Home Blog Page 1707

პუტინი და სი ძინპინი ძალიან ჭკვიანი ადამიანები არიან -ტრამპი

პუტინი და სი ძინპინი ძალიან ჭკვიანი ადამიანები არიან, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მას (ჯო ბაიდენს) ორი წინადადების გადაბმა არ შეუძლია და იგი პუტინთან და სი ძინპინთან, ყველა ამ ძალიან ჭკვიან ადამიანთან, ჩვენ ბირთვული იარაღით წარმოგვადგენს. მედიას სძულს, როცა ვამბობ, რომ ისინი ჭკვიანები არიან, მაგრამ ნება მომეცით ვთქვა, რომ ისინი ძალიან ჭკვიანები და ძალიან ცბიერები არიან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ უკანასკნელი 72 წლის განმავლობაში აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც ომი არ ჰქონია.

„კიდევ ერთხელ გადახედეთ ომებს, მე არ დამიწყია, მე ომებში არ ვმონაწილეობდი. ჩვენ ე.წ. ისლამური სახელმწიფო დავამარცხეთ. ჩვენ 100%-ით გავიმარჯვეთ. ჩვენ ჯარისკაცები სახლებში დავაბრუნეთ“, – აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

“საქართველოში A ტიპის ვირუსის ორი სხვადასხვა ვარიანტი ცირკულირებს” – ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, გრიპის სეზონური ვირუსის შემთხვევების მომატებასთან ერთად სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტების მიმართვიანობაც გაიზარდა.

„დეკემბრის მეორე ნახევრიდან გრიპის ვირუსების რაოდენობამ მოიმატა. მომატებულია პაციენტების რაოდენობის მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში. ვირუსი, რომელიც ახლა საქართველოში ცირკულირებს, არის A ტიპის ვირუსი და მისი ორი სხვადასხვა ვარიანტი: H1 ტიპის ვირუსი და შედარებით ნაკლებია H3 ტიპი ვირუსი. როგორც H1, ასევე H3 ფორმა ხასიათდება მაღალი ტემპერატურით – 38-38,5 გრადუსი და მეტი, ძლიერი სისუსტე, თავის, ყელის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, მადის დაქვეითება.

ახლა თუ ვინმე გადაწყვეტს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. თუმცა ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ იწყებს მოქმედებას. რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი საშუალება ნიღბის ტარებაა, კონტაქტების შეზღუდვა, დისტანცირება, ხელების ხშირი ჰიგიენა – ყველაფერი ის, რასაც ჩვენ წარმატებით ვიყენებდით კორონავირუსის პრევენციის მიზნით“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

„ვარკეთილში ქალის საზარელი მკვლელობის ფაქტზე პასუხისმგებლობა ისევ ხელისუფლებას ეკისრება” – ანა დოლიძე

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, სოციალური სამსახურების სისტემა ჩამოშლილია და ფემიციდის კიდევ ერთ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა კვლავ ხელისუფლებას ეკისრება.

„ვარკეთილში ახალგაზრდა ქალის საზარელი მკვლელობის ფაქტზე პასუხისმგებლობა ისევ ხელისუფლებას ეკისრება. ხელისუფლება არ დგამს რაიმე ნაბიჯს, იმისთვის, რომ შეამციროს მსგავსი საზარელი ქმედებები. პირიქით, ყოველკვირეულად გვესმის საზარელი შემთხვევა ოჯახში ძალადობის შესახებ. სოციალური სამსახურების სისტემა თითქმის ჩამოშლილია. ნორმალურ სახელმწიფოში სწორედ სოციალური სამსახურის მოვალეობა არის მსგავსი მგრძნობიარე ვითარება აღმოაჩინოს და მოახდინოს ასეთი ოჯახური ძალადობის პრევენცია“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში პრევენციის მექანიზმები სათანადოდ არ მუშაობს.

„სინამდვილეში საქართველოში არც პრევენციის მექანიზმები მუშაობს, სოციალური სამსახურის სახით, არც გამოძიების მექანიზმები მუშაობს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ჩვენ უნდა შევქმნათ სწორედ ისეთი სოციალური სამსახური, რომელიც არის ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, რომელსაც ექნება სურვილი, საშუალება და კომპეტენცია, დროულად დააკვირდეს ოჯახში ვითარებას და თავიდან აირიდოს ოჯახში ძალადობის საზარელი შემთხვევები“- აცხადებს ანა დოლიძე.

ანა დოლიძის განცხადებას პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოკუპირებულ აფხაზეთში „ანტიტერორისტული წვრთნა“ ჩაატარა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოკუპირებულ აფხაზეთში „ანტიტერორისტული წვრთნა“ ჩაატარა, – ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, აფხაზეთში დისლოცირებულ სამხრეთ სამხედრო ოლქის სამხედრო ბაზაზე „ჩატარდა სწავლება იმიტირებული უკანონო შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმის მოსაგერიებლად“.

„პერსონალს მიეცა სხვადასხვა დავალება, რომლებიც უნდა შეესრულებინათ საბრძოლო ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში. რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული სიტუაციის შესაქმნელად სამხედრო მოსამსახურეებმა გამოიყენეს ცარიელი ვაზნები, კვამლის ბომბები და იმიტირებული ყუმბარები“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბლოკირების განხორციელებისთვის საჭირო მოქმედების პრაქტიკას ასევე მცირე ჯგუფებად ფარულ მოძრაობას.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

11 იანვარს ქუთაისში +7 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. +7 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით -3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +1 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით თოვლი და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში დღისით +4, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით -6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში მოთოვს. დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

გუდაურში დღე -3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით -5, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +6 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +5 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

“ჯო ბაიდენი ნამდვილი ჰიტლერი ხდება”-The Washington Times

ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ თაიმსში“ (The Washington Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ ჯო ბაიდენი ნამდვილი ჰიტლერი ხდება“ (ავტორი – ჩარლზ ჰერტი).

„ნათქვამია – შვილი მამის კვალს მიჰყვებაო, მაგრამ პრეზიდენტის შემთხვევაში პირიქითაა: ჯო ბაიდენი თავისი შვილის – ჰანტერის კვალს მიჰყვება. უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამით აიხსნება ჯო ბაიდენის „მოკრძალებული ქცევა“, რომლის მაგალითი მან, როგორც ჩანს, თავისი ვაჟისგან აიღო.

მხოლოდ ნარკომანი, სექს-ვიდეოების ვარსკვლავი, მსუბუქ ყოფაქცევიანი ქალების მოყვარული, უცხო ქვეყნების მთავრობებთან კორუფციული გარიგებების ავტორი და პოლიტიკოსი მამის შემარცხვენელი შეიძლებოდა ყოფილიყო პრეზიდენტის ისეთი შვილი, როგორიც ჰანტერია, რომლის ქცევის მომსწრენი ჩვენ გავხდით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. და ეს სწორედ მაშინ, როცა მამამისი ჯო ბაიდენი ყოფილი პრეზიდენტის, თავისი მეტოქის დონალდ ტრამპისა და მისი ყველა მხარდამჭერის „განადგურებას“ აპირებს.

ამას წინათ ჩვენი პრეზიდენტი [ისტორიულ ქალაქ] ველი ფორჯში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი მხარდამჭერი დემოკრატების წინაშე პირველი წინასაარჩევნო სიტყვით გამოვიდა, თანაც ისე, რომ მოსახლეობას თავი ჯორჯ ვაშინგტონად მოაჩვენა (სწორედ აქ, ველი ფორჯში, 1777-1778 წლებში გენერალმა და მთავარსარდალმა აშშ-ის ჯარების წვრთნები ჩაატარა), რომელმაც ფაქტობრივად ახალი სახელმწიფო შექმნა. არადა, ჯო ბაიდენი ჯორჯ ვაშინგტონის აჩრდილადაც კი არ ღირს. იგი დაემუქრა იმ ამერიკელ მოქალაქეებს, რომლებიც მხარს დონალდ ტრამპს უჭერენ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო მოვლენას წარმოადგენს.

დიდი აბრაამ ლინკოლნი გაგანია სამოქალაქო ომის დროსაც კი არ დაშვებულა ასეთ სამარცხვინო დონემდე თავისი პოლიტიკური მეტოქეების წინააღმდეგ, რომლებიც მის პოლიტიკურ კამპანიას არ ეთანხმებოდნენ. პირიქით – ომის ყველაზე მთავარი ბრძოლის – გეტისბერგის სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ (1863 წლის ივლისში) მან ყველა დაღუპული ჯარისკაცის სული ლოცვით მოიხსენია, განურჩევლად იმისა, თუ რომელ მხარეს იბრძოდნენ – აშშ-ისა თუ აკშ-ის (ამერიკის კონფედერაციული შტატების) მხარეს.
როგორც ჯო ბაიდენმა განაცხადა, დონალდ ტრამპის მომხრეები ექსტრემისტები და ტერორისტები არიან, „რომლებიც ჩვენი ქვეყნის საფუძვლებს ძირს უთხრიან და საფრთხეს უმზადებენ“. მისი გამოსვლა ადოლფ ჰიტლერის გამოსვლას ჰგავდა.
ოდესმე გაგიგონიათ, რომ რომელიმე პოლიტიკოსი, მით უმეტეს პრეზიდენტობის კანდიდატი, ასე ლაპარაკობდეს ამერიკის მოქალაქეებზე იმიტომ, რომ ისინი მხარს სხვა კანდიდატს უჭერენ? უფრო მეტიც – ჯო ბაიდენის მიერ დანიშნულმა იუსტიციის მინისტრმა ასობით პოლიტიკური ოპონენტი ჩაყარა ციხეში და აცხადებს, რომ კიდევ იმდენის დასაჭერად ემზადება.
ალბათ, ასეთმა სახიფათო პოლიტიკურმა დემაგოგიამ წააქეზა დემოკრატიული პარტიის წევრი ამომრჩეველი ჯეიმს ჰიჯინსქსონი, რომელმაც ექვსი რესპუბლიკელი მოკლა ბეისბოლის მინდორზე.

კიდევ ერთმა დემოკრატმა კანდიდატმა ლიზ ჩეინმა დონალდ ტრამპის მომხრეების გასაგონად განაცხადა, რომ თუ ისინი კვლავ ექს-პრეზიდენტს მისცემენ ხმას, ეს მათთვის ბოლო ხმის მიცემა იქნება.

ველი ფორჯში გამოსვლის შემდეგ ჯო ბაიდენი ჩარლსტონში წავიდა, სამხრეთ კაროლინას შტატში, რათა ათი წლის წინათ მოკლული ცხრა აფროამერიკელის ხსოვნის პოლიტიზება მოეხდინა. არადა, ამით ვინ შეურაცხჰყოფს უდანაშაულოდ დაღუპულთა ხსოვნას? ის პიროვნება, რომელიც თავის მოწინააღმდეგეებს საპყრობილეში გზავნის და სახელმწიფო თანამდებობებს მილიონ დოლარად ჰყიდის – ჯო ბაიდენი.

წყარო:

“რუსეთი ახალი ავიაბომბის წარმოების დაწყებას გეგმავს” – მედია

რუსეთი 2024 წელს ახალი ავიაბომბის, „დრელის“ სერიული წარმოების დაწყებას გეგმავს, – ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახალმა საჰაერო ბომბმა წარმატებით გაიარა სამხედრო დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული ყველა გამოცდა.

ТАСС-ი წერს, რომ „დრელი“ განკუთვნილია ჯავშანტექნიკის, სახმელეთო სარადარო სადგურების, ელექტროსადგურების მართვის ცენტრებისა და საზენიტო-სარაკეტო სისტემების განადგურებისთვის. მოსალოდნელია, რომ ის პრაქტიკულად შეუმჩნეველი იქნება რადარზე. ამასთან, რუსული მედია წერს, რომ თუკი ბომბის ასაფეთქებელი ელემენტი სამიზნის წინააღმდეგ არ იმოქმედებს, გარკვეული დროის შემდეგ მისი თვითგანადგურება ხდება და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ახალი ავიაბომბის შექმნა პირველად 2016 წელს გამოცხადდა.

“2023 წლის დეკემბერში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია” – ჯანმო-ს ხელმძღვანელი

2023 წლის დეკემბერში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ თვეში 10 000 გარდაცვალების შემთხვევა პანდემიის პიკზე ბევრად ნაკლებია, თავიდან აცილებადი სიკვდილის ეს დონე მიუღებელია“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მთავრობებს მოუწოდა, რომ დაკვირვება და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა გააგრძელონ.

ტედროს ადანომ გებრეისუსის ცნობით, კორონავირუსის ახალი JN.1 ვარიანტი მსოფლიოში ყველაზე მეტად ვრცელდება, თუმცა იგი „ომიკრონის“ ვარიანტია და დღეს არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ დაცვას უზრუნველყოფს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გასული წლის დეკემბერში, თითქმის 50 ქვეყანაში, ძირითადად, ევროპასა და ამერიკაში, საავადმყოფოებში მოხვედრის მაჩვენებელი 42%-ით გაიზარდა.

ჩვენ ომში ვართ, ტერორისტული ჯგუფების წინაშე ვერ დავნებდებით -ეკვადორის პრეზიდენტი

ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ომშია ტერორისტულ დაჯგუფებებთან, რომლებსაც მძევლად ჰყავთ ციხის 130-ზე მეტი ზედამხედველი და სხვა თანამშრომლები. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

„ჩვენ ომში ვართ და ამ ტერორისტული ჯგუფებს ვერ დავნებდებით“, – განაცხადა ნობოამ.

ნობოას თქმით, ეკვადორში სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფების დაახლოებით 20 000 აქტიური წევრია.

როგორც „როიტერი“ წერს, „სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ციხის თანამშრომლებს უკიდურესად ძალადობრივად ექცევიან, მათ შორის არის დახვრეტის კადრებიც“.

ეკვადორის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი ციხიდან გავლენიანი კრიმინალური დაჯგუფების, „ლოს ჩონეროსის“ ლიდერის, ფიტოს გაუჩინარების შემდეგ გამოაცხადა. ამის შემდეგ ქვეყანაში ძალადობრივი მოვლენები განვითარდა. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც შეიარაღებული პირები საპორტო ქალაქ გუაიაკილში, სადაც ციხე მდებარეობს, ტელევიზიის შენობაში პირდაპირი ეთერის დროს შეიჭრნენ. პოლიციამ ტელეარხზე თავდასხმაში მონაწილე 13 შეიარაღებული პირი დააკავა. ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ კი 22 კრიმინალური დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, ისინი სამხედრო სამიზნეებად დაასახელა და შეიარაღებულ ძალებს მათ წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარება უბრძანა. ნობოამ თქვა, რომ ქვეყანა ამ კვირაში დაიწყებს უცხოელი პატიმრების, განსაკუთრებით კოლუმბიელების დეპორტაციას, რათა შეამციროს ციხეში მყოფი ადამიანების რაოდენობა და ხარჯები.

ამასთან, პერუმ ეკვადორის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და უსაფრთხოების ძალები განათავსა.

მე, თამარ ლეფსვერიძე, რიგით 47-ე პაციენტი “ძუძუს კიბოთი” – ანუ, როცა დუმილი დანაშაულია

შესავლის ნაცვლად…

ჰაერში წინასაახალწლო სურნელი ტრიალებდა… იდგა დეკემბრის მზიანი,  დღე… მე, წინა ღამით ჩემი გამზრდელი ბებია მესიზმრა და ზუსტად ვიცოდი, ისევ ჩემს გასაფრთხილებლად მოვიდა…

ერთი ძალიან ცნობილის კაცის  სახელობის კლინიკაში რიგში 47- ე ვიდექი…ხელში, მამოგრაფიის პასუხით, მარტო ველოდებოდი ავთვისებიანი სიმსივნის განაჩენს…

კოდი, სახელწოდებით RADS 5 სწორედ ამას ნიშნავდა და ეს უკვე ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით დაზუსტებული მქონდა…

ვთქვათ, გითხრეს, რომ მკერდი უნდა მოგაჭრან, იცოდე, ისტერიკა არ მოაწყო, მედიცინა ისეა წასული წინ, ხელოვნურს უკეთესს აკეთებენ… 2 ზომა თუ 3? რაც მაქვს, იმაზე დიდი არ მინდა… – ველაპარაკები საკუთარ თავს…

ახლა მეორე დილემაც მაქვს – მომიხდება თუ არა გადაპარსული თმა.. და თუ ეს გახდება საჭირო, ისევ მომიხდება თუ არა წითელი პომადა…

ჩანთაში ზურიკო გომელაურის მოხატული შარფი მიდევს, თვალი გავაპარე, ხომ არავინ მიყურებდა და თავზე წავიკარი, მაინტერესებს, ასე თუ მომიხდება…ცუდი არაა… სხვანაირსაც მოვახატინებ ზურას, სხვა ფერებში, ვთქვი და უცებ პომადაც გადავისვი.

ცნობილ, გაპიარებულ, მამოლოგთან რიგში 47- ე ვარ და რამდენსაც მინდა იმდენს ვიფიქრებ… ორი დღის წინ დაწყობილი ცხოვრება გადასაწყობი მაქვს…

ფეხზე ვდგავართ ყველანი, 7 კვადრატულ სივრცეში და უჰაერობაში… ამ დროს რეკავს ჩემი და მეკითხება სად ვარ.. ვპასუხობ, სადაც ვარ. ზუსტად 10 წუთში შემოდის ისეთი გაფითრებული სახით, რომელიც მაშინ აქვს, როცა საქმე ოჯახის წევრების ჯანმრთელობას ეხება…

მაშინ მეგონა, რომ ჩემი ღმერთი მოვიდა ჩემთან გაფითრებული სახით…. ერთად გადავწყვეტდით წითელი და ვარდისფერი პომადის ამბავსაც და ხელოვნური ძუძუს ზომასაც…

რიგში 47-ე ვარ და 47-ჯერ გადავალაგე ჩემი ორი დღის წინ დაწყობილი ცხოვრება…

ცნობილი მამოლოგი, რომელთანაც მთელი თბილისი დადის, აგვიანდება… საღამოს ხუთი საათია და ისევ არ ჩანს…

დილით ათი ოპერაცია ჰქონდა ბატონ გოგიტას, მამცნო რეგისტრატორმა და აგრძელებს მასთან პაციენტების ჩაწერას, რომელიც 50 ქალს უკვე გადაცდენილია… ავედით 55-ზე და ახლა ჩემი და ითვლის… თითო პაციენტს საშუალოდ 3 წუთს უთმობს, ამ ათვლით, შენ სადღაც 8 ზე მოგიწევს მიღება…

მე ისევ ვაგრძელებ დაგუგლვას…

“ფუჭდება თუ არა პირადი ურთიერთობები მას შემდეგ, რაც ქალს უსვამენ სიმსივნის დიაგნოზს?…”

“როგორ უნდა მოვიქცეთ, ძუძუს კიბოს დიაგნოზის დადგენის შემთხვევაში რომ არ დავაფრთხოთ პარტნიორი?”

“მთავრდება თუ არა ქალის პირადი ცხოვრება  ძუძუს კიბოს დადგენის შემთხვევაში?”

მეოთხე საათია ავთვისებიანი სიმსივნის გამოცხადების რიგში ვდგავარ და ყველაფერი მოვირგე, რაც კი მოსარგები იყო… პარიკზე ეგრევე უარი ვთქვი, ჩემი საყვარელი წითელი პომადა ჩაანაცვლა ღია ვარდისფერმა და მკერდის ზომა 2-იდან 3-ით გავიზარდე… თუ ცვლილებაა, ცვლილება იყოს!

ნებისმიერ შემთხვევაში მშობლებს ვატყუებთ (მე და ჩემი და), რომ მსუბუქი ფორმაა, ვეგუები შეყვარებულთან ურთიერთობის დასრულებას, (სტატისტიკა არაკეთილსაიმედოა) და ბოლო დეტალიღა დამრჩა – ეს გადაპარსული თმა რომ წამომეზრდება, რა ფერად შევიღებო. ესეც გადაწყდა – ჩემი საოცნებო “რიჟა” უალტერნატივოა…

ჩემი დის გამოთვლით, ამ გაპიარებულ ექიმთან, რომელსაც იმ დღეს, 10 ოპერაციის შემდეგ 60-მდე პაციენტი ჰყავდა ჩაწერილი, (სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ რამდენიმეს ნერვებმა უმტყუნა და რიგი შეთხელდა) ერთ საათში შევალ…

თავიქალი…

უკაცრავად, რიგში რომელი ვარ? – ვეკითხები რიგითობის მცველ თავი ქალს…

– გვარი!

– ლეფსვერიძე

– ჯერ 16 კაცია  დარჩენილი კიდევ ჩაწერილებიდან და ცოცხალი რიგი დაიწყება მერე, სადაც ხართ მეშვიდე…

ხუმრობა საქმე არაა, წინ წავიწიე და დასაჯდომის უფლებაც მოვიპოვე. ამ დროს ექიმს საპირფარეშოში მოუნდა და 20 ქალი უთვლიდა იქიდან გამოსვლის წუთებს… იმ დღეს პირველად გამეცინა გულიანად…

გაპიარებული ექიმი...

შევედით…

ჩემს დას თავისი შავი პალტოსფერი ფერი ადევს სახეზე. ცნობილი მამოლოგი ფეხზე დგას და წამმზომი ჩართული გვაქვს – სამი წუთი!!!

დახედა ეროვნული სკრინინგ ცენტრის მამოგრაფიის და ექოსკოპიის სამგვერდიანი პასუხის მხოლოდ პირველ გვერდს და ასევე ფეხზე მდგომებს გვპასუხობს – ხოო, სამწუხაროდ ძუძუს კიბოა, როგორც გუშინ ვეჭვობდი…

რა ხდებოდა გუშინ…

სინამდვილეში, გუშინ ეს ჩვენი ცნობილი და გაპიარებული მამოლოგი არაფერსაც არ ეჭვობდა… ხელით გასინჯვის და ექოს პასუხის შემდეგ მისი კომენტარი იყო ასეთი: 99% ვფიქრობ, რომ აქ არაფერია, მაგრამ ახალი წლები, შობა მოდის და თქვენივე სიმშვიდისთვის მოდით, გავიკეთოთ მამოგრაფია და თუ საჭიროა ბიოფსია…

ჰოდა, ახალი წლების და ჩემი სიმშვიდის ხათრით გაკეთებული მამოგრაფიის დისკიც რომ არ უნახავს, ის ცნობილი ექიმი იდგა ჩემს წინ და მეუბნებოდა, როგორ გუშინ ვეჭვობდიო… განა მიკვირს, დღეში 50 პაციენტი როცა გყავს 5 საათის შემდეგ ჩაწერილი, გუშინ რაზე ეჭვობდი, ეგ შეიძლება ადამიანის გონებას დაამახსოვრდეს?!

– მკერდს მომაჭრიან?

– არა, ვინმე გყავდათ ავთვისებიანი სიმსივნით დედა, ბებია ან და?

არა – ვპასუხობ სწრაფად, მინდა რომ ეს კარგი ამბავი მაინც წამოვიღო იმ დღიდან და უცებ ეკითხება ჩემს დას…

– თქვენ ვინ ხართ ამ პაციენტის?

– და

– ჰოდა, თქვენ უკვე ხართ რისკ-ფაქტორი, თუ თქვენი დის სიმსივნე აგრესიული ფორმის აღმოჩნდება… ანჯელინა ჯოლიმ ხომ იცით, რაც გააკეთა, ორივე მკერდი მოიკვეთა პრევენციის მიზნით, რადგან გენეტიკურად რისკფაქტორი მაღალი ჰქონდა…

ჩვენ არცერთს არ გვინდოდა მკერდის მოკვეთა და არც ექიმს ჰქონდა დიდი სურვილი ჩვენთან საუბრის გაგრძელების… საღამოს 8 საათი იდგა და რიგში კიდევ 13 ქალი ელოდებოდა…

იდგა დეკემბრის თვე, ნიკოლოზობა და 4 საათი, სიმსივნის განაჩენის რიგში მდგომმა, ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც ისიც კი არ უთხრეს “მკერდის სიმსივნეო”, ძუძუს კიბოო რაღაცნაირად ვულგარულად მომახალეს, ერთი ადამიანური სიტყვაც კი ვერ გამოვიტანე თავის სანუგეშებლად…

როცა დუმილი დანაშაულია…

რა არის დანაშაული? რაზე არ უნდა დავდუმდეთ? რაზე ვილაპარაკებ დღეიდან ბევრს? რას დავუთმობ ჩემი ჟურნალისტური კარიერის დიდ ნაწილს?

გეტყვით:

1.უნდა ვილაპარაკოთ “ცეხავიკ ექიმებზე”, რომლებიც დღეში 50 პაციენტს იღებენ.

2. უნამუსო კლინიკებზე, რომლებიც ამ ექიმისთვის დღეში ამდენ პაციენტს წერენ.

3. რეგულაციებზე, რომელთა თანახმადაც კლინიკებს უნდა ჰქონდეთ მოსაცდელი სივრცე, სადაც ცხენებივით ფეხზე კი არ ვიდგებით, არამედ ადამიანებივით მოგვექცევიან!

4. და კიდევ ბევრ სხვაზე…

პროლოგის ნაცვლად…

ჩემი ამბავი კარგად დამთავრდა… არც თმის გადახოტვრა დამჭირდა, არც მშობლების მოტყუება, არც ჩემი საყვარელი წითელი პომადის შეცვლა და ზურიკომ თავისი მოხატული ახალი კაშნეც საშობაოდ ისედაც მაჩუქა,,,

მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ჩემი ამბავი კარგად საქართველოში კი არა, ქვეყნის საზღვრებს გარეთ დასრულდა… სხვა სამყაროში, კეთილ ექიმებთან და კლინიკაში, რომლის ეზოში დიდი სკვერი, ლამაზი სკამები და სუფთა ჰაერი იყო…

რაც შემეხება მე, როგორ ჟურნალისტს, ჩემი ამბის დასასრული გახდება ჩემი ახალი ეტაპის დასაწყისი ჩემს ჟურნალისტურ კარიერაში და არ გავჩერდები მანამ, სანამ ჩემს პატარა წვლილს მაინც არ შევიტან იმაში, რომ შევცვალო ის, რაც მე გამოვიარე…

 

წყარო: Ipress.ge

დღევანდელი აზერბაიჯანი მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებს შორისაა -ილჰამ ალიევი

დღევანდელი აზერბაიჯანი მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებს შორისაა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ადგილობრივ მედიას განუცხადა.

ილჰამ ალიევის თქმით, მთავარი ამოცანა ქვეყანამ რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა, როდესაც სრულად აღადგინა სუვერენიტეტი.

„მოვლენების მსვლელობამ აჩვენა, რომ ეს გაკვეთილი უნდა იყოს არამხოლოდ სომხეთისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც სომხეთის უკან დგას. შეუძლებელია ჩვენთან საუბარი მუქარითა და ქედმაღლობით“,-აღნიშნა ალიევმა.

აგრესიული უმცირესობა რატომღაც კატეგორიულად დარწმუნებულია, რომ უმრავლესობა ყოველთვის და ხმის ამოუღებლად უნდა ემორჩილებოდეს -ვასილ მაღლაფერიძე

უკვე მყარ მოცემულობად იქცა, რომ ქვეყანა ორად არის გაყოფილი და ეს ორი ჯგუფი ერთმანეთისგან რადიკალურად განვსხვავდებით მსოფლმხედველობით, სულიერად, გემოვნებით, სიკეთისა და ბოროტების აღქმით. ფაქტობრივად, აღარ დარჩა რაიმე თემა, რასაც ეს ორი ჯგუფი ერთნაირად აღვიქვამთ – ის, რაც ერთისთვის წმინდაა, მეორეს მაინცდამაინც იმის წაბილწვა სწადია, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ამავე დროს, აგრესიული უმცირესობა რატომღაც კატეგორიულად დარწმუნებულია, რომ უმრავლესობა ყოველთვის და ხმის ამოუღებლად უნდა ემორჩილებოდეს და რადგან ასე არ ხდება, ძალიან ბრაზობს და კიდევ უფრო აგრესიული ხდება!

თავის მხრივ, უმრავლესობა (არანაკლებ კატეგორიულად!) არასდროს აპირებს უმცირესობის ჭკუაზე სიარულს და როცა ამას აძალებენ, თავადაც ძალიან ბრაზდება!

აქ შერიგებაზე და შუაშისტობაზე საუბარი უშედეგო სპეკულაციად დარჩება, ვინაიდან ამ ორი ნაპირის შეერთება ამ ცხოვრებაში აღარ მოხდება და მათი აზრი ყოველთვის გაიყოფა, ხან – შობის თარიღის გამო, ხან – კვერცხი რომელი ბოლოდან უნდა გატყდეს, ხან – ისე, არაფრის გამო!

ამის მიზეზი კი ის არის, რომ სხვადასხვა ნაპირზე ვცხოვრობთ, სხვადასხვა დაუწერელი კანონით ვცხოვრობთ და არცერთი მხარე არ აპირებს საკუთარ მეობაზე უარის თქმას.

ამ ორი ჯგუფის ცხოვრების წესი, განსაკუთრებით საკვანძო საკითხებში, ერთმანეთს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ხშირად სრულად გამორიცხავს – ის, რაც ერთისთვის სათნოებაა, მეორესთვის ბოროტებაა და პირიქით!

ასე რომ, მშვიდობიანი თანაცხოვრების და ნერვების დაზოგვის ერთადერთ გზად მხოლოდ სრული და ყოვლისმომცველი იგნორი რჩება!

P.S. სხვათა შორის, საამისოდ „ფეისბუკს“ ყველა ფუნქცია აქვს“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.