Home Blog Page 1686

“მთავარი პრეტენზია მათ წინააღმდეგ უნდა იყოს, ვინც ომში მიგვატოვა” – ალექსეი არესტოვიჩი

მთავარი პრეტენზია და მთავარი ტვირთი მათ წინააღმდეგ უნდა იყოს, ვინც დიდ ომში მიგვატოვა, სრულ მხარდაჭერას დაგვპირდა და ამის გარეშე დაგვტოვა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა სოციალურ ქსელში დაწერა.

არესტოვიჩის თქმით, უკრაინის მთავრობამ სისულელით და კორუფციით ბევრი ფორმალური და არაფორმალური მიზეზი შექმნა უკრაინის მიტოვებისთვის.

ალექსი არესტოვიჩი წერს, რომ დავით არახამიას ინტერვიუ არის ომის გაგრძელებისთვის პასუხისმგებლობის გადატანა ბორის ჯონსონზე.

არესტოვიჩი აღნიშნავს, რომ, როგორც ჩანს, ზელენსკის ოფისში გადაწყვიტეს პასუხისმგებლობის განაწილება ჯონსონსა და ზალუჟნის შორის.

„ჩვენ მოვიგეთ ჩვენი ომი. ჩვენ გავტეხეთ რუსეთის ფედერაციის საკადრო არმია და შემოჭრის გეგმა დასავლეთის მინიმალური დახმარებით: პირველი რამშტაინი – უკვე 26 აპრილს, პირველი სერიოზული მიწოდება – ივნისის ბოლოს. ჩვენი ომი შეიძლება დაგვირგვინებულიყო სტამბოლის ხელშეკრულებებით და რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი ცოცხალი ყოფილიყო. და შემდეგ დაიწყო კიდევ ერთი ომი. ჩვენ ვერ მოვიგებდით ამ მეორე ომს თვითმფრინავების და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების,, სახმელეთო ჯარების ხუთჯერ მეტი მარაგის გარეშე. არცერთი ეს არ მომხდარა. ჩვენ ამაში დიდი ფასი გადავიხადეთ, მაგრამ ეს მაინც პრობლემის ნახევარია. მეორე ნახევარი არის ახალი სამშვიდობო შეთანხმება, რომლის ჩვენთვის დაწესებას შეეცდებიან. „გარიგების“ ზოგადი მონახაზები ასეთი იქნება: იმდენი ინვესტიცია ჩავდეთ თქვენში, თქვენ კი ისეთი კორუმპირებული და სულელები ხართ, არ გამოგივიდათ, ახლა პუტინს დაუტოვეთ ოთხი რეგიონი და – კარგი“, – დაწერა ალექსეი არესტოვიჩმა.

ცნობისთვის, უკრაინის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ ზელენსკის რუსეთთან შეთანხმების ხელმოწერაზე უარის თქმა ბორის ჯონსონმა ურჩია, რომელიც კიევში რუსეთ-უკრაინის სტამბოლის მოლაპარაკებების შემდეგ ჩავიდა.

„როცა სტამბოლიდან დავბრუნდით, კიევში ჩამოვიდა ბორის ჯონსონი და თქვა, რომ ჩვენ მათთან საერთოდ არაფერს მოვაწერთ ხელს და მოდით უბრალოდ ვიომოთ“, – აღნიშნა არახამიამ.

„ქართული ოცნების“ ტყუილებით სიამოვნების მიღებას და სამუშაო ჯგუფებში შესვლას არ ვაპირებთ”

როდესაც მოგატყუებენ პირველად, შემდეგ მეორედ, მესამე მოტყუება იმას ნიშნავს, რომ გსიამოვნებს როცა გატყუებენ – „ქართული ოცნების“ ტყუილებით სიამოვნების მიღებას და სამუშაო ჯგუფებში შესვლას არ ვაპირებთ, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.

მანჯგალაძის თქმით, ევრორეკომანდაციების თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებული წინა გამოცდილება მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან არაფრის დათახმებას არ აპირებს.

„დაახლოებით ცხრა სამუშაო ჯგუფი იყო და არც ერთ ჯგუფს ოპოზიციასთან შეთანხმებით გადაწყვეტილება არ მიუღია – ასეთი არც ერთი პრეცედენტი არ არსებობს. თუ ვინმე ერთობა და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად სამუშაო ჯგუფში ჯდომა უხარია, ჩვენ ამის წინააღმდეგი არა ვართ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

“არასათანადო მოპყრობასა და ძალადობრივ დანაშაულში 62 სამართალდამცავი ვამხილეთ” -სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კოკა კაციტაძის განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის მხილებული 153 პირიდან, 62 – სამართალდამცავია.

როგორც მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსმენისას აღნიშნა, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაზრდილი უფლებამოსილებით, 2022 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდა, სამსახური საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობის, წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გარდა კი, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებსაც იძიებს.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მხილებული 153 პირიდან, 62 – სამართალდამცავია, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის დადგა. 69 პირი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში იქნა მხილებული, 16 პირი კი ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში.“ – განაცხადა კოკა კაციტაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაზრდილი დატვირთვისა და მცირე ადამიანური რესურსის მიუხედავად, სამსახურმა 10 თვეში, 2514 შეტყობინებაზე მოახდინა რეაგირება, გამოძიება 420 საქმეზე დაიწყო.

„237 (56%) სამართალდამცავების მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს უკავშირდება, 129 (31%) საქმე – მოქალაქეების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, ხოლო 54 (13%) – სამართალდამცავების მიერ ყოფით ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებს”, – აღნიშნა კაციტაძემ.

“ეფექტიანი გამოძიებისა და სამსახურის ხელმისაწვდომობისთვის, ახალი სათავო ოფისი აშენდება, რუსთავსა და გორში კი რეგიონალური ოფისები დაგვემატება” – კოკა კაციტაძე 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კოკა კაციტაძემ ვრცლად ისაუბრა იმ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, რაც სამსახურის გაძლიერების კუთხით განხორციელდა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური, არასათანადო მოპყრობის და მისი ქვემდებარე დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მიზნით, ინსტიტუციური გაძლიერების რეფორმის ფარგლებში, ახალი ოფისების გახსნას ქ. გორში და ქ.რუსთავში გეგმავს.” – განაცხადა კოკა კაციტაძემ.

2022 წლის 1 მარტიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მნიშვნელოვნად გაზრდილი ფუნქციებით ამოქმედდა. შესაბამისად, სამსახურის წინაშე წარმოშობილი გამოწვევების საპასუხოდ, აუცილებელი გახდა  ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული გაძლიერება.

კოკა კაციტაძის განცხადებით, სამსახურის გაძლიერების აუცილებლობა ასევე ხაზგასმულია ევროკომისიის 12 პუნქტიან რეკომენდაციაში, რომლის თანახმადაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასთან ერთად, უნდა მოხდეს სამსახურის გაძლიერება, რომელიც თავისთავად მოიცავს ინსტიტუციურ, ფინანსურ, საკანონმდებლო და მათ შორის ინფრასტრუქტურულ გაძლიერებასაც.

სამსახურის გაძლიერებისა და ინსტიტუციური გაფართოების ფარგლებში, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად, ქ. თელავსა და ქ. ზუგდიდში რეგიონალური სამმართველოები გაიხსნა.

ახალი რეგიონალური სამმართველოების ინფრასტრუქტურა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ოფისი უზრუნველყოფილია საგამოძიებო ორგანოსთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, მათ შორის, გამოკითხვისა და ამოცნობის ოთახებით. ასევე დაგეგმილია ბავშვზე მორგებული არასრულწლოვვანთა სივრცეების მოწყობა და ტელეხიდის სისტემების დამონტაჟება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს სხვადასხვა რეგიონში მყოფ სამსახურის თანამშრომლებს, მაღალი ხარისხის თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით სამუშაო შეხვედრებს დისტანციურად დაესწრონ ან/და ჩაატარონ.

ახალი ოფისების დამატების შემდეგ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავში, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო მეტ მოქალაქეს გავუწიოთ სათანადო დახმარება.

საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ახალი სათავო ოფისის მშენებლობის პროცესი დაიწყო.

სამშენებლო სამუშაოები სამსახურის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანის მე-12 კმ. მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 4 440 მ2 მიწის ნაკვეთზე განხორციელდება.

ადმინისტრაციული შენობა ენერგოეფექტური და სამსახურის ფუნქციებსა და საქმიანობის სპეციფიკაზე სრულად იქნება მორგებული. აღიჭურვება უსაფრთხოებისათვის აუცილებელი თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული ტექნიკითა და ინვენტარით. ასევე,  მოეწყობა საკონფერენციო სივრცე, არასრულწლოვანთა გამოკითხვის, მოქალაქეებთან შეხვედრების და ამოცნობის ჩასატარებელი ოთახები. ადმინისტრაციული შენობის საერთო და სამუშაო დანიშნულების სივრცეები შშმ პირებზე სრულად ადაპტირებული და  არასრულწლოვანთა ინტერესებზე მორგებული იქნება.

ახალი შენობა გააუმჯობესებს სამუშაო გარემოს, ხელს შეუწყობს თანამშრომლებს სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში, უფრო მეტად ეფექტურს გახდის საგამოძიებო პროცესს და მომდევნო წლებში შეამცირებს იჯარით აღებული შენობისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას. 

 

“გაარკვიეს, რომ ნიკა მელია ირიცხება, მაგრამ ჯერ ვერ გაარკვიეს, პარტიაში ირიცხება, თუ პარტიიდან” – არჩილ თალაკვაძე

გაარკვიეს, რომ ნიკა მელია ირიცხება, მაგრამ პარტიაში ირიცხება, თუ პარტიიდან ირიცხება, ჯერ ვერ გაარკვიეს. როგორც ჩანს, ნიკა მელია ჯერ კიდევ რჩება ლევან ხაბეიშვილის თავისტკივილად და ლევან ხაბეიშვილი – ნიკა მელიას გულისტკივილად, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის ფაზაშია.

„ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლის არჩევნებს დაშლილი და დასუსტებული შეხვდება, რაც ლოგიკური შედეგია – რაც დათესეს, იმას იმკიან. სინამდვილეში, ამ პარტიას თავმჯდომარე არ ჰყავს. მათი ყოფილი ლიდერი, რომელიც დღეს პატიმრობაშია, ყველაფერს აკეთებს, რომ პარტიის შიგნით ბრძოლა იყოს და ვერავინ შეძლოს ლიდერობის მოპოვება. სწორედ ამ ხერხით ცდილობს, შეინარჩუნოს ლიდერობა და მითი, რომ თავად არის პარტიის უცვლელი ლიდერი. ამაზე მეტყველებს ყველა განცხადება და მოქმედება, რომელიც სააკაშვილსა და თავის გარემოცვას აქვთ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, გუშინ პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელი ძლიერი ქარის, შტორმისა და უამინდობის გამო მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელი ძლიერი ქარის, შტორმისა და უამინდობის გამო მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი ქარის, უხვი ნალექისა და შტორმის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მობილიზებული არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად და კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, განსაკუთრებით ზღვისპირა რეგიონებში მყოფ მოქალაქეებს, შტორმისა და უამინდობის გამო, თავი შეიკავონ სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“როგორც სტრატეგიული პარტნიორი, ჩინეთი ყოველთვის მოწოდებულია, დაეხმაროს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებისთვის” – ჩინეთის ელჩი

საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ჩინეთი ყოველთვის მოწოდებულია, დაეხმაროს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებისთვის.

„ჩვენ უზრუნველვყავით ქალაქ გორისთვის ფინანსური დახმარება, რათა გაუმჯებესდეს სოციალური სახის აღჭურვილობა ქალაქის ირგვლივ და სოფლებში. სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ საქართველოს მთავრობის დახმარება, განავითაროს ადგილობრივი სოციალური და ეკონომიკური სახის აღჭურვილობა, ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ ასევე გვსურს, ვაჩვენოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ეს არის ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების საფუძველი. ასევე, მსურს, აღვნიშნო, რომ კოვიდის დროს ჩინეთმა უზრუნველყო 200 000-ზე მეტი ვაქცინა საქართველოსთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის. ამ დროს აშშ და ევროპის ქვეყნები ვაქცინების ექსპორტს კრძალავდნენ. ასევე, ჩინეთმა საქართველოს მთავრობას კოვიდის დროს მიაწოდა 1.5 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარება, მათ შორის, ნიღბები და ვენტილატორები კოვიდის შედეგების დაძლევის, ეკონომიკის გადატვირთვის მიზნით. როგორც სტრატეგიული პარტნიორი, ჩინეთი ყოველთვის მოწოდებულია, დაეხმაროს საქართველოს მისი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებისთვის“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

“ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულირება ქვეყანაში 3-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2022-2023 წლის სეზონზე” – ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძეს განცხადებით, ახლა, ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულირება ქვეყანაში 3-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2022-2023 წლის სეზონზე.

მისივე თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წელს გრიპის შემთხვევები არ დაიწყებს მატებას. ჩხაიძის ვარაუდით, შემთხვევათა მატების პიკი გადაიწევს.

როგორც მან აღნიშნა, გრიპის ვირუსის მატება მოსალოდნელია დეკემბერ-იანვარ-თებერვლის განმავლობაში.

„47-ე კვირა გამოირჩევა იმ თვალსაზრისით, რომ აღარ არის გრიპის ვირუსი. ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის წამყვანი არც გრიპი, არც კორონავირუსი არ არის. ბოლო კვირის განმავლობაში ძირითადად ქვეყანაში ცირკულირებდა რინოვირუსი, პარაგრიპის ვირუსი, ე.წ. ძველი კორონავირუსი, რომელსაც ძირითადად გაციების მსგავსი სიმპტომების გამოწვევა შეუძლია. შესაბამისად, ბოლო კვირა გამოირჩეოდა შედარებით მსუბუქად მიმდინარე ვირუსებით სიჭარბით, განსხვავებით მაგალითად, წინა ორი კვირისაგან, როდესაც გრიპის ვირუსიც ფიქსირდებოდა, ორი კვირის წინ კორონავირუსის ხვედრითი წილი დადასტურებულ შემთხვევებში 3%-ი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ წლევანდელი, 2023-2024 წლის სეზონი გარკვეულწილად განსხვავდება 2022-2023 წლის სეზონისაგან, პირველ რიგში, იმით, რომ ძალიან ცოტაა გრიპის ვირუსის შემთხვევები. მაგალითად: თუ ახლა 2023-2024 წლის განმავლობაში ინციდენტობა, ანუ 100 000-ზე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა იყო 12 000 ათასი ბოლო კვირას, ანალოგიურ პერიოდში, ერთი წლით ადრე, ამ შემთხვევების რაოდენობა 47 000-ს აღწევდა, ანუ 3-4-ჯერ ნაკლებია ახლა, ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულირება, ვიდრე ეს იყო 2022-2023 წლის სეზონზე. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წელს გრიპის შემთხვევები არ დაიწყებს მატებას, უბრალოდ, სავარაუდოდ, გადაიწევს შემთხვევათა მატების პიკი და ალბათ, აციების კვალდაკვალ, რომელიც საქართველოში მოსალოდნელია ამ დღეების მანძილზე გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადების შემთხვევებიც მოიმატებს, დეკემბერი და იანვარი, ისე, როგორც გვქონდა სტატისტიკის მიხედვით ბოლო ათწლეულების განმავლობაში იქნება გრიპის შემთხვევების უფრო მეტი რაოდენობა და მაქსიმუმს, ალბათ, სწორედ ამ პერიოდში ველოდებით (დეკემბერ-იანვარ-თებერვლის განმავლობაში)“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

გარდა ამისა, მან ქვეყანაში არსებულ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში რისკი ჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 000 დოზა არის შემოტანილი.

„ჩემთვის სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის, მაგრამ საქართველოში 200 000 დოზა არის შემოტანილი რისკჯგუფებისთვის. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ აცრებისთვის იდეალური პერიოდი ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისია, თუმცა ახლა, თუ გავითვალისწინებთ გრიპის შემთხვევები ძალიან ცოტაა, ნოემბრის ბოლოსაც ვაქცინაციის ჩატარება ითვლება უკვე დროულად, ვინაიდან ვაქცინაციის ჩატარებიდან ორი კვირის შემდეგ იწყება მაქსიმალური დაცულობა ორგანიზმის, ეს ორი კვირა, საბედნიეროდ, ახლა გვაქვს. ყველა იმ ადამიანს, ვინც რისკი ჯგუფს მიეკუთვნება, ეს არის 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა, დიაბეტის მქონე, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ორსულები, კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის ერთადერთი რეალური შესაძლებლობა გრიპის პრევენციის თვალსაზრისით.

ქვეყანაში ორი ტიპის ვაქცინა არის შემოსული: ფრანგული და ჰოლანდიური, რომელიმეს სანდოობაში ეჭვის შეტანა, მსუბუქად რომ ვთქვათ, არის ნაკლები ინფორმირებულობა, ვინაიდან ორივეს ვაქცინა ერთი ტიპის არის, ოთხი ტიპის გრიპის ვირუსის წინააღმდეგ გვიცავს. ორივე ვაქცინა ევროპული სერტიფიკატის მქონეა, ორივე ვაქცინა რეკომენდებულია სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურების, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ასე რომ, ასეთი ემოციური შეფასება, რომ რახან უფასოა, არის ნაკლებად ხარისხიანი, აბსოლუტურად არასწორი ინფორმაციაა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

“თვალსა და ხელს შუა გვეცლება ისრაელ-ჰამასის ომის ძირითადად პროგნოზირებული მიზანი – ირანი” – დავით ქართველიშვილი

ყველაზე მნიშვნელოვანია ეს „მეტამორფოზი“ – ირანის მიმართ ომის გაჩაღების პერსპექტივიდან დაწყებული, ირანის როგორც რეგიონული „მშვიდობისმყოფელის“ დაჯილდოებით დასრულებული, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ქართველიშვილი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე ამერიკის გავლენაზე წერს და აცხადებს, რომ ამერიკის მხრიდან თხოვნის შემდეგ ისრაელმა ლიბანში „ჰესბოლას“ ლოკაციებზე თავდასხმაც კი შეწყვიტა.

„დასასრულს უახლოვდება „ჰამას-ისრაელის“ ომის მეორე თვე. მით უფრო რთულია იმის პროგნოზირება, რით დასრულდება იგი. არანაკლებად ძნელია იმის გაანალიზებაც, რამ (ვინ) გამოიწვია ეს ომი. თუ პირველი დღეებიდან ომის გაჩაღების ერთ-ერთ მიზეზად სახელდებოდა მასში ირანის ჩათრევა, აქედან გამომდინარე რეგიონული აყირავების შედეგებით – ამჟამად ჩვენს თვალწინ ვითარდება სულ სხვა სურათი.

ორი დღის წინ გამომცემლობა SHARQ Analytics-მა ირანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოჰამად რეზე ფარზინის ინფორმაციაზე დაყრდნობით გვაცნობა, რომ „ყადაღა მოეხსნა“ კიდევ ერთ სოლიდურ დასანქცირებულ ირანულ თანხას. ეს არის უკვე მეორე მსგავსი გადაწყვეტილება. მანამდე 6 მილიარდი დოლარი დაუბრუნდა ირანს სამხრეთ კორეიდან, კატარის შუამდგომლობით ირანელი და ამერიკელი პატიმრების გაცვლითი პროგრამის სანაცვლოდ.

ეს ინფორმაცია მით უმეტეს ცოტა ალოგიკურად ჟღერს ჯერ კიდევ თვე ნახევრის წინ ამერიკელების მიერ ისრაელ-ირანის შეტაკების ლამის პროვოცირების ფონზე. ამის შესახებ ნაწილობრივ პასუხს გვაწვდის ირანის სახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტო IRNA: 22-23 ნოემბერს ლიბანში შედგა ირანის საგარეო მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლახიანის შეხვედრა “ჰეზბოლას” ლიდერ ჰასან ნასრალასთან.

მოლაპარაკებების შედეგები გასაიდუმლოებულია, თუმცა ფაქტი ჯიუტია – ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის მას შემდეგ შეტაკებებს ადგილი აღარ აქვს. გარდა ამისა, გუშინწინ ისრაელის მე-13 ტელეარხმა გააჟღერა აშშ-ს პრეზიდენტის თხოვნა ისრაელის პრემიერის მიმართ “თავი შეიკავონ სამხრეთ ლიბანში განთავსებული „ჰესბოლას“ ობიექტებზე თავდასხმისაგან„. თავის მხრივ ლიბანის მედიასაშუალებებიც ადასტურებენ – უკანასკნელ თვე ნახევარში პირველად სამხრეთ ლიბანში მშვიდობა და სიწყნარეა, ადგილობრივი შიიტური და ქრისტიანული სოფლების მოსახლეობა დაუბრუნდა თავის კერებს.

ამ ინფორმაციაში ყველაზე მნიშვნელოვანია ეს „მეტამორფოზი“ – ირანის მიმართ ომის გაჩაღების პერსპექტივიდან დაწყებული, ირანის როგორც რეგიონული „მშვიდობისმყოფელის“ დაჯილდოებით დასრულებული. ასე რომ, თვალსა და ხელს შუა გვეცლება ამ ომის ძირითადად პროგნოზირებული მიზანი – ირანი. რაც შეეხება ირანულ სანქცირებულ ფინანსებზე „ყადაღის“ მოხსნას – პირველ რიგში ეს ფაქტი ჯო ბაიდენის მკაცრი კრიტიკის საგანი გახდა, როგორც რესპუბლიკელების, ასევე დემოკრატების მხრიდან“, – წერს ქართველიშვილი.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის ცალკეულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მეუღლისა და ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის  ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ მეუღლისა და ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და მეუღლის მიმართ იძულების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქ.ვ.-მ მეუღლეს ლ.წ.-ს, ძალის გამოყენებით მის ავტომანქანაში ჩაჯდომა აიძულა. აღნიშნულ ფაქტს გ.მ. და ს.ბ. შეესწრნენ, რომლებიც დაზარალებულს დაეხმარნენ, რის გამოც, ბრალდებული მოკვლის მიზნით, მეუღლისა და მათი მიმართულებით, ავტომანქანით სწრაფი სიჩქარით გაემართა. ბრალდებულის მეუღლემ გადახტომა და გაქცევა მოახერხა, ხოლო გ.მ.-მ და ს.ბ.-მ ავტომანქანის დაჯახების შედეგად, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს, რის შემდგომაც ბრალდებული მეუღლეს გამოეკიდა და ძირს დაგდებულს ბასრი საგანი რამდენჯერმე მოუქნია, თუმცა ადგილზე შეკრებილმა ადამიანებმა შეძლეს მისთვის ხელის შეშლა, რის გამოც ქ.ვ.-მ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება) და 11 პრიმა, 19, 109-ე მუხლის „კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

„სიგიჟე და ბოდვაა იმის ფიქრი, რომ არჩევნებში ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპზე გაიმარჯვებს“

აშშ-ის გაზეთ The Hill-ში, რომელიც ამერიკელი კანონმდებლების საქმიანობას აშუქებს, გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სიგიჟე და ბოდვაა იმის ფიქრი, რომ არჩევნებში ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპზე გაიმარჯვებს“ (ავტორი – დენიელ თომას-სტეფი).

პუბლიკაცია ეხება აშშ-ის პრეზიდენტის თანაპარტიელის, დემოკრატი-კონგრესმენის დინ ფილიპის განცხადებას, რომლის თანახმად, სამწუხაროდ, ჯო ბაიდენმა ამერიკელების ნდობა დაკარგა და, როგორც ჩანს, დიდი ალბათობით, 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელ დონალდ ტრამპზე ვერ გაიმარჯვებს. კანონმდებლის აზრით, სიგიჟე იქნებოდა დღეს ვინმემ იმაზე იფიქროს, რომ ჯო ბაიდენი არჩევნებში დონალდ ტრამპს დაამარცხებს

„მე, როგორც დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობის წევრი წარმომადგენელთა პალატაში, ყოველთვის მხარს ვუჭერდი ჯო ბაიდენს. მე მას აგიტაციას ვუწევდი, ხმას ვაძლევდი. მე პრეზიდენტს პატივს ვცემ. მაგრამ განა ვინმეს, ამ მონაცემების წაკითხვისას, შეუძლია ისეთი დასკვნა გააკეთოს, რომ ჯო ბაიდენს დონალდ ტრამპზე გამარჯვების ძალა შესწევს? ეს ხომ სიგიჟე იქნებოდა“, – წერს დინ ფილიპსი X ქსელში (ყოფილ Twitter-ში).

კონგრესმენი იმოწმებს გაზეთ Politico-ში დაბეჭდილ ანალიტიკური სტატიის მონაცემებს, რომელთა თანახმად, აშშ-ში ამას წინათ ჩატარებული 13 სოციოლოგიური გამოკითხვიდან 11-მა ჯო ბაიდენის რეიტინგის დაცემა დაადასტურა.

სხვათა შორის, დინ ფილიპმა განაცხადა, რომ მას განზრახული აქვს საკუთარი თავი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატად დაასახელოს, რისთვისაც იგი თანაპარტიელებმა მკვეთრად გააკრიტიკეს.

თავისი გადაწყვეტილების არგუმენტირებისას, დინ ფილიპმა ხაზი გაუსვა ჯო ბაიდენის ისტორიულად დაბალ რეიტინგს და აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის მდგომარეობა ჯიმი კარტერის მდგომარეობას ჰგავს: 1980 წლის არჩევნებში თეთრი სახლის იმდროინდელი მეთაური მსგავს გარემობებს წააწყდა და უარი თქვა პრეზიდენტობის კანდიდატობაზე.

წყარო