Home Blog Page 1712

“საარჩევნო სიას ტექნიკურ საკითხად განვიხილავთ, ყველაზე დიდ დროს ვხარჯავთ მოქალაქეების კრიზისიდან გამოყვანაზე”

არ დაგვიმალავს, რომ პარტნიორებთან ვმუშაობთ. მოლაპარაკების პირველი ფაზა დასასრულს უახლოვდება, გვინდა, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ახალი თაობის ლიდერებს ჰქონდეთ საქართველოს აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო სიას განიხლავენ, როგორც ტექნიკურ საკითხს, ყველაზე დიდ დროს კი საქართველოს მოქალაქეების კრიზისიდან გამოყვანაზე ხარჯავენ.

„ჩვენ არ დაგვიმალავს, რომ პარტნიორებთან ვმუშაობთ. მოლაპარაკების პირველი ფაზა დასასრულს უახლოვდება. როგორც კი თქმის უფლება გვექნება და შეთანხმება იქნება, ყველაფერს გაცნობებთ. ზეპარტიულობაში ვგულისხმობთ იმას, რომ საქართველო პარტიული ვიწრო ჩარჩოებიდან არ დავინახოთ, დავინახოთ პოლიტიკური პროცესი. გვინდა, ჩარჩო გავხსნათ და, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, საქართველოს აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა ახალი თაობის ლიდერებს ჰქონდეთ. საარჩევნო სიას განვიხილავთ, როგორც ტექნიკურ საკითხს. ჩვენ ყველაზე დიდ დროს ვხარჯავთ საქართველოს მოქალაქეების კრიზისიდან გამოყვანაზე. არ გვინდა, რომ საქართველოში სიკვდილი სიცოცხლეზე მეფობდეს. ბევრად მეტი გარდაცვალებაა, ვიდრე დაბადება, რაც კატასტროფაა. არ მინდა, თითქოს ჩვენ დათვის ტყავისა და თანამდებობების გადანაწილებით ვართ დაკავებული. ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ პრობლემების მოგვარებისთვის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პოლონელი ექიმები მიხეილ სააკაშვილის მკურნალობასთან მიმართებაში „ვივამედის“ ექიმების ტაქტიკას და ჩატარებულ კვლევებს დაეთანხმნენ

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პოლონელი ექიმები მათ მიერ მომზადებულ, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის ტაქტიკას და ჩატარებულ კვლევებს დაეთანხმნენ.

მისივე თქმით, ის რეკომენდაციები, რაც პოლონელმა ექიმებმა კლინიკა „ვივამედის“ ექიმებს მისცეს, „ვივამედის“ მედიკოსებს პაციენტისთვის უკვე გაწეული ჰქონდათ.

როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, პოლონელ ექიმებთან კოლეგიალური შეხვედრა შედგა.

„გუშინ, ჩვენს კლინიკაში ვიზიტით პოლონელი კოლეგები იმყოფებოდნენ. ექიმების შემადგენლობა ასეთი იყო: ნეიროქირურგი, შინაგანი მედიცინის სპეციალისტი და ტოქსიკოლოგი. შემიძლია გითხრათ, რომ მე და ჩვენი კოლეგები ძალიან კმაყოფილი ვართ, ნამდვილად კოლეგიალური შეხვედრა იყო. ერთობლივად განვიხილეთ პაციენტის მდგომარეობა და ჩატარებული წინა კვლევები. ნამდვილად ძალიან კოლეგიალური და კეთილგანწყობილი შეხვედრა იყო, განსხვავებით სხვა, წინა ექსპერტებისგან, რომლებიც ჩამოდიოდნენ და მათთან საერთოდ კომუნიკაცია არ გვქონდა. არა მარტო უცხოელი ექსპერტები, ასევე ქართველი ექსპერტები, რომელთაც, ფაქტობრივად, ჩვენი კლინიკის ექიმებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

რაც შეეხება მიმდინარე მკურნალობას, ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ისინი სრულად დაეთანხმნენ ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას, ჩატარებულ კვლევებს. სხვა დანარჩენ დეტალებზე ალბათ, თვითონ გააკეთებენ განცხადებას. ის, რაც რეკომენდაციის სახით მოგვცეს, ჩვენ პაციენტისთვის რეკომენდებული გვქონდა, მაგრამ პაციენტი მაშინ უარს აცხადებდა იმ კვლევის ჩატარებაზე – თუნდაც, ფუნქციის ჩატარება ხერხემალზე, რომელზეც პაციენტმა არაერთხელ განაცხადა უარი, ეს მათაც შესთავაზეს. საუბარი იყო კვებასთან დაკავშირებულ საკითხზეც. ეს ყველაფერი ჩვენი საერთო აზრი იყო და საერთო გადაწყვეტილება, რის შესახებაც ისინი პაციენტს ესაუბრნენ“, – განაცხადა ჩხაიძემ.

როგორც ჩხაიძე ამბობს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს წონაში მომატებული აქვს.

„მე ვერ გეტყვით პოლონელ ექიმებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მალხაზ ურთქმელიძესთან ჰქონდათ თუ არა კომუნიკაცია, მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთან კომუნიკაცია ჰქონდათ და ჩვენი კლინიკის სხვა დანარჩენ ექიმებთან. რაც შეეხება წონაში მატებას, რა თქმა უნდა, არის წონაში მატება. მიხეილ სააკაშვილი წონაში მომატებულია და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. მე მგონი, პაციენტსაც უნდა ახარებდეს და მის გარემოცვასაც“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე: წონაში მატება ხომ არ ნიშნავს, რომ ყოფილ პრეზიდენტს საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანენ, ჩხაიძემ განაცხადა, რომ „წონაში მატება სადმე გადაყვანის განმსაზღვრელი არ არის.“

„მისი მდგომარეობა საყურადღებოა, თუნდაც ამ ლაბორატორიული კვლევის შედეგებიდან , თუმცა ყველა პარამეტრი არის სტაბილური. ციხეში გადაყვანაზე საუბარი ჩვენთან არ არის“, – განაცხადა ჩხაიძემ.

„ზელენსკისადმი ჯო ბაიდენის მიმართვა „ვლადიმერი“, „ვოლოდიმირის“ ნაცვლად, პოპულარული გახდა“

„ვილნიუსში გამართული ნატოს სამიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არასწორად მიმართა უკრაინის პრეზიდენტს“, – ნათქვამია ამერიკული ჟურნალის „ნიუსვიქის“ (Newsweek) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ზელენსკისადმი ჯო ბაიდენის მიმართვა „ვლადიმერი“, „ვოლოდიმირის“ ნაცვლად, პოპულარული გახდა“ (ავტორი – ნიკ მორდოვანეცი).

„მე და ვლადიმერი… თუმცა ეს ძალიან ფამილარულად გამომდის… მისტერ ზელენსკი და მე“, – ამბობს ჯო ბაიდენი. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი მაინც გარკვეულ შეცდომას უშვებს: დასავლელი პარტნიორები უკრაინის პრეზიდენტზე საუბრისას მას ჩვეულებრივ „ვოლოდიმირად“ იხმობენ, ანუ მის სახელს უკრაინული ყაიდით ამბობენ და არა რუსული ენის მიხედვით. ჯო ბაიდენმა კი უკრაინის ლიდერი მისი მტრის – ვლადიმერ პუტინის სახელით მოიხსენია“.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ეს პირველი შეცდომა არ არის, რომელსაც ჯო ბაიდენი უშვებს. ამერიკის პრეზიდენტის უყურადღებობა პირველად ჟურნალისტმა პირს მორგანმა შენიშნა და ამის შესახებ თავის Twitter-ში დაწერა. მომხდარმა ფაქტმა სოციალური ქსელის მომხმარებლებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია: ჯო ბაიდენის შეცდომას ერთ-ერთმა „დაუჯერებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „დროა, ბერიკაცი [გადადგეს] და დამსახურებულად დაისვენოს“. ზოგიერთები კი თანაგრძნობა გამოხატეს ხანდაზმული ლიდერის მიმართ და აღნიშნეს, რომ ეს სახელები ერთმანეთს ჰგავს და შეიძლება ყველას შეეშალოს, არათუ 80 წლის პრეზიდენტს.

ნატოს ვილნიუსის სამიტში 31 ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა. იყო შიში იმისა, რომ თურქეთის მხრიდან სკანდალი მოხდებოდა, მაგრამ რეჯეფ ერდოღანმა თანხმობა განაცხადა შვედეთის მიღებაზე. მას ჯო ბაიდენი შეხვდა და გადაწყვეტილება მოუწონა – „ფანტომების“ (ავიაგამანადგურებელ F-16-ების) მიცემას და სხვადასხვა პროექტების განხორციელებისათვის ხელშეწყობას დაპიორდა.

სტატიის ავტორის თქმით, სამიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატოს წევრი ქვეყნების სოლიდარობა უკრაინის მიმართ…

ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც სამიტის დაწყებამდე უკმაყოფილებას გამოხატავდა და ალიანსს აკრტიკებდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კმაყოფილი დარცა მიღებული გადაწყვეტილებით, თუმცა მაინც დაიწუწუნა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინა, ფინეთისა და შვედეთის მსგავსად, წევრად არ მიიწვიეს, ხოლო მიღების მიღების ვადები ზუსტად არ იქნა განსაზღვრული.

ამასთან, ბევრმა დასავლელმა პოლიტიკოსმა სწორად მიიჩნია, რომ კიევი ნატოს წევრად არ მიიწვიეს – რუსეთის გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით. „ზელენსკისათვის რომ ნატოს წევრობა შეეთავაზებინათ, ეს წყალს პუტინის წისქვილზე დაასხამდა“, – ამბობს სტატიაში ამერიკელი გადამდგარი გენერალი ბარი მაკეფრი.

წყარო

28-30 ივლისს, ბათუმი რიგით მე-16 ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს

შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის დღეების აღსანიშნავად, 28 ივლისს, თიბისი კონცეპტის, Visa-ს და საქართველოს რკინიგზის პარტნიორობის ფარგლებში, გთავაზობთ ჯაზ მატარებლით მომსახურებას, რომელიც თბილისიდან ბათუმში გამოგზაურებთ.

ჯაზ მატარებელი თბილისიდან 28 ივლისს, 10:50 საათზე დაიძრება.

მატარებელში, მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებს SALIO.

მგზავრობისას გათვალისწინებულია:

  • ლანჩბოქსი და ტკბილეულობა
  • გამაგრილებელი სასმელი
  • სახალისო აქტივობები და საჩუქრები

ჯაზ მატარებელზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: tkt.ge/JazzTrain

რეგისტრაციისთვის აუცილებელია ვალიდაციის გავლა თიბისი კონცეპტის ბარათითა და ფესტივალის ბილეთის უნიკალური კოდის მითითებით. ჯაზ მატარებლით მგზავრობა უფასოა.

6 წლამდე ბავშვებისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის ჯაზ ფესტივალის ბილეთის უნიკალური კოდის მითითებით.

იჩქარეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

 

R

რუსთაველის ფონდსა და გერმანიის კვლევით ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა  რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა  სამეცნიერო  ფონდმა  და გერმანიის კვლევითმა ფონდმა (DFG)  ხელი  მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია სამეცნიერო სფეროში საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის განვითარება, გერმანელ და ქართველ მეცნიერებს შორის თანამშრომლობისა და სამეცნიერო დაწესებულებებს შორის ცოდნაზე ორიენტირებული კვლევების ხელშეწყობა;  მხარეები ხელს შეუწყობენ სამეცნიერო პარტნიორების მიერ  ერთობლივი კვლევითი და სასწავლო აქტივობების ჩატარებას გერმანიასა და საქართველოში. მემორანდუმს ხელი  მოაწერეს რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა,  ერეკლე ასტახიშვილმა  და გერმანიის კვლევითი ფონდის  გენერალურმა  მდივანმა,  ჰაიდე არენსმა.

DFG არის  სამეცნიერო კვლევების დამფინანსებელი ორგანიზაცია გერმანიაში, რომელიც აფინანსებს კვლევებს მეცნიერების  ყველა დარგში, განსაკუთრებით  უწყობს ხელს  საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას. ორგანიზაცია ხელს უწყობს  ცოდნაზე ორიენტირებული საუკეთესო კვლევითი პროექტების განხორციელებას. DFG-ის ერთ-ერთი პრიორიტეტია  ახალგაზრდა მეცნიერების  მხარდაჭერა, ორგანიზაცია ახალგაზრდა მკვლევრებს სთავაზობს პროგრამებს, რომლებიც  უზრუნველყოფენ  მათი კვალიფიკაციის ამაღლებას ყველა აკადემიურ საფეხურზე.

იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20.1 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 266.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20.1 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, ექსპორტი 3 050.4 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 19.2 პროცენტით, ხოლო იმპორტი 7 215.8 მლნ. აშშ დოლარი. ზრდამ 20.4 პროცენტი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2023 წლის იანვარ-ივნისში 4 165.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.6 პროცენტია.

„საქართველო, ნატო და „განაწყენებული ტონი“ – უცხოური პრესა

ამერიკული საზოგადოებრივი სამაუწყებლო ტელერადიოკომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო, ნატო და „განაწყენებული ტონი“.

გთავაზობთ მცირე შემოკლებით:

„ვილნიუსში, ნატოს სამიტის შემდეგ, სადაც უკრაინისთვის ალიანსში გაწევრიანების რთულ გზაზე წევრობის სამოქმედო გეგმის, იგივე “მაპის” საჭიროება მოიხსნა, ხოლო საქართველოსთვის კი ისევ დარჩა, ანალიტიკოსების აზრით, მმართველი ძალა ცდილობს, ეს პოლიტიკური და დიპლომატიური ჩავარდნა „განაწყნებული“ მესიჯებით გადაფაროს.

„ევროატლანტიკური ინტეგრაციისა კუთხით, საქართველოს წინ წასასვლელად, მნიშვნელოვანი იყო ორი მიმართულება. ერთი უნდა ყოფილიყო, დიპლომატიური, საგარეო აქტივობები და მეორე უნდა ყოფილიყო შიდა რეფორმები დემოკრატიის განმტკიცების თვალსაზრისით. ორივე ნაწილში არ იქნა ეს შესაძლებლობები გამოყენებული“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სიხარულიძემ. მისი თქმით, „პირიქით, ჩვენ გვაქვს ვითარება, როცა ანტიდასავლური რიტორიკა მოდის სახელისუფლებო წრეებიდან. ეს არის დაუფარავი რიტორიკა, დაწყებული იმით, რომ თითქოს დასავლეთი ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას და გაგრძელებული აგრესიული, ანტიდასავლური პროქსი ჯგუფების შექმნით, დაფინანსებით და შემდგომ, მათი გამოყენებით, როგორც პროპაგანდის, ისე ძალადობის განსახორციელებლად“.

დავით სიხარულიძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლების ფსევდოგანაწყენებული ტონი, რომ თითქოს, „მათ ყველაფერი გააკეთეს“, მაგრამ „მატოში მაინც არ გვიღებენ და არც არასოდეს მიგვიღებენ“, „2008 წელსაც არ მოგვცეს და ახლაც არ მოგვცემენ“ – ახალი მანიპულაციური ხაზია, ანტიდასავრული პროპაგანდის მიმართულებით.

„ხელისუფლება ამ განაწყენებული ტონით, თითქოს მთელ პასუხისმგებლობას ჰკიდებს დასავლეთს, ესეც თავისებური პროპაგანდისტური ხაზია, რომელიც ნიჰილიზმს ავითარებს, ეს გაცილებით საშიშია. ამით ცდილობენ გადაფარონ ის რეალობა, რომ ნატო ივანიშვილისთვის და მისი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი აღარ არის“ – ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი სიხარულიძე, რომელსაც ეს თანამდებობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეკავა.

ის, რომ უკრაინა ვილნიუსის სამიტის შემდეგ, საქართველოსთან შედარებით, გაცილებით დაწინაურდა ალიანსში გაწევრიანების გზაზე – თვლის თავდაცვის კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.

მისი თქმით, „მთავარი, თვისობრივი განსხვავება ის არის, რომ უკრაინის შემთხვევაში მათ აღარ სჭირდებათ მოლოდინის ოთახში ყოფნა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისთანავე, უკრაინის ნატოში გაწევრიანება რეალიზებული იქნება. საქართველოს ვითარება თვისობრივად სხვაგვარია, რადგან ჩვენ კიდევ “მაპი” გვიწერია, როგორც ვალდებულება, რაც ორსაფეხურიან პროცესს ნიშნავს, მოლოდინის ოთახში ყოფნას და მომატებულ საფრთხეს“ – ამბობს თინა ხიდაშელი.

ამასთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრს მიაჩნია, რომ უკრაინისთვის “მაპის” მოთხოვნის მოხსნა, მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ეს არის წინაპირობა იმისა, რომ “როგორც კი საქართველოში პოლიტიკური ვითარება შეიცვლება, ეს ჩანაწერი საქართველოსთან მიმართებაშიც შეიცვლება. პრეცედენტი დაშვებულია და ეს პრეცედენტი საქართველოზეც გავრცელდება პოლიტიკური განწყობების ცვილებისთანავე“.

უკრაინის პროგრესს ნატოს გზაზე, ვილნიუსის სამიტის შემდეგ, ვერ ხედავენ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“. „წარმოიდგინეთ, უკრაინა არის ამხელა, ომში გახვეული და მაინც სტატუს ქვო დარჩა. რა ნაბიჯი უნდა გადაგვედგა ასეთ პირობებში, რომ გვქონოდა პროგრესი, ხომ?! მთავარი პრობლემა რა არის, რომ როდის და როგორ [მოხდება გაწევრიანება], ამაზე პასუხი არ არსებობს.

როგორც არ არსებობდა გუშინდლამდე, ასევე არ არსებობს გუშინდლის შემდეგაც. როდის და როგორ არავინ არ იცის. წარმოიდგინეთ, ქვეყანა არის ომის მდგომარეობაში და ამის მიუხედავად, არავითარი პროგრესი. ასეთ პირობებში საქართველოს რა პროგრესისთვის უნდა მიეღწია?“ – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

„სამწუხაროდ, ოპონენტები საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას, საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს“ – ასე გამოეხმაურა კრიტიკას თბილისიდან, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, “ვილნიუსში ნატო-ს სამიტი არსებული გეოპოლიტიკური და გართულებული უსაფრთხოების პირობებში საკმაოდ შედეგიანი იყო. ძალიან ძლიერი პოლიტიკური გზავნილები გაიგზავნა უკრაინის მისამართით, ქვეყნის მისამართით, რომელიც დღეს ომშია, რომელსაც აქვს უზარმაზარი გამოწვევები.

სამიტი იყო ძალიან წარმატებული საქართველოსთვისაც, ახალი მუხტის მომტანი და ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ეს დაეხმარება საქართველოს, წარმატებით იაროს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების გზაზე“ – აღნიშნა დარჩიაშვილმა, რომელიც საქართველოს ვილნიუსში ნატოს სამიტზე, პრემიერ-მინისტრის ნაცვლად წარმოადგენდა.

გერმანული გაზეთის Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვილნიუსში სამიტზე მას შემდეგ აღარ მიიწვიეს, „რაც ბრატისლავაში უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინაში ომის დაწყების “ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ნატო და მისი გაფართოება დაასახელა”. საქართველოს მთავრობას, Frankfurter Allgemeine Zeitung-ის პუბლიკაციაზე განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

წყარო

“ნაციონალურ მოძრაობასთან” პრემიერობის კანდიდატი კი არა, არაფრის კანდიდატი არ გვეყოლება საერთო”-მიხეილ დაუშვილი 

ჩვენ არავისთან შერწყმას და გაერთიანებას არც ვგეგმავთ, არც ვგეგმავდით და არც დავგეგმავთ, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“, -აცხადებს პარტია  „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც ყველაზე ეფექტურად და ხშირად ეხმარება „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში.

„არავითარ გაერთიანებას ჩვენ განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ განვიხილავთ. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით ნებისმიერ ძალებთან თანამშრომლობისთვის, იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის და ნატოს სრულფასოვანი წევრი და იმისათვის, რომ ზეპარტიული ამოცანები, რაც არის მაგალითად, დეოკუპაცია – ამას მივაღწიოთ. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საერთო პრემიერობის კანდიდატი კი არა, არაფრის კანდიდატი არ გვეყოლება“, – განაცხადა დაუშვილმა.

“მთელი ამერიკა შეშფოთებულია, მართალია, რომ მეუფე შიო მოწამლესო?” – მეუფე ნიკოლოზი “

მთელი ამერიკა შეშფოთებულია, მართალია, რომ მეუფე შიო მოწამლესო? – ეს არის ცრუ ინფორმაცია-მეთქი – „ციანიდის საქმეც“ ასევე არის შეთხზული, ორივე საქმე ხელოვნურია, – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ვიღაცის ინტერესშია და „შემთხვევითი ამბავი არ არის“.

„დღეს დილით ამერიკიდან დამირეკეს მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, მთელი ამერიკა შეშფოთებულია, მართალია, რომ მეუფე შიო მოწამლესო? – ეს არის ცრუ ინფორმაცია-მეთქი. ეს ამბავი გავავრცელე ამერიკაში. ეს არის თქვენი, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია. შესაძლოა, მეუფე შიოს სისხლში მართლაც აქვს მომატებული {მეტალები}, შეიძლება მეც მაქვს და არ ვიცი. მინდა გითხრათ, რომ ასეთი ინფორმაციის გავრცელება, შემთხვევითი ამბავი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ გამოძიების დაწყების მოტივია საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თქვენ გამო დაიწყო გამოძიება. მე რომ ჩავაბარო სისხლი, არ არის გამორიცხული, მეც ასე მქონდეს. ეს მცენარეებიც რომ გასინჯოთ, განსაკუთრებით გზებზე, მათაც ექნებათ მომატებული ტყვიის შემცველობა. მეუფე შიოს შესახებ ინფორმაციის გავრცელება {ვიღაცის} ინტერესში შედის – „ხე ნაყოფით იცნობება“. იმედია, მობრძანდება მეუფე შიო და ჩაატარებს წირვას. მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს, თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის მკვლელი, ვერ მოუწამლავს. ესე იგი, არ არის ის მოწამლული. „ციანიდის საქმეც“ ასევე არის შეთხზული ჟურნალისტების მიერ, სინამდვილეში არანაირი საქმე არ არსებობს. ხელოვნურია ორივე საქმე“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, რომ ქართული მედიის ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს და სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, „რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“.

მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შსს-ში გამოძიებასსკ 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, გამოძიების შედეგების მიხედვით შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

Tbilisi Boat Tours-ი მტკვარზე დაუვიწყარ გასეირნებას გთავაზობთ

საუკეთესო გასეირნება ბორნით მტკვარზე  – ეს არის ისტორიული ექსკურსია თბილისში, რომელიც ტურისტებს განსაცვიფრებელი პეიზაჟებით ხიბლავს. ტურის ფარგლებში, შეგიძლიათ 30 წუთის განმავლობაში  ისიამოვნოთ დედაქალაქის ულამაზესი ხედების დათვალიერებით, მიირთვათ სასურველი სასმელი, გადაიღოთ სამახსოვრო ფოტოები მეგობრებთან ერთად, ასევე, მოაწყოთ დაბადების დღის წვეულება და ა.შ.   დაუვიწყარი დროის გასატარებლად მტკვარზე ბორნით გასეირნება, მართლაც რომ საუკეთესო არჩევანია. ამ ყველაფერს კი Tbilisi Boat Tours-ი გთავაზობთ (ფეისბუქ გვერდი ,  557 770 158).

Tbilisi Boat Tours-ი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, მშვიდობის ხიდთან, ევროპის მოედანზე, საიდანაც ბორნებზე გადასვლა შეიძლება. ბორნებით გასეირნება კვირის ნებისმიერ დღეს და დროს არის შესაძლებელი.

უფრო ვრცლად კი, საკუთარ მომსახურებაზე „ჯორჯიან თაიმსს“  Tbilisi Boat Tours-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, – გოგა ნიაზაშვილი ესაუბრა:

„ჩვენს ბორანს „კატამარანი“ ჰქვია, რომელიც სწრაფმავალი, ტურისტული კატერია.  ამჟამად ერთი ბორანი გვაქვს, მეორეს კი სარესტავრაციო სამუშაოები უტარდება.

სტუმრებს ბორნით გასეირნების დროს, ჩვენი ქვეყნის ისტორიას ვუყვებით. გასეირნების საფასურში შედის, ასევე, ღვინის,  ქართული არყის, ყავისა და ჩაის შეთავაზება.  მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერი ერთი სასმელი არჩიოს და ისიამოვნოს. ფასები სხვადასხვა  გვაქვს, გააჩნია მომხმარებელს,- ესეც ინდივიდუალურია.

გვაქვს ასევე, სადღესასწაულო პაკეტები, სადაც შედის დაბადების დღის აღნიშვნა და სხვადასხვა სახის წვეულების გამართვა.

უფრო მეტი მომხმარებელი ზაფხულში გვყავს, ზამთარსა და სხვა სეზონებში – ნაკლებად. ძირითადი მომხმარებლები ტურისტები არიან და რა თქმა უნდა, ქართველებიც,“- აცხადებს გოგა ნიაზაშვილი.

 

როგორც ის გვიხსნის, გასეირნების მონაკვეთი იუსტიციის სახლიდან  300 არაგველის ძეგლამდეა და დაახლოებით ნახევარი საათია.

„ამ დროის მონაკვეთში, ვისაც აინტერესებს, თბილისის ისტორიული ძეგლების შესახებ ვუყვებით, ზოგს მხოლოდ სურათების გადაღება უნდა და ა.შ.

სამომავლოდ, მეორე ბორნის რესტავრაცია დასრულდება და უფრო მეტ მომხმარებელს გავასეირნებთ. დანარჩენი კი ჩვენს მერზეა დამოკიდებული, რაც უფრო მეტად გაგვილამაზებს ამ ადგილს და ხელს შეგვიწყობს უფრო უკეთესი იქნება,“ – აღნიშნავს ჩვენთან საუბარში გოგა ნიაზაშვილი.

/ ნინო ოთარაშვილი /

“შეერთებული შტატების სახელით ვაცხადებ, ვაგრძელებთ საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვის მხარდაჭერას” – მეთიუ მილერი

საქართველო „ნატო-ს გაძლიერებული შესაძლებლობების“ მტკიცე პარტნიორია. ეს არის ნატო-ს უახლოესი პარტნიორებისთვის განკუთვნილი კატეგორია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ეს განცხადება ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. კერძოდ, მას ჰკითხეს, რა კომენტარს გააკეთებდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს შესახებ ვილნიუსში გაკეთებულ არცერთ განცხადებაში საუბარი არ ყოფილა.

„შეერთებული შტატების სახელით ვაცხადებ, ვაგრძელებთ საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვის მხარდაჭერას“, – აღნიშნა მილერმა.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს დაუსვეს შეკითხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვილნიუსის სამიტზე არ ყოფნის მიზეზთან დაკავშირებით. კერძოდ კი, სიმართლეს შეესაბამება თუ არა გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერი ვილნიუსში უკრაინის ომთან დაკავშირებით ნატო-ს კრიტიკის გამო არ მიიწვიეს.

„ამის შესახებ არაფერი ვიცი“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

ვფიქრობ, თბილისში ყველა ბევრად უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როცა ვიდეოზე ასახულ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან -კელი დეგნანი

ძალიან სამწუხარო იყო სიძულვილით სავსე ადამიანების ნახვა, რომლებიც ძალადობას იყენებდნენ მშვიდობიანი კონცერტის აღსაკვეთად, განსაკუთრებით, როდესაც ისინი აცხადებდნენ, რომ ღმერთის სახელით მოქმედებდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა.

„მინდა ლისის ტბაზე მომხდარის კომენტირებით დავიწყო. ძალიან სამწუხარო იყო სიძულვილით სავსე ადამიანების ნახვა, რომლებიც ძალადობას იყენებდნენ მშვიდობიანი კონცერტის აღსაკვეთად, განსაკუთრებით, როდესაც ისინი აცხადებდნენ, რომ ღმერთის სახელით მოქმედებდნენ. ადამიანები, შესაძლოა, ბევრ რამეს არ ეთანხმებოდნენ, მაგრამ ვფიქრობ, ყველას შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ ქრისტიანული ღირებულებები, უპირველეს ყოვლისა თანაგრძნობას, სიყვარულს, ტოლერანტობასა და პატივისცემას ეხება. იმას, რომ ყველა ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი“, – აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, შარშან ვნახეთ, რომ პოლიციამ იცის, როგორ დაიცვას მოქალაქეები და გააკონტროლოს დემონსტრანტები.

„გასული კვირის, შაბათის მოვლენების წინა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა დამარწმუნეს, რომ აქციის მონაწილეები პოლიციის პერიმეტრზე ვერ შეიჭრებოდნენ და უსაფრთხო დისტანციაზე იქნებოდნენ იმ ადამიანებისგან, რომლებიც კონცერტს ესწრებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ფაქტობრივად, უმართავ ბრბოს საშუალება მიეცა თბილისის ქუჩებში რამდენიმე კილომეტრი ფეხით ევლო ძალადობისკენ მოწოდებებით. მათ საშუალება მიეცათ არა მხოლოდ პოლიციის პერიმეტრში შეჭრილიყვნენ, არამედ დაერბიათ და გაენადგურებინათ საკუთრება პოლიციისგან რეაგირების გარეშე. სამწუხაროა თბილისის ქუჩებში მოქალაქეებზე კოორდინირებული თავდასხმების სერია. რადიკალები, რომლებიც შაბათს ვნახეთ, იყვნენ იგივე რადიკალები, რომლებმაც მოაწყვეს ძალადობა 2021 წელს. ვფიქრობ, თბილისში ყველა ბევრად უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როცა ვიდეოზე ასახულ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან“, – აღნიშნა ელჩმა.