ზეწოლის იარაღად ბაჩიაშვილის გამოყენება ამერიკელებისთვის ადვილი აღმოჩნდა მისი პირადი თვისებების გამო, ზუსტად ისევე, როგორც თავის დროზე პატრის ლესკუდრონის – ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.
ექსპერტი ეხმიანება ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელთან გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ამერიკელებს ბრმად მორჩილი ხელისუფლებები უყვართ, ივანიშვილი კი ასეთი არ იყო.
„ლოგიკურადაც და არაოფიციალურად ყველამ ვიცოდით,რომ ივანიშვილი ვერანაირი კრიტერიუმით ვერ ჯდებოდა ამერიკელების გემოვნებაში. ამერიკელებს ბრმად მორჩილი ხელისუფლებები უყვართ. ივანიშვილი კი ასეთი არ იყო.
მისი მიუღებლობა 2008 წლიდან დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. ვერანაირი ზეწოლით ვერ შეძლეს მისი ფსევდო-ლიბერალურ ფერხულში ჩაბმა, რა არ სცადეს, გავიხსენოთ “კრედიტ სვისის” ქეისი, იქ წააგეს, დაყადაღებული თანხა დაიბრუნა, იმიტომ რომ მართალი იყო. ამის შემდეგ კი ერთ-ერთი ზეწოლის იარაღად ბაჩიაშვილის გამოყენება ამერიკელებისთვის ადვილი აღმოჩნდა მისი პირადი თვისებების გამო, ზუსტად ისევე, როგორც თავის დროზე პატრის ლესკუდრონის.
როგორ ჰგონიათ ურწმუნოებს, დღეს, როცა დანის წვერზე გვიწევს გავლა, იმდენად სულელია ივანიშვილი, რომ ეს თემა წამოწია ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე? დაველოდოთ, ყველაფერს აეხდება ფარდა, დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი, როგორც ყოველთვის მართალი აღმოჩნდება“, – წერს ნინო ფოჩხუა.