Home Blog Page 1715

“ვილნიუსის სამიტით დოკუმენტურად გაფორმდა ის, რაც უკვე დიდი ხანია ნათელია” – ვატო შაქარიშვილი

საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე გადაღებული.

შაქარიშვილის თქმით, ფოტოზე ასახულია არამარტო სამიტის შედეგები, არამედ დღევანდელი მსოფლიოს რეალობა. მისივე განცხადებით, უდიდესი მსხვერპლის და ნგრევის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტისთვის იმის თქმა, რომ ქვეყანა მხოლოდ მას შემდეგ გაწევრიანდება ნატო-ში, რაც რუსეთს დაამარცხებს, დაცინვა და ცინიზმია, ვინაიდან უკრაინას ალიანსის წევრობა სწორედ რუსეთისგან თავის დასაცავად სჭირდება.

“მრავლისმთქმელი ფოტოა! მოთხრობილია არა მარტო ვილნიუსის სამიტის შედეგები, არამედ მთლიანად დღევანდელი მსოფლიო რეალობა!

ვილნიუსის სამიტით დოკუმენტურად გაფორმდა ის, რაც უკვე დიდი ხანია ნათელია – უკრაინა უბრალოდ გაიწირა! მოჩვენებითობის და მაპზე უკეთესის დროც აღარ არის – ღიად და მკვახედ უთხრეს, რომ სანამ იმას არ დაამარცხებს, ვისგან დაცვისთვისაც NATO-ს წევრობა სჭირდება, ალიანსში არ მიიღებენ! ეს არის დაცინვა, იმ უდიდესი მსხვერპლის, ნგრევის, ტერიტორიების დაკარგვის, მილიონობით ლტოლვილის ფონზე არის უდიდესი ცინიზმი!

ნაც-ლიბერალებო, ეს გინდოდათ და გინდათ საქართველოსთვის?! 30 წელი ამ ცრუ მოლოდინებში და რა მივიღეთ?!

„ღია კარი“ და „შესაძლებლობების ფანჯარა“ – აი, რას ნიშნავს რეალურად! გლობალური ომის პარტიის ინტერესებისთვის საკუთარი ქვეყნის გაწირვას და პასუხად მიღებულ უკიდეგანო ცინიზმს!

დღევანდელი NATO-ს შემხედველი გენიალური ელდარ შენგელაიას შედევრი ფილმი – „ცისფერი მთები“ მახსენდება… ბზარი გასკდა, ბზარი იზრდება და სანამ ჩვენ მოსაცდელში უსასრულოდ ველოდებით, ნანგრევებში არ მოვყვეთ…“, – წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ „აიწონა-დაიწონას“ თამაშობს” – არჩილ თალაკვაძე

„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ „აიწონა-დაიწონას“ თამაშობს – ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საუკეთესო კანდიდატი იქნება, ზუსტად გამოხატავს, „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიას, მდგომარეობას და მის მომავალს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, საარჩევნოდ, შესაძლოა გიორგი ვაშაძე იყოს.

„როგორც ჩანს, კონსულტაციები მიმდინარეობს. იმედი მაქვს, საერთო ენას გამოძებნიან და მშვიდობიან გადაწყვეტილებას მიიღებენ. გასაკვირია, რომ ნიკა მელია ჯერ კიდევ რჩება „ნაციონალურ მოძრაობაში“, იქ, სადაც ის არ უნდათ და გადააყენეს. „ნაციონალური მოძრაობა“ სერიოზულ და საქმიან პოლიტიკურ ლოგიკას მოკლებულია. ეს არის პარტია, რომელიც დაშლის გზაზეა, პოლიტიკურ „აიწონა-დაიწონას“ თამაშობს. წინა სერიაში ხაბეიშვილმა გადაწონა მელია, ახლა მელია გადაწონის ხაბეიშვილს, შემდეგში შეიძლება ცისკარიშვილთან ერთად გაიმართოს მორიგი შერკინება. არჩევნებზე საზოგადოებას კარგი შესაძლებლობა ექნება, რომ ეს არასერიოზული პოლიტიკური პარტია აუტსაიდერებში გადაიყვანოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 ივლისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 13 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5870 ლარი ეღირება, ევრო – 2.8469 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3380 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5834 ლარი ღირდა, ევრო – 2.8478 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3450 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 13 ივლისს ამოქმედდება.

“გავრისკეთ და უკრაინას ყველა პლატფორმაზე, მათ შორის რუსეთის ჰააგაში გასამართლებას მხარი დავუჭირეთ”

როდესაც ჩემი მეგობარი ხარ, ძალიან დიდ ბიჭებთან ჩხუბობ და მათთან შედარებით, სამწუხაროდ, ძალიან სუსტი ვარ, ისეთი ძალა არა მაქვს და ზუსტად ვიცი, რომ ღმერთმა კარგად გამყოფოს, შენ აუცილებლად გადარჩები, შენ შეიძლება გაიმარჯვო კიდეც, მოერიო, მხარს კიდევ უფრო დიდი ბიჭები გიმაგრებენ, მაგრამ მე თუ ამ ჩხუბში შემოგყევი და ცენტრში აღმოვჩნდი, აუცილებლად მომკლავენ, გადარჩენის შანსი არა მაქვს, მაშინ მე გეტყვი: – თუ ძმა ხარ, ნუ გამწირავ და რაც შემეძლება გვერდით დაგიდგები, – ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უკრაინაზე საუბრისას გააკეთა.

მისივე თქმით, საქართველომ გარისკა და ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე, მათ შორის ომისთვის რუსეთის ჰააგაში გასამართლებაზე, უკრაინას მხარი დაუჭირა.

„აქ ჩვენმა კოლეგამ გვითხრა: – ყოველთვის, როცა ქართულ ტრადიციებზე საუბრობთ, გავიწყდებათ, რომ მეგობარს ჩხუბში დახმარება სჭირდებაო – ბიჭურ ამბებზე გადავიდა…

რაღაც პროპორცია რომ ავიღოთ – ოთხ კაცს რომ ეპატიჟებიან ომში, სადაც ერთმანეთში 42 და 144 იბრძვის და მხარს ათასზე მეტი უჭერს, ამ პროპორციით ოთხ კაცს რომ ეპატიჟები: – მოდი და მოკვდი აქო, თუ ეს გარანტირებულ სიკვდილს და განადგურებას იწვევს, მე ყველაფერს გავაკეთებ, მორალურად, ფიზიკურად მხარს დაგიჭერ, მაგრამ ცენტრში ბრძოლაში არ შემოვდივარ იმიტომ, რომ ეს ოთხი ადამიანი – ჩემი 4 მილიონიანი მოსახლეობა ფიზიკურ განადგურებას გადავარჩინო.

გავრისკეთ და ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე, მათ შორის ამ ომისთვის რუსეთი ჰააგაში რომ უნდა გასამართლდეს, მხარი დავუჭირეთ. საქართველო 400-ზე მეტ დოკუმენტს შეუერთდა, ხოლო ჰუმანიტარული დახმარების მიხედვით, სამეულშია.

დამნაშავე, კრიმინალი სააკაშვილის გამო ის ელჩი გამოუშვეს, რომელსაც დაბომბვის დროსაც არ დაუტოვებია კიევი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

“მივქარეთ, რომ დავდიოდით იმ ფანჩატურ-მანჩატურებში და რაღაც მაღალი მატერიების გვჯეროდა” – ალეკო ელისაშვილი

„ნაციონალურ მოძრაობას“ ვაშაძე კი არა, ვინც გინდა, ის ჰყავდეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირ ურთიერთობას და პარტნიორობას არ ვგეგმავთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან კომიკური ძალა ხდება.

„მივქარეთ, რომ დავდიოდით იმ ფანჩატურ-მანჩატურებში და რაღაც მაღალი მატერიების გვჯეროდა. კარგი გამოცდილება მივიღეთ და მსგავს აჯაფსანდალში მონაწილეობას არ ვაპირებთ. „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან კომიკური ძალა ხდება და, შესაბამისად, ამ გზაზე წარმატებას ვუსურვებ. რამდენადაც კიდევ უფრო კომიკური გახდება „ნაციონალური მოძრაობა“ და რამდენადაც ხალხი მიხვდება, რომ ამ პარტიისთვის ხმის მიცემა არ შეიძლება, მით უფრო იოლი გახდება „ქართული ოცნების“ ძალაუფლებიდან ჩამოშორება. 11 წელია, „ქართული ოცნება“ ძალაუფლებაშია მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ გამო. შესაბამისად, მთავარი საფრთხობელა რაც უფრო სასაცილო და ნაკლებად ანგარიშგასაწევი გახდება, ხალხიც მიხვდება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ არ მისცემენ ხმას, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლა დაჩქარდება და ქვეყანასაც მაშინ ეშველება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, კლინიკა „ვივამედში“ პოლონელი ექიმები შევიდნენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, კლინიკა „ვივამედში“ პოლონელი მედიკოსები შევიდნენ.

„როგორც ხედავთ, ჩვენი პოლონელი კოლეგები ვიზიტით არიან. ჩვენ ნებართვა ყოველთვის გაცემული გვქონდა. პაციენტიც საქმის კურსშია, რომ ექიმები აქ არიან. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, ჩვენი კოლეგები ნახავენ და შემდეგ გაგესაუბრებით“, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები რამდენიმე თვის განმავლობაში მოითხოვდნენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მონახულების მიზნით საქართველოში პოლონელი ექიმები შემოეშვათ.

4 ივლისს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში მისთვის სასურველი ექიმების ჩართვის შეთავაზება გასული წლის ნოემბერში გააკეთა, თუმცა მისმა ოჯახმა ოფიციალური წერილით სამინისტროს მხოლოდ 4 თვის შემდეგ მიმართა და განაცხადი არასრულფასოვნად იყო წარდგენილი.

“ერთ გამოხედვაში იგრძნობა ის მდგომარეობა, რაც გამოწვეულია “დიდი ბიძიების” ინტერესების უაპელაციო გაზიარებაში” – ქადაგიძე ზელენსკიზე

„ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ვილნიუსში მიმდინარე ნატო-ს სამიტზეა გადაღებული.

ქადაგიძის თქმით, ზელენსკის სახეზე მკაფიოდ იკითხება სამწუხარო რეალობა, რომელიც უკრაინის გარდა, ყველა ქვეყნის სტრატეგიული ინტერესის გათვალისწინებაში გამოიხატება.

“როგორი ნიშანდობლივი ფოტოა…

ერთ გამოხედვაში იგრძნობა,ის მდგომარეობა რაც გამოწვეულია “დიდი ბიძიების” ინტერესების უაპელაციო გაზიარებაში…

იყო დაპირებები, ქომაგობა,განცხადებები და ბოლოს ეს ყველაფერი ყველას სტრატეგიულ ინტერესებში დახურდავდა გარდა უკრაინისა,სადაც უკრაინას მხოლოდ ღია კარი,მომავლის ბუნდოვანი პერსპექტივა და ღმერთმა უწყის როგორი ხვალინდელი დღე ექნება…

სამწუხარო რეალობაა,რაც ზელენსკის სახეზეც მკაფიოდ იკითხება…” – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid0zbbQVe1KGJJAp3UHqEnc4jKfex3HBp6m1NCsWVLhVwB8VPSJdZP6ovVN8jj6yauRl&id=100086327117582&ref=embed_post

“გვესმის, რომ ვიღაცას ეშინია, ისაუბროს ახლა ნატოში ჩვენს წევრობაზე, რადგან არავის სურს მსოფლიო ომი”

გვესმის, რომ ვიღაცას ეშინია, ისაუბროს ახლა ნატოში ჩვენს წევრობაზე, რადგან არავის სურს მსოფლიო ომი, რაც გასაგებია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, შეხვედრებზე საუბარია, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი, როდესაც პირობები დაკმაყოფილდება. ზელენსკის შეფასებით, ეს მოხდება მაშინ, როდესაც უკრაინაში მშვიდობა იქნება.

„ყველაზე მნიშვენლოვანია, რომ გვაქვს შედეგები, ჩვენ შეგვიძლია, დავინახოთ სპეციფიკური მიმართულებები, რომელიც ნატოსთან გვაახლოებს. რთულია, ზოგიერთი რამ აუხსნა პარტნიორებს, რადგან ჩვენ ვართ ომში, პარტნიორებს ნამდვილად სურთ ჩვენი დახმარება და გვეხმარებიან, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა პირობებში ვცხოვრობთ. ჩვენ ვართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც გადარჩენაა მთავარი საკითხი და პარტნიორებს სურთ, დაგვეხმარონ, რომ ვიცოცხლოთ, მაგრამ მანამდე ჩვენ გვჭირდება გადარჩენა, სწორედ ეს გვაიძულებს სწრაფი პროცესისკენ. სამწუხროდ, ჩვენ ვიხდით საბოლოო საფასურს, ჩვენი სიცოცხლის საფასურს. ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ, ჩვენ ნათლად გვესმის, რომ პარტნიორები იარაღით გვეხმარებიან და ეს არის გადარჩენის მომენტი. გვესმის, რომ ვიღაცას ეშინია, ისაუბროს ახლა ჩვენს წევრობაზე, რადგან არავის სურს მსოფლიო ომი, რაც ლოგიკური და გასაგებია. მსურს, ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ ცივილიზებული და ადეკვატური ხალხი ვართ. უკრაინა იბრძვის და გასაგებია, რომ ვერ გახდება ნატოს წევრი, ვიდრე ომი გრძელდება ჩვენს ტერიტორიაზე. შეხვედრებზე ჩვენ გვესმის, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი და ვნახეთ სანდო განცხადებები, როდესაც პირობები დაკმაყოფილდება. მე ასე მესმის, რომ ეს მოხდება მაშინ, როდესაც ჩვენს მიწაზე მშვიდობა იქნება“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოს წევრობა იქნება.

„არ მჯერა ბუდაპეშტის მემორანდუმის უსაფრთხოების გარანტიების, რადგან ვერ ვიგებ მემორანდუმით უზრუნველყოფილ რაიმე პასუხისმგებლობას. მას არ აქვს სპეციფიკა, გარდა იმისა, რომ უკრაინას ჰქონდა ეს დოკუმენტი და დარჩა მარტო ამ დოკუმენტით. ჩვენ არ გვინახავს შედეგები ბუდაპეშტის მემორანდუმის პირობების დარღვევისთვის. რაც შეეხება ახალ დოკუმენტს, ის უნდა იყოს მოქმედი იქამდე, ვიდრე უკრაინა ნატოს წევრი გახდება. ჩენ გვესმის, რომ უკრაინისთვის საუკეთესო გარანტია ნატოს წევრობა იქნება. ამას აქვს კონკრეტული მაგალითები. ჩვენ ვერ ვხედავთ ომში მყოფ ნატოს წევრ ქვეყანას. ნატოს წევრობის გზაზე ჩვენ გვჭირდება გარანტიები მუდმივად, რაც გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს სხვა ქვეყნებთან. გვსურს, გვქონდეს დოკუმენტი, რომ დახმარება არ გვქონდეს მხოლოდ პერსონალური ურთიერთობების საფუძველზე. უსაფრთხოების გარანტიები გახსნის ძლიერი ორმხრივი დოკუმენტების შესაძლებლობას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

“ზელენსკის თუ სურს ნატო-ს საბჭოს მოწვევა, მას შეუძლია ამის გაკეთება” – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურ მდივანს შემიძლია, მოვიწვიო საბჭო და ცალკეული მოკავშირეები ან საბჭოს წევრები მას ვერ დაბლოკავენ. საბჭოს მოწვევა ასევე შეუძლიათ ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს კრიზისული კონსულტაციისთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, პრეზიდენტ ზელენსკის თუ სურს ნატო-ს საბჭოს მოწვევა, მას შეუძლია ამის გაკეთება.

„ვერ მოხდება მისი დაბლოკვა, რადგან ჩვენ ვიკრიბებით როგორც თანასწორები. ჩვენ გადავწყვიტეთ, რას ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ, მათ შორის ისიც, რომ კრიზისული კონსულტაციები შეიძლება, მოიწვიოს ამ საბჭოს ნებისმიერმა წევრმა. ასე რომ, ეს რაღაც ახალი და განსხვავებულია. ეს არის ძლიერი პოლიტიკური ინსტრუმენტი შემდგომი პოლიტიკური ინტეგრაციისა და ასევე მიზნების განსახორციელებლად. ეს არის ერთ-ერთი ელემენტი იმ გადაწყვეტილებების, რომელსაც დღეს ვიღებთ, რათა უკრაინა დაუახლოვდეს ნატო-ს წევრობას და ჩვენ ყველამ უნდა დავაფასოთ ეს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, გუშინ ნატო-ს მოკავშირეების ჯგუფმა შექმნა კოალიცია, რათა უზრუნველყონ F-16-ის პილოტების წვრთნა უკრაინისთვის.

„ეს არის ნიდერლანდებისა და დანიის ინიციატივა. მივესალმები, რომ კიდევ რამდენიმე მოკავშირე შეუერთდა. ამჟამად მომზადების ზოგიერთი პროცესი უკვე მიმდინარეობს და წვრთნები შეძლებისდაგვარად სწრაფად დაიწყება. მოკავშირეები აცხადებენ, რომ წვრთნები ამ ზაფხულში დაიწყება. კოალიციაში 10-ზე მეტი წევრია. ეს ასევე არის F-16-ების მიწოდებაზე შემდგომ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული. გარანტიები, დოკუმენტები, საბჭოები, შეხვედრები მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე სასწრაფო ამოცანა არის უკრაინის საკმარისი შეიარაღებით უზრუნველყოფა.

შეხვედრებზე ჩვენ მოვისმინეთ ახალი განცხადებები ნატო-ს მოკავშირეებისგან. საფრანგეთმა გადაწყვიტა შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების მიწოდება, გერმანიამ გამოაცხადა ახალი დიდი პაკეტი საჰაერო თავდაცვის სისტემებით, სამხედრო მანქანებით, აშშ-მა – ახალი დიდი პაკეტი, სხვა მოკავშრეებმაც განაცხადეს დახმარების შესახებ. სასწრაფო ამოცანა არის იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, რადგან უკრაინა თუ ვერ გაიმარჯვებს, ნიშნავს, რომ გაწევრიანების საკითხი ამოცანა საერთოდ აღარ იქნება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

“დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი „ქართულმა ოცნებამ“ არ გაუშვა” – ალეკო ელისაშვილი ვილნიუსის სამიტზე

ვინმე მეხინკლე მაინც გაგვეშვა, რომ იქ კარგი ხინკალი მოეხვია და ამით მაინც წარმოგვეჩინა ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ნატოს ლიდერებმა „ქართული ოცნებისგან“ ღია სიგნალი მიიღეს, რომ საქართველოს არ უნდა ნატო და „შესაბამისად, სადაც არ გვინდა, იქ არ დაგვიძახეს და ეს არის სამარცხვინო ლაქა „ქართული ოცნების“.

„ძალიან დამთრგუნველია, როდესაც ფორმალურად მაინც ნატოს მოსურვე ქვეყანა, საქართველო არანაირად არ იყო წარმოდგენილი ნატოს სამიტზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი „ქართულმა ოცნებამ“ არ გაუშვა, ხოლო ღარიბაშვილი არ მიიწვიეს. ვინმე მეხინკლე მაინც გაგვეშვა, რომ იქ კარგი ხინკალი მოეხვია და ამით მაინც წარმოგვეჩინა ჩვენი ქვეყანა. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა. იმდენს ითრევენ ფეხს, რომ ნატოს ლიდერებმა ღია სიგნალი მიიღეს, რომ ამ ქვეყანას არ უნდა და ძალით ხომ არ დაგვიწყებენ ხვეწნას. შესაბამისად, სადაც არ გვინდა, იქ არ დაგვიძახეს და ეს არის სამარცხვინო ლაქა „ქართული ოცნების“ და ძალიან დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. მართალია, ვერც უკრაინას ვერ უთხრეს სასარგებლო და ხეირიანი, მე გაცილებით მეტი მოლოდინი მქონდა, მაგრამ ეს რუსეთის მუდმივი შიში მაინც მოჰყვება ევროპას შლეიფად“, – განაცხადა ელისაშვილმა.

“საქმეზე გამოკითხული მხოლოდ მე ვარ” – ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიო მუჯირის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა. მისი თქმით, გამოძიებასთან ის თქვა, რაც საჯაროდ აქვს ნათქვამი.

„მუხლებში ვერ ვერკვევი, ნათქვამი იყო, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობით აღიძვრება საქმე და მე ვარ გამოკითხული. ძალიან ზოგადად, რაც მაქვს საჯაროდ ნათქვამი, დაახლოებით იმის ირგვლივ ვისაუბრეთ. გამოძიების ფარგლებში არ ყოფილან საპატრიარქოში. როცა ჩვენ კერძოდ გვინდოდა, ანალიზი გაგვეკეთებინა, მაშინ გვყავდა ექსპერტები“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც აყენებდნენ საქმის კურსში. ანალიზის პასუხებს ელოდებიან, ასევე იგეგმება სავარაუდოდ გერმანიაში ახალი ანალიზების გაგზავნა.

„რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული. შესაძლოა, საბოლოოდ დადგინდეს, რომ არის რაღაც ყოფითი შემთხვევა, თუმცა რაც ხდება და რა თანმიმდევრობითაც ხდება, ყოველ შემთხვევაში, არ უნდა გამოირიცხოს ჩარევაც“, – განაცხადა ანდრია ჯაღმიძემ.

გარდა ამისა, ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, რატომ მიიტანეს ეჭვი მოწამვლაზე.

„სისუსტის პერიოდი როდესაც გრძელდება და გიწევს გამორიცხვის მეთოდით რაღაცების კეთება, ერთ-ერთი ეტაპი არის ანალიზი. ეს შეიძლება, ნებისმიერმა ჩვენგანმა დროთა განმავლობაში გავიკეთოთ, ისედაც რეკომენდებულია“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ჯაღმაიძემ არნიშნა, რომ საპატრიარქოს დამლაგებლის, რუსუდან მაისურაძის გარდაცვალებას მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლას ახლა ვერ უკავშირებენ.

„ვერ ვუკავშირებთ, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება. რამდენიმე კვირა სჭირდება საბოლოო ექსპერტიზას. გუშინ გვქონდა პირველი შეხვედრა გამოძიებასთან და რა მიმართულებით გააგრძელებენ, არ ვიცი, ალბათ, ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ. გამორიცხული არაფერია, თუმცა არც ამის საშუალება არ არის, რომ ახლა ვამტკიცოთ რომელიმე ვერსია“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, შორენა თეთრუაშვილით თუ დაინტერესდა გამოძიება?, – ანდრია ჯაღმაიძე პასუხობს: „არა, მიკვირს, ვინ წამოჭრა ისევ ეს თემა. მაშინ სულ სხვა კონტექსტში იყო, ქალბატონი შორენა იყო დაზარალებული და ახლა ძალიან მიკვირს, რატომ სვამთ ამ შეკითხვას, სხვა ვიღაცაც ხომ შეიძლება, დაასახელოთ. არანაირი საფუძველი არ არის ამაში“.

მან ასევე აღნიშნა ისიც, რომ შიდა გავლენებისა და ძალების დაპირისპირების მიზეზზე უამრავ ვერსიას მოვუსმენთ თუმცა ეს დისონანსი ფუჭია და არაფერი სასარგებლო შედეგი არ მოაქვს.

„ჩვენ მოვისმენთ მრავალ ვერსიას, მრავალ ჭორს და სინამდვილეში, არასდროს არ იარსებებს ამისი რაღაც საფუძველი, ალბათ, ძნელია ამის თქმა. მედიასაშუალება არის, თუ ცალკეული ჟურნალისტები, შეიმჩნევა, თითქოს არის მცდელობა, შიგნით მოხდეს ერთმანეთთან დაპირისპირება და უნდობლობა, თვითონ იმ ახლო წრეში, რომელიც მეუფესთანაა დაკავშირებული. ტყუილი მცდელობაა. ვხედავთ ტენდენციას, რომ ვიღაცები ცდილობენ, შეიტანონ ეს დისონანსი, ფუჭია, არაფერი სასარგებლო შედეგი ამას არ მოჰყვება“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, მეუფე შიოს მდგომარეობასთან დაკავშირებით მაისიდან დაიწყო კვლევა და ამ ამბის გასაჯაროებით, კვლევის პროცესი დაზიანდა.

„მაისიდან დავიწყეთ კვლევა. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ მოგვინდომებია ამ ამბის გარეთ გამოტანა. ვინც ეს ამბავი გარეთ გამოიტანა, განზრახ, ნებსით, თუ უნებლიეთ, რეალურად ეს კვლევის პროცესი დააზიანა, რადგან სჯობდა დაკვირვება სხვაგვარად. მსგავსი ვერსია თუ განვითარდა, რომ ჩარევით ხდება, რა თქმა უნდა, ასეთი საჯარო განხილვები ამ პროცესს აზარალებს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, რომ მეუფე შიო ახლა თავს კარგად გრძნობს. „სრულიად შრომისუნარიანია და შეზღუდული არ არის მსახურებაში და არც საზოგადოებასთან ურთიერთობაში. დღეს ვნახეთ ეს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

“ნატოს სამიტმა დაადასტურა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის” – არჩილ თალაკვაძე

ნატოს სამიტმა ვილნიუსში დაადასტურა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის – საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობა ძლიერდება, არ შესუსტებულა. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში საქართველო აუცილებლად მიიღებს მიწვევას ნატოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ნატოს სამიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ნატოსთვის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო პარტნიორად რჩება.

რაც შეეხება უკრაინას, როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, უკრაინასთან დაკავშირებით უფრო მკაფიო და ცხად გეგმას ელოდა, სადაც ვადები და კონკრეტული პროცედურა იქნებოდა დასახელებული.

მისივე თქმით, უკრაინას ნატოს მხრიდან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება.

„ნატოს სამიტმა ვილნიუსში დაადასტურა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის. თუ ჩვენ ავიღებთ შვედეთის მაგალითს და ჩვენი ქვეყანა გახდება ეკონომიკურად კიდევ უფრო ძლიერი, უფრო სტაბილური, უფრო წარმატებული სახელმწიფო, საქართველო იქნება უფრო სასურველი და ძლიერი პარტნიორი ნატოსთვის. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით სწორედ ამ გეგმას და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში საქართველო აუცილებლად მიიღებს მიწვევას ნატოში. რაც შეეხება უკრაინას, როგორც უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიტყოდი, რომ ველოდით უფრო მკაფიო და უფრო ცხად გეგმას უკრაინასთან დაკავშირებით, სადაც ვადები და კონკრეტული პროცედურა იქნებოდა დასახელებული, თუმცა იმედის მომცემია გენერალური მდივნის, სტოლტენბერგის განცხადება, რომ როგორც კი შიგნით კონსულტაციები დასრულდება, უკრაინა ამის შესახებ იქნება ინფორმირებული. უკრაინას სჭირდება კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ნატოს მხრიდან და იმედი მაქვს, რომ ვილნიუსის სამიტის მერე მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდება,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს, როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, ე.წ. რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, საქართველო და უკრაინა, ნატოს კონტექსტში, ერთმანეთთან დააპირისპიროს.

„ეს არის ერთი მხრივ, უცოდინარობის და უპასუხისმგებლობის მაგალითი, როდესაც ისინი ცდილობენ, რომ საქართველო და უკრაინა დააპირისპირონ ერთმანეთთან ნატოს კონტექსტში. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, უკრაინა, რომელიც ძალიან მძიმე ომშია საკუთარი ტერიტორიების და თავისუფლების დასაცავად, იმსახურებს და უკრაინას პრიორიტეტულად ეკუთვნის, რა თქმა უნდა, ყურადღება, როგორც ნატოს, ისე ევროკავშირის მხრიდან. საერთაშორისო პარტნიორებს, საერთაშორისო საზოგადოებას გვაქვს მორალური ვალდებულება უკრაინასთან, ამიტომ ამის რაღაცნაირად დაპირისპირება საქართველოსთან არის მავნებლური დამოკიდებულება და პირდაპირ გეტყვით, რომ რადიკალური ოპოზიცია ამით პირდაპირ აზიანებს და პირდაპირ ებრძვის საქართველოს და უკრაინის მეგობრობას საკუთარ მოსახლეობას სთავაზობს აბსოლუტურად უსამართლო დამოკიდებულებას, თითქოს ჩვენ უნდა შეგვშურდეს უკრაინის. არა, პირიქით. საქართველო და საქართველოს ხელისუფლება, რა თქმა უნდა, მიესალმება უკრაინასთან დაკავშირებით პრიორიტეტულ ყურადღებას და გაზრდილ მხარდაჭერას. რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებით რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს, სერიოზული კომენტარი არც კი შეიძლება ამაზე გავაკეთოთ,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, ის ტყუილსა და აბსურდს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს სამიტზე არ მიიწვეს.

„აბსოლუტურად მოკლებულია ლოგიკას, თითქოს პრემიერ-მინისტრი არ მიიწვიეს და მისი კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს. ეს უბრალოდ ალოგიკურია და ვინც ეს ვერსია მოიფიქრა, ძალიან ზედაპირული წარმოდგენა აქვს ჩვენს საზოგადოებაზე,“ – აღნიშნა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების მიერ გამოქვეყნებულ კომუნიკეს მიხედვით, ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ რეფორმებში უნდა მიაღწიოს პროგრესს, მათ შორის საკვანძო დემოკრატიულ რეფორმებში. ამასთან, ნატოს წევრები იმეორებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით, (MAP) როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილით. რაც შეეხება უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ ჩანაწერს, კომუნიკეს მიხედვით, უკრაინის მომავალი ნატოშია. „უკრაინის გზა გასცდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის საჭიროებას, სულ უფრო მეტად თავსებადია და პოლიტიკურად ინტეგრირებულია ალიანსთან და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების გზაზე“, – ნათქვამია კომუნიკეში.