„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ „აიწონა-დაიწონას“ თამაშობს – ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საუკეთესო კანდიდატი იქნება, ზუსტად გამოხატავს, „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიას, მდგომარეობას და მის მომავალს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, საარჩევნოდ, შესაძლოა გიორგი ვაშაძე იყოს.
„როგორც ჩანს, კონსულტაციები მიმდინარეობს. იმედი მაქვს, საერთო ენას გამოძებნიან და მშვიდობიან გადაწყვეტილებას მიიღებენ. გასაკვირია, რომ ნიკა მელია ჯერ კიდევ რჩება „ნაციონალურ მოძრაობაში“, იქ, სადაც ის არ უნდათ და გადააყენეს. „ნაციონალური მოძრაობა“ სერიოზულ და საქმიან პოლიტიკურ ლოგიკას მოკლებულია. ეს არის პარტია, რომელიც დაშლის გზაზეა, პოლიტიკურ „აიწონა-დაიწონას“ თამაშობს. წინა სერიაში ხაბეიშვილმა გადაწონა მელია, ახლა მელია გადაწონის ხაბეიშვილს, შემდეგში შეიძლება ცისკარიშვილთან ერთად გაიმართოს მორიგი შერკინება. არჩევნებზე საზოგადოებას კარგი შესაძლებლობა ექნება, რომ ეს არასერიოზული პოლიტიკური პარტია აუტსაიდერებში გადაიყვანოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.