Home Blog Page 1691

ბელგოროდში სარაკეტო შეტევას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 108 კი დაშავდა –

ბელგოროდის დაბომბვას 14 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი. ხოლო დაშავებულია 108 ადამიანი, მათგან 15 ბავშვია – ამის შესახებ TASS რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 30 დეკემბერს, ნაშუადღევს, სარაკეტო შეტევა განხორციელდა ბელგოროდის ცენტრზე.

აფეთქებების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

,,დღეს „ქართული ოცნების“ლიდერებს ძალიან ცუდად დაეძინებათ”- ხუხაშვილი

ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებაში ვხედავ მხოლოდ პირად მოტივებს, შფოთვებსა და რისკებს – დღეს „ქართული ოცნების“ლიდერებს ძალიან ცუდად დაეძინებათ იმიტომ, რომ არ იციან, რომელს დაეტაკება. ვიღაცას რომ აუცილებლად დაეტაკება და ხორცის მანქანაში გაატარებს, ეს ცხადია,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი დაბრუნება შეაფასა.

ხუხაშვილი ივანიშვილის დაბრუნებაში პოლიტიკურ ლოგიკას ვერ ხედავს და ასახელებს ორი მიზეზს, რის გამოც, მისი აზრით ივანიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. უფრო კონკრეტულად, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯით ივანიშვილმა, ერთი მხრივ, პირადი კეთილდღეობა დააზღვია, მეორე მხრივ კი, ძალაუფლების დაკარგვის რისკები გაუჩნდა და გადაწყვიტა, „ხელით მართვის მეთოდით დააბრუნოს სისტემაში სტაბილურობა“.

„ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ლოგიკა არ არის. „ქართულ ოცნებას“ დღეს მისი პოლიტიკაში დაბრუნება საარჩევნო მიზნებისთვის არაფერში სჭირდებოდა. აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ ლოგიკას აქ ვერ ვხედავ, ვხედავ მხოლოდ პირად მოტივებს, პირად შფოთვებსა და რისკებს. ალბათ, ეს გახდა განმაპირობებელი მისი ამ გადაწყვეტილებისა. ამ პირად მიზეზებში ორ ძირითად ბლოკს გამოვყოფ, რაზეც მან ირიბად ისაუბრა და გარკვეულწილად აღიარა კიდეც, რის გამო ბრუნდება, თუმცა, შეეცადა კონტექსტი შეეცვალა. შევეცდები სწორი კონტექსტი წარმოგიდგინოთ, რა გახდა მისი გადაწყვეტილების მიზეზი.

პირველი, ეს არის ის, რომ მას პრობლემები აქვს პირად კეთილდღეობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, სამომავლოდ ამასთან დაკავშირებით სერიოზული შფოთვები ჰქონდა და ამის პრევენცია გადაწყვიტა პოლიტიკური იმუნიტეტის შეძენის გზით. უცნაური იქნება, რომ ვიღაცამ იფიქროს პარტნიორი ქვეყნის მმართველი პარტიის თავმჯდომარის სანქცირებაზე. ეს ძალიან გაუგებარი იქნებოდა. მაშინ, როდესაც სხვა შემთხვევაში, თუ ის არაფორმალურ მმართველობას შეინარჩუნებდა, ეს [სანქცირება] დღეს თუ არა ხვალ, აბსოლუტურად რეალური შეიძლება გამხდარიყო. ასე რომ, ამ ნაბიჯით ამის პრევენცია მოახდინა, საკუთარი კეთილდღეობა დაიცვა. ნუ ჩავთვლით, რომ ეს მისი ბოლო გაჩერებაა. შესაძლოა, დღეს საპატიო თავმჯდომარე გახდა, მაგრამ ხვალ შეიძლება ვიხილოთ პრემიერის რანგში, ან ვვარაუდობ, რომ უფრო, შესაძლოა პრეზიდენტის რანგში ხედავდეს თავის თავს. მისთვის პრეზიდენტის რანგში ქვეყნის მართვა ყველაზე კომფორტული იქნებოდა, როდესაც ყოველდღიური მუშაობა არ გიწევს, მაგრამ მასთანავე ხარ სახელმწიფოს მეთაური და შეგიძლია, ტელეფონით მართო ყველაფერი. ეს ერთი მიზეზია და ასევე არის მეორე მიზეზიც, რაზეც დღეს მან ასევე ირიბად ისაუბრა: „ქართულ ოცნებაში“ გაჩნდა გარკვეული ინტერეს-ჯგუფები, რომლებმაც დიდი ფული იშოვეს და დიდ ფულს დიდი ამბიციები მოაქვს. როგორც ჩანს, ამ ადამიანების დისტანციიდან მართვა საკმაოდ პრობლემატური გახდა. შესაბამისად, მას სისტემის შიგნით ძალაუფლების შესუსტების, ძალაუფლების დაკარგვის რისკები გაუჩნდა. არა იმდენად პარტიული კუთხით, არამედ ინტერეს ჯგუფების კუთხით, რომელთაც მისი ფული აღარაფერში სჭირდებათ, რადგან თავისი ფული აქვთ. შესაბამისად, მათი მართვა უკვე პრობლემატური გახდა და გადაწყვიტა, ხელით მართვის მეთოდით დააბრუნოს სისტემაში სტაბილურობა.

მას მაგიდასთან ლეგალურად დაჯდომის უფლება გაუჩნდა და ველოდები, რომ რაღაცები დატრიალდება. ერთი-ორი ვიღაც დაისჯება და ის დაიწყებს ახალ სისტემაზე კონტროლის აღდგენას ხელით მართვის რეჟიმში. შესაძლოა ვიღაც დაიჭიროს კიდეც. არ ვსაუბრობ მაინცდამაინც თანამდებობის პირებზე. ინტერეს-ჯგუფები ბევრად უფრო სერიოზული სისტემებია. შეიძლება, არ დაიჭიროს ის, ვინც ჩანს, მაგრამ მაგალითად, დაიჭიროს მისი პარტნიორი და ამით ის ადგილზე მოსვას. აქ მილიონნაირი ტექნოლოგია შეიძლება იყოს. ვფიქრობ, ეს ორი ძირითადი მოტივია და ორივე უკავშირდება მის პირად კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. ის დღეს საკუთარი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების პრობლემას წყვეტს და არა სახელმწიფოებრივს, ან რაიმე ტიპის პოლიტიკურს. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მისი პირადი გადაწყვეტილებაა, რომლის საქმის კურსშიც, დიდი ალბათობით, დღემდე არ იყო სისტემა. დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერებს ძალიან ცუდად დაეძინებათ იმიტომ, რომ არ იციან, რომელს დაეტაკება. ვიღაცას რომ აუცილებლად დაეტაკება და ხორცის მანქანაში გაატარებს, ეს ცხადია. ეს იციან და ამას ხვდებიან, მაგრამ ვინ იქნება, ეს არ იციან. ამიტომ ყველა ცუდი მოლოდინის რეჟიმშია გადასული“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ხუხაშვილის აზრით, ივანიშვილის გადაწყვეტილება კარგია როგორც ქვეყნისთვის, ისე ოპოზიციისთვის.

„ზოგადად, ქვეყნისთვის მისი ეს გადაწყვეტილება კარგია. ჩრდილოვანი მმართველობა ძალიან აზიანებს ქვეყანას. თუ შენ მართავ ქვეყანას, ჯობს შენი ინსტიტუციონალიზაცია მოხდეს. თუ რაღაცას აკეთებ, პასუხისმგებლობაც შენი უნდა იყოს. ბიძინა ივანიშვილი რაღაცას აშავებდეს და ჩვენ იძულებული ვიყოთ, აქციებს ღარიბაშვილს ვუწყობდეთ, რომელიც ერთი ფოსტალიონი კაცი და გაუგებრობაა, არასერიოზულია. ეს ძალიან აზიანებს სახელმწიფოს.

ოპოზიციისთვისაც კარგია, რადგან რეალური სამიზნე უკვე გამოკვეთილია. ბიძინა ივანიშვილი ამ ნაბიჯით, გარკვეულწილად, პოლიტიკური წესრიგი დაბრუნდა. ვინ ვინ არის, ყველას თავისი სახელი ჰქვია და არა ისე, რომ არის და თან არ არის. რელიგიაში იყო გადასული – ადამიანი, რომელიც ყველგან იყო და თან არსად იყო. პოლიტიკა ხომ რელიგია არაა. დავბრუნდეთ მიწაზე და რეალური, ჯანსაღი პოლიტიკა ვაწარმოოთ“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება სასარგებლო პარტიული რეიტინგის მიმართულებით საარჩევნო მიზნებისთვის, გია ხუხაშვილი არ ფიქრობს, რომ ამ მხრივ სერიოზული ცვლილებები იქნება.

„არ მგონია, რომ სერიოზული ცვლილებები იყოს. მითუმეტეს, გრძელ თამაშზე ვსაუბრობთ. ჯერ არჩევნებამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი. რაღაც რყევა დღეს ალბათ იქნება, მაგრამ ეს რყევა მნიშვნელოვანი არ იქნება. საქართველოში ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც ფიქრობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასული იყო. გამოჩნდა ის, რაც ისედაც ვიცოდით. რამე ახალი იყო? ბიძინა მართლა წასული ეგონა ვინმეს? არავის ეგონა. მიყრუებულ სოფელშიც კი, ადამიანს, ვინც ტელევიზორსაც არ რთავს, რომ ჰკითხოთ, გეტყოდათ, რომ ბიძინა არის მამამარჩენალი. ახლა მარტო მამამარჩენალი კი არაა, არამედ ახლა არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, თუნდაც საპატიო “,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ივანიშვილის დაბრუნება ყოველთვის უკავშირდება კრიზისებს და თვითონაც აქვს ეს აღიარებული – ანა ნაცვლიშვილი

ბიძინა ივანიშვილი დაბრუნება ყოველთვის უკავშირდება კრიზისებს და თვითონაც აქვს ეს აღიარებული. დიდი კრიზისია ახლა მისთვის. ამ კრიზისისა და მოახლოებული კატასტროფის შიშმა აიძულა, რომ სამალავიდან გამოსულიყო, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა მედიასთან  საუბარში განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი „დაბრუნება“ ემსახურება ოფიციალური მოსკოვის დამშვიდების მცდელობას, რომ საქართველოსა და რეგიონში მათი ინტერესების გატარებას საფრთხე არ დაემუქრება.

„პოლიტიკაში რა დაბრუნებულა, არც არასად წასულა, ყოველთვის იყო პოლიტიკაში, მაგრამ სამალავის რეჟიმში და ახლა ამ სამალავიდან იძულებული გახდა, რომ გამოსულიყო. ამ გამოსვლის ყველაზე მკაფიო მიზანი არის, რომ მოსკოვი დაამშვიდოს, რომ მოსკოვის ინტერესებს საქართველოში არ დაემუქრება საფრთხე, რომ ის აკონტროლებს ვითარებას, ეს არის მისი გამოსვლის მთავარი სათქმელი. ფაქტია, რომ მისი გუნდის 18-თვიანი და ძალიან ბინძური კამპანია, რომლის ამოცანა იყო, ჩაეგდო კანდიდატის სტატუსი და ისე ჩაეკლა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რომ ევროპას ეთქვა უარი ქართველ ხალხზე და ამას ქართველი ხალხის გულაცრუება გამოეწვია, ეს ოპერაცია მათ ჩაუვარდათ და ახლა მარტის მოვლენები, მას შემდეგ და იქამდე არის იმის დადასტურება, რომ საქართველოში ევროპული სულისკვეთების საზოგადოებამ დაამარცხა რუსული ხელისუფლება. ამიტომ ივანიშვილი გამოდის, რომ რუსეთს უთხრას, რომ არ ინერვიულოთ, მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა გაიმარჯვა ამ რაუნდში და მიუხედავად იმისა, რომ სტატუსი მივიღეთ, მე ვაკონტროლებ ვითარებას და თქვენს ინტერესებს აქ საფრთხე არ შეექმნება“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა ბიძინა ივანიშვილი რას განაცხადებს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, როდესაც ფაქტია, რომ ის რუსეთის ინტერესების მსახურია საქართველოში.

„ჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ ივანიშვილი ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. ჯერ ერთი მრავლისმთქმელია, რომ მაშინ, როდესაც მთელი საზოგადოება ვზეიმობდით და აღვნიშნავდით კანდიდატის სტატუსის მიღებას, მან საჭიროდ არ ჩათვალა, რომ ამ მოვლენას გამოხმაურებოდა და საზოგადოებისთვის მიელოცა. მერე რა რომ ამბობდა, პოლიტიკაში არ ვარო, რაც დადასტურდა რომ ასევე ტყუილია. ამიტომ რას იტყვის დღეს ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. ფაქტია, რომ ის რუსეთის ინტერესების მსახურია საქართველოში და ყველანაირი ძალითა და ინსტრუმენტით მისი პოლიტიკური გუნდი ეწინააღმდეგებოდა ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე. მათ არ რცხვენიათ, მაგრამ ქართული კულტურისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის ასეთი მარტივი არ არის, რომ მამლის ყივილამდე და მამლის ყივილის შემდეგ, ეს ხალხი მუდმივად ტყუილებს ამბობს. გვახსოვს როგორ ამტკიცებდნენ, რომ არანაირი კომუნიკაცია, კონტაქტი და გავლენა მას არ ჰქონდა პოლიტიკაზე და დღეს თავად უარყვეს და თქვეს, რომ, რა თქმა უნდა, ჰქონდათ კომუნიკაცია და ის ერეოდა პოლიტიკაში. ალბათ, ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი კომუნიკაცია ჰქონდათ შოვის მოვლენების დროს, სწორედ ივანიშვილს ეკუთვნის ის ყოვლად არაადამიანური გზავნილი, ალბათ, ვვარაუდობ, ეგ სიბრძნე ურჩია ეთქვათ, რომ ვინც გადარჩა გადარჩაო, ეს იყო მათი კრიზისიდან დასხლტომის რეცეპტი, ალბათ“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ის ასევე კორუფციასთან დაკავშირებით ივანიშვილის მიერ გაჟღერებულ გზავნილებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ივანიშვილმა იცის, რომ კორუფციის ის ხარისხი, რომელშიც მმართველი პარტიაა ჩაძირული, მათ ამომრჩეველსაც კი ძალიან აბრაზებს.

„ქართული ოცნება“ იმდენად ჩაძირულია კორუფციაში, რომ მათ იციან, რომ ის ხარისხი კორუფციის, რა ხარისხშიც არიან ისინი გახლართულები, მათივე ამომრჩეველსაც უკვე ძალიან აბრაზებს – როდესაც პრემიერი ტყეს ჩუქნის ცოლს, როდესაც პირად საქმეზე სახელმწიფო თვითმფრინავით მიფრინავს, როდესაც ცოლის დაბადების დღეზე საჯარო მოხელეები გარეთ კარისკაცებივით ჰყავს დაყენებული, პროტოკოლის თანამშრომლები და ა.შ. როდესაც ასიათასობით ღირებულების მანქანებს ყიდულობენ და გამოცხადებული აქვთ კონკურსი, ვინ უფრო დიდ ჯიპზე დაჯდება ანუ მან კარგად იცის, რომ კორუფციამ გააბრაზა „ქართული ოცნების“ ამომრჩეველიც კი. თუმცა ის გამოსავალი, რომელიც მან შესთავაზა საზოგადოებას, არის დანაშაულზე ხელის დაფარება და არა გამოსავალი, იმიტომ, რომ კორუფცია არ არის ადამიანური ცდუნება, ეს არის სისხლის სამართლებრივი დანაშაული. და თუ შენ კარგი ხელისუფალი ხარ, აშენებ სახელმწიფო ინსტიტუციებს, რომლებმაც უნდა მოახდინოს კორუფციის პრევენცია და თუ კორუფციული ფაქტები ხდება, მათი გამოძიება და მართლმსაჯულებაში მიცემა შესაბამისი კორუმპირებული პირის, ვინც არ უნდა იყოს ის. როცა შენ ცუდი ხელისუფალი ხარ, მაშინ ამბობ, რომ მე ვიქნები გარანტი, რომ არ მოხდება კორუფცია და გინდა, რომ ამით მოიტყუო ადამიანები. მაგრამ ჩვენ ივანიშვილის ბევრი დაპირება ვნახეთ, მათ შორის, ღარიბაშვილი პირველ ჯერზე კორუფციის გამო გაუშვა და დაგვპირდა, რომ ეს აღარ მოხდებოდა. ამიტომ მის დაპირებას არანაირი ფასი არ აქვს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ივანიშვილის პოლიტიკაში „დაბრუნება“ კარგია როგორც საზოგადოებისთვის ასევე ოპოზიციისთვის.

„ეს კარგია საზოგადოებისთვის, სიცხადეა, იმიტომ, რომ ის კარგად ხედავს, რომ მთელი ამ უმსგავსობის უკან დგას ივანიშვილი და არა რომელიმე ცალკე აღებული ჩინოვნიკი. ოპოზიციისთვის ძალიან კარგია ეს სიცხადე და მკაფიოობა იმიტომ, რომ მკაფიოობას ყოველთვის ერიდებოდა ხელისუფლება და ახლა ისე გაუჭირდათ, რომ იძულებულები გახდნენ, გამოსულიყო ივანიშვილი სამალავიდან. ჩვენ ვართ ძალიან ფოკუსირებული და ჩვენი მთავარი ამოცანა უცვლელი რჩება – რუსული ხელისუფლების გაშვება და ხელისუფლებაში მოსვლა დემოკრატიული ძალების, რომლებიც საქართველოს ინტერესებს მოემსახურებიან და არა მოსკოვის ინტერესებს“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

“2024 წელს ნახავთ ატირებულ ივანიშვილს” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ პირადი კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის დაბრუნდა. როგორც ვაშაძემ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი 2024 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლებას დატოვებს. “შეეშინდა “ქართული ოცნების” მხარდაჭერის ძალიან სწრაფი ვარდნის, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ხალხმა ძალა ირწმუნა, მეორე რომ ის ცალსახად მხოლოდ საკუთარი პირადი კეთილდღეობისთვის დაბრუნდა და პირადი უსაფრთხოებისთვის, მესამე, როგორც 2018 წელს გაჩვენეთ ივანიშვილის დამფრთხალი და შეშინებული სახე, ზუსტად ასე, პირობას გაძლევთ, 2024 წლის 26 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე ნახავთ ატირებულ ივანიშვილს, ოღონდ უკვე ხელისუფლებიდან გავუშვებთ”, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ელაზიღის პროვინციაში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 16:26 საათზე დაფიქსირდა, მისი სიღრმე კი 6.6 კმ. იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

„ქართული ოცნების“ ყრილობამ პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა დაამტკიცა

პარტია „ქართული ოცნების“ მე-7 ყრილობაზე, პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დამტკიცდა.

პოლიტსაბჭოს შემადგენლობა პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

„ქალბატონებო და ბატონებო, პარტიის წესდების შესაბამისად, დღეს ჩვენ უნდა ავირჩიოთ პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა. წესდების თანახმად, პოლიტიკურ საბჭოში შედის 15 წევრი, ხოლო კანდიდატურებს ასახელებს პოლიტიკური საბჭოს მოქმედი შემადგენლობა. პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, წარმოგიდგენთ განახლებულ პოლიტიკურ საბჭოს შემდეგი შემადგენლობით:

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს პრემიერი-მინისტრი, პარტიის პოლიტიკური მდივანი;

კახა კალაძე – ქალაქ თბილისის მერი, პარტიის გენერალური მდივანი;

შალვა პაპუაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;

მამუკა მდინარაძე – პარტიის აღმასრულებელი მდივანი, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე;

თეა წულუკიანი – საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურისა და სპორტის მინისტრი;

გიორგი ვოლსკი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

ვახტანგ გომელაური – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

არჩილ თალაკვაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;

თორნიკე რიჟვაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე;

ირაკლი ჩიქოვანი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;

ანრი ოხანაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

ნიკოლოზ სამხარაძე – საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;

დიმიტრი სამხარაძე – პარტიის რეგიონული მდივანი, საქართველოს პარლამენტის წევრი;

მარიამ ქვრივიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.“ – მიმართა ირაკლი კობახიძემ დელეგატებს.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.

„ვიცი რა, პარტიის თითოეული წევრის თითოეული წევრის დამოკიდებულება ბატონი ბიძინას მიმართ, თავს უფლებას მივცემ და 42 000 წევრის სახელით მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი ღვაწლისთვის ჩვენი ქვეყნის წინაშე,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ ყრილობა დღეს გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის სტატუსით პოლიტიკაში დაბრუნდა.

,,ეს “ნაციონალური მოძრაობისთვის” საკონტროლო გასროლის ტოლფასი მოვლენაა”- დავით ქართველიშვილი

მოლოდინებისა და პროგნოზების თვალსაზრისით, ნაცსექტის “ლუზერებს” ზოგადად უიღბლო წელიწადი ჰქონდა – ერთი მეორის მიყოლებით იმსხვრეოდა მათი “ხავსზე მოჭიდებით” პოლიტიკური გადარჩენის ყოველი მომდევნო მცდელობა, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

იგი ეხმიანება პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას და აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობისთვის” ეს საკონტროლო გასროლის ტოლფასი მოვლენაა.

„მე არ გახლავთ მოჭადრაკე, თუმცა შამათის სახეობებზე მსმენია – მაგალითად “საბავშვო შამათი” (1. e4 e5 2. ♗c4 ♝c5 3. ♕f3 ♞c6 4. ♕xf7#) ან „სულელთა შამათი“ (1. f4 e6 2. g4 ♛xh4#). მაგრამ თუ რომელს შევადარო ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი სვლა საქართველოს პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე, ამაზე “დარგის” სპეციალისტებმა იმსჯელონ.

ან თუნდაც ფეხბურთი რომ ავიღოთ – წარმოიდგინეთ, რომ თქვენი გუნდი 7:0-ზე უგებს მოწინააღმდეგეს, თუმცა “მესი” (თუ “რონალდუ”?) ძირითად შემადგენლობაში არ დაგიყენებიათ. მაგრამ თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, “რონალდუ” (თუ “მესი”?) მაინც გამოდის მოედანზე. და ამ დროს უშანსოდ განადგურებისკენ მიმავალი გუნდი ამ ფაქტს: “აი ეხლა კი დაგერხათ!” – შეძახილით რომ შეხვდება. სწორედ ასეთი შეფასებები გაჩნდა “ავლიპი ზურაბაშვილის პრემიის” პოტენციური ნომინანტების რიგებში.

მოლოდინებისა და პროგნოზების თვალსაზრისით, ნაცსექტის “ლუზერებს” ზოგადად უიღბლო წელიწადი ჰქონდა – ერთი მეორის მიყოლებით იმსხვრეოდა მათი “ხავსზე მოჭიდებით” პოლიტიკური გადარჩენის ყოველი მომდევნო მცდელობა. წლის დასასრულს კი მათი მდგომარეობა უკვე ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარე ითხოვდა “საკონტროლო გასროლით” ამ აუტანელი ტანჯვის დასრულებას – და ეს გასროლაც განხორციელდა.

თუმცა ამ პოლიტიკური გვამის შემაწუხებელი გახრწნითი პროცესების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა მიწას მივაბაროთ იგი. ამ მიზანს კი დამდეგი პოლიტიკური 2024 წელი უნდა ემსახურებოდეს და ჩვენ, მისი რიგითი მესაფლავეები. ქვესკნელს ებარებოდეს ნაცსექტის შემდგომი პოლიტიკური წარმატებული პერსპექტივები. ამ ქვეყანაში კი “ბოლივარი ორივეს ვერ გვზიდავს,” – წერს ქართველიშვილი.

„მან დღეს საბოლოოდ დაადასტურა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა“ – სოფო ჯაფარიძე

ქართველი ხალხი 2024 წელს აღარ აირჩევს რუსეთს, აღარ აირჩევს შიმშილს, სიღარიბეს, სიბნელეს, უმუშევრობას და აღარ აირჩევს ემიგრაციას“, – ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.

„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა ის, რაც აქამდე არაერთხელ მითქვამს და დღეს საბოლოოდ დადასტურდა, რომ დიახ, რუსი ოლიგარქი არასოდეს წასულა ქართული პოლიტიკიდან. მან დღეს საბოლოოდ დაადასტურა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა და კიდევ ერთხელ დაადასტურა შიში იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფართო ჩართულობით 2024 წელს ცვლილებები გარდაუვალია.

მე მინდა ვუთხრა მას – ქართველი ხალხი 2024 წელს აღარ აირჩევს რუსეთს, აღარ აირჩევს შიმშილს, სიღარიბეს, სიბნელეს, უმუშევრობას და აღარ აირჩევს ემიგრაციას“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მინდა, 42 000-ზე მეტ ადამიანს, ვინც „ქართული ოცნების“ წევრად ირიცხება, 100 ათასობით მხარდამჭერს მივულოცო ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება -თეა წულუკიანი

მინდა, 42 000-ზე მეტ ადამიანს, ვინც „ქართული ოცნების“ წევრად ირიცხება, ჩვენს პარტიულ აქტივს, ასევე 100 ათასობით მხარდამჭერს მივულოცო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება და მას ვუთხრა მადლობა ამ ინიციატივისთვის, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ამის გამო დღეს ძალიან სასიხარულო, მე-7 ყრილობა გვქონდა. ახალი წელიც ასე წარმატებით დავასრულეთ, შევაჯამეთ როგორც ეკონომიკური პარამეტრები, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს გამარჯვება ევროკავშირის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით, ვიმსჯელეთ იმ პოლიტიკურ გამოწვევებზე, რომელიც 2022, 2023 წელს ჰქონდა ჩვენს სახელმწიფოს, მმართველ გუნდს.

ჩვენ იანვრიდან გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ივნისი-ივლისის თვიდან ჩვენს საარჩევნო შტაბებთან ერთად აქტიური საარჩევნო და პოლიტიკური კამპანია გავშალოთ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მორიგჯერ დამაჯერებელ გამარჯვებას დავდებთ გამჭირვალე და სამართლიან არჩევნებში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

“ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოებაში, აქვს ძალიან დიდი რესურსი, აქვს უდიდესი პატივისცემა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან”- კახა კალაძე

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, საქართველომ რთული, გამოწვევებით სავსე პერიოდი გამოიარა და „ქართული ოცნების“ გუნდი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს იცავდა.

მისივე თქმით, გამოწვევები არსებობს დღესაც და ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოებაში, აქვს ძალიან დიდი რესურსი.

„წარსულს თუ გადავხედავთ, ყველა მიხვდება, რამდენად რთული პერიოდი გამოვიარეთ, რამხელა სირთულეები, რამხელა შემოტევები იყო, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე ქვეყნის გარედან, არ მალავდენენ ამ ყველაფერს, რისი სურვილი ჰქონდათ საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენი გუნდი იყო ერთიანი და იცავდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, რა თქმა უნდა, ეს გამოწვევები დღესაც არსებობს, არსად წასულა. შესაბამისად, გუნდის და ხალხის კონსოლიდაცია არის მნიშვნელოვანი და პირდაპირ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოებაში, აქვს ძალიან დიდი რესურსი, აქვს უდიდესი პატივისცემა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან. მას ნამდვილად შეუძლია, რომ მოახდინოს მმართველი გუნდის და ხალხის კონსოლიდაცია, რადგან გამოწვევები არსად წასულა, დღესაც არსებობს, ამ რთულ მოცემულობაში, იმის გათვალისწინებით, რა ხდება რეგიონში, რა ხდება მთელ მსოფლიოში და მისი მხრიდან ნახსენები იყო ევროინტეგრაცია. ეს ძალიან რთული საქმეა და მოგვიწევს ამ მიმართულებით ბრძოლა “, – განაცხადა კახა კალაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“  საპატიო თავმჯდომარე იქნება.

“ბიძინა ივანიშვილის როლი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, მან ეს უნიკალური როლი შეასრულა 2012 წელს და მას შემდეგ ყველა გამარჯვებაში, რომელიც მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ”- პრემიერი

ბიძინა ივანიშვილის როლი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, მან ეს უნიკალური როლი შეასრულა 2012 წელს და მას შემდეგ ყველა გამარჯვება, რომელიც მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან ერთად, ამ ყველა გამარჯვებაში ლომის წვლილი, მთავარი როლი, უნიკალური როლი მან შეასრულა,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სულ მცირე მომდევნო 10 წელი ძალიან რთული პერიოდი იქნება არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში  და შექმნილი ვითარების გამო, აუცილებელი იყო ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში.

„პირველ რიგში, მინდა, საუბარი დავიწყო იმით, რომ ყველას კარგად მოეხსენება ბიძინა ივანიშვილის უნიკალური როლი ზოგადად ჩვენი ქვეყნის, მე არ მოვერიდები ამ სიტყვის თქმას, გადარჩენის საქმეში. რომ არ მოსულიყო, დავიწყებ თავიდან, ბატონი ბიძინა პოლიტიკაში 2012 წელს, დღეს მე მგონი არც ერთი ჩვენი მოქალაქე აღარ რჩება, ვისაც არ სჯერა, რომ დღეს ქვეყანა შეიძლება, საერთოდ აღარ გვქონოდა. რა თქმა უნდა, ის წინა მჩაგვრელი, კრიმინალი ხელისუფლება რომ დარჩენილიყო 2012 წელს ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანა იქნებოდა ომში ჩაბმული, რაც ნიშნავს პრაქტიკულად განადგურებას ჩვენი ქვეყნის. შეიძლება დაგვეკარგა სუვერენიტეტი და საერთოდ, ბოლომდე განადგურებულიყო ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, მინდა, შეფასება კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ, ბიძინა ივანიშვილის როლი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და მან ეს უნიკალური როლი შეასრულა 2012 წელს და მას შემდეგ ყველა გამარჯვება, რომელიც მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან, ჩვენს ამომრჩეველთან ერთად, რა თქმა უნდა, ამ ყველა გამარჯვებაში ლომის წვლილი, რომ იტყვიან, მთავარი როლი, უნიკალური როლი მან შეასრულა. ახლა რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში, მინდა, გითხრათ, რომ ყველამ კარგად მოისმინეთ მისი სიტყვა და კითხვები აღარ არსებობს. მან თავად განმარტა ყველა ის მიზეზი, რის გამოც იგი ბრუნდება პოლიტიკაში.

მინდა, ერთი რამ გითხრათ, რომ მთელი მსოფლიო და მათ შორის ჩვენც, რა თქმა უნდა, ჩვენ განუყოფელი ნაწილი ვართ მთელი დანარჩენი მსოფლიოსი და ბუნებრივია, ის რაც ხდება რეგიონში და დღეს გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება ყოველდღიურად, ეს გეოპოლიტიკური ვითარება რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაზე აისახება. იცვლება საერთაშორისო წესრიგი, მსოფლიო წესრიგი. არავინ არ იცის ეს რამდენ ხანს გასტანს და ეს კატაკლიზმები კიდევ რას გამოიწვევს ქვეყნებისთვის, მე ხაზს ვუსვამ და პირველ რიგში ჩვენი ინტერესი უნდა იყოს ამას როგორი ასახვა ექნება ჩვენს ქვეყანაზე. ასეთ ურთულეს, მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ბიძინას როლი რა თქმა უნდა, არის გადამწყვეტი და აქაც უნიკალური როლის შესრულება იკისრა მან. მომდევნო 10 წელი, შეიძლება ასე ითქვას, ძალიან რთული პერიოდი იქნება არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში, სულ მცირე მომდევნო 10 წელი. ამიტომ, ისეთი ვითარებაა დღეს ქვეყანაში და მსოფლიოში, რომ აუცილებელი იყო ბატონი ბიძინას დაბრუნება პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, აღარ გავაგრძელებ იმას, თუ რამდენად გაამყარებს ჩვენს გუნდს, „ქართულ ოცნებას“, კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და დაასტაბილურებს სიტუაციას, უფრო მეტად პროგნოზირებადი გახდება მდგომარეობა საერთოდ ქვეყანაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს -ბიძინა ივანიშვილი

2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩვენ გავყვებით იგივე ხაზს, რასაც 2012 წლიდან მოვყვებით – ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა 2030 წლამდე, რაც ძალიან რეალურია, ადამიანის უფლებები მაქსიმალურად დავხვეწოთ კიდევ, რაც შემოვიტანეთ ჩვენ და გახსოვთ, რაც იყო მანამდე. ამ ხაზით და მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. ბიძინა ივანიშვილმა ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, სადაც პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა.