Home Blog Page 1708

საპატრიარქო გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მისია აკვირდება, რომელთა მიერ შეგროვებული მასალის საფუძველზე კედლის მხატვრობისთვის საჭირო საკონსერვაციო ღონისძიებების განსაზღვრა მოხდება.

როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ინსპექტირების სამუშაოების დასრულებისთანავე, 2023 წლის 15 ივლისს, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები სამეცნიერო დისკუსიას, მოგვიანებით კი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

„საქართველოს საპატრიარქოს მიერ შექმნილი გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ხელმძღვანელობით, გელათის სამონასტრო კომპლექსში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.

გელათის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოში ჩამოსულია საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მისია. საბჭოს წევრები ადგილზე ეცნობიან სიტუაციას და მიმდინარე საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს.

მისიის ფარგლებში მოწვეულნი არიან იტალიელი, გერმანელი, ბრიტანელი და ამერიკელი უმაღლესი რანგის პრაქტიკოსი სპეციალისტები, რომლებიც დარგის წამყვან ინსტიტუციებს წარმოადგენენ და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის არაერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლზე წარმატებით მუშაობის გამოცდილება აქვთ.

გელათში ამჟამად მუშაობს კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფი, რომელიც ახორციელებს კედლის მხატვრობის ტექნოლოგიურ კვლევას, ამზადებს მხატვრობის ტექნოლოგიის ვიზუალური ლექსიკონს, ხდება ძეგლზე არსებული პრობლემების დეტალური აღწერა.

არსებული მდგომარეობის დოკუმენტაცია უკვე წარედგინა საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებიც მთავარი ტაძრის კედლის მხატვრობის ინსპექტირებას ახდენენ. შეგროვებული მასალის საფუძველზე მოხდება კედლის მხატვრობისთვის საჭირო საკონსერვაციო ღონისძიებებს განსაზღვრა.

საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ხედვა და შემუშავებული მიდგომები გელათის რეაბილიტაციის კომიტეტს და მისი სათათბირო ორგანოების, ეროვნულ სამეცნიერო საბჭოსა და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ერთობლივ სამუშაო შეხვედრაზე იქნება განხილული.

ზემოხსენებული ინსპექტირების სამუშაოების დასრულებისთანავე, 2023 წლის 15 ივლისს, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები სამეცნიერო დისკუსიას, მოგვიანებით კი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მოწვევით სამონასტრო კომპლექსის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესს მრავალდარგობრივი ექსპერტთა ჯგუფი ახორციელებს. მათ შორის არიან: სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედე – კედლის მხატვრობის კონსერვატორები, დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ გეტის კონსერვაციის ინსტიტუტის, კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის, ინგლისის ეროვნული ფონდის, ინგლისის მემკვიდრეობასთან და საეკლესიო ნაგებობათა საბჭოსთან; სტეფან სიმონი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციის ექსპერტი, მეცნიერი, მკვლევარი, ბერლინის ეროვნული მუზეუმების რათგენის კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი, იელის უნივერსიტეტის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინსტიტუტის (IPCH) დამფუძნებელი; გერჰარდ ვოლფი – ხელოვნების ისტორიკოსი, მაქს პლანკის სახელობის ფლორენციის ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორი; სტივენ კელი – არქიტექტორი და ნაგებობათა კონსტრუქციების ინჟინერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებასა და კონსერვაციაში, ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტი; რობერტო ნარდი – მოზაიკის კონსერვატორი, რომის არქეოლოგიური კონსერვაციის ცენტრი, მოზაიკის კონსერვაციის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი; ანდრეინა კოსტანცი კობაუ – მოზაიკისა და კედლის მხატვრობის რესტავრატორი, რომის არქეოლოგიური კონსერვაციის ცენტრი“, – ნათქვამია განცხადებაში.

“სააკაშვილი გამოცოცხლდა, ქართულ პოლიტიკაში მოვიდა და საზღვარგარეთ რა უნდა?” – გურამ მაჭარაშვილი

სააკაშვილი გამოცოცხლდა, ქართულ პოლიტიკაში მოვიდა და საზღვარგარეთ რა უნდა? ეს კითხვა მაქვს ევროპარლამენტარებთანაც, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა 44 ევროდეპუტატის განცხადებას, რითიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭიროს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

„ევროპარლამენტარი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს განცხადების შემდეგ სააკაშვილის ციხიდან გამოშვებას მაინც ითხოვს, იმას ემსახურება, რომ გლობალური „ომის პარტია“ „ლოკალური ომის“ პარტიის საშუალებით ქვეყანაში ცდილობს არეულობას და მეორე ფრონტს. სამწუხაროდ, რადიკალურ ოპოზიციას სურს ქვეყანაში ომი მეორე ფრონტი. სააკაშვილი გამოცოცხლდა, ქართულ პოლიტიკაში მოვიდა და როცა ამბობს, რომ უკვე ქართულ პოლიტიკაშია, მაშინ საზღვარგარეთ რა უნდა? უცხოეთში წასვლა რატომ უნდა? ეს კითხვა მაქვს ევროპარლამენტარებთანაც.

სტრასბურგის გადაწყვეტილებაა, რომ ამ ადამიანმა უნდა იკვებოს, სასჯელი მოიხადოს. ამ გადაწყვეტილებას როცა თავზე გადაახევ ყველა მოსამართლეს, რომელმაც თქვა, რომ პატიმარი სააკაშვილი საქართველოდან არ უნდა წავიდეს, ციხიდან არ უნდა გავიდეს და მაინც ითხოვ, ციხიდან გავიდეს, ეს ნიშნავს, რომ მათი მიზანია არა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, არამედ როგორმე გამოაცოცხლონ პოლარიზება. ამას ემსახურებოდა გვარამიას გათავისუფლებაც“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

“უდიდესი მადლობა ევროპარლამენტარებს ამხელა სოლიდარობისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

უდიდესი მადლობა ევროპარლამენტარებს ამხელა სოლიდარობისთვის – ნახეთ, დილიდან როგორ აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები – ეტყობა შეშფოთებულებმა პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ვერანაირი რეპრესიები, თუნდაც სიკვდილის საფრთხე მის ბრძოლას თავისუფლებისთვის ვერ შეაჩერებს.

„უდიდესი მადლობა ევროპარლამენტარებს ამხელა სოლიდარობისთვის.

ნახეთ, დილიდან როგორ აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები – ეტყობა შეშფოთებულებმა პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს.

ვერანაირი რეპრესიები, თუნდაც სიკვდილის საფრთხე, ჩემს ბრძოლას თავისუფლებისთვის, ევროპისთვის, უკრაინის გამარჯვებისთვის, საქართველოს განვითარებისა და წარმატების გზაზე დაბრუნებისთვის ვერ შეაჩერებს!“,- წერს სააკაშვილი.

პაპილომა ვირუსზე აცრა 10-დან 12 წლამდე ბიჭებისთვის იქნება შესაძლებელი, გოგონებისთვის კი ვაქცინაციის ზედა ზღვარმა 26 წლამდე აიწია

საქართველოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა ბიჭებისთვისაც ხელიმსაწვდომი გახდა. ეს ეხება 10 -11-12 წლის ასაკის ბიჭებს. მათი ვაქცინაცია აცრების ეროვნულ კალენდარს დაემატა.

ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ დღეს გამოქვეყნდა და ცვლილებები უკვე ძალაშია.

ცვლილების თანახმად, ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (აპვ (HPV)) კეთდება გოგონებსა და ბიჭებში 10-11-12 წლის ასაკში, არის ორჯერადი, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი კი 6 თვეა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში 2019 წლიდანაა შეტანილი.

2022 წელს კი იმ გოგონებს, რომელთა ასაკი 13-18 წელია და არ აქვთ ჩატარებული აპვ-ის საწინააღმდეგო აცრა, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამატებითი ღონისძიების ფარგლებში შესაძლებლობა მიეცათ, აღნიშნული ვაქცინაცია ჩაიტარონ. 2023 წელს ამოქმედებული ცვლილებით, ვაქცინაციის ზედა ზღვარმა 26 წლამდე აიწია.

ახალი ცვლილებით, აცრის ჩატარება ბიჭებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა იმუნიზაციის კალენდრის ფარგლებში, 10-11-12 წლის ასაკში.

ადამიანის პაპილომა ვირუსი იწვევს კანისა და ლორწოვანი გზების ინფიცირებას. ის წარმოადგენს რეპროდუქციული სისტემის ყველაზე გავრცელებულ ინფექციას და არის მრავალი დაავადების გამომწვევი მიზეზი როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ადამიანის პაპილომა ვირუსი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა და ძალიან გავრცელებულია.

ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის კიბოს 90%-იანი პრევენცია. ვაქცინაცია, რეგულარულ სკრინინგთან ერთად, საშვილოსნოს ყელის კიბოსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

“პოლონელ ექიმებს სააკაშვილთან მიმართებით რაიმე სამკურნალო რეკომენდაცია არ გაუციათ”

დაავადების მართვის ჩვენი პროტოკოლი მათთვის სრულად მისაღებია, – ამის შესახებ „ვივამედის“ სამედიცინო დირექტორმა, ზურა ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

„[მიხეილ სააკაშვილი] ექიმების რეკომენდაციებს, ასე თუ ისე, უფრო მეტად ითვალისწინებს. ოჯახს რა საკვებიც მოაქვს, იღებს სრულად. წონაში მატება ნამდვილად არის. პოლონელ ექიმებს რაიმე სამკურნალო რეკომენდაცია არ გაუციათ, არ ჩათვალეს საჭიროდ. ისინი გაეცნენ ჩვენს მკურნალობას და სრულად დაეთანხმნენ, ანუ დაავადების მართვის ჩვენი პროტოკოლი მათთვის სრულად მისაღებია და თვითონაც განაცხადეს, რომ რაიმე დამატებითი შემოთავაზებას საჭიროდ არ თვლიან“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ ევროკავშირის სამედიცინო მისიამ მოინახულა. 5 პოლონელი ექიმით დაკომპლექტებულმა სამედიცინო გუნდმა, მას კვლევები ჩაუტარა. პატიმრის გასინჯვის პარალელურად, ინფორმაცია მიიღეს კლინიკის მედპერსონალისგანაც.

უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა პროექტი, რომელშიც დეპუტატები სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვენ

უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა პროექტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებისადმი მიმართვის შესახებ.

პროექტის თანახმად, უკრაინის უმაღლესი რადა მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უზრუნველყოს უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის დმიტრო ლუბინეცის სააკაშვილთან დაშვება. ასევე, თხოვნით მიმართავს მას, სააკაშვილის მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით განახორციელოს ჰუმანიტარული აქტი და შეიწყალოს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი.

დოკუმენტის თანახმად, რადა მიმართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეზოლუციები საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჰუმანიტარული აქტის განხორციელებისა და უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობის შესახებ.

როგორია თურქეთის არცთუ მომგებიანი ზაფხული – რას წერს „კომერსანტი“

Istanbul the capital of Turkey, eastern tourist city.

რუსული გაზეთის „კომერსანტის“ (КоммерсантЪ) 14 პრილის ნომრის მე-7 გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „თურქეთის არცთუ მომგებიანი ზაფხული“ (ავტორი – ალექსანდრა მერცალოვა), რომელშიც რუსულ-თურქულ ტურიზმში შექმნილი მდგომარეობაა მიმოხილული.

როგორც მასალაშია ნათქვამი, რუსი ტურისტების თურქეთში გამგზავრებაზე საკმაოდ მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას ახდენს როგორც ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური სიტუაცია, ასევე ორ ქვეყანას შორის ბოლო დროს შექმნილი არამეგობრული სიტუაცია – პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის მიერ გადადგმული ანტირუსული ნაბიჯები – უკრაინელი ნაცბატალიონის „აზოვის“ მეტაურების გათავისუფლება კრემლის დაუკითხავად, თურქეთის თანხმობა შვედეთის ნატოში მიღების თაობაზე და სხვა.

„რუსულ სოციალურ ქსელებში ბოლო თვეებში გახშირდა მოწოდებები „თურქული მიმართულების აკრძალვაზე“ და რომ უკვე დგება არამეგობრული თურქეთისათვის სამაგიეროს გადახდის დრო.

მართლაცდა, რუსული ტურიზმის თურქულ მიმართულებაში სიტუაცია არასახარბიელოა. თურქული სტატისტიკის მიხედვით, მაისში ქვეყნის სანახავათ 640 ათასი რუსი ტურისტი ჩავიდა, რაც ერთი მესამედით ნაკლებია ყველაზე უხვტურისტიან 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით.

რუსულ-თურქულ ტურისტულ ურთიერთობებში პოლიტიკური ფაქტორის როლის მნიშვნელობა საკმაოდ ანგარიშგასაწევია. მაისში ბევრს ლაპარაკობდნენ რუსი ტურისტების სიმცირეზე, რომელიც თურქეთში საპრეზიდენტო და საპლამენტო არჩევნების დაძაბულობით იყო გამოწვეული – ვაითუ ოპოზიციამ გაიმარჯვოს და დესტაბილიზაცია დაიწყოსო“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

სტატიაში ხაზგასმულია აგრეთვე, რომ თურქეთის საწინააღმდეგოდ, რუსი ტურისტების რაოდენობამ სწრაფად მოიმატა ინდონეზიაში, რითაც ისტორიული რეკორდი დამყარდა. „კუნძულ ბალის გუბერნატორმა ვაიან კოსტერმა ისიც კი მოითხოვა, რომ ზომებია მისაღები მათი შემცირების მიზნით – რუსებს ვიზები უნდა ჩამოვართვათ და ისინი უკან უნდა დავაბრუნოთო.

რაც შეეხება საქართველოს, ამ კავკასიურ სახელმწიფოში რუსეთისა და ქართული ავიაკომპანიების ფრენები გრძელდება – მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს ლაპარაკს რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლისა და ყოფნის  წესების გამკაცრების შესახებ“, ნათქვამია სტატიის დასარულს.

წყარო

“ვაპირებთ, შეიქმნას ახალი პლატფორმა, ვისაც არ მოსწონს, თავის ნომერს მიხედოს”

ვაპირებთ, შეიქმნას ახალი, თავისუფალი პლატფორმა. პარტიულ ჩარჩოებში კი არ უნდა ჩავიკეტოთ, ეს უნდა მოვხსნათ. ვისაც არ მოსწონს, თავის ნომერს, სახელს მიხედოს და სხვას თავი დაანებოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მთავარი პარტიული იდენტობა არ არის.

„საკითხი ისე არ დგას, პარტიული იდენტობა შევინარჩუნოთ თუ არა, რომელი პარტიით გამოვიდეთ, რომელი ნომრით. საკითხი დგას, რომ საქართველოს, რომელსაც ისტორიული შანსი აქვს, ამ შანსის დაკარგვა არ მოხდეს. ამისთვის ვაპირებთ, რომ რაღაცნაირად ახალი პლატფორმა შეიქმნას. ეს ვისაც არ მოსწონს და მისთვის მნიშვნელოვანი ნომერი, სახელია, თავის ნომერს, სახელს მიხედონ და სხვას თავი დაანებონ. ბევრი ყელმოღერებული ადამიანი მინახავს, მთას გადავდგამო და ვნახოთ, აგერ, შემოდგომაზე ვინ რას გადადგამს. საქართველოს გადარჩენის ამოცანა დგას და ვიღაცები ყელმოღერებული, ჭკვიანი სახეებით ლაპარაკობენ, იდენტობა არ დავკარგოთო. ქვეყანას ვკარგავთ და თურმე პარტიული იდენტობა ყოფილა მთავარი. გიორგი ვაშაძე და „ნაცმოძრაობის“ ახალი ხელმძღვანელობა ფიქრობენ, რომ რაღაც საკითხებზე იყოს კოორდინაცია, მათ შორის ევროპაზე, ძალადობის წინააღმდეგ, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. სიმართლე ვთქვათ, პარტიებში დიდი არჩევანიც არ არის. ამიტომ, პარტიულ ჩარჩოებში კი არ უნდა ჩავიკეტოთ, პარტიული ჩარჩო უნდა მოვხსნათ და თავისუფალი პლატფორმა იყოს, სადაც ყველა ახალი თაობის ლიდერს თავის დამკვიდრების შესაძლებლობა ექნება. გადარჩენის ამოცანის დროს პარტიული კლიშეები არ გვეხმარება და შემდეგ, როცა დემოკრატია იქნება, ვიდავოთ გემოვნებაზე. დემოკრატიამდე გადარჩენა გვჭირდება, რომ კონკურენტული გარემოება მოვიპოვოთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი სეზონურ რეკომენდაციებს ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელი დღეებისათვის მოსამზადებლად რეკომენდაციებს ავრცელებს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია მოსახლეობა ქუჩაში გასვლას მოერიდოს დღის ყველაზე ცხელ პერიოდში, ამასთან, მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე.

მათივე ცნობით, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა არ დატოვონ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში.

„განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე – იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება.

მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია: დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი); გადახურება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა; სითბური გამოფიტვა; სითბური დაკვრა.

იმისთვის, რომ სიცხეს გაუმკლავდეთ, შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 320C, ხოლო ღამით კი 240C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისათვის; აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ. ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის). დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა – დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრო მოწყობილობები და ხელოვნური განათება. მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები. ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.თუ სახლში გაქვთ კონდენციონერი, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტრო ენერგიის დეფიციტის საფრთხეს.

ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 350C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 350C-ს, იგი ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. იმისთვის, რომ თავი აარიდოთ სივრცეს, გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით. თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას. მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში. მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ მის შეასრულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი პერიოდი: 04:00 საათიდან 07:00 საათამდე. დარჩით/გაჩერდით ჩრდილში. არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში“,- აღნიშნულია რეკომენდაციებში.

“როცა მტკიცებულების გარეშე გისანქცირებენ მოსამართლეებს, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის უხეში ხელყოფა”

როდესაც მტკიცებულების გარეშე გისანქცირებენ მოსამართლეებს, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის და საქართველოს კონსტიტუციის უხეში ხელყოფა. ამის უფლებას საკუთარ თავს არავინ უნდა აძლევდეს. ჩვენ არ ვაძლევთ საკუთარ თავს ამის უფლებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის მიერ გაკეთებული განცხადება სანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით.

კობახიძის თქმით, მოსამართლეების სანქცირების შესახებ მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.

„რა თქმა უნდა, ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფციის დადგენა. ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს და საბოლოო ჯამში, ითქვა, რომ რაღაც ინფორმაცია გაზეთებში ამოიკითხეს, რაც გახდა სანქცირების საფუძველი, რაც წარმოუდგენელი რამ არის. იცით, რომ მაგალითად, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი „ორგანული კანონი“, რომელიც მათ შორის, დისციპლინურ დევნას აწესრიგებს და უმკაცრესი სტანდარტია დადგენილი იმისთვის, რომ რაიმე დისციპლინური სანქცია შეეფარდოს მოსამართლეს. როდესაც უცხო ქვეყნიდან ასანქცირებენ ქართველ მოსამართლეებს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს პირდაპირ სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპში ჩარევას. ეს არის ძალიან უხეში ქმედება, ამაზე ჩვენ გვქონდა რეაქცია და მომავალშიც აუცილებლად გვექნება. როდესაც მტკიცებულების გარეშე გისანქცირებენ მოსამართლეებს, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის უხეში ხელყოფა, საქართველოს კონსტიტუციის უხეში ხელყოფა. ამის უფლებას საკუთარ თავს არავინ უნდა აძლევდეს. ჩვენ არ ვაძლევთ საკუთარ თავს ამის უფლებას და ნუ დაგვიბრუნებენ საქართველოში იმას, რაც 2012-წლამდე იყო, ახლა, უკვე ქვეყნის გარედან. ეს არ არის სწორი. 2012-წლამდე „ნაცმოძრაობა“ იყენებდა ასეთ მეთოდებს, მტკიცებულებების გარეშე სჯიდა მოსამართლეებს და ახლა, იგივე ხდება ქვეყნის გარედა. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, პრინციპულად მიუღებელი. ამაზე მომავალშიც გვექნება ძალიან მკაცრი რეაქცია“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნმა სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებზე განაცხადა, რომ სანქციები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და როგორც კი იღებენ საკმარის სანდო ინფორმაციას კორუფციის ან სხვა უკანონო საქმიანობის შესახებ, იმოქმედებენ.

“რა განსხვავებაა ხაბეიშვილსა და ვაშაძეს შორის?! – არავითარი, ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

რა განსხვავებაა ხაბეიშვილსა და ვაშაძეს შორის?! მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის, ეს არის ერთიანი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც ერთი რამით არის გაერთიანებული და ეს არის აგენტურა, ისინი არიან უცხოური გავლენის აგენტები, ეს არის მთავარი, რაც მათ აერთიანებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ საკადრო შიმშილია.

„ზოგადად, ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ სინამდვილეში ეს ადამიანები არიან ერთი პოლიტიკური ძალა, ჩვენ ამიტომ მათ ვუწოდებთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. რა განსხვავებაა ხაბეიშვილსა და ვაშაძეს შორის?! მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის, ეს არის ერთიანი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც ერთი რამით არის გაერთიანებული და ეს არის აგენტურა, ისინი არიან უცხოური გავლენის აგენტები, ეს არის მთავარი, რაც მათ აერთიანებთ. აქედან გამომდინარე, სხვაობა მათ შორის არის მხოლოდ პირობითი. ვაშაძე იქნება, გვარამია, ხაბეიშვილი, ნებისმიერი სხვა, მათ ერთიანობას გამოხატავს, ერთი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, არავითარი განსხვავება მათ შორის არ არის. მეორე, ეს აჩვენებს იმას, რომ სრული დეფიციტი აქვთ, არც ერთი ლიდერი კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ არ არის. საუბარია, როგორ ხალხზე, როცა მეტი არჩევანი უკვე არა გაქვს – ხაბეიშვილი, ვაშაძე, გვარამია და ა.შ. აქედან ჩანს როგორი საკადრო შიმშილია “ნაცმოძრაობაში“, არც ინტელექტი, არც კეთილსინდისიერება, არაფერი არ მოსდგამთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობას წარმოადგენს. არავითარი შანსი არ აქვთ, ერთადერთი შანსი აქვთ, რომ არჩევნებს წააგებენ“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე, ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მარტვილში ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „რაც მეტს ივლის ხაბეიშვილი რეგიონებში, მით უკეთესი, იმიტომ, რომ კარგად გამოჩნდება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აგენტურის სახე“.

„ასე ვთქვათ, ხაბეიშვილის გამარჯვება საოცრებაა, ეს ერთგვარი ოქსიმორონია, რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას წინა შემთხვევის დროსაც, როდესაც ხაბეიშვილს დაუპირისპირდნენ სამოქალაქო აქტივისტები, მე ვთქვი, რომ ეს არ არის სწორი, ეს არ არის მიზანშეწონილი, არ შეიძლება ხაბეიშვილი ხელოვნურად აქციო მნიშვნელოვან ფიგურად. რაც მეტს ივლის ხაბეიშვილი რეგიონებში, მით უკეთესი, არა თუ ხელი უნდა შეუშალოს ამას ვინმემ, პირიქით მეტად უნდა შევუწყოთ ხელი ხაბეიშვილის სიარულს რეგიონებში. იმიტომ, რომ კარგად გამოჩნდება ამ აგენტურის სახე, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აგენტურის სახე. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ნებისმიერ ადამიანს, სამოქალაქო აქტივისტს, ჩვენს მხარდამჭერებს და ა.შ. პირიქით, რაც შეიძლება მეტი გასაქანი მისცენ ხაბეიშვილს, რომ მეტი იაროს რეგიონებში, მეტად წარმოაჩინოს „ნაცმოძრაობის“ ნამდვილი სახე“, – განაცხადა კობახიძემ.

3 თვეში, საქართველოში, ქალთა მიმართ ძალადობის 207 შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, ქალთა მიმართ ძალადობის 207 შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისი სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ვრცელდება. ძალადობის შემთხვევათაგან 32 ფიზიკური ხასიათისაა, ყველაზე მეტი – 168 შემთხვევაში ქალებზე ფსიქოლოგიური ძალადობა დაფიქსირდა. საანგარიშო პერიოდში სექსუალური ძალადობის 4 შემთხვევა, ხოლო იძულების 3- შემთხვევა იყო.

ამასთან, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით, 183 შემაკავებელი ორდერი გამოიწერა. ამავე პერიოდში ძალადობის მსხვერპლი ქალების რაოდენობამ საქართველოს მასშტაბით 179 შეადგინა, აქედან ყველაზე მეტი, 111 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა.

სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ქალები, ძალადობის მსხვერპლი, ყველაზე ხშირად 25-44 წლის ასაკში ხდებიან. საანგარიშო პერიოდში აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში ქალებზე ძალადობის 112 შემთხვევა დაფიქსირდა. აქვე აღსანიშნავია, რომ მოძალადე მამაკაცების ყველაზე დიდი ნაწილიც, სწორედ 25-44 წლის ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებიან.