ესტონეთი უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გადასცემს

25
spot_img

ესტონეთი სამი წლის განმავლობაში შეიარაღების გასაუმჯობესებლად უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა ტალინში უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კარისის თქმით, აღნიშნული დახმარების გამოყოფა 2027 წლამდე მოხდება.

„უკრაინას სჭირდება მეტი და უკეთესი შეიარაღება. აუცილებელია ევროკავშირის სამხედრო მრეწველობის სიმძლავრის გაზრდა, რომ უკრაინამ მიიღოს ის, რაც სჭირდება არა ხვალ, არამედ დღეს. ჩვენ არ უნდა გვქონდეს არანაირი შეზუდვა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, ალარ კარისმა განაცხადა, რომ ზავის საკითხს დასავლეთში აყენებენ იმისთვის, რომ გაიგონ განწყობები.

„არა ოფიციალურ, არამედ არაფორმალურ შეხვედრებზე კულუარებში აყენებენ ზავის საკითხს, რომ განწყობები გაიგონ. თუმცა ჩვენი პასუხი ისეთივეა, როგორიც პრეზიდენტ ზელენსკის აქვს: მშვიდობა იქნება მაშინ, როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს ომში“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

კარისის თქმით, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ზეწოლას არ ექნება წარმატება, ვიდრე ევროპაში და მის გარეთ არის ერთიანობა მოკავშირეებს შორის. ამასთან, მან დასძინა, რომ არსებობს ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ამ ერთიანობის დანგრევას.

„ზოგიერთ ქვეყანას არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, დაარღვიონ ეს ერთიანობა“, – განაცხადა კარისმა.