Home Blog Page 1706

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 იანვრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6826 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6826 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6879 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0053 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9415 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9427 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0012 ლარი შეადგინა.

“ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და მისი ოლიგარქად მოხსენიება უდიდესი შეურაცხყოფაა”

უკვე მერამდენედ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები უხეშად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში, – ასე ეხმაურება, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე, დანიის ელჩის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიებას სოციალურ ქსელში.

ხუნდაძის თქმით, კარგი იქნება თუ, საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ელჩების კანდიდატების შერჩევას და ადგილი აღარ ექნება დიპლომატის მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას.

„უკვე მერამდენედ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები უხეშად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში. უმთავრესი დარღვევა ის არის, რომ დიპლომატი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. დიპლომატის გაპოლიტიკოსების მაგალითი გვქონდა გასულ წლებში ერთ-ერთი პარტნიორი სახელმწიფოს ელჩისგან და გვჯეროდა, რომ მსგავს შეცდომას სხვა აღარ დაუშვებდა.

მივმართავთ ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებს, კარგად აუხსნან მათ ელჩებს დიპლომატის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები. მაგრამ, როგორც ჩანს, აქ საქმე მიზანმიმართულ ქმედებასთან გვაქვს, რომ კიდევ ერთხელ უცხო ძალის დახმარებით ქართულ ოპოზიციას როგორმე სული ჩაბერონ.

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და მისი ოლიგარქად მოხსენიება უდიდესი შეურაცხყოფაა არა მარტო ივანიშვილის, არამედ, მთლიანად სახელისუფლებო გუნდის. შეურაცხყოფაა ასევე ხალხის, რომელმაც მმართველი გუნდი აირჩია. როგორც ჩანს, დანიის ელჩს ახსნა სჭირდება, თუ რას ნიშნავს ოლიგარქი და მაგალითისთვის ვთხოვთ, „ნაცმოძრაობის“ დამფინანსებლის, კეზერაშვილის ქეისი კარგად შეისწავლოს.

მიუხედავად წარსულის შეცდომის განმეორებისა უცხოელი ელჩების მხრიდან, მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ელჩების კანდიდატების შერჩევას და ადგილი აღარ ექნება დიპლომატის მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას“, – წერს ხუნდაძე.

თურქეთმა, ბულგარეთმა და რუმინეთმა შავი ზღვის განაღმვის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

დღეს, სტამბოლში, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, იაშარ გიულერმა, რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანხელ ტილვარმა და ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ატანას ზაფრიანოვმა შავის ზღვის ნაღმებისგან გასუფთავების ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

„შავ ზღვაში მცურავი ნაღმების საფრთხე ომის დაწყებისთანავე გაჩნდა. ნაღმების წინააღმდეგ უფრო ეფექტური ბრძოლის მიზნით გადავწყვიტეთ, სამ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესების გზით, ნაღმების წინააღმდეგ ბრძოლის პროტოკოლს მოვაწეროთ ხელი“, – განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის ინიციატივა შავ ზღვაში გადაზიდვების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

პირველად ბოლო 35 წლის განმავლობაში პოლონეთში პოლიტიკური პატიმრები გვყავს -პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი

პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი ქვეყნის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მარიუშ კამინსკისა და მისი ყოფილი მოადგილის მაცეი ვონსიკის დაპატიმრებას გამოეხმაურა. პოლიტიკოსმა შესაბამისი ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელებში გაავრცელა.

მორავეცკიმ კამინსკის და ვონსკის საბჭოური დიქტატურის დასრულების შემდეგ პირველი პოლიტპატიმრები უწოდა და აღნიშნა, რომ მათი დაკავება მთავრობის მეთაურის, დონალდ ტუსკის მხრიდან შურისძიების ნაწილია.

„პირველად ბოლო 35 წლის განმავლობაში, კომუნიზმის დაცემისა და პოლონელების ტოტალიტარიზმზე დიდი გამარჯვების შემდეგ, პოლონეთში პოლიტიკური პატიმრები გვყავს. მარიუშ კამინსკი და მაცეი ვონსიკი დონალდ ტუსკის ახალი მთავრობის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლები არიან. მოვუწოდებ დასავლეთის დემოკრატიულ თანამეგობრობას, ნუ შეხედავენ პასიურად იმას, რაც დღეს პოლონეთში ხდება“, – განაცხადა მორავეცკიმ.

ესტონეთი უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გადასცემს

ესტონეთი სამი წლის განმავლობაში შეიარაღების გასაუმჯობესებლად უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა ტალინში უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კარისის თქმით, აღნიშნული დახმარების გამოყოფა 2027 წლამდე მოხდება.

„უკრაინას სჭირდება მეტი და უკეთესი შეიარაღება. აუცილებელია ევროკავშირის სამხედრო მრეწველობის სიმძლავრის გაზრდა, რომ უკრაინამ მიიღოს ის, რაც სჭირდება არა ხვალ, არამედ დღეს. ჩვენ არ უნდა გვქონდეს არანაირი შეზუდვა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, ალარ კარისმა განაცხადა, რომ ზავის საკითხს დასავლეთში აყენებენ იმისთვის, რომ გაიგონ განწყობები.

„არა ოფიციალურ, არამედ არაფორმალურ შეხვედრებზე კულუარებში აყენებენ ზავის საკითხს, რომ განწყობები გაიგონ. თუმცა ჩვენი პასუხი ისეთივეა, როგორიც პრეზიდენტ ზელენსკის აქვს: მშვიდობა იქნება მაშინ, როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს ომში“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

კარისის თქმით, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ზეწოლას არ ექნება წარმატება, ვიდრე ევროპაში და მის გარეთ არის ერთიანობა მოკავშირეებს შორის. ამასთან, მან დასძინა, რომ არსებობს ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ამ ერთიანობის დანგრევას.

„ზოგიერთ ქვეყანას არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, დაარღვიონ ეს ერთიანობა“, – განაცხადა კარისმა.

“ჯერ ჩემი “ხაბე” გამოიწვიე, შემდეგ გადადი “ჭიჭე” ვაშაძეზე, დაგაკვირდებით”-ირაკლი ზარქუა გიორგი გახარიას

გიორგი, ძმაო, ჯერ ჩემი “ხაბე” გამოიწვიე დებატებში, შემდეგ გადადი “ჭიჭე” ვაშაძეზე, დაგაკვირდებით, შემდეგ ბატონ გუბაზთან, ბევრი საერთო გაქვთ, ბოლო ტესტი იქნება “ჩერგო”, იქაც თუ გაძვრები, მერე მე პირადად მზად ვარ დაგიჯდე და შენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გესაუბრო, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა პარტია “საქართველოსთვის” ლიდერს გიორგი გახარიას.

ირაკლი ზარქუას თქმით, გიორგი გახარია შელახული იმიჯის ამაღლებას ცდილობს და ამისთვის დებატებში ბიძინა ივანიშვილი გამოიწვია.

„მესმის, მას შელახული აქვს იმიჯი და ახლა ცდილობს რაღაცნაირად აიმაღლოს და ვინ გამოიწვია? ბატონი ივანიშვილი, რომლის ერთი პროცენტი მაინც გააკეთოს ამ ქვეყნისთვის და მერე შეუძლია ასე თამამად გამოიწვიოს. მანამდე ვურჩევ, გიორგი, ძმაო, ჯერ ჩემი “ხაბე” გამოიწვიე, შემდეგ გადადი “ჭიჭე” ვაშაძეზე, დაგაკვირდებით, იმის შემდეგ ბატონ გუბაზთან, ბევრი საერთო გაქვთ და მიხვდები რაც, იქ გადადი და ბოლოს ამას რომ მოილევ ბოლო ტესტი იქნება, ეს არის “ჩერგო”, იქაც თუ გაძვრები, მერე მე პირადად მზად ვარ დაგიჯდე და იმ შენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, როგორც პრემიერ მინისტრის, სპეცოპერაციებზე და შემდეგ უკვე გუნდს რომ უღალატე და ქვეყანას და მერე რა მოიმოქმედე, როგორ შეუკარი კოალიციები მარგინალებს და მწვალებლებს საკრებულოებში, აი მაგაზე მერე გესაუბრები თუ სურვილი გექნება“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

“ვხედავთ დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდს, რომელიც კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში” – დანიის საელჩო

დანიური სტატიიდან ამოღებულია ამონარიდი, რომელიც ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე გამოიყენება. საელჩოს არ აქვს სურვილი, წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებს, – ამის შესახებ საქართველოში დანიის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

საელჩო დანიურ გაზეთში, ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის სტატიაზე გამოხმაურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ დანია განუწყვეტლივ უჭერდა მხარს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.

„სტატია დანიური გაზეთისთვის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ დაიწერა. სტატია ხაზს უსვამს საქართველოს მკაფიო სურვილს, განაგრძოს ევროკავშირში ინტეგრაცია და ყურადღებას ამახვილებს იმ წვლილზე, რომლის შეტანაც შეუძლია დანიას საქართველოს მხარდასაჭერად, მათ შორის, ახლად გახსნილი საელჩოს მეშვეობით მწვანე გადასვლის, მშვიდობის, სტაბილურობისა და ასევე, სხვა სფეროებში თანამშრომლობის გზით. დანია განუწყვეტლივ უჭერდა მხარს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, რეფორმების განხორციელების კუთხით დარჩება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის თანამშრომლობის მხარდამჭერი.

ჩვენ ვხედავთ დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდს, რომელიც კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში. საელჩოს არ აქვს სურვილი წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და თავს იკავებს დამატებითი კომენტარისგან,” – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, „ფორმულას“ ინფორმაციით, საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა „ქართული ოცნების დამფუძნებელი“ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.

მათივე ცნობით, ამის შესახებ ელჩი ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნებულ OP-ED-ში წერს, სადაც საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიღება აქვს განხილული.

„მმართველი „ქართული ოცნების“ პარტია, დაარსებული ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელმაც ქონება 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა, ხელისუფლებაშია 2012 წლიდან. ოპოზიცია, რომელსაც სააკაშვილის პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელმძღვანელობს, მუდმივად ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო მუშაობას და ხელისუფლებას სასამართლოების პოლიტიზებაში, თავისუფალი მედიის ჩახშობაში და ოპოზიციის წევრების შევიწროებაში ადანაშაულებს“, – წერს ელჩი.

“ბრძოლის ველზე პაუზები არ იქნება” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბრძოლის ველზე პაუზების დაშვება არ შეიძლება, რადგან ეს სარგებელს მოუტანს რუსეთის ფედერაციას უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებაში.

„უკრაინის ტერიტორიაზე ბრძოლის ველზე პაუზა არ არის პაუზა ომში, ეს არ გამოიწვევს პოლიტიკურ დიალოგს რუსეთის ფედერაციასთან ან სხვა ვინმესთან. პაუზა მხოლოდ დაეხმარება რუსეთის ფედერაციას. ჩვენ გვესმის მოცულობები – რამდენს აწარმოებენ ისინი დღეს. ჩვენ ვიცით, რამდენ დრონს და არტილერიას აწარმოებენ ისინი დღეში. ჩვენ ვხედავთ, რა აკლიათ მათ და რომ აქვთ დიდი დეფიციტი დრონებთან და არტილერიასთან დაკავშირებით. დიდი დეფიციტი”, – აღნიშნა ზელენსკიმ ტალინში, ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, რუსეთი ირანიდან Shahed-ის ტიპის დრონების დიდ შესყიდვებს ახორციელებს.

“ისინი ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებენ რაკეტებზე, მაგრამ ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, მისი თქმით, რუსებმა უკვე მიიღეს მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი ჩრდილოეთ კორეიდან. „ჩვენ ასევე ვნახეთ ზოგიერთი რაკეტის მაგალითიც“, – დასძინა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსები ვერ ასწრებენ საკუთარი იარაღის წარმოებას.

“ახლა ეს პაუზა არ არის უბრალოდ გაყინული კონფლიქტი. ეს არის პაუზა, რომელიც მათ დაეხმარებათ. ისინი ვერ ასწრებენ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის ასევე დაუსვეს შეკითხვა, თუ რა ზეწოლას განიცდის უკრაინა მისი მოკავშირეების მხრიდან, რომ რაღაც შეცვალოს ომის წარმართვაში და კერძოდ, შეერთებული შტატებისგან ომის გეგმის დაზუსტებასთან დაკავშირებით.

„ამა თუ იმ საბრძოლო გეგმებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ: სანამ ყველაფერი უკრაინის კაბინეტებში წყდება, ჩვენი ბრძოლა უკრაინის სასარგებლოდ იქნება და ჯერჯერობით სწორედ ასე ხდება”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ვარკეთილში, ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და გიორგი კავლელაშვილი პატიმრობაში დატოვა. სხდომა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე „ჯეო ჰოსპიტალში“ ჩატარდა.

რაც შეეხება ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, პაციენტი უკვე კონტაქტურია და ამ დრომდე კლინიკაში ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება. როგორც კი მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება, სამართალდამცველები მას პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელობა 9 იანვარს, თბილისში მოხდა. ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში დაიღუპა. ამის შემდეგ ბრალდებულმა დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობები თავადაც მიიყენა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი გახარია სხვა ლიგაში თამაშობს, ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო -კახა კალაძე

გიორგი გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს და საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს სამუშაო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა გიორგი გახარიას განცხადებაზე, რომლითაც მან ბიძინა ივანიშვილს საჯარო დებატები შესთავაზა.

კითხვაზე, „უღალატა თუ არა გახარიამ გუნდს?“ – კალაძემ განაცხადა, რომ ეს იყო ღალატი.

„რა თქმა უნდა, ეს ღალატია, ხომ? როდესაც ისეთ რთულ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც იყო, მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, საზოგადოებამ შეაფასა ეს ყველაფერი და არჩევნებზე ყველას გასცა შესაბამისი პასუხი. ასე იქნება მომავალშიც. საქართველოში არ უყვართ მოღალატეები, ეს არის ძალიან მარტივი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“არავის დაჯარიმება არ მიხარია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველა გაითვალისწინებს აღნიშნულ მიდგომას”

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განმარტა, თუ რატომ გამკაცრდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში უკანონო მშენებლობისთვის ჯარიმები.

როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით ჯარიმების გაზრდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის ინტერესით არის ნაკარნახები.

„2017 წლიდან მოყოლებული ვიბრძვით ამ მიმართულებით, ეს იყო ჯარიმების, რეგულაციების შემოღება, დარჩენილი იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით მიდგომები და უკვე საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელებულია და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება გარკვეული პრევენციული ღონისძიებები იმისთვის, რომ ის პრობლემები, რომელიც გვქონდა ცალკეულ შემთხვევებში, აღარ განმეორდეს და აღარ იყოს, ამიტომ არის ამხელა ჯარიმები. არავის დაჯარიმება არ მიხარია, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა გაითვალისწინებს აღნიშნულ მიდგომას და არც კომპანია, არც ფიზიკური პირი, თავს რა დაიჯარიმებს, ისეთი მიდგომები ექნებათ ძეგლებთან. ამიტომ ჩვენთვის, ქალაქისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს, უხარია ამ ქალაქის განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ეს არის ის, რაც უნდა შევინარჩუნოთ, მოვუაროთ, რეაბილიტაცია ჩავუტაროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ამ მიმართულებით კანონის გამკაცრების აუცილებლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში ძეგლებზე კანონის გვერდის ავლით და უხეში ჩარევებით რეაბილიტაციის კონკრეტულმა ფაქტებმა განაპირობა.

მისივე თქმით, გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა იმ სფეროში, რომელსაც კანონმდებლობა, შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებების შემდეგ, უკვე არეგულირებს.

„ისტორიული ზონების მიმართულებით ჩვენ არ გვქონდა გამკაცრებული კანონმდებლობა და მიდგომები, ფაქტობრივად, იგივე იყო. ამ ხნის განმავლობაში წავაწყდით კონკრეტულ რამდენიმე ფაქტს, რომელიც პრობლემას წარმოადგენს, რადგან მაგალითად, შეთანხმებული იყო პროექტი ისტორიულ საბჭოსთან, რომ უნდა მომხდარიყო ძეგლზე ფასადის შენარჩუნება და შენობის სხვა ნაწილის დემონტაჟი. იყო 2-3 შემთხვევაა, როდესაც მოხდა აღნიშნული ფასადის დემონტაჟი. საუბარი იყო, რომ გამაგრების დროს დაინგრა და დაიშალა, მაგრამ არ არის ეს სწორი დამოკიდებულება, ამიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. სხვა არაისტორიულ ზონებში, რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებების გამო. ასევე, შეჩერების შემდეგ თუ ისევ გააგრძელებს კომპანია მუშაობას, ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და, რა თქმა უნდა, ამან გარკვეული როლი ითამაშა იმაში, რომ ეს მიმართულება მოწესრიგებულიყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჯარიმები მკაცრდება. კერძოდ, ახალი კანონის მიხედვით: კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, დაჯარიმდება 250 000 ლარით (ნაცვლად 25 000 ლარისა); კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ან III ან IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის, დაჯარიმდება 200 000 ლარით (ნაცვლად 20 000 ლარისა); ჯარიმები გამკაცრდა ასევე, I და II კლასის შენობა-ნაგებობების უნებართვო მშენებლობებისთვის;

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის: – III კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 30 000 ლარი (ნაცვლად 10 000 ლარისა), ხოლო IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 75 000 ლარი (ნაცვლად 15 000 ლარისა).

ჯარიმები გამკაცრდა ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებარე ობიექტების კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვებისთვის.

კერძოდ, III და IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 150 000 ლარი (ნაცვლად 20 000 ლარისა).

დანიის ელჩი საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

დანიის ელჩი საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. დიპლომატს უწყებაში დღის ბოლომდე ელოდებიან.

ამას წინ უძღოდა დანიურ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაცია, სადაც დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მან ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა. ანე ტოფტ სორენსენმა საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზეც ისაუბრა.