Home Blog Page 1706

ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ ძველ სახეებთან პოლიტიკურ გაერთიანებაზე მოლაპარაკებების მიმდინარეობას ადასტურებს

ეკა ბესელია ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ ძველი სახეების პოლიტიკური გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები დაწყებულია.

მისი თქმით, კონსულტაციებს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთანაც მართავს.

„ვესაუბრები ძალიან ბევრ ადამიანს ყოფილი „ოცნებიდან“, მთავრობიდან, თანამებრძოლებთან, რომლებიც წლების განმავლობაში იბრძოდნენ ნამდვილად იმ ღირებულებებისთვის, რაც ჩვენ ყველას ერთად გვქონდა. არავის გამოვრიცხავ ამ ორი ძალის [„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“] გარდა. კონსულტაციები და დიალოგი ყველასთან შესაძლებელია. მათ შორის გახარიასთანაც. მასთან ისედაც ვსაუბრობ, მაქვს კომუნიკაცია, თუმცა არა პარტიულ გაერთიანებაზე, იმიტომ რომ იცით – პარტიული გაერთიანება ვერ მოხდება კონსტიტუციური ჩანაწერით, – აცხადებს ბესელია “ქრონიკასთან” საუბარში

„სააკაშვილს გულწრფელად სჯერა, რომ ტელეკადრებით მსოფლიოს მართვა შეიძლება“ – უცხოური პრესა

რუსეთის ფედერალური გაზეთის „იზვესტიის“ (Известия) პირველი აგვისტოს ნომერში სათაურით „სააკაშვილს გულწრფელად სჯერა, რომ ტელეკადრებით მსოფლიოს მართვა შეიძლება“ გამოქვეყნებულია ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან, რომელშიც იგი ეხება ოპოზიციის პროტესტებს ბათუმში რუსი ტურისტებით შემოსულ ლაინერთან დაკავშირებით, ანტირუსულ განწყობებს საქართველოში, სამომავლო არჩევნების სავარაუდო შედეგებს, საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ა.შ. (ესაუბრება ჟურნალისტი ვალენტინ ლოგინოვი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

– როგორ შეაფასებთ სიტუაციას ბათუმში მომხდარ საპროტესტო აქციეთან დაკავშირებით? რამდენად არის დამახასიათებელი ანტირუსული განწყობები დღევანდელი ქართული საზოგადოებისათვის?

– ანტირუსული განწყობები ქართული საზოგადოებისათვის საერთოდ არ არის დამახასიათებელი, ასეთი რამ პრაქტიკულად არ არსებობს. საკმარისია გავიხსენოთ, რომ საქარტველოში უამრავი რუსი იმყოფება და მათ მიმართ, განსაკუთრებით მიმდინარე წელიწადში, ერთი ინციდენტიც კი არ მომხდარა. სხვათა შორის, რუსები აღნიშნავენ, რომ საქართველოში ფულთბილად და ხელგაშლით ხვდებიან

მე ახლოს ვიცნობ მიხეილ სააკაშვილს, 1992 წლიდან, როცა იგი მხოლოდ 24 წლისა იყო და ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონდა, ყველამ კარგად იცის: მას გულწრფელად სჯერა, რომ მსოფლიოს მართვა ტელესურათებით და ტელეკადრებით შეიძლება. სხვათა შორის, როგორც კი იგი ამ თემაზე გადავიდოდა ხოლმე ჩემთან საუბარში, ყოველთვის რუსულად იწყებდა ლაპარაკს. მისი აზრით, საკმარისია ტელევიზორის ეკრანზე საჭირო ტელეკადრები აჩვენო, შემდეგ კი რაც გსურს, იმის გაკეთება შეიძლება. სქემა ასეთია: რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელთა შორის გაწრთვნილი და დაფინანსებული მამაკაცები არიან, ტელეკამერების აუცილებელი თანხლებით და როგორც წესი, ინგლისურენოვანი ლოზუნგ-პლაკატებით. ეს ადამიანები ატეხენ დებოშს, ყვირიან, იწყებენ შეხლა-შემოხლას პოლიციასთან, რომლებიც იძულებულნი ხდებიან წესრიგის დამრღვევები დააკავონ. ეს ყველაფერი კამერებით ფიქსირდება და ტელევიზიით გადაიცემა.

ასე მოხდა ე.წ. „გავრილოვის ღამეს“, 2019 წლის ზაფხულში. იმ დროს მიხეილ სააკაშვილის მომხრეების აქციის ამსახველმა ტელეკადრებმა მსოფლიო მოიარა – ახლოდან გადაღებულ კადრებში ეკრანზე უამრავი პროტესტანტი ჩანს, თუმცა სინამდვილეში ისინი ცოტანი არიან. სხვათა შორის, ხელისუფლებამ ისწავლა და როცა მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა პერფომანსები მიმდინარეობს, კადრებს შორიდან იღებენ, რომლებითაც კარგად ჩანს აქციის მონაწილეთა რაოდენობა. ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერ ოპოზიციას სამი ძლიერი ტელეარხი აქვს, რომელთა მეშვეობით ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, რომ პოსტმოდერნისტულ მსოფლიოში შეიძლება იარსებო მაშინაც კი, როცა მხარს მხოლოდ მოსახლეობის 12% გიჭერს.

– როგორც ცნობილია, ამ გაზაფხულზე ქართული ოპოზიცია ავიამიმოსვლის აღდგენასაც აპროტესტებდა. ხომ არ ნიშნავს ეს აქციები ოპოზიციური ძალების საარჩევნო კამპანიის სტარტს?

– რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად ასეა. საქმე იმაშია, რომ მიხეილ სააკაშვილი იმ 12%-იან მხარდამჭერებს როგორც ორთქლმავალი ისე ჭირდებათ. 2020 წლის არჩევნებში ექს-პრეზიდენტმა პირადად გაიყვანა საქართველოს პარლამენტში დეპუტატად თავისი მომხრე 36 ადამიანი – სამჯერ მეტი, ვიდრე დანარჩენმა ოპოზიციამ. მას ეგონა, რომ ასეთი სტრატეგია კიდევ იმუშავებდა და საქართველოში ჩამოვიდა – კოლორიტულად და სასაცილოდ, არაჟნის კონტეინერით, შემდეგ კი დააკავეს და მდიდრულ კლინიკაში მოხვდა, სადაც თავს ყველას მოწამეობრივად აჩვენებს. მისი მიზანი იყო დღევანდელი ხელისუფლების დამხობა და ძალაუფლების ხელში აღება, მაგრამ რეალობა ისეთია, რომ [საწადელს ვერ მიაღწია]. მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არ ისვენებს – იგი მუდმივად მოუწოდებს ქუჩაში გამოსვლებისაკენ, მაგრამ ვერადავერ ახერხებს მომხრეთა დიდი რაოდენობით თავმოყრას. მისი მხარდამჭერები გაიფანტნენ, სხვადასხვა პატარა პარტიებში გადავიდნენ. ასეთი სურათები და პერფომანსებია მოსალოდნელი 2024 წლის არჩევნების წინაპერიოდშიც.

– არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები დრო დარჩა. მოსალოდნელია თუ არა ოპოზიციის მხრიდან რაიმე მკვეთრი აქტიურობა ამომრჩეველთა მიმხრობის მიზნით?

– მათ ბაზა არ აქვთ. დიახ, აქვთ ფინანსები, აქვთ ტელევიზია, მაგრამ მხარდამჭერები შემოეცალათ. საქართველოში ხმას აძლევენ იმას, ვინც ქარიზმატული ლიდერია და მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობს. ქართველები ყურადღებას არ აძლევენ პლატფორმებს, იდეოლოგიას, პარტიულ პროგრამებს. საჭიროა ისეთი ადამიანი, რომელიც რაღაც ლოზუნგებს გაიძახის, გაჰყვირის, მაგრამ ისე, რომ ეს ხალხისათვის დამარწმუნებელი იყოს. დღეს ასეთი ლიდერი ოპოზიციას არ ჰყავს, ამაზე სოციალური დაკვეთა არ არსებობს. ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, შემოსავლები მატულობს. ამას ყველა ხედავს და ამიტომ ამ ფონზე პოპულისტობა ძნელია. ოპოზიციას კარგად ესმის, რომ მას 5%-იანი ბარიერის გადალახვაც კი არ შეუძლია და ღიზიანდება, რაღაცის მოფიქრებას ცდილობს, პერფომანსებს და პროტესტებს ატარებს.

მე იმედი მაქვს, რომ ქვეყნის მთავრობას, რომელსაც, სსხვათა შორის, დაუზოგავად ვაკრიტიკებ ბევრი შეცდომის გამო, ეყოფა თავშეკავება და ოპოზიციის პროვოკაციებს არ აჰყვება, შეინარჩუნებს საშინაო და საგარეო პოლიტიკის სწორ კურსს…

– ამას წინათ პირველი წინასაარცევნო კოალიციის შექმნა გამოცხადდა, რომელშიც შევიდნენ „ერთიანი ნაცმოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. თქვენი შეფასებით, რას წარმოადგენს ეს გაერთიანება? არის თუ არა იმის ალბათობა, რომ მას სხვებიც შეუერთდებიან?

– ეს გაერთიანება სინამდვილეში ყალბია, რადგან „აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ყოველთვის მიხეილ სააკაშვილის მონა-მორჩილი თანამშრომელს წარმოადგენდა და ასეთად დარჩა. თავის დროზე იგი „ნაცმოძრაობას“ გამოეყო და იმედი ჰქონდა, მოსახლეობის რარაც ნაწილს მიიმხრობდა, მაგრამ არ გამოუვიდა. გარდა ამისა, ოპოზიციაში ვხედავთ ყოფილ შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს, რომლის მიმართ უამრავი კომპრომატი არსებობს. ასე რომ, მოსალოდნელია საკმაოდ კოლორიტული გაერთიანებების ჩამოყალიბება.

– საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ წლის ბოლომდე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების იმედი აქვს. რამდენად რეალურია ეს მიზანი?

– ევროკავშირში რომ ქვეყნებს მართლაც მათი რეალურად არსებული ოფიციალური პარამეტრების მიხედვით იღებდნენ, მაშინ… საქართველო მთავრობის კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის მიხედვით მსოფლიოში მე-17 ადგილზეა, ჩვენ ამ მხრივ ევროკავშირის 15 წევრსაც კი ვუსწრებთ. კორუფციის ინდექსით 35-ე ადგილს ვიკავებთ, რაც ძალიან კარგი შედეგია. ჩვენ უკეთესები ვართ, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ამ მხრივ მხოლოდ მცირედ გვისწრებს ესტონეთი. სად არიან უკრაინა და მოლდოვა? სადღაც მეცხრე ათეულში… და ამ დონის მქონე უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ანიჭებენ, საქართველოს კი სულელურ პრეტენზიებს უყენებენ – ოლიგარქებს არ ებრძვისო. და სად არიან ეს ოლიგარქები? სააკაშვილს კი ნამდვილად ჰყავდა და ჰყავს თავიანთი ტელევიზიებითა და ფულებით. მოკლედ, ძნელი სათქმელია, მისცემენ თუ არა თბილისს კანდიდატის სტატუსს.

მე ვცდილობ ყველას ავუხსნა, თუ რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა. ეს არის ფიქცია, რომელიც პრაქტიკულად არაფერს არ გვაძლევს. ეს ერთგვარი სტაფილოა, რომელსაც ცხვირწინ გვიკიდებენ. ჰკითხეთ ევროკავშირის ექსპერტებს და ყველა გიპასუხებთ, რომ ორგანიზაციას ამ ათწლეულში გაფართოების გეგმები არ აქვს, შეიძლება წლების შემდეგ მხოლოდ ჩრდილოეთ მაკედონიის მიღების საკითხი განიხილონ და მეტი არაფერი .

შენიშვნა: იმავე გაზეთ „იზვესტიაში“ სათაურით „თუ ლაინერს ებრძვი, ეს სისულელეა“ გამოქვეყნებულია ინტერვიუ პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან გიორგი ლომიასთან (ესაუბრება ვალენტინ ლოგინოვი). წყარო: https://iz.ru/1552387/valentin-loginov/esli-ty-boreshsia-s-lainerom-eto-glupost

თემას ეხმაურებიან აგრეთვე პირველი აგვისტოს სხვა რუსული და ევროპული გაზეთებიც:

„მოსკოვსკი კომსომოლეცი“ (Московский комсомолец) – დაბეჭდილია სტატია სათაურით „განხეთქილების ლაინერი: პრეზიდენტი რუს ტურისტებს პროვოკატორებს უწოდებს“ (ავტორი ელისაბედ ობოლკინა). წყარო.

„კომერსანტი“ (КоммерсантЪ) – დაბეჭდილია სტატია სათაურით „კრუიზი აქციით: სამგზავრო ლაინერი რუსი ტურისტებით ბათუმი პორტიდან გააძევეს“ (ავტორი – გიორგი დვალი). წყარო

„დერ სტანდარდი“ (Der Standard) – ავსტრიის გაზეთი, რომელშიც გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ქართველების პროტესტი კრუიზულ გემზე მყოფი რუსი ტურისტების წინააღმდეგ, რომელთა შორის მუსიკოსები – კრემლის პროპაგანდისტებიც არიან“ (ავტორი – მიხაი ვოზატკა). წყარო.

“ანაკლიის ამერიკელი, ევროპელი და ქართველი ინვესტორები, ივანიშვილის დავალებით, საუკეთესო რუსულ ტრადიციებში, „ქართულმა ოცნებამ” გაძარცვა და დააყაჩაღა”

ანაკლიის ამერიკელი, ევროპელი და ქართველი ინვესტორები, ივანიშვილის დავალებით, საუკეთესო რუსულ ტრადიციებში, „ქართულმა ოცნებამ” გაძარცვა და დააყაჩაღა, წაართვა ჩადებული ინვესტიციები. ამით ჩააგდო საუკუნის პროექტი, რომელშიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების დიდი გეოპოლიტიკური ინტერესებიც იდო, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ეხმაურება.

ხაზარაძის თქმით, სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს.

„დღევანდელ, მორიგ ტყუილ განცხადებაზე ანაკლიასთან დაკავშირებით: ანაკლიის ამერიკელი, ევროპელი და ქართველი ინვესტორები, ივანიშვილის დავალებით, საუკეთესო რუსულ ტრადიციებში, „ქართულმა ოცნებამ” გაძარცვა და დააყაჩაღა, წაართვა ჩადებული ინვესტიციები. ამით ჩააგდო საუკუნის პროექტი, რომელშიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების დიდი გეოპოლიტიკური ინტერესებიც იდო.

ანაკლია გახდა ქვაკუთხედი, რომელი მსოფლიოს ნაწილი იქნება საქართველო. რომ არა ბიძინას “ოცნების” რუსული ინტერესები საქართველოში და მისი რუსული პოლიტიკა, დღეს ანაკლია იქნებოდა საქართველოს კავკასიის მძლავრი კარიბჭე მთელ მსოფლიოში, 20 ათასამდე დასაქმებული ჩვენი მოქალაქით და ახალი დიალოგით აფხაზებთან, ქალაქ ანაკლიის მშენებლობით მიღებული მიზიდულობის ცენტრით, ეკონომიკურად გაძლიერებული ადგილობრივი მოსახლეობით და შეუზღუდავი ახალი შესაძლებლობებით.

ეს ყველაფერი “ოცნებამ” მოკლა და უკვე მერამდენედ გადადო მის მიერვე გამოცხადებული ფარსი ტენდერი. სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს! ბრძოლას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის არასდროს შევწყვეტ!“- წერს ხაზარაძე.

“აშშ მზად არის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს სატრანსპორტო ჰაბად გადაქცევაში დაეხმაროს” – საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს სატრანსპორტო ჰაბად გადაქცევაში დაეხმაროს. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სალეჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ქუთაისის აეროპორტს სატრანსპორტო ჰაბად ქცევის დიდი პოტენციალი აქვს.

„ქუთაისის აეროპორტს სატრანსპორტო ჰაბად ქცევის დიდი პოტენციალი აქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ის დიდი სარგებელი, რომელსაც ის დასავლეთ საქართველოს ფერმერებს მოუტანს თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტის საექსპორტო ჰაბადაც გადაიქცევა.

შეერთებული შტატები მზად არის ამ მიმართულებით დაეხმაროს ქუთაისის აეროპორტს. ჩვენ უკვე მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს, ვმუშაობთ რა თვითმფრინავების სარემონტო ცენტრის გამართვაზე, მარკეტინგის გაძლიერებასა და თანამშრომლების მომზადებაზე“,- აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

“რუსი ტურისტების შემოსვლაზე აშშ-ს ელჩის განცხადება მანიპულაციაა”-შალვა პაპუაშვილი

პრობლემაა, როდესაც ხდება ასეთი ისტერიის მხარდაჭერა და ისეთი შეფასებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, მათ შორის აშშ-ს ელჩის მხრიდან. შემდეგ ეს ახალისებს ისტერიას, იმ ძალადობას, რომელიც ჩვენ იქ გუშინ ვნახეთ, ახალისებს საქართველოს პოლიციაზე თავდასხმას, – ასე ეხმაურება  პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი   საკრუიზო ლაინერ „ასტორია გრანდეს“ საქართველოში შემოსვლასა და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ასეთი სახის ისტერიის წახალისება რადიკალიზმის გაღვივებას უწყობს ხელს.

პაპუაშვილის თქმით, ბათუმის პორტში მიმდინარე აქციაზე ძირითადად „ნაცმოძრაობის“ აქტივი იყო.

„მათ შორის, აანონსებდნენ, რომ იქნებოდნენ სტუდენტები, თუმცა პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელები იყვნენ. იმ აქციაზე 100-200 ადამიანი იყო, რაც საზოგადოებაში არსებულ განწყობას არ განასახიერებს. მანიპულაციაა, როცა საუბარია, თითქოს ეს არის ხალხის ნება. ამერიკის ელჩმა თქვა, რომ ხალხის ნებაა, რუსი ტურისტი არ შემოვიდეს არც ზღვით და არც ხმელეთით. ამის თქმა 150 აქტივისტის მიერ ჩვეულებრივი მანიპულაციაა. უცხოელი დიპლომატების მხრიდან ასეთი განცხადება არის სახიფათო გზა, როცა საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით.

ქართველ ხალხს მეურვე არ სჭირდება, მით უმეტეს, უცხოური მეურვეობა. ელჩები თუ ვინმეს წარმოადგენენ, მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ხალხს და თუ ვინმეს ინტერესს იცავენ, მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესს. ქართველი ხალხის ინტერესის დაცვა და წარმოდგენა არ არის უცხო ქვეყნის ელჩის ამოცანა. ამიტომ, ეს არის საკმაოდ ცუდი ტენდენცია, როცა უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან ფაქტები გვაქვს ქართველი ხალხის სახელით საუბრის. ეს არის მეურვეობითი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, თითქოს ქართველ ხალხს თავად არ ჰყავს წარმომადგენელი და უცხოელი დამხმარე სჭირდება, რომ მისი აზრები გააჟღეროს.

ქართველი ხალხი საკუთარ წარმომადგენლებს დემოკრატიული არჩევნებით ირჩევს. შესაბამისად, ქართველი ხალხის ინტერესებით დემოკრატიული ხელისუფლება მოქმედებს. ვფიქრობ, გემის შემთხვევა ძალიან კარგი მაგალითია, რომ ის ისტერია შევაფასოთ, რომელსაც ხელოვნურად ტეხენ „ნაცმოძრაობა“ და მათი უცხოელი მფარველები. როცა ასეთი ისტერიის მხარდაჭერა ხდება, ეს ახალისებს ისტერიას, ძალადობას, პოლიციელებზე თავდასხმას. როცა დეპოლარიზაციაზე ვსაუბრობთ, ისტერიის წახალისება არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ის დაჯგუფებები იგულისხმებიან, რომლებიც ცდილობენ, სიტუაციის ისე წარმოჩენას, თითქოს ცალკე ორგანიზაციები არიან, სინამდვილეში კი, „ნაცმოძრაობის“ ნაწილი არიან.

„გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ადამიანები თითქოს სხვა პარტიაში არიან, მაგრამ ბოლოს „ნაცმოძრაობაში“ აღმოჩნდებიან, ასე იყო გიორგი ვაშაძე. წინა არჩევნების საპარლამენტო სია ნახეთ, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ განაყოფები. არიან პარტიები, რომლებიც მათთან კავშირში არიან და მათი დღის წესრიგს მიჰყვებიან. სინამდვილეში, არანაირი პოლიტიკური მრავალფეროვნება არ არსებობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობას, პირად შემადგენლობას, თითოეულ თანამშრომელს გილოცავთ სამსახურის დაარსებიდან 8 წლისთავს”

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობას, პირად შემადგენლობას, თითოეულ თანამშრომელს გულითადად გილოცავთ სამსახურის დაარსებიდან 8 წლისთავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ფეისბუქზე” წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლის მაღალი პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს სტაბილურობის დაცვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უმთავრესი მიზნებისკენ სვლის პროცესში.”უსაფრთხოების სამსახური მოკლე დროში ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ, თანამედროვე ევროპული სტანდარტების ინსტიტუციად; იგი ეფექტიანად უზრუნველყოფს შიდა და გარე საფრთხეების გამოვლენას, პრევენციასა და აღკვეთას, ებრძვის ტერორიზმსა და კორუფციას, უმაღლეს დონეზე იცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს, ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. თქვენი საქმიანობა ხშირად სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის რისკთან არის დაკავშირებული; დღეს კიდევ კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული თქვენი გმირი მეგობრებისა და კოლეგების ნათელ ხსოვნას. უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლის მაღალი პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს სტაბილურობის დაცვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უმთავრესი მიზნებისკენ სვლის პროცესში. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მაღალი პროფესიონალიზმის, საქმისათვის თავდადებისა და ქვეყნის ერთგულებისათვის, კვლავაც თანადგომას გპირდებით და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ”, – აღნიშნავს პრემიერი.

“ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტის მთავარი გამოწვევა არის რადიკალიზმი” – შალვა პაპუაშვილი

ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტის მთავარი გამოწვევა არის რადიკალიზმი, მათ შორის რაც ვნახეთ ბათუმში – რადიკალიზმი, ძალადობა, სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა, პოლიციელებზე თავდასხმა. სამწუხაროა, რომ ასეთი ტიპის ძალადობრივ აქციებს მოჰყვა შეფასებები, თითოს ეს არის ხალხის ხმა. არ ვიცი, ვინმე თუ ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი გამოირჩევა ძალადობით, ეს ძალიან ცუდია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ამიტომაც ვამბობთ, რომ მნიშვნელოვანია რადიკალიზმის შემცირება ჩვენთან. პრობლემა არის არა პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზმი. ვხედავთ, რომ იქ აქტიურობდნენ „დროას“, „გირჩის“ წარმომადგენლები. ეს ორგანიზაციები პირდაპირ ფინანსდებიან უცხოეთიდან, მათ შორის პარტიულად ფინანსდებიან. იცით, რომ მათ აწყობილი აქვთ სქემები ყალბი „ენჯეოების“ სახით და იღებენ შემოსავალს უცხოეთიდან, იმისთვის რომ რადიკალიზმი გააღვივონ საქართველოში. სამწუხაროა, რომ ამაში ამერიკული და ევროპული ფონდებია ჩართული“, – ამბობს პაპუაშვილი.

“საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა გაზსადენის რუსეთისთვის მიყიდვას და მაშინ ამერიკელი მეგობრების დახმარებით შეძლო საქართველომ, რომ ოკუპანტებისთვის არ მიეყიდათ ეს გაზსადენი.

„რა თქმა უნდა, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიიღება, იმ პერსპექტივიდან არის მიღებული, თუ რამდენად ეხმიანება ის ჩვენს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს. საქართველოს ინტერესების პირველი დამცველი საქართველოს ხელისუფლებაა და არა სხვა ქვეყნების ხელისუფლებები. ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება ისეთი, რომელიც საქართველოს ინტერესებშია.

გახსოვთ, თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა გაზსადენის რუსეთისთვის მიყიდვას და მაშინ სწორედ ჩვენი ამერიკელი მეგობრების დახმარებით შეძლო საქართველომ, რომ ოკუპანტებისთვის არ მიეყიდათ ეს გაზსადენი. მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპანტს აძლევდა ამ გაზსადენს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ჩინეთზე, როგორც საფრთხეზე საუბარი, ოპოზიციონერების მხრიდან უპასუხისმგებლობაა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის.

„თუ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ჩინეთი საქართველოსთვის საფრთხეა, ეს ძალიან საინტერესოა. ანაკლიის პორტი სახელმწიფო პროექტია და აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ არსებობს იმაზე, რომ პროექტი შეიძლება ვინმეს გადაეცეს, თუმცა რა თქმა უნდა, ჩინურ ინვესტიციებში საფრთხეს ვერ ვხედავთ. არათუ საფრთხეს ვერ ვხედავთ, არამედ მივესალმებით მათ ინვესტიციებს. ჩინეთიდან ნებისმიერი ინვესტიცია მისასალმებელია. ჩინეთზე, როგორც საფრთხეზე საუბარი, უპასუხისმგებლობაა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, ვეტერანებისთვის უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს დედოფლისწყაროში ჩაატარებს

მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს ჩაატარებს.

საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში, მონაწილეობას მიიღებს კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანი ჯგუფი (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის ბენეფიციარებს, უსასყიდლოდ გადაეცემათ ოპტიკური საშუალებები ( სათვალე);

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან;

მისამართი: დედოფლისწყარო, ახალი საავადმყოფოს შენობა;

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მიმდინარე წელს,ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 9 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის 820 ბენეფიციარს, უსასყიდლოდ გაეწია კვალიფიციური, ოფთალმოლოგიური მომსახურება; ამასთან, უსასყიდლოდ ჩატარდა სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც და ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, უფასოდ გადაეცათ 992 სათვალე;

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

“მთავარია, ხალხმა „ნაციონალური მოძრაობის“ მარგინალიზება მოახდინოს” – შალვა პაპუაშვილი

მთავარია, ხალხმა „ნაციონალური მოძრაობის“ მარგინალიზება მოახდინოს, რომელიც საქართველოს ზიანის მეტს არაფერს აყენებს, ხალხი თუ სრულად გარიყავს მას, სამართლებრივი ბერკეტის საკითხს მნიშვნელობა უკვე არ ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის ინიციატივაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს პარლამენტში დაიწყოს „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მისი გასამართლების პროცესი.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს ინიციატივა ჯერ მხოლოდ გამოითქვა და რა ფორმას შეიძენს, არ იცის.

„რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და 10-წლიანი ოპოზიციაში ყოფნის დროს პასუხისმგებლობას, ეს პოლიტიკური ძალა და ზოგადად, იგულისხმება არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ მთლიანად ეს იდეოლოგია, რომელიც ეფუძნება ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მუშაობას, პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, საბოლოოდ დამარცხდეს. ვხედავთ, რომ ქართული საზოგადოება უკვე 10 წელია, არ უშვებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მასთან კავშირში მყოფმა პოლიტიკურმა ძალებმა რაიმე სახელისუფლო ბერკეტი მიიღონ. ახლა უკვე ამოცანა არის ის, რომ ქართული საზოგადოების ეს დამოკიდებულება ისე გამოიხატოს, რომ მოხდეს მარგინალიზება მთლიანად ამ პოლიტიკური იდეოლოგიისა, რომელსაც წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“.

საპარლამენტო თუ სამართლებრივ მექანიზმებზე ვერაფერს გეტყვით. არ ვიცით, ზოგადად რას გულისხმობენ ამ ინიციატივაში. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკური განაჩენი „ნაციონალურ მოძრაობას“ საბოლოოდ ხალხმა გამოუტანოს. სამართლებრივად ამას მერე მნიშვნელობა უკვე არ ექნება. მთავარია, ხალხმა მარგინალიზება მოახდინოს ამ პოლიტიკური ძალის, რომელიც საქართველოს ზიანის მეტს არაფერს აყენებს და თუკი ქართველი ხალხი ამაში სრულად იქნება კონსოლიდირებული, სრულად გარიყავს და მოახდენს ამ ძალის მარგინალიზებას, სამართლებრივი ბერკეტის საკითხს მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“მზარდია ევროკავშირის, ისრაელის, ყურის ქვეყნებიდან შემოსული მოგზაურების და მათი დანახარჯების ოდენობა” – მარიამ ქვრივიშვილი

საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, ტურიზმიდან შემოსავლები სტაბილურად იზრდება და პირველ ექვს თვეში ქვეყანამ 1,804,529,935 დოლარის შემოსავალი მიიღო, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, მზარდია ევროკავშირის, ისრაელის, ყურის ქვეყნებიდან შემოსული მოგზაურების რაოდენობა და მათი დანახარჯების ოდენობა.

„ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის პოტენციალის კიდევ უფრო მეტად წარმოჩინებას საერთაშორისო არეალზე. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ პირდაპირი ფრენების დანიშვნის კუთხით იმისთვის, რომ გვქონდეს კიდევ უფრო მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან, რაც რა თქმა უნდა ხელს უწყობს მობილობის ზრდას და ჩვენს ქვეყანაში მეტი ტურისტის შემოსვლას“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

2023 წლის იანვარი-ივნისის თვის მონაცემებით, საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) 1,804,529,935 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლის 123.9%-ით აღდგენაა (348,461,374 აშშ დოლარი).

2022 წელთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 661,999,720 (57.9%) აშშ დოლარით. წელს, მეორე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 1,009,112,957 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის 115%-ით აღდგენაა.

2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 260,291,106 (34.8%) აშშ დოლარით.

მოსკოვზე დრონებით თავდასხმის საფრთხე აშკარაა, მიიღება ზომები – პესკოვი

მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის საფრთხე აშკარაა, ზომები მიიღება, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატის მორიგი დარტყმის შესახებ განაცხადა.

„გუშინ ვთქვი, რომ ექსპერტული თვალსაზრისით, ამაზე კომენტარის გაკეთება შეუძლიათ და უნდა გააკეთონ მხოლოდ სამხედროებმა. ნამდვილად, საფრთხე არსებობს, ის აშკარაა, ზომები მიიღება“, – აღნიშნა კრემლის სპიკერმა.

 ღამით უპილოტო საფრენი აპარატით კვლავ განხორციელდა რუსეთის დედაქალაქში „მასკვა სიტიზე“ თავდასხმა.