Home Blog Page 1713

“საქართველოს მოსახლეობა ან უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ რუსეთის დაქვემდებარებაში დარჩება, ან ახალი მთავრობა უნდა აირჩიოს”- ადამ კინზინგერი

აშშ-ს ყოფილი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ავტორიტარიზმისკენ გზას ირჩევს და საკუთარ ხალხს უღალატა.

მისივე თქმით, „საქართველოს მოსახლეობა ან უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ რუსეთის დაქვემდებარების ქვეშ დარჩება, ან ახალი მთავრობა უნდა აირჩიოს“.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ იმის მოლოდინი, რომ ქართველები მისალმებოდნენ იმ ადამიანებს, რომლის ქვეყნის საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არ გამართლდა.

„ქართველებმა თავისი კონსტიტუციური უფლება გამოიყენეს და ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლა გააპროტესტეს“, – განაცხადა დეგნანმა.

“სამართალი არასოდეს იმუშავებს, თუ აგრესორი მის უკან რეალურ ძალას ვერ დაინახავს” – პოდოლიაკი

„სამართალი არასოდეს იმუშავებს, თუ აგრესორი მის უკან რეალურ ძალას ვერ დაინახავს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი წერს.

„ეს უკვე ერთგვარი ყოველდღიური გენოციდური რეალობაა. კრივი რიჰი. რუსულმა რაკეტამ კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი გაანადგურა. 53 ადამიანი დაშავდა, 4 დაიღუპა, მათ შორის 45 წლის ქალი და მისი 10 წლის ქალიშვილი. საერთაშორისო სამართალი არასოდეს იმუშავებს, თუ აგრესორი მის უკან რეალურ ძალას ვერ დაინახავს. ძალა სწორედ უკრაინის ცის დახურვა, რაკეტსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის სისტემებია“, – წერს პოდოლიაკი.

რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს, არის მსხვერპლი

ხერსონის დაბომბვის შედეგად, დაიღუპა 3 და დაჭრილია სულ მცირე 10 ადამიანი, მათ შორის 4 მოხალისე და არასრულწლოვანი ბიჭი. აღნიშნულ ინფორმაციას ხერსონის საოლქო პროკურატურა აქვეყნებს.

ხერსონის პროკურატურის ცნობით, დაიბომბა საცხოვრებელი მიკრორაიონი.

„დაიბომბა საოლქო ცენტრი, შედეგად 10-მდე სამოქალაქო პირი არის დაშავებული. დაბომბვები ახლაც გრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

“ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩამოყალიბდა საერთაშორისო ჰაბად საქართველოში”- კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს სტუმრობდა, სადაც საქართველოში რიგით მერვე და იმერეთის რეგიონში პირველი ამერიკული სწრაფი მომსახურების რესტორანი, Fresh forward-ის დიზაინის Subway გახსნა. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

ელჩის თქმით, ძალიან კარგია, რომ რესტორანი გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რადგანაც ის ჩამოყალიბდა საერთაშორისო ჰაბად საქართველოში, რომელსაც ქვეყანაში შემოჰყავს მილიონობით ტურისტი.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული Subway-ის რიგით მერვე ფილიალის ოფიციალურ გახსნაზე, რომელიც მეორეა ბოლო თაობის Fresh Forward-ის ტიპის დიზაინის საქართველოში. ეს არის საერთაშორისოდ ცნობილი, ძალიან პოპულარული ამერიკული ბრენდი და მოხარულები ვართ მისი აქ გახსნით. ამერიკის საელჩო დაეხმარა ბევრ ამერიკულ კომპანიას, მოეძებნათ ქართველი პარტნიორები საქართველოში სხვადასხვა საქმიანობისთვის, რაც ზრდის ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს არა მარტო რეგიონის და ქუთაისის მოსახლეობისთვის, არამედ მთლიანად, საქართველოსთვის. ძალიან კარგია, რომ აღნიშნული რესტორანი გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რადგანაც ის ნამდვილად ჩამოყალიბდა საერთაშორისო ჰაბად საქართველოში, რომელსაც ქვეყანაში შემოჰყავს მილიონობით ტურისტი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ის ელჩის თქმით, დღეს გავხდით მომსწრენი კიდევ ერთი დაკავშირებისა ამერიკასა და საქართველოს შორის, რომელიც მოიტანს სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ შესაძლებლობებს ქართველი ხალხისთვის.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციითვე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის Subway-ის ფილიალში ამ ეტაპზე 16 ადამიანია დასაქმებული.

“საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა და ბევრი წარმატების საშუალებას იძლევა”

საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა და ბევრი წარმატების საშუალებას იძლევა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე წერს.

ხუნდაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქართული ოპოზიციის და მისი უცხოელი ლობისტების ამ თემაზე წუხილი საქართველოს გარდაუვალი წინსვლით აიხსნება.

„საქართველოს დელეგაციის ვიზიტის შედეგად გამოქვეყნდა ორ ქვეყანას შორის პარტნიორული თანამშრომლობის კომუნიკე, რომელიც ოთხი პრიორიტეტული მიმართულებისგან შედგება: პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა და საერთაშორისო მიმართულება. საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა და ბევრი წარმატების საშუალებას იძლევა.

ოპოზიციის და მათი ლობისტების წუხილი ამ ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი შიშით არის განპირობებული – საქართველოს გარდაუვალი წინსვლით, რაც მათ პოლიტიკურ მოღვაწეობას ავტომატურად ასრულებს. ასევე, მათი ლობისტებიც უცხოეთიდან, ხელმოცარულნი რჩებიან.

ცნობისთვის, ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორობა აქვს ევროპის წამყვან სახელმწიფოებთან და თვით უკრაინასთანაც კი. ამიტომ, უშედეგო იქნება ამ თემაზე ოპოზიციის მხრიდან დაწყებული ახალი ნეგატიური პიარ-კამპანია. ჩინეთთან გაფორმებული მაღალი დონის სათანამშრომლო ხელშეკრულება ევროპას კი არ გვაშორებს, პირიქით, გვაახლოებს. გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მყოფი ძლიერი ეკონომიკის მქონე საქართველო, ბევრად უფრო სასურველი იქნება ევროპისთვის მათივე ინტერესებიდან გამომდინარე.

ევროპა ჩვენი ოჯახია და ამ ოჯახში ღირსეულ წევრად დავბრუნდებით!“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

“ბათუმში მიმდინარე მოვლენებს სახალხო დამცველი აკვირდება” – ომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს

ბათუმში მიმდინარე მოვლენებს სახალხო დამცველი აკვირდება – ომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავთა მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით, 19 პირი დააკავეს, მათ შორის, სავარაუდოდ, ერთი უკრაინის მოქალაქე.

“სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა დაკავებულ სამ მოქალაქეს, რომელთაგან ერთ-ერთმა, ისაუბრა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე. ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიაწოდა და სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას ელოდება. ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მიერ სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებული ცხრა მოქალაქე გადაყვანილია სენაკისა და ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორებში. ხოლო, ორი დაკავებულის გადაყვანა იგეგმება ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში,” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

“ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს” – გიორგი გახარია

ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, – ასე შეაფასა პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერის, “ასტორია გრანდეს” შემოსვლა.

როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას, აუცილებლად გადაიხდის ფასს.

„ყალბი პროპაგანდა ომში საქართველოს შესაძლო ჩართვაზე და „ევროპის განზრახვაზე წაგვართვას ქართული იდენტობა“ რუსული სახელმძღვანელოს კარგად ცნობილი მეთოდებია. ბათუმში განვითარებული მოვლენებიც – „ოკუპაციის შესახებ“ კანონის მიზანმიმართული დარღვევით რუსეთის მოქალაქეების შემოშვება – „ოცნების“ მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილია.

ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას, აუცილებლად გადაიხდის ფასს!“,- წერს გახარია „ფეისბუქის“ გვერდზე.

“საქართველო კვლავ სხვა მიმართულებით მიდის” – ვიოლა ფონ კრამონი

რუსეთისთვის სანქციებისგან გვერდის ავლაში დახმარების აღმოჩენა, ეკონომიკური კავშირების გამყარება ჩინეთთან – ეს ყველაფერი ევროპისკენ/ევროკავშირისკენ სწორ სვლას ჰგავს, – ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ირონიით ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტსა და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

„მაშინ, როცა ყველა ცდილობს, რომ ჩინეთისგან ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მიმართულებით მიდის”, -წერს ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე”.

“ყველა მოღალატე დაისჯება!” – კახა ოქრიაშვილი

“თბილისის მერის, ბატონი კალაძის განცხადებით, იგი მიესალმება ნებისმიერ ტურისტს, გინდ ამერიკელი ან ევროპელი იყოს, გინდ – რუსი. ამით მან ტოლობის ნიშანი დასვა რუსეთსა და ამერიკას შორის. გამოდის, ისიც არაფერია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 % რუსეთის მიერ რომ არის ოკუპირებული. ბატონი კალაძე ტოლობის ნიშანს სვამს ჩვენს მეგობრებსა და მტერს შორის”, – ამის შესახებ კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ერთი შეხედვით, კალაძე ე.წ. პოლიტიკური ბეცია, მაგრამ დიდი ხანია, ამ ნარატივს მთელი „რუსული ოცნება“ ავითარებს. ასე რომ, ახალი არაფერია – ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქმე გვაქვს ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან, რომელიც ღიად ღალატობს ჩვენს ქვეყანას.

ყველა მოღალატე დაისჯება!” – წერს ოქრიაშვილი.

უნდა გადავიდეთ შეტევაზე ბევრად უფრო ინტენსიურად, შეტევის დროა! – სააკაშვილი

“სრულად ვეთანხმები ნიკა გვარამიას-  ასე ეხმაურება  სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი  ”მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას.

უნდა გამოვიდეთ მოპასუხის პოზიციიდან და გადავიდეთ შეტევაზე ბევრად უფრო ინტენსიურად.
შეტევის დროა!” – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ოპოზიციული ფლანგი მხოლოდ „ქართული ოცნების“ მოპასუხის რეჟიმშია და ის ვერ ქმნის დღის წესრიგს.

გვარამია აცხადებს, რომ 2024 წლისთვის ქართული ოცნება ქვეყანას დააყენებს არჩევანის წინაშე – რა სურს ქართველ ხალხს – რუსეთი თუ დასავლეთი.

“ანტიდასავლური რიტორიკის აღმავალი ხაზია და ეს არ გაჩერდება, გამორიცხულია, რომ გაჩერდეს, ჟანრის კანონებს ეწინააღმდეგება ეგეთი რამ. არ გაჩერდება არცერთ შემთხვევაში და მივა იქამდე, რომ ჩვენ მოგვიწევს იმის გადაწყვეტა, გვინდა რუსეთში ცხოვრება თუ გვინდა საქართველოში ცხოვრება, ევროპულ ქვეყანაში. საქართველოს როცა ვამბობ, მე წარმომიდგენია, რომ ვსაუბრობთ ევროკავშირის წევს ქვეყანაზე მომავალში, რამდენიმე წელიწადში, მაქსიმუმ 10-ში. სასურველია, რომ 5-ში. თუმცა, ეს რეალისტურია. ამ გადაწყვეტილების მიღება როდის მოგვიწევს, ვნახოთ, როდის დააყენებს ამ მომენტუმს “ქართული ოცნება” და აყენებს მაშინ, როდესაც ჩათვლის, რომ ყველაზე ძლიერია და ოპოზიცია ყველაზე სუსტია. ეს შეიძლება მოხდეს წელს, ეს შეიძლება მოხდეს გაზაფხულზე, ეს შეიძლება მოხდეს 2024-ზე. 2024-ზე ეს დანამდვილებით მოხდება. ამიტომ, ამისთვის უნდა ვემზადებოდეთ, მე ვფიქრობ, და დამხვდა ის, რომ ამისთვის მაინც და მაინც მზად არ ვართ.

ძაღლის თავი მარხია იქ, რომ ჩვენ მხარეს დღის წესრიგი არ არის. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტიკოსებს კვლავ ვიტყვი, მე არა ვარ ქართველ პოლიტიკოსებზე დაბალი შეხედულების. ეგ არის, ზოგადად, პრობლემა ჩვენთვის. ჩვენ ვართ მოპასუხეების რეჟიმში და მოპასუხეები მე ვფიქრობ, ფინიშამდე პირველები ვერ მიდიან, ისინი ყოველთვის ერთი ნაბიჯით უკან არიან. ან ისე უნდა უპასუხო, რომ წააქციო მოწინააღმდეგე, ჯერჯერობით ეს ვერ შევძელით,” – აცხადებს გვარამია.

უცხოური ვალუტის კურსი პირველი აგვისტოსთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6322 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6322 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6433 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0111 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9054 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9060 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0006 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ეკა ხოფერიამ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა

ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

“1 აგვისტოდან ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება. ვასრულებ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან სამსახურს-არ ვიქნები ჩვენი საყვარელი აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

ეს გადაწყვეტილება მე მივიღე, ვფიქრობ, ორწელიწადნახევარში გუნდთან ერთად შევძელით ბევრის გაკეთება და ახლა დროა ახალი ეტაპი დაიწყოს, ახალი ძალებით, ახალი ენერგიით”, – წერს ხოფერია Facebook-ზე.

ხოფერიას თქმით, ამიერიდან სამინისტროს მისი კოლეგა – ნანა გაბელია უხელმძღვანელებს.

 

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid0h3SQV3bz4fhGWdbmbEJFuW2Xqbpv1AbWuMiUx4qvPgQ5aRWQTjANS8DqqqMBWmAYl&id=100001103923806&ref=embed_post