„სააკაშვილს გულწრფელად სჯერა, რომ ტელეკადრებით მსოფლიოს მართვა შეიძლება“ – უცხოური პრესა

81
spot_img

რუსეთის ფედერალური გაზეთის „იზვესტიის“ (Известия) პირველი აგვისტოს ნომერში სათაურით „სააკაშვილს გულწრფელად სჯერა, რომ ტელეკადრებით მსოფლიოს მართვა შეიძლება“ გამოქვეყნებულია ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან, რომელშიც იგი ეხება ოპოზიციის პროტესტებს ბათუმში რუსი ტურისტებით შემოსულ ლაინერთან დაკავშირებით, ანტირუსულ განწყობებს საქართველოში, სამომავლო არჩევნების სავარაუდო შედეგებს, საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ა.შ. (ესაუბრება ჟურნალისტი ვალენტინ ლოგინოვი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

– როგორ შეაფასებთ სიტუაციას ბათუმში მომხდარ საპროტესტო აქციეთან დაკავშირებით? რამდენად არის დამახასიათებელი ანტირუსული განწყობები დღევანდელი ქართული საზოგადოებისათვის?

– ანტირუსული განწყობები ქართული საზოგადოებისათვის საერთოდ არ არის დამახასიათებელი, ასეთი რამ პრაქტიკულად არ არსებობს. საკმარისია გავიხსენოთ, რომ საქარტველოში უამრავი რუსი იმყოფება და მათ მიმართ, განსაკუთრებით მიმდინარე წელიწადში, ერთი ინციდენტიც კი არ მომხდარა. სხვათა შორის, რუსები აღნიშნავენ, რომ საქართველოში ფულთბილად და ხელგაშლით ხვდებიან

მე ახლოს ვიცნობ მიხეილ სააკაშვილს, 1992 წლიდან, როცა იგი მხოლოდ 24 წლისა იყო და ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონდა, ყველამ კარგად იცის: მას გულწრფელად სჯერა, რომ მსოფლიოს მართვა ტელესურათებით და ტელეკადრებით შეიძლება. სხვათა შორის, როგორც კი იგი ამ თემაზე გადავიდოდა ხოლმე ჩემთან საუბარში, ყოველთვის რუსულად იწყებდა ლაპარაკს. მისი აზრით, საკმარისია ტელევიზორის ეკრანზე საჭირო ტელეკადრები აჩვენო, შემდეგ კი რაც გსურს, იმის გაკეთება შეიძლება. სქემა ასეთია: რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელთა შორის გაწრთვნილი და დაფინანსებული მამაკაცები არიან, ტელეკამერების აუცილებელი თანხლებით და როგორც წესი, ინგლისურენოვანი ლოზუნგ-პლაკატებით. ეს ადამიანები ატეხენ დებოშს, ყვირიან, იწყებენ შეხლა-შემოხლას პოლიციასთან, რომლებიც იძულებულნი ხდებიან წესრიგის დამრღვევები დააკავონ. ეს ყველაფერი კამერებით ფიქსირდება და ტელევიზიით გადაიცემა.

ასე მოხდა ე.წ. „გავრილოვის ღამეს“, 2019 წლის ზაფხულში. იმ დროს მიხეილ სააკაშვილის მომხრეების აქციის ამსახველმა ტელეკადრებმა მსოფლიო მოიარა – ახლოდან გადაღებულ კადრებში ეკრანზე უამრავი პროტესტანტი ჩანს, თუმცა სინამდვილეში ისინი ცოტანი არიან. სხვათა შორის, ხელისუფლებამ ისწავლა და როცა მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა პერფომანსები მიმდინარეობს, კადრებს შორიდან იღებენ, რომლებითაც კარგად ჩანს აქციის მონაწილეთა რაოდენობა. ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერ ოპოზიციას სამი ძლიერი ტელეარხი აქვს, რომელთა მეშვეობით ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, რომ პოსტმოდერნისტულ მსოფლიოში შეიძლება იარსებო მაშინაც კი, როცა მხარს მხოლოდ მოსახლეობის 12% გიჭერს.

– როგორც ცნობილია, ამ გაზაფხულზე ქართული ოპოზიცია ავიამიმოსვლის აღდგენასაც აპროტესტებდა. ხომ არ ნიშნავს ეს აქციები ოპოზიციური ძალების საარჩევნო კამპანიის სტარტს?

– რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად ასეა. საქმე იმაშია, რომ მიხეილ სააკაშვილი იმ 12%-იან მხარდამჭერებს როგორც ორთქლმავალი ისე ჭირდებათ. 2020 წლის არჩევნებში ექს-პრეზიდენტმა პირადად გაიყვანა საქართველოს პარლამენტში დეპუტატად თავისი მომხრე 36 ადამიანი – სამჯერ მეტი, ვიდრე დანარჩენმა ოპოზიციამ. მას ეგონა, რომ ასეთი სტრატეგია კიდევ იმუშავებდა და საქართველოში ჩამოვიდა – კოლორიტულად და სასაცილოდ, არაჟნის კონტეინერით, შემდეგ კი დააკავეს და მდიდრულ კლინიკაში მოხვდა, სადაც თავს ყველას მოწამეობრივად აჩვენებს. მისი მიზანი იყო დღევანდელი ხელისუფლების დამხობა და ძალაუფლების ხელში აღება, მაგრამ რეალობა ისეთია, რომ [საწადელს ვერ მიაღწია]. მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არ ისვენებს – იგი მუდმივად მოუწოდებს ქუჩაში გამოსვლებისაკენ, მაგრამ ვერადავერ ახერხებს მომხრეთა დიდი რაოდენობით თავმოყრას. მისი მხარდამჭერები გაიფანტნენ, სხვადასხვა პატარა პარტიებში გადავიდნენ. ასეთი სურათები და პერფომანსებია მოსალოდნელი 2024 წლის არჩევნების წინაპერიოდშიც.

– არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები დრო დარჩა. მოსალოდნელია თუ არა ოპოზიციის მხრიდან რაიმე მკვეთრი აქტიურობა ამომრჩეველთა მიმხრობის მიზნით?

– მათ ბაზა არ აქვთ. დიახ, აქვთ ფინანსები, აქვთ ტელევიზია, მაგრამ მხარდამჭერები შემოეცალათ. საქართველოში ხმას აძლევენ იმას, ვინც ქარიზმატული ლიდერია და მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობს. ქართველები ყურადღებას არ აძლევენ პლატფორმებს, იდეოლოგიას, პარტიულ პროგრამებს. საჭიროა ისეთი ადამიანი, რომელიც რაღაც ლოზუნგებს გაიძახის, გაჰყვირის, მაგრამ ისე, რომ ეს ხალხისათვის დამარწმუნებელი იყოს. დღეს ასეთი ლიდერი ოპოზიციას არ ჰყავს, ამაზე სოციალური დაკვეთა არ არსებობს. ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, შემოსავლები მატულობს. ამას ყველა ხედავს და ამიტომ ამ ფონზე პოპულისტობა ძნელია. ოპოზიციას კარგად ესმის, რომ მას 5%-იანი ბარიერის გადალახვაც კი არ შეუძლია და ღიზიანდება, რაღაცის მოფიქრებას ცდილობს, პერფომანსებს და პროტესტებს ატარებს.

მე იმედი მაქვს, რომ ქვეყნის მთავრობას, რომელსაც, სსხვათა შორის, დაუზოგავად ვაკრიტიკებ ბევრი შეცდომის გამო, ეყოფა თავშეკავება და ოპოზიციის პროვოკაციებს არ აჰყვება, შეინარჩუნებს საშინაო და საგარეო პოლიტიკის სწორ კურსს…

– ამას წინათ პირველი წინასაარცევნო კოალიციის შექმნა გამოცხადდა, რომელშიც შევიდნენ „ერთიანი ნაცმოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. თქვენი შეფასებით, რას წარმოადგენს ეს გაერთიანება? არის თუ არა იმის ალბათობა, რომ მას სხვებიც შეუერთდებიან?

– ეს გაერთიანება სინამდვილეში ყალბია, რადგან „აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ყოველთვის მიხეილ სააკაშვილის მონა-მორჩილი თანამშრომელს წარმოადგენდა და ასეთად დარჩა. თავის დროზე იგი „ნაცმოძრაობას“ გამოეყო და იმედი ჰქონდა, მოსახლეობის რარაც ნაწილს მიიმხრობდა, მაგრამ არ გამოუვიდა. გარდა ამისა, ოპოზიციაში ვხედავთ ყოფილ შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს, რომლის მიმართ უამრავი კომპრომატი არსებობს. ასე რომ, მოსალოდნელია საკმაოდ კოლორიტული გაერთიანებების ჩამოყალიბება.

– საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ წლის ბოლომდე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების იმედი აქვს. რამდენად რეალურია ეს მიზანი?

– ევროკავშირში რომ ქვეყნებს მართლაც მათი რეალურად არსებული ოფიციალური პარამეტრების მიხედვით იღებდნენ, მაშინ… საქართველო მთავრობის კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის მიხედვით მსოფლიოში მე-17 ადგილზეა, ჩვენ ამ მხრივ ევროკავშირის 15 წევრსაც კი ვუსწრებთ. კორუფციის ინდექსით 35-ე ადგილს ვიკავებთ, რაც ძალიან კარგი შედეგია. ჩვენ უკეთესები ვართ, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ამ მხრივ მხოლოდ მცირედ გვისწრებს ესტონეთი. სად არიან უკრაინა და მოლდოვა? სადღაც მეცხრე ათეულში… და ამ დონის მქონე უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ანიჭებენ, საქართველოს კი სულელურ პრეტენზიებს უყენებენ – ოლიგარქებს არ ებრძვისო. და სად არიან ეს ოლიგარქები? სააკაშვილს კი ნამდვილად ჰყავდა და ჰყავს თავიანთი ტელევიზიებითა და ფულებით. მოკლედ, ძნელი სათქმელია, მისცემენ თუ არა თბილისს კანდიდატის სტატუსს.

მე ვცდილობ ყველას ავუხსნა, თუ რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა. ეს არის ფიქცია, რომელიც პრაქტიკულად არაფერს არ გვაძლევს. ეს ერთგვარი სტაფილოა, რომელსაც ცხვირწინ გვიკიდებენ. ჰკითხეთ ევროკავშირის ექსპერტებს და ყველა გიპასუხებთ, რომ ორგანიზაციას ამ ათწლეულში გაფართოების გეგმები არ აქვს, შეიძლება წლების შემდეგ მხოლოდ ჩრდილოეთ მაკედონიის მიღების საკითხი განიხილონ და მეტი არაფერი .

შენიშვნა: იმავე გაზეთ „იზვესტიაში“ სათაურით „თუ ლაინერს ებრძვი, ეს სისულელეა“ გამოქვეყნებულია ინტერვიუ პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან გიორგი ლომიასთან (ესაუბრება ვალენტინ ლოგინოვი). წყარო: https://iz.ru/1552387/valentin-loginov/esli-ty-boreshsia-s-lainerom-eto-glupost

თემას ეხმაურებიან აგრეთვე პირველი აგვისტოს სხვა რუსული და ევროპული გაზეთებიც:

„მოსკოვსკი კომსომოლეცი“ (Московский комсомолец) – დაბეჭდილია სტატია სათაურით „განხეთქილების ლაინერი: პრეზიდენტი რუს ტურისტებს პროვოკატორებს უწოდებს“ (ავტორი ელისაბედ ობოლკინა). წყარო.

„კომერსანტი“ (КоммерсантЪ) – დაბეჭდილია სტატია სათაურით „კრუიზი აქციით: სამგზავრო ლაინერი რუსი ტურისტებით ბათუმი პორტიდან გააძევეს“ (ავტორი – გიორგი დვალი). წყარო

„დერ სტანდარდი“ (Der Standard) – ავსტრიის გაზეთი, რომელშიც გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ქართველების პროტესტი კრუიზულ გემზე მყოფი რუსი ტურისტების წინააღმდეგ, რომელთა შორის მუსიკოსები – კრემლის პროპაგანდისტებიც არიან“ (ავტორი – მიხაი ვოზატკა). წყარო.