“დღეს შექმნილი სტატუს-კვო მიანიშნებს, რომ ეს ომი სწრაფად ვეღარ დასრულდება” – გიორგი ცუცქირიძე

660
spot_img

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: გიორგი ცუცქირიძე

ომები, ყოველთვის ითვლებოდა სიცრუის ხელოვნებად. ომში მონაწილე არც ერთი დაპირისპირებული მხარე არ აშუქებს ომს რეალური სცენარით, პირიქით ყოველთვის მალავს რეალურ ან სტრატეგიულ ინფორმაციას: საომარი მოქმედებების ინტენსივობაზე, ცოცხალ ძალაზე, დაღუპულთა და დასახიჩრებულთა რიცხვზე, შეიარაღებაზე თუ ლოკაციებზე, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ორივე მხარეს რუსეთ-უკრაინის ომს ვგულისხმობ დამატებითი ინფორმაციის მიღება კოსმოსიდანაც შეუძლია.

ალბათ ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა იყო რუსეთ-საქართველოს ომის პირველი დღეები, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი საინფორმაციო საშუალებები ღიად გადმოსცემდნენ ქართული საჯარისო ნაწილების ლოკაციებს, არ ვიცი გამარჯვებაში ბრმად დარწმუნებული, მათთვის დამახასიათებელი სიბრიყვის გამო თუ მიზანდასახულად, თითქოსდა რუსებს არა მხოლოდ დაჟანგებული ტექნიკა ჰქონდათ, არამედ ინფორმაცია კოსმოსიდანაც აღარ მიეწოდებოდათ!

თანამედროვე ომების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტიც არის სწორედ საინფორმაციო ომი, რომელიც ომის დაწყებამდეც მიმდინარეობს და ომის მსვლელობის დროსაც. აქ იგულისხმება როგორც ელექტრონული და ბეჭდვითი მედია საშუალებები, თავიანთი პოლიტიკური თოქ შოუებით თუ სოციალური ქსელების, ექსპერტების და საზოგადოების ცნობადი სახეების აქტიური ჩართულობით!

ბუნებრივია, თუ რა ხდება სინამდვილეში, ინფორმაცია მაინც გადის თუ ცალკეული ექსპერტ-ანალიტიკოსების თუ თავად ოფიციალური არხებიდანაც, რადგან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ინფორმაციის სრული დახშობა არა თუ ირანში, არამედ ჩრდილოეთ კორეაშიც კი შეუძლებელი იქნებოდა.

როდესაც ძალთა ბალანსზე მიდის მსჯელობა, თუ უკრაინის არმია დღეს იგივე არ არის, რაც ომის დაწყების პირველ დღეებში იყო, შეიარაღებითაც, ლოჯისტიკითაც და მომზადების დონითაც, იგივე უნდა ითქვას რუსულ არმიაზეც. ომის წელიწადნახევრის პერიოდში, რუსეთმაც გამოიტანა დასკვნები კიევზე წარუმატებელი შტურმიდან და უკრაინის პირველი ეფექტური კონტრშეტევიდან და ფაქტობრივად არა მხოლოდ გადააწყო საჯარისო ნაწილები, არამედ გაასწორა რა ფრონტის ხაზი, შექმნა თავდაცვის საკმაოდ კარგი სისტემაც. უკრაინელთან რიგით მეორე კონტრშეტევაც რომ ვერ აღმოჩნდა ისეთივე წარმატებული როგორც პირველი, ამ ფაქტორის შედეგია. უკრაინელთა პირველი კონტრშეტევის წარმატება გარდა მოულოდნელობის ეფექტისა, რასაც რუსეთის გენშტაბი უბრალოდ არ მოელოდა, სხვა ფაქტორებმაც განაპირობა, და პირველ რიგში თავდაცვის და ლოგისტიკის სისუსტეებმა, რუსებმა უბრალოდ იმ დროს გადაჯგუფებაც კი ვერ მოასწრეს.

დღეს შექმნილი სტატუს კვო, მიანიშნებს, რომ ეს ომი სწრაფად ვეღარ დასრულდება. უკრაინისათვის ვერც 30 თანამედროვე მოიერიშე ფ 16-ების გადაცემა და ვერც 100 ტანკის მიწოდება ბევრს ვერაფერს შეცვლის. ფიგურალურად რომ ვთქვატ უკრაინას შეიძლება ჰყავდეს მერსედესი, რომელიც 2 საათში გაივლის კონკრეტულ სამიზნე მანძილს, მაგრამ რუსული ნივაც გაივლის იგივე მაინძილს თუნდაც 3 საათში.

საბჭოთა კავშირის დროსაც კი თუ ამერიკის დომინირება უფრო იყო ჰაერში და ზღვაზე ავიაციის და სამხედრო ესკადრელიის სახით, საბჭოთა კავშირს ჰქონდა საკმაოდ მაღალი დონის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომელიც რუსეთს მემკვიდრეობით ისედაც ერგო, სხვათა შორის ამ სისტემების ნაწილი ერგო უკრაინასაც.

თუ დავაკვირდებით რუსეთი დღეს ნაკლებად იყენებს საჰაერო ავიაციას, მიუხედავად ცაში რიცხობრივი უპირატესობისა, რადგან დასავლეთის დახმარებით მოდერნიზებული უკრაინული თავდაცვის სისტემები საკმაოდ ეფექტურად უმკლავდება რუსულ მოიერიშეებს და ჩვენ ვხედავთ, რომ ასზე მეტი საფრენი აპარატი ჩამოაგდო კიდეც. ამიტომაც რუსები ძირითადად დრონებს და სარაკეტო არსენალს იყენებენ ქალაქების თუ სამხედრო ლოკაციების დასაბომბად.
ეს ომი კი, როგორც ადრეც აღვნიშნე, სულ უფრო მეტად მიდის ვიეტნამის სცენარისკენ და ვფიქრობ დასავლეთის გათვალა ამას ეფუძნება. ამ ომის გაჭიანურებისას თუნდაც საომარი მოქმედებების მეტ-ნაკლები ინტენსივობით, რუსეთს მაინც გაუჭირდება ომის ხარჯების დაფინანსება, პირველ რიგში ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირებისათვის და რამაც საბოლოოდ რუსეთის ეკონომიკის გამოფიტვა უნდა გამოიწვიოს.

მართალია, ბოლო სამი თვეა რუსული ეკონომიკა იზრდება გასულ წელთან შედარებით, მაგრამ შარშან წლის პირველ ნახევარში მას დიდი ვარდნაც ჰქონდა. ამასთან,რუსეთის ენერგეტიკა რაც ეკონომიკის ხერხემალია ფუნქციონირებდა მნიშვნელოვანწილად დასავლური ტექნოლოგიებით და მაღალი დონის ამერიკელი და ევროპელი სპეციალისტების მონაწილეობით, რომლებმაც საერთაშორისო სანქციების დაწესების შემდეგ რუსეთი დატოვეს.

ამასთან, ბოლო წლებში რუსეთის მზარდი როლი ენერგეტიკის, ნედლეულისა და ლითონის მრეწველობის გლობალურ ბაზრებზე ასევე მნიშვნელოვანს ხდიდა გლობალური ღირებულების ჯაჭვების წარმოების პროცესს, რაც ასევე გავლენას ახდენდა ევროზონასთან ვაჭრობაზე მესამე ქვეყნების მეშვეობით და რაც ფაქტობრივად გაწყვეტილია.

რუსეთის ეკონომიკის დროში გამოფიტვაზე იმოქმედებს ევროკავშირის და G7-ის დაწესებული აკრძალვები და ფასების ლიმიტი რუსული ნავთობის საზღვაო იმპორტზეც. ევროკავშირმა თანდათან აკრძალა ქვანახშირის იმპორტი (2022 წლის აგვისტოდან), შემდეგ ნედლი ნავთობის (2022 წლის დეკემბრიდან) და, ბოლო დროს, რაფინირებული ნავთობპროდუქტების (2023 წლის თებერვლიდან) და სულ უფრო მცირდება ევროკავშირის ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე, ხოლო ალტერნატიულ ბაზრებზე რუსეთის მხრიდან ნავთობის უფრო დიდი მოცულობის შეთავაზება ხდება მნიშვნელოვანი, თითქმის 70-80 %-იანი ფასდაკლებით.

ეს ფაქტორები, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს რუსეთში პროდუქტიულობის ზრდაზე, და შეამცირებს ეკონომიკის ზრდის პერსპექტივებს, ოღონდ არა მოკლე, არამედ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში!

ვფიქრობ, დასავლეთის გათვლაც ამაშია და იგი პოსტპუტინისტურ პერსპექტივაზეა აგებული, რაც რეალურად 2025 წელს უფროა მოსალოდნელი. ვიეტნამის ომის სინდრომმა, ეკონომიკის გამოფიტვასთან და გაზრდილ მსხვერპლთან ერთად უნდა გამოიწვიოს ანტისაომარი განწყობების ზრდა რუსულ საზოგადოებაში, რუს ოლიგარქებში და პოლიტწრეებში, რომლებმაც უცხოეთში საკუთარი აქტივების დიდი ნაწილი ფაქტობრივად უკვე დაკარგეს და რაც მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობა უნდა გახდეს! მინიშნებები კი იქნება თავად ამერიკაზე, რომელიც გამოვიდა ვიეტნამიდან, მაგრამ არა თუ დამარცხებული, არამედ გამარჯვებული დღეს მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკით!

და რა უნდა ქნას საქართველომ? საქართველომ უნდა გააგრძელოს თავისი მშვიდობიანი განვითარება ეკონომიკის კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაციით, ახალ ბაზრებზე გასვლით. ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა სულაც არ ნიშნავს არც ევრო-ატლანტიკურ ვექტორზე უარის თქმას, ოპოზიციას ასე რომ წარმოუდგენია და არც ანტიდასავლურ დისკურსად გადაქცევას, რადგან გლობალური მოლაპარაკებების დაწყებისას აუცილებლად დადგება უკრაინის დეოკუპაციის საკითხი, რასაც ბუნებრივია მოლდოვის დეოკუპაციაც მოჰყვება. ყველა სხვა შუალედური სცენარი თუნდაც კორეის მოდელი, ჩვენთვის იქნება წამგებიანი, დეოკუპაციის არა თუ გაურკვეველი ვადით გადაწევის, არამედ ამ ტერიტორიების საბოლოოდ დაკარგვის გამო..

ჩვენი პოლიტიკური კლასის და დიპლომატიის ამოცანაც ეს უნდა იყოს, ყველა საერთაშორისო ფორუმზე, საერთაშორისო მშვიდობის კონტექსტში მკაფიოდ გაჟღერდეს საქართველოს დეოკუპაციის საკითხი.