Home Blog Page 1703

დღეს იესო ქრისტეს წინადაცვეთასა და ბასილი დიდის ხსენების დღეს აღინიშნება

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს წინადაცვეთასა და ბასილი დიდის ხსენების დღეს აღნიშნავს.

„14 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს წინადაცვეთას დღესასწაულობს. სახარების მიხედვით, უფლის წინადაცვეთა დაბადებიდან მერვე დღეს მოხდა. ამ წესის აღსრულების დროს დაერქვა ქრისტეს სახელი იესო, რაც მაცხოვარს ნიშნავს და მიანიშნებს, რომ ქრისტე სამყაროს გამოსახსნელად განკაცდა.

წინადაცვეთა ნათლისღების წინასახეს წარმოადგენდა. ახალ აღთქმაში იგი ნათლობის საიდუმლომ შეცვალა.

დღესვე ეკლესია წმიდა ბასილი დიდს იხსენიებს. ბასილი კესარიელი ღვთისმეტყველი, მქადაგებელი, მწერალი.

ქრისტიანული ეკლესიის დიდი მამათაგანია, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოღვაწედ ითვლება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულებს გილოცავთ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს, მშვიდობას, ერთობას, წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნულია მილოცვაში.

თბილისის სხვადასხვა რაიონში გზებზე ტექნიკური მარილი დაიყარა

დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, მოსული ნალექის გამო, ტექნიკური მარილის დაყრა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გზებზე მნიშვნელოვანი შეფერხება თბილისში არ ყოფილა.

თბილისის მერიის ცნობით, ტექნიკური მარილი დაიყარა შემდეგ დასახლებებსა და ქუჩებზე: წყნეთი, ბეთანია, ოქროყანა, წავკისი, შინდისი, ტაბახმელა, კოჯორი, კიკეთი, თბილისის ზღვის შემოვლითი გზა, მახათას აღმართი და მიმდებარე ტერიტორია, კუკიის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორია, მნათობის, ცაიშის ქუჩები, ვაზისუბნის მიკრორაიონები, ნიაბისა და მუჯირიშვილის ქუჩები, მეტრომშენის დასახლებისა და მახათას დამაკავშირებელი გზა, ვარკეთილი, ზემო ფონიჭალა, კახეთის გზატკეცილი, სოფელი დიდი ლილო.

„შპს „თბილსერვის ჯგუფი“, საჭიროების მიხედვით, ტექნიკური მარილის დაყრას სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს.

თოვლიანობის გამო, საგზაო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22“, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად, თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება.

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიული დროშა განთავსდა

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ორიგინალი დროშა გამოიფინა.

აღნიშნული დროშა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საბერძნეთში მცხოვრები, წარმოშობით ვენეციელი დიდებულების შთამომავლის, ევგენი დალეჯიოს ოჯახში იქნა მიკვლეული და  ოფიციალურად გადმოეცა ქართულ მხარეს. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს გადმოეცა ევგენი დალეჯიოს ისტორიული არქივიც.

ისტორიული წყაროების თანახმად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილი მთავრობის წევრებმა, კონსტანტინოპოლში დაუტოვეს ეს ეროვნული დროშა ევგენი დალეჯიოს, იმ იმედით, რომ მალე უკან დაბრუნდებოდნენ. ამას ადასტურებს დროშის თეთრ ზოლზე სვიმონ მდივნის, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის და ვასილ წულაძის, დამფუძნებელი კრების წევრის ხელმოწერები. იქვე, ხელს აწერს ევგენი დალეჯიო იმის ნიშნად, რომ დროშა ჩაიბარა და თავის ხელმოწერას კონსტანტინოპოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ბეჭდით ამოწმებს.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ორიგინალი დროშის მხოლოდ სამი მეხუთედია შემორჩენილი. ისტორიული ექსპონატი სადემონსტრაციო სადგამით, სამინისტროს ცენტრალურ დარბაზში განთავსდა, მოგვიანებით კი, სხვა ექსპონატებთან ერთად, საქართველოს დიპლომატიის მუზეუმში იქნება განთავსებული.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ყველა მოქალაქეს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ყველა მოქალაქეს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.

საქართველოს პრემიერის თქმით, სახელმწიფო დროშა ქართული სულის, ეროვნული თვითმყოფადობის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა.

„უმთავრესი ეროვნული სიმბოლოს, სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს.

სახელმწიფო დროშა ქართული სულის, ეროვნული თვითმყოფადობის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა.

დროშა ინახავს ჩვენს დიდ ისტორიას და საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას მიმართავს ერთი მიზნისაკენ – დავიცვათ და განვამტკიცოთ ჩვენი თავისუფლება. იგი ყველა ჩვენგანის ერთიანობის სიმბოლოა – ჩვენ ერთი გვაქვს სამშობლო და ერთი გვაქვს მომავალი.

ამ მომავლისთვის მრავალმა ქართველმა ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე გაიღო. დღეს, პატივს მივაგებთ რა ჩვენს დროშას, კიდევ ერთხელ ვიხრით ქედს მათი მარადიული ხსოვნის წინაშე.

განსაკუთრებით ვულოცავ და მადლობას ვუხდი ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც დღეს იცავენ მშვიდობასა და ერთიანობას; მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საკუთარი ყოველდღიური შრომით ემსახურება საქართველოს გაძლიერებას.

მშვიდობას, ერთიანობასა და კვლავაც წინსვლას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს!”, – ნათქვამია პრემერის განცხადებაში.

,,ეგვიპტესა და ღაზას შორის საზღვარი ომის დასრულებამდე უნდა დაიხუროს”- ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ეგვიპტესა და ღაზას შორის საზღვარი „ჰამასთან“ ომის დასრულებამდე უნდა დაიხუროს.

მისი თქმით, ისრაელს არ შეუძლია ომის დასრულება ფილადელფის დერეფნის დახურვამდე.

„ჩვენ გავანადგურებთ „ჰამასს“, მოვახდენთ ღაზის დემილიტარიზაციას და სამხედრო ტექნიკა და სხვა იარაღი გააგრძელებს შემოსვლას ამ სამხრეთის გადასასვლელიდან – ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავხუროთ ის“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

პრემიერის თქმით, ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც ისრაელის ხელისუფლებამ მიიღო, არის ის, რომ გადასასვლელი უნდა დაიხუროს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებას ეგვიპტის საგარეო უწყება გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, აჰმედ აბუ ზეიდმა განაცხადა, რომ ეგვიპტე სრულად აკონტროლებს თავის საზღვრებს.

მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.

დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვიქტორ სანიკიძე, პეკინსა და შანხაიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

შეხვედრები გაიმართება ჩინეთის კომუნისტური პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ლიუ ძინჩაოსთან და მის მოადგილესთან, სუნ ხაიანთან. ასევე, ქართული მხარე შეხვდება სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევითი ცენტრის ვიცე-პრეზიდენტს, ჭანგ ლაიმინგს და ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, სიაო ძიეს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 14 იანვრიდან 20 იანვრამდე გაგრძელდება.

თუ ჩემი „რესპუბლიკელი“ კოლეგები უკრაინას არ დააფინანსებენ, ბევრის გადახდა მოუწევთ – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თუკი კონგრესში „რესპუბლიკელები“ უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსების პროგრამას არ დაამტკიცებენ, ეს ნაბიჯი ძვირი დაუჯდებათ.

„თუ ჩემი „რესპუბლიკელი“ კოლეგები უკრაინას არ დააფინანსებენ, ბევრის გადახდა მოუწევთ”, – აღნიშნა ბაიდენმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ კონგრესში „რესპუბლიკელები“ საბოლოოდ მიიღებენ პაკეტს, რომელიც უზრუნველყოფს როგორც უკრაინის დახმარებას, ასევე გააძლიერებს ამერიკის საზღვარს მექსიკასთან.

“ვფიქრობ, საზღვარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა განვახორციელოთ. დიდი ხანია, ამისთვის ვიბრძვი. მზად ვარ, მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელო საზღვარზე. მოლაპარაკებები ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ნებისმიერი თარიღი და პერიოდი ჩვენი დროშისთვის პირობითია, ვინაიდან ის ჩვენი ერის, ეკლესიის და სახელმწიფოს საუკუნოვანი თანამდევია- პაპუაშვილი

20 წელი გავიდა იმ 14 იანვრის შემდეგ როცა საქართველოს პარლამენტმა ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშად დაადგინა – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა ქართული ერის, ეკლესიის და სახელმწიფოს თანამდევია.

,,20 წელი გავიდა იმ 14 იანვრის შემდეგ როცა საქართველოს პარლამენტმა ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშად დაადგინა. თუმცა ნებისმიერი თარიღი და პერიოდი ჩვენი დროშისთვის პირობითია, ვინაიდან ის ჩვენი ერის, ეკლესიის და სახელმწიფოს საუკუნოვანი თანამდევია,” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.

ტრადიციულად, ამ დღეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში დროშის აღმართვის ცერემონია იმართება.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან ყოველი წლის 14 იანვარს აღინიშნება.

ქარბუქი, გზებზე ლიპყინული – ტემპერატურა დაიკლებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.

14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

თელ ავივში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ისრაელში არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშვნა მოითხოვეს

თელ ავივში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ისრაელში არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშვნა მოითხოვეს.

ისრაელის მედიის ცნობით, დემონსტრანტები ჰაბიმას მოედანზე შეიკრიბნენ და მთავრობა გააკრიტიკეს. მათი ნაწილი ამბობს, რომ ისრაელის ხელისუფლება „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმის მომზადების შესახებ ინფორმირებული იყო და ამ ცნობების იგნორირებას ახდენდა.

მომიტინგეები პირადად პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდნენ.

დემონსტრანტების განცხადებით, ნეთანიაჰუ და მისი მთავრობა უნდა გადადგეს და ქვეყანაში არჩევნები დაინიშნოს.