Home Blog Page 1692

„მან დღეს საბოლოოდ დაადასტურა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა“ – სოფო ჯაფარიძე

ქართველი ხალხი 2024 წელს აღარ აირჩევს რუსეთს, აღარ აირჩევს შიმშილს, სიღარიბეს, სიბნელეს, უმუშევრობას და აღარ აირჩევს ემიგრაციას“, – ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.

„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა ის, რაც აქამდე არაერთხელ მითქვამს და დღეს საბოლოოდ დადასტურდა, რომ დიახ, რუსი ოლიგარქი არასოდეს წასულა ქართული პოლიტიკიდან. მან დღეს საბოლოოდ დაადასტურა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა და კიდევ ერთხელ დაადასტურა შიში იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფართო ჩართულობით 2024 წელს ცვლილებები გარდაუვალია.

მე მინდა ვუთხრა მას – ქართველი ხალხი 2024 წელს აღარ აირჩევს რუსეთს, აღარ აირჩევს შიმშილს, სიღარიბეს, სიბნელეს, უმუშევრობას და აღარ აირჩევს ემიგრაციას“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მინდა, 42 000-ზე მეტ ადამიანს, ვინც „ქართული ოცნების“ წევრად ირიცხება, 100 ათასობით მხარდამჭერს მივულოცო ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება -თეა წულუკიანი

მინდა, 42 000-ზე მეტ ადამიანს, ვინც „ქართული ოცნების“ წევრად ირიცხება, ჩვენს პარტიულ აქტივს, ასევე 100 ათასობით მხარდამჭერს მივულოცო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება და მას ვუთხრა მადლობა ამ ინიციატივისთვის, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ამის გამო დღეს ძალიან სასიხარულო, მე-7 ყრილობა გვქონდა. ახალი წელიც ასე წარმატებით დავასრულეთ, შევაჯამეთ როგორც ეკონომიკური პარამეტრები, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს გამარჯვება ევროკავშირის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით, ვიმსჯელეთ იმ პოლიტიკურ გამოწვევებზე, რომელიც 2022, 2023 წელს ჰქონდა ჩვენს სახელმწიფოს, მმართველ გუნდს.

ჩვენ იანვრიდან გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ივნისი-ივლისის თვიდან ჩვენს საარჩევნო შტაბებთან ერთად აქტიური საარჩევნო და პოლიტიკური კამპანია გავშალოთ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მორიგჯერ დამაჯერებელ გამარჯვებას დავდებთ გამჭირვალე და სამართლიან არჩევნებში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

“ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოებაში, აქვს ძალიან დიდი რესურსი, აქვს უდიდესი პატივისცემა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან”- კახა კალაძე

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, საქართველომ რთული, გამოწვევებით სავსე პერიოდი გამოიარა და „ქართული ოცნების“ გუნდი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს იცავდა.

მისივე თქმით, გამოწვევები არსებობს დღესაც და ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოებაში, აქვს ძალიან დიდი რესურსი.

„წარსულს თუ გადავხედავთ, ყველა მიხვდება, რამდენად რთული პერიოდი გამოვიარეთ, რამხელა სირთულეები, რამხელა შემოტევები იყო, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე ქვეყნის გარედან, არ მალავდენენ ამ ყველაფერს, რისი სურვილი ჰქონდათ საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენი გუნდი იყო ერთიანი და იცავდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, რა თქმა უნდა, ეს გამოწვევები დღესაც არსებობს, არსად წასულა. შესაბამისად, გუნდის და ხალხის კონსოლიდაცია არის მნიშვნელოვანი და პირდაპირ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოებაში, აქვს ძალიან დიდი რესურსი, აქვს უდიდესი პატივისცემა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან. მას ნამდვილად შეუძლია, რომ მოახდინოს მმართველი გუნდის და ხალხის კონსოლიდაცია, რადგან გამოწვევები არსად წასულა, დღესაც არსებობს, ამ რთულ მოცემულობაში, იმის გათვალისწინებით, რა ხდება რეგიონში, რა ხდება მთელ მსოფლიოში და მისი მხრიდან ნახსენები იყო ევროინტეგრაცია. ეს ძალიან რთული საქმეა და მოგვიწევს ამ მიმართულებით ბრძოლა “, – განაცხადა კახა კალაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“  საპატიო თავმჯდომარე იქნება.

“ბიძინა ივანიშვილის როლი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, მან ეს უნიკალური როლი შეასრულა 2012 წელს და მას შემდეგ ყველა გამარჯვებაში, რომელიც მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ”- პრემიერი

ბიძინა ივანიშვილის როლი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, მან ეს უნიკალური როლი შეასრულა 2012 წელს და მას შემდეგ ყველა გამარჯვება, რომელიც მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან ერთად, ამ ყველა გამარჯვებაში ლომის წვლილი, მთავარი როლი, უნიკალური როლი მან შეასრულა,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სულ მცირე მომდევნო 10 წელი ძალიან რთული პერიოდი იქნება არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში  და შექმნილი ვითარების გამო, აუცილებელი იყო ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში.

„პირველ რიგში, მინდა, საუბარი დავიწყო იმით, რომ ყველას კარგად მოეხსენება ბიძინა ივანიშვილის უნიკალური როლი ზოგადად ჩვენი ქვეყნის, მე არ მოვერიდები ამ სიტყვის თქმას, გადარჩენის საქმეში. რომ არ მოსულიყო, დავიწყებ თავიდან, ბატონი ბიძინა პოლიტიკაში 2012 წელს, დღეს მე მგონი არც ერთი ჩვენი მოქალაქე აღარ რჩება, ვისაც არ სჯერა, რომ დღეს ქვეყანა შეიძლება, საერთოდ აღარ გვქონოდა. რა თქმა უნდა, ის წინა მჩაგვრელი, კრიმინალი ხელისუფლება რომ დარჩენილიყო 2012 წელს ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანა იქნებოდა ომში ჩაბმული, რაც ნიშნავს პრაქტიკულად განადგურებას ჩვენი ქვეყნის. შეიძლება დაგვეკარგა სუვერენიტეტი და საერთოდ, ბოლომდე განადგურებულიყო ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, მინდა, შეფასება კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ, ბიძინა ივანიშვილის როლი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და მან ეს უნიკალური როლი შეასრულა 2012 წელს და მას შემდეგ ყველა გამარჯვება, რომელიც მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან, ჩვენს ამომრჩეველთან ერთად, რა თქმა უნდა, ამ ყველა გამარჯვებაში ლომის წვლილი, რომ იტყვიან, მთავარი როლი, უნიკალური როლი მან შეასრულა. ახლა რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში, მინდა, გითხრათ, რომ ყველამ კარგად მოისმინეთ მისი სიტყვა და კითხვები აღარ არსებობს. მან თავად განმარტა ყველა ის მიზეზი, რის გამოც იგი ბრუნდება პოლიტიკაში.

მინდა, ერთი რამ გითხრათ, რომ მთელი მსოფლიო და მათ შორის ჩვენც, რა თქმა უნდა, ჩვენ განუყოფელი ნაწილი ვართ მთელი დანარჩენი მსოფლიოსი და ბუნებრივია, ის რაც ხდება რეგიონში და დღეს გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება ყოველდღიურად, ეს გეოპოლიტიკური ვითარება რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაზე აისახება. იცვლება საერთაშორისო წესრიგი, მსოფლიო წესრიგი. არავინ არ იცის ეს რამდენ ხანს გასტანს და ეს კატაკლიზმები კიდევ რას გამოიწვევს ქვეყნებისთვის, მე ხაზს ვუსვამ და პირველ რიგში ჩვენი ინტერესი უნდა იყოს ამას როგორი ასახვა ექნება ჩვენს ქვეყანაზე. ასეთ ურთულეს, მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ბიძინას როლი რა თქმა უნდა, არის გადამწყვეტი და აქაც უნიკალური როლის შესრულება იკისრა მან. მომდევნო 10 წელი, შეიძლება ასე ითქვას, ძალიან რთული პერიოდი იქნება არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში, სულ მცირე მომდევნო 10 წელი. ამიტომ, ისეთი ვითარებაა დღეს ქვეყანაში და მსოფლიოში, რომ აუცილებელი იყო ბატონი ბიძინას დაბრუნება პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, აღარ გავაგრძელებ იმას, თუ რამდენად გაამყარებს ჩვენს გუნდს, „ქართულ ოცნებას“, კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და დაასტაბილურებს სიტუაციას, უფრო მეტად პროგნოზირებადი გახდება მდგომარეობა საერთოდ ქვეყანაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს -ბიძინა ივანიშვილი

2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩვენ გავყვებით იგივე ხაზს, რასაც 2012 წლიდან მოვყვებით – ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა 2030 წლამდე, რაც ძალიან რეალურია, ადამიანის უფლებები მაქსიმალურად დავხვეწოთ კიდევ, რაც შემოვიტანეთ ჩვენ და გახსოვთ, რაც იყო მანამდე. ამ ხაზით და მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. ბიძინა ივანიშვილმა ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, სადაც პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა.

“მე უკვე დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს”- ბიძინა ივანიშვილი

უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთ თვეში ყველა აქტივი გამიჩერეს და სასამართლოებში მატარებენ, რეალურად დასანქცირებული ვარ ყველაზე უხეში მეთოდებით და უხეში გზებით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, დასანქცირებულია და ოპოზიცია ტყუილად ამტვრევს ღია კარს.

„ჩემმა ადვოკატებმა რამდენჯერმე თქვეს, რომ მე ვარ სანქცირებული, რომ გაგიხარდეთ, ვისაც გიხარიათ. მე რეალურად სანქცირებული ვარ, დე ფაქტო, ყველაზე უხეში მეთოდებით და უხეში გზებით. ყოველგვარი კანონის გვერდის ავლით. უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთ თვეში ყველა აქტივი გამიჩერეს და სასამართლოებში მატარებენ. რეალურად, სანქცირებული ვარ, ამიტომ, ოპოზიცია ტყუილად ღელავს და ღია კარებს ამტვრევს. დაასანქცირეთ და დაასანქცირეთო. დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს და ნახეთ, რომ პოლიტიკაშიც დავბრუნდი, რათა კიდევ დავეხმარო ქვეყანას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე: „სანქციებთან დაკავშირებული შიში თუ გახდა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი“, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა:

„არ მაქვს მაგის შიში, რადგან სანქცირებული ვარ, დიდი ხანია და ღია კარს რაღატომ ამტვრევთ. ადვოკატებმა სანქციებთან დაკავშირებით ძალიან კარგი განმარტებები გააკეთეს და დადგება დრო, მეც საჯაროდ გამოვალ და უფრო მეტს ვეტყვი საზოგადოებას. დღევანდელ დღეს, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ამაზე მეტს არ ვთვლი საჭიროდ, ვთქვა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ

პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, სადაც პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას უცვლელად გთავაზობთ:

„მოგესალებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები ყრილობის დელეგატებს, „ქართული ოცნების“ წევრებს, მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ტელევიზიით ადევნებენ თვალყურს მმართველი პარტიის ყრილობას.

ზუსტად სამი წლის წინ, საზოგადოებას ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილება აქტიური პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირების შესახებ. ახლა კი, სამი წლის შემდეგ, ჩემივე ინიციატივით, პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით, პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები.

ცხოვრებაში გულწრფელობას განსაკუთრებულად ვაფასებ და ამიტომ მინდა, ხალხს გულწრფელად განვუმარტო ჩემი გადაწყვეტილების მიზეზები.

როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკური საქმიანობა არ არის ჩემს ხასიათში. ყველას ახსოვს, რომ ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე გავუზიარე საზოგადოებას ჩემი განზრახვა, რომ არჩევნებში გამარჯვებიდან ძალიან მალე დავტოვებდი პოლიტიკას. მაშინ ეს ბევრისთვის დაუჯერებელი იყო. თუმცა, ისიც გახსოვთ, რომ 2013 წლის ბოლოს სიტყვა შევასრულე, მივიღე მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებიდან ერთ წელიწადში, საკუთარი ნებით დავტოვე მთავრობის მეთაურის პოსტი.

ამით იმის შეხსენება მინდა, რომ პოლიტიკაში თანამდებობისთვის არ მოვსულვარ. პოლიტიკაში შესვლის გადაწყვეტილება მივიღე რწმენით, რომ სწორედ ჩემი ეს ნაბიჯი წაადგებოდა მაშინ ყველაზე მეტად ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. პოლიტიკიდან კი ერთ წელიწადში იმ რწმენით გავედი, რომ მისია სრულად მქონდა შესრულებული და დამნაშავეებს ხელისუფლებაში დაბრუნების ამბიცია აღარასდროს გაუჩნდებოდათ. თუმცა, როგორც შემდგომ გაირკვა, დანაშაულებრივ პოლიტიკურ სისტემას იმაზე ღრმად ჰქონდა გადგმული ფესვები, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა.

პირველად 2018 წელს მომიწია პოლიტიკაში შემობრუნება. ამ გადაწყვეტილების მიზეზების შეხსენებით თავს აღარ შეგაწყენთ. გავიხსენებ მხოლოდ ევროკავშირის ყოფილი ელჩის სიტყვებს. ელჩმა, რომელთანაც ოჯახებით ვმეგობრობდი, მითხრა: რომ არ დაბრუნებულიყავი, ერთი თვე და მმართველი პარტიიდან არაფერი დარჩებოდაო. ეს მართლაც ასე იყო და ძალიან კარგად ვიცოდი. თუმცა, ელჩის ნათქვამით გავიაზრე, რომ რაც მე დავინახე და შევაფასე, თურმე, გარედანაც კარგად ჩანდა.

მაშინ ჩემი მისია შევასრულე, გუნდი თავიდან დავალაგეთ, სისტემა ავაწყვეთ და მხოლოდ ამის შემდეგ, მეორედ გავედი პოლიტიკიდან. თანაც, საპენსიო ასაკმაც მომიწია და შესაბამისად, ამისათვის კიდევ ერთი საპატიო მიზეზი მქონდა.

ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნისა და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა. მაშინ მომიწია, მრჩევლის ფუნქცია მეტვირთა და გუნდს კონსულტაციებით რომ არ დავხმარებოდი, პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა.

მას შემდეგ, პარტიის 2-3 ლიდერთან მქონდა კომუნიკაცია, რაც გუნდში ჯანსაღი ვითარების შენარჩუნებას უწყობდა ხელს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პარტიის ყოფილი ლიდერის მიერ გუნდისთვის რჩევების მიცემა ჩვეულებრივი მოვლენაა და ასეთი რამ უამრავ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდებოდა და ახლაც ხდება.

დღეს საქართველო რთული გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენი ქვეყნის გარშემო გეოპოლიტიკური ვითარება გართულდა და გამოწვევებიც გაიზარდა. შესაბამისად, გართულდა ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაც. ასეთ პირობებში, მცირე შეცდომაც კი ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც მმართველი პარტია წარმოადგენს, ქვეყანას ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს. საქართველოს ეროვნული მიზნები არსებითად შესრულებულად მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მივიჩნიოთ, როცა ეროვნულ თვითმყოფადობას ბოლომდე დავიცავთ, სახელმწიფოს სუვერენიტეტს სრულად აღვადგენთ, ქვეყანას გავაერთიანებთ და საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს შევასრულებთ – საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანად დღეს ევროკავშირში ინტეგრაცია იკვეთება.

პოლიტიკიდან გასვლისას, მმართველი პარტიის სათავეში გამართული გუნდი დავტოვე, რომელმაც გასული 3 წლის განმავლობაში მრავალი სირთულის დაძლევა და ამოცანის შესრულება შეძლო. ამ ფონზე, სამწუხაროდ, ვიმეორებ – სამწუხაროდ, სრულად განადგურდა ოპოზიცია. განადგურდა პოლიტიკის ის სუბიექტი, რომელიც პოლიტიკურ სისტემაში მმართველი გუნდის კონტროლზეა პასუხისმგებელი.

დანაშაულებრივი წარსულით დამძიმებული ოპოზიცია ხელისუფლების ჯანსაღი და ქმედითი კონტროლით არც მანამდე გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა მას კონტროლის მინიმალური რესურსიც კი აღარ დარჩა. ნაცვლად ოპოზიციური პარტიების ეფექტიანი კონტროლისა, ხელში შეგვრჩა სიცრუის ნიაღვარი, რომელიც ყოველდღიურად მოედინება მათი მედიასაშუალებებიდან და უკვე იმდენად გაცვდა, რომ მმართველ გუნდს მცირე დისკომფორტსაც კი ვეღარ უქმნის.

ოპოზიციის განადგურების პირობებში, იზრდება რისკები მმართველ გუნდში. ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ გრჩება, ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე, ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება.

ამ ყველაფერმა მიმაღებინა ჩემთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება, შემოვბრუნდე პოლიტიკაში და დავიკავო მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა, რის შესახებაც ჩემს მიერ დაფუძნებული პარტიის ხელმძღვანელ გუნდს ცოტა ხნის წინ თავად მივმართე.

ახლა რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ 90-100 მანდატს საარჩევნო კამპანიის გარეშეც მიიღებდა. შესაბამისად, ჩემი მთავარი მიზანი არა საარჩევნოდ პარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, არამედ ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა. მმართველი პარტია საჭიროებს ახალ სიმძიმის ცენტრს და მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ ამ ახალი სიმძიმის ცენტრის მისიის შესრულება დღეს დროული და აუცილებელია. ამისათვის, 2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი და მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება ჩემსა და გუნდს შორის ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებს და კოორდინაციას საჭიროებს.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მე ვიქნები გუნდის მთავარი მრჩეველი. ჩემი სურვილი არაა, შევითავსო პარტიის მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილებები, რომელიც შესანიშნავად ახორციელებს პარტიის მენეჯმენტს და მომავალშიც ის შეასრულებს პარტიის მართვის ფუნქციას.

ვფიქრობ, რომ ჩემი პოლიტიკური და ცხოვრებისეული გამოცდილება და შესაბამისი რჩევები ესაჭიროება გუნდს, რათა ჩვენი ქვეყანა საბოლოო გამარჯვებამდე მივიყვანოთ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, სრულად აღვადგინოთ სახელმწიფო სუვერენიტეტი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საქართველო 2030 წლამდე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში ჩავაყენოთ და ევროკავშირში გავაწევრიანოთ. ჩვენი ვალია, ეს შესაძლებლობა სრულად გამოვიყენოთ და ამისათვის ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ.

ჩვენი სამშობლო, ჩვენი ღირსეული და ამაყი ერი მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, საქართველოს წინსვლისა და წარმატებისთვის ბოლომდე დავიხარჯოთ. სწორედ ამ პასუხისმგებლობამ დამაბრუნა კიდევ ერთხელ პოლიტიკაში.

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 2024 წელი ყოფილიყოს ახალი წარმატებების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის, ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი თითოეული თქვენგანისთვის და თქვენი ოჯახებისთვის“.

ჩემივე ინიციატივით, პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით, პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები -ბიძინა ივანიშვილი

ჩემივე ინიციატივით, პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით, პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ზუსტად სამი წლის წინ საზოგადოებას ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილება აქტიური პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირების შესახებ. ახლა კი, სამი წლის შემდეგ, ჩემივე ინიციატივით, პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით, პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიაში ადასტურებენ.

არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“  საპატიო თავმჯდომარე იქნება.

ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება-პაველ ჰერჩინსკი

შობა-ახალი წელი ის დროა, როდესაც ბავშვობიდან მოყოლებული, სურვილს ვიფიქრებთ ხოლმე და მის ასრულებას ველოდებით. ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომლის კომენტარსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

„ევროკავშირის ელჩად ყოფნის დროს, არ შემხვედრია საქართველოს არცერთი მოქალაქე, ვისაც იგივე სურვილი არ ექნებოდა, ამიტომ, მოდით, შობა-ახალი წელი საქართველოს ამ ისტორიული მიღწევით აღვნიშნოთ. ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!“, – აღნიშნავს პაველ ჰერჩინსკი.

ამასთან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს ვიდეოს, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და EU4Georgia-ს საკომუნიკაციო გუნდი საქართველოს მოქალაქეებს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავენ.

„გისურვებთ სიხარულით, წარმატებებით, ახალი წამოწყებებით სავსე და ჰარმონიულ 2024 წელს“, – აღნიშნულია მილოცვაში.

 

https://www.facebook.com/watch/?v=677825721137292

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ისნის რაიონში, ნანეიშვილის ქუჩის N 11 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 29 დეკემბერს 23:50-დან 30 დეკემბრის 12:00 საათამდე, წყალმომარაგება შეწუწყდება: ხომერიკის ქუჩას, აფანასიევის, შერვაშიძის, ნანეიშვილის, ანწუხელიძის ქუჩებს.

დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზ. და კედიას ქუჩის კვეთაზე, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 29/12 22:30-დან 30/12 12:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: თევდორე 48, კედიას ქუჩას, წერეთლის N 55, ვანის N 15-ს.

ისნის რაიონში, მეტრომშენის დას. ყვარლის ქუჩის N 98 ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 29 დეკემბრის 21:45-დან 30 დეკემბრის 10:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: მეტრომშენის დასახლებაში-ტვიშის, ხომერიკის(მიქელაძე), მესხეთის, კაკაბეთის, ტოლენჯის, წალენჯიხის, ყვარლის, რატილის, კალანდაძის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, 13 იანვრის, შერვაშიძის, აფანასიევის, ონიანისა, გეზათის, რომან გვენცაძის, ბათლომეო ხუციშვილის ქუჩებს და ბუშის 5 ჩიხს.

ვაკის რაიონში, სოფ. ახალდაბა, დოდო აბაშიძის და ახალდაბის ქუჩების კვეთაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 30 დეკემბრის 09:00-მდე წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს სოფელ ახალდაბას.

ნაძალადევის რაიონში წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვთ ბჟოლეთის ქუჩის N 2 თან ქსელზე დაზიანების გამო, წყალმომარაგება აღდგება 30/12-ის 02:00-ზე. შეწყვეტილი აქვთ ბჟოლეთის, არალეთის და გოგაშენის ქუჩებს, წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 30/12-ის 09:00-მდე.

ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩის და ურეკის ჩიხის კვეთაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 29 დეკემბრის 15:00-დან 30 დეკემბრის 03:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება; ზღვის უბნის( თემქის) მე-4,9,10 კვარტლებს, ურეკის, გამყრელიძე, მაღალაშვილი, სადმელი, ხევძმარას, ბარამიძის ქუჩებს და გურამიშვილის N35-37.

მთაწმინდის რაიონი,ოქროყანა, ბესიკის ქუჩის N 9 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 29 დეკემბერს, 16:00-დან 30 დეკემბრის 04:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება; ოქროყანაში- ჭავჭავაძე, თაყაიშვილი, ვაჟა-ფშაველა, ბომბორის, ციურიხის და ბესიკის ქუჩებს.

ისნის რაიონი,ნიორაძის ქუჩის N 8 ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 29/12 16:30-დან 30/12 01:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება; ნიორაძის, ქურხულის და გუთნის ქუჩებს.

ისნის რაიონი, ნიაბის ქუჩის N 50 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 29 დეკემბრის 17:30-დან 30დეკემბრის 06:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება; ბაბის ხევის (მუჯირიშვილის), შილდის, ბეღლეთის, კაიშაურის, ჟონეთის, კიკეთის, ნიაბის,ცისკრის,ბზიფის, სომხეთის, მრევლიშვილის, ფშავის, კვესეთის, ნაქერალას, სათემო, აბულის, კვალეთის, ახალუბნის და შაქრიანის ქუჩებს.

ზურაბ აზარაშვილმა DRG რეფორმა შეაჯამა

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელი, ქვეყანაში, წარმატებით დაინერგა – მისი ამოქმედებიდან, 1 წლის შემდეგ, პაციენტების თანაგადახდა, 27%-დან 10%-მდე შემცირდა. ამის შესახებ მინისტრმა, მოადგილეებთან და სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, DRG რეფორმის შეაფასებისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მაქსიმალურად მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისა და ჯიბიდან გადახდების კიდევ უფრო შესამცირებლად, რეფორმა აქტიურად გაგრძელდება.

„როგორც შემაჯამებელ შეხვედრაზე აღინიშნა, DRG რეფორმის დაწყებიდან – დღემდე, 395 000-ზე მეტ მოქალაქეს, 550 000-ზე მეტი სამედიცინო შემთხვევა, სახელმწიფომ, დაახლოებით, 840 მილიონი ლარით დაუფინანსა. აღსანიშნავია, რომ DRG-ის ამოქმედების შედეგად, სრულად იფარება პაციენტის კვება, ამასთან გაუქმდა მანამდე არსებული 500 და 1000-ლარიანი ფრანჩიზები, რომლის ხარჯიც, ჯამურად, სახელმწიფოს 20 მილიონ ლარამდე დაუჯდა.

თუ რეფორმის პირველ ეტაპზე, დაფინანსების DRG მოდელი გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ მომსახურებაზე, ინფექციური დაავადებების მართვაზე, მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობაზე ვრცელდებოდა, 2023 წლის ნოემბრიდან, მათ საკეისრო კვეთისა და მშობიარობის მომსახურებები დაემატა. ცვლილების მიხედვით, ამ ორი სერვისის ტარიფი გათანაბრდა და 1222 ლარით განისაზღვრა. აღნიშნულ მომსახურებებზე, DRG სისტემით, უკვე დაფინანსდა 3500-ზე მეტი მშობიარობა. აქვე აღსანიშნავია, რომ სიახლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, არასაჭირო საკეისრო კვეთების შემცირება იყო, რაც ასევე, წარმატებულად სრულდება და სახეზეა მაჩვენებლის კლებაც.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, DRG რეფორმის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, განსაზღვრულ სამართლიან ტარიფებთან ერთად, ეფექტური მონიტორინგის სისტემაა. სამართლიანი ტარიფების დაწესების მიზნით, ფასები გადაიხედა და ტარიფები განახლდა 88 DRG კოდზე. აღსანიშნავია, რომ ტარიფების ცვლილება სექტორის აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს.

ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ აგრძელებს მუშაობას DRG სისტემის გაფართოებაზე. სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების აღნიშნული მოდელი, ეტაპობრივად, ყველა მომსახურებაზე გავრცელდება.

საქართველოში, DRG სისტემა 2022 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. რეფორმის მიზანი მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, პაციენტის თანაგადახდის შემცირება, ჯანდაცვის სისტემაში ეფექტურობისა და გამჭვირვალობის მიღწევაა.

DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება სამართლიანი ფასები, რომელსაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის იხდის.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებისა და სხვა, საერთაშორისო ექსპერტების განცხადებით, საქართველოში, DRG სისტემა წარმატებით დაინერგა და ხორციელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.