,,არც ერთი პროგნოზი არ გაურტყია – გვაცადეთ რა”- ვაშაძე ხუხაშვილზე

45
spot_img

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერიგიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის პროგნოზები არასდროს ამართლებს და ოპოზიციას უნდა აცადონ, თვითონ შეიმუშაონ ხელისუფლებასთან ბრძოლის მეთოდები.

ამის შესახებ ვაშაძემ გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული გეგმის საპასუხოდ განაცხადა.

ხელისუფლებას უნდა გავაგებინოთ – არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა! – გია ხუხაშვილი

„ბატონი გიას მოსაზრებებს ყოველთვის ვეცნობი, მაგრამ ყოველთვის მცდარ დასკვნებს აკეთებს ხოლმე. არ გაურტყია არც ერთ შემთხვევაში პროგნოზირებისას – ასე იყო რუსულ კანონთან დაკავშირებით, ასე იყო საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებით… ასე რომ, მე ნამდვილად არ მინდა კონფლიქტში შევიდე ამ ადამიანთან. ოპოზიციას აქვს თავისი გეგმა, ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. პარლამენტარობა და ოპოზიციონერობა არ ნიშნავს, რომ ყოველდღე ფიზიკურ ჩხუბში უნდა იყო ჩართული. როცა საჩხუბარია, ოპოზიცია კონკრეტული პოზიციის ფიზიკურ დაცვაზეც არ ამბობს უარს, მაგრამ ცარიელი კედლების მტვრევას და სპეცნაზებთან მუშაობას არამგონია, რომ ჰქონდეს ის ეფექტი. ერთხელ რაც გაკეთდა, ნუ ჰგონიათ, რომ მეორედ, მესამედ, მეშვიდედ და ყოველთვის გამოვა. გვაცადეთ რა“, -გიორგი ვაშაძემ  მედიასთან განაცხადა

ცნობისთვის, გია ხუხაშვილმა ოპოზიციას ურჩია, ინიციატივა აიღონ ხელში და „გამოაცხადონ, რომ არ დატოვებენ პარლამენტის შენობას, სანამ კენჭისყრა არ შედგება და პარალელურად, პარლამენტის წინ სამოქალაქო საზოგადოებამ მოაწყოს პერმანენტული აქცია იგივე მოთხოვნით“.

შეგახსენებთ, პარლამენტში მეორე დღეა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო ვერ ხერხდება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოსამართლეებისთვის სოლიდარობის ნიშნად განაცხადა, რომ უმრავლესობის წევრი დეპუტატები რეგისტრაციას არ გაივლიდნენ.

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით ოპოზიცია მას შემდეგ გამოვიდა, რაც შშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ ქართველ სასამართლო ჩინოვნიკს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.