Home Blog Page 1701

“თუ დასავლეთიდან დაფინანსება ამა თუ იმ ფორმით არ მოვა, ეს უკრაინისთვის კატასტროფა იქნება” – The Guardian

თუ დასავლეთიდან დაფინანსება ამა თუ იმ ფორმით არ მოვა, ეს უკრაინისთვის კატასტროფა იქნება, – წერს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბრიტანული გაზეთი The Guardian-ის კორესპონდენტი, შონ უოკერი სტატიაში სათაურით უკრაინელები მიიჩნევენ, რომ მათ შეუძლიათ გამარჯვება, მაგრამ გარღვევა 2024 წელს შორეულ პერსპექტივად გამოიყურება.

გაზეთი The Guardian-ი წერს, რომ რუსული ჯარების უკრაინის მიწიდან განდევნის პერსპექტივა უფრო შორეულად გამოიყურება, ვიდრე ოდესმე.

კონტრშეტევის მიუხედავად, უკრაინის თითქმის 20% რუსეთის კონტროლის ქვეშ რჩება. ანალიტიკოსთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ფრონტის ხაზი ახლა ისეა გამყარებული, რომ მნიშვნელოვანი გარღვევა რთული წარმოსადგენია.

“ეს პირველი შემთხვევაა ომის პირველი დღეების შემდეგ, როდესაც ჰორიზონტზე დიდი ოპტიმიზმი არ იგრძნობოდა”, – განაცხადა გაზეთ The Guardian-ის კორესპონდენტმა.

“[უკრაინელებს შორის] განწყობის გაუარესება სექტემბერში დაიწყო და მას შემდეგ უფრო პესიმისტური გახდა. გესმით, რომ ადამიანები ამბობენ, რომ მათ არ სჯერათ, რომ ომს მოიგებენ ისე, როგორც ადრე სჯეროდათ. ზოგი აკეთებს დასკვნას, რომ ეს ნიშნავს, რომ უნდა იბრძოლონ კიდევ უფრო ძლიერად, ზოგი კი ჩუმად სვამს კითხვას, ნიშნავს თუ არა ეს, რომ დროა იფიქრონ იმაზე, არის თუ არა რაიმე გზა ომის დასასრულებლად”, – აღნიშნავს შონ უოკერი.

გაზეთი The Guardian-ი წერს, რომ ამ პესიმიზმის მთავარი მიზეზი არის იმის განცდა, რომ კონტრშეტევა ჩაფლავდა.

“მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსების უმეტესობა ამბობს, რომ უკრაინული ძალები შთამბეჭდავად მოერგნენ ახალ იარაღს, კიევსა და აშშ-ს შორის იყო უთანხმოება იმის თაობაზე, მოეხდინათ თუ არა ძალების ერთ ადგილას კონცენტრირება თუ მათი გაშლა რუსეთის სისუსტეების გამოსავლენად. ამერიკელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ უკრაინული ძალები ძალიან “თხლად” იყო გაშლილი და მნიშვნელოვანი გარღვევა არ მომხდარა”, – ნათქვამია სტატიაში.

“მცირე ნიშანია იმისა, რომ რომელიმე მხარე უახლოეს მომავალში დიდ წინსვლას მიაღწევს. რუსეთმა ააშენა წარმოუდგენლად მკვრივი თავდაცვითი სიმაგრეები, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის უკრაინის წინსვლას. მაგრამ სიმაგრეები ასევე აჩერებს რუსებს, რადგან მათ უნდა გაიარონ მათ მიერ დანაღმული ველები”, – განმარტავს ბრიტანული გაზეთის კორესპონდენტი.

შონ უოკერი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ასეთი მნიშვნელოვანი წარუმატებლობისა, “ბევრი მიიჩნევს, რომ ეს მათი ბრძოლაა და მათ უნდა იბრძოლონ”.

„ვმუშაობთ, რომ უკრაინის და უნგრეთის პრეზიდენტები უახლოეს მომავალში შეხვდნენ“ – ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის განცხადებით, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შორის მცირე საუბარი შედგა არგენტინაში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიარტოსთან ერთად მუშაობს იმაზე, რომ უახლოეს მომავალში ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს.

„პროდუქტიული სატელეფონო ზარი მქონდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიარტოსთან. ვმუშაობთ იმაზე, რომ ორი ლიდერი ერთმანეთს უახლოეს მომავალში შეხვდეს“, – წერს ერმაკი.

“უამრავი ადამიანი ხვდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ მათ ურჩევნიათ იყვნენ ევროპის ნაწილი და არა პუტინის რუსეთი”

ევროკავშირის გამოწვდილ ხელს მოჰყვა რუსეთის ეს ნაბიჯი – მოახლოვდა საქართველოს გაერთიანება და ცხადია სწუხან მოსკოვში, ნერვიულობს პუტინი, რადგან ჩვენ აფხაზ ძმებს ურჩევნიათ საქართველოს მოქალაქეობა, ევროპის პასპორტი, მსოფლიოს მოქალაქეობა და არა ტერორისტი რუსეთი, – ამის შესახებ ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, უამრავი ადამიანი ხვდება უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ „ურჩევნიათ იყვნენ ევროპის ნაწილი და არა პუტინის რუსეთი“.

“ევროკავშირი ნიშნავს უსაფრთხოებას, მშვიდობას და ტერიტორიულ მთლიანობას. დიახ, ევროკავშირის გამოწვდილ ხელს მოჰყვა რუსეთის ეს ნაბიჯი, რაც გულისხმობს იმას, რომ მოახლოვდა საქართველოს გაერთიანება და ცხადია, წუხან მოსკოვში, ნერვიულობს პუტინი, რადგან ჩვენ აფხაზ ძმებს ურჩევნიათ საქართველოს მოქალაქეობა, ევროპის პასპორტი, მსოფლიოს მოქალაქეობა და არა ტერორისტი რუსეთი, სადაც ომი, უბედურება და მკვლელობაა. არავის არ უნდა დღეს რუსეთის მოქალაქეობა, ცივილიზებულ სამყაროს ფაქტობრივად მოწყდა და დარწმუნებული ვარ, ათწლეულები ასე იქნება პუტინის პირობებში, სანამ ის არ დასრულდება. და რომ დასრულდება, შემდეგ კიდევ ათწლეულები დაჭირდება რუსეთს იმ რეპუტაციის აღსადგენად, რაც ჰქონდა თავის დროზე. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის წევრობა უკვე შემდეგში, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, უამრავი ადამიანი ხვდება უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ მათ ურჩევნიათ იყვნენ ევროპის ნაწილი და არა პუტინის რუსეთი და ამიტომაც ხდება ეს პროცესი, მაგრამ ამასაც ექნება ლოგიკური დასასრული როგორც კი ჩვენ სწრაფად მოვახერხებთ ევროკავშირში ინტეგრაციას, ამას კიდე ძალიან სწრაფად გავაკეთებთ ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის გარეშე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სომხეთში დავით კეზერაშვილის ბიძაშვილი დააკავეს

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სომხეთში, გერმანიის პროკურატურის მოთხოვნით, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ბიძაშვილი მიხეილ ბინიამინი, იგივე მიშა ბენიაშვილი დააკავეს.

„რუსთავი 2“-ის ცნობით,  გამოძიებით დადგენილია, რომ ევროპელი პენსიონერების ძარცვის ტრანსნაციონალური სქემა ერთდროულად რამდენიმე ქვეყანას მოიცავდა, გამოძიების ინფორმაციით, საქართველოსა და ისრაელის ორმაგი მოქალაქე მიხეილ ბინიამინი საერთაშორისო თაღლითური დაჯგუფების ალბანურ ფილიალს კურირებდა.

„კურიერი“ ავრცელებს ცნობას, რომ ალბანეთში კეზერაშვილის ბიძაშვილთან დაკავშირებული ქოლ-ცენტრები ადგილობრივმა პოლიციამ დახურა. გერმანული გამოძიების ინფორმაციით, ამ კონსპირაციული დაწესებულებებიდან ევროკავშირის მოქალაქეებს მილიონობით ევრო გამოსძალეს. მოსალოდნელი საფრთხის გამო მიხეილ ბინიამინმა ალბანეთი დატოვა, თუმცა ის საერთაშორისო ორდერით, ერევანში დააპატიმრეს.

“2024 წელი მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის, ეს არის ისტორიული შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიებას – GFF Awards 2023-ს დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ფეხბურთის ფედერაციას გაწეული შრომისთვის.

„ჩვენი, ხელისუფლების ვალია გვერდით დავუდგეთ სპორტს, შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა მომავალი თაობებისთვის, რათა მეტი წარმატებული ფეხბურთელი და სპორტსმენი აღიზარდოს ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას, ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით, იმ გუნდს, რომელიც ამდენი წელია, ძალიან ბევრს შრომობს, რათა ვიყოთ წარმატებულები“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ხაზი გაუსვა თბილისის მუნიციპალიტეტისა და ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლობის მნიშვნელობას. მანვე მადლობა გადაუხადა ქართული ფეხბურთის ქომაგებს და გულშემატკივრებს, რომელთა მხარდაჭერაც, მისი თქმით, აძლიერებს სპორტსმენებს.

„დღეს აქ შეკრებილები არიან სპორტსმენები, ჩვენი ვეტერანი ფეხბურთელები და ყველამ კარგად ვიცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს გულშემატკივარს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს, რადგან სწორედ ისინი არიან, ვინც გვანებივრებს, ვისაც ყველაზე მეტად ვუყვარვართ. ისინი ჩვენი გუნდის წევრები არიან. რომ არა გულშემატკივარი, ფეხბურთის თამაშს აზრი დაეკარგებოდა, რადგან სწორედ გულშემატკივარი გაძლევს სტიმულს, იბრძოლო, წარმატებას მიაღწიო, თუნდაც მარცხის შემდეგ ღირსეულად წამოდგე და ბრძოლა გააგრძელო“, -აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, მომავალი 2024 წელი მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთისთვის, რისთვისაც წარმატებები უსურვა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.

„2024 წელი, რომელიც სულ მალე შემოვა, მნიშვნელოვანია ჩვენი ფეხბურთისთვის. მინდა, წარმატებები ვუსურვო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. ეს არის ისტორიული შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. დღეს ჩვენი ქვეყანა და ქართული ფეხბურთი არის იმ დონეზე, რომ ჩვენ წარმოვადგენდეთ ევროპას, ვიყოთ ევროპულ ტურნირებზე და ვიყოთ წარმატებულები. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

“როგორც ჩანს, ყველაფერთან ერთად, გახარია ჩამორჩა მოვლენებს” – გურამ მაჭარაშვილი

როგორც ჩანს, ყველაფერთან ერთად, გახარია ჩამორჩა მოვლენებს, რადგან ჩვენ ვაყენებდით საკითხს თვეებია, რომ სააკაშვილი გამოჯანმრთელებულია, ძალიან კარგად „მოჩიტდა“ უკვე და ახლა უკვე უნდა დაბრუნდეს ციხეში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„კითხვაც კი დავუსვით იუსტიციის მინისტრს, როდესაც ის იყო პარლამენტში, რატომ არ გადაჰყავთ სააკაშვილი ციხეში და გახარია რომ იმეორებს ახლა, უკვე არჩევნების წინ, ეს მის მინუსებზე მიუთითებს და ვერ გადაფარავს გახარიას პოლიტიკურ ქორწინებას ნაცმოძრაობასთან“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

“რუსეთს მოლაპარაკების ინიციატივის იმიტირტება შეუძლია, რათა მიმდინარე ომში დრო მოიგოს” – ლიეტუვის პრეზიდენტი

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ რუსეთს მოლაპარაკების ინიციატივის იმიტირტება შეუძლია, რათა მიმდინარე ომში დრო მოიგოს.

ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი კრემლის ტაქტიკური ხრიკების ნაწილია.

“რუსეთი გამოიყენებს ამ დროს, რათა ფეხზე დადგეს და კვლავ ახალი ძალით დაარტყას [უკრაინას]”, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

“უკრაინამ უნდა თქვას საბოლოო სიტყვა მოლაპარაკებების დაწყებაზე. ქვეყანას, რომელმაც ამხელა მსხვერპლი გაიღო, აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს უნდა დაიწყოს თუ არა მოლაპარაკებები და რა პირობებით. სხვას არავის აქვს გადამწყვეტი ხმა ამ მხრივ”, – დასძინა ნაუსედამ.

“7 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელმა 500-ზე მეტი სამხედრო დაკარგა” – IDF

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ქვეყანამ 500-ზე მეტი ჯარისკაცი და რეზერვისტი დაკარგა, მათგან 167 უშუალოდ ღაზას სექტორში მიმდინარე სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში.

IDF-ში აცხადებენ, რომ დაღუპული სამხედროების უმეტესობა 7 ოქტომბერს, ისრაელის სამხრეთ ნაწილში „ჰამასის“ მიერ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის დროს დაიღუპა.

„7 ოქტომბერს, სულ მცირე 274 სამხედრო და 38 ადგილობრივი უსაფრთხოების ოფიცერი ემსხვერპლა თავდასხმას. ხოლო ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციას, ბოლო მონაცემებით, 167 ჯარისკაცი შეეწირა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში აღნიშნავენ, რომ კიდევ 9 ჯარისკაცი ემსხვერპლა თავდასხმებს, რომლებზეც პასუხისმგებლობა „ჰეზბოლას“ და პალესტინის ისლამური ჯიჰადის ტერორისტულ დაჯგუფებებს ეკისრებათ, ხოლო ორი სამხედრო დასავლეთ სანაპიროზე მომხდარი ტერაქტის შედეგად დაიღუპა.

ამასთან, IDF-ში აღნიშნავენ, რომ ჩამონათვალში არ შედის 57 პოლიციელი, რომლებიც ასევე დაიღუპნენ 7 ოქტომბრის თავდასხმის შედეგად.

“თავისუფლებისა და უსაფრთხოების დასაცავად არა მხოლოდ უკრაინასა და ევროპაში, არამედ შეერთებულ შტატებშიც, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რუსეთის მიმდინარე აგრესიაზე ძლიერი და მტკიცე პასუხის გაცემა”

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროპისა და აშშ-ის უსაფრთხოება რუსეთისთვის გაცემულ ძალისმიერ პასუხზეა დამოკიდებული.

“მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს, კონგრესს, ამერიკელ ხალხს გუშინ გამოცხადებული 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტისთვის. საჰაერო თავდაცვის დამატებითი რაკეტები და კომპონენტები, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, საბრძოლო მასალა და სხვა აღჭურვილობა დაფარავს უკრაინის საჭიროებებს”, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

“თავისუფლებისა და უსაფრთხოების დასაცავად არა მხოლოდ უკრაინასა და ევროპაში, არამედ შეერთებულ შტატებშიც, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რუსეთის მიმდინარე აგრესიაზე ძლიერი და მტკიცე პასუხის გაცემა”, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

სასამართლომ დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ავსტრიის მოქალაქემ სამედიცინო ნიღბების შეძენის მსურველი ჩეხური კომპანიის წარმომადგენლები და გერმანიაში მცხოვრები პირები მოატყუა და საქონლის შესაძენად განკუთვნილი 1 300 000 ევრო, მის საკუთრებაში არსებული კომპანიის საზღვარგარეთ გახსნილ საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხვინა, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

ბრალდებულმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის გათეთრების მიზნით, კომპანიის ანგარიშზე აკუმულირებული უკანონო შემოსავალი, ფიქციური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, საქართველოში, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქის კუთვნილი საწარმოს საბანკო ანგარიშზე გადმორიცხა. შემდგომში, საწარმოს ანგარიშიდან განაღდებული თანხა, საქართველოს მოქალაქის სარგებლის გამოკლებით, ბრალდებულს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებულ პირებს გადაერიცხათ.

აღნიშნული გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 496 430 ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულ ფიზიკურ პირებს, სასჯელის სახედ და ზომად 11 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, ხოლო ბრალდებულ იურიდიულ პირს დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდადებულ ავსტრიის მოქალაქეს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა, მასთან დაკავშირებული პირების სახელზე ფიქციურად გაფორმებული, 1 267 800ლარის ღირებულების ორი საცხოვრებელი ბინა და ორი ავტოსადგომი.

ინფორმაციას პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ წარმომადგენელს ქვეყნის მოსახლეობისთვის ბოდიში დღემდე არ მოუხდია” – შალვა ოგბაიძე

ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან ბოდიშს ან ბოდიშისმაგვარს არ მოვისმენ, მანამ დავამუნათებ მათ“, – ეს განცხადება საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა შალვა ოგბაიძემ გააკეთა.

მისივე თქმით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ წარმომადგენელს ჩადენილი დანაშაულების გამო ქვეყნის მოსახლეობისთვის ბოდიში დღემდე არ მოუხდია.

„ბოდიში თქვენგან არ მომისმენია, როდესაც საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი გახდა. არც მაშინ გამიგია თქვენგან ბოდიში, როდესაც მე „შემომთავაზეს“ საავტომობილო ფედერაციის დატოვება და ქონების დათმობა, არც ჩემი შვილების წამების და არც წართმეული ქონებების გამო“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

“ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს” – რატი იონათამიშვილი ხაზარაძის მიერ ფონდის დაფუძნებაზე

ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საარჩევნო წელს ვიწყებთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. კითხვა მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას ეხებოდა, რომელმაც „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“ დააფუძნა.

„ამ პერიოდში განსაკუთრებით, ასეთი პროექტები სხვა არაფერია, თუ არა სერიოზული საფუძველი იმისა, რომ ვივარაუდოთ ეს განზრახვები. აქედანაც ჩანს ერთის მხრივ, „ფანტაზიის უნარის არქონა“ და მეორეს მხრივ ის, რომ ეს ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ მოსყიდვებზე არიან ორიენტირებული“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

მამუკა ხაზარაძემ, „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“ დააფუძნა, რომლის დონორიც, როგორც თავად ამბობს, მისი ოჯახი იქნება. ფონდის წევრები ხელოვნების სხვადასხვა სფეროს დამოუკიდებელი პროფესიონალები იქნებიან.