Home Blog Page 1709

“არ გამოვრიცხავ მინისტრთა კაბინეტის სხვადასხვა ფიგურებით მორიგი ჟონგლიორობა ვიხილოთ” – თინა ბოკუჩავა

წესდებაში ცვლილება შესაძლოა, იყოს ივანიშვილის მცდელობა, არაფორმალური მმართველობის მექანიზმების ფორმალიზება მოახდინოს – არ გამოვრიცხავ კაბინეტის სხვადასხვა ფიგურებით მორიგი ჟონგლიორობა ვიხილოთ, – ამის შესახებ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წესდებაში ცვლილებას, რომლის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტიკური საბჭო პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცებს.

ბოკუჩავას თქმით, არაფორმალური მმართველობის მექანიზმების ამგვარად ფორმალიზება ვერ მოხდება და ეს ღიმილისმომგვრელია.

“სიმართლე გითხრათ, ღიმილისმომგვრელია ამ საკითხის ამგვარად ფორმალიზება, რადგან რახანია საზოგადოებამ კარგად იცის ქვეყნის გარეთ და შიგნით, რომ ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მათ შორის, პრემიერის დანიშვნისა თუ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, როგორც ეს კონკრეტულად ღარიბაშვილის მაგალითზე გვაქვს ნანახი, ერთპიროვნულად იღებს ბიძინა ივანიშვილი. შესაძლებელია და არ გამოვრიცხავ, რომ არაფორმალური მმართველობის მექანიზმების ფორმალიზების მცდელობა უკავშირდებოდეს ივანიშვილის სურვილს, რომ აღარ იყოს აღქმული როგორც ქვეყნის მთავარი ოლიგარქი და მისი ოლიგარქიული მმართველობის მექანიზმების ფორმალიზება მოხდეს, თუმცა, ბუნებრივია, ამას ვერ მოახდენს, რადგან საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ერთპიროვნულ მმართველობას, ხოლო ივანიშვილის პირობებში, ეს ქვეყანა ყოველთვის მართული იქნება ერთი პირის ნება-სურვილით, იქნება ეს პრემიერის დანიშვნა, გადაყენება, გათავისუფლება, მნიშვნელოვანი სასამართლო თუ საპარლამენტო გადაწყვეტილებები, საგამოძიებო მიმდინარეობა თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, ყველა ამ გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი და ეს კარგად იცის ყველამ ქვეყნის შიგნით და გარეთ. არ გამოვრიცხავ და შესაძლებელია მორიგი გადათამაშება და კაბინეტის სხვადასხვა ფიგურებით მორიგი ჟონგლიორობა ვიხილოთ, მაგრამ ვფიქრობ, ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი არის, რომ მისი რუსული, ოლიგარქიული, არაევროპული სტილის მმართველობა დასრულდეს არჩევნების შედეგად და ჩვენ გვყავდეს კოალიციური მთავრობა, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება ხალხთან და შეძლებს ქვეყნის ევროკავშირში შეყვანას,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

ზამთარი ვირუსების გარეშე არავის უნახავს, ასე რომ, ჩვეულებრივი სეზონია

ზამთარი ვირუსების გარეშე არავის უნახავს, ამაზე გაცილებით მძიმე სეზონები გვქონია, კორონავირუსმა ყველას დაავიწყა გრიპი, რადგან იმ პერიოდში ნიღბების ტარება ვირუსების გავრცელებას ხელს უშლიდა, ასე რომ, ჩვეულებრივი სეზონია, –  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„კორონას პერიოდში ჭარბობდა კორონავირუსი და, შესაბამისად, ჩვეულებრივი ზამთრის ვირუსები ნაკლებად ცირკულირებდა. კორონავირუსის პერიოდში ნიღბების მასობრივად ტარება ვირუსების გავრცელებასაც უშლიდა ხელს. აქედან გამომდინარე, ზამთრის პერიოდში სეზონური ვირუსები ნელ-ნელა თავის ადგილს იკავებენ.

ახლა ძირითადად ცირკულირებს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი. ეს არის ვირუსი, რომელმაც 2009-2010 წლებში გრიპის პანდემია გამოიწვია და ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსად გადაიქცა. ცოტა არის H3 ვირუსიც. H3N2 – ესეც პანდემიური ვირუსი იყო 70-იან წლებში და იმის შემდეგ ჩვეულებრივი ვირუსია.

რა თქმა უნდა, არის რესპირატორული ვირუსი, რომელიც შეიძლება, ბავშვებში საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდეს, არის ცოტა რინოვირუსიც. ქვეყანაში დაახლოებით 21 ვირუსზე გვაქვს მეთვალყურეობა. ყოველკვირეულად ვაგროვებთ მონაცემებს. ასე რომ, ჩვეულებრივი სეზონია. რაც იყო შარშან, შარშანწინ. იქ ემატებოდა კორონა. ახლა კორონას შემთხვევები ჯერჯერობით ცოტაა. ბავშვები, რომლებიც ადრე არ შეხვედრიან ამ ვირუსებს, ახლა ხვდებიან და ავადობენ. ჯანმრთელი ბავშვი წელიწადში ექვსჯერ, ათჯერ შეიძლება, გაცივდეს. ბავშვი ცხოვრების პირველ წლებში ხვდება ამ ვირუსებს და ასეთი 200-მდე ვირუსია. ამაზე გაცილებით მძიმე სეზონები გვქონია. სამწუხაროდ, ყველაზე უფრო მძიმე კორონას პერიოდი იყო, მძიმე გამოსავლებით. ნიღაბი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვინც ავად არის, ატაროს, რათა არ გაავრცელოს ვირუსი. ადამიანი თუ ავად არის, სახლში უნდა დარჩეს, არ უნდა გაუშვას ბავშვი ბაღსა და სკოლაში“, – განუცხადა პაატა იმნაძემ პირველ არხს.

მისივე თქმით, გრიპის საწინააღმდეგო აცრა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს გრიპის სეზონის დაწყებამდე, რადგან იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ორი კვირა მაინც სჭირდება.

„გრიპის საწინააღმდეგო აცრასთან დაკავშირებით უნდა გავითვალისწინოთ, რომ როდესაც ადამიანი სეზონის დროს იცრება, ვაქცინა დაუყოვნებლივ არ იძლევა იმუნიტეტს, დაახლოებით 10-14 დღე სჭირდება იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის. დღეს რომ ვაქცინა გაიკეთო და ხვალ გრიპი დაგემართოს, ვაქცინის ბრალი არ იქნება, რადგან მან ვერ მოასწრო მუშაობა. განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანებს, მოხუცებს, ორსულებს, ვისაც აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, სასუნთქი სისტემის დაავადებები და პატარა ბავშვებს, რომლებსაც ჯერ არ შეხვედრიათ გრიპი, მათთვის აუცილებელია აცრა, რომელიც ქვეყანაშია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისითქმით, ვირუსების პიკურ პერიოდს ჯერ არ გადაუვლია.

„პიკური პერიოდი საქართველოში არის ხოლმე დეკემბრის ბოლოს და თებერვლის მეორე ნახევარში. ახლა ისეთი არაფერია, რაც არ იყო შარშან. პიკური პერიოდი, შესაძლოა, კიდევ იყოს, როდესაც სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა დაიწყება. კორონამ ყველას დაავიწყა გრიპი. 39 ტემპერატურა გრიპის დროს ჩვეულებრივი მოვლენაა. ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ, თუ ბავშვს მაღალი ტემპერატურა – 38,5-ზე მეტი აქვს ერთი დღე-ღამის განმავლობაში და არ ექვემდებარება სიცხის დამწევ მედიკამენტებს. აქვე ვიტყვი, რომ ანტიბიოტიკი არ არის სიცხის დამწევი საშუალება. საერთოდ, არ შეიძლება ანტიბიოტიკის მიცემა, როდესაც ვირუსული დაავადებაა. არცერთი ანტიბიოტიკი არ მოქმედებს ვირუსულ დაავადებებზე. ანტივირუსულია, მაგალითად, „ტამიფლუ“, რომელიც საკმაოდ ეფექტური პრეპარატია. დიდმა ექიმს უნდა მიმართოს, თუ 3 დღე მაინც აქვს მაღალი ტემპერატურა. ადამიანს თუ ჩირქოვანი ნახველი აქვს, ნახველში გაჩნდება სისხლის ძაფები, ან თუ აქვს ფილტვების ანთების ნიშნები, უჭირს სუნთქვა, ულურჯდება ტუჩები, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მაკრონმა საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრად გაბრიელ ატალი დაასახელა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრად გაბრიელ ატალი დაასახელა.

34 წლის ატალი, რომელიც ახლა განათლების მინისტრია, ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი იქნება საფრანგეთის ისტორიაში.

გაბრიელ ატალი პრემიერის პოსტზე ელისაბედ ბორნს შეცვლის, რომელმაც თანამდებობა გუშინ დატოვა. მისი გადადგომა საპენსიო სისტემის სადავო რეფორმებთან და საიმიგრაციო კანონებთან დაკავშირებით წარმოქმნილ პოლიტიკურ კრიზისს მოჰყვა.

“პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით გახარიას პარტიის ინიციატივა მატრაკვეცობაა” – ირაკლი ზარქუა

გიორგი გახარიას პარტიის ინიციატივა მატრაკვეცობაა, რადგან როცა საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდა, გახარია ჩვენთან იყო და მაშინ არც წინააღმდეგი იყო, არც ხმა ამოუღია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუამ კომენტარი გააკეთა პარტიის „საქართველოსთვის“ ინიციატივაზე, კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილება განხორციელდეს და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიონ.

ირაკლი ზარქუას თქმით, გახარიას პარტიას ახლა თემები ამოეწურა და სისულელეებს იგონებენ.

„ახლა რატომ გაახსენდა, რომ პრეზიდენტი, რომელსაც წარმომადგენლობითი ფუნქცია აქვს, ქვეყნის მასშტაბით უნდა ავირჩიოთ? ეს რა ლოგიკაა, მანამდე სად იყვნენ ან ახლა რა არგუმენტები აქვთ? უბრალოდ, არ აქვთ თემები, არ იციან, რაზე ილაპარაკონ. ისინი ვერ ისაუბრებენ ეკონომიკაზე, მშვიდობაზე, ევროინტეგრაციაზე, ამიტომ იგონებენ ამ სისულელეებს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ბიძინა ივანიშვილი უნდა მოიქცეს, როგორც ჭეშმარიტი ქველმოქმედი და სააკაშვილს უპასუხოს სულის შემძვრელი სიკეთით, პოლიტიკაში ღიად ჩართვის საშუალება მიეცეს, ეს იქნება ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ -იაგო ხვიჩია

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ნებისმიერ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.

ამასთან, ხვიჩიას თქმით, მთავარია დეპოლარიზაცია, რომელიც მიიღწევა მხოლოდ მაშინ, თუ მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის პოლიტიკაში ღიად ჩართვის საშუალება მიეცემა.

„პარლამენტში ერთხელ უკვე ვნახეთ, როგორ სრულდებოდა 12 პუნქტი, თუმცა ახლა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ცხრა პუნქტის შესრულებას თავის ხელს დაატყობს თუ არა, არ ვიცით, მაგრამ ჩვენ ნებისმიერ პროცესში მივიღებთ მონაწილეობას, რადგან, ვაითუ, ბატონმა ბიძინამაც გადაწყვიტოს ამ პროცესში ჩართულობა და ჩვენ რომ იქ არ ვიყოთ, მხოლოდ დანარჩენი ოპოზიციის იმედად ხეირიანს ვერაფერს მივიღებთ. შესაბამისად, ყველაფერში ჩავერთვებით. ვიდრე ჩვენ ვერ მოვახერხებთ იმას, რომ ქართული პოლიტიკის ორ მთავარ მოთამაშეს – ბატონ ბიძინას და სააკაშვილს არ შევარიგებთ, მანამდე ასეთი პროექტების მიმართ დიდი წარმატების იმედი არ უნდა გვქონდეს, რადგან ჩვენ გვითხრეს, მთავარი დეპოლარიზაცია არისო. მისი შესრულება ახალი რეგულირებებით, შეზღუდვებით, სააკაშვილის საავადმყოფიდან ციხეში გადაყვანით და ა.შ. არ გამოვა. გამოსავალს მხოლოდ შერიგებაში ვხედავთ. შერიგებაა ის, რომ ამ ქვეყანაში საკუთარი თავი ორივემ უნდა დაინახოს და ორივეს ჰქონდეს პოლიტიკური მუშაობის საშუალება, რადგან, მოგეხსენებათ, რომ ორივეს პოლიტიკაში ყოფნა უნდათ ან უწევთ. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ბატონი ბიძინა უნდა მოიქცეს, როგორც ჭეშმარიტი ქველმოქმედი და მიხეილ სააკაშვილს სულის შემძვრელი სიკეთით და ქველმოქმედებით უპასუხოს. ეს იქნება ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ. საბოლოო ჯამში, სიკეთე და ქველმოქმედება აისახება იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს საშუალება, ქვეყნის პოლიტიკაში ჩაერთოს ღიად, არა „ვივამედიდან“, არამედ როგორც პოლიტიკოსს შეეფერება. მესმის, ასეთი ნაბიჯების გადადგმა ერთ დღეში არ მოხდება, მაგრამ თუ გვინდა დეპოლარიზაცია და პოლიტიკური ცხოვრების თავის ჩარჩოებში მოქცევა, როგორც ბატონი ბიძინა დაბრუნდა პოლიტიკაში, ჩემი აზრით, ასევე უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში სააკაშვილიც. დანარჩენი პოლიტიკური ძალები კი, რომლებიც ხან „ქართული ოცნების“ სახელით ლაპარაკობენ, ხან – „ნაცების“, ამ ორმა ლიდერმა უნდა შეიწოვონ. ბიძინა ივანიშვილი თუ მართლა სერიოზულად ბრუნდება, ეს დაბრუნება წინა დაბრუნებასავით არ უნდა იყოს, რომ შემდეგ ისევ მოუგვარებელი საკითხები დარჩეს და კაცს პენსიიდან უკან დაბრუნება უწევს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“ლიბანი-ისრაელის საზღვარზე და წითელ ზღვაში ესკალაციის მაღალი რისკი არსებობს” – ჯოზეფ ბორელი

რეგიონში, ლიბანი-ისრაელის საზღვარზე და ასევე წითელ ზღვაში ესკალაციის მაღალი რისკი არსებობს და ჩვენ უნდა ავიცილოთ თავიდან. უნდა ავიცილოთ თავიდან ომის გავრცელება, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, ლიბანის საზღვარზე ომი არავის ინტერესში არ არის.

„ომი უნდა შეწყდეს და არა გაფართოვდეს. ომის გაფართოების თავიდან აცილებისთვის ერთადერთი გამოსავალი არის ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის ძებნა და ეს მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე ვალდებულებას. არავის ინტერესშია, ლიბანის საზღვარზე მორიგი ომი, არავის ინტერესშია, საფრთხე შეუქმნას მოძრაობას, გემების ტრანსპორტირებას წითელ ზღვაში. კარგი, შეიძლება ეს ვიღაცის ინტერესებშია, მაგრამ რა თქმა უნდა არა კაცობრიობის ინტერესებში“, – აღნიშნა ბორელმა.

ეკვადორის ციხიდან კრიმინალური დაჯგუფების ცნობილი ლიდერი გაუჩინარდა, რის გამოც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ეკვადორის ციხიდან დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი გაუჩინარდა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

რის გამოც ქვეყანაში ორთვიანი საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა.

ადოლფო მასიას ვილიამარი, მეტსახელად „ფიტო“, ციხეში სასჯელს 12 წლის განმავლობაში იხდიდა და ამავდროულად ძლიერ კრიმინალურ დაჯგუფებას, „ლოს ჩონეროსს“ ხელმძღვანელობდა. ფიტო იმყოფებოდა ქალაქ გუაიაკილის საპატიმროს განსაკუთრებით დაცულ საკანში.

ფიტო ცნობილი გავლენიანი მაფიოზია. მას კავშირი აქვს გასულ წელს პრეზიდენტობის კანდიდატის, ფერნანდო ვილიავისენსიოს მკვლელობასთან, რომელსაც ის მუქარებს უგზავნიდა.

პოლიციის ცნობით,   პატიმრის არყოფნა საკანში კვირას აღმოაჩინეს.

პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა საშუალებას მისცემს შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციას, სრული კონტროლი აღადგინონ ქვეყნის ციხეებზე.

აღსანიშნავია, რომ დაჯგუფება „ლოს ჩონეროსი“, ფაქტობრივად, აკონტროლებს რეგიონული ციხის ნაწილს, სადაც ფიტო იხდიდა სასჯელს. ჯერჯერობით დაუდგენელია, შეძლო თუ არა ფიტომ სასჯელაღსრულების კომპლექსის დატოვება, შესაძლოა, ის ციხის ტერიტორიაზე იმალებოდეს. პოლიციაში აცხადებენ, რომ ასობით ოფიცერი ციხის კომპლექსის ტერიტორიაზე ჩხრეკას ატარებს.

„ნარკოტერორისტული ჯგუფები ცდილობენ ჩვენს დაშინებას და ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ დავთმობთ მათი მოთხოვნების წინაშე. ჩვენ არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ტერორისტებთან და არ მოვისვენებთ, ვიდრე მშვიდობა არ აღდგება“, – განაცხადა ეკვადორის პრეზიდენტმა.

რეგიონული ციხე, სადაც ფიტო ბოლო 12 წლის განმავლობაში სასჯელს იხდიდა, სასჯელაღსრულების დიდი კომპლექსის ნაწილია, რომელიც აერთიანებს ხუთ ციხეს, სადაც 12 ათასი პატიმარი იხდის სასჯელს.

აგვისტოში კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი ცოტა ხნით ამავე კომპლექსში მდებარე უფრო პატარა საპატიმროში, „ლა როკაში“ გადაიყვანეს, რომელიც უფრო უსაფრთხოდ მიიჩნევა იქ მყოფი პატიმრების მცირე რაოდენობის გამო. ფიტოს სხვა ციხეში გადაყვანას ათასობით სამხედრო უზრუნველყოფდა, თუმცა მსჯავრდებულის ადვოკატებმა მისი გადაყვანა გაასაჩივრეს, რის შედეგადაც ერთი თვის შემდეგ ფიტო ისევ რეგიონულ ციხეში დააბრუნეს.

ვარკეთილში ქმარმა ცოლი მოკლა

ვარკეთილში ქმარმა ცოლი მოკლა. ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ახალგაზრდა ქალი „ინგოროყვას“ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

არსებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა, ის კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

აბსოლუტურად არ მაქვს განცდა, რომ 7 იანვარს შობის აღნიშვნა რაიმე პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი შეიძლება იყოს -სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე შობის აღნიშვნის თარიღთან დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობას გამოეხმაურა.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ 7 იანვარს შობის აღნიშვნა პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი არ უნდა იყოს.

„საკითხი თავისი შინაარსით საკმაოდ რთულია. არ შეიძლება ასე პრიმიტიულად ვინმეს შეფასებების, ან განწყობების დონეზე გადასაწყვეტი იყოს შობის აღნიშვნის თარიღი. თუ ვინმე მიაკუთვნებს კონკრეტულ კონფესიას საკუთარ თავს, ალბათ გარკვეული ავტორიტეტის გათვალისწინებით, უნდა ჰქონდეს ამ ინსტიტუციის ნდობა. აბსოლუტურად არ მაქვს განცდა, რომ 7 იანვარს შობის აღნიშვნა რაიმე პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი შეიძლება იყოს. მიზანი არის ის, რომ რამენაირად მიზეზები მონახონ, არგუმენტები, მათ მიერ წინასწარ გამოცხადებული არარსებული ფაქტის, არარსებული შეხედულების ტირაჟირებისთვის. ამ შემთხვევაში, უნდათ დააბრალონ ხელისუფლებას რომელიმე მიმართულებით სვლა, რომელსაც თვითონ აცხადებენ სასურველად მათი პიარული სტრატეგიის გათვალისწინებით“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

 

“გჯერათ, რომ „ხაბეს“, „ჭიჭეს“ და სამადაშვილს ახლა სამუშაო ჯგუფებში მუშაობა უნდათ?!”

გჯერათ, რომ „ხაბეს“, „ჭიჭეს“ და სამადაშვილს, ბრიუსელში რომ დარბოდნენ და სტატუსის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ახლა სამუშაო ჯგუფებში მუშაობა უნდათ?! მე და ქართველ ხალხს ამის არ გვჯერა! – ეს განცხადება პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუას თქმით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად მუშაობა პარლამენტის კომიტეტებში დაიწყება, ხოლო სამუშაო ჯგუფები იმ შემთხვევაში შეიქმნება, თუკი ამის აუცილებლობა გამოჩნდება.

ზარქუა ოპოზიციას მიმართავს, „კეთილი ინებონ და მონაწილეობა კომიტეტის სხდომებში მიიღონ“.

„რადიკალებს წინა სამუშაო ჯგუფებში შესვლა არ აინტერესებდათ – მათ ქაოსი, დაძაბულობა და არეულობა აინტერესებდათ. ეს იყო მათთვის ამოსავალი, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. ჩვენ ქართველ ერთან ერთად ორივე ფეხზე მყარად დავდექით და სტატუსი დამსახურებულად მივიღეთ.

ეს ხელმოცარულები მიხვდნენ რა, რომ ქართველ ხალხთან და ქართულ სახელმწიფოსთან ბრძოლა წააგეს, შეცდომების გამოსყიდვის მცდელობა აქვთ. ცდილობენ ხალხს დაანახონ: – ჩვენ მზად ვართ, მუშაობა გვინდა, სად არის მმართველი პარტია…

5 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება. რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა პარლამენტის კომიტეტებში განახლდება – კეთილი ინებეთ დაესწარით და ჩაერთეთ! მოგეცემათ შანსი, რომ რაღაც ქმედითი გააკეთოთ – შემობრძანდით, დაესწარით კომიტეტებს და თქვენი ინიციატივები წარმოადგინეთ“, – მიმართავს ოპოზიციას ირაკლი ზარქუა.

“არ მაქვს ინფორმაცია, საქართველოს ხელისუფლება სანქციებს არღვევს, თუ არ ასრულებს, ვიდრე ეს არ დაუმტკიცდება, სანქციის დამრღვევს ვერ ვუწოდებ”- იაგო ხვიჩია

არ მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რაც საქართველოს ხელისუფლება სანქციებს მიუერთდა, სანქციებს არღვევს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითიც გამოეხმაურა „ფაქტ-მეტრის“ დასკვნას, რომლის მიხედვითაც, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ სანქციების დარღვევის ერთი ფაქტიც არ დაფიქსირებულა, სიმართლეა.

მისი თქმით, ვიდრე არ დამტკიცდება, რომ ხელისუფლება რაიმე სანქციას უერთდება და არ ასრულებს, იქამდე მათ სანქციის დამრღვევს ვერ უწოდებს.

„ზოგადად, სანქციებთან დაკავშირებით ბოლომდე პირნათელი არათუ ჩვენ, არამედ ყველა სანქციას მიერთებული სხვა ცივილური ქვეყნებიც არ არიან. არ მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რაც საქართველოს ხელისუფლება სანქციებს მიუერთდა, სანქციებს არღვევს. რაღაც სანქციებზე ღიად თქვეს, რომ არ ვუერთდებითო. საქართველოში მთავარი პრობლემა გაჩნდა ის, რომ მედიამ ვერ გაარკვია, „ქოცები“ რომელ სანქციას უერთდებიან და რომელს – არა. თუ რაიმეს არ უერთდებიან, ვერ იტყვი, რომ რაიმე დაარღვიეს, მაგრამ რაიმეს თუ უერთდებიან და არ ასრულებენ, ამის თაობაზე სათანადო ინფორმაცია არ გვაქვს. ვიდრე ეს არ დაუმტკიცდებათ, მანამდე მათ სანქციის დამრღვევს ვერ ვუწოდებ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

“2023 წლის 11 თვეში საქონლის ექსპორტმა რეკორდულ ნიშნულს, დაახლოებით 5.6 მილიარდ დოლარს მიაღწია”

2023 წლის 11 თვეში საქონლის ექსპორტმა რეკორდულ ნიშნულს, დაახლოებით 5.6 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 11 თვესთან შედარებით, 11%-ით არის გაზრდილი, – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ 2023 წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

გოგიტა თოდრაძემ განმარტა, რომელ ჯგუფებს მიუძღვის მნიშვნელოვანი წვლილი ექსპორტის კუთხით.

„11 თვის მონაცემებში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის შემდეგ სასაქონლე ჯგუფებს – მსუბუქი ავტომობილების ექსპორტს, რომელიც, 11 თვის მონაცემებით, დაახლოებით 155%-ით არის გაზრდილი. ასევე, სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, თუმცა ბოლო პერიოდში ამ სასაქონლე ჯგუფის ექსპორტში კლების გამო დაახლოებით 49-50%-იანი შემცირებაა. მესამე სასაქონლო ჯგუფი არის ყურძნის ნატურალური ღვინოები, რომელიც, ჯამში, სამპროცენტიანი ზრდით ხასიათდება.

რაც შეეხება ქვეყნებს, იანვარ-ნოემბერში პირველ სამეულში, აზერბაიჯანის გარდა, ხვდება სომხეთი და ყაზახეთი, რაც ძირითადად განაპირობა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებლის მნიშვნელოვანმა ზრდამ. 2023 წლის შესაბამისი პერიოდისგან განსხვავებით, ათეულში ასევე გვხვდება ყირგიზეთი და უზბეკეთი. რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის 11 თვეში იმპორტის მაჩვენებელმა 14 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და ეს მაჩვენებელი 16%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს;

ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მსუბუქი ავტომობილების იმპორტს, დაახლოებით 94%-იანი ზრდა გვაქვს ამ მიმართულებით. ასევე, ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა და გაზრდილია სამკურნალო საშუალებების იმპორტი. 2022 წლის იანვარ-ნოემბრისგან განსხვავებით, პირველ სამეულში, თურქეთის და რუსეთის გარდა, ამერიკის შეერთებული შტატები გვხვდება და, 2022 წლის შესაბამისი პერიოდისგან განსხვავებით, ათეულში გაჩნდნენ არაბთა გაერთიანებული საამიროები და იტალია“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.