Home Blog Page 1703

ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალიხან სმაილოვს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალიხან სმაილოვს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს. განსახილველ საკითხებს შორის იყო ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.

ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის სრულმასშტაბიანი ფუნქციონირების მნიშვნელობაზე.
მხარეებმა ასევე განიხილეს ბოლო პერიოდის განმავლობაში მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკა.

შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა შუა დერეფნის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

„დიდი მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ძვირფასო კოლეგებო.
ძვირფასო მეგობრებო, მიხარია თქვენი კიდევ ერთხელ ნახვა. თქვენ ივნისში იმყოფებოდით თბილისში და რამდენიმე კვირის შემდეგ მე ვარ თქვენი სტუმარი, როგორც დაგპირდით, რა თქმა უნდა. მიხარია, რომ ვარ თქვენს ლამაზ ქვეყანაში, ალმატიში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თბილი მიღებისა და სტუმარ-მასპინძლობისთვის.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, თბილისში თქვენი ვიზიტისას ჩვენ განვიხილეთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი და ასევე ჩვენი ამბიციური გეგმები და პოტენციური პროექტები, რომლებიც შესაძლოა საინტერესო იყოს ორივე ქვეყნისთვის, – როგორც ყაზახეთისთვის, ისე საქართველოსთვის.
რა თქმა უნდა, ჩვენ დიდ ყურადღებას ვანიჭებთ შუა დერეფნის განვითარებას და კარგი გეგმა გვაქვს მისი განვითარებისთვის. გასულ წელს ხელი მოვაწერეთ შესაბამის გზამკვლევსაც, რაც, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ამ დერეფნის განვითარებისთვის.
ახლახან მე ვიზიტით ვიმყოფებოდი ჩინეთში, სადაც კარგი, დისკუსია მქონდა ჩინეთის მთავრობასთანაც ჩვენი ერთობლივი პროექტის შესახებ, და იქ ვახსენე ჩვენი გეგმა, გზამკვლევი (საგზაო რუკა) შუა დერეფანთან დაკავშირებით. ამდენად, მჯერა, რომ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა იქნება ისეთივე ნაყოფიერი, როგორიც აქამდე იყო და როგორიც არის ახლა.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემთან და ჩემს დელეგაციასთან შეხვედრისთვის. მოხარულები ვართ, რომ ვიმყოფებით თქვენს ქვეყანაში. მადლობა!”, – განაცხადა პრემიერმა.

სამუშაო შეხვედრაზე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ყაზახეთსა და საქართველოს აკავშირებს მჭიდრო და ხანგრძლივი მეგობრული კავშირები და მრავალმხრივი თანამშრომლობა.

„მოხარული ვარ, რომ კვლავ შევხვდით და მოგესალმებით ყაზახეთში, ალმატიში. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი მადლიერება თქვენი სტუმართმოყვარეობისთვის და ძალიან კარგი ატმოსფეროსთვის ივნისში, თბილისში ჩემი ვიზიტის დროს. ჩვენ შევძელით ურთიერთქმედების საკითხების მთელი სპექტრის განხილვა და ვიმუშავეთ კონკრეტულ ზომებზე ურთიერთქმედების გააქტიურების მიზნით. ჩვენ ამჟამად ვდგამთ აქტიურ ნაბიჯებს მიღწეული შეთანხმების რეალიზებისთვის.

ყაზახეთსა და საქართველოს აკავშირებთ მჭიდრო და ხანგრძლივი მეგობრული კავშირები და მრავალმხრივი თანამშრომლობა. სასიამოვნოა აღვნიშნო, რომ ტრადიციული და მაღალი დონის ინტერაქცია კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი შეხვედრების ინტენსივობას.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარებისთვის ორმხრივ მზადყოფნას. საქართველო ყაზახეთის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში.

საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს ჩვენ შევთანხმდით ორმხრივი ვაჭრობის წლიური მაჩვენებლების გაზრდაზე. და ძალიან კარგია, რომ 6 თვის შედეგების მიხედვით, ჩვენი ორმხრივი ვაჭრობა 30%-ით გაიზარდა. ჩვენი სავაჭრო ბრუნვის, ჩვენი ვაჭრობის მოცულობების შემდგომი გაზრდის მიზნით, მე გთავაზობთ, გამოვიყენოთ ჩვენი სამთავრობათაშორისო კომისიის შესაძლებლობები.

ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობას ტრანზიტისა და ტრანსპორტის სფეროში. სასიხარულოა, რომ ჩვენი პარტნიორობა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაში სწრაფად მყარდება. მიმდინარე წლის ექვს თვეში შუა დერეფნის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 77%-ით გაიზარდა და 1,3 მლნ ტონას მიაღწია. ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს მიღწეულმა შეთანხმებებმა დამატებითი ბიძგი მისცა მარშრუტის განვითარებას.

განსაკუთრებული მნიშვნელობა დაეთმო დიგიტალიზაციის, ტრანსპორტირების სტაბილური ტარიფების უზრუნველყოფისა და დერეფნის გასწვრივ ერთიანი ლოგისტიკური ოპერატორის შექმნის საკითხებს. ჩვენ დაინტერესებული ვართ რეგიონის სატრანსპორტო კავშირის გაზრდით და სატრანზიტო პირობების მუდმივად გაუმჯობესებით. ამ გეგმებში, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ საქართველოს სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალს.

ზოგადად, ყაზახეთის მთავრობა მზადაა გააგრძელოს მრავალმხრივი მუშაობა, რათა უზრუნველყოს ყაზახურ-ქართული პარტნიორობის დინამიკური განვითარება ყველა სფეროში”, – აღნიშნა ალიხან სმაილოვმა.

კვარიათში , კაფე „რაკუშკები“ დახურეს

კვარიათში , კაფე „რაკუშკები“, რომელმაც 21-ე სეზონი ერთი თვის წინ გახსნა, შრომის ინსპექციამ დახურა. არსებული ინფორმაციით, მიზეზად ხორცის მანქანის პასპორტის არარსებობა დასახელდა. „რაკუშკების“ დამფუძნებელი ნათია ბოლქვაძე ამბობს, რომ კაფე მართლაც დახურეს და დახურვის მთავარი მიზეზი მართლაც ხორცის მანქანის პასპორტის არ ქონა იყო და მეორე მიზეზი ის იყო, რომ შრომის ინსპექტორი უნდა ჰყოლოდათ ერთ-ერთი კადრი. „სპეციალურად დაგვხურეს, მაგრამ ეს დროებითია. ვიბრძოლებთ და მალე გავიხსნებით. მორიგი ბიზნესის ხელის შეშლაა. გაფრთხილების და დოკუმენტაციის მოწესრიგების შესაძლებლობის გარეშე, პირდაპირ დახურვა არასწორია. პარასკევი საღამო შეარჩიეს იმიტომ, რომ შაბათს და კვირას დოკუმენტაციის შეკრება ვერ მოვახერხო. იმედია, მალე მოვაგვარებთ“, – აცხადებს მედიასთან საუბრისას ნათია ბოლქვაძე

127 წლის ასაკში მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი გარდაიცვალა

ბრაზილიელი ხოსე პაულინო გომესი, ქორწინების მოწმობაში მითითებული ინფორმაციით მიხედვით, 1895 წელს დაიბადა და 4 აგვისტოს 128 წლის გახდებოდა.

კაცი ცხოველების მომთვინიერებელი იყო და “ცოტა დალევა” სიცოცხლის ბოლომდე უყვარდა.

“ვამაყობ ჩემი ბათუმელებით, ბათუმი ღირსებას რუბლებზე არ ყიდის!” – სააკაშვილი

„მე ვამაყობ ჩემი ბათუმელებით. ბათუმი ღირსებას რუბლებზე არ ყიდის!“ – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მე ვამაყობ ჩემი ბათუმელებით. ბათუმი ღირსებას რუბლებზე არ ყიდის!

რუსი ბოგანოები საქართველოს ვერ დაეპატრონებიან, თუნდაც იქამდე, სანამ მე, ცალკე აღებულ ქართველს, პირში სული მიდგას. ახლა შეტევის დროა! მთავარი რუსული გემი ჯერ კიდევ გასაშვები გვყავს!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

“როდესაც რეკომენდაციების კუთხით „სტრატეგია აღმაშენებელი“ ბოიკოტში იყო, ვაშაძეს ბრიუსელში ხვდებოდნენ”

თვალშისაცემი იყო გიორგი ვაშაძის საერთაშორისო აქტივობა, ამაზე ჩვენს პარტნიორებთან ერთი-ორჯერ მქონდა საუბარი, როდესაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ბოიკოტში იყო რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, გიორგი ვაშაძეს ბრიუსელში სხვადასხვა კაბინეტში ხვდებოდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თმით, რა თქმა უნდა, როცა რადიკალებს ხვდებიან და მათ პლატფორმას უთმობენ, ამით რადიკალიზმს ახალისებენ, რაც ძალიან ცუდია.

„პოლარიზაციის შემცირება მხოლოდ ხელისუფლებას არ შეუძლია, ამაზე ოპოზიცია და უცხოელი აქტორებიც არიან პასუხისმგებელი, რომ მათი მხრიდან რადიკალების წახალისება არ მოხდეს, რაც, სამწუხაროდ, ხდება. ევროპული და ამერიკული ფონდებიდან ხდება მათი დაფინანსება. სხვადასხვა პლატფორმაზე მათთვის ტრიბუნის მიცემით ხდება ამ რადიკალიზმის და ზოგ შემთხვევაში, ექსტრემიზმის წახალისება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 აგვისტოსთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6215 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6215 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6322 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0107 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8768 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9054 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0286 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ოკუპირებულ აფხაზეთში პირველი აგვისტოდან საზოგადოებრივ ადგილებში საცურაო კოსტიუმებით სიარული აიკრძალა

ოკუპირებულ აფხაზეთში პირველი აგვისტოდან საზოგადოებრივ ადგილებში საცურაო კოსტიუმებით სიარული აიკრძალა. ე.წ. კანონის დარღვევისთვის დაწესდა ჯარიმა ექვსი ათასი რუბლის (დაახლოებით 65 დოლარი) ოდენობით.

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ჩვენ მიზნად არ გვაქვს დაჯარიმება, უბრალოდ, საჭიროა, რომ ადამიანებმა სათანადოდ ჩაცმულებმა იარონ. ვიმედოვნებ, რომ, ინფორმირების გზით, ეს საკანონმდებლო ნორმა აისახება ჩვენს მოქალაქეებსა და სტუმრებზე და ისინი დაიცავენ ელემენტარულ წესებს“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრმა, დაუტ ხუტაბამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა 8 ივნისს ე.წ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილება დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, ქუჩებში, სკვერებში, პარკებში შიშველი სხეულით ან საცურაო კოსტიუმით გამოჩენა აიკრძალა.

ისლანდიის მთავრობის განცხადებით, მოსკოვში ისლანდიის საელჩომ მუშაობა ოფიციალურად შეწყვიტა

ისლანდიის მთავრობის განცხადებით, 2023 წლის 1-ელი აგვისტოდან მოსკოვში ისლანდიის საელჩომ მუშაობა ოფიციალურად შეწყვიტა.

განცხადება ისლანდიის მთავრობის ოფიციალურ საიტზე არის განთავსებული.

„რუსეთის ფედერაციაში, სომხეთის რესპუბლიკაში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში და უზბეკეთში არსებული ისლანდიის საელჩოები ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების განმარტებით, მიმდინარე პირობებში საელჩოს ფუნქციონირება მოსკოვში რესპუბლიკის საგარეო-პოლიტიკური სამსახურის პრიორიტეტებს არ შეესაბამება.

“გადაწყვეტილება საელჩოს დახურვის შესახებ ორი ქვეყნის პოლიტიკური ურთიერთობების შეწყვეტას არ გულისხმობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე კიევში ლიეტუვას საელჩომ შესთავაზა რუსეთში ისლანდიის წარმომადგენელს თავისი მუშაობა კიევიდან გააგრძელოს.

“არც ჩინური და არც რუსული ინვესტიცია არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს” – სანდრო რაქვიაშვილი

არც ჩინური და არც რუსული ინვესტიცია არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს – მთავრობის საქმე არაა პორტის მშენებლობა, თორემ მნიშვნელობა არ აქვს ჩინელები ააშენებენ, ამერიკელები თუ არგენტინელები, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “გირჩის” დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში ნებისმიერი ინვესტიცია შეიძლება ყოფილიყო პრობლემური.

“ჩვენ არასწორად ვიქცევით იმ ნაწილში, რომ მთავრობა აშენებს პორტს, მთავრობის საქმე არ არის პორტის მშენებლობა, ეს რომ ასე არ ყოფილიყო, საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს ჩინელები ააშენებენ პორტს, ამერიკელები თუ არგენტინელები. მაგრამ იმიტომ, რომ მთავრობა აშენებს და ფულს შოულობს სხვადასხვანაირად თუნდაც ჩინეთში, ეს უკვე პრობლემაა, იმიტომ, რომ პოლიტიკურ პრობლემად იქცევა. თავისთავად ინვესტიციები პრობლემა არაა, საიდანაც გინდა, იქიდან შემოვიდეს, მაგრამ პრობლემაა ჩვენი არასწორი მოწყობა შიგნით, იმდენად რამდენადაც მთავრობა არასწორად იქცევა, ნებისმიერი, იგივე ამერიკული ინვესტიციაც შეიძლება პრობლემური გახდეს. ამიტომ აქ უფრო კომპლექსური საკითხია, თავისთავად ჩინური ინვესტიცია არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, არც რუსული ინვესტიციები წარმოადგენს პრობლემას, არც თურქული და არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის. ამაშია პრობლემა, მთავრობა რომ ეკონომიკაში ერევა, მერე ეს ეკონომიკა კი არ ხდება, ეს ხდება პოლიტიკა. პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, უკეთესია ამერიკელებთან იმეგობრო და არა ჩინელებთან, ეგ ცხადია, მაგრამ პორტს რატომ აშენებს მთავრობა, ეს არის პრობლემა, ამიტომ სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება, ამ მთავრობის ხელში, გინდ ამერიკული იყოს გინდ ჩინური, ყველა შეიძლება პრობლემური გახდეს. სულ გვგონია, რომ ფულის წარმომავლობაა პრობლემა, მაგრამ პრობლემა ჩვენი შიდა მოწყობაა,”- განაცხადა რაქვიაშვილმა.

რაც შეეხება ჩინეთთან სტრატეგიულ მოკავშირეობას, რაქვიაშვილის თქმით, პოლიტიკურად ჩინეთთან დაახლოება არ უნდა დავუშვათ და სიფრთხილეა აუცილებელი.

“ნებისმიერ ქვეყანასთან რაც უფრო მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა გვექნება მით უკეთესი, ერთადერთი უნდა გვახსოვდეს, რომ ჩინეთი არის ყველაზე აგრესიული და ტირანული ქვეყანა მსოფლიოში, რუსეთზე უარესი ქვეყანაა ბევრად, უბრალოდ გაგვიმართლა, რომ ჩვენი მეზობელი არ არის და ამ კუთხით, პოლიტიკურად დიდ საფრთხეს წარმოადგენს და დიდი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ მასთან ურთიერთობის დალაგებას. ისე ზოგადად, თუ ასეთი ტიპის მოლაპარაკებები იმით დამთავრდება, რომ კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ურთიერთობა გვექნება, რატომაც არა, მაგრამ ამის მიუხედავად, არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკურად დავახლოვდეთ, რომ ის რაც ჩინეთს განასახიერებს პოლიტიკურად, ჩვენზე გადმოვიდეს,”- განაცხადა რაქვიაშვილმა.

მოსკოვზე მეორე მარშამდე არცთუ ისე დიდი დროა დარჩენილი – ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, მეორე ამბოხის საფრთხე ჩრდილავს რუსეთის ნებას, კიევზე შეტევა დაიწყოს.

„კრემლის ამჟამინდელი მდგომარეობა ისეთია, რომ კიევზე მეორე შეტევის განუხორციელებელ სურვილს მოსკოვზე მეორე მარშის შესახვედრად მომზადების გადაუდებელი აუცილებლობა დაჩრდილავს და ამ მოვლენამდე არცთუ ისე დიდი დროა დარჩენილი”, – წერს დანილოვი “ტვიტერზე”.

მისი თქმით, რუსეთში უკმაყოფილო საზოგადოების პროტესტი დაწყებულია და ვერაფერი შეაჩერებს.

„ტუბიდან პასტა გადმოსულია – რუსეთში სხვადასხვა ფერის უკმაყოფილო ხალხის პროტესტის ზრდა – უკან ჩაბრუნება შეუძლებელია”, – აცხადებს დანილოვი.

“ღმერთმა არ ქნას, საჭირო გახდეს რუსეთის მიერ ბელარუსში განთავსებული ბირთვული იარაღის გამოყენება”

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ღმერთმა არ ქნას რუსეთის მიერ ბელარუსში განთავსებული ბირთვული იარაღის გამოყენება გახდეს საჭირო. ამის შესახებ ლუკაშენკომ დასახლება ბელოვეჟსკიში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსში უკვე შეტანილია და განთავსებულია იმ ბირთვული იარაღის ნახევარი, რომლის განთავსებასაც მეზობელ ქვეყანაში რუსეთი გეგმავს.

„ღმერთმა არ ქნას, საჭირო გახდეს ამ იარაღის გამოყენება. მაინც ვიმედოვნებ, რომ ეს არ მოხდება. ჩვენ არავის ბოსტანში არ ვძვრებით, მაგრამ ჩვენთანაც ნუ მოძვრებით. ჩვენ უზრუნველვყოფთ საკუთარ თავსა და საკუთარ უსაფრთხოებას ჩვენი მეგობრების დახმარებით“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის განთავსებას და ატომური ელექტროსადგურის არსებობას პრეზიდენტმა ლუკაშენკომ უსაფრთხოების ფაქტორი უწოდა.

„ბირთვულ ქვეყანას ჯერ არავინ დასხმია თავს“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ბელარუსები იარაღს არ აჟღარუნებენ, თუმცა ემზადებიან, ნებისმიერ მომენტში დაიცვან ქვეყანა.

„რთული დროა. ამაზე არ ვისაუბრებ. თქვენ ამას ხედავთ. ვიტყვი მხოლოდ, რომ თქვენ გესმოდეთ: ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ, საკმარისი ვიომეთ მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში. როგორც ისტორიკოსმა, მე ეს კარგად ვიცი. რამდენი ადამიანი დაზარალდა იმ საშინელ ომში, რომლის მოწმეებიც დღესაც ცოცხლები არიან. ყოველ ოჯახში დაიღუპნენ ადამიანები. ამიტომ მე არ მინდა, რომ ჩემი ხალხი, განსაკუთებით ჩემს დროს, ომობდეს. თქვენ ხედავთ, რა ხდება ჩვენს მეზობლებთან. ისინი ჩვენთვის ახლობელი ხალხია, უცხოები არ არიან. ბევრი ნათესავია იქ, აქ. ეს საშინელი საქმეა. ვაკეთებთ დასკვნებს, ჩვენთვის ეს ძალიან სერიოზული გაკვეთილებია. თუმცა, მინდა, რომ თქვენ გესმოდეთ, ჩვენ იარაღს არ ვაჟღარუნებთ, მაგრამ ვემზადებით, ნებისმიერ მომენტში დავიცვათ საკუთარი ქვეყანა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ოკუპანტებმა ხერსონში საავადმყოფო დაბომბეს – დაღუპულია ექიმი და დაიჭრა მედდა

რუსულმა ძალებმა ხერსონში ჯანდაცვის დაწესებულება დაბომბეს, რის შედეგადაც ექიმი დაიღუპა და ექთანი დაიჭრა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„დარტყმა ჯანდაცვის ერთ-ერთ დაწესებულებაზე განხორციელდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ექიმი გარდაიცვალა და ექთანი დაშავდა, რომლის სიცოცხლისთვის ახლა ჩვენი ექიმები იბრძვიან“, – განაცხადა ხერსონის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რომან მროჩკომ.

ხერსონის საოლქო პროკურატურაში აცხადებენ, რომ ხორციელდება ზომები აგრესორი ქვეყნის არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულის დასაფიქსირებლად.