Home Blog Page 1695

“რუსულმა რაკეტამ ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია” – პოლონეთის გენერალურ შტაბი

პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ რუსულმა რაკეტამ ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გაზეთი Le Monde ავრცელებს.

“ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რუსული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ამის დადასტურება გვაქვს ეროვნულ და მოკავშირეთა რადარებზე”, – აღნიშნა პოლონეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ვესლავ კუკულამ.

მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომ რუსული საკრუიზო რაკეტა Х-22 ან Х-101 პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, რომელიც შემდეგ ისევ უკრაინაში დაბრუნდა, სადაც საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ იყო განეიტრალებული.

“დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 36.6% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას” -Edison Research

ტელეკომპანია „ფორმულა“ Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

Edison Research-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:

„ქართული ოცნება“ – 36.6%;

„ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი“ – 21.5%;

„საქართველოსთვის“ – 8.8%;

„ლელო“ – 6.7%;

„გირჩი/დროა“ – 5%;

„ლეიბორისტული პარტია“ – 4.7%;

„ხალხისთვის“ – 3.7%;

„ალტ-ინფო“ – 3%;

„გირჩი“ (იაგო ხვიჩია) – 2.9%;

„ხალხის ძალა“ – 2.5%;

„მოქალაქეები“ – 1.7%;

„პატრიოტთა ალიანსი“ – 1.7%;

„ევროპული საქართველო“ – 0.7%;

სხვა – 0.5%.

ამავე კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა 70% თავის პოლიტიკური არჩევანში დარწმუნებულია.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი გამოიკითხა. ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში.

ცვლილებები და ჯარიმები, რომელიც 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული და პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიზანს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს, 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცვლილებების თანახმად, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით.

„ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა. ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლები და აღნიშნულ მახასიათებლებთან მათი შესაბამისობის დადგენის წესი, საქართველოს მთავრობამ დადგენილებით დაამტკიცა.

დადგენილებით, ასევე, დამტკიცდა იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით. ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი. საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს: – არანაკლებ 3 მმ. − მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3); – არანაკლებ 4 მმ. − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3); საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი; საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა; ავტობუსისთვის (M3) და 3.5 ტონაზე მეტი სრული მასის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებისთვის (N2, N3) დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო – ფიფქი. ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი უფლებამოსილია ზემოაღნიშნული კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის დააწესოს არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე. – თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, პოლიციელი უფლებამოსილია პირს აუკრძალოს დადგენილებით განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთზე შესვლა. თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და ამ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, პირს შესაძლოა დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე.

ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.

დეტალური ინფორმაცია ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლების, ასევე, იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალის შესახებ, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით, იხილეთ ბმულზე“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

“დღეს მქონდა პატივი, ვწვეოდი ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ოჯახთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეწვია.

“მის უწმინდესობასთან ყოველი შეხვედრა დიდი სიხარულის, იმედის და ბედნიერების მომტანია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის.

დღეს მქონდა პატივი, ვწვეოდი ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს და მიმელოცა მისთვის დამდეგი შობა-ახალი წელი.კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს სულიერ მამას აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს!ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელ სიცოცხლეს!” – წერს კახა კალაძე.

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 23.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა – ეროვნული ბანკი

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 23.4 მლრდ აშშ დოლარი (62.6 მლრდ ლარი) შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკუთრივ საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 2023 წლის მესამე კვარტალში 10.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

„მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის“ – 2003, შესაბამისად.

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 23.4 მლრდ აშშ დოლარი (62.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 78.9 პროცენტია. 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 867.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 599.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, საკურსო ცვლილებების გამო კი 293.3 მლნ. აშშ დოლარით. ფასის და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად 7.0 და 18.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.7 მლრდ აშშ დოლარი (28.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 36.2 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.2 მლრდ აშშ დოლარი (22.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 27.7 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 873.0 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.9 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 440.5 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.5 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.1 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 6.9 მლრდ აშშ დოლარი (18.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.2 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.5 მლრდ აშშ დოლარი (12.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 15.2 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 2.9 მლრდ აშშ დოლარი (7.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 9.8 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 88.2 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 11.6 მლრდ აშშ დოლარი (31.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 39.2 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.5 მლრდ აშშ დოლარია (14.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 18.4 პროცენტია.

2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 10.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო ვალი 10.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 31.5 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა. 2023 წლის მესამე კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 873.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 457.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

გარე განათების სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გარე განათების სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 30 დეკემბერს, 01:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

„მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“ვარკეთილში ხანძარი პლასტმასის საწყობსა და ავტომანქანის მეორადი ნაწილების სათავსოზე იყო გავრცელებული” – დამწვარია 4000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია

„ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გავრცელებული იყო პლასტმასის საწყობსა და ავტომანქანის მეორადი ნაწილების საწყობზე. მეხანძრე-მაშველებმა დროულად იმუშავეს, მოახდინეს კერის ლოკალიზაცია და აღკვეთეს სხვა საწყობებზე ხანძრის გაჩენის შესაძლებლობა. ხანძრის ფართობი 4000 კვადრატამდეა, – ამის შესახებ სახანძრო-სამაშველო ძალების თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა ლევან მუსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ადგილზე 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.

„ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის გაჩენის მიზეზებს ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ. უნდა იმუშაოს შესაბამისმა სამსახურმა, რომელიც დაადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზებს. რაც შეეხება სამაშველო ჯგუფების მუშაობას – დროულად მოხდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მიერ რეაგირება. 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო ადგილზე მობილიზებული. ხანძარი გავრცელებული იყო პლასტმასის საწყობსა და ავტომანქანის მეორადი ნაწილების საწყობზე. მეხანძრე-მაშველებმა დროულად იმუშავეს, მოახდინეს კერის ლოკალიზაცია და აღკვეთეს სხვა საწყობებზე ხანძრის გაჩენის შესაძლებლობა. ხანძრის ფართობი 4000 კვადრატამდეა. დაშავებულების შესახებ არავის მოუმართავს“, – განაცხადა ლევან მუსელიანმა.

“დავით გარეჯის საკითხზე გვაქვს პროგრესი და ნელ-ნელა წინ მივდივართ” – ნიკოლოზ სამხარაძე

დავით გარეჯის საკითხზე გვაქვს პროგრესი და ნელ-ნელა წინ მივდივართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, „ვერ ვიტყვი, როდის შეიძლება, დასრულდეს ეს პროცესი, თუმცა გვაქვს პოზიტიური მოლოდინი“.

„რაც შეეხება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხს, საზღვრის დაახლოებით 70% არის შეთანხმებული. მიმდინარეობს მუშაობა დანარჩენი 30%-ის შეთანხმებაზე. თუმცა დელიმიტაციის პროცესი ასეთია, ვიდრე 100% არ შეთანხმდება, მანამდე დელიმიტაციის ხელშეკრულებას ხელი არ ეწერება. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს პროგრესი და ნელ-ნელა წინ მივდივართ. ვერ ვიტყვი, როდის შეიძლება, დასრულდეს ეს პროცესი, თუმცა გვაქვს პოზიტიური მოლოდინი იმ ურთიერთობებიდან გამომდინარე, რა ურთიერთობებიც დღეს გვაქვს ჩვენს მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან დამყარებული. უნდა მოვიცადოთ, დაველოდოთ და ამ პროცესს გავყვეთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

“დავით გარეჯის საკითხი აუცილებლად გადაწყდება ისე, როგორც სტრატეგიულ პარტნიორებსა და მეგობრებს შეეფერებათ” – ზურაბ პატარაძე

გვაქვს პოზიტივი, რომელზეც ახლა ვერ ვისაუბრებ, დავით გარეჯის საკითხი აუცილებლად გადაწყდება ისე, როგორც სტრატეგიულ პარტნიორებსა და მეგობრებს შეეფერებათ, – ამის შესახებ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა, ზურაბ პატარაძემ განაცხადა.

როგორ ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, დღეს, როგორც არასდროს, ქვეყნებს შორის პოლიტიკურ ჭრილში მაღალი დონის დიალოგი არსებობს.

„დავით გარეჯთან დაკავშირებით მინდა, გითხრათ, რომ ეს არის ცოცხალი პროცესი. თქვენ იცით, ამასთან დაკავშირებით ასევე მუშაობენ კომისიები. ჩატარდა სხდომა პანდემიამდე პერიოდში. ეს მუშაობა აუცილებლად გაგრძელდება. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ეს საკითხი აუცილებლად გადაწყდება იმგვარად, როგორც შეეფერება ორ მეგობარ, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას. აუცილებლად იქნება შედეგი. ძალიან გთხოვთ, ნუ დავასწრებთ მოვლენებს. გვაქვს პოზიტივი, რომელზეც ახლა ვერ ვისაუბრებ, ეს საკითხი აუცილებლად გადაწყდება ისე, როგორც შეეფერებათ სტრატეგიულ პარტნიორებსა და მეგობრებს. ნუ დავასწრებთ მოვლენებს. დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის არსებობს ძალიან კარგი კომუნიკაცია. თქვენ მომსწრე ხართ, შარშან, შარშანწინ, პრეზიდენტი ალიევი იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა აზერბაიჯანში წელს ორჯერ. დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის სამთავრობათაშორისი კომისიის ჩატარება ქალაქ ბაქოში გაზაფხულზე. ვფიქრობ, ამ ფორმატებში ჩვენ გვექნება საშუალება, მივიღოთ კონკრეტული შედეგები“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

“უკრაინის ქალაქებზე მასობრივი სარაკეტო თავდასხმა აჩვენებს, რომ პუტინი არ გაჩერდება, ვიდრე მიზანს არ მიაღწევს”

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე მასობრივი სარაკეტო თავდასხმა აჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინი არ გაჩერდება, ვიდრე მიზანს არ მიაღწევს და არ ამოძირკვავს თავისუფლებას და დემოკრატიას.

ამის შესახებ განცხადება რიში სუნაკმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„უკრაინის ქალაქებზე ეს მასობრივი თავდასხმები აჩვენებს, რომ პუტინი არაფრის წინაშე არ გაჩერდება, ვიდრე არ მიაღწევს მიზანს და არ ამოძირკვავს თავისუფლებას და დემოკრატიას. ჩვენ მას გამარჯვების უფლებას არ მივცემთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის გვერდით დგომა იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება“, – წერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.

ცნობისთვის, 29 დეკემბერს რუსეთმა უკრანის ქალაქებზე მასობრივი სარაკეტო იერიში განახორციელა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის სამიზნე გახდა არაერთი ქალაქი, მათ შორის კიევი, ლვოვი, ოდესა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 18 ადამიანი, 132 ადამიანი კი, დაშავდა.

უცხოური ვალუტის კურსი 30 დეკემბრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6894 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6894 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6930 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9753 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9960 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0207 ლარი შეადგინა.

“სამწუხაროდ, კეზერაშვილის ბიძაშვილისა და ახლობლების დაკავება სიახლე არ იქნება” – გურამ მაჭარაშვილი

საერთაშორისო ჟურნალისტურმა გამოძიებამაც დაადგინა, რომ კეზერაშვილი ერთ-ერთი ავტორია ევროპელი პენსიონერების ძარცვაში. ამიტომ, სამწუხაროდ, მისი ბიძაშვილისა და ახლობლების დაკავება სიახლე არ იქნება, კეზერაშვილთან კი, კვალი დიდი ხანია, უკვე მისულია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, რა მოხდება, მისთვის ბრალდების წარდგენა თუ დაკავება, ეს საერთაშორისო გამოძიებაზეა დამოკიდებული.

„ქართული მართლმსაჯულებით კი, მას ბრალიც აქვს წარდგენილი და განაჩენიც ცნობილია – მხილებულია ქართული ჯარის გაძარცვაში. ის პროცესი ლოგიკურად გრძელდება, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ არავის შერჩება არც ბიუჯეტის ძარცვა და არც ქართული ჯარის. მით უმეტეს, ამ ფულით შემდეგ ტელევიზიებისა და ოპოზიციური პარტიების დაფინანსება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.