Home Blog Page 1689

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სპეციალურად ამერიკული ტელეკომპანია CNN-სთვის ქართული ღვინის შესახებ ვიდეორგოლი მომზადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სპეციალურად ამერიკული ტელეკომპანია CNN-სთვის ქართული ღვინის შესახებ ვიდეორგოლი მომზადდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიდეორგოლის „ღვინის სამშობლო წარმოგიდგენთ“ პრეზენტაცია თბილისში გაიმართა და მას საქართველოს მთავრობის, მეღვინეობის დარგის, არასამთავრობო სექტორის, სამეცნიერო და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და ვეტერანი მეღვინეები დაესწრნენ.

ინფორმაციის თანახმად, პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მიმართა.

მინისტრის განცხადებით, CNN-ის ეთერში ქართული ღვინის საიმიჯო ვიდეორგოლის განთავსება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს წარმოსაჩენად.

„ქართული ღვინის პოპულარიზაცია ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, რაზეც უკვე წლებია აქტიურად ვმუშაობთ – ვახორციელებთ შესაბამის ღონისძიებებს პრიორიტეტულ ბაზრებზე. ჯერ კიდევ 2014 წელს დავიწყეთ ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. 2017 წელს, კვლევის შედეგებმა დაადასტურა და მსოფლიო საზოგადოებამ გაიგო, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, ღვინის წარმოების რვაათასწლიანი უწყვეტი ისტორიით”, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

უწყების ცნობით, მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახალი ვიდეორგოლი ქართული ღვინის შესახებ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მომზადდა. ვიდეორგოლს CNN-ის ეთერით, ერთი თვის განმავლობაში, ათეულ მილიონობით ადამიანი ნახავს.

ამასთან, ღონისძიებაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ ქართული ღვინის მარკეტინგულ გეგმებზე ისაუბრა.

„ამერიკელი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაყურებლის წინაშე საქართველოს, როგორც უძველესი მეღვინეობის კულტურისა და ისტორიის, ასევე თანამედროვე მრავალფეროვანი და უნიკალური მეღვინეობის ინდუსტრიის მქონე ქვეყნის შესახებ CNN-ის ეთერში ვიდეორგოლის განთავსება მიზნად ისახავს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას და მისი, როგორც კატეგორიის ჩამოყალიბებას. ამ კუთხით, ჩვენ კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს; შესაბამისად, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები უფრო მასშტაბური გახდება“, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.

„ქართული ღვინის საიმიჯო ვიდეორგოლის ეთერში განთავსებაზე ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მოლაპარაკებები ტელეკომპანია CNN-თან მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ასოციაციის „ქართული ღვინო“ წამომადგენლები შედიოდნენ. ჯგუფის წევრების მიერ შეთანხმდა ვიდეორგოლის ძირითადი კონცეფცია, რომ მთავარი გზავნილი უნდა ყოფილიყო ქართული ღვინის წარმოების უწყვეტი ტრადიცია, მარადიულ ღირებულებებთან ერთად. ვიდეორგოლი მომზადდა საქართველოში. გადაღებები სექტემბრის თვეში მიმდინარეობდა.

ვიდეორგოლი, რომლის ხანგრძლივობა 30 წამია, ერთი თვის განმავლობაში, დღეში 6-ჯერ, CNN international-ზე განთავსდება. არხი მსოფლიოს 200 ქვეყანაში მაუწყებლობს; ვიდეორგოლი დღეში 3-ჯერ გაეშვება CNN North America-ის ეთერშიც. CNN-თან თანამშრომლობა ასევე მოიცავს ონლაინ კამპანიას, რაც გულისხმობს, ერთი თვის განმავლობაში, CNN-ის ოფიციალურ გვერდზე: https://edition.cnn.com/travel, ქართული ღვინის შესახებ სტატიების გამოქვეყნებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ”- მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

„ძვირფასო კოლეგებო, ჩვენს გარშემო გამოწვევები ყოველდღიურად მატულობს და ევროპული იდეის მნიშვნელობა და ერთობის აუცილებლობა სულ უფრო მეტად იზრდება. ესპანეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის დასრულებამდე რამდენიმე კვირა რჩება და საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების დროც ახლოვდება.

გასული წლის ივნისის გადაწყვეტილებიდან დღემდე ბევრი რამ გავაკეთეთ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. მიუხედავად გამოწვევებისა, არ შეგვინელებია ევროკავშირთან დაახლოებისთვის საჭირო რეფორმები. შედეგად, გაფართოების ანგარიშის საფუძველზე, ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გამოსცა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

დღეს ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. ევროკავშირის ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას ელის საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა, ვისთვისაც ევროპა საკუთარი სახლია.

ეს გადაწყვეტილება ერთნაირად ჭირდება საქართველოსაც და ევროკავშირსაც, ვინაიდან სწორედ მან უნდა უნდა ჩაუყაროს საფუძველი იმ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ცვლილებას, რომელიც აუცილებელია ჩვენი საერთო ევროპული მომავლისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა” და „მუზეუმების გაერთიანებას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 27 ნოემბერს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და მუზეუმების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლონ ერთობლივი საგანმანათლებლო, პროექტების, გამოფენების, კონფერენციების და სხვა საქმიანობის ერთობლივ განხორციელებაზე.

„მუზეუმების გაერთიანების” გენერალურმა დირექტორმა ნინო სანადირაძემ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს, დირექტორის პირველ მოადგილეს, ნიკოლოზ კვეზერელს და სამსახურის თანამშრომლებს, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში პირადად უმასპინძლა და მუზეუმი დეტალურად დაათვალიერებინა.

მემორანდუმს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ და მუზეუმების გაერთიანების” გენერალურმა დირექტორმა ნინო სანადირაძემ მოაწერეს.

მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.

“2024 წელს ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს დაგეგმილი – ინფრასტრუქტურაზე თითქმის 6,7 მილიარდი ლარი დაიხარჯება” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს 2024 წელს დაგეგმილი. ჯამში, ინფრასტრუქტურაზე თითქმის 6,7 მილიარდი ლარი დაიხარჯება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია დაგეგმილი და საჭიროა აქტიური, ეფექტური მუშაობა და დროული გადაწყვეტილებები.

„ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს 2024 წელს დაგეგმილი. ჯამში თითქმის 6,7 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურაზე მთლიანად. აქედან მნიშვნელოვანი ნაწილი არის ირაკლი ქარსელაძის (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის) სამინისტროს ბიუჯეტი და ყველა სამინისტროს ჩადებული აქვს ეს ხარჯები, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს, საჭიროა მაგარი, აქტიური, ეფექტური მუშაობა, დროული გადაწყვეტილებები და ვფიქრობ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, – განაცხადა პრემიერმა.

“ჩვენ გვაქვს ფისკალური და ეკონომიკური თვალსაზრისით დაბალანსებული, პროგრამების შინაარსით საკმაოდ საინტერესო ბიუჯეტი” – პრემიერი

ახლა რაც შეეხება სხვაობას, რომელიც დღეს წარმოვადგინეთ წინა ვარიანტთან შედარებით. ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში ხარჯვითი ნაწილი გაიზრდება 165 მლნ ლარით, კიდევ დამატებით რესურსები გამონახა ბატონმა ლაშამ და მისმა გუნდმა, 165 მლნ ლარით გაიზრდება, აქედან, უდიდესი ნაწილი – 130 მლნ ლარი ისევ ჩვენს რეგიონებში მოხმარდება პროექტების დაფინანსებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჯამში, რეგიონული ფონდი გახდება 580 მლნ ლარი, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსება მომავალ წელს.

„გარდა ამისა, მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენ დამატებით გამოვყავით 15 მლნ ლარი და ეს თანხა მოხმარდება გურიაში იმ ოჯახების კომპენსაციებისთვის, რომელთა სახლები დაზიანდა სტიქიის დროს. ჩვენ 15 მლნ ლარს წელს ჩავურიცხავთ ამ ადამიანებს, მოხდება სახლების, ბინების შეძენა, არც ერთი ოჯახი არ დარჩება დახმარების გარეშე, ეს მინდა ვთქვა კიდევ ერთხელ მკაფიოდ. დამატებით, 15 მილიონს გამოვყოფთ უკვე 2024 წელს.

კიდევ ერთხელ შევაჯამებ, რომ ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იქნება 25 მლრდ ლარი, ხოლო ნაერთი ბიუჯეტი 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მატება. 2012 წელს ბიუჯეტი იყო 9 მილიარდ ლარამდე, დაახლოებით, 8.6 თუ 8.7, მნიშვნელობა არ აქვს, 9 მილიარდ ლარამდე იყო ბიუჯეტი. აქაც 3-ჯერ არის გაზრდილი და მთლიანი ეკონომიკაც არის გაზრდილი 3-ჯერ.

კიდევ ერთხელ მადლობა ბატონო ლაშა თქვენ და თქვენს გუნდს, ყველა მინისტრს მინდა მადლობა გადავუხადო, ჩვენს პარლამენტს, შესაბამის კომიტეტებს, რომლებმაც ძალიან ინტენსიურად იმუშავეს მთავრობასთან ერთად. ჩვენ ბევრი ინიციატივა მოვისმინეთ მათგანაც, გავცვალეთ აზრები, ძალიან საინტერესო პროცესი გავიარეთ და ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ფისკალური თვალსაზრისით და ეკონომიკური თვალსაზრისით დაბალანსებული, პროგრამების შინაარსით საკმაოდ საინტერესო ბიუჯეტი, რომელიც მომდევნო წელს აისახება ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე და რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებასაც”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე განმარტებით, საჰაერო განგაში მიზეზი რუსეთში ავიაგამანდგურებლების აფრენა გახდა.

„მთელ უკრაინაში სარაკეტო საფრთხეა, დაფიქსირებულია მიგ-31კ-ს აფრენა „მოზდოკის“ აეროდრომიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.

“მელიამ თავი დაიტოვა პარტიის მიღმა” – თინა ბოკუჩავა

მელიამ თავი დაიტოვა პარტიის მიღმა – ჩვენი ამოცანაა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და როცა ამდენ დროს აკარგვინებს ადამიანი ოპოზიციონერებს, რომ ისაუბრონ გაუთავებლად მის წასვლა-არ წასვლაზე, როცა ადამიანი წასულია, მგონი ცხადია უკვე, ვის მიზნებს ემსახურება,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია- ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, მელიას უახლოეს მომავალში სხვა პარტიაში ან პლატფორმაზე იხილავენ.

„მან არ გამოიყენა ერთობის მანიფესტზე ხელმოწერის შესაძლებლობა და პრეზიდენტი სააკაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, თავი დაიტოვა პარტიის მიღმა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მას ვიხილავთ ან სხვა პოლიტიკურ პარტიაში ან სხვა პლატფორმაზე და ეს მისი არჩევანია. ბუნებრივია, მე იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში, ყველა პროდასავლელი ჩაერთვება ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. დღეს ეს არის მთავარი ამოცანაა და ამით უნდა იხელმძღვანელოს ყველა პოლიტიკოსმა, რომელიც თავს რეჟიმის მოწინააღმდეგედ მოიაზრებს.

ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება [პარტიიდან გასვლის თაობაზე] თავად ნიკა მელიამ მიიღო, როცა მან პრეზიდენტი სააკაშვილის შემოთავაზებაზე უარი თქვა და ხელი არ მოაწერა ერთობის დოკუმენტს, რომელიც იქნებოდა შანსი მისი რეინტეგრაციისთვის პარტიაში, რომელსაც დიდი ხანია მძიმე ბრალდებებს უყენებს.

10 წუთია ვპასუხობ კითხვას, რომელიც ვფიქრობ, არ არის საზოგადოებისთვის საინტერესო, ჩვენი ამოცანაა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და როცა ამდენ დროს აკარგვინებს ადამიანი ოპოზიციონერებს, რომ ისაუბრონ უსაგნოდ და უსაზღვროდ და გაუთავებლად მის წასვლა-არ წასვლაზე მაშინ, როცა ადამიანი წასულია და ამას თავად ამბობს, მგონი, ცხადია უკვე, ვის მიზნებს ემსახურება,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

1 მლნ 366 ათასი დასაქმებულია დღეს ქვეყანაში – ეს მოიტანა ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულმა სწორმა პოლიტიკამ -პრემიერი

1 მლნ 366 ათასი დასაქმებულია დღეს ქვეყანაში. ეს ოფიციალურად არის საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია. ასევე რეკორდულია დასაქმების დონეც. ეს მოიტანა ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულმა სწორმა პოლიტიკამ, იმ ნაბიჯებმა, რომელიც ჩვენ გადავდგით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, დღეს რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება არც მშვიდობა იქნებოდა და არც ეკონომიკური ზრდა.

„რაც შეეხება ზოგადად, მიმდინარე ეკონომიკურ ვითარებას, იცით, რომ ჩვენ წელს 7%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ახლაც ძალიან კარგი ტენდენციებია და მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ეს პოზიტიური დინამიკა. მინდა გამოვეხმაურო საქსტატის მიერ წინა კვირას გავრცელებულ ინფორმაციას, ეს ეხება ეკონომიკურ აქტივობას და დასაქმების საკითხებს. წელს, ყველა კვარტალში გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა. მესამე კვარტალშიც გაიზარდა, მეორეშიც, პირველშიც. მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია დასაქმებულთა რაოდენობამ ქვეყანაში. 1 მლნ 366 ათასი დასაქმებულია დღეს ქვეყანაში. ეს ოფიციალურად არის საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია. ასევე რეკორდულია დასაქმების დონეც. ეს მოიტანა ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულმა სწორმა პოლიტიკამ, იმ ნაბიჯებმა, რომელიც ჩვენ გადავდგით, იმ მშვიდობის პოლიტიკამ, რომელიც ჩვენ გვაქვს, თორემ დღეს რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება და წინა მთავრობა, დღეს არც მშვიდობა იქნებოდა, არც ეკონომიკური ზრდა, არაფერი არ იქნებოდა. ქვეყანას ისინი მეორედ და საბოლოოდ დააქცევდნენ და გაანადგურებდნენ, როგორც მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ეს ქვეყანა, ამიტომ, ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობიან პოლიტიკას, მაღალ ეკონომიკურ ზრდას და განვითარების მაღალ ტემპს “, – განაცხადა პრემიერმა.

“მოქალაქე საარჩევნო უბანზე მეორედ თუ მივა, ელექტრონული მანქანა ხმის მიცემის საშუალებას არ მისცემს” – არჩილ თალაკვაძე

ეს არის შეტევა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და მის ადმინისტრირებაზე. არაფერი უნდოდა იმის გარკვევას, რომ მოქალაქე, რომელიც არჩევნებზე პირადობის მოწმობით მივა, ერთ საარჩევნო უბანზე იმ შემთხვევაში მისცემს ხმას, თუ ელექტრონულ მანქანაში მისი სახელი და გვარი, მისი პირადი ნომერი იქნება დარეგისტრირებული,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ISFED-ის მიერ საარჩევნო ელექტრონული აპარატების შეფასების დოკუმენტთან დაკავშირებით განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, მოქალაქე საარჩევნო უბანზე მეორედ თუ მივა და იმავე პირადობის მოწმობას აჩვენებს, ელექტრონული მანქანა მას ხმის მიცემის საშუალებას არ მისცემს.

„ერთ უბანზე ხმის მიცემის შემდეგ თუ სხვა უბანზე მივა და ხმის მიცემას ხელმეორედ შეეცდება, ელექტრონული მანქანა არც ამის საშუალებას იძლევა, რადგან სხვა საარჩევნო უბანზე მისი სახელი და გვარი არ არის რეგისტრირებული. ამის გარკვევა უმარტივესია, ვიდრე ანგარიშს გამოაქვეყნებ და დეზინფორმაციას გაავრცელებ. რა თქმა უნდა, ავტორიტეტისა და მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია ასეთ ნიუანსებს უნდა ამოწმებდეს. შეიძლება, საქმე გაცილებით უარეს ამბავთან გვაქვს, როცა მათ ეს გადამოწმებულიც აქვთ, იციან კიდეც, მაგრამ დეზინფორმაციას შეგნებულად ავრცელებენ. შეიძლება, ეს იმ შავი კამპანიის ნაწილი იყოს, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ცესკო-სა და ელექტრონული სისტემის წინააღმდეგ ვხედავთ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა თქვეს, რომ ეს არის საიმედო სისტემა, რვა-ცხრა არჩევნებზე იმუშავა, აჩვენა, რომ საიმედოა და ნდობას იმსახურებს, რის შემდეგაც გააქტიურდა ასეთი სახის საინფორმაციო ხაზი. შეიძლება, ეს იყოს ამ ხაზის ნაწილიც“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას -ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

„დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, რომელიც ისედაც განსაზღვრული იყო და არის შემადგენელი 12 პრიორიტეტის და ახლა უკვე 9 ნაბიჯის. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება ამის დამტკიცებაზე. 15:00 საათზე მექნება უკვე ევროკავშირთან ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა. პარლამენტთან ერთად განვიხილეთ, მანამდე სამუშაო შეხვედრაც გვქონდა პარტიაში და პარლამენტარებთანაც გავიარეთ ეს საკითხები – ე.წ. 9 ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას მთავრობის მიერ“, – აღნიშნა პრემიერმა.

“ისრაელი უკმაყოფილოა „ჰამასის“ მიერ გასათავისუფლებელ პირთა სიით, რომელიც მან დღეს მიიღო” – „როიტერსი“

ისრაელი უკმაყოფილოა „ჰამასის“ მიერ გასათავისუფლებელ პირთა სიით, რომელიც მან დღეს მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელი აპროტესტებს გასათავისუფლებელ პირთა სიის შემადგენლობას. ამასთან, იმავე წყაროზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ თავად „ჰამასიც“ პრობლემურად მიიჩნევს იმ პირთა სიას, რომელთა გათავისუფლებას ისრაელი შეთანხმების ფარგლებში აპირებს.

„როიტერსის“ ცნობით, კატარი ჩართულია მედიაციის პროცესში, რათა დღეს მძევალთა გაცვლის პროცესი არ გადაიდოს.

მდაბიო საქციელი ვიხილეთ ხაბეიშვილის მხრიდან -გიორგი პატარაია

მდაბიო საქციელი ვიხილეთ ხაბეიშვილის მხრიდან. წარმოუდგენელია, ადამიანმა, ვინც პარტიაში გასტროლიორად იყო წარმოდგენილი, ხან მიდიოდა, ხან მოდიოდა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ის ადამიანები გარიცხოს, რომლებიც წლების განმავლობაში ამ პარტიის გამარჯვებისთვის და ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის იბრძოდნენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი პატარაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, თავად პარტიიდან წასვლას არ აპირებს.

„სამარცხვინო და მდაბიო საქციელი იყო ლევან ხაბეიშვილის მხრიდან. ანალოგი თუ მოიძებნება, ეს გახლავთ, ალბათ, საბჭოთა კავშირის დროს პოლიტიკური ბიუროს წარმომადგენლებს რომ ადამიანებს პარტიიდან რიცხავდნენ და სასჯელს უწესებდნენ. წარმოუდგენელია, ადამიანმა ვინც პარტიაში გასტროლიორად იყო წარმოდგენილი, ხან მიდიოდა, ხან მოდიოდა და სეირნობდა აქეთ-იქით „ნაციონალური მოძრაობიდან“, ის ადამიანები გარიცხოს, რომლებიც წლების განმავლობაში ამ პარტიის გამარჯვებისთვის, ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის და პარტიის წარმატებისთვის იბრძოდნენ. სამწუხარო და მდაბიო საქციელია მისი მხრიდან. რაც შეეხება მე მივდივარ თუ არა პარტიიდან, მე ნამდვილად არსად წავსულვარ „ნაციონალური მოძრაობიდან“ არასდროს – უკვე 22 წელია ამ პარტიაში ვარ და არც ახლა ვაპირებ წასვლას. თუ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს აღნიშნული პიროვნება, ვიხილავთ. რაც ყველაზე მთავარია, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ- ერთი ყველაზე დიდი წარმატება იყო, რომ შიდაპარტიულ პროცესებში მუდმივად იყო კამათი, განსხვავებული აზრები და არასდროს არავის მოსვლია აზრად ვინმეს გარიცხვა, გამორიცხვა თუ გაგდება. სამწუხაროა ის ფაქტი, რაც გუშინ „ფორმულას“ ეთერში ვიხილეთ,“- განაცხადა პატარაიამ.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა “ფორმულას” პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერა ფურცელზე, სადაც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის და განაცხადა, რომ მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“.