Home Blog Page 1715

“ეს ხალხი მარტოებს გვტოვებს პირისპირ რუსეთთან მხოლოდ იმიტომ, რომ გაიხანგრძლივოს ივანიშვილმა ძალაუფლება”

ეს ხალხი მარტოებს გვტოვებს პირისპირ რუსეთთან მხოლოდ იმიტომ, რომ გაიხანგრძლივოს ივანიშვილმა ძალაუფლება, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ მოსამართლეების სანქციებზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, კობახიძე ფაქტობრივად აანონსებს, რომ ქვეყნის მომავლისა და ეროვნული ინტერესების ხარჯზე კიდევ უფრო ღრმა იზოლაციაში მოახვედრებს ქვეყანას.

„ეს განცხადება უბრალოდ სასაცილო იქნებოდა, კობახიძე ივანიშვილის მარიონეტი და მთავარი სპიკერი, რომ არ იყოს და ეს ხალხი რომ არ აკონტროლებდეს საქართველოს ბედს.

ეს ხალხი მარტოებს გვტოვებს პირისპირ რუსეთთან მხოლოდ იმიტომ, რომ გაიხანგრძლივოს ივანიშვილმა ძალაუფლება, ეს არის ამ განცხადების შინაარსი”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

“Go Go Zhenia შემდეგ Go Go Kelly დრო დადგა Kelly go home” – გოგა ხაინდრავა

Go Go Zhenia შემდეგ Go Go Kelly დრო დადგა Kelly go home!, – ამის შესახებ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა Twitter-ზე წერს.

„არც Go Go Salome დააყოვნებს რადგან როდესაც შენ ხალხს ათიათასობით შენ ამომრჩეველს შეურაცხყოფენ ბრბოდ მოიხსენიებენ შენ კი მათი პრეზიდენტი ხმის ამოღებას ვერ ბედავ რათა თავხედს საკადრისი ადგილი მიუჩინო დროა Go home! სელავი“, – წერს გოგა ხაინდრავა.

დოლარის ღირებულება 2.5771 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5771 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5771 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5803 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0032 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8910 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8806 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0104 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“როცა სააკაშვილი გიზის ციხეში და გინდა, ლეგიტიმური არჩევნები ჩაატარო, არ გამოვა” – პეტრე ცისკარიშვილი

მოცემულობაში, როცა სააკაშვილი გიზის ციხეში და გინდა, ლეგიტიმური არჩევნები ჩაატარო, ეს არ გამოვა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთ თამაშის წესებს დასავლელი პარტნიორები არ მიიღებენ.

„ჩვენ, პრაქტიკულად, შევდივართ საარჩევნო ფაზაში. სულ რამდენიმე თვეში საარჩევნო კამპანია იქნება გახსნილი საქართველოში და იმ მოცემულობაში, როცა მთავარი ოპოზიციური მოთამაშე, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიზის ციხეში და გინდა, ლეგიტიმური არჩევნები ჩაატარო, ეს, უბრალოდ, არ გამოვა. ასეთი თამაშის წესებს ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ მიიღებენ“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ამასთან, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, დრო აჩვენებს, მოახდენს თუ არა გავლენას საქართველოს ხელისუფლებაზე ევროდეპუტატების მიმართვა, მხარი დაუჭიროს სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში.

„დრო გვაჩვენებს. იზრდება საერთაშორისო წნეხი. ამერიკელმა ელჩებმა, ვისაც კი საქართველოში უმუშავია, დაახლოებით ერთი კვირის წინ დაწერეს ღია წერილი, სადაც ყველა ერთხმად მოითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ რეჟიმს, მის წარმომადგენლებს, ადამიანებს, რომლებიც სააკაშვილის უფლებებს ლახავენ, არა მხოლოდ სანქციები ემუქრებათ, არამედ პირდაპირ „მაგნიტსკის აქტის“ ამოქმედება. შეუძლიათ, ჩახედონ „მაგნიტსკის აქტს“, რომელიც ამოქმედებულია მსოფლიოში ბევრი პოლიტიკური მოთამაშის მიმართ, რომლებმაც უხეშად დაარღვიეს ადამიანის უფლებები. განსაკუთრებით აფრიკის კონტინენტიდან, ისევე, როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებზე. „მაგნიტსკის აქტი“ აშშ-ის მიერ მიღებული კანონია, რომელიც ასეთი ბოროტმოქმედების პირდაპირ სანქცირებას ითვალისწინებს და ამ აქტზეა საუბარი. ასევე, რეზოლუციების მიღების შემდეგ, რომელიც ევროპარლამენტმა ბოლო თვეების განმავლობაში მიიღო, უკვე არსებობს რამდენიმე ათეული ევროპარლამენტის მიერ ხელმოწერილი კონკრეტული მიმართვა, რომ მესამე პრეზიდენტი უნდა იყოს გათავისუფლებული“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს სხდომაზე, რომელიც მთავრობის მეთაურმა გახსნა, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი.

ინვესტორთა საბჭოს მდივანმა გიორგი ჩერქეზიშვილმა სხდომის მონაწილეებს საბჭოს საქმიანობისა და წინა სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყნის საინვესტიციო პერსპექტივები და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ეკონომიკურ პროექტებს, რომლებზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად და მიესალმებიან ამ მიმართულებით პარტნიორების მხარდაჭერას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას საქართველოს ეკონომიკის გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს და მიღწეული მაჩვენებლები ისტორიულია.

სხდომის მონაწილეებმა იმსჯელეს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და საქართველოში განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების სტიმულირების საკითხებზე.

განსახილველ საკითხებს შორის იყო აგრეთვე ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიმდინარე რეფორმებში ინვესტორთა საბჭოს ჩართულობა.

“ევროპარლამენტარების წერილი და რადასთვის მიმართვა ერთ პროპაგანდისტულ ტრენდში ზის, უბრალოდ, სააკაშვილი ავად აღარ არის”

ევროპარლამენტარების კოლექტიური წერილი და რადასთვის მიმართვა ერთსა და იმავე პროპაგანდისტულ ტრენდში ზის, უბრალოდ, გასათვალისწინებელია, რომ სააკაშვილი ავად აღარ არის, დემენცია აღარ სჭირს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, პროპაგანდისტული ხაზი, რაშიც არაერთი მილიონი დაიხარჯა, სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა.

ამასთან, როგორც საპარალმენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ სააკაშვილის პოლიტიკური ლიდერობა არ სჭირდებათ.

„სააკაშვილმა გამოჯანმრთელება დაიწყო. უფრო მეტიც, მან უარი თქვა მისთვის განკუთვნილ როლზე, ყოფილიყო მძევალი სტრატეგიისა, რასაც რევოლუციური პროცესის განვითარება ჰქვია. როგორც „ქვინის“ ცნობილ სიმღერაშია, სააკაშვილი გამოიჭრა, თავისუფლება მოითხოვა, პოლიტიკურ ასპარეზზე გაიჭრა. მას იმ წუთშივე მიუთითეს, რომ მისი ადგილია სარეცელზე, სადაც მომაკვდავი და მოწამლული პრეზიდენტის როლი უნდა ითამაშოს, რათა სახელმწიფოს ამით უფრო მეტი ზიანი მიაყენოს. დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მისი პოლიტიკური ლიდერობა არ სჭირდებათ. ის პროპაგანდისტული ხაზი, რაშიც არაერთი მილიონი დაიხარჯა, საკმაოდ სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა. სახელმწიფო დახატეს, როგორც ურჩხული, რომელიც მესამე პრეზიდენტს აწამებს და ეს პიარული სვლა არ უნდა იყოს დღის წესრიგიდან მოხსნილი. აქედან გამომდინარეობს პათოსი, რომელიც ჩამოყალიბებულია ამ განცხადებაში. შესაძლოა, არის გარკვეული ემოციაც ზოგიერთის მხრიდან, მაგრამ პრაგმატული პოლიტიკა ყოველგვარ ემოციას და პიარულ დამოკიდებულებას სჭარბობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

44 ევროპარლამენტარისგან შემდგარი ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, სადაც ის საჭირო სამედიცინო დახმარებას მიიღებს.

გარდა ამისა, სააკაშვილის შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე უკრაინის რადამ სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების სახელზე დადგენილების პროექტი მოამზადა.

უკრაინის რადამ დაამტკიცა მიმართვა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

უკრაინის უმაღლესი რადა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს ჰუმანიტარული აქტის განხორციელებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართავს.

უკრაინის სახალხო დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის განცხადებით, შესაბამისი მიმართვის მიღებას მხარი 285-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რეზოლუციის ტექსტში მითითებულია, რომ მისი მიღება გამოწვეულია სააკაშვილის ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობით და მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების აუცილებლობით. ამიტომ, პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, რომ უზენაესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარს, დიმიტრი ლუბინეცს მიეცა სააკაშვილთან წვდომის საშუალება.

უმაღლესი რადა ზურაბიშვილს ასევე მიმართავს მიხეილ სააკაშვილის მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გამო, „ჰუმანიტარული აქტის განხორციელების და შეწყალების“ მოთხოვნით.

გარდა ამისა, რადა მოუწოდებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეზოლუციები საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობის შესახებ.

“პრეზიდენტის მკვლელ ხალხს ევროკავშირში არ ელოდებიან” – ლევან ხაბეიშვილი

პუტინთან მებრძოლი უმაღლესი მთავარსარდალი ზელენსკი, უკრაინის მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენას ითხოვს – პრეზიდენტის მკვლელ ხალხს ევროკავშირში არ ელოდებიან, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა უკრაინის რადაში სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დაინიცირებული პროექტის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესია კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე.

“პუტინთან მებრძოლი უმაღლესი მთავარსარდალი ზელენსკი, უკრაინის მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენას ითხოვს. ჩვენ ვნახეთ უკრაინის რადას განცხადება. მანამდე ვნახეთ ევროპარლამენტარების მიმართვა, რომელსაც 44 ევროპარლამენტარი აწერს ხელს. ვნახეთ, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება. გვინახავს სხვადასხვა მაღალი თანამდებობის, პროდასავლელი ლიდერის განცხადება პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენასთან დაკავშირებით.

ამიტომ, თუ ხელისუფლებას რაიმე სურს ჩვენი ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ინტერესები პირად ბოღმას არ უნდა გადააყოლოს.

პრეზიდენტის მკვლელ ხალხს ევროკავშირში არ ელოდებიან. კარგად უნდა გაიგონ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა არის უმნიშვნელოვანესი კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე” , – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის,უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა პროექტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებისადმი მიმართვის შესახებ.

პროექტის თანახმად, უკრაინის უმაღლესი რადა მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უზრუნველყოს უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის დმიტრო ლუბინეცის სააკაშვილთან დაშვება. ასევე, თხოვნით მიმართავს მას, სააკაშვილის მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით განახორციელოს ჰუმანიტარული აქტი და შეიწყალოს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი.

დოკუმენტის თანახმად, რადა მიმართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეზოლუციები საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჰუმანიტარული აქტის განხორციელებისა და უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობის შესახებ.

საპატრიარქო გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მისია აკვირდება, რომელთა მიერ შეგროვებული მასალის საფუძველზე კედლის მხატვრობისთვის საჭირო საკონსერვაციო ღონისძიებების განსაზღვრა მოხდება.

როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ინსპექტირების სამუშაოების დასრულებისთანავე, 2023 წლის 15 ივლისს, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები სამეცნიერო დისკუსიას, მოგვიანებით კი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

„საქართველოს საპატრიარქოს მიერ შექმნილი გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ხელმძღვანელობით, გელათის სამონასტრო კომპლექსში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.

გელათის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოში ჩამოსულია საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მისია. საბჭოს წევრები ადგილზე ეცნობიან სიტუაციას და მიმდინარე საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს.

მისიის ფარგლებში მოწვეულნი არიან იტალიელი, გერმანელი, ბრიტანელი და ამერიკელი უმაღლესი რანგის პრაქტიკოსი სპეციალისტები, რომლებიც დარგის წამყვან ინსტიტუციებს წარმოადგენენ და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის არაერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლზე წარმატებით მუშაობის გამოცდილება აქვთ.

გელათში ამჟამად მუშაობს კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფი, რომელიც ახორციელებს კედლის მხატვრობის ტექნოლოგიურ კვლევას, ამზადებს მხატვრობის ტექნოლოგიის ვიზუალური ლექსიკონს, ხდება ძეგლზე არსებული პრობლემების დეტალური აღწერა.

არსებული მდგომარეობის დოკუმენტაცია უკვე წარედგინა საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებიც მთავარი ტაძრის კედლის მხატვრობის ინსპექტირებას ახდენენ. შეგროვებული მასალის საფუძველზე მოხდება კედლის მხატვრობისთვის საჭირო საკონსერვაციო ღონისძიებებს განსაზღვრა.

საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ხედვა და შემუშავებული მიდგომები გელათის რეაბილიტაციის კომიტეტს და მისი სათათბირო ორგანოების, ეროვნულ სამეცნიერო საბჭოსა და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ერთობლივ სამუშაო შეხვედრაზე იქნება განხილული.

ზემოხსენებული ინსპექტირების სამუშაოების დასრულებისთანავე, 2023 წლის 15 ივლისს, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები სამეცნიერო დისკუსიას, მოგვიანებით კი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მოწვევით სამონასტრო კომპლექსის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესს მრავალდარგობრივი ექსპერტთა ჯგუფი ახორციელებს. მათ შორის არიან: სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედე – კედლის მხატვრობის კონსერვატორები, დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ გეტის კონსერვაციის ინსტიტუტის, კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის, ინგლისის ეროვნული ფონდის, ინგლისის მემკვიდრეობასთან და საეკლესიო ნაგებობათა საბჭოსთან; სტეფან სიმონი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციის ექსპერტი, მეცნიერი, მკვლევარი, ბერლინის ეროვნული მუზეუმების რათგენის კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი, იელის უნივერსიტეტის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინსტიტუტის (IPCH) დამფუძნებელი; გერჰარდ ვოლფი – ხელოვნების ისტორიკოსი, მაქს პლანკის სახელობის ფლორენციის ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორი; სტივენ კელი – არქიტექტორი და ნაგებობათა კონსტრუქციების ინჟინერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებასა და კონსერვაციაში, ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტი; რობერტო ნარდი – მოზაიკის კონსერვატორი, რომის არქეოლოგიური კონსერვაციის ცენტრი, მოზაიკის კონსერვაციის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი; ანდრეინა კოსტანცი კობაუ – მოზაიკისა და კედლის მხატვრობის რესტავრატორი, რომის არქეოლოგიური კონსერვაციის ცენტრი“, – ნათქვამია განცხადებაში.

“სააკაშვილი გამოცოცხლდა, ქართულ პოლიტიკაში მოვიდა და საზღვარგარეთ რა უნდა?” – გურამ მაჭარაშვილი

სააკაშვილი გამოცოცხლდა, ქართულ პოლიტიკაში მოვიდა და საზღვარგარეთ რა უნდა? ეს კითხვა მაქვს ევროპარლამენტარებთანაც, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა 44 ევროდეპუტატის განცხადებას, რითიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭიროს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

„ევროპარლამენტარი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს განცხადების შემდეგ სააკაშვილის ციხიდან გამოშვებას მაინც ითხოვს, იმას ემსახურება, რომ გლობალური „ომის პარტია“ „ლოკალური ომის“ პარტიის საშუალებით ქვეყანაში ცდილობს არეულობას და მეორე ფრონტს. სამწუხაროდ, რადიკალურ ოპოზიციას სურს ქვეყანაში ომი მეორე ფრონტი. სააკაშვილი გამოცოცხლდა, ქართულ პოლიტიკაში მოვიდა და როცა ამბობს, რომ უკვე ქართულ პოლიტიკაშია, მაშინ საზღვარგარეთ რა უნდა? უცხოეთში წასვლა რატომ უნდა? ეს კითხვა მაქვს ევროპარლამენტარებთანაც.

სტრასბურგის გადაწყვეტილებაა, რომ ამ ადამიანმა უნდა იკვებოს, სასჯელი მოიხადოს. ამ გადაწყვეტილებას როცა თავზე გადაახევ ყველა მოსამართლეს, რომელმაც თქვა, რომ პატიმარი სააკაშვილი საქართველოდან არ უნდა წავიდეს, ციხიდან არ უნდა გავიდეს და მაინც ითხოვ, ციხიდან გავიდეს, ეს ნიშნავს, რომ მათი მიზანია არა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, არამედ როგორმე გამოაცოცხლონ პოლარიზება. ამას ემსახურებოდა გვარამიას გათავისუფლებაც“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

“უდიდესი მადლობა ევროპარლამენტარებს ამხელა სოლიდარობისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

უდიდესი მადლობა ევროპარლამენტარებს ამხელა სოლიდარობისთვის – ნახეთ, დილიდან როგორ აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები – ეტყობა შეშფოთებულებმა პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ვერანაირი რეპრესიები, თუნდაც სიკვდილის საფრთხე მის ბრძოლას თავისუფლებისთვის ვერ შეაჩერებს.

„უდიდესი მადლობა ევროპარლამენტარებს ამხელა სოლიდარობისთვის.

ნახეთ, დილიდან როგორ აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები – ეტყობა შეშფოთებულებმა პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს.

ვერანაირი რეპრესიები, თუნდაც სიკვდილის საფრთხე, ჩემს ბრძოლას თავისუფლებისთვის, ევროპისთვის, უკრაინის გამარჯვებისთვის, საქართველოს განვითარებისა და წარმატების გზაზე დაბრუნებისთვის ვერ შეაჩერებს!“,- წერს სააკაშვილი.

პაპილომა ვირუსზე აცრა 10-დან 12 წლამდე ბიჭებისთვის იქნება შესაძლებელი, გოგონებისთვის კი ვაქცინაციის ზედა ზღვარმა 26 წლამდე აიწია

საქართველოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა ბიჭებისთვისაც ხელიმსაწვდომი გახდა. ეს ეხება 10 -11-12 წლის ასაკის ბიჭებს. მათი ვაქცინაცია აცრების ეროვნულ კალენდარს დაემატა.

ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ დღეს გამოქვეყნდა და ცვლილებები უკვე ძალაშია.

ცვლილების თანახმად, ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (აპვ (HPV)) კეთდება გოგონებსა და ბიჭებში 10-11-12 წლის ასაკში, არის ორჯერადი, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი კი 6 თვეა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში 2019 წლიდანაა შეტანილი.

2022 წელს კი იმ გოგონებს, რომელთა ასაკი 13-18 წელია და არ აქვთ ჩატარებული აპვ-ის საწინააღმდეგო აცრა, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამატებითი ღონისძიების ფარგლებში შესაძლებლობა მიეცათ, აღნიშნული ვაქცინაცია ჩაიტარონ. 2023 წელს ამოქმედებული ცვლილებით, ვაქცინაციის ზედა ზღვარმა 26 წლამდე აიწია.

ახალი ცვლილებით, აცრის ჩატარება ბიჭებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა იმუნიზაციის კალენდრის ფარგლებში, 10-11-12 წლის ასაკში.

ადამიანის პაპილომა ვირუსი იწვევს კანისა და ლორწოვანი გზების ინფიცირებას. ის წარმოადგენს რეპროდუქციული სისტემის ყველაზე გავრცელებულ ინფექციას და არის მრავალი დაავადების გამომწვევი მიზეზი როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ადამიანის პაპილომა ვირუსი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა და ძალიან გავრცელებულია.

ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის კიბოს 90%-იანი პრევენცია. ვაქცინაცია, რეგულარულ სკრინინგთან ერთად, საშვილოსნოს ყელის კიბოსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.