“არ გამოვრიცხავ მინისტრთა კაბინეტის სხვადასხვა ფიგურებით მორიგი ჟონგლიორობა ვიხილოთ” – თინა ბოკუჩავა

26
spot_img

წესდებაში ცვლილება შესაძლოა, იყოს ივანიშვილის მცდელობა, არაფორმალური მმართველობის მექანიზმების ფორმალიზება მოახდინოს – არ გამოვრიცხავ კაბინეტის სხვადასხვა ფიგურებით მორიგი ჟონგლიორობა ვიხილოთ, – ამის შესახებ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წესდებაში ცვლილებას, რომლის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტიკური საბჭო პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცებს.

ბოკუჩავას თქმით, არაფორმალური მმართველობის მექანიზმების ამგვარად ფორმალიზება ვერ მოხდება და ეს ღიმილისმომგვრელია.

“სიმართლე გითხრათ, ღიმილისმომგვრელია ამ საკითხის ამგვარად ფორმალიზება, რადგან რახანია საზოგადოებამ კარგად იცის ქვეყნის გარეთ და შიგნით, რომ ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მათ შორის, პრემიერის დანიშვნისა თუ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, როგორც ეს კონკრეტულად ღარიბაშვილის მაგალითზე გვაქვს ნანახი, ერთპიროვნულად იღებს ბიძინა ივანიშვილი. შესაძლებელია და არ გამოვრიცხავ, რომ არაფორმალური მმართველობის მექანიზმების ფორმალიზების მცდელობა უკავშირდებოდეს ივანიშვილის სურვილს, რომ აღარ იყოს აღქმული როგორც ქვეყნის მთავარი ოლიგარქი და მისი ოლიგარქიული მმართველობის მექანიზმების ფორმალიზება მოხდეს, თუმცა, ბუნებრივია, ამას ვერ მოახდენს, რადგან საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ერთპიროვნულ მმართველობას, ხოლო ივანიშვილის პირობებში, ეს ქვეყანა ყოველთვის მართული იქნება ერთი პირის ნება-სურვილით, იქნება ეს პრემიერის დანიშვნა, გადაყენება, გათავისუფლება, მნიშვნელოვანი სასამართლო თუ საპარლამენტო გადაწყვეტილებები, საგამოძიებო მიმდინარეობა თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, ყველა ამ გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი და ეს კარგად იცის ყველამ ქვეყნის შიგნით და გარეთ. არ გამოვრიცხავ და შესაძლებელია მორიგი გადათამაშება და კაბინეტის სხვადასხვა ფიგურებით მორიგი ჟონგლიორობა ვიხილოთ, მაგრამ ვფიქრობ, ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი არის, რომ მისი რუსული, ოლიგარქიული, არაევროპული სტილის მმართველობა დასრულდეს არჩევნების შედეგად და ჩვენ გვყავდეს კოალიციური მთავრობა, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება ხალხთან და შეძლებს ქვეყნის ევროკავშირში შეყვანას,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.