Home Blog Page 1691

,,არც ერთი პროგნოზი არ გაურტყია – გვაცადეთ რა”- ვაშაძე ხუხაშვილზე

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერიგიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის პროგნოზები არასდროს ამართლებს და ოპოზიციას უნდა აცადონ, თვითონ შეიმუშაონ ხელისუფლებასთან ბრძოლის მეთოდები.

ამის შესახებ ვაშაძემ გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული გეგმის საპასუხოდ განაცხადა.

ხელისუფლებას უნდა გავაგებინოთ – არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა! – გია ხუხაშვილი

„ბატონი გიას მოსაზრებებს ყოველთვის ვეცნობი, მაგრამ ყოველთვის მცდარ დასკვნებს აკეთებს ხოლმე. არ გაურტყია არც ერთ შემთხვევაში პროგნოზირებისას – ასე იყო რუსულ კანონთან დაკავშირებით, ასე იყო საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებით… ასე რომ, მე ნამდვილად არ მინდა კონფლიქტში შევიდე ამ ადამიანთან. ოპოზიციას აქვს თავისი გეგმა, ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. პარლამენტარობა და ოპოზიციონერობა არ ნიშნავს, რომ ყოველდღე ფიზიკურ ჩხუბში უნდა იყო ჩართული. როცა საჩხუბარია, ოპოზიცია კონკრეტული პოზიციის ფიზიკურ დაცვაზეც არ ამბობს უარს, მაგრამ ცარიელი კედლების მტვრევას და სპეცნაზებთან მუშაობას არამგონია, რომ ჰქონდეს ის ეფექტი. ერთხელ რაც გაკეთდა, ნუ ჰგონიათ, რომ მეორედ, მესამედ, მეშვიდედ და ყოველთვის გამოვა. გვაცადეთ რა“, -გიორგი ვაშაძემ  მედიასთან განაცხადა

ცნობისთვის, გია ხუხაშვილმა ოპოზიციას ურჩია, ინიციატივა აიღონ ხელში და „გამოაცხადონ, რომ არ დატოვებენ პარლამენტის შენობას, სანამ კენჭისყრა არ შედგება და პარალელურად, პარლამენტის წინ სამოქალაქო საზოგადოებამ მოაწყოს პერმანენტული აქცია იგივე მოთხოვნით“.

შეგახსენებთ, პარლამენტში მეორე დღეა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო ვერ ხერხდება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოსამართლეებისთვის სოლიდარობის ნიშნად განაცხადა, რომ უმრავლესობის წევრი დეპუტატები რეგისტრაციას არ გაივლიდნენ.

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით ოპოზიცია მას შემდეგ გამოვიდა, რაც შშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ ქართველ სასამართლო ჩინოვნიკს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.

წვიმა, თოვლი და სეტყვა – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 აპრილის დღის ბოლოდან 21 აპრილის ჩათვლით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ცალკეულ მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

დავით ლორიაშვილი ევროპის ვერცხლის პრიზიორია

ისრაელის ქალაქ ჰაიფაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სამბოში საქართველოს ნაკრებმა მეორე მედალი მოიპოვა.

კონტინენტის პირველობაზე ტიტულოსანი ქართველი სამბისტი დავით ლორიაშვილი 98კგ. კატეგორიაში ამჯერად ვერცხლის მედალს დასჯერდა.

შეგახსენებთ, დღესვე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა +80 კგ. კატეგორიაში მოასპარეზე ელენე ქებაძე.

,,საკუთარი ნაკლოვანებების გადასაფარად ხმამაღლა ყვირიან სხვაზე”- არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი

საკუთარი ნაკლოვანებების გადასაფარად ადამიანი ხმამაღლა ყვირის სხვაზე, რომ აი, იმას მიაქციეთ ყურადღება, მე კარგი ვარ, – ასე ხსნის არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან პატრიარქის წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევებს.

ნებისმიერი საკითხი, საერთოდაც რომ არ ეხებოდეს პატრიარქს, დიდი სიხარულით დაუკავშირებენ ხოლმე მას. სულ რომ არ მოგწონდეს სარწმუნოება, ეკლესია, ან პატრიარქი, მოხუცის პატივისცემა არ უნდა დაივიწყო ადამიანმა. ძალიან ცუდ მაგალითს აძლევენ მომავალ თაობას“, – ამბობს არქიმანდრიტი.

„ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა საკმაოდ კარგი პროცესია”- მაჭარაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა საკმაოდ კარგი პროცესია. ფაქტობრივად დაშლილია უკვე და რამდენ ნაწილად დაიშლება, ან როგორ გადანაწილდებიან, ტექნიკის საკითხია. რაც მთავარია, საზოგადოებას 2024 წელს ექნება საშუალება, რომ ოპოზიციაში შედარებით ნორმალური ძალები მოიყვანოს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციაში არეულობა ქვეყნისთვის სიკეთის მომტანია, რადგან ამით სხვა ღირსეულ ოპოზიციურ პარტიებს წინა პლანზე წამოწევისა და ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის შანსი მიეცემათ.

„პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ჩვენი, უმრავლესობის, გადაწყვეტილება, რეგისტრაციაში მონაწილეობაზე უარის თქმა, კარგი იმითაც არის, რომ ოპოზიცია დადის პარლამენტში და ისმენს მაინც რაღაცას, აღარ არის „პოლიტიკურ შატალოზე“. არ იციან, ჩვენ მივიღებთ, თუ არა მონაწილეობას რეგისტრაციაში და ამიტომაც დადიან – პირველი დადებითი მხარე ეს არის. ამ შემთხვევაში ბოიკოტი აღარ უნდათ, დადიან, თავიანთ ფუნქციას ასრულებენ და აღარ ეხვეწებიან თავმჯდომარეს, წელიწადში ერთხელ ძლივს ვიკრიბებით და იქნებ დღეს განიხილოთ, მერე აღარ გვცალია, ზოგი მივლინებაში მიდის და ზოგიც – საქეიფოდო. ეს არაერთხელ გაუკეთებიათ. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, აშშ-ის ელჩმა ძალიან ნათლად აღნიშნა, რომ ის არ აპირებს არავისთან თანამშრომლობას, არანაირ მტკიცებულებაზე საუბარს, არც საიდუმლოდ და არც საჯარო სივრციდან აღებულზე. თავიდანვე ითქვა, რომ ეს იყო პირდაპირი გალაშქრება ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ. ელჩმა ფაქტობრივად გვითხრა: რადგან ფული გადავიხადე, მოსამართლე დავიბარე და თქვენ გამკიცხეთ, ვერ იგებთ იმას, რომ ჩემი ხალხის დანიშვნა გვინდა სასამართლოსა თუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ამიტომ პირდაპირ სანქციები დავუწესეთ მოსამართლეებს და ამით გაგაგებინებთო. მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ მაინც ვერ გაიგო ბოლომდე, ეს რას ნიშნავდა. ეგონა, რომ რაღაც ბრალდებები და მტკიცებულებები იქნებოდა და მოინდომა საგამოძიებო კომისიის შექმნა. პირველი შეცდომა ოპოზიციამ მაშინ დაუშვა, როდესაც ვერ შეკრიბა 50 ადამიანი და პრეზიდენტს „დახუჭობანას“ ეთამაშნენ და პირველ დღეს უთხრეს სხდომა მოიწვიეო, ხოლო მეორე დღეს – აღარ მოიწვიოო.

ახლა პროცედურულადაც ვერ ხვდებიან, როგორ უნდა შექმნან ეს კომისია, რადგან გუშინ იყო კითხვები ქალბატონ სამნიძესთან, რომელმაც ძირითად და დამაზუსტებელ კითხვებს პასუხი განა არასწორად გასცა, არამედ საერთოდ ვერ გასცა. მაგალითად, პირადად მე ვკითხე, დაიბარებდა თუ არა ელჩს. ჯერ არ გამცა პასუხი და დამაზუსტებელ კითხვაში თქვა, მე არ ვიცი, თავმჯდომარე ვიქნები, თუ არაო. შეეშინდა, საერთოდ სახელი და გვარიც ვერ ახსენა აშშ-ის ელჩის. ქალბატონ სამნიძეს წავუკითხე კიდეც რეგლამენტის 61-ე მუხლი, სადაც პირდაპირ წერია, რომ კონკრეტული საკითხი თუ არ არის შესასწავლი, ისე კომისია ვერ შეიქმნება. კომისია იქმნება მხოლოდ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. სახელმწიფო დეპარტამენტმა პირდაპირ ჩაწერა, კორუფციასთან დაკავშირებით გვაქვს ინფორმაციები და ამიტომ ვუწესებთ სანქციებს მოსამართლეებსო. მათ არ უთქვამთ, რეფორმები არ ჩაატარეს ამ მოსამართლეებმა და ჩვენთვის სასურველი მოსამართლეები არ დანიშნესო. არა, კორუფციასთან დაკავშირებით გვაქვს ინფორმაციები, რომელთაც არ გეტყვითო.

ამერიკელები უკვე რადიკალურ ოპოზიციასაც აღარ ენდობიან. გგონიათ, იმ ამერიკელებს რამე წარმოდგენა აქვთ ქართულ ოპოზიციაზე?! კი ჰყავთ აგენტები, მაგრამ ყველაფერში არ ენდობიან, რადგან ხედავენ მათ ხარისხს. ზოგიერთმა ენაც არ იცის და ვერაფერს აგებინებენ. როდესაც მომხსენებელი ხარ და 15-20 კითხვა ისმება იმის შესახებ, თუ რატომ ქმნი კომისიას, მინიმუმ არგუმენტად უნდა მოიშველიო კონკრეტული შემთხვევა, რომ, მაგალითად, რომელიმე კონკრეტული მოსამართლის შესახებ ამა და ამ საქმიდან გამომდინარე არის ეჭვი, რომ კორუფციაში იყო ჩართული, ფული აიღო და ჩვენ ეს უნდა გამოვიძიოთ. მსგავსი არაფერი უთქვამს. სასამართლოში არ ჩატარდა რეფორმები და ამიტომ შევქმნათ კომისიაო. ამის გამო, რეგლამენტის გათვალისწინებით, კომისია არ იქმნება. ეს არის პირველი მიზეზი, როს გამოც არ უნდა შეიქმნას ეს კომისია. მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, წარმოუდგენელია, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეიქმნას კომისია, დაიბარონ ხელისუფლების მესამე შტოს წარმომადგენლები და იქ მოჰკითხონ საკითხები, აბა, რა ხდება მესამე ხელისუფლებაში და ასე შემდეგ. ეს არის დაუშვებელი, პრინციპულად მიუღებელია.

ამიტომაც მივიღეთ უმრავლესობამ გადაწყვეტილება, რომ საერთოდ კენჭის ყრაზეც კი არ დადგეს ეს საკითხი, რადგან, ელჩის განცხადება პირდაპირ იყო გალაშქრება ქართულ სუვერენულ სახელმწიფოზე. როცა ჟურნალისტის კითხვაზე ელჩი ამბობს, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემთვის სანდო არ არის, მე სხვა სანდო წყაროები მაქვს, ამიტომ ვერ დავუწესებ სანქციებს სააკაშვილს და დავუწესებ ამ მოსამართლეებსო, ამაზე მეტი რა უნდა გითხრას. ესე იგი ქართული კონსტიტუცია და კანონმდებლობა თუ ეწინააღმდეგება ელჩის სურვილს, ძალაში არის ელჩს სურვილი – ეს გვითხრა. მეტი როგორ აგვიხსნას იმ ადამიანმა, რომ უნდა, მისი ვასალები ვიყოთ?! ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით, რა თქმა უნდა, რადგან პარტნიორული ურთიერთობა პარტნიორული ურთიერთობაა და რადიკალური ოპოზიცია ამას კი არ ეწინააღმდეგება, არამედ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელს უწყობს.“

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, აქამდეც ითქვა, რომ ფაქტობრივად ორხელისუფლებიანობა ჰქონდათ, მაგრამ მომავალში უნდა ველოდოთ, რომ იქნება არა მხოლოდ ორხელისუფლებიანობა, არამედ რამდენიმე დაჯგუფება. ეს კარგი პროცესია. ისინი ფაქტობრივად დაშლილები არიან უკვე და რამდენ ნაწილად დაიშლება, ან როგორ გადანაწილდებიან, ტექნიკის საკითხია. რაც მთავარია, საზოგადოებას 2024 წელს ექნება საშუალება, რომ ოპოზიციაში შედარებით ნორმალური ძალები მოიყვანოს, რადგან ამ ადამიანებისთვის უკვე უცხო აღარ არის არც ომი და ღალატი, არც საკუთარი ამომრჩევლის „გადაგდება“ და ლიდერების აქეთ-იქით გაქცევა,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

,,პროცედურული ომი არის ლეგიტიმური ინსქტირმენტი, მაგრამ …”- ვახუშტი მენაბდე

პროცედურული ომი ლეგიტიმური ინსტრუმენტია, რომელსაც დეპუტატები იყენებენ ხოლმე, ამ შემთხვევაში უკანონობასთან გვაქვს საქმე – რეალურად კონსტიტუციის დარღვევას აქვს ადგილი! – ასე აფასებს კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე მმართველი უმრავლესობის გადაწყვეტილებას, კენჭისყრის წინ რეგისტრაციის არგავლის გზით არ მისცეს ოპოზიციას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა.

მენაბდის თქმით, ხელისუფლების ეს ნაბიჯი ფორმალურად პროცედურული ომია, თუმცა რეალურად კონსტიტუციის დარღვევაა.

“ისინი ოპოზიციას უბრალოდ არ აძლევენ საშუალებას, ისარგებლოს მისთვის უზენაესი კანონით მინიჭებული პრეროგატივით – ნებისმიერ საკითხზე წამოიწყოს გამოძიება, დასვას კითხვები შეაფასოს მიღებული პასუხები.

პროცედურული ომი არის ლეგიტიმური ინსქტირმენტი, რომელსაც დეპუტატები იყენებენ ხოლმე, ამ შემთხვევაში კი უკანონობასთან გვაქვს საქმე”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” ვახუშტი მენაბდემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი ორჯერ არ შედგა. საპარლამენტო უმრავლესობა კენჭისყრის წინ რეგისტრაციას არ გადის, ტაბლოზე კი მხოლოდ ოპოზიციონერ დეპუტატთა რაოდენობა ფიქსირდება. შედეგად კენჭისყრის პროცესი ორჯერ ჩაიშალა, მათ შორის კენჭი ვერ ეყარა მოსამართლეებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს.

,,არ მივეცით საშუალება, რომ ძირი გამოუთხარონ საქართველოს სასამართლოს” – მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნა ახლა, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ამ პროცესს დააზიანებს.

მისივე შეფასებით, ოპოზიციას ვერ წარმოუდგენია, ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი “ქართული ოცნების” პირობებში მიიღოს და ყველანაირად ცდილობს, ამას ხელი შეუშალოს.

“წლის ბოლოს ევროკავშირმა შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს მისცემს თუ არა კანდიდატის სტატუსს. ერთხელ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვეცა და უსამართლოდ, ეს თავად ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული კრიტერიუმებით დამტკიცდა, და სხვას რას შეიძლება ემსახურებოდეს ახლა სასამართლოს თემაზე კომისიის შექმნა, თუ არა საბოტაჟს და თუ არა იმ მიზანს, რომ “ნაცმოძრაობას” და მთელ მის კლასტერს ვერ წარმოუდგენია, რომ “ქართული ოცნების” პირობებში საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ყველაფერს აკეთებენ ამის გამოსარიცხად.

მტკიცებულებების გარეშე გისანქცირებენ, კი ბატონო, შევარბილოთ, როგორც მათ გააკეთეს და ვთქვათ, რომ სავიზო შეზღუდვებს უწესებენ ქართველ მოსამართლეებს და შენ, ოპოზიციონერი რომ გქვია, ნაცვლად იმისა, რომ დადგე ქვეყნის გვერდით და თქვა, რომ მტკიცებულებების გარეშე ეს დაუშვებელია, პირიქით – ამის საფუძველზე ამბობ, რომ ჩვენ აწი უნდა შევქმნათ მტკიცებულებები და უნდა შევქმნათ კომისია. ვინმეს მიგაჩნიათ, რომ მათ კომისიის შექმნა იმისთვის უნდათ, რომ მათ სასამართლოში მიღწეული პროგრესი დაადასტურონ? არა, პირიქით, რა თქმა უნდა, სჭირდებათ იმისთვის, რომ დაადასტურონ, თითქოს სასამართლოში ხდება უბედურება, როცა ეს ასე არ არის – პირიქით,”- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციას სამი მიზანი აქვს – ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში, სასამართლოზე გავლენის მოპოვება და მოსამართლეებზე შურისძიება.

“სასამართლომ კიდევ ერთი სასარგებლო საქმე გააკეთა ამ ქვეყანაში – ოპოზიციამ, რომელიც საძებარი იყო, სხდომებზე არ დადიოდა, 8 თვე ბოიკოტში იყო, როგორც იქნა, დაიწყო პარლამენტში სიარული და სხდომებზე დასწრება. ჩვენ არ მივეცით საშუალება, რომ ძირი გამოუთხარონ საქართველოს სასამართლოს.

მათი სურვილი არ არის არც დამოუკიდებელი და არც თავისუფალი სასამართლო, არც რაიმე ობიექტურის დადგენა, სინამდვილეში, მათ აქვთ სამი ამოცანა, პირველი: ხელი შეუშალონ ევრო რეკომენდაციების შესრულებას და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას, მეორე: ჩარევა სასამართლოში და იქ გავლენის როგორმე დაბრუნება, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე შეტევა და მესამე: შურისძიება სასამართლოებზე და მოსამართლეებზე, რომლებმაც გაასამართლეს მათი დამნაშავე პოლიტიკური ლიდერები,”- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ ისევ ვერ შეძლო სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა – “ქართულმა ოცნებამ” მოსამართლეთა სოლიდარობის ნიშნად არ გაიარა რეგისტრაცია, შესაბამისად, კვორუმი ვერ შედგა.

„თქვენი უტიფრობა უკვე ბოლო სტადიაა გაჯიქებული ადამიანისა” – ნიკოლეიშვილი დეგნანს

„თქვენი უტიფრობა უკვე ბოლო სტადიაა გაჯიქებული ადამიანისა, რამეთუ გვეუბნებით შემდეგ პარადოქსს – თურმე კეზერაშვილს აქვს იურიდიული პროცედურების უფლება, ხოლო ქართველ მოსამართლეებს არა,“ – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, რითაც საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.

„ამერიკის ელჩად წოდებულს, აწ უკვე პენსიონერების მძარცველის ადვოკატ – ქალბატონ კელი დეგნანს. თქვენი უტიფრობა უკვე ბოლო სტადიაა გაჯიქებული ადამიანისა, რამეთუ გვეუბნებით შემდეგ პარადოქსს – თურმე კეზერაშვილს აქვს იურიდიული პროცედურების უფლება, ხოლო ქართველ მოსამართლეებს არა. თურმე კეზერას მძარცველობა სასამართლომ უნდა დაადგინოს და ქართველი მოსამართლეები კი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ლაფში უნდა ამოსვაროთ? იქნებ კარგად დაფიქრდეთ ხოლმე რას ამბობთ, რა დღეში ხართ,“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუკზე.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, „ფორმულას“ დამფუძნებელმა დავით კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, სადაც ბრალდებებს უარყოფს. კელი დეგნანის თქმით, აშკარად მეტი ინფორმაციაა საჭირო.

აშშ-ის ელჩის განცხადებით, იურიდიული პროცესი უნდა დაიწყოს და როგორც დეგნანი აცხადებს, ის დარწმუნებულია, აღნიშნული პროცესი დაიწყება.

,,ელჩმა დეგნანმა დიდი ხანია მრავალჯერ გადაკვეთა წითელი ხაზები”- გია აბაშიძე

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი შანსს ხელიდან არ უშვებს და დაკავებულია ორმხრივი ურთიერთობის დაზიანების მცდელობით, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს. აბაშიძე აშშ-ის ელჩის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც კელი დეგნანმა დავით კეზერაშვილის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის შესახებ გავრცელებულ ბრალდებებზე, მეტი ინფორმაციაა საჭირო. როგორც გია აბაშიძე აცხადებს, აშშ-ის ელჩი „ფორმულას“ ტელეწამყვანების სტილში ცდილობს კეზერაშვილი გაამართლოს. „აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი შანსს ხელიდან არ უშვებს და დაკავებულია ორმხრივი ურთიერთობის დაზიანების მცდელობით. ძებნილი ოლიგარქის, დავით კეზერაშვილის “საადვოკატო მისიაც” მოირგო და “ქადაგებს” “ფორმულას” ტელეწამყვანის სტილში. თუ ევრომძარცველ კეზერაშვილს თურმე აქვს იურიდიული პროცედურების უფლება, უარგუმენტოდ დასანქცირებულ ქართველ მოსამართლეებს ჩამოერთვათ მსგავსი უფლება? ელჩმა დეგნანმა დიდი ხანია მრავალჯერ გადაკვეთა წითელი ხაზები და იჭრება იმ სფეროებში, სადაც არანაირადაა მისი კომპეტენცია.“ – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

,,რატომ გგონიათ, რომ საზოგადოება ვერაფერს ხვდება”- ზაალ ანჯაფარიძე კელი დეგნანს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომელმაც საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის გამოიძიოს კორუფციის შესახებ ბრალდებები სასამართლო სისტემაში, რაც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში“.

ზაალ ანჯაფარიძის თქმით, ახლა ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

„ახლა ხომ დადგა ყველაფერი თავის ადგილზე! წამოვიდა დაკვეთა, მოიძებნენ შემსრულებლებიც. ისე, რატომ ჰგონიათ, რომ საზოგადოება ვერაფერს ხვდება, თუ რა სცენარი ვითარდება,“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

,,ოპოზიციის ნაწილს არ აქვს არგუმენტი, რატომ უნდა საგამოძიებო კომისიის შექმნა”- სეფაშვილი

ოპოზიციის ნაწილს არ აქვს არგუმენტი, რატომ უნდა საგამოძიებო კომისიის შექმნა. უბრალოდ, უნდათ და მორჩა – ეს არის მათი მიდგომა, – ამის შესახებ გადაცემა “ხალხის ძალის“ წევრმა და დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან სრულიად მონური დამოკიდებულება ჩანს, ამ შემთხვევაში, ამერიკის მიმართ, რაც საშინელებაა, რადგან ამ დროს ადამიანი საკუთარ ქვეყანას, როგორც წარმონაქმნს, ისე აღიქვამს და ვალდებულებად მიიჩნევს, ამერიკის ნებისმიერ განკარგულებას დაემორჩილოს.

„გუშინ, განხილვაზე, უმრავლესობის მხრიდან მთელი რიგი კითხვები დაისვა. საუბარი იყო იმ პოზიტიურ შეფასებებზე, რომელიც ამ ბოლო პერიოდში აქვს სასამართლოს, ასევე, ხალხის მიერ სასამართლოსადმი ნდობის გამოხატვის შესახებ. ამის შესახებ ოპოზიციის ნაწილმა კონკრეტული პასუხები ვერ გაგვცა. მათ აღნიშნეს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით ცუდი შეფასებებიც გვაქვს მოსმენილი ამა თუ იმ ორგანიზაციის მიერ გაკეთებულიო, თუმცა ზუსტად არ გაგვაცნეს რაზე საუბრობდნენ. ისინი უბრალოდ შემოიფარგლებოდნენ ზოგადი საუბრებით, რომ თურმე ეს კომისია კარგია საქართველოს განვითარებისთვის.

ჩემი აზრით, ყველაზე საშინელი არგუმენტი, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით შეიძლება გაჟღერდეს, თეონა აქუბარდიასგან მოვისმინე. მან თქვა, რომ კი, ამ მოსამართლეებს დაუწესეს სანქცია, მაგრამ მტკიცებულებები ჩვენ არ გვაქვს და ახლა ჩვენ ამ კომისიის საშუალებით მტკიცებულებები უნდა შევქმნათო. სრული აბსურდი! ოპოზიციის მხრიდან სრულიად მონური დამოკიდებულება ჩანს ამ შემთხვევაში ამერიკის მიმართ – რადგან ამერიკამ თქვა, ე.ი. შავით თეთრზე წერია; როგორც ამერიკა იტყვის, ისე იქნება და ა.შ.

ეს არის საშინელი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ, რა დროსაც ადამიანი საკუთარ ქვეყანას, როგორც წარმონაქმნს, ისე აღიქვამს და ვალდებულებად მიიჩნევს ამერიკის ნებისმიერ განკარგულებას დაემორჩილოს.მართალია, აშშ-ს არგუმენტები არც ჰქონდა, მაგრამ მათ არც სჭირდებათ არგუმენტები, თუმცა რადგან ჩვენ, „ხალხის ძალამ“ დავსვით კითხვა – რა არგუმენტებზე დაყრდნობით დაუწესდა ოთხ ადამიას სანქცია, იგივე, მოსამართლეებიც კითხულობენ და ერთ-ერთი მათგანი გასაჩივრებას აპირებს. ამ ყველაფრისთვის პასუხის გასაცემად, ქალბატონ აქუბარდიას აზრით, სრულიად პარლამენტი უნდა დაჯდეს, მოიძიოს ეს არგუმენტები და დადოს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

„გამონადენი თვალიდან, ქავილი და სიწითლე“- ჩხაიძე კორონავირუსის ახალ სიმპტომზე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე განმარტავს, რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსის ახალ ვარიანტ Arcturus-ს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, უკვე 20-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.

როგორც ივანე ჩხაიძე აცხადებს, დაავადება მაღალგადამდებია და ისეთი სიმპტომები ახასიათებს, როგორიც მანამდე, კორონავირუსის არც ერთ სხვა ვარიანტს არ ჰქონია – ესენია თვალის სიწითლე, ქავილი და გამონადენი თვალებიდან.

როგორც ივანე ჩხაიძე ამბობს, დაავადება  დროის საკითხია, როდის შემოვა ის საქართველოში.

სხვა შტამებისგან ერთადერთი განმასხვავებელი სიმპტომი კონიუნქტივიტია – თვალის ქავილი, სიწითლე, თვალიდან გამონადენი, რაც დღემდე სხვა ვარიანტებს არ ჰქონია. ამას ერთვის ცხელება, თავის, ყელის ტკივილი და ხველა. დაავადება ბავშვებში შედარებით მაღალი ტემპერატურით და კონიუნქტივიტით ხასიათდება. ვფიქრობ, მისი შემოსვლა საქართველოშიც დროის საკითხია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ პორტალ „კვირას” პრესკლუბში გამართულ და აღნიშნა, რომ გაზაფხულზე 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში ბუსტერ დოზების გაკეთებაა რეკომენდებული.