Home Blog Page 1714

,,გერმანიიდან დეპორტოტებულთა შორის ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქეა” – გერმანიის შსს

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში თავშესაფრის მაძიებლების დეპორტაციის მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, მეოთხედზე მეტით გაიზარდა, – ინფორმაციას გამოცემა ZDF-ი ავრცელებს.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იანვრიდან ივნისამდე ქვეყნიდან 7 861 ადამიანი გააძევეს, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით მეტია. ამასთან, დეპორტირებულთაგან 1664 ქალი იყო, 1375 კი – არასრულწლოვანი.

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირად საქართველოს მოქალაქეებს ადეპორტებდნენ და აღნიშნულ პერიოდში საქართველოს 705 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, შემდეგ მოდის ჩრდილოეთ მაკედონიელები (665), ავღანელები (659) და თურქები (525).

სასწაული, რომელიც ყოველ წელს აღესრულება

კუნძული კეფალონია (საბერძნეთი), რომელიც იონიის ზღვაში მდებარეობს, მარტო იმით არაა გამორჩეული, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნძულია ამ ზღვაში.

სწორედ ამ კუნძულზე, ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამის მიძინების დღეს, ყოველწლიურად აღესრულება სასწაული, რომელიც მნახველებს ანცვიფრებს – სოფელ მარკო პოლოში, ღვთისმშობლის მიძინების სამლოცველოში, დღესასწაულზე დასასწრებად და ხატის თაყვანის საცემად ტაძარში… შხამიანი გველები მოდიან.

ხატს „გველის ღვთისმშობელს“ უწოდებენ.

გადმოცემის თანახმად, იმ ადგილას, სადაც ახლა სამლოცველოა, ადრე ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი ყოფილა.

ერთხელ, როდესაც სოფლის ყველა მამაკაცი ზღვაში სათევზაოდ იყო გასული, მონაზვნებმა მეკობრეთა გემი დალანდეს და შეშინებულებმა ჩარაზეს მონასტრის ჭიშკარი, თავად კი გულმოდგინედ ევედრებოდნენ დედა ღვთისმშობლის ხატს, დაეფარა მათი ღირსება.

მაგრამ ხის ალაყაფმა მეკობრეთა ძალას ვერ გაუძლო. როდესაც ისინი მონასტერში შეცვივდნენ, იქ, მონაზონთა ნაცვლად, შავი გველები დახვდათ.

მოძალადეები თავზარდაცემულნი გაერიდნენ იქაურობას. როგორც მარკო პოლოს მცხოვრებნი ამტკიცებენ, მათ სამლოცველოში სწორედ ის ხატია დაცული, რომელსაც ასე გულმოდგინედ ევედრებოდნენ მონაზვნები მეკობრეთაგან ხსნას და ეს ხატი პანაგია ფეტუსა გახლავთ.

ყოველი წლის მარიამობის წინა საღამოს მთებიდან ჩამოდიან შხამიანი გველები და სწორედ ამ სამლოცველოსთან იკრიბებიან, ტაძარში მორწმუნეებთან ერთად შედიან და წირვას ესწრებიან.

მიუხედავად იმისა, რომ სამლოცველოში უამრავი ხატია, გველები ღვთისმშობლის ხატისაკენ მიიწევენ და მასზე გართხმულები უსმენენ ღვთისმსახურებას.

რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ეს შხამიანი გველები ამ დღესასწაულზე სრულიად უვნებელნი ხდებიან-მლოცველებს ისინი ხელში აჰყავთ, ტაძარში შესვლაში ეხმარებიან, ეთამაშებიან და ეფერებიან ხოლმე.

წირვის დასრულებისთანავე გველები ჩამოცოცდებიან ღვთისმშობლის ხატიდან და კვლავ მთებს მიაშურებენ.

იმ წუთებიდან მათთან შეხებას არავის ურჩევენ, რადგან მათი შხამი მომაკვდინებელია. მარიამობას მათ დანახვას არავინ უფრთხის-ადგილობრივი თუ სტუმრად ჩასული მართლმადიდებლები სიხარულით ელიან ამ დიდი სასწაულის ხილვას.

მარკოპოლოელმა ქრისტიანებმა იციან, რომ, თუკი გველები არ გამოჩნდნენ, ესე იგი, იმ წელს დიდი განსაცდელს უნდა ელოდნენ. ასე იყო 1943 წელს-მაშინ ფაშისტებმა უამრავი ადამიანი დახვრიტეს – თითო ოჯახიდან თითო კაცი; გველები არ მოდიან ეკლესიაში მაშინაც, თუკი იმ წელს გვალვა ან მიწისძვრაა მოსალოდნელი.

,,შოვში სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება”- პაპუნა მარგველიძე

სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედით თეორიული შანსიც კი იქნება ჩვენი მოქალაქეების პოვნის, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ.

„ამ დროის მდგომარეობით 27 მოქალაქის ცხედარი არის ამოსვენებული. მიმდინარეობს 6 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში, როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში, სადაც მძიმე ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს კალაპოტის ფორმირება და არსებული კუნძულების დამუშავება. პერიმეტრი არის გაზრდილი. 27 ამოსვენებულიდან, 25 ცხედარი არის იდენტიფიცირებული. სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედით თეორიული შანსიც კი ინქბეა ჩვენი მოქალაქეების პოვნის“, – განაცხადა მარგველიძემ.

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში მაშველების მიერ 27 ცხედარია აღმოჩენილი და საძიებო სამუშაოები 6 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

,,გამარჯვება რთული შრომაა” – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დასავლელ ანალიტიკოსებს მოუწოდებს, უკრაინის კონტრშეტევის შესახებ პროგნოზების გაკეთებისას სიფრთხილე გამოიჩინონ.

”ჩვენ მშვიდად ვხვდებით ამგვარ განცხადებებს. უსახელო ოფიციალური პირების, გენერლებისა და ანალიტიკოსების აზრით, უკრაინას 2022 წლის თებერვალში 3-10 დღეში არსებობა უნდა შეეწყვიტა. ახლა ისინი ვარაუდობენ, რომ უკრაინა მთელ თავის ტერიტორიას ასე სწრაფად ვერ დაიბრუნებს. მინდა ვთქვა, რომ რომ ანალიტიკოსებმა პროგნოზებისა და გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთებისას მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ”, – აღნიშნა კულებამ.

მან უკრაინელებს მიმართა, გამოიჩინონ მოთმინება გამარჯვების გზაზე.

“გვჭირდება მეტი გრძელვადიანი შესაძლებლობა მეტი მოკლევადიანი შედეგის მისაღწევად. არასოდეს შეაფასოთ უკრაინა არასათანადოდ. იყავით თავდაჯერებული. გამოიჩინეთ მოთმინება, გამარჯვება რთული შრომაა”, – აღნიშნა კულებამ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი ზღვისპირეთში

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უქმე დღეების ამინდის პროგნოზზე სოციალურ ქსელში წერს.

„შავი ზღვის სანაპიროზე ზღვა ისეთივე თბილია, როგორც მალდივებში: +27…+29 °С, ასევე მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ამინდი სრულიად ხელსაყრელია ბუნების წიაღში დასვენებისთვის….

თუ პროგნოზს გადავხედავთ, შაბათ-კვირას სკანდინავიური ანტიციკლონი აღადგენს პლაჟის ამინდის „სტატუს-კვოს“, მოსალოდნელია მზიანი და ცხელი ამინდი, ტემპერატურა +30 გრადუსთან ახლოს იქნება, სითბოს შეგრძნებითი ინდექსი +34 გრადუსი (ტენიანობის გავლენით).

რაც შეეხება დასავლეთის დაბლობსა და აღმოსავლეთის ბარს, მიმდინარე შაბათ-კვირას სანაპიროსგან განსხვავებით, ტემპერატურა უფრო მაღალი იქნება +34, +36 გრადუსი, მაგრამ გვიან დღის ბოლოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა.“ – წერს მეტეოროლოგი.

უფლისციხე მსოფლიოს 115 ზღაპრულ სოფელს შორის დასახელდა

           ჟურნალმა “Architecture Desigh”-მა მკითხველ მსოფლიოს 115  ზღაპრული სოფელი გააცნო, რომლებიც გამოირჩევიან ლანდშაფტით, კულტურითა და ესთეტიკური მახასიათებლებით.

115 მსოფლიოს ზღაპრული სოფლების ნუსხაში დასახლებებეი მთელი მსოფლიოდან მოხვდა. ჩამონათვალში მოხვდა უძველესი, ულამაზესი, ქართული, კლდეში ნაკვეთი ისტორიული ქალაქი- უფლისციხე.

სიაში ასევე ვხვდებით გერმანიის, იაპონიის, ავსტრიის, ჩინეთის და სხვა ქვეყნის საოცარ ადგილებს.

წყარო: agora.ge

ილონ მასკი ინფორმაციას ავრცელებს

X-ზე, რომელიც ადრე Twitter-ის სახელით იყო ცნობილი, მომხმარებლები სხვა ანგარიშების დაბლოკვას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით გაავრცელა.

მასკის თქმითვე, დაბლოკვის ფუნქციის გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ პირდაპირი შეტყობინებების შემთხვევაში.

დაბლოკვის ფუნქცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, კონკრეტულ ანგარიშებს მათთან წვდომა, მათ შორის, მათი პოსტების ნახვა შეუზღუდოს.

“დაბლოკვა წაიშლება როგორც „ფუნქცია“, გარდა DM-ებისა [პირდაპირი შეტყობინებებისა]”. – თქვა მასკმა სოციალურ პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტში, ხოლო მოგვიანებით დასძინა: “მას არანაირი აზრი არ აქვს”.

მასკს დაბლოკვის ფუნქციის გაუქმების მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა, აღნიშნა, რომ მომხმარებლებისთვის ე.წ. დადუმების (mute) ფუნქცია კვლავ ხელმისაწვდომი იქნება.

ნინი შერმადინი ტოპ ხუთეულშია – მომღერალი ხმის მიცემის პროცედურაზე წერს

ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტორ-შემსრულებლების კონკურსში მონაწილეობს ტოპ ხუთეულში პირველ ადგილზეა.

ამის შესახებ ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში წერს.

„ღმერთოოოოოოოოოოოოო. ტოპ ხუთეულში ვარ პირველ ადგილზე! მართლა ძალიან დიდი მადლობა ყველას! არ ვიცი! რა ვთქვა ფინალისტების ჯგუფი გამოვლინდება 24 აგვისტოს, ხმის მიცემას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ.

https://theopenact.com/2023/nini

ეს ახალი ლინკი საიდანაც შეგიძლიათ ხმის მიცემა”, – წერს მომღერალი.

,,მე ვიყავი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და ჰიპერაქტიური პოლიტიკოსი”- სააკაშვილი

გამოცემა NewsWeek საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სტატიას აქვეყნებს სათაურით – “მე ვარ ქართველი პოლიტპატიმარი. ჩემი სიკვდილი კრემლთან ჩახუტებას ნიშნავს”.

სტატიაში სააკაშვილი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა მისი დასჯა. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისი სიკვდილი ნიშნავს საქართველოში არა მხოლოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის დაკარგვას, არამედ ეს იქნება ის დღე, როდესაც საქართველოს მთავრობამ უარყო ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი და გადაეხვია კრემლს.

მისივე თქმით, მისი გადარჩენისთვის ბრძოლა იგივეა, რაც უკრაინის ბრძოლა, იგივეა რაც საქართველოს ბრძოლა.

იხილეთ სტატიის თარგმანი:

ერთ წელზე მეტია, ჩემი ცხოვრება ოთხ კედელს შორის გადის, ციხეში ვარ იმ ქვეყანაში, რომელიც ერთხელ, როგორც მისმა პრეზიდენტმა წარმატებამდე უკვე მივიყვანე. მოწამლულმა, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლმა და მზის შუქს მოკლებულმა, ამ დროის უმეტესი ნაწილი ავადმყოფობაში გავატარე. როგორ მოხდა ეს?

2021 წელს მე უკრაინაში პოსტ-პრეზიდენტობით ვტკბებოდი: ლამაზი სახლი, სამსახური პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციაში, ჩემი ოფისით, რომელიც მისი ოფისის თავზე მდებარეობდა.

მისი რეფორმების ოფისს ხელშესახები შედეგებით ვხელმძღვანელობდი: ანტიოლიგარქული კანონით, ახალი სამშენებლო კოდექსით და სხვადასხვა ანტიკორუფციული რეფორმებით. მე უშუალოდ მოვახსენებდი პრეზიდენტს და მისი ადმინისტრაციის ნიჭიერ უფროსს, ანდრეი ერმაკს.

მე ვიყავი ერთადერთი პოლიტიკოსი ისტორიაში, რომელსაც წარმატებული პოლიტიკური კარიერა ორ ქვეყანაში ჰქონდა, მაგრამ ეს ყველაფერი საქართველოში ჩემი წარმატების დამსახურებაა.

ჩემმა რეფორმებმა, როგორც საქართველოს ლიდერმა 2004-დან 2012 წლამდე გავატარე, ჩემი მშობლიური ქვეყანა შეუმდგარი ქვეყნიდან დემოკრატიულ სახელწიფოდ აქცია. კორუფცია თითქმის აღარ არსებობდა, რაც შესამჩნევი გარღვევა იყო იმ პერიოდის შემდეგ, როდესაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფოდ ითვლებოდა.

2008 წელს ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძოდით რუსეთის წინააღმდეგ ომში, რომელიც ჩვენს დაპყრობას აპირებდა და ქართული სახელმწიფო გადარჩა.

პირველად რეგიონის ისტორიაში, 2013 წელს მე დემოკრატიულად გადავეცი ხელისუფლება ახალ მთავრობას.

მაგრამ საქართველოს უკანმოუხედავად მიტოვება არ შემეძლო. აშკარა იყო, რომ ჩემი მემკვიდრეობა განსაცვიფრებელი სისწრაფით იშლებოდა. პრაქტიკულად ყველა ინსტიტუცია, რომელიც მე ავაშენე, ნადგურდებოდა; ჩვენი ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტები ჩაიშალა, ან საერთოდ შეჩერდა.

მიმაჩნდა, რომ რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც დააფუძნა ამჟამინდელი მმართველი პარტია, სახელმწიფოს თავის საფეოდალოდ აქცევდა. რაც ყველაზე ცუდია, ის საქართველოს დასავლეთს აშორებს და რუსეთის გავლენის სფეროდ აქცევს.

მიუხედავად იმისა, რომ მე იმედი მქონდა, რომ ავაშენებდი ქვეყანას, რომელიც წაახალისებდა და გააძლიერებდა ახალ თაობას, სამწუხაროდ, დღეს ახალგაზრდები უწყვეტად ტოვებენ ქვეყანას, ხშირად სამუდამოდ.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში გადავედი, საქართველოს ხელისუფლებამ ჩამომაშორა ქართულ პოლიტიკას. მათ ჩამომართვეს მოქალაქეობა და იმედიც ჰქონდათ, რომ ჩემს წინააღმდეგ მათი ყალბი სისხლის სამართლის საქმეები უკან დაბრუნებისგან შემაჩერებდა. ვცდილობდი, დისტანციურად მებრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის, მაგალითად, ვიდეო ჩართვების საშუალებებით მივმართავდი დიდ აქციებზე შეკრებილ დემონსტრანტებს.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციას საქართველოში ზედიზედ ორი არჩევნები მოჰპარეს, ვეღარ გავუძელი შორიდან ჩემი ქვეყნის უმწეოდ დაცემის ყურებას.

საქართველოს კატასტროფული ვარდნის შეჩერების სურვილი დამეუფლა, რასაც თან ერთოდა ჩემი მშობლიური საქართველოს მიმართ აუტანელი ნოსტალგია. ღამით მე მტანჯავდა ოცნებები იმ ბინაზე, რომელშიც ბავშვობა გავატარე.

ამიტომ, როცა 2021 წელს ადგილობრივი არჩევნები მოახლოვდა, გადავწყვიტე წავსულიყავი რისკზე. მთავრობამ გარკვევით მითხრა, რომ თვითმფრინავით არ შემომიშვებდნენ. ამიტომ ფარულად ჩავჯექი სატვირთო მანქანაში, რომელსაც საქართველოში რძის პროდუქტები გადაჰქონდა.

ვიცოდი, რომ დამიჭერდნენ, მაგრამ იმედი მქონდა, რომ ეს არჩევნებიდან ერთი დღის შემდეგ მოხდებოდა. თუმცა, როგორც კი გავრცელდა ჩემი ჩამოსვლის ამბავი, მაშინვე დამატყვევეს და ციხეში გამომკეტეს.

პირველივე დღეს დავიწყე შიმშილობა. მალე თბილისში ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ბოლო ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქცია გაიმართა.

ვფიქრობ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჩემი დასჯა. ისინი ცდილობდნენ ჩემ გადაყვანას საქართველოში ყველაზე უარყოფითი სახელის მქონე ციხის საავადმყოფოს ფლიგელში, რომელიც სავსე იყო ორგანიზებული დანაშაულის მონაწილე, მოძალადე ელემენტებით, რომლებიც ჩემი მმართველობის დროს დააპატიმრეს.

მე შეძლებისდაგვარად გავუწიე წინააღმდეგობა, მაგრამ დაცვამ ძალით გამათრია დერეფნებში, როცა გავეშებული პატიმრები საკნებიდან ჩემს სახელს ყვიროდნენ და სიკვდილით მემუქრებოდნენ.

10 დღე ვიჯექი ამ „საავადმყოფოში“, ტელევიზორის გამორთვა არ შემეძლო, რადგან სხვა პატიმრებისგან ჩემი დაშინებისკენ მიმართული ღრიალი მესმოდა. მძიმედ ავად გავხდი. მოგვიანებით, ამერიკელმა ექიმებმა, რომლებიც ჩემთან საერთაშორისო ზეწოლის შედეგად შემოუშვეს, მითხრეს, რომ მოწამლული ვიყავი, რასაც საქართველოს ხელისუფლება უარყოფს.

საერთაშორისო ზეწოლის გამო, მთავრობამ საბოლოოდ გადამიყვანა სამოქალაქო საავადმყოფოში, სადაც ბოლო ერთი წელია ვიმყოფები. თუმცა, ჩემი ჯანმრთელობა კიდევ უფრო გაუარესდა.

საავადმყოფოში, მიუხედავად ჩემი ავადმყოფობისა, მე მქონდა დრო, რომ მეფიქრა, მეფიქრა იმაზე, რაც ვისწავლე ჩემი მძიმე მდგომარეობიდან. პატიმრობამდე ყოველთვის მოძრაობაში მყოფი ადამიანი ვიყავი. ჩემი აზრით, მე ვიყავი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და ჰიპერაქტიური პოლიტიკოსი – ალბათ მხოლოდ ზელენსკის შემდეგ.

ახლა პატარა, ჩაკეტილ სივრცეში ვზივარ. პატიმრობის პირველი 18 თვის განმავლობაში მზის შუქსაც ვერ ვხედავდი. ამ ყველაფერმა იმოქმედა ჩემს ცხოვრებისეულ შეხედულებებზე.

ბავშვობიდან სამყაროს ყოველთვის დიდი მასშტაბით ვხედავდი. ჯერ მოდიოდა მსოფლიოს მდგომარეობა, ეროვნული მისწრაფებები, ისტორიის მსვლელობა. პირადი ცხოვრება ყოველთვის ბოლო ადგილზე იდგა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ადამიანების უმეტესობა სხვანაირად ხედავს ყველაფერს.

ჩვეულებრივი ადამიანისთვის, მათი მთავარი საზრუნავი შეიძლება იყოს სამსახურის დაკარგვა, ოჯახის წევრის ჯანმრთელობა, ან იღებს თუ არა მათი შვილი სკოლაში კარგ შეფასებებს. ჩვეულებრივი ადამიანისთვის, გრანდიოზულ გეგმებს, როგორც ასეთი, არ აქვს მნიშვნელობა.

ცხოვრებაში პირველად, 50 წლის გადაბიჯების შემდეგ, ვაფასებ ჩემი ოჯახის მნიშვნელობას. როდესაც პოლიტიკა მთელი ჩემი ცხოვრება იყო, მე მიყვარდა ჩემი ოჯახი, მაგრამ ქვეცნობიერად მათ უფრო დიდი მისწრაფებების შემაფერხებლად ვთვლიდი.

ახლა, ჩემი მთავარი აზრები ხშირად არ არის ახალი ამბები, რომლებსაც ტელევიზორში ვხედავ, არამედ ის, თუ რამდენად კარგად მიმდინარეობს ჩემი თინეიჯერი ვაჟის საზაფხულო ენის კურსი. ჩემი მოწამვლის შემდეგ დედაჩემს ყოველდღიურად მოაქვს საკვები საავადმყოფოში. ჩვენს ყოველდღიურ საუბრებში ჩვენ განვავითარეთ ისეთი დედაშვილური კავშირი, როგორიც არასდროს გვქონია, მაშინაც კი, როცა პატარა ვიყავი.

მოკლებული ჩემი ძველი ცხოვრების კომფორტს, მოვედი იმ იაფფასიან ჩაიმდე, რომელსაც ვსვამ საავადმყოფოს ოთახში პლასტმასის ჭიქიდან,

სახლში მომზადებულ უბრალო საკვებს, რომელიც დედაჩემს მოაქვს, მზის შუქი, რომელსაც დილით ჩემი პატარა გისოსებიანი ფანჯრიდან ვხედავ. ეს ყველა გაკვეთილი წამყვება მაშინაც კი, როცა თავისუფლებას მივაღწევ.

ერთი წლის წინ იყო დრო, როცა ჩემი ჯანმრთელობა მკვეთრად უარესდებოდა და სიკვდილი გარდაუვალი იყო, როცა ვნანობდი საქართველოში დაბრუნებას. მეგონა, თუ ამ განსაცდელს გადავურჩებოდი, თავისუფლების გემოს თუ კიდევ გავიგებდი, სამუდამოდ დავტოვებდი ქართულ პოლიტიკას.

მაგრამ მაშინაც კი, როცა ვცადე ქართული პოლიტიკისთვის ზურგი მექცია, ქართული პოლიტიკა ისევ ჩემთან ბრუნდებოდა. მე მივხვდი, რომ როგორც პატიმარს, რომელსაც აქვს შეზღუდული კონტაქტი გარე სამყაროსთან, გადამწყვეტი როლი მაქვს შესასრულებელი საქართველოს მომავალში, როლი, რომელსაც უბრალოდ ვერ დავტოვებ.

ევროპარლამენტის პოლონელმა დეპუტატმა რადეკ სიკორსკიმ პირდაპირ განაცხადა: „თუ პრეზიდენტი სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდება, ასევე მოუვა საქართველოს ევროპულ პერსპექტივასაც“.

ვისურვებდი, რომ სხვაგვარად ყოფილიყო, მაგრამ ვშიშობ, რომ ის შეიძლება მართალი იყოს.

ჩემი სიკვდილი ნიშნავს საქართველოში არა მხოლოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის დაკარგვას, არამედ ეს იქნება ის დღე, როდესაც საქართველოს მთავრობამ უარყო ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი და გადაეხვია კრემლს.

დღეს ჩემი გადარჩენისთვის ბრძოლა იგივეა, რაც უკრაინის ბრძოლა, იგივეა რაც საქართველოს ბრძოლა.

ასე რომ, ახლა ჩემი ყველაზე დიდი ამბიცია აღარ არის ახალი ქალაქების აშენება, ქვეყნის ინსტიტუტების რეფორმა ან არჩევნების მოგება. ჩემი მიზანი ახლა ცოცხალი დარჩენაა.

იმიტომ, რომ სანამ გადავრჩები, თუნდაც ამ პირობებში, იმედისა და გამძლეობის გზავნილს ვუგზავნი მათ, ვინც იბრძვის ამ კედლების მიღმა, შეინარჩუნონ დემოკრატიული და დამოუკიდებელი საქართველო და წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის იმპერიულ ამბიციებს აქ, უკრაინაში და ყველგან.

ტელევიზიით ვხედავ საოცარ პრეზიდენტ ზელენსკის. მე ვხედავ კიევის მაცხოვრებლებს, ვხედავ უკრაინელ ლიდერებს, რომლებმაც გადაარჩინეს თავიანთი ქვეყანა და მიიყვანენ მას გამარჯვებამდე.

მე ვიცი, რომ ციხეში რომ არ ვიყო, იქ ვიქნებოდი, იმ ტელესტუდიებში, იმ შეხვედრების ოთახებში, გეოპოლიტიკის ფრონტზე და მნიშვნელოვანი ცვლილებების სადარაჯოზე. ის, რომ მე არ შემიძლია მოქმედება, ჩემი ყველაზე დიდი სასჯელია.”

საქართველოს რკინიგზა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ტექნიკური პრობლემა შეექმნა თბილისიდან ფოთში მიმავალ მატარებელს, რის გამოც ამ წუთებში შემადგენლობა გაჩერებულია სადგურ რიონში.

საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს აღნიშნული მატარებლის მოძრაობის განახლება, თუმცა, კომპანია ასევე მზადაა, მგზავრების დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად მათი ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანა უზრუნველყოს. საქართველოს რკინიგზა თითოეულ მგზავრს მგზავრობის საფასურს სრულად აუნაზღაურებს,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

გვსურს გამოვეხმაუროთ, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით გასულ სიუჟეტს, რიკოთის მაგისტრალური გზის შესახებ, პარტია „ლელოს“ მორიგ ცრუ ბრალდებებთან დაკავშირებით. პოლიტიკური პარტიის მხრიდან რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობასთან დაკავშირებულ ტყუილ ბრალდებებს უკვე კამპანიური ხასიათი აქვს, ხოლო ტელეკომპანია უზრუნველყოფს ამ ცრუ ბრალდებების ცალმხრივად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის პოზიციის გარეშე, გაშუქებას. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აბსოლუტური ტყუილია, თითქოს რიკოთის გზის ზესტაფონის (სოფელ ფუთთან არსებულ) მონაკვეთზე სამუშაოებს იტალიური კომპანია „ასტალდი“ აწარმოებდა.

„იტალიური კომპანია, რომელთანაც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტა, მუშაობდა ჩუმათელეთი-ზემო ოსიაურის მონაკვეთზე, რომელიც დაახლოებით 50 კმ-ით არის დაშორებული სოფელი ფუთიდან.

როგორც გასულ ორშაბათს განვმარტეთ, გვირაბების ბურღვის მეთოდით გაყვანა, პროექტის განვითარების არცერთ ეტაპზე არ განხილულა. პროექტის მიხედვით, გვირაბების გაყვანა, თავიდანვე, ე.წ. NATM მეთოდით, ბურღვა-აფეთქებით, იყო გათვალისწინებული. იტალიურ კომპანიასთან ხელშეკრულება 2018 წელს შეწყდა, ხოლო 2022 წელს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კომპანიასთან წარმოებული დავა, საერთაშორისო არბიტრაჟში მოიგო და სახელმწიფოს უკვე დაუბრუნდა 70 მილიონი ლარი.

ასეთივე აბსურდულია გავრცელებული ინფორმაცია იაპონურ კომპანიასთან დაკავშირებით. არანაირი იაპონური კომპანია რიკოთის რომელიმე მონაკვეთის მშენებლობაში ჩართული არ ყოფილა და შესაბამისად, არც უარი არ უთქვამს.

რაც შეეხება, სოფელ ფუთის მოსახლეობის წუხილებს, გასული კვირის ხუთშაბათს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება. განცხადებაში დაწვრილებით იყო მოცემული ინფორმაცია სოფელში მდებარე საცხოვრებელი სახლების ტექნიკური მდგომარეობისა და ვიბრაციების მაჩვენებლის დადგენის მიზნით, რამდენიმე წლის განმავლობაში ჩატარებული არაერთი კვლევის შესახებ.

კვლევებით არ დადგინდა საცხოვრებელ სახლებზე მშენებლობის ზემოქმედება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნათელია, რომ როგორც პოლიტიკური პარტიის, ისე ტელეკომპანიის მხრიდან, ტყუილი ბრალდებების გავრცელების ერთადერთი მიზანი, პროექტის და სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

,,უკრაინელები შვედურ ავიაგამანადგურებლებზე სწავლებას უკვე გადიან” – ზელენსკი

უკრაინელები შვედურ ავიაგამანადგურებლებზე სწავლებას უკვე გადიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტოკჰოლმში შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

“თვითმფრინავები Gripen – შვედეთის სიამაყეა. დარწმუნებული ვარ, რომ Gripen შეძლებენ ჩვენი თავისუფლება გაცილებით უფრო დაცული გახადონ. უკრაინელების, ჩვენი პილოტების, მონაწილეობით Gripen-ის სატესტო წვრთნები უკვე დაიწყო”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრთან დეტალურად განიხილა სამომავლო ნაბიჯები Gripen თვითმფრინავების მიღების შესაძლებლობის შესახებ.

“შევხვდები პარლამენტის სპიკერს, საპარლამენტო ძალების წარმომადგენლებს და წამოვწევ ამ საკითხს, როგორც ერთ-ერთი საკვანძოს ჩვენი ცის დასაცავად”, – განაცხადა ზელენსკიმ.