Home Blog Page 1697

“მინდა ვკითხო ქალბატონ კელის, ეს რანაირი მიდგომაა?! თუ აქ ყველაფერი “მოსულა”?! ნურას უკაცრავად!”

NGO-ები და ოპოზიცია ცდილობდნენ შეენჯღრიათ ქვეყანა. ანალოგიური საქმისთვის ბრალი წაუყენეს ტრამპს და აქ არავინ დასჯილა. ეს რანაირი მიდგომაა?! მინდა ვკითხო ქალბატონ კელის და აშშ-ს საელჩოს, ორმაგი მიდგომა გვაქვს?! თუ აქ ყველაფერი “მოსულა”?! ეს მიდგომა აქვთ?! – ნურას უკაცრავად! – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუამ 2020 წლის არჩევნები და ISFED-ის მიერ გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებში უზუსტობა გაიხსენა და განაცხადა, რომ აშშ-ში ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სწორედ არჩევნების შედეგების შეცვლის ფაქტზე წარუდგინეს ბრალი.

“ზუსტად ერთი და იგივე ხელწერა და თემაა. გახსოვთ 2020-ში ჩვენთან ეს ხელმოცარულები და რევოლუციური სცენარის მხარდამჭერები, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც იცოდნენ, რომ არანაირი გაყალბება არ ყოფილა, უტიფრად აგრძელებდნენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ რყევას. გახსოვთ “სამართლიანი არჩევნები” – “ფორმულაში გვქონდა შეცდომაო”. ზეპირად იცოდნენ რომ ასე იყო, მაგრამ მაინც ცდილობდნენ შეენჯღრიათ ჩვენი ქვეყანა. ანალოგიური საქმისთვის ბრალი აქვს ახლა წაყენებული ბატონ ტრამპს და აქ კიდევ არავინ დასჯილა და ეს რანაირი მიდგომაა?! მინდა ვთხოვო (ვკითხო) ქალბატონ კელის და ამერიკის საელჩოს, რადგან ისინი აფინანსებენ ამ ორგანიზაციებს, რანაირად ხდება ეს, ორმაგი მიდგომა გვაქვს?! იქ თუ დანაშაულად ითვლება, საქართველოში შესაბამისი რეაგირება არ უნდა მოჰყვეს?! მე მათი პოზიცია მაინტერესებს უბრალოდ. თუ აქ ყველაფერი მოსულა?! ეს მიდგომა აქვთ?! ნურას უკაცრავად, საქართველო უდიდესი ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, წარსულის მქონე სახელმწიფოა. ის, რომ ჩვენ მცირერიცხოვანი ვართ, არავის არ უნდა შეეშალოს. ეს ღირსეული სახელმწიფოა, რომელიც ყოველთვის თავის სიტყვას ამბობდა, ისევე, როგორც ვაპირებთ, 21-ე საუკუნეშიც თავისი როლი შეასრულოს სატრანსპორტო დერეფნის გამოყენებით საქართველომ ევროპასა და აზიას შორის. ამას ჩვენ მივაღწევთ მწყობრად, ქართველ ხალხთან გვერდში დგომით,” – განაცხადა ზარქუამ.

“ამერიკა დაცემის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ მას კვლავ დიდებულს გავხდით” – ტრამპი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უპრეცედენტო უწოდა და თქვა, რომ ფედერალური ბრალდებების შემდეგ არასდროს ჰქონია ასეთი მხარდაჭერა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მის წინააღმდეგ წაყენებულმა ბრალდებებმა გააღვიძა მსოფლიო კორუფციით, სკანდალით და წარუმატებლობით, რომელსაც შეერთებულ შტატებში ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს ადგილი.

ტრამპის მტკიცებით, გამოკითხვები აჩვენებს, რომ ის ლიდერობს ეროვნულ გამოკითხვებში როგორც რესპუბლიკელების ნომინაციაში, ასევე 2024 წლის საყოველთაო არჩევნებში.

„ამერიკა დაცემის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ მას კვლავ დიდებულს გავხდით, უფრო დიდს, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს.

პირველ ოქტომბერს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულებები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, ამომრჩევლები პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს და გურჯაანის მერს აირჩევენ.

“საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველი ოქტომბრის არჩევნებს. ეს არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან გვაქვს შესაძლებლობა 2024 წლის საერთო არჩევნებამდე კიდევ ერთხელ გამოვცადოთ ელექტრონული ტექნოლოგიები საარჩევნო პროცესში. რაც, რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ამომრჩევლებისა და ჩართული მხარეების ცნობიერების ამაღლებას, ასევე საარჩევნო ადმინისტრატორები ელექტრონულ ტექნოლოგიებთან მუშაობის კიდევ უფრო მეტ პრაქტიკულ გამოცდილებას შეიძენენ.

შეგახსენებთ, რომ 29 აპრილს სწორედ ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი გამოყენებით ჩავატარეთ შუალედური/რიგგარეშე არჩევნები, რომელიც დადებითად შეფასდა. ამ დროისათვის ჩვენ უკვე შესწავლილი გვაქვს ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციის ანგარიში, იდენტიფიცირებულია ხარვეზები და საჭიროებები და გათვალისწინებული იქნება პირველ ოქტომბერს. რა თქმა უნდა, ამ არჩევნების გამოცდილებასაც შევისწავლით და გავითვალისწინებთ 2024 წლის არჩევნებისთვის. ასევე უნდა აღვნიშნოთ ამ პროცესში ჩართული მხარეების მონაწილეობის მნიშვნელობა – ელექტრონული არჩევნების დანერგვა საქართველოს არჩევნების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია და ყველა ჩართულ მხარეს შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს საარჩევნო პროცესის წარმატებით წარმართვაში.

მიგვაჩნია, რომ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის პასუხისმგებლობაა საარჩევნო რეფორმის წარმატებით განხორციელება. არჩევნები საერთო საქმეა და ჩვენ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ტექნოლოგიების მიმართულებით ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებას და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას.

აქვე გაგაცნობთ მომავალ არჩევნებთან დაკავშირებულ დეტალებს. შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 103 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 85.3% მიიღებს. დანარჩენ, 30 საარჩევნო უბანზე კი კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის”, – განაცხადა პრეს-სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ შუალედური/რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და გურჯაანის მერმა ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს.

იუსტიციის სახლიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

თბილისში, სანაპიროს ქუჩაზე მდებარე იუსტიციის სახლიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

ამ დროისთვის იუსტიციის სახლის მიმდებარე პერიმეტრი და შენობაში შესასვლელები პოლიციას აქვს გადაკეტილი.

როგორც იუსტიციის სახლის თანამშრომლები აცხადებენ, შენობაში განგაშის სიგნალი ჩაირთო, რის შემდეგაც დაცვამ შენობის დაუყოვნებლივ დატოვება მოითხოვა.

“მაღალი რომ ხარ და კიდევ „ხაბეზე“ მეტად პოპულისტი, ამიტომ გინდა დაჩაგრო?!” – ზარქუა ვაშაძეს

მივიდა ვაშაძე (პარტიაში) და ჩაგრავს “ხაბეს”, ამის გამო “ცხელ შემოდგომას” მოვუწყობ პარლამენტში, იმიტომ, რომ ეს არასწორია. ახლა შენ იმიტომ, რომ მაღალი ხარ და კიდევ პოპულისტი ხარ “ხაბეზე” მეტად, ამიტომ გინდა დაჩაგრო?! – “არ მოსულა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ “გამარჯვების პლატფორმაზე” საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ამ პლატფორმას “პოპულიზმის და ხელმოცარულების” პლატფორმას დაარქმევდა და ხალხი არჩევნებზე კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ “ქართულ ოცნებას” ალტერნატივა არ ჰყავს.

„მივიდა ვაშაძე და ჩაგრავს „ხაბეს“, ამის გამო „ცხელ შემოდგომას“ მოვუწყობ აქ, პარლამენტში, იმიტომ, რომ ეს არასწორია. ახლა შენ იმიტომ, რომ მაღალი ხარ და კიდევ პოპულისტი ხარ “ხაბეზე” მეტად, ამიტომ გინდა დაჩაგრო?! მიხვედი პარტიაში ხომ, კეთილი ინებე და გაითვალისწინე, ჯერ “ხაბე”, მერე ვაშაძე. პრემიერ- მინისტრის კანდიდატურაზეც მე მხარს ვუჭერ ბატონ ხაბეიშვილს, ეკუთვნის სამართლიანად, ეს რომ მივიდა იქ და აჩოჩებს, არ მოსულა ეს, არსად არ წერია.

სერიოზულად რომ ვილაპარაკოთ, ორივე წყალწაღებულები არიან. 2024 – ში ხალხი დაინახავს, რომ “ქართულ ოცნებას” ალტერნატივა არ ჰყავს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ იდეალურები ვართ, ჩვენც გვაქვს შეცდომები, მაგრამ ზუსტად ვიცით და საზოგადოებამ იცის, ქართული ინტერესებით ვხელმძღვანელობთ, ამის შედეგები გვაქვს, მერამდენე წელია მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ჩინეთმა სტრატეგიულ პარტნიორად მიგვიღო და ეს საფუძველია, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ურთიერთობები და შემოსავლები საქართველოსთვის, საქართველო რუკაზე თავის ღირსეულ ადგილს იკავებს და აძლიერებს,”- განაცხადა ზარქუამ.

“ქართული ოცნების” პირობებში კანონის უზენაესობა არ გვექნება – ხატია დეკანოიძე

სასამართლო და პოლიტიკური მართლმსაჯულება არის ყველაზე უფრო მძიმე პრობლემა ამ ქვეყნის – “ქართული ოცნების” პირობებში კანონის უზენაესობა არ გვექნება, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, “ევროოპტიმისტების” წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ევროკავშირის ანგარიშს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, თავისუფალი სასამართლო სისტემა შესაძლებელია იყოს მხოლოდ პროდასავლური კოალიციური ძალის მმართველობის პირობებში.

“მთავარი პრობლემა ამ ანგარიშში ეს არის ადამიანის უფლებები, სასამართლო, კანონის უზენაესობა და მინდა გითხრათ, რომ სასამართლო და პოლიტიკური მართლმსაჯულება არის ყველაზე უფრო მძიმე პრობლემა ამ ქვეყნის. სანამ ამ ქვეყანაში არ იქნება კანონის უზენაესობა, არ მოვლენ კოალიციური პროდასავლური ძალები და სასამართლოში არ გაუქმდება “კლანი”, მანამ არ გვექნება საქართველოში კანონის უზენაესობა. “ქართული ოცნების” პირობებში ეს არ მოხდება. მე არ მგონია, რომ ეს მოხდეს, ასევე, ვიღაც კონკრეტული ადამიანების პირობებში. ეს უნდა გააკეთოს დიდმა პროდასავლურმა კოალიციურმა ძალამ, რომელიც კონტროლდება ერთმანეთის მიერ. სასამართლოს სჭირდება ყოვლისმომცველი რეფორმა, რომელზეც მე სექტემბრიდან გესაუბრებით,” – განაცხადა დეკანოიძემ.

ევროკავშირი მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს, თუმცა, მათი აღსრულება/განხორციელება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ შემდგომი ძალისხმევა საჭიროა სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროებში.

“ადამიანის უფლებათა სისტემა თუ მყარია, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ეს სისტემა ბოროტმოქმედების ხელშია ჩავარდნილი”

ევროკავშირის ანგარიში არ მინახავს და ვერ გეტყვით, იქ რა წერია, მაგრამ ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ზუსტად ვიცი, რა მდგომარეობაშია ადამიანის უფლებების დაცვა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, „ადამიანის უფლებების დაცვას მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოთი ვერ შეძლებ“.

„რაც არ უნდა ანგარიშში ჩაწერო, ზუსტად ვიცოდი, რომ ადამიანის უფლებების დაცვას მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოთი ვერ შეძლებ. ანუ, ისეთია, როგორიც შეეფერება იმ ქვეყნის სასამართლოს, სადაც მოსამართლეები დასანქცირებული არიან მთავარი პარტნიორის მიერ. თუ სისტემა მყარია, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ეს სისტემა ბოროტმოქმედების ხელშია ჩავარდნილი. ბოროტმოქმედია სასამართლო, რომელიც სააკაშვილის პერიოდიდან დაწყებული ემსახურებოდა არა ხალხის ინტერესების დაცვას, არამედ ხალხისგან პოლიტიკური ხელისუფლების დაცვას“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს. თუმცა, მათი აღსრულება/განხორციელება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს.

“საქართველოში იაფი ფულის პოლიტიკის დრო არ არის” – რომან გოცირიძე

დღეს საქართველოში იაფი ფულის პოლიტიკის წარმოების დრო არ არის – ეს ნიშნავს ბანკებისთვის შეღავათიანი საკრედიტო რესურსების მიცემას საბოლოო ჯამში, ქვეყნის ბიზნესის და მოქალაქეების საზიანოდ, – ასე ეხმიანება პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტების” წევრი რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას შეამციროს რეფინანსირების განაკვეთი.

გოცირიძის თქმით, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორი არ არის და შეცდომაა.

“ყველა ის რისკი, რაც არსებობდა ფასების ზრდის, ლარის გაუფასურების, შენარჩუნებულია. ეროვნული ბანკის და მთავრობის პოლიტიკამ მუქთა ფულით აავსო კომერციული ბანკები, ასევე საპენსიო ფონდის მთელი ფული კომერციულ ბანკებშია, ბიუჯეტის ნაშთებიც დეპოზიტებზე კომერციულ ბანკებშია და არნახული მოგება მიიღეს კომერციულმა ბანკებმა. ჩვენი მოქალაქეების დეპოზიტებზე კი კომერციულ ბანკებში ფაქტობრივად, სიმბოლური პროცენტის დარიცხვა ხდება. ერთი კომერციული ბანკის მოგება დაახლოებით იმდენია, რაც ლატვიის ბანკების მთელი მოგება ერთად აღებული. ასე რომ, იაფი ფულის პოლიტიკა ნიშნავს ბანკებისთვის შეღავათიანი საკრედიტო რესურსების მიცემას, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ბიზნესის და მოქალაქეების საზიანოდ. რა თქმა უნდა, ჩვენს 180 ათას მოქალაქეს 0.25 პროცენტით შეუმცირდება კომერციულ ბანკებში აღებული სესხები და ეს იწვევს ცდუნებას, რომ პოლიტიკურად იქნეს გამოყენებული რეფინანსირების განაკვეთი და ვიცით, რა გააკეთეს თურქეთში წინასაარჩევნოდ, როცა საშინლად შეამცირა თურქეთის ხელისუფლებამ რეფინანსირების განაკვეთი, რომ მომხმარებლის გული მოეგო და მერე სადამდე ავარდა ინფლაცია კარგად ვიცით – 80 პროცენტიანი ინფლაცია იყო ქვეყანაში. მე არ ვამბობ, რომ ასეთი საფრთხეა საქართველოში, მაგრამ თეორიულად ეს ასეა. დღეს საქართველოში იაფი ფულის პოლიტიკის წარმოების დრო არ არის,” – განაცხადა გოცირიძემ.

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.25 პროცენტული პუნქტით, 10.25 პროცენტამდე ამცირებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება დამატებითი სესიების დასრულებასთან დაკავშირებით

2023 წელს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში შევიდა ცვლილება – ტესტირებაზე გამოუცხადებელ აბიტურიენტებს მიეცათ დამატებით გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ მათ საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს ვერ შეძლეს გამოცდაზე გამოცხადება შემდეგი მიზეზების გამო:

ა) ჯანმრთელობის გაუარესების შედეგად გამოცდის დღეს სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის გამო არანაკლებ 24 საათის განმავლობაში;

ბ) ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო;

გ) დაუძლეველი ძალის გამო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ საგამოცდო  პროცესი დასრულებულია, ჩატარებულია ყველა დამატებითი გამოცდაც იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებდნენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს. ცენტრმა უკვე დაიწყო პირველადი შედეგების გამოცხადება.

გამოცდების და დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ ცენტრში წარმოდგენილი იქნა სასამართლოს დროებითი განჩინება, რომლითაც ცენტრს დაევალა ერთ-ერთი აბიტურიენტის დაშვება დამატებით გამოცდაზე. შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია. ცენტრმა განჩინება გაასაჩივრა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გამოცდების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია ყველა საგამოცდო წესისა და კანონის დაცვა, რაც უზრუნველყოფს ყველასთვის თანაბარი გარემოს შექმნას და ათიათასობით აბიტურიენტს აძლევს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

“დღემდე არ მოგვისმენია განმარტება, იცოდა თუ არა USAID-მა ISFED-ის შეცდომის შესახებ” – შალვა პაპუაშვილი

არჩევნებიდან მეორმოცე დღეს აღიარა ISFED-მა, რომ არ იყოს სწორი ის შედეგები, რომელიც მათ გამოაცხადეს და ეს აღიარებაც იყო მას შემდეგ, რაც პარლამენტი შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც გახდა ცხადი, რომ ნებისმიერ ყალბ კამპანიას არჩევნების ლეგიტიმურობის წინააღმდეგ არანაირი შედეგი აღარ გამოჰქონდა, პარლამენტი შეიკრიბა და შედგა, ზუსტად პარლამენტის შეკრების დღეს საღამოს აღიარა „სამართლიანმა არჩევნებმა“ თვისი ე.წ. შეცდომა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ შემდეგ გავარკვიეთ, რომ როგორც აღმოჩნდა, ამ მომენტამდე მინიმუმ სამი კვირით ადრე ISFED-ის დონორმა „ამერიკის განვითარების სააგენტომ“ იცოდა უკვე იმის შესახებ, რომ ეს ინფორმაცია არ იყო სწორი და ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია განმარტება USAID-ის მხრიდან, რატომ უმალავდნენ ქართველ საზოგადოებას ამ ინფორმაციას. რატომ უმალავდნენ ამ ინფორმაციას პარტნიორ საქართველოს ხელისუფლებას, რომელთან პარტნიორობითაც ხორციელდება ყველა ეს პროექტი. მაშინ, როდესაც ქუჩაში იმართებოდა პროტესტები სწორედ ამ ყალბ ინფორმაციაზე დაფუძნებით, რატომ დუმდა მაშინ და უმალავდა ამ ინფორმაციას USAID-ის წარმომადგენლობა ქართულ საზოგადოებას და დღემდე, თითქმის ორი წელი გავიდა და რამდენჯერმე ეს კითხვა დაისვა, დღემდე არ არის პასუხი და გაურბიან ამაზე პასუხს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამაზეც დაფიქსირდეს პოზიცია. ერთი, რამდენად სწორია ეს ინფორმაცია ISFED-ის მხრიდან, რომ მათ შეატყობინეს და მეორე, თუკი მათ იცოდნენ, რატომ უმალავდნენ ამას ქართულ საზოგადოებას“, – განმარტა შალვა პაპუაშვილმა.

ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე.

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საქართველოს და უცხო ქვეყნის 22 მოქალაქეს, ქ.თბილისში, იერუსალიმის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ფართები მოტყუებით შეაძენინეს. კერძოდ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაზარალებულები დაარწმუნეს, თითქოსდა მათ მიერ გადახდილი თანხა შენობის რეაბილიტაციას და საცხოვრებელი ბინების რემონტს მოხმარდებოდა და საცხოვრებელ ფართს სრულად კეთილმოწყობილ მდგომარეობაში მიიღებდნენ.

დაზარალებულები ნასყიდობის შეთანხმებით გათვალისწინებულ თანხებს პერიოდულად იხდიდნენ, თუმცა ბრალდებულები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს არ ახორციელებდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები წლების განმავლობაში ატყუებდნენ მათ, რომ გამართულ საცხოვრებელ ბინებს ჩააბარებდნენ, რის შედეგადაც, მოქალაქეთა მიერ გადახდილ თანხას თაღლითურად ისაკუთრებდნენ. აღნიშნულის შედეგად, ბრალდებულები დაზარალებულების კუთვნილ, ჯამში 1 694 574 აშშ დოლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

გარდა ამისა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა იერუსალიმის ქუჩაზე მდებარე 100 000 აშშ დოლარის და 35 000 აშშ დოლარის ღირებულების საცხოვრებელი ბინები.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“აღმაშენებელს” რომ დაარქმევ პარტიას, არ ნიშნავს, რომ რამეს ააშენებ, ეს დამანგრეველი ძალაა”- გია ვოლსკი

100%-იანი სიზუსტით შემიძლია, ვთქვა, რომ ვაშაძის ხელისუფლების ზეობის პერიოდში, საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა რუსეთის ინტერესები ყოფილიყო გატარებული რეგიონშიც და საქართველოს ტერიტორიაზეც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ოკუპაცია მოხდა იმ პირობებში, როდესაც დასავლეთს აბსოლუტურად სხვა საგზაო რუკა ჰქონდა სამოქმედო, დაუპირისპირდნენ მას და დაასხეს ძალუმად წყალი რუსულ წისქვილზე.

„სამუშაო ადგილები რომ იქმნება დღეს, შეუდარებლად დიდი სოციალური პაკეტი რომ არის, ვიღაცა ბავშვებზე ზრუნავს, რომელთა მიმართ დამოკიდებულება ვაშაძის ზეობის პერიოდში იყო ნულის ტოლი, აი, ეს თემებია ის, რაც ისტერიკაში აგდებს ვაშაძესაც და მის „დამარცხების პლატფორმასაც“. ამ რეალობაში უნდა, რომ ხალხს კიდევ დამატებითი ტყუილი მოუყვეს, ვითომ სამუშაო ადგილების შემქმნელების ან რაღაცის გამკეთებლები არიან, გინდა, ეკონომიკაში ან პოლიტიკაში. ეს არის დამანგრეველი ძალა და ჯერ საკუთარ დანგრევას ახორციელებენ, უნდათ, რომ ეს ნგრევა გადაიტანონ ქვეყანაზე. ეს არის რეალობა, რასაც თვალი უნდა გაუსწორონ, მათ შორის, იმ ადამიანებმაც, რომლებიც მხარს უჭერენ „ნაციონალურ მოძრაობას“.

ნული იყო სოციალურ პაკეტზე, უსაფრთხოებაზე მსჯელობა. რუსეთთან მიმართებაში გამყიდველი პოზიცია ჩამოაყალიბეს და შედეგები სახეზე გვაქვს. რა საქმეზე უნდა ელაპარაკო? „აღმაშენებელს“ რომ დაარქმევ პარტიას და ფრაქციას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამეს ააშენებ.

ვაშაძეს პრემიერ-მინისტრობა უნდა. რომ იძინებს, იღვიძებს, ფიქრობს, ჩრდილოვანი კაბინეტი მაინც შექმნას, რეალობაში კაბინეტს ვერასდროს რომ ვერ შექმნის, იცის, და ჩრდილოვან კაბინეტში პრემიერ-მინისტრის სავარძელში წარმოიდგინა საკუთარი თავი. საინტერესოა, მინისტრები ვინ ეყოლება. ეს ადმიანები შორს არიან ევროპული სტანდარტისგან, ვინაიდან აწამეს, დახოცეს ადამიანები და დღემდე ამ სისხლში აქვს, მათ შორის, ვაშაძეს ხელი გასვრილი. ყველა იმაზე ზრუნავს, როგორმე ქვეყანა აურიონ და დესტაბილიზაცია მოახდინონ. რა ჩრდილოვანი კაბინეტი უნდა შექმნან?! ისე, თუ შექმნიან და საზოგადოებას გააცნობენ თავისანთ გეგმებს ყველა მიმართულებით, ურიგო არ იქნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.