Home Blog Page 1717

თიბისი დაზღვევა HR hub 2023-ის მთავარი წარმდგენია

HR hub-ის ორგანიზებით 14 ივლისს წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2023 გაიმართება. ღონისძიების მთავარი წარმდგენი თიბისი დაზღვევაა.

HR ბიზნეს სამიტი უკვე 6 წელია ტარდება. წელს ძირითადი თემა გუნდურობა იქნება. სპიკერები განიხილავენ, რამდენად მნიშვნელოვანია გუნდურობა, როგორც ინდივიდუალური თანამშრომლისთვის, ისე მთლიანად კომპანიისთვის, რა მიზნებამდე შეიძლება მიგვიყვანოს გუნდურმა სულისკვეთებამ, როგორ ჩამოვაყალიბოთ თიმი სწორად.. სწორედ ამ თემის გარშემოა დაგეგმილი დღის მთავარი აქტივობებიც.

ღონისძიება დაიწყება ვორქშოპებით, შემდეგ კი მთავარ სცენაზე ისაუბრებენ სპიკერები. სამიტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ თავად აარჩიონ სასურველი თემა და ფასილიტატორი ონლაინ ხმის მიცემით. ასევე შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი სურვილისამებრ გადაწყვიტონ, რომელ ვორქშოპსა თუ ნეთვორქინგ აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას.

თიბისი დაზღვევის ადამიანების მენეჯმენტის განყოფილების უფროსი, თეა მახარაძე წარდგება თემით “ალმოდებული ლამბორგინი”, რომელიც ეხება გუნდში ინდივიდის მნიშვნელობას. თიბისი დაზღვევა რამდენიმე წელია HR სამიტის მონაწილეა. კომპანიის მთავარი მიზანი ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა, რისი ხელშესახები მაგალითიც მათი ჯანმრთელობის დაზღვევაა: გამარტივებული სამედიცინო სერვისები, ციფრული მომსახურება და სწრაფი ანაზღაურება.

R

“ვილნიუსის სამიტზე დამტკიცდა, რომ ნატო-ს ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა აქვს, მით უმეტეს, რუსეთის მიმართ”

ვილნიუსის სამიტზე დამტკიცდა, რომ ნატო-ს ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა აქვს, მით უმეტეს, რუსეთის მიმართ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრაქტიკულად, უკრაინა-საქართველოსთან მიმართებაში სტატუს კვო დარჩა, საქართველოსთან დაკავშირებით იგივე პოზიციაა, რაც მანამდე იყო.

„ნატო-სთვის ფრთხილი პოლიტიკა გასაგები და მისაღები თუა, მაშინ მით უფრო, საქართველოს ხელისუფლების ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა უფრო გასაგები და მისაღები უნდა იყოს. ამიტომ, როცა პოლიტიკოსები, შიგნით თუ გარეთ, განცხადებებს აკეთებენ მეორე ფრონტთან დაკავშირებით, ნატო-ს პოლიტიკა გაიხსენონ, რომელიც სიფრთხილეს იჩენს. ეს მით უფრო საქართველოს სჭირდება. უკრაინის პრეზიდენტმა თავად განაცხადა, რომ უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა და უფრო მეტი ჩაწერეს უკრაინასთან დაკავშირებით, თორე, არავინ იცის, როდის მიიღებენ ნატო-ში უკრაინას და როდის საქართველოს. შუალედში რას დაამატებენ და რას გააუქმებენ, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რადგან ორივე ქვეყნის შემთხვევაში ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტული თარიღი უცნობია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

“გვარამიას წარსული პირდაპირ უკავშირდება მედიის თავისუფლებების ხელყოფას” – ირაკლი კობახიძე

როდესაც თავადაც ოდიოზური ევროპარლამენტარები ხვდებიან მედია-ზონდერს, მიუთითებს იმაზე, როგორია მათი დამოკიდებულება, მათ შორის მედიის თავისუფლების მიმართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ნიკა გვარამიაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„გვარამიას წარსული პირდაპირ უკავშირდება მედიის თავისუფლებების ხელყოფას – როდესაც „იმედში“ შეიჭრა სპეცრაზმი, ამის მთავარი შემფუთავი იყო გვარამია. როდესაც ასეთ კაცს ევროპარლამენტარები ხვდებიან, აჯილდოებენ კონკრეტული პრემიით, ეს დამოკიდებულებაზე მიანიშნებს და ადასტურებს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეასრულა დაკვეთა. ამ დაკვეთის მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის გაღრმავება“, – განაცხადა კობახიძემ.

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა.

სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული და დაზარალებული ერთ სამშენებლო ობიექტზე მუშაობდნენ.  2022 წლის 30 ოქტომბერს მათ სხვა მუშებთან ერთად ალკოჰოლური სასმელი დალიეს, რა დროსაც იჩხუბეს. კონფლიქტი ბრალდებულის სახლთან გაგრძელთა, სადაც მან  დაზარალებულს დანით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდების მხარემ, სასამართლო პროცესზე წარადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას მოწმობდა. 

ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახი მკვლელობა) დამნაშავედ ცნეს.

სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

“ნატოს წევრი ზოგიერთი სახელმწიფოს ბუნდოვანმა პოზიციამ განაპირობა ომი საქართველოში”

პრეზიდენტ ზელენსკის ხისტი პოზიცია და მისი ზუსტი ფორმულირებები ადრეც და მიმდინარე ვილნიუსის სამიტზეც, რომ უკრაინა გარდაუვალად უნდა მიიღონ NATO-ში, არის აბსოლუტურად გამართლებული და იწვევს აღფრთოვანებას, – ამის შესახებ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ბუქარესტის სამიტის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, როდესაც NATO-ს წევრი ზოგიერთი სახელმწიფოს ბუნდოვანმა პოზიციამ განაპირობა ომი საქართველოში და შედეგად ტერიტორიების დაკარგვა, ყირიმის დაპყრობა და აგრეთვე სრულმასშტაბიანი, დაუნდობელი, სისხლიანი ომი უკრაინაში, რომელიც დღესაც გრძელდება.

პრეზიდენტ ზელენსკის ხისტი პოზიცია და მისი ზუსტი ფორმულირებები ადრეც და მიმდინარე ვილნიუსის სამიტზეც, რომ უკრაინა გარდაუვალად უნდა მიიღონ NATO-ში, არის აბსოლუტურად გამართლებული და იწვევს აღფრთოვანებას. საჭიროა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას“, – წერს სააკაშვილი.

“ზეწოლის იარაღად ბაჩიაშვილის გამოყენება ამერიკელებისთვის ადვილი აღმოჩნდა”-ნინო ფოჩხუა

ზეწოლის იარაღად ბაჩიაშვილის გამოყენება ამერიკელებისთვის ადვილი აღმოჩნდა მისი პირადი თვისებების გამო, ზუსტად ისევე, როგორც თავის დროზე პატრის ლესკუდრონის – ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტი ეხმიანება ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელთან გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ამერიკელებს ბრმად მორჩილი ხელისუფლებები უყვართ, ივანიშვილი კი ასეთი არ იყო.

„ლოგიკურადაც და არაოფიციალურად ყველამ ვიცოდით,რომ ივანიშვილი ვერანაირი კრიტერიუმით ვერ ჯდებოდა ამერიკელების გემოვნებაში. ამერიკელებს ბრმად მორჩილი ხელისუფლებები უყვართ. ივანიშვილი კი ასეთი არ იყო.
მისი მიუღებლობა 2008 წლიდან დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. ვერანაირი ზეწოლით ვერ შეძლეს მისი ფსევდო-ლიბერალურ ფერხულში ჩაბმა, რა არ სცადეს, გავიხსენოთ “კრედიტ სვისის” ქეისი, იქ წააგეს, დაყადაღებული თანხა დაიბრუნა, იმიტომ რომ მართალი იყო. ამის შემდეგ კი ერთ-ერთი ზეწოლის იარაღად ბაჩიაშვილის გამოყენება ამერიკელებისთვის ადვილი აღმოჩნდა მისი პირადი თვისებების გამო, ზუსტად ისევე, როგორც თავის დროზე პატრის ლესკუდრონის.

როგორ ჰგონიათ ურწმუნოებს, დღეს, როცა დანის წვერზე გვიწევს გავლა, იმდენად სულელია ივანიშვილი, რომ ეს თემა წამოწია ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე? დაველოდოთ, ყველაფერს აეხდება ფარდა, დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი, როგორც ყოველთვის მართალი აღმოჩნდება“, – წერს ნინო ფოჩხუა.

“ყველაზე ძლიერი გარანტია, რომ ევროპაში ომი აღარ იქნება, არის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება” – დმიტრო კულება

უსაფრთხოების გარანტიები ვერ ჩაანაცვლებს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

კულებას თქმით, უკრაინა თანახმა იქნება ნებისმიერ თავდაცვის მოდელზე, რომელიც არ იქნება მისი ნატო-ს წევრობის ალტერნატივა.

„ჩვენ არ გვჭირდება მეორე ბუდაპეშტის მემორანდუმი, როდესაც ბირთვული იარაღი გვაჩუქეს ცარიელი დაპირებების გამო. ჩვენ არ დავთმობთ ნატო-ს წევრობას რაიმე დაპირებისთვის, რადგან ყველას ესმის და პარტნიორებს ესმით, რომ უძლიერესი, ყველაზე ძლიერი გარანტია, რომ ევროპაში ომი აღარ იქნება, ეს არის უკრაინის გაწევრიანება ალიანსში. უსაფრთხოების ყველა სხვა გარანტია კარგია, მაგრამ ნატო-ს წევრობას ვერაფერი ჩაანაცვლებს. ეს არის პრეზიდენტის პრინციპული პოზიცია“, – განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ვილნიუსის სამიტის შემდეგ უკრაინის გზა ალიანსისკენ უფრო მოკლე გახდა, თუმცა არა სწრაფი.

„ჩვენ არ გვჭირდება არანაირი გეგმა ბ, ჩვენ ეს უკვე ვითამაშეთ უკრაინის ისტორიაში მრავალი წლის წინ. ჩვენ გვჭირდება ნატო-ში გაწევრიანება. უკრაინის გაწევრიანება ნატო-ში, გააძლიერებს თავად ალიანსს, გახდის ჩვენს ქვეყანას უფრო უსაფრთხოს და, რაც მთავარია, ეს თავიდან აიცილებს ახალ აგრესიას ევროპაში“, — აღნიშნა კულებამ.

კულებას თქმით, ჯერჯერობით ვერავინ იტყვის, როდის დასრულდება ომი, თუმცა ყველამ უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს ამის შესახებ. „ყველამ უნდა დაუსვას საკუთარ თავს ყოველდღე კითხვა: კიდევ რა ვქნა, რომ ომი დასრულდეს? რა შეიძლება გავაკეთო, რომ უკრაინამ რაც შეიძლება მალე გაიმარჯვოს? ამ მხრივ სამიტი არის და იქნება წარმატებული“, – აღნიშნა დმიტრო კულება.

“ფრონტის ხაზზე მიდის გაცხარებული ბრძოლა” – ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“უკრაინის გზა ნატოში ნამდვილად შემოკლდა, ანუ მაპის ეტაპი ჩაიხსნა, რაც ძალიან კარგია; თუმცა, კონკრეტიკა, როგორ გაწევრიანდება უკრაინა ალიანსში საბოლოო კომუნიკეში არ ჩაიდო, რაც ცუდია.

დღეს იქნება ნატო-უკრაინის საბჭოს პირველი სამიტი. პრეზიდენტ ზელენსკის ისეთი განწყობა ჰქონდა გუშინ, რომ არც საღამოს სადილი ჩაივლიდა და არც დღევანდელ სამიტს უწერია მაინცდამაინც “მსუბუქ ტონალობებში” ბაასი. ვნახოთ დღეს რა ითქმება. ბაიდენს და ზელენსკის შეხვედრაც იგეგმება. საექსპერტო, დიპლომატიურ და პოლიტიკურ წრეებში კონკრეტიკაზე კონსენსუსის არარსებობა ვაშინგტონსა და ბერლინს ბრალდება.

მოკლედ, ფორმულირება “უკრაინას მიიწვევენ ნატოში, როდესაც ყველა წევრი შეთანხმდება და პირობები იქნება შესრულებული” არის რბილად რომ ვთქვათ ძალიან სუსტი. პირობებს რაც შეეხება, სტოლტენბერგს დააკონკრეტებინეს: კორუფციასთან ბრძოლა და სახელმწიფო მართვის ინსტიტუტების, მათ შორის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროს, ფუნქციონირების გამართვა და ნატოს სტანდარტებზე აყვანა.

ურდოსიაში აჭყლოპინდნენ სიხარულით, სამიტი ჩავარდაო. ჩვენკენაც იქნებიან მოხარულები და მოზეიმეები, მაგრამ ტყუილად უხარიათ, მთავარი ბაბანგიდები წინაა.

ვის ვის და მაგათ სასიხარულო ნამდვილად ნაკლებად აქვთ.

შვედეთი ხომ წევრიანდება წუთი წუთზე – ანუ ბაი ბაი ბალტიის ზღვა, მოიდა ვიკინგების აღლუმი;

ფრანგებმა შტორმ შედოუს ფრანგულ ანალოგს სკალპის რაკეტებს გადავცემთ 50 ერთეულსო (400 კილომეტრზე მოქმედებს). ვრცელდება ცნობები, რომ უკვე ადგილზეა მათი ნაწილიო; ნიუ იორკ თაიმსი კიდე სწერს, რომ ფრანგების ამ სვლის მერე ბაიდენიც გადაწყვეტს ატაკამსების მიცემასაო, სამიტი და დღესაო. ასევე ფრანგებმა 170 მილიონი ევროთი ვზრდით დახმარებას, მსუბუქი ტანკების, ჭურვების და სხვა შეიარაღების მიწოდებითო;

გერმანელებმა ჩვენ რაკეტებს არაო, მაგრამ 700 ილიონი ევროს დახმარებას ჩამოვალთო – 2 პეტრიოტის სისტემა, 40 მარდერის ჯავშანმანქანა და 25 ლეოპარდი 1 ა5 ტანკი; პლუს 20 ათასი საარტილერიო ჭურვი და კიდევ ბევრი რამე რუმეები;

11-მა ქვეყანამ მოაწერა უკრაინასთან ხელი საავიაციო კოალიციის შექმნის შეთანხმებას. შემდეგი თვიდან დაიწყებენ მზადებას ფ-16-ებზე რუმინეთსა და პოლონეთში უკრაინელი პილოტები; საქმეშია არიან დიდი ბრიტანეთი, დანია, ნიდერლანდები, ბელგია, ლუქსემბურგი და სხვები;

ყოველწლიურად ნატო 500 მილიონ დოლარს დახარჯავს უკრაინის ჯარის ნატოს დონეზე აღჭურვასა და მომზადებისთვის;

ევროკავშირი თავისი სპეციალური ფონდის მეშვეობით ასევე დახარჯავს წლის ბოლომდე 4 მილიარდ ევროს უკრაინისთვის შეიარაღების და აღჭურვილობის შესაძენად;

ნორვეგია 900 მილიონ ევრომდე ზრდის თავის სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის;

პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ნატოს სამშვიდობო დანაყოფები უნდა განლაგდეს და მათ შემადგენლობაში პოლონელებიც შევლენო.

ვიდრე ეგ ამბავი მოხდება, ნატომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მაღალი მზადყოფნის რეჟიმში იქნება 300 ათასიანი ნატოს ჯარი თავის დამატებითი თვითმფრინავებით და გემებით; მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2% დაიხარჯება თავდაცვაზე და სერიოზულად მოემზადება რუსეთის მხრიდან აგრესიის მოსაგერიებლად. ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატომ პირველად დაამტკიცა კოლექტიური თავდაცვის გეგმა.

ჩეხეთის პრეზიდენტის პეტერ პაველის (დღეს მისი ანგელოზების, პეტრე პავლობის დღესასწაულია – გილოცავთ!). 2 საინტერესო განცხადება შემხვდა სამიტიდან: 1) უკრაინას წლის ბოლომდე აქვს დრო, რომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიოს (მერე მსოფლიოში მისი მხარდაჭერა შეიძლება შემცირდეს) და 2) ნატომ პუტინს, მისი მხრიდან ბირთვული იარაღის ჟღარუნზე პასუხად უნდა გააგებინოს, რომ ნატოსაც აქვს ბევრი ბირთვული იარაღი და შეუძლია მისი გამოყენება! პირველი განსაკუთრებით ყურადსაღებია!

მოკლედ, სამიტი დღეს გრძელდება და ახალი ამბები კიდევ იქნება!

მანამდე კი ფრონტის ხაზზე მიდის გაცხარებული ბრძოლა. აი შტორმ შედოუს რაკეტები როგორი ეფექტურია: ბერდიანსკში სასტუმრო დიუნაში იყო მოკალათებული რუსეთის სამხრეთის სარდლობა. ჰოდა წავიდაა კიდევ ერთი ურდოს გენერალი ცოკოვი თავის აფიცრებიანად პირდაპირ კობოზნთან. ნანგრვებს ახლაც კი წმენდენ;
გუშინ ჩვენებმა დაუშვეს და დაუშვეს – ბერდიანსკში, ტოკმაკში, სკადოვსკში, ნოვოალექსეევკასა და ზარეჩნეში სულ ბათქა ბუთქი გაუდიდოდა ურდოს ბაზებს, სამეთაურო პუნქტებს და საწყობებს – მაგარი დაუბაბანეს გუშინ საზენიტო რაკეტებით და შტორმ შედოუებით;

პასუხად ამ ნაძირალებმა კიევს ისევ დაუშინეს გუშინ ღამე შაჰიდის დრონები, მაგრამ ისევ 100%-იანი განადგურება დადო ჩვენმა ჰსთ-მ. ზუსტი რაოდენობა გაირკვევა დღის განმავლობაში;

ფრონტზე: ხერსონის მხარეს ჩვენებმა პლაცდარმა გაიფართოვეს და სულ გაწმინდეს ოლეშკის მიმართულებით დაჩების დასახლება;

დიდი ბრძოლები მიდის რაბოტონოს მიმართულებით; აგრეთვე ბახმუტის ფლანგებზე კლეშჩეევკის და ბერჰივკის მიდამოებში; გადელდა ურდო კრემინნას მიმართლებაზეც, მაგრამ დგანან ჩვენები ყოჩაღად! ისე ცნობისთვის, უკრაინამ ბოლო 5 კვირაში დაახლოებით იმდენივე ტერიტორია გაათავისუფლა, რაც რუსეთმა ამ წლის განმავლობაში დაიპყრო! ვიცი, გეცოტავებათ, მაგრამ ეს კინო არაა, ეს ნამდვილი და უსასტიკესი ომია!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია მაინც ჩამოინგრევა და თან გრუხუნით 2023-ში!
დიდება უკრაინას! გაუმარჯოს საქართველოს!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

“ნატოს ვილნიუსის სამიტის შემდეგ, კიდევ უფრო მყარად ვიმეორებ ყოველ სიტყვას, რომელიც სამიტამდე დავწერე”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში” ნატოს ვილნიუსის სამიტამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნებულ პოსტს აზიარებს და წერს, რომ ყველა სიტყვას ეთანხმება, რომელიც სამიტამდე დაწერა.

,,ნატოს ვილნიუსის სამიტის შემდეგ, კიდევ უფრო მყარად ვიმეორებ ყოველ სიტყვას, რომელიც სამიტამდე დავწერე,”- წერს პაპუაშვილი.

 

 

ნიდერლანდები საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად 8 მილიონ ევროს გამოყოფს

ნიდერლანდები საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად დამატებით 8 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ნატოს სამიტის ფარგლებში ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოპკე ჰუქსტრამ განაცხადა.

8 მილიონი ევრო, რომელსაც ნიდერლანდები ნატოს ნდობის ფონდში (DCB) გადარიცხავს, გამოყენებული იქნება საბრძოლო მასალის საწყობების დაცვის გაძლიერებაზე, დრონებთან ბრძოლის სისტემებზე და კიბერშეტევების მიმართ მედეგობის გაძლიერებაზე.

ვოპკე ჰუქსტრას განცხადებით, ასეთ არასტაბილურ გარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნატოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, მათ შორის იმ ფონზე, როცა რუსეთი საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინის შიდა საქმეებში ჩარევას ცდილობს.

ნინო ხარატიშვილის წიგნის, „მერვე სიცოცხლის“ მიხედვით სერიალს გადაიღებენ

Amusement Park-ი, ოსკაროსანი ფილმის, „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ პროდიუსერები და The Ink Factory-ი, Emmy-ს მფლობელი „ღამის ადმინისტრატორისა“ და „პატარა დრამერი გოგონას“ პროდიუსერები აერთიანებენ ძალებს ნინო ხარატიშვილის საერთაშორისო ბესტსელერის, „მერვე სიცოცხლის“ სატელევიზიო სერიალად გადასაღებად, – ინფორმაციას The Hollywood Reporter-ი ავრცელებს.

სერიალის პროდიუსერები იქნებიან მალტე გრუნერტი, ამელი ფონ კიენლინი და სუზანა კაპიცკი Amusement Park-დან და საიმონ კორნუელი, სტივენ კორნველი და მიქელე ვოლკოფი The Ink Factory-დან და მეგი ბოდენი. სერიალის შოურანერი კი სარა ლამბერტი იქნება.

გამოცემა წერს, რომ ინგლისურენოვანმა პროექტმა გრანტი გერმანიის რეგიონალური სუბსიდირების ორგანოსგან Medienboard Berlin-Brandenburg-გან მიიღო.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

12 ივლისს ქუთაისში +30 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარებს. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. +25 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც გამოიდარებს. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც გამოიდარებს. დღისით +26, ღამის ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ. დღისით +1 6გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +16, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +30 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +31 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.