Home Blog Page 1700

“კეზერაშვილის არცერთ ბიძაშვილს არ ვიცნობ, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს” – პაატა მანჯგალაძე

„ქოლ-ცენტრების“ საქმეზე სიმართლე თუ დადგინდება, ამის საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძეს კითხვა დაუსვეს „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სომხეთში დავით კეზერაშვილის ბიძაშვილი დააკავეს.

მანჯგალაძის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, უნდა გადავამოწმო. „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე სიმართლე თუ დადგინდება, ამის საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს. სხვა რა უნდა ვთქვა? – არ ვიცი და რა გითხრათ. პოლიტიკური სპეკულაცია რომ არ იყოს, ჯერ უნდა ვნახოთ, რა იყო და რას ედავებიან. ამ ადამიანის იქით ვიღაც დგას კი არა, ამერიკის უსაფრთხოების სამსახურმა ოთარ ფარცხალაძეს ბრალი დასდო ჯაშუშობაში, რომელიც ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ წევრების ნათელ-მირონია. ამაზე არაფერს ვამბობთ და იმის ბიძაშვილის უკან, იმის მამიდაშვილი დგასო – გამოაშკარავდება, გამოაშკარავდეს. დაველოდოთ, ვნახოთ, რა ხდება. „ბიბისის“ ფილმზე ერთი თვე ლაპარაკობდნენ და ფარცხალაძეზე ერთი დღე. მასშტაბი და მტკიცებულება სხვადასხვაა. არ ვიცი, ვინ ბენიამინზე საუბრობთ, წარმოდგენა არ მაქვს, კეზერაშვილის არცერთ ბიძაშვილს არ ვიცნობ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ირანში ისრაელის დაზვერვასთან თანამშრომლობაში ბრალდებული ოთხი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ირანში სიკვდილით დასაჯეს ოთხი ადამიანი, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლების მტკიცებით, ისრაელის ეროვნული სადაზვერვო სამსახურისთვის, „მოსადისთვის“ მუშაობდნენ, – ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანული მედიის ცნობით, აღნიშნულმა „დივერსანტებმა ჩაიდინეს ფართომასშტაბიანი ქმედებები ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ“ და მათ სიკვდილის დასჯას წინ უძღოდა სასამართლო პროცესი.

დასავლეთსა და ისრაელში ირანს დაჯგუფება „ჰამასის“ მხარდაჭერაში ადანაშაულებენ, რომელმაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა.

თეირანი აღნიშნულ თავდასხმაში რაიმე სახის მონაწილეობას უარყოფს.

ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.9 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 6.9 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობები და ვაჭრობა.

ამასთან, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის, ასევე ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორებში.

სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე მშენებარე ხიდის ექსპერტიზა დასრულდა

default

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად მიმდინარე ექსპერტიზა დასრულდა.

ხიდის კონსტრუქციული ნაწილის კომპლექსური საექსპორტო კვლევა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა  ბიურომ ჩაატარა.

ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი იყო პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი (ხიმინჯოვანი საძირკვლის ზედა ნაწილის კონსტრუქცია). წყალდიდობამ წარეცხა როსტვერკის ქვეშ გრუნტი, რომლის ფილამ ვეღარ გაუძლო დგარების დაწოლას. დგარებმა ჩახვრიტა როსტვერკი, რის გამოც ბურჯის ორი მალი ჩაიშალა მდინარის კალაპოტში.

ექსპერტიზა ჩაუტარდა ხიდის სხვა კონსტრუქციულ ელემენტებსაც და დასკვნის მიხედვით, აღმოჩენილი იქნა პროექტთან შეუსაბამოდ, ხარვეზებით და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები.

ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი უმოკლეს ვადაში გამოაცხადებს პროექტირება-მშენებლობის ტენდერს, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება დამატებითი საპროექტო კვლევები, მომზადდება ხიდის შესაბამისი საინჟინრო პროექტი და ჩატარდება საჭირო სამუშაოები.

იმის გათვალისწინებით, რომ ხიდის ბურჯისა და მალის ჩავარდნის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, ექსპერტიზის დასკვნა გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოს. გამოძიების პარალელურად, ზიანის ანაზღაურების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწყებს შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს  ყველა აუცილებელი მექანიზმის გამოყენებით.

სამტრედია-გრიგოლეთის 51 კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა 4 მონაკვეთად მიმდინარეობდა. ორ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გახსნილია, მესამე 12 კმ-იან მონაკვეთზე გრძელდება სამშენებლო სამუშაოები. 11 კმ-იანი მონაკვეთიდან კი, რომლის შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს მშენებარე ხიდი, დასრულებულია 10 კმ გზის მშენებლობა.

უკრაინაში საჰაერო განგაში მეორედ გამოცხადდა – ლვოვსა და კიევში აფეთქებების ხმები ისმის

უკრაინის ბევრ ოლქში საჰაერო განგაში წუხანდელი ღამის შემდეგ მეორედ გამოცხადდა. რუსებმა ღამით უკრაინის ტერიტორიაზე Shahed-ის დრონები გაუშვეს, ასევე არსებობს ბალისტიკური დარტყმის საფრთხე, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ლვოვში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის.

პოდოლსკის რაიონში საწყობების ტერიტორიაზე ხანძარი დაფიქსირდა, არიან დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახურები.

აფეთქებების ხმები ისმოდა კიევშიც.

დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, პოდოლსკის რაიონში საწყობი იწვის. “ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა”, – აღნიშნა მერმა.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ნამსხვრევების ჩამოვარდნა დაფიქსირდა კიევის პოდოლსკისა და სვიატოშინსკის რაიონებში. ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, დნიპროში ქალაქის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი იწვის.

ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაზე რამდენიმე მიმართულებით თავდასხმა განახორციელა

რუსმა სამხედროებმა სუმის ოლქის ქალაქ კონოტოპზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და დაშავდა სამი ადამიანი. ინფორმაციას სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარაკეტო იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ავტომანქანებსაც.

ამასთან, კიევში, ზაპოროჟიესა და დნეპრში საჰაერო იერიშები განხორციელდა. კიევის ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

უკრაინული მედიის ცნობით, დნეპრში ცეცხლი გაუჩნდა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრსაც.

პროკურატურამ უძრავი ქონების მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უძრავი ქონების მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ წარადგინეს ყალბი მინდობილობები, რომლებიც ბრალდებულებს, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეების წარმომადგენლებს, ანიჭებდა უფლებას ნებისმიერი სახით განეკარგათ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილი თბილისსა და ბათუმში მდებარე უძრავი ქონებები.

„აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ 19 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 2435,05 კვ.მ ფართის 15 უძრავ ქონებას, რამაც 3 248 375 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია. ქონების წარმოშობის წყაროს, მისი ნამდვილი ბუნების და რეალური მესაკუთრის შენიღბვის მიზნით, ბრალდებულებმა მოტყუებით დაუფლებული უძრავი ქონებები ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე მათ ნაცნობ პირებზე გააფორმეს, შემდეგ კი მათი რეალიზაცია მოახდინეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ქმედებამ 727 455 ლარის განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება გამოიწვია. 2 პირს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 3 პირს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო, 4 პირის ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 6 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, საიდანაც 5 პირის მიმართ გამოცხადებულია ძებნა, ხოლო 3 ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა გირაო. გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კოლორადოს შემდეგ, დონალდ ტრამპს 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა მეინის შტატმაც აუკრძალა

კოლორადოს შემდეგ, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა მეინის შტატმაც აუკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, მეინის სახელმწიფო მდივანმა, დემოკრატმა შენა ბელოუსმა დაასკვნა, რომ ტრამპმა მოახდინა აჯანყების პროვოცირება, როდესაც მან გაავრცელა ცრუ ინფორმაცია 2020 წლის არჩევნების გაყალბების შესახებ. დონალდ ტრამპის მოწოდების შემდეგ მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და იმ პროცესის ჩაშლა სცადეს, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დამოწმებულიყო.

„აშშ-ს კონსტიტუცია ჩვენი მთავრობის საფუძვლებზე თავდასხმას არ მოითმენს“, – წერს ბელოუსი 34-გვერდიან განჩინებაში.

საპასუხოდ, ტრამპის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სწრაფად გააპროტესტებენ „საშინელ“ გადაწყვეტილებას.

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აშშ-ის კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა 20 დეკემბერს აუკრძალა.

29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ბევრი პრობლემის მოგვარება მოგიწევთ, მაგრამ ადვილად გაუმკლავდებით და საკუთარი საქმიანობა კმაყოფილებას მოგანიჭებთ. ამ დღეს ფინანსურად უზრუნველყოფილ ან მაღალი სტატუსის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა სასარგებლო იქნება. ისინი გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებიან. ფინანსების გონივრული განაწილება საშუალებას მოგცემთ, რომ სასურველი ნივთებიც შეიძინოთ და უსარგებლო ხარჯებიც აიცილოთ.

კურო

ამ დღეს ყველაზე მეტად გადაღლას უნდა მოერიდოთ. სახლის საფუძვლიანი დასუფთავება და სამსახურში რთული პროექტის დაწყება სამომავლოდ გადადეთ და ეს დღე დღესასწაულის წინ დასვენებას დაუთმეთ. მოერიდეთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გარკვევას, რამაც შეიძლება ბევრი პრობლემა გამოიწვიოს.

ტყუპები

ამ დღეს ძალიან გაგიადვილდებათ გარშემომყოფებთან ურთიერთობა. ნებისმიერ ადამიანთან იპოვით საერთო ენას სხვადასხვა და ადვილად მოაგვარებთ კონფლიქტებს. გამოიყენეთ ეს უნარი თქვენი მიზნების მისაღწევად.

კირჩხიბი

საახალწლო დღეები შესანიშნავი დროა ნაჩხუბარი ადამიანების შერიგებისთვის და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ. თუ არ იზარმაცებთ, სახლში და სამსახურში მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას შეძლებთ. მოერიდეთ კრიტიკულ შენიშვნებს. ბევრისთვის სიმართლე ძალიან მტკივნეულია და შესაძლოა, თქვენი პირდაპირობა სანანებლად გექცეთ.

ლომი

შესაძლოა, ამ დღეს საჭირო და სასარგებლო ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება შეძლოთ, რაც თქვენს მომავალ მუშაობაზე სასიკეთო გავლენას მოახდენს. ელოდეთ საჩუქრებს როგორც კოლეგების, ასევე საყვარელი ადამიანებისგან. ბევრი ლომი მთელ დღეს საყოფაცხოვრებო, რუტინულ საქმეების მოგვარებას დაუთმობს. ეცადეთ საკუთარი ემოციები აკონტროლოთ და უმიზეზოდ არავინ გაანაწყენოთ.

ქალწული

პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია პროგრესი. საყვარელი ადამიანის შეგონებები პრინციპული და გადამწყვეტი მოქმედებებისკენ გიბიძგებთ. მარტოხელა ქალწულებს საინტერესო ნაცნობობა და დასამახსოვრებელი შეხვედრა ელით. ყველაფერმა, რასაც ამ დღეს გააკეთებთ, სიამოვნება უნდა მოგიტანოთ. ასე რომ, დაგეგმეთ დღე ისე, როგორც თქვენ გსურთ და არა – გარშემო მყოფებს.

სასწორი

დილიდან მშვენიერ, ამაღლებულ განწყობაზე ხართ. ერთ ადგილზე ჯდომა და მოსაწყენი საქმის კეთება ახლა ყველაზე ნაკლებად გინდათ. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც ამ დღეს გეტყვიან. ენდეთ საკუთარ ინტუიციას – ახლა ის უმაღლეს დონეზეა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.

მორიელი

მოერიდეთ კოლეგებისა და საყვარელი ადამიანების კრიტიკას. ნუ გაუფუჭებთ განწყობას ნურც მათ და ნურც საკუთარ თავს. შესაძლოა, ფანტასტიკურმა იდეებმა სერიოზულად გაგიტაცოთ. მათგან ზოგი შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ ზოგადად, ეცადეთ, ღრუბლებიდან დაეშვათ და რეალურად იაზროვნოთ.

მშვილდოსანი

ეცადეთ, თქვენ გარშემო დადებითი ატმოსფერო შექმნათ და საყვარელ ადამიანს თვითშეფასების ამაღლებაში დაეხმაროთ. მოსალოდნელია დაძაბულობის მატება, თუმცა ამის თავიდან აცილებაში თქვენი შინაგანი ხმა დაგეხმარებათ, რომელიც ამ დღეს საუკეთესო მრჩეველი იქნება.

თხის რქა

აქტიური დღეა. თქვენი შეუპოვარი ხასიათი საქმეში დადებით შედეგს მოგიტანთ. საახალწლო სამზადისისთვის აჩქარება საჭირო არ არის – ყველაფერს დროულად გაუმკლავდებით. ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისა ან მეგობრებთან შეხვედრისთვის. ყურადღება მიაქციეთ კვების მენიუს. ნუ მისცემთ თავს ზედმეტად ცხიმიანი საკვების ან ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების უფლებას.

მერწყული

ცხოვრება მოულოდნელობებით სავსეა, ამიტომ სიურპრიზებისთვის მზად უნდა იყოთ. ეცადეთ, სოციალურ კავშირებზე ფოკუსირდეთ – ადამიანებთან ურთიერთობამ შეიძლება საინტერესო შესაძლებლობები და ახალი იდეები მოგიტანოთ.

თევზები

ამ დღეს ენერგიისა და ძალის მოზღვავებას იგრძნობთ და ნებისმიერი სირთულის გადალახვას შეძლებთ. თუმცა, შეცდომის დაშვების ალბათობა მაღალია და ამიტომ სამსახურში ასი თვალი და ასი ყური უნდა გამოიბათ. თუ მარტოხელა ხართ, გირჩევთ ხალხმრავალ ადგილს ეწვიოთ. სწორედ აქ შეიძლება შეხვდეთ საინტერესო ადამიანს, რომელიც მაგნიტივით მიგიზიდავთ.

“2030 წლისთვის საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება მზად იმისათვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა” – ირაკლი კობახიძე

„ვფიქრობთ, უფრო სწრაფად შეგვიძლია გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გამომდინარე იმ პროგრესიდან, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

„ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოწინავე მთელს ამ რეგიონში და არ ვგულისხმობთ მხოლოდ უკრაინას, მოლდოვას და არც მხოლოდ ბოსნიას, ვგულისხმობთ მათ შორის, სერბეთს, მონტენეგროს, ბალკანეთის სივრცის სახელმწიფოებს. ყველა სახელმწიფოსთან მიმართებით ჩვენი ქვეყანა ბევრად წინ წასულია, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური პოლიტიკა და ა.შ. რაც შეეხება ასოცირების დღის წესრიგს, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ უახლოეს წლებში დასრულდეს ჰარმონიზაცია. ვფიქრობთ, რომ 4-5 წელიწადში ვიქნებით მზად იმისათვის, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს [ევროკავშირში]. დანარჩენი არის პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ევროკავშირის წევრობაზე საუბრისას ირაკლი კობახიძე ხაზს უსვამს ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელობაზე და აცხადებს, „ჯერ უნდა გაზარდო ეკონომიკა, რომ გახდე ევროკავშირის წევრი“.

„პირობა შეგვიძლია დავდოთ, რომ 2030 წლისთვის საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება მზად იმისათვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჰარმონიზაციის კუთხით, დემოკრატიის მდგომარეობით, ეკონომიკის მდგომარეობით და ა.შ. ეკონომიკა რომ ავიღოთ და შევადაროთ საქართველო მოლდოვას. მარტო ამ ორ წელიწადში რვა მილიარდით გავზარდეთ ეკონომიკებს შორის სხვაობა მოლდოვასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ რვა მილიარდით წინ წავედით მოლდოვასთან შედარებით ევროინტეგრაციის გზაზე. საბოლოო ჯამში, როცა დღის წესრიგში დადგება გაწევრიანების საკითხი, მთავარი კრიტერიუმი იქნება მაინც ეკონომიკა. არასწორად წარმოაჩენენ ამ ყველაფერსაც. ამბობენ, რომ ჯერ უნდა გახდე ევროკავშირის წევრი ქვეყანა და მერე გიჩნდება შანსი, ეკონომიკა გაიუმჯობესო. სინამდვილეში ყველაფერი პირიქით არის. ჯერ უნდა გაზარდო ევროპულ დონეზე ეკონომიკა, რომ გახდე ევროკავშირის წევრი და ჩვენ ამ კუთხით ბევრად უფრო წინ ვართ, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, და ამ პერსპექტივაში გვაქვს იმის საშუალება, დავეწიოთ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს არიან ევროკავშირის წევრები, საუბარია ყველაზე დაბალ რგოლზე ეკონომიკური განვითარების კუთხით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გერმანია ელის, რომ ევროკავშირი უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავადაც უკრაინის მხარდამჭერ პაკეტს დაამტკიცებს

გერმანია ელის, რომ ევროკავშირი უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავადაც დაამტკიცებს უკრაინის მხარდამჭერ პაკეტს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან ვაგნერმა სამთავრობო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ კანცლერ ოლაფ შოლცის კოალიციური მთავრობა 2024 წელს უკრაინას 8 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას მიაწვდის, ასევე, ბერლინი “აქტიურ კამპანიას” გააგრძელებს, რათა მომავალი წლის დასაწყისში ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის პაკეტი იქნას დამტკიცებული.

“ევროკავშირის ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებს უკრაინის დახმარებას… ევროკავშირი-26 [ევროკავშირის 26 წევრი, უნგრეთის გარდა], რა თქმა უნდა, ასევე, შეძლებს მოქმედებას. მაგრამ არ მინდა ახლა იმაზე ფიქრი, როგორ იქნებოდა შესაძლებელი ასეთი მხარდაჭერის ორგანიზება. ეს ასევე მოითხოვს ბრიუსელში შემდგომ კონსულტაციებს”, – განაცხადა ვაგნერმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერები უნგრეთის პოზიციისთვის გვერდის ავლის საშუალებას ეძებდნენ მას შემდეგ, რაც დეკემბრის შუა რიცხვებში უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფის შესახებ მოლაპარაკებები ჩაიშალა. მას შემდეგ შემოთავაზებულ იქნა სარეზერვო ვარიანტი, რომლის მეშვეობითაც წევრი სახელმწიფოები უკრაინისთვის სახსრების გადაცემას ევროკავშირის საბიუჯეტო პროცესის მიღმა შეძლებენ.

“თუ დასავლეთიდან დაფინანსება ამა თუ იმ ფორმით არ მოვა, ეს უკრაინისთვის კატასტროფა იქნება” – The Guardian

თუ დასავლეთიდან დაფინანსება ამა თუ იმ ფორმით არ მოვა, ეს უკრაინისთვის კატასტროფა იქნება, – წერს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბრიტანული გაზეთი The Guardian-ის კორესპონდენტი, შონ უოკერი სტატიაში სათაურით უკრაინელები მიიჩნევენ, რომ მათ შეუძლიათ გამარჯვება, მაგრამ გარღვევა 2024 წელს შორეულ პერსპექტივად გამოიყურება.

გაზეთი The Guardian-ი წერს, რომ რუსული ჯარების უკრაინის მიწიდან განდევნის პერსპექტივა უფრო შორეულად გამოიყურება, ვიდრე ოდესმე.

კონტრშეტევის მიუხედავად, უკრაინის თითქმის 20% რუსეთის კონტროლის ქვეშ რჩება. ანალიტიკოსთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ფრონტის ხაზი ახლა ისეა გამყარებული, რომ მნიშვნელოვანი გარღვევა რთული წარმოსადგენია.

“ეს პირველი შემთხვევაა ომის პირველი დღეების შემდეგ, როდესაც ჰორიზონტზე დიდი ოპტიმიზმი არ იგრძნობოდა”, – განაცხადა გაზეთ The Guardian-ის კორესპონდენტმა.

“[უკრაინელებს შორის] განწყობის გაუარესება სექტემბერში დაიწყო და მას შემდეგ უფრო პესიმისტური გახდა. გესმით, რომ ადამიანები ამბობენ, რომ მათ არ სჯერათ, რომ ომს მოიგებენ ისე, როგორც ადრე სჯეროდათ. ზოგი აკეთებს დასკვნას, რომ ეს ნიშნავს, რომ უნდა იბრძოლონ კიდევ უფრო ძლიერად, ზოგი კი ჩუმად სვამს კითხვას, ნიშნავს თუ არა ეს, რომ დროა იფიქრონ იმაზე, არის თუ არა რაიმე გზა ომის დასასრულებლად”, – აღნიშნავს შონ უოკერი.

გაზეთი The Guardian-ი წერს, რომ ამ პესიმიზმის მთავარი მიზეზი არის იმის განცდა, რომ კონტრშეტევა ჩაფლავდა.

“მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსების უმეტესობა ამბობს, რომ უკრაინული ძალები შთამბეჭდავად მოერგნენ ახალ იარაღს, კიევსა და აშშ-ს შორის იყო უთანხმოება იმის თაობაზე, მოეხდინათ თუ არა ძალების ერთ ადგილას კონცენტრირება თუ მათი გაშლა რუსეთის სისუსტეების გამოსავლენად. ამერიკელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ უკრაინული ძალები ძალიან “თხლად” იყო გაშლილი და მნიშვნელოვანი გარღვევა არ მომხდარა”, – ნათქვამია სტატიაში.

“მცირე ნიშანია იმისა, რომ რომელიმე მხარე უახლოეს მომავალში დიდ წინსვლას მიაღწევს. რუსეთმა ააშენა წარმოუდგენლად მკვრივი თავდაცვითი სიმაგრეები, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის უკრაინის წინსვლას. მაგრამ სიმაგრეები ასევე აჩერებს რუსებს, რადგან მათ უნდა გაიარონ მათ მიერ დანაღმული ველები”, – განმარტავს ბრიტანული გაზეთის კორესპონდენტი.

შონ უოკერი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ასეთი მნიშვნელოვანი წარუმატებლობისა, “ბევრი მიიჩნევს, რომ ეს მათი ბრძოლაა და მათ უნდა იბრძოლონ”.