„ვარკეთილში ქალის საზარელი მკვლელობის ფაქტზე პასუხისმგებლობა ისევ ხელისუფლებას ეკისრება” – ანა დოლიძე

15
spot_img

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, სოციალური სამსახურების სისტემა ჩამოშლილია და ფემიციდის კიდევ ერთ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა კვლავ ხელისუფლებას ეკისრება.

„ვარკეთილში ახალგაზრდა ქალის საზარელი მკვლელობის ფაქტზე პასუხისმგებლობა ისევ ხელისუფლებას ეკისრება. ხელისუფლება არ დგამს რაიმე ნაბიჯს, იმისთვის, რომ შეამციროს მსგავსი საზარელი ქმედებები. პირიქით, ყოველკვირეულად გვესმის საზარელი შემთხვევა ოჯახში ძალადობის შესახებ. სოციალური სამსახურების სისტემა თითქმის ჩამოშლილია. ნორმალურ სახელმწიფოში სწორედ სოციალური სამსახურის მოვალეობა არის მსგავსი მგრძნობიარე ვითარება აღმოაჩინოს და მოახდინოს ასეთი ოჯახური ძალადობის პრევენცია“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში პრევენციის მექანიზმები სათანადოდ არ მუშაობს.

„სინამდვილეში საქართველოში არც პრევენციის მექანიზმები მუშაობს, სოციალური სამსახურის სახით, არც გამოძიების მექანიზმები მუშაობს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ჩვენ უნდა შევქმნათ სწორედ ისეთი სოციალური სამსახური, რომელიც არის ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, რომელსაც ექნება სურვილი, საშუალება და კომპეტენცია, დროულად დააკვირდეს ოჯახში ვითარებას და თავიდან აირიდოს ოჯახში ძალადობის საზარელი შემთხვევები“- აცხადებს ანა დოლიძე.

ანა დოლიძის განცხადებას პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ავრცელებს.