პაპილომა ვირუსზე აცრა 10-დან 12 წლამდე ბიჭებისთვის იქნება შესაძლებელი, გოგონებისთვის კი ვაქცინაციის ზედა ზღვარმა 26 წლამდე აიწია

spot_img

საქართველოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა ბიჭებისთვისაც ხელიმსაწვდომი გახდა. ეს ეხება 10 -11-12 წლის ასაკის ბიჭებს. მათი ვაქცინაცია აცრების ეროვნულ კალენდარს დაემატა.

ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ დღეს გამოქვეყნდა და ცვლილებები უკვე ძალაშია.

ცვლილების თანახმად, ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (აპვ (HPV)) კეთდება გოგონებსა და ბიჭებში 10-11-12 წლის ასაკში, არის ორჯერადი, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი კი 6 თვეა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში 2019 წლიდანაა შეტანილი.

2022 წელს კი იმ გოგონებს, რომელთა ასაკი 13-18 წელია და არ აქვთ ჩატარებული აპვ-ის საწინააღმდეგო აცრა, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამატებითი ღონისძიების ფარგლებში შესაძლებლობა მიეცათ, აღნიშნული ვაქცინაცია ჩაიტარონ. 2023 წელს ამოქმედებული ცვლილებით, ვაქცინაციის ზედა ზღვარმა 26 წლამდე აიწია.

ახალი ცვლილებით, აცრის ჩატარება ბიჭებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა იმუნიზაციის კალენდრის ფარგლებში, 10-11-12 წლის ასაკში.

ადამიანის პაპილომა ვირუსი იწვევს კანისა და ლორწოვანი გზების ინფიცირებას. ის წარმოადგენს რეპროდუქციული სისტემის ყველაზე გავრცელებულ ინფექციას და არის მრავალი დაავადების გამომწვევი მიზეზი როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ადამიანის პაპილომა ვირუსი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა და ძალიან გავრცელებულია.

ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის კიბოს 90%-იანი პრევენცია. ვაქცინაცია, რეგულარულ სკრინინგთან ერთად, საშვილოსნოს ყელის კიბოსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.