იაპონიამ ფუკუშიმას განადგურებული ატომური ელექტროსადგურიდან წყნარ ოკეანეში გაწმენდილი რადიოაქტიური წყლის გაშვება დაიწყო.
იაპონიის მთავრობამ ხელი გეგმას ხელი 2 წლის წინ მოაწერა, გასულ თვეში კი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოდან თანხმობა მიიღო და რადიოაქტიური წყლის გაშვება დღეიდან დაიწყო.
იაპონიის მთავრობის ქმედების საპასუხოდ, ჩინეთმა იაპონიიდან ყველა სახის ზღვის პროდუქტების იმპორტზე აკრძალვა დააწესა.
“ჩინეთი ძალიან შეშფოთებულია რადიოაქტიური დაბინძურების რისკის გამო, რომელიც იაპონურმა საკვებმა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებმა შეიძლება გამოიწვიოს”, – ნათქვამია ჩინეთის საბაჟო ბიუროს განცხადებაში.
იაპონიამ ჩინეთს წყლის პროდუქტების იმპორტზე დაწესებული აკრძალვის დაუყოვნებლივ გაუქმება მოსთხოვა და მოუწოდა, წყლის გამოყოფის გავლენის შესახებ მეცნიერებაზე დაფუძნებით იმსჯელოს.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს იაპონიამ ჩინეთში 600 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ზღვის პროდუქტების ექსპორტი განახორციელა, რაც ჩინეთს იაპონიის უდიდეს საექსპორტო ბაზრად აქცევს, მეორე ადგილზეა ჰონკონგი.
ფუკუშიმას დაიჩის ქარხანა 2011 წლის მარტში მას შემდეგ განადგურდა, რაც 9 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცუნამის ძლიერი ტალღები წარმოქმნა და სამ რეაქტორში დნობა გამოიწვია.
წყნარ ოკეანეში, პირველ ეტაპზე, 7 800 კუბური მეტრი გაწმენდილი რადიოაქტიური წყლის გაშვება განხორციელდება და პროცესი, დაახლოებით, 17 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
TEPCO-ის (ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანია) ანალიზის შდეგების მიხედვით, ყოველ ლიტრ წყალში ტრიტიუმის კონცენტრაცია, დაახლოებით, 63 ბეკერელია (რადიოაქტიურობის ერთეული), რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სასმელ წყალზე დაწესებული ლიმიტზე (10 000 ბეკერელი ლიტრზე) ნაკლებია. განცხადება გაავრცელა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომაც, რომელშიც ნათქვამია, რომ მის მიერ ადგილზე ჩატარებულმა დამოუკიდებელმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ტრიტიუმის კონცენტრაცია ზღვარზე ბევრად დაბალია. მიუხედავად ამისა, იაპონიის მთავრობის გეგმას ეწინააღმდეგებიან იაპონელი მეთევზეების ჯგუფები, რომლებიც წლების განმავლობაში ზარალდებიან რადიაციის შიშით გამოწვეული რეპუტაციული ზიანისგან.
იაპონიის გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ წყლის გაშვების ზონაში მუდმივ მონიტორინგს ჩაატარებენ და შედეგებს ყოველკვირეულად გამოაქვეყნებენ. რადიოაქტიური წყლის გაშვებას, საერთო ჯამში, დაახლოებით 30 წელი დასჭირდება.