Home Blog Page 1716

“საქართველოში გარდაუვალი აღმავლობის ხანა იწყება” – თამარ ჩიბურდანიძე

ამ ისტორიული ფაქტის შემდეგ ოპოზიცია განწირული ხმით გაჰკივის. მესმის და შევდივარ მათ მდგომარეობაში, თუ რამდენად მძიმეა ამის შეგუება მათთვისაც და მათი ლობისტებისთვისაც, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, საქართველო-ჩინეთს შორის პარტნიორული ურთიერთობა ისტორიული მოვლენაა და რადიკალური ოპოზიცია ტრადიციულად ნეგატიურადაა განწყობილი ქვეყნის სასიკეთოდ მომხდარი ცვლილებების მიმართ.

„საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დასრულდა. გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს ოთხ მიმართულებას: პოლიტიკურს, ეკონომიკურს, კულტურულს და საერთაშორისოს. ეს არის უდიდესი მიღწევა დღევანდელი ხელისუფლების.

მაშინ, როდესაც დღეს თავად ევროპული სახელმწიფოები მიისწრაფვიან ჩინეთთან სათანამშრომლოდ და ბევრი ამას ვერ ახერხებს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს უმაღლესი დონის შეხვედრები გაუმართეს და საქართველომ მიიღო სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტი. ვინც ოდნავ მაინც აზროვნებს და იცის, რისი წინაპირობაა ეს დოკუმენტი, მიხვდება, რომ საქართველოში გარდაუვალი აღმავლობის ხანა იწყება.

ამ ისტორიული ფაქტის შემდეგ ოპოზიცია განწირული ხმით გაჰკივის. მესმის და შევდივარ მათ მდგომარეობაში, თუ რამდენად მძიმეა ამის შეგუება მათთვისაც და მათი ლობისტებისთვისაც.

ერთი რამ ფაქტია – სტრატეგიული თანამშრომლობა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას ეკონომიკურ გაძლიერებაში ეხმარები. არა მხოლოდ იმათ, ვინც საერთაშორისო გრანტებშია ჩართული, არამედ, ყველას. ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა ყველა მოქალაქეზე უნდა აისახებოდეს. ჩინეთში საქართველოს ხელისუფლების ისტორიული ვიზიტი სწორედ ამის დასაწყისია“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

არსებული ურთიერთობების ამაღლება სტრატეგიული პარტნიორობის პატივსაცემ დონეზე წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს, გზას უკვალავს ჩინეთსა და საქართველოს ნაყოფიერი თანამშრომლობისკენ -პრემიერი

არსებული ურთიერთობების ამაღლება სტრატეგიული პარტნიორობის პატივსაცემ დონეზე წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს და გზას უკვალავს ჩინეთსა და საქართველოს უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ჩინეთის პრეზიდენტს და პრემიერს განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობისა და თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ბატონო თავმჯდომარე, თქვენო აღმატებულებავ ბატონო ელჩო, ძვირფასო მეგობრებო, ქალბატონებო და ბატონებო, უპირველეს ყოვლისა, უაღრესად მადლობელი ვარ პრეზიდენტ სი ძინპინის, რომ მოგვიწვია მე და ჩემი დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაზე ჩენგდუში. გასულ კვირას დიდი პატივი იყო პრეზიდენტ სისთან, სამაგალითო პოლიტიკოსთან, ბრძენ და მასშტაბური ხედვის მქონე ეროვნულ ლიდერთან შეხვედრა. მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ სის და პრემიერ ლის განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობისა და თბილი მიღებისთვის. არსებული ურთიერთობების ამაღლება სტრატეგიული პარტნიორობის პატივსაცემ დონეზე წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს და გზას უკვალავს ჩინეთსა და საქართველოს უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობისკენ. საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, უზომოდ მოხარული ვარ თქვენს შესანიშნავ ქვეყანაში ასეთი პროდუქტიული და მეგობრული ვიზიტის გამო. ასევე პატივია დღეს ვესწრებოდე ამ ღირებულ ბიზნეს ფორუმს, წარმოვადგენდე ჩვენს ქვეყანას – საქართველოს და სიტყვით მივმართავდე გამორჩეულ ოფიციალურ პირებს, ისევე როგორც ჩინეთისა და საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“მინდა, ხელმოცარულ ოპოზიციას მოვუწოდო, უპასუხისმგებლო ქმედებებისგან თავი შეიკავონ”

მინდა, ხელმოცარულ ოპოზიციას მოვუწოდო, რომ უპასუხისმგებლო ქმედებებისგან თავი შეიკავონ, ეს წარმატებული ვერასდროს იქნება, მოსახლეობის უმრავლესობა დესტრუქციულ პოლიტიკას მხარს არ დაუჭერს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ბათუმის პორტში გამართულ აქციაზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა იქნება თანმიმდევრული, რომ უზრუნველყოფილი იყოს სტაბილური გარემო ეკონომიკური განვითარებისთვის და ამ ეკონომიკურ განვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს ტურიზმს.

„არ შეიძლება, რომ ამ საკითხზე არ გაკეთდეს ძალიან მკაფიო განმარტება, საქართველოს ხელისუფლება ყველა საერთაშორისო შეთანხმებებს იცავს ძალიან მკაფიოდ, ამაზე ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა განაცხადეს, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ ფიქსირდება. ეს გემი საქართველოში შემოვიდა და გადამოწმდა. მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს საზღვაო სააგენტოსა და საბაჟო სტრუქტურებს შორის, არც გემის მფლობელი და არც გემი სანქციებში არ იმყოფება, ეს ერთი, მკაფიო არის, რომ ჩვენ ეს დავიცვათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თანმიმდევრული ვიყოთ განცხადებებსა და პოლიტიკაში, თანმიმდევრულობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მივესალმებით საქართველოში ტურიზმის განვითარებას“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და მოსახლეობის შემოსავლებსა და კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება.

„უპასუხისმგებლო აქციები დაორგანიზებულია უპასუხისმგებლო ოპოზიციის მხრიდან და ეს არის სუფთა პოლიტიზებული აქცია. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით ისინი ახერხებენ, დესტრუქციული ქმედებები მოახდინონ ქვეყანაში და ხელი შეუშალონ არა მხოლოდ ტურიზმის განვითარებას, სტაბილურობის უზრუნველყოფას, რაც პირდაპირ ეკონომიკურ კეთილდღეობას უშლის ხელს, ჩვენი მოსახლეობისა და მთლიანად ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, რადგან ეს არის ყოვლად მიუღებელი, ეს თითოეული ჩვენი მოქალაქის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. კიდევ ერთხელ მინდა, ხელმოცარულ ოპოზიციას მოვუწოდო, რომ მსგავსი უპასუხისმგებლო ქმედებებისგან თავი შეიკავონ, ეს წარმატებული ვერასდროს იქნება. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა დესტრუქციულ პოლიტიკას მხარს არ დაუჭერს. ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული, რომ საქართველოში უზრუნველვყოთ სტაბილური გარემო ეკონომიკური განვითარებისთვის და ამ ეკონომიკურ განვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს, მათ შორის, ტურიზმს. ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება, არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები, ხოლო ის, თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი როგორც საერთაშორისო საზოგადოებასთან, ისე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან“, – განაცხადა დავითაშვილმა.

“აქტიურად გავაგრძელებთ ერთობლივი პროგრამების შემუშავებას საქართველოს და ჩინეთის უნივერსიტეტებს შორის”

დღეს გამოქვეყნებულ ერთობლივ კომუნიკეში ხაზგასმულია ხალხთა შორის, კულტურული, მჭიდრო დაახლოება, მათ შორის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კუთხით მჭიდრო თანამშრომლობა, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ჩინეთში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფება.

მისი თქმით, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ერთობლივი პროგრამების შემუშავებისათვის ქართულ და ჩინურ უნივერსიტეტებს შორის.

„სტრატეგიული თანამშრომლობის ეტაპზე ღრმავდება განათლების და მეცნიერების კუთხით თანამშრომლობა. დღეს გამოქვეყნებულ ერთობლივ კომუნიკეში ხაზგასმულია ხალხთა შორის, კულტურული, მჭიდრო დაახლოება, მათ შორის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კუთხით მჭიდრო თანამშრომლობა. ქართული და ჩინური ენების სწავლების გაძლიერების მიმართულებით, როგორც საქართველოში, ისე ჩინეთში. ასევე, კვლევით ინსტიტუტებს შორის ერთობლივი კვლევების დაგეგმვა. ბუნებრივია, ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ და დავიწყებთ მუშაობას ერთობლივი პროგრამების შემუშავებისათვის როგორც ქართულ, ასევე ჩინეთის უნივერსიტეტებს შორის, რაც ბუნებრივია, მეტ შესაძლებლობებს მისცემს ჩვენს ახალგაზრდებს, რომელთა რიგებშიც ჩინური ენით დაინტერესება წლიდან წლამდე იზრდება, რომ გააგრძელონ სწავლა ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ჩინეთის მხარესთან აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

“არცერთი ამერიკელის სიცოცხლე არ უნდა დადგეს რისკის ქვეშ იმის გამო, რომ ჯო ბაიდენი კორუმპირებულია”-დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ევროპაში დამატებით სამი ათასი სამხედროს გაგზავნის შესახებ, კონფლიქტის გაღვივებას ემსახურება.

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის თქმით, არცერთი ამერიკელის სიცოცხლე არ უნდა დადგეს რისკის ქვეშ იმის გამო, რომ ჯო ბაიდენი კორუმპირებულია.

“მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ ვიზიტორებისადმი დექსტრუქციული დემოკიდებულებისგან” – დარჩიაშვილი

მინდა, მოვუწოდო იმ ხალხს, ვინც თავისი ქმედებებით თუ განცხადებებით ხელს უშლის ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, გაუგებარია, რა განსხვავებაა თვითმფრინავით თუ გემით ჩამოსულ ვიზიტორებს შორის, ეს არის პირდაპირი, მიზანმიმართული პროვოკაცია, რომ ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით ხელი შეეშალოს, ტურიზმი არ განვითარდეს და მოხდეს დესტრუქცია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

დარჩიაშვილი ყველას მოუწოდებს, მოერიდონ ქვეყნის დაზიანებას.

„ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, ტურიზმი ვითარდება და გაუგებარია მსგავსი ტიპის გამოხატული აგრესია კონკრეტული ადამიანების მისამართით. მეორე მხრივ, საქართველო, როგორც არაერთხელ ითქვა, შესაბამისობაშია ყველა საერთაშორისო სტანდარტთან. არცერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოსულიყოს მსგავსი სატრანსპორტო საშუალებით ან თვითმფრინავის საშუალებით რომელიმე სანქცირებული ავიაკომპანია ან ბორტი. შესაბამისად, საქართველო საერთაშორისო რეგულაციების მიმართულებით ასრულებს თავის ვალდებულებებს, ეს მომავალშიც გაგრძელდება. ერთადერთ რამეს ემსახურება გამოხატული დამოკიდებულება საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების წინააღმდეგ, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის ტურიზმის განვითარებასთან, მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი გამოხატულებისგან“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ბათუმის ნავსადგურში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები ნავსადგურში საკრუიზო ლაინერის Astoria Grande, გაჩერებას აპროტესტებენ, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან. ლაინერი ნავსადგურში დილის 06:00 საათისთვის შევიდა. მას აქციის მონაწილეები პროტესტით დახვდნენ. შსს-მ აქციის 9 მონაწილე დააკავა.

“ხელმოცარული ოპოზიცია მიხვდა, რომ პულსი არ ესინჯება” – ირაკლი ზარქუა ბათუმის აქციაზე

ბათუმში რაც ხდება, ეს ჩემთვის არის კიდევ ერთი დემონსტრირება ორმაგი სტანდარტის – მაშინ გამოვიდნენ და ლარსზე დადგნენ, რომელიც მათმა ბელადმა გახსნა რუსებისთვის, – ასე ეხმიანება სოჭიდან შემოსულ გემთან დაკავშირებით ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციას ირაკლი ზარქუა.

მისი თქმით, “ხელმოცარული ოპოზიცია მიხვდა, რომ პულსი არ ესინჯება რეიტინგში” და ამიტომ მიმართავს მსგავს ნაბიჯებს.

“ბოდიშს გიხდით, მაგრამ სახმელეთო საზღვარზე რომ ეპატიჟებოდა მათი ლიდერი, როცა ჯერ კიდევ ბოლი ასდიოდა ჩვენს დაბომბილ სახლებს, ჩვენი ბიჭების ცხედრები რომ ისევ ბრძოლის ველზე იყო დაყრილი, ეს როგორ არის?! გემით შემოვა თუ ლარსის ხეობით ავტომობილი, რა განსხვავებაა? თუ ჰგონიათ, ვინც ლარსიდან შემოდის ლ, ყველა ისე ფიქრობს, როგორც ჩვენ გვაწყობს?! როგორ უნდა გააპროტესტოს “ნაციონალურმა მოძრაობამ” ლაინერით შემოსული რუსი, თუნდაც, ის გაუგებარი ქალბატონი, რომ ვერ გაურკვევია რა როგორ არის? ასეთი ბევრი იქნება იქ, სადაც სახმელეთოდ შემოდიან, მაშინ იქ დადგნენ სააკაშვილი და მაშინდელი “ენჯეოშნიკები” რომ ეპატიჟებოდნენ რუსებს, აი ქალბატონი “ლაკა”, რუსული ფულით რომ ფინანსდება, ახლა რომ ვაშაძე გაემიჯნა. ვაშაძე რომ გაგემიჯნება და ხაბეიშვილს რომ მიანიჭებს უპირატესობას, წარმოიდგინე რა პოლიტიკოსი ხარ, შემირცხვენია ასეთი პოლიტიკოსი. კიდევ მიტინგების ფასიანი წამყვანი რომ არის მშვილდაძე, გახსოვთ მათი განცხადებები რუსეთთან დაკავშირებით, შემოვიდნენ ფული უნდა დახარჯონო, ახლა არ მოსწონთ? ეს არის ორმაგი სტანდარტი. გამოდით და ლარსზე დადექით მაშინ და ყველა მანქანა, ვინც შემოვა გადაამოწმეთ, კითხვა დაუსვით, აღიარებენ თუ არა, რომ აფხაზეთი საქართველოა, ამიტომ ხართ უსახურები და ამიტომ მოგისროლა ქართველმა ხალხმა შეგნებულად პოლიტიკურ სანაგვეზე. ლარსს იმიტომ გერ ირჩევენ, რომ ლარსი მათმა ბელადმა გახსნა რუსებისთვის,” – განაცხადა ზარქუამ.

“ასეთი თავდასხმა არ გვინახავს, ივლისში უკრაინის არმიამ 20 ათასი ჯარისკაცი დაკარგა” – შოიგუ

​რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ივლისში თითქმის 21 000 ჯარისკაცი დაკარგეს.

ამის შესახებ მან შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობასთან კონფერენციაზე თქვა.

„გასული ერთი თვის განმავლობაში, ჩვენი ჯარების წარმატებული მოქმედებების შედეგად, მოწინააღმდეგის დანაკარგებმა 20 800-ზე მეტი სამხედრო შეადგინა, უფრო სწორად, 20 824 ადამიანი და სხვადასხვა იარაღის 2 227 ერთეული“, – განაცხადა შოიგუმ.

მისი თქმით, ზაფხულის მეორე თვეს რუსებმა მოწინააღმდეგის 10 Leopard-ი; 11 ამერიკული Bradley; М777 ტიპის 40 საარტილერიო სისტემა; 50 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და პოლონეთიდან.

შოიგუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევისთვის მიწოდებული დასავლური იარაღი არ იწვევს წარმატებას ბრძოლის ველზე, არამედ მხოლოდ ახანგრძლივებს კონფლიქტს.

კონტრშეტევაზე საუბრისას მან განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მტერს წინსვლის საშუალება არ მისცეს.

„უკრაინის ჯარების ფართომასშტაბიანი მცდელობა, გაერღვიათ ჩვენი თავდაცვა, ჩაიშალა ორეხოვსკის მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო  ჩვენს ყველა ბიჭს, რადგან ასეთი თავდასხმა მთელი ამ ხნის განმავლობაში არ გვინახავს,“ – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ამავდროულად, რუსმა სამხედროებმა მოახერხეს კრასნოლიმანსკის მიმართულებით მდებარე კოვალევკასა და სერგეევკას დასახლებები, ასევე, კუპიანსკის მიმართულებით რკინიგზის სადგური მოლჩანოვკას კონტროლზე აყვანა.

მახათას აღმართი და ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე ეშბას ქუჩა ერთმანეთს ახალი გზით დაუკავშირდება

თბილისის მერიამ დედაქალაქში კიდევ ერთი საავტომობილო გზის მშენებლობა დაასრულა – ისნის რაიონში, მახათას აღმართსა და ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე ეშბას ქუჩას ერთმანეთთან ახალი გზა დააკავშირებს.

დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დავასრულეთ, რომელიც მახათას მთასა და „ჰუალინგის“ დასახლებას ერთმანეთთან დააკავშირებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე, წლების განმავლობაში, გრუნტის გზა არსებობდა და მხოლოდ სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებოდნენ. დღეს კი ახალი საგზაო მონაკვეთით, რომელმაც გადაადგილების დრო შეამცირა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს. პროექტის ფარგლებში, მოეწყო გარე განათების ქსელი LED სანათებით და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, 1 500 მეტრი სიგრძის საავტომობილო გზა მოეწყო, გამწვანების სამუშაოების ფარგლებში კი დაირგო 869 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი. სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, რაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან ორი მილიონი ლარით დაფინანსდა.

ვაზისუბანში მდებარე ახალი საავტომობილო გზა „ჰუალინგის“ დასახლებიდან მახათას აღმართს უკავშირდება, რაც ერთი უბნიდან მეორეში გადაადგილების დროს შეამცირებს და ვაზისუბნის ქუჩებს განტვირთავს.

კახა კალაძესთან ერთად, ადგილზე ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ისნის გამგებელი ნიკა ელისაშვილი და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე იმყოფებოდნენ.

“როდესაც შენ ხარ მიზეზზე, რომ პროვოკაცია მოაწყო, ეს არის მარტივად გასაშიფრი”-გურამ მაჭარაშვილი

“როდესაც შენ ხარ მიზეზზე, რომ პროვოკაცია მოაწყო, ეს არის მარტივად გასაშიფრი. როდესაც შენ არც გქონია და არც გაქვს პრობლემა, რომ სახმელეთო გზით თავისუფლად გადაადგილდებიან რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის ეთნიკურად ქართველები, საქართველოში, რატომ გახდა პრობლემა გემითა და თვითმფრინავით შემოსვლა?” – ამის შესახებ მედიასთან “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა ბათუმში ჩატარებული საპროტესტო აქციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუკი რუსეთიდან მოქალაქეები შემოდიან საჰაერო და სახმელეთო გზით, მაშინ სრულიად ნათელია, რატომ გახდა გემით მათი შემოსვლა პრობლემა – ეს არის პროვოკაცია ოპოზიციის მხრიდან.

„გაჟღერებულია, რომ რადიკალურ ოპოზიციას სურს პროვოკაციების მოწყობა, რასაც, სამწუხაროდ, ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის განმარტებებიც ხელს უწყობს. როდესაც საუბარია იმაზე, რომ სახმელეთო გზით შემოდიან როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მოქალაქეები, ისინი შეიძლება, შემოვიდნენ თვითმფრინავითა და გემითაც. რა განსხვავებაა ავტომობილითა და თვითმფრინავით, თუ გემით შემომსვლელებს შორის, ეს უნდა ახსნან. რადგან როდესაც შენ ხარ მიზეზზე, რომ პროვოკაცია მოაწყო, ეს არის მარტივად გასაშიფრი. როდესაც შენ არც გქონია და არც გაქვს პრობლემა, რომ სახმელეთო გზით თავისუფლად გადაადგილდებიან რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის ეთნიკურად ქართველები, საქართველოში, რატომ გახდა პრობლემა გემითა და თვითმფრინავით შემოსვლა? ეს სულაც არაა გაუგებარი, ეს არის სრულიად გასაგები, რადგან ემსახურება პროვოკაციას, რომელიც არ გამოუვათ”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

“შენ თუ სამშობლო გიყვარს, რატომ უნდა მოითხოვო სანქციებთან მიერთება?”- კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდა, რასაც ებრძვიან.

თბილისის მერმა „საქსტატის“ მონაცემები შეაფასა, რომლის მიხედვით, ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7,7%-ით გაიზარდა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ვისაც სამშობლო უყვარს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას და ქვეყანაში „მეორე ფრონტს“ არ მოითხოვს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება. შემთხვევითი არ არის ის, რომ მაგალითად, გასულ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა. ეს შედეგი ჩვენ მივიღეთ იმ პოლიტიკური ნაბიჯების შედეგ, რომელიც ქვეყანამ გადადგა, საქართველოში შევინარჩუნეთ მშვიდობა და ზუსტად ამას ებრძვიან. არ უნდათ, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდებოდეს. შენ თუ შენი სამშობლო გიყვარს, რატომ უნდა მოითხოვო მაგალითად, სანქციებთან მიერთება? რატომ უნდა მოითხოვო „მეორე ფრონტის“ გახსნა ქვეყანაში, მაგრამ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება. სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით რას მივიღებდით? ეკონომიკური ზრდა კი არ გვექნებოდა, ქვეყანაში ბიზნესი კი არ იქნებოდა განვითარებული, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, გლეხებს დავაზიანებდით, რომელიც 24 სთ-იან რეჟიმში შრომობს. მაგალითად, კახეთში იმისთვის, რომ ყურძენი მოიყვანოს და შემდეგ ღვინო გააკეთოს, ამ პროდუქციის რეალიზება მოახდინოს, თუნდაც რუსულ ბაზარზე. რა არის ამაში ცუდი, რომ ეს თანხები ისევ საქართველოს ეკონომიკაში შემოდის და ისევ ისე გლეხი გაძლიერდება, უფრო მეტ ადამიანს დაასაქმებს, თავის შვილებს, მეგობრებს, ახლობლებს. რატომ არის ეს ცუდი? შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ ამ პოლიტიკის განხორციელებას“,-განაცხადა კალაძემ.

ამასთან, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მშენებლობის მიმართულებით კვალიფიციური კადრების დეფიციტია.

„სამშენებლო მიმართულებით არის გარკვეული პრობლემები. არის კვალიფიციური კადრების დეფიციტი. დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელება, ადამიანებს შესაძლებლობას ვაძლევთ, კვალიფიკაცია ყოველგვარი გადასახადის გარეშე აიმაღლონ. მერიას აქვს შესაბამისი პროგრამები. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაცია აიმაღლოს და შემდეგ ხელი შევუწყოთ დასაქმებაში. მივესალმებით იმას, რომ ეკონომიკა ვითარდება“,-განახადა კალაძემ.

“საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ დოკუმენტში კატეგორიულად არ მომწონს პოლიტიკური ნაწილი”-მამუკა გამყრელიძე

ამ წუთას გადავავლე თვალი დოკუმენტს საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ. სამწუხაროდ ჩემი შიში ქოცნების ხელისუფლების წინდაუხედავობის (მოდი ასე დავარქმევ და თქვენ, როგორც გნებავთ ისე შეამკეთ) შესახებ გამართლდა. დოკუმენტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება, რომლებშიც მთავარი ეკონომიკური და პოლიტიკური ნაწილებია. – ამის შესახებ მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს.

” დავიწყოთ იქიდან, რომ უმჯობესი იქნებოდა საერთოდ აგვერიდებინა თავი პოლიტიკისთვის და მხოლოდ ეკონომიკით და კულტურით შემოვფარგლულიყავით. მინიმუმ, ძალიან გაკვრით უნდა გვეხსენებინა. არა ! მაინც ჩააკვეხეს პოლიტიკა. ამ ნაწილშიც, ჩემი ზედაპირული შეფასებითაც კი, საკმარისად არის წყალქვეშა თუ ზედაპირზე მცურავი ნაღმები. აუცილებლად, უფრო დეტალურად გავეცნობი დოკუმენტს, შევადარებ ჩინეთის კომპარტიის XX ყრილობის რეზოლუციებს, რომელთა შინაარსიც შემომეფეთა ამ დოკუმენტში და მერე მოგახსენებთ ჩამოყალიბებულ აზრს. ახლა კი ვიტყვი, რომ კატეგორიულად არ მომწონს დოკუმენტის პოლიტიკური ნაწილი.” – წერს მამუკა გამყრელიძე “ფეისბუკში”.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელა