Home Blog Page 1687

თიბისის პარტნიორი კომპანია „ბატონები“ ახალ ფილიალს ხსნის

2022 წელს დაარსებული, დღეისათვის უკვე ცნობილი არტიზანული საცხობი „ბატონები“ თიბისის მხარდაჭერით ერთი წლის თავზე ახალ ექსპრეს ფილიალებს ხსნის, რომელშიც არსებული საწარმოც იქნება ინტეგრირებული.

„ბატონების“ დამფუძნებელი, დავით თედიაშვილი კომპანიის წარმატების ისტორიას გვიყვება:

„პურის წარმოებაში მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, გაჩნდა იდეა, გაგვეხსნა არტიზანული საცხობი, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყანაში მომხმარებლის დიდი სიყვარულით სარგებლობს. კონცეფცია თავიდანვე ხარისხიანი პროდუქტის წარმოება და დახვეწილი, მყუდრო სივრცის შექმნა იყო ყველა ფენისა თუ ტიპის მომხმარებლისთვის. შესაბამისად, ყველა დეტალზე დიდხანს და ყურადღებით ვიმსჯელეთ, ადგილი „ტრაფიკის“ დათვლის შემდეგ საგულდაგულოდ შევარჩიეთ და შიდა და გარე სივრცეებიც პროფესიონალების დახმარებით მოვაწყეთ.

რადგან მიზანი მაქსიმალურად მაღალი ხარისხის შექმნა იყო, პირველი ობიექტი ერთი წლის განმავლობაში დონაციაზე გვყავდა. ერი წლის შემდეგ კი გაფართოება გადავწყვიტეთ.

მივმართეთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში ნომერ პირველ ბანკს – თიბისის. თიბისის და პროექტ „აწარმოე საქართველოში“ -ს დახმარებითა და მხარდაჭერით დავიწყეთ გაფართოებაზე ზრუნვა. დღეისათვის 2 ახალი ფილიალი მზადაა გასახსნელად, მესამისთვის კი ლოკაციას ვეძებთ. აქედან 3 ექსპრეს-ფილიალია, მეოთხე კი, რომელიც მალე სოლოლაკში, ლეონიძეზე გაიხსნება, საწარმოსაც მოიაზრებს.

დასაწყისში აქცენტი იყო მხოლოდ პურზე, რომელსაც უმაღლესი ხარისხის ქართული ფქვილითა და ორგანული საფუარით ვაცხობთ. მალევე დავამატეთ ფუნთუშეულის ფრანგული და საკონდიტრო ნაწარმის ფრანგულ-ქართული ხაზი, შემდეგ კი სამზარეულო კიდევ უფრო გავაფართოვეთ.

დღეისათვის მომხმარებელს რამდენიმე სახეობის თეთრ და შავ პურთან ერთად, ვთავაზობთ საკუთარი წარმოების სენდვიჩებს, სალათების ნაირსახეობებს, ხემსის, ყველის, ხორცის დაფებს, წვნიან კერძებს და დესერტების მრავალფეროვან არჩევანს.

ჩვენი ყველა პროდუქტი ორგანული, ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ნედლეულით მზადდება. რადგან ხარისხი ჩვენი ორიენტირია, გვაქვს მხოლოდ პრემიუმ ხარისხის, იტალიური, Lucaffe-ს ბრენდის ყავა და საკუთარი წარმოების, ორგანული ჩაი „მასკოტი“. ასევე საკუთარი წარმოების ღვინო „ვაზის კალამი“, ფრეშები, კომპოტები და ლიმონათები.

სიჯანსაღის გარდა, ჩვენ მიერ წარმოებულ პურ-ფუნთუშეულსა თუ ნამცხვრებს დახვეწილი, ორიგინალური დიზაინიც გამოარჩევს. ყველაფერი ერთად კი იმის საფუძველია, რომ ერთ წელიწადში უკვე უამრავი მუდმივი მომხმარებელი გვყავს და გვაქვს რამდენიმე ფილიალი, რომელშიც 43 ადამიანია დასაქმებული.

მომავალი წლისთვის ვგეგმავთ „ბატონების“ კიდევ 10 ექსპრეს-ფილიალის დამატებას, რომლებსაც მთლიანად საკუთარი წარმოების პროდუქციით მოვამარაგებთ.“

15 წლის გოგონას მოტაცებაში ბრალდებულ ოთხ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა

ფონიჭალაში 15 წლის გოგონას მოტაცებაში ბრალდებულ ოთხ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

ბრალდებულების ადვოკატის, დიმიტრი ნაცვლიშვილის განცხადებით, არასრულწლოვანს 3 ათას ლარიანი, ერთ სრულწლოვანს 25 ათას ლარიანი, ორს კი 15-15 ათას ლარიანი გირაო დაეკისრა.

„სასამართლომ გაითვალისწინა გარემოება, რომ ისინი პირველად იყვნენ პასუხისგებაში მიცემული, ნებაყოფლობით გამოცხადდნენ პოლიციაში, მისცეს ჩვენება სრულყოფილად. ყველაფერი ეს გაითვალისწინა და არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, პატიმრობა“,- განაცხადა დიმიტრი ნაცვლიშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

პროკურორ შოთა ბარამიას განცხადებით კი, ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში, ბიჭმა, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვანი ბიძაშვილი მოიტაცა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ფონიჭალის დასახლებაში, ნათესავის ქორწილში იმყოფებოდა, საიდანაც სიძემ, სიძის ძმამ და კიდევ ორმა მეგობარმა მოიტაცა.

გორში, 2 წლის ბავშვი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის მესამე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა.

შემთხვევის შედეგად ბავშვმა ქალა-ტვინის ტრავმა მიიღო, ის თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

ჰოსპიტლის ინფორმაციით, იგეგმება მცირეწლოვანი პაციენტის რეფერირება თბილისში ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები Credit Suisse-სთან მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ის შორის მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით ივანიშვილის ადვოკატები დღეის მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას ავრცელებენ.

როგორც იურიდიული კომპანია Metric-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ბერმუდის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse-ის შვილობით კომპანიას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სასარგებლოდ დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა, სინგაპურის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით კი Credit Suisse Trust Limited-ს მოსარჩელეების სასარგებლოდ 926 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. ამასთან, ადვოკატები იმედოვნებენ, რომ სამართლებრივი ბრძოლა შედეგს გამოიღებს და ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახის წევრებს სრულ აქტივებზე წვდომა აღუდგებათ.

„დაინტერესებულ პირებს/საზოგადოებას დავპირდით ინფორმაციით უზრუნველყოფას ბიძინა ივანიშვილი vs Credit Suisse საქმეებთან დაკავშირებით. შესაბამისად, გაგაცნობთ მოცემული მომენტისთვის არსებულ მდგომარეობას.

ბერმუდაში მიმდინარე სამოქალაქო საქმე ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა ბერმუდის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse-ის შვილობით კომპანიას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის (მოსარჩელეები) სასარგებლოდ დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა. სინგაპურში მიმდინარე სამოქალაქო დავა სინგაპურის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 26 მაისის გადაწყვეტილებით Credit Suisse Trust Limited-ს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 926 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

უკანონო/დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილი აქტივები სხვადასხვა იურისდიქციაში მიმდინარე სასამართლო საქმეებთან მიმართებით, თუ მხედველობაში არ მივიღებთ საქმის განხილვის ვადებს, პრეტენზიები არ არსებობს. წარმატებებიც ყველა იურისდიქციაში მოცემული მომენტისთვის სახეზე არის.

კანონსაწინააღმდეგო დაბრკოლებები/პრობლემები შეიქმნა, გრძელდება კიდეც სასამართლოს მიღმა არსებულ საკითხებთან, კერძოდ, Credit Suisse-ის/მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების/ უკანონო და, როგორც არაერთხელ ითქვა, დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილ ფულად სახსრებთან/აქტივებთან დაკავშირებით.

დაინტერესებული პირებისთვის/საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ Credit Suisse-ის/მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების/უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი Credit Suisse-დან გადატანილი იქნა სხვა შვეიცარულ ბანკში (Julius Baer), თუმცა აქტივების მმართველად დარჩა Credit Suisse-ის ტრასტი, დაფუძნებული გენზის კუნძულზე.

Credit Suisse-ის ტრასტმა 2022 წლის მარტიდან შექმნა დაბრკოლებები აქტივების წვდომის მიმართულებით. თავდაპირველად ვალდებულების შეუსრულებლობა ტრასტმა ახსნა მიზეზით: „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები“.

ერთადერთი გამოსავალი არსებული მდომარეობიდან იყო ტრასტის ხელშეკრულების შეწყვეტა და ტრასტის დაშლა, თუმცა Credit Suisse-ის ტრასტი, მოცემულ შემთხვევაშიც, შეეცადა საკითხის ხელოვნურად გაჭიანურებას. კერძოდ, ტრასტმა მიუთითა, რომ სასამართლოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, ტრასტის დაშლა ეწინააღმდეგებოდა თუ არა არასრულწლოვნების და მომავალი/დაუბადებელი შთამომავლების ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებისთვის განჭვრეტადი იყო სასამართლო გადაწყვეტილების შედეგი, მაინც გახდა საჭირო სასამართლოსთვის მიმართვა.

Credit Suisse-ის ტრასტი მაქსიმალურად შეეცადა გაეჭიანურებინა სასამართლო პროცედურებიც. ფაქტიურად, ერთი წლის თავზე (2023 წლის 24 მარტი) დადგა ის შედეგი, რომელიც თავიდანვე პროგნოზირებადი იყო და რომლის სასამართლოში განსახილველად მხოლოდ ერთი სხდომა იყოს საჭირო; ერთ სხდომაში მოხდა კიდეც საქმის განხილვა.

უნდა აღინიშნოს, რომ Credit Suisse-ის ტრასტმა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან მხოლოდ ორ თვე ნახევრის (დაახლოებით) შემდეგ, 2023 წლის 14 ივნისს, მიიღო რეზოლუცია ტრასტის დაშლისა და აქტივების განაწილების შესახებ.

აღნიშნულის საფუძველზე შვეიცარიულმა ბანკმა (Julius Baer) უნდა უზრუნველყოს აქტივების მოსასრჩელეებისთვის გადაცემა/განაწილება. Julius Baer-მა გაანაწილა აქტივების დაახლოებით 5%; დარჩენილი აქტივების (95%) გადაცემის მიმართულებით კი შეექმნა დაბრკოლება. კერძოდ, გადასაცემი აქტივების 95% განთავსებული არის ერთ-ერთ Hedge Fund-ში, რომელსაც, თავის მხრივ, აქტივების უდიდესი ნაწილი გადანაწილებული აქვს ამერიკულ, შედარებით მცირე კი – დასავლეთ ევროპის ფონდებში.

Julius Baer-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაერთხელ მიმართვას, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პროცედურულად რამდენიმე წუთში არის საკითხის დარეგულირება შესაძლებელი (მხოლოდ ტექნიკური მოქმედებები არის ფონდების მხრიდან განსახორციელებელი), თითქმის ერთი თვე არის, როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ამერიკული და დასავლეთ ევროპის ფონდები აფერხებენ მოსარჩელეებისთვის აქტივების გადაცემას; იმ აქტივების გადაცემას, რომელზეც ფაქტიურად გადაწყვეტილება მიღებული აქვს სასამართლოს, მათ შორის, Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას, რეზოლუციის სახით.

აღნიშნული კი, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ 2022 წლის მარტიდან ანუ, როგორც Credit Suisse-ის ტრასტი აღნიშნავდა, „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენებიდან“ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახის წევრებს ფაქტიურად შეზღუდული აქვთ თავიანთი აქტივების გარკვეულ ნაწილზე წვდომა.

და ბოლოს, გამოვთქვამთ იმედს, რომ სამართლებრივი ბრძოლა გამოიღებს შედეგს და აღსდგება სრულ აქტივებზე წვდომა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სტიქიამ ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები დააზარალა

სტიქიამ კახეთის ორი მუნიციპალიტეტი დააზარალა. ყვარელსა და ლაგოდეხში მოსახლეობა ზარალს დილიდან ითვლის.

ყვარელში ქინძმარულის ზონაში ჰექტრობით ვენახია დასეტყვილი. მევენახეების თქმით, განადგურებულია მოსავლის 80%. გარდა ვენახებისა, დასეტყვილია ერთწლიანი კულტურები, მათ შორის საზამთროს და ნესვის ბაღები.

“ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ განაახლოს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განხორციელება” – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირი ცალსახად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია აღნიშნული.

„რუსეთი თავისი გადაწყვეტილებით კიდევ უფრო ამწვავებს სასურსათო უსაფრთხოების გლობალურ კრიზისს, რომელიც შეიქმნა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გაჩაღებისა და უკრაინის საზღვაო პორტების ბლოკადის შედეგად. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის საზღვაო პორტების უკანონო ბლოკირება და დაუშვას შავ ზღვაზე ნაოსნობის თავისუფლება. რუსეთი აგრძელებს საკვების იარაღად გამოყენებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ჯოზეფ ბორელი ხაზს უსვამს, რომ შეთანხმების შეწყვეტით, რუსეთი ცალმხრივად ბლოკავს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ერთ-ერთ მთავარ გზას და მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი მსოფლიოში მარცვლეულის მიწოდების შეფერხებასა და გლობალურად სურსათის ფასების ინფლაციაზე.

„ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს გადახედოს გადაწყვეტილებას და დაუყოვნებლივ განაახლოს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განხორციელება. ევროკავშირი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა გააგრძელოს ყველა საქონლის, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების დროული და სტაბილური მიწოდების მხარდაჭერა გლობალურ ბაზრებზე ევროკავშირი-უკრაინის „სოლიდარობის გზების“ მეშვეობით. ევროკავშირი გააგრძელებს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განახლებისთვის ყველა მცდელობის მხარდაჭერას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთმა გუშინ განაცხადა, რომ აჩერებს მონაწილეობას შეთანხმებაში, რომელიც ომის ფონზე უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის საშუალებას იძლეოდა. გაერო-ს მონაცემებით, შეთანხმების ფარგლებში, რომელიც თავდაპირველად ერთი წლის წინ თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით გაფორმდა, უკრაინის პორტებით თითქმის 33 მილიონი ტონა საკვების ექსპორტი განხორციელდა.

ალექსანდრე ლუკაშენკომ სახალხო ლაშქრის შექმნის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ალექსანდრე ლუკაშენკომ სახალხო ლაშქრის შექმნის შესახებ კანონს მოაწერა ხელი.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტი რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში დაწესებულ სამხედრო მდგომარეობის უზრუნველყოფაში ნებაყოფლობით მონაწილეობისთვის საჭირო სამართლებრივი საფუძვლების შექმნას ემსახურება. ასევე მასში შეტანილია დამატებითი პირობები საკუთრების ნებისმიერი ფორმის ქონების დაცვისთვის.

ყალბი საგადასახდო დოკუმენტების დამზადება – გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე მხილებულია პირთა ჯგუფი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-გასაღების, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ოთხი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეცნობით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ხის მასალა შეიძინეს, რის შემდეგაც, მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, დაქვემდებარებაში არსებული კომპანიების სახელით, ყალბი სასაქონლო ზედნადებები გაწერეს, რომელთა გამოყენებითაც ჯამში 1 006 მ3 უკანონოდ მოპოვებულ ხის მასალას კანონიერი სახე მისცეს და შემდგომ მისი სხვადასხვა პირზე რეალიზაცია მოახდინეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე, 210-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩაფიძის გულის ცენტრმა ვეტერანებისთვის 144 -ე საქველმოქმედო აქცია თბილისში ჩაატარა

მიმდინარე წლის 15 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 144-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს. აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ).

საქველმოქმედო სამედიცინო აქციით უსასყიდლოდ ისარგებლა სამსახურის 50 -მა ბენეფიციარმა, განხორციელდა 170-მდე სამედიცინო ვიზიტი.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, პირველი მემორანდუმი 2017 წელს გაფორმდა; ხუთწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდეგ კი, 2022 წლის 16 აპრილს, მემორანდუმი, კვლავ 5 წლით გაგრძელდა.

მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართება. დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 144 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია 12 826 ბენეფიციარს.

მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

ზესტაფონში, სამცვერას ჩანჩქერთან მაშველები 18 წლის ბიჭს ეძებენ

ზესტაფონში, სოფელ ქვედა საზანოში, სამცვერას ჩანჩქერთან მაშველები მუშაობენ. მყვინთავები 18 წლის ბიჭს ეძებენ, რომელიც ჩანჩქერზე გადახტა.

შემთხვევა გუშინ მოხდა, სამძებრო სამაშველო სამუშაობი კი მეორე დღეა მიმდინარეობს.

ომის 510-ე დღე – რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის

რუსეთი უკრაინას Shahed-ის დრონების გამოყენებით წუხელ კიდევ ერთხელ დაესხა თავს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აფეთქებების ხმა თავდაპირველად მიკოლაივში გაისმა, შემდეგ კი – ოდესაში. საჰაერო ძალების ცნობით, მიკოლაივისა და ოდესის გარდა უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საფრთხე არსებობს ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში. ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხე კი პოლტავას, ჩერკასის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, კიროვოგრადის ოლქებში.

მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, თავდასხმის შემდეგ ქალაქში ხანძარი გაჩნდა, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია. ქალაქის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა ხანძარს საკმარისად სერიოზული უწოდა. „ადგილზე სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები მუშაობენ“, – აღნიშნა მან.

40-მდე იერიში მიიტანეს რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქზეც. იქ 252 აფეთქება მოხდა, დაიღუპა 2, დაშავდა 10 ადამიანი. დრონებით თავდასხმის შესახებ ცნობას ავრცელებს ოდესის საოლქო ადმინისტრაციაც. მათივე განცხადებით, შავ ზღვაში ოკუპანტების რაკეტმზიდების გააქტიურება შეინიშნება.

ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვის საშიშროების გამო, უკრაინის რამდენიმე ოლქში განგაში იყო გამოცხადებული.

 

პოლონეთში თვითმფრინავი ანგარის შეეჯახა- დაღუპულია ხუთი ადამიანი

ხუთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა ვარშავასთან ახლოს მომხდარი ავიაკატასტროფისას ხუთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მცირე ზომის თვითმფრინავი სოფელ ჰრცინოში ჩამოვარდა და ანგარს დაეცა, რომელსაც, ძლიერი ქარიშხლის გამო, ადგილობრივები აფარებდნენ თავს.

გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავში სამი პილოტი იმყოფებოდა. ერთი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ავარიის გამომწვევ მიზეზად ავდარი სახელდება.