღე ექნებათ იმისთვის, რომ ქულებთან დაკავშირებით სააპელაციო განაცხადები შეიტანონ.

მისივე თქმით, აპელაციის შედეგების გამოცხადებიდან, მეორე დღის საღამოს ექვს საათამდე, აბიტურიენტებს ექნებათ საშუალება, რომ მათი საგამოცდო ჩამონათვალი ქულებიდან გამომდინარე ადეკვატურად შეცვალონ.

“2023 წლის ზაფხულის გამოცდები დასრულდა. 75 000-ზე მეტი აპლიკანტი გვყავდა. მათ 24 საგამოცდო ცენტრი და 3000 თანამშრომელი ემსახურებოდა. მინდა მადლობა ვუთხრა მათ და ასევე ყველა იმ უწყების წარმომადგენელს, რომელიც მუშაობდა იმისთვის, რომ გამოცდები კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში ჩაგვეტარებინა. მოგეხსენებათ, წელს რეკორდული რაოდენობის, 45 000 აბიტურიენტი გვყავდა. მათგან გამოცდაზე 94% გამოცხადდა. მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე 18 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა და გამოცდაზე 82% გამოცხადდა. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 10 000 მსურველი იყო და 80% გამოცხადდა გამოცდაზე. დაბოლოს, 3000-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა გრანტის მოპოვების მსურველთა გამოცდაზე და მათი 75% უშუალოდ გამოცხადდა ადგილზე.

შედეგების გამოქვეყნება ხვალ დილის 10 საათიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. აბიტურიენტები თავიანთ პირად გვერდზე უნდა შევიდნენ. შეიყვანონ პირადი მონაცემები, პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი, რის შემდეგაც ისინი პირველად შედეგს ნახავენ. აპელაციების შემდეგ შესაძლებელია ქულები შეიცვალოს.

აპელაციები ყველა საგნის შედეგის გამოცხადების შემდეგ დაიწყება. სააპელაციო განაცხადის შემოსატანად აბიტურიენტებს სამი დღე ექნებათ. განაცხადების შემოტანა ონლაინ შეუძლიათ.

აპელაციის შედეგების გამოცხადებიდან, მეორე დღის ექვს საათამდე, აბიტურიენტებს აქვთ საშუალება, მათ საგამოცდო ჩამონათვალში ცვლილებები შეიტანონ. მას შემდეგ რაც გაიგებენ ქულებს, ისინი ნახავენ კონკურსს თითოეულ სასურველ პროგრამაზე და შეუძლიათ მათი ჩარიცხვის შანსები უფრო ობიექტურად შეაფასონ”, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

“საქმე გვაქვს სიყალბესთან, რომელიც საკმაოდ სერიოზულად გადმოსჩქეფს „ნაცმოძრაობის“ ამ აქციაში”-ვოლსკი

„ქაჯობა” ყველაზე მსუბუქი შეფასებაა, რაც კობახიძემ გააკეთა – საქმე გვაქვს სიყალბესთან, რომელიც საკმაოდ სერიოზულად გადმოსჩქეფს “ნაცმოძრაობის” ამ აქციაში, – ასე გამოეხმაურა  პარლამენტის პირველი ვიცე – სპიკერი გიორგი ვოლსკი ბათუმში სოჭიდან შემოსულ ლაინერთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციას.

მისი თქმით, ლაინერის შემოსვლას “ის ხალხი აპროტესტებს, ვინც კუდის ქიცინით ხვდებოდა რუსეთის მხრიდან შემოსულ ტურისტებს, ეკონომიკას და ვინც, მთელი საქართველოს სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიყიდა”.

“საქმე გვაქვს სიყალბესთან, რომელიც საკმაოდ სერიოზულად გადმოსჩქეფს „ნაცმოძრაობის“ ამ აქციაში, შეიძლება,გულწრფელადაც არის ვინმე იქ მისული, მაგრამ ეს არის ხალხი, ვინც კუდის ქიცინით ხვდებოდა რუსეთის მხრიდან შემოსულ არამარტო ტურისტებს, ეკონომიკას და მთელი საქართველოს სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიყიდა. ახლა ზუსტად იგივე ხალხი აპროტესტებს იმ გაგებით, რომ თურმე ლაინერმა დაარღვია საოკუპაციო კანონი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.

რუსეთთან რასაკვირველია როგორც პოლიტიკურად, მორალურადაც ყოველთვის მართლები ვიყავით 90 – იანი წლებიდან მოყოლებული. ამ სტრატეგიულ დაპირისპირებას ჩვენს და რუსეთს შორის აქვს გარკვეული განზომილებები, სადაც “ნაცმოძრაობა” არ მოიაზრება არანაირად როგორც რაიმე პოზიტივის მატარებელი. ამ ურთულეს სიტუაციაში ის პოლიტიკა, რასაც “ნაცმოძრაობა” ანუ გუშინდელი რუსეთისადმი მლიქვნელი პოლიტიკური ძალა ატარებს, არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა ღმერთს თავის რაოდენობით ბევრნი არ არიან, თუმცა ხმაური და გადაცდომები, მათ შორის პოლიციასთან დამოკიდებულება არის თვალში საცემი.

მათ სურთ პოლიტიკური შინაარსი მიეცეს ყველაფერს, რასაც ჰქვია რუსეთთან ურთიერთობა. არც ერთი ნიშანი, არც ეკონომიკური სანქციების არიდება არ დაადასტურეს ყველაზე მაღალმა შემმოწმებლებმა, მათ შორის აშშ- დან, არავინ ამას არ ადასტურებს, გარდა “ნაცმოძრაობისა”, რომლებიც შავ ხვრელებს იქ არ ეძებენ, სადაც უნდა ეძებდნენ, სადაც არის ეს შავი ხვრელები არის მათი მოღალატეობრივი საქმიანობა, რომელიც საქართველოს აზიანებს უკვე სერიოზულად დაახლოებით 2006 წლიდან მოყოლებული, როცა ვითომ პატრიოტული დროშის ქნევით რუსებს ჩააბარეს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი და ყველა საკვანძო სტრატეგიული ობიექტი. ეს არის მოღალატეობრივი შინაარსის მქონე პოლიტიკური პარტია, რომელიც ყალბ აქციებს აწყობს, რათა გადაფაროს ის დანაშაულებები, რაც მათ შორის, ჰქონდათ რუსეთთან ურთიერთობაში და 2008 წელს სამხედროების ცხედრები არ იყო ჯერ გაციებული, როცა კუდის ქიცინით ხვდებოდნენ შემოსულ რუსებს ჩვენს ტერიტორიებზე,”- განაცხადა ვოლსკიმ.

ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, აქციით დახვდნენ. აქციაზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

“დღეს შექმნილი სტატუს-კვო მიანიშნებს, რომ ეს ომი სწრაფად ვეღარ დასრულდება” – გიორგი ცუცქირიძე

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: გიორგი ცუცქირიძე

ომები, ყოველთვის ითვლებოდა სიცრუის ხელოვნებად. ომში მონაწილე არც ერთი დაპირისპირებული მხარე არ აშუქებს ომს რეალური სცენარით, პირიქით ყოველთვის მალავს რეალურ ან სტრატეგიულ ინფორმაციას: საომარი მოქმედებების ინტენსივობაზე, ცოცხალ ძალაზე, დაღუპულთა და დასახიჩრებულთა რიცხვზე, შეიარაღებაზე თუ ლოკაციებზე, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ორივე მხარეს რუსეთ-უკრაინის ომს ვგულისხმობ დამატებითი ინფორმაციის მიღება კოსმოსიდანაც შეუძლია.

ალბათ ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა იყო რუსეთ-საქართველოს ომის პირველი დღეები, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი საინფორმაციო საშუალებები ღიად გადმოსცემდნენ ქართული საჯარისო ნაწილების ლოკაციებს, არ ვიცი გამარჯვებაში ბრმად დარწმუნებული, მათთვის დამახასიათებელი სიბრიყვის გამო თუ მიზანდასახულად, თითქოსდა რუსებს არა მხოლოდ დაჟანგებული ტექნიკა ჰქონდათ, არამედ ინფორმაცია კოსმოსიდანაც აღარ მიეწოდებოდათ!

თანამედროვე ომების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტიც არის სწორედ საინფორმაციო ომი, რომელიც ომის დაწყებამდეც მიმდინარეობს და ომის მსვლელობის დროსაც. აქ იგულისხმება როგორც ელექტრონული და ბეჭდვითი მედია საშუალებები, თავიანთი პოლიტიკური თოქ შოუებით თუ სოციალური ქსელების, ექსპერტების და საზოგადოების ცნობადი სახეების აქტიური ჩართულობით!

ბუნებრივია, თუ რა ხდება სინამდვილეში, ინფორმაცია მაინც გადის თუ ცალკეული ექსპერტ-ანალიტიკოსების თუ თავად ოფიციალური არხებიდანაც, რადგან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ინფორმაციის სრული დახშობა არა თუ ირანში, არამედ ჩრდილოეთ კორეაშიც კი შეუძლებელი იქნებოდა.

როდესაც ძალთა ბალანსზე მიდის მსჯელობა, თუ უკრაინის არმია დღეს იგივე არ არის, რაც ომის დაწყების პირველ დღეებში იყო, შეიარაღებითაც, ლოჯისტიკითაც და მომზადების დონითაც, იგივე უნდა ითქვას რუსულ არმიაზეც. ომის წელიწადნახევრის პერიოდში, რუსეთმაც გამოიტანა დასკვნები კიევზე წარუმატებელი შტურმიდან და უკრაინის პირველი ეფექტური კონტრშეტევიდან და ფაქტობრივად არა მხოლოდ გადააწყო საჯარისო ნაწილები, არამედ გაასწორა რა ფრონტის ხაზი, შექმნა თავდაცვის საკმაოდ კარგი სისტემაც. უკრაინელთან რიგით მეორე კონტრშეტევაც რომ ვერ აღმოჩნდა ისეთივე წარმატებული როგორც პირველი, ამ ფაქტორის შედეგია. უკრაინელთა პირველი კონტრშეტევის წარმატება გარდა მოულოდნელობის ეფექტისა, რასაც რუსეთის გენშტაბი უბრალოდ არ მოელოდა, სხვა ფაქტორებმაც განაპირობა, და პირველ რიგში თავდაცვის და ლოგისტიკის სისუსტეებმა, რუსებმა უბრალოდ იმ დროს გადაჯგუფებაც კი ვერ მოასწრეს.

დღეს შექმნილი სტატუს კვო, მიანიშნებს, რომ ეს ომი სწრაფად ვეღარ დასრულდება. უკრაინისათვის ვერც 30 თანამედროვე მოიერიშე ფ 16-ების გადაცემა და ვერც 100 ტანკის მიწოდება ბევრს ვერაფერს შეცვლის. ფიგურალურად რომ ვთქვატ უკრაინას შეიძლება ჰყავდეს მერსედესი, რომელიც 2 საათში გაივლის კონკრეტულ სამიზნე მანძილს, მაგრამ რუსული ნივაც გაივლის იგივე მაინძილს თუნდაც 3 საათში.

საბჭოთა კავშირის დროსაც კი თუ ამერიკის დომინირება უფრო იყო ჰაერში და ზღვაზე ავიაციის და სამხედრო ესკადრელიის სახით, საბჭოთა კავშირს ჰქონდა საკმაოდ მაღალი დონის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომელიც რუსეთს მემკვიდრეობით ისედაც ერგო, სხვათა შორის ამ სისტემების ნაწილი ერგო უკრაინასაც.

თუ დავაკვირდებით რუსეთი დღეს ნაკლებად იყენებს საჰაერო ავიაციას, მიუხედავად ცაში რიცხობრივი უპირატესობისა, რადგან დასავლეთის დახმარებით მოდერნიზებული უკრაინული თავდაცვის სისტემები საკმაოდ ეფექტურად უმკლავდება რუსულ მოიერიშეებს და ჩვენ ვხედავთ, რომ ასზე მეტი საფრენი აპარატი ჩამოაგდო კიდეც. ამიტომაც რუსები ძირითადად დრონებს და სარაკეტო არსენალს იყენებენ ქალაქების თუ სამხედრო ლოკაციების დასაბომბად.
ეს ომი კი, როგორც ადრეც აღვნიშნე, სულ უფრო მეტად მიდის ვიეტნამის სცენარისკენ და ვფიქრობ დასავლეთის გათვალა ამას ეფუძნება. ამ ომის გაჭიანურებისას თუნდაც საომარი მოქმედებების მეტ-ნაკლები ინტენსივობით, რუსეთს მაინც გაუჭირდება ომის ხარჯების დაფინანსება, პირველ რიგში ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირებისათვის და რამაც საბოლოოდ რუსეთის ეკონომიკის გამოფიტვა უნდა გამოიწვიოს.

მართალია, ბოლო სამი თვეა რუსული ეკონომიკა იზრდება გასულ წელთან შედარებით, მაგრამ შარშან წლის პირველ ნახევარში მას დიდი ვარდნაც ჰქონდა. ამასთან,რუსეთის ენერგეტიკა რაც ეკონომიკის ხერხემალია ფუნქციონირებდა მნიშვნელოვანწილად დასავლური ტექნოლოგიებით და მაღალი დონის ამერიკელი და ევროპელი სპეციალისტების მონაწილეობით, რომლებმაც საერთაშორისო სანქციების დაწესების შემდეგ რუსეთი დატოვეს.

ამასთან, ბოლო წლებში რუსეთის მზარდი როლი ენერგეტიკის, ნედლეულისა და ლითონის მრეწველობის გლობალურ ბაზრებზე ასევე მნიშვნელოვანს ხდიდა გლობალური ღირებულების ჯაჭვების წარმოების პროცესს, რაც ასევე გავლენას ახდენდა ევროზონასთან ვაჭრობაზე მესამე ქვეყნების მეშვეობით და რაც ფაქტობრივად გაწყვეტილია.

რუსეთის ეკონომიკის დროში გამოფიტვაზე იმოქმედებს ევროკავშირის და G7-ის დაწესებული აკრძალვები და ფასების ლიმიტი რუსული ნავთობის საზღვაო იმპორტზეც. ევროკავშირმა თანდათან აკრძალა ქვანახშირის იმპორტი (2022 წლის აგვისტოდან), შემდეგ ნედლი ნავთობის (2022 წლის დეკემბრიდან) და, ბოლო დროს, რაფინირებული ნავთობპროდუქტების (2023 წლის თებერვლიდან) და სულ უფრო მცირდება ევროკავშირის ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე, ხოლო ალტერნატიულ ბაზრებზე რუსეთის მხრიდან ნავთობის უფრო დიდი მოცულობის შეთავაზება ხდება მნიშვნელოვანი, თითქმის 70-80 %-იანი ფასდაკლებით.

ეს ფაქტორები, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს რუსეთში პროდუქტიულობის ზრდაზე, და შეამცირებს ეკონომიკის ზრდის პერსპექტივებს, ოღონდ არა მოკლე, არამედ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში!

ვფიქრობ, დასავლეთის გათვლაც ამაშია და იგი პოსტპუტინისტურ პერსპექტივაზეა აგებული, რაც რეალურად 2025 წელს უფროა მოსალოდნელი. ვიეტნამის ომის სინდრომმა, ეკონომიკის გამოფიტვასთან და გაზრდილ მსხვერპლთან ერთად უნდა გამოიწვიოს ანტისაომარი განწყობების ზრდა რუსულ საზოგადოებაში, რუს ოლიგარქებში და პოლიტწრეებში, რომლებმაც უცხოეთში საკუთარი აქტივების დიდი ნაწილი ფაქტობრივად უკვე დაკარგეს და რაც მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობა უნდა გახდეს! მინიშნებები კი იქნება თავად ამერიკაზე, რომელიც გამოვიდა ვიეტნამიდან, მაგრამ არა თუ დამარცხებული, არამედ გამარჯვებული დღეს მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკით!

და რა უნდა ქნას საქართველომ? საქართველომ უნდა გააგრძელოს თავისი მშვიდობიანი განვითარება ეკონომიკის კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაციით, ახალ ბაზრებზე გასვლით. ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა სულაც არ ნიშნავს არც ევრო-ატლანტიკურ ვექტორზე უარის თქმას, ოპოზიციას ასე რომ წარმოუდგენია და არც ანტიდასავლურ დისკურსად გადაქცევას, რადგან გლობალური მოლაპარაკებების დაწყებისას აუცილებლად დადგება უკრაინის დეოკუპაციის საკითხი, რასაც ბუნებრივია მოლდოვის დეოკუპაციაც მოჰყვება. ყველა სხვა შუალედური სცენარი თუნდაც კორეის მოდელი, ჩვენთვის იქნება წამგებიანი, დეოკუპაციის არა თუ გაურკვეველი ვადით გადაწევის, არამედ ამ ტერიტორიების საბოლოოდ დაკარგვის გამო..

ჩვენი პოლიტიკური კლასის და დიპლომატიის ამოცანაც ეს უნდა იყოს, ყველა საერთაშორისო ფორუმზე, საერთაშორისო მშვიდობის კონტექსტში მკაფიოდ გაჟღერდეს საქართველოს დეოკუპაციის საკითხი.

“ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ისტორიული, საეტაპო მნიშვნელობისაა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში”

ჩინეთი ხდება საქართველოს კიდევ ერთი პარტნიორი და მცველი საერთაშორისო ასპარეზზე და, უწინარესად ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ისტორიული, საეტაპო მნიშვნელობისაა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში.

მისივე თქმით, ნებისმიერი შიდა თუ გარე მავნებლური, არაკომპეტენტური თუ ანგარებიანი განცხადება ასეთ პარტნიორობებზე საქართველოსთვის ანტისახელმწიფოებრივ განზომილებაშია.

„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ისტორიული, საეტაპო მნიშვნელობისაა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში. გამოქვეყნებული შესაბამისი დოკუმენტი ოთხ განზომილებას მოიცავს – პოლიტიკურს, ეკონომიკურს, საერთაშორისოს, ხალხთაშორის და კულტურულ ურთიერთობას.

ჩვენი ქვეყნისთვის სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, სატრანზიტო სფეროებში მეტი სარგებლის, ხალხთა შორის ურთიერთსასარგებლო კავშირების გაღრმავების გარდა, ერთობლივ განცხადებაში ასევე ცენტრალურია საერთაშორისო-პოლიტიკური თანამშრომლობის განზომილება. ზოგადად, რომ შევაფასო ეს განზომილება, აღვნიშნავ შემდეგს – ჩინეთი ხდება საქართველოს კიდევ ერთი პარტნიორი და მცველი საერთაშორისო ასპარეზზე და, უწინარესად ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში.

შემთხვევით არ არის ნახსენები დოკუმენტში, რომ მხარეები გააძლიერებენ კოორდინაციას და თანამშრომლობას რეგიონულ და საერთაშორისო საქმეებში, ჭეშმარიტი მულტილატერალიზმის ერთობლივ მხარდაჭერას. მულტილატერალიზმი კი ნიშნავს მრავალი ქვეყნის ერთ საერთო საკითხზე თანამშრომლობას.
გლობალურ მოვლენათა აზვი

რთებულ ოკეანეში დამოუკიდებელი საქართველო ურთიერთობს ყველა ნამდვილ პარტნიორთან საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად.
ნებისმიერი შიდა თუ გარე მავნებლური, არაკომპეტენტური თუ ანგარებიანი განცხადება ასეთ პარტნიორობებზე საქართველოსთვის ანტისახელმწიფოებრივ განზომილებაშია“ – წერს გია აბაშიძე.

“არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან რუსეთიდან ჩამოსულ ხალხს”- კელი დეგნანი

არ არის მნიშვნელოვანი რას ვფიქრობ მე, მნიშვნელოვანია რას ფიქრობს ქართველი ხალხი, რომლებმაც მკაფიოდ აჩვენეს, რომ არავინ უნდა ელოდოს ქართველებისგან, რომ ისინი მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20 პროცენტი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ბათუმის პორტში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ელჩის თქმით, ქართველები იყენებენ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, რომ გამოხატონ საკუთარი პროტესტი.

„ამ ქვეყნის გამო ოჯახებია დაყოფილი ხელოვნური ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლებით. არავინ უნდა ელოდოს, რომ საქართველოში მიესალმებიან იმ ქვეყნიდან  ჩამოსულ ხალხს, რომელიც აკავებს საქართველოს მოქალაქეებს და ხანდახან ეს რამდენიმე თვე გრძელდება. ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ეს ხალხი სახმელეთო გზით შემოდის, თუ ზღვით. ჩემი აზრით, ქართველი ხალხი მკაფიოდ აჩვენებს, რომ მათ ეს არ სურთ. ქართველები იყენებენ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, გამოხატონ ეს გრძნობა და გააპროტესტონ. ეს გახლავთ დაშვებული დემოკრატიულ სახელმწიფოში და დაშვებულია კონსტიტუციით“, – განაცხადა დეგნანმა.

ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, აქციით დახვდნენ. აქციაზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

“ჩვენმა მტრებმა ჩვენი ჯარისკაცებისთვის უნდა ილოცონ” – დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, კიევის მიმდინარე კონტრშეტევა რომ წარმატებული იყოს, რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება მოუწევდა.

„თუ წარმოვიდგენთ, რომ ნატოს მხარდაჭერით მიმდინარე უკრაინელი ბანდერების კონტრშეტევა წარმატებული იყო და მათ ჩვენი მიწის ნაწილი წაგვართვეს, მაშინ, რუსეთის პრეზიდენტის 06/02/2020 ბრძანებულების წესების შესაბამისად, ბირთვული იარაღის გამოყენება მოგვიწევდა”, – აღნიშნა მედვედევმა.

მისი თქმით, რუსი სამხედროები, უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების მოგერიებით, არა მხოლოდ თავიანთ ქვეყანას იცავენ, არამედ ხელს უშლიან გლობალური კონფლიქტის გაღვივებას.

“ამიტომ, ჩვენმა მტრებმა ჩვენი ჯარისკაცებისთვის უნდა ილოცონ. ისინი არ უშვებენ მსოფლიო ბირთვული ცეცხლის გაჩაღებას”, – აღნიშნა მედვედევმა.

“ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არის დემარში დასავლეთის საწინააღმდეგოდ”-სერგო ჩიხლაძე

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არის დემარში დასავლეთის საწინააღმდეგოდ – პარლამენტს მთავრობისთვის თანხმობა არ მიუცია და ღარიბაშვილი კანონმდებლობას არღვევს, – ასე ეხმაურება  “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, სერგო ჩიხლაძე  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ  საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ გამოქვეყნებულ  ერთობლივ განცხადებას 

მისი თქმით, წარმოუდგენელია ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ადამიანის უფლებების, დემოკრატიის მიმართულებით ისევე, როგორც უკრაინაში რუსეთის აგრესიის პოზიციაზე.

“სტრატეგიულ პარტნიორობის ჩარჩოს განსაზღვრავს პარლამენტი და ეს კანონით არის გათვალისწინებული. ჯერჯერობით სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენ გვაქვს აშშ-სთან. ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე პარლამენტს მთავრობისთვის თანხმობა არ მიუცია. აქაც ბატონი ღარიბაშვილი არღვევს კანონმდებლობას. ამასთან სტრატეგიული პარტნიორობა გულისხმობს სტრატეგიულ პარტნიორობას ყველა მიმართულებით. როგორ წარმოგიდგენიათ სტრატეგიული პარტნიორობა ადამიანის უფლებების მიმართულებით, დემოკრატიის მიმართულებით, უკრაინაში ომის პოზიციასთან მიმართებით?! კარგი და პარტნიორული დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ჩინეთთან უნდა გვქონდეს, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორობა სხვა დონეა და ამას სჭირდება პარლამენტთან შეთანხმება. ეს არის გარკვეული დემარში დასავლეთის საწინააღმდეგოდ, რადგან თუ ხარ სტრატეგიული პარტნიორი აშშ-სი, ევროკავშირის, ცოტა რთულია იგივე დონის სტრატეგიული პარტნიორობა გქონდეს ჩინეთთან. ამ ქვეყნებს არ აქვთ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და უფრო მეტიც, გარკვეული პოლიტიკური ბალანსია დასაცავი. ეს არის გზავნილი დასავლეთის მიმართ, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა არსებული სტრატეგიული პარტნიორობა დაზიანებულია. საქართველოს მთავრობა ახლა უნდა ზრუნავდეს არსებული სტრატეგიული პარტნიორობის შენარჩუნებაზე, გამყარებასა და გაძლიერებაზე უკვე არსებულ სტრატეგიულ პარტნიორებთან და არ უნდა გარბოდეს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის საძებნელად,” – განაცხადა ჩიხლაძემ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პარტნიორობა შემდეგ ოთხ განზომილებას მოიცავს: პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთა შორისი და კულტურული ურთიერთობა; საერთაშორისო.განცხადების თანახმად, მხარეები იზიარებენ ვალდებულებას გააფართოონ თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთაშორისო საკითხებში, გააღრმაონ ორმხრივი ურთიერთობები და ერთობლივად უზრუნველყონ რეგიონალური და გლობალური მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.

“პროტესტის ავანგარდში არიან ის „ნაცები“, რომელთა ბელადი აგვისტოს ომის შემდეგ პირადად ხვდებოდა ლარსზე რუს ტურისტებს”

პროტესტის ავანგარდში არიან ის „ნაცები“, რომელთა ბელადი აგვისტოს ომის შემდეგ პირადად ხვდებოდა ლარსზე რუს ტურისტებს, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით.

„23 ნაცია შეკრებილი ბათუმში ხაბეიშვილის დავალებით და აქვთ ატეხილი წივილ-კივილი. ეს ყალბი აჟიოტაჟი მიმართულია მხოლოდ ერთი რამისკენ – როგორმე ქვეყანაში მოხდეს არეულობა და დაიძაბოს ვითარება, რადგან „მღვრიე წყალში თევზის დაჭერა“ ბევრად მარტივია, თან არ დაგავიწყდეთ, პროტესტის ავანგარდში არიან ის ნაცები, რომელთა ბელადი აგვისტოს ომის შემდეგ პირადად ხვდებოდა ლარსზე რუს ტურისტებს”, – წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

ბათუმის ნავსადგურში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები ნავსადგურში საკრუიზო ლაინერის Astoria Grande, გაჩერებას აპროტესტებენ, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან. ლაინერი ნავსადგურში დილის 06:00 საათისთვის შევიდა. მას აქციის მონაწილეები პროტესტით დახვდნენ. შსს-მ აქციის 9 მონაწილე დააკავა.

რუსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ რეისების მარშრუტებიდან ბათუმი ამოიღო

რუსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ რეისების მარშრუტებიდან ბათუმი ამოიღო. საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ბათუმი აღარ იძებნება.

მანამდე ცნობილი იყო, რომ ლაინერი ბათუმის პორტში ყოველ ორ კვირაში ერთხელ უნდა შემოსულიყო. ახალი მონაცემების მიხედვით კი, აგვისტოდან რეისები ბათუმის მიმართულებით აღარ შესრულდება.

31 ივლისის გამთენიისას ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო გემი შემოვიდა. ლაინერზე ტელეკომპანია RU.TV-ის პროპაგანდისტი წამყვანები და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი მომღერლებიც არიან.

ლაინერის შემოსვლის პარალელურად, ბათუმში მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქცია ბათუმში გვიან ღამით დაიწყო. ადგილზე იყო ხმაური და დაპირისპირებაც. შსს-ში ამბობენ, რომ აქციაზე 9 ადამიანი დააკავეს.

აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლიციამ ბათუმის პორტთან და ნავსადგომთან მისასვლელი მონაკვეთები გადაკეტა.