Home Blog Page 1685

“სააკაშვილს თუ რამე მოუვა, ეს იქნება მკვლელობა”- დავით არახამია

სააკაშვილს თუ რამე მოუვა, ეს იქნება მკვლელობა. მე, როგორც სახალხო დეპუტატი, მივმართავ უკრაინის გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება მკვლელობის მომზადების საქმეზე, – „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ კიევში, საქართველოს ყოფილი  პრეზიდენტის მხარდამჭერ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

არახამიას თქმით, რაც ხდება, ეს არის მკვლელობის მომზადება.

 

„ჩვენ მივიღეთ დადგენილება უმაღლეს რადაში, ახლა საჭიროა, რაც შეიძლება ბევრი ვიმუშაოთ, რომ ევროპის რაც შეიძლება მეტმა პარლამენტმა მიიღოს ანალოგიური დადგენილება. თუ იქნება ათი ევროპული ქვეყნის დადგენილება, საქართველოს ხელისუფლებას არ ექნება სხვა არჩევანი. ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკავშირის წევრობა, ვერ წავა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების წინააღმდეგ. ვფიქრობ, ეს სტრატეგია იმუშავებს. მაქვს იმედი, რომ უკვე გამოჯანმრთელებულ მიხეილ სააკაშვილს ვნახავთ ამ სცენაზე“, – განაცხადა დავით არახამიამ.

ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისის” აუზში 5 წლამდე ასაკის ბავშვი დაიხრჩო

ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისის” აუზში ბავშვი დაიხრჩო.

ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ბავშვი გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

“ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ტერიტორიაზე იმყოფება საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ამ წუთებშიც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მომხდარზე საუბრისგან თავს შევიკავებ. მოგვიანებით, ადმინისტრაციის მხრიდან განცხადება აუცილებლად გაკეთდება”, – აცხადებს  სასტუმრო “ოაზისის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოდრეკელიძე.

„უკრაინული საზღვაო დრონის შეტევა ყირიმის ხიდის წინააღმდეგ სტრატეგიის ცვლილებაზე მიგვანიშნებს“

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინული საზღვაო დრონის შეტევა ყირიმის ხიდის წინააღმდეგ სტრატეგიის ცვლილებაზე მიგვანიშნებს“ (ავტორი – როლანდ ოლიფანტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ყირიმის ხიდზე უპილოტო აპარატების შეტევა ზღვიდან – მანამდე კი სევასტოპოლზე  ჰაერიდან დრონების თავდასხმა – მოწმობს იმას, რომ ყირიმი რუსეთის მოწყვლად ადგილს წარმოადგენს. მომხდარი ამბები ადასტურებს რუსეთისათვის იმ არასასიამოვნო სიმართლეს, თუ რა ზიანს აყენებს უკრაინა ყირიმს დისტანციური დარტყმებით.

რასაკვირველია, ოფიციალური კიევი ზოგადად თავშეკავებულად ეკიდება რუსეთის ჯარების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიისადმი მსგავსი თავდასხმების ფაქტებს: უკრაინელი სახელმწიფო ჩინოვნიკები გადაკრულად, ორაზროვნად და დაუზუსტებლად ლაპარაკობენ და თავიანთ პასუხისმგებლობას არ აღიარებენ.

მაგრამ ამჯერად უკრაინის უშიშროების სამსახურმა ადგილობრივ მასმედიას აცნობა, რომ ოპერაცია განხორციელდა სამხედრო-საზღვაო ძალებთან ერთად საზღვაო უპილოტო მცურავი აპარატების გამოყენებით.

არსებობს ვიდეოკადრები, თუ როგორ მოქმედებენ საზღვაო დრონები. დაკვირვებით რომ შევხედოთ, დაახლოებითი წარმოდგენა შეგვექმნება მათზე: როგორ გამოიყურებიან ისინი და როგორ მოახერხეს დიზაინერებმა ჰიბრიდის შექმნა – თანამედროვე ნავიგაციური ტექნოლოგიის გამოყენება საწყლოსნო სპორტის ტექნიკაში – მოტორიან ნავში ძველმოდური წესით ბომბის დასამზადებლად.

დრონები, რომლებსაც დღეს ვხედავთ, 5,5-მეტრიან ჩქაროსნულ, სწრაფმავალ კატერებს ჰგავნან. მათ წინა ნაწილთან („ცხვირთან“) ახლოს პატარა კოშკურაზე დამონტაჟებული აქვთ მოძრავი ვიდეოკამერა, ხოლო უკან, კიჩოსთან – აპარატურა, რომელიც, როგორც ჩანს, ოპერატორთან კავშირის საშუალებას წარმოადგენს, ალბათ, Starlink-ის ტერმინალი.

ძრავაც, როგორც ჩანს, სამხედრო წარმოებისა არ არის, ცვეულებბრივი ბენზინის მოტორს ჰგავს, რომელსაც კანადის კომპანია ამზადებს სამოქალაქო ჰიდროციკლებისათვის.

ერთადერთი, რაც სამხედრო პროდუქციად შეიძლება ვაღიაროთ, არის დეტონატორი, რომელიც საბჭოური ავიაბომბიდან არის მოხსნილი და კატერზე დაყენებული.

საერთოდ, უპილოტო კატერ-ბომბდამშენები (ანუ ბრანდერები) რაიმე ახალი აღმოჩენა არ არის: სერ ფრენსის დრეიკმა მსგავსი ტექნიკა ჯერ კიდევ 1588 წელს გამოიყენა, ესპანური „უძლეველი არმადის“ წინააღმდეგ.

დასავლური სამხედრო-საზღვაო სტრუქტურები – კერძოდ, ბრიტანეთის სამეფო ფლოტი და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო  ძალები, რასაკვირველია, ითვალისწინებდნენ იმას, თუ როგორ უნდა მომხდარიყო სწრაფმავალი კატერების თავდასხმის მოგერიება – ეს მოხდა მას შემდეგ, როცა „ალ-ქაიდას“ ტერორისტმა კამიკაძემ ჩქაროსნული კატერით ამერიკულ ხომალდს – Cole-ს  შეუტია, 2000 წელს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია გახდა მსგავსი კატერების ნაკლები დანახარჯებით დამზადება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე საჭირო აღარ არიან მესაჭე-კამიკაძეები მიზანთან მიახლოებისათვის.

როცა ათამდე უკრაინულმა უპილოტო კატერმა სევასტოპოლის ნავსადგურში მყოფ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებს შეუტია, ზოგიერთმა სამხედრო ექსპერტმა ამ ფაქტში საზღვაო ბრძოლების გარდამტეხი მომენტი დაინახა.

მართალია, შეტევის შედეგად არცერთი რუსული გემი არ ჩაძირულა (თუმცა ორი საკმაოდ დაზიანდა), უპილოტო კატერებმა აჩვენეს, რომ შავ ზღვაზე ახალი და სერიოზული ძალა გამოჩნდა.

17 ივლისს ყირიმის ხიდის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევა მიგვანიშნებს, რომ საფრთხე მატულობს და ვითარდება. ალბათ, ამ ფაქტს რიგი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალები ყურადღებას მიაქცევენ და შეისწავლიან.

ქერჩის ხიდი რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ და მოწყვლად ობიექტს წარმოადგენს. მისი მშენებლობა 2018 წელს დასრულდა. ქერჩის ხიდი მნიშვნელოვან საინჟინრო მიღწევად და ვლადიმერ პუტინის მიერ ყირიმის დაუფლების სიმბოლოდ იქცა. ხიდის ექსპლოატაციაში გაშვებამ შეამცირა საზღვაო ბორნების დატვირთვა, რომელთა მეშვეობითაც რუსეთის მატერიკული ნაწილიდან ნახევარკუნძულთან კავშირი ხორციელდებოდა.

დღეს ხიდი რუსეთის არმიის ლოჯისტიკურ ქსელში (უკრაინის სამხრეთში) კრიტიკულად სუსტ და იმავდროულად მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს. უკრაინელებმა ხიდს პირველად გასული წლის ოქტომბერში შეუტიეს, როცა მასზე საბარგო ავტომობილი ააფეთქეს. ხიდი მწყობრიდან რამდენიმე კვირით გამოვიდა. ორშაბათის შეტევა ადასტურებს, რომ მიუხედავად ვლადიმერ პუტინის შარშანდელი ბრძანებისა ხიდის დაცვის გაუმჯობესების თაობაზე, 12-კილომეტრიანი ხიდის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სულ უფრო ძნელი ხდება.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყირიმის (ქერჩის) ხიდი კომპლექსურია – მასში შედის როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ხიდიც და დაზიანდა მხოლოდ საავტომობილო ნაწილი, აფეთქების ფაქტი სამხედრო მომარაგებაზე რაიმე ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს, რადგან ყველაზე მეტი ტვირთი რკინიგზით გადაიზიდება, მაგრამ თვით ხიდის დაზიანება რუსეთის ჯარზე, რომელიც უკრაინელთა კონტრშეტევას იგერიებს, მორალურად მაინც უარყოფითად იმოქმედებს.

რუსეთის ხელისუფლებამ ყირიმის(ქერჩის) მხრიდან მატერიკისაკენ (ტამანისაკენ) მიმავალი ავტომობილების ნაკადი როსტოვისაკენ „ახალი ტერიტორიების“ (ყირიმ-დონბასისსახმელეთო დერეფნის) გავლით მიმართეს, რაც სამოქალაქო მგზავრებისათვის სარისკოა.

ქერჩის ხიდზე შეტევა, როგორც შარშანდელი, ასევე ახლანდელიც, უხერხულ მორალურ-ეთიკურ მომენტებთანაც არის დაკავშირებული. პირველი ინციდენტის დროს ავტომანქანის მძღოლი დაიღუპა. არავინ იცის, ზუსტად როგორ იყო ორგანიზებული აფეტქება. ბევრი კითხვა ისმება: ნებაყოფლობით მონაწილეობდა თუ არა მძღოლი? თუ ასე არ არის, მაშინ აქვს თუ არა რაიმე გამართლება იმას, რომ სამოქალაქო პირს ბომბების წაღებას აძალებ? მეორე აფეთქების დროს კი, 17 ივლისს, მშვიდობიანი მოქალაქეები – ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა, მათი გოგონა კი დაიჭრა.

ქერჩის ხიდი უკრაუინისათვის კანონიერ სამხედრო სამიზნეს წარმოადგენს. ტოტალური ომის დროს, როცა ხალხი ეროვნული გადარჩენისათვის იბრძვის და მტრისაგან თავს იცავს, ზოგიერთი თანმდევი ზარალი გარდაუვალია. ხიდის აფეთქებისაგან გამოწვეული მსხვერპლი ვერანაირად ვერ შეედრება რუსეთის არმიის მხეცობას ომის დროს, რომელიც აშკარად წინასწარგანზრახულად არის ჩადენილი.

ომი ყოველთვის ცუდი და მიუტევებელია – იმის მიუხედავად, თუ ვის მხარეზე ხართ.  თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ ეს ასე არ არის.

წყარო

პოლონეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ბრალი არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ქმედებების ჩადენისთვის წაუყენეს

პოლონეთში, ქალაქ ბიტომში დაკავებულ საქართველოს 48 წლის მოქალაქეს პროკურატურამ 15 წლამდე არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ქმედებების ჩადენისთვის ბრალი წაუყენა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულს 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ის ბრალს არ აღიარებს. დაზარალებულები არიან 15 წლამდე ასაკის ორი გოგონა და ერთი ბიჭი.

ამასთან, სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს მასთან ერთად დაკავებული საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე, რომელიც 17 ივნისს პროკურატურამ მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა.

საქართველოს 4 მოქალაქე 15 ივნისს საცურაო აუზზე დააკავეს, მაშინ როდესაც რამდენიმე ადამიანმა განაცხადა, რომ ერთ-ერთმა მამაკაცმა მათი შვილების მიმართ პედოფილური ქმედებები ჩაიდინა. ამ განცხადებამ აუზზე მყოფი ადამიანების აღშფოთება გამოიწვია და ისინი ცდილობდნენ, დანაშაულებრივ ქმედებაში ეჭვმიტანილ მამაკაცსა და მის თანმხლებ პირებს ფიზიკურად გასწორებოდნენ. პოლონური მედია წერს, რომ სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო და აღნიშნული პირების ჩაქოლვის საფრთხე არსებობდა. პოლიციას აღშფოთებული ადამიანების შესაკავებლად ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასჭირდა.

ევროპარლამენტარები ჰააგის სასამართლოს მოუწოდებენ, ლუკაშენკოს დაკავების ორდერი გასცეს

ევროპარლამენტის დეპუტატები ჰააგის სასამართლოს მოუწოდებენ, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს დაკავების ორდერი გასცეს.

ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ანგარიშში, რომელიც ევროკავშირისა და ბელარუსის ურთიერთობებს ეხება.

დეპუტატები აცხადებენ, რომ ბელარუსი პასუხისმგებელია იმ ზარალზე, რაც უკრაინას მიადგა ომის გამო და ასევე იმ დანაშაულებზე, რომლებიც უკრაინაში ჩაიდინეს, მათ შორის ბელარუსის რეჟიმის ჩართულობით უკრაინელი ბავშვების ქვეყნიდან უკანონოდ გაყვანაში.

ანგარიშში დეპუტატები მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებს და წევრ სახელმწიფოებს, მიიღონ საჭირო ზომები საერთაშორისო დონეზე, რათა შესაძლებელი გახდეს ბელარუსი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების სამართლებრივი დევნა.

დეპუტატები მიიჩნევენ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უნდა განიხილოს ალექსანდრ ლუკაშენკოს დაკავების ორდერის გაცემის საკითხიც.

“ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ დავამ აჩვენა, რომ პიროვნებას შეუძლია დაუპირისპირდეს უზარმაზარ მანქანას”

ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ დავამ აჩვენა, რომ ეს არ იყო დავა ორ ფინანსურ სუბიექტს შორის. აჩვენა ის, რომ პიროვნებას შეუძლია დაუპირისპირდეს უზარმაზარ მანქანას და დღევანდელი მსოფლიო წესრიგის პირობებში არ წავიდეს თავისი სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ,- ამის შესახებ ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ დავამ აჩვენა, რომ ეს არ იყო დავა ორ ფინანსურ სუბიექტს შორის. აჩვენა უმთავრესი – ამერიკული სპეცსამსახურების მიერ შვეიცარიის საფინანსო სისტემაზე და დასავლურ მედიაზე სრული კონტროლი. ამ დავამ დაამსხვრია ნდობა შვეიცარიული საბანკო სისტემის და დასავლური, თავისუფალი მედიის მიმართ და ყველას დაანახა, რომ გარკვეული პოლიტიკური ინტერესების გამო, შესაძლებელია დემოკრატიის უმთავრესი ღირებულებების – კერძო საკუთრებისა და პრესის თავისუფლების ხელყოფა. აჩვენა ის, რომ პიროვნებას (დიახ, სწორედაც რომ პიროვნებას) შეუძლია დაუპირისპირდეს უზარმაზარ მანქანას და დღევანდელი მსოფლიო წესრიგის პირობებში არ წავიდეს თავისი სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ. აჩვენა, რომ ფული არ ნიშნავს ყველაფერს – ეს ბევრისთვის როგორც დასავლეთში, ასევე აქ გაუგებარია, მაგრამ ეს ფასეულობა იმ არანორმალური სისტემის აუცილებელ კრახს გამოიწვევს“-წერს გაბრიჭიძე.

“მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის გასაღები არის უკრაინაში”-ნიკა გვარამია

მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის საკითხზე თავისი სიტყვა თურქეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმაც უნდა თქვან, – „ტვ პირველის“ ცნობით, ამის შესახებ ნიკა გვარამიამ კიევში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

გვარამიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადარჩენის გასაღები უკრაინაშია.

„მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის გასაღები არის უკრაინაში. მინდა, ამ ამბავს შევხედო სხვა კუთხით. მინდა, რომ ჩვენმა მეზობლებმა ჩვენი რეგიონიდან, აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა თქვან თავისი სიტყვა სააკაშვილის გადარჩენის საკითხში. დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყნებში დარდობენ მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობაზე და მათ უნდა თქვან თავისი სიტყვა“, – განაცხადა გვარამიამ.

“გინდ ერთად იყვნენ, გინდ ცალ-ცალკე, ნულს თუ ნულს მიუმატებ ისევ ნულს მივიღებთ”-გურამ მაჭარაშვილი

„ჩვენ არაერთგზის გვინახავს რადიკალური ოპოზიციის ე.წ. გაერთიანებები. ამ შემთხვევაში, მათთვის ამ გაერთიანებას შეიძლება უარესი შედეგიც ჰქონდეს, – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი, დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი  საარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შესაძლო გაერთიანებას.

მისივე თქმით, „რაც არ უნდა ამტკიცოს პარტია “ლელომ“ და გიორგი გახარიამ, რომ „ნაცები“ არ არიან და მათთან ურთიერთობა არ უნდათ, როდესაც შეკრება და დღის წესრიგის დადგენა ხდება, ისინი ერთად არიან, რადგან სხვა შემთხვევაში, მათ მათი პატრონები არც დააფინანსებენ და ვერც პარლამენტში შევლენ“.

„ჩვენ არაერთგზის გვინახავს რადიკალური ოპოზიციის ე.წ. გაერთიანებები. ამ შემთხვევაში, მათთვის ამ გაერთიანებას შეიძლება უარესი შედეგიც ჰქონდეს, რადგან ცალ-ცალკე ამომრჩეველს შეიძლება უფრო მეტი ხმა მიეცა. გარდა ამისა, ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ რადიკალური ოპოზიცია არის ერთიანი – ერთი ხის ნაყოფის წარმომადგენლები არიან. საზოგადოებისთვის კარგი იქნება იმის დანახვა, რომ ვითომ სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებები პარტიები ისევ ერთიანობაში არიან, რაკი მათმა პატრონმა უთხრა, რომ აუცილებელია რევოლუციური სცენარები, არეულობა და ასე შემდეგ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

“ნაცმოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომის შესახებ მედიით ვიგებ”- ბაჩო დოლიძე

პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ ტრადიციულად ვიგებ მედიის მეშვეობით, შესაბამისად, არ ვარ ინფორმირებული არც საკითხებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს დაგეგმილ პოლიტსაბჭოს სხდომაზე საუბრისას განაცხადა.

დოლიძის თქმით, ეს უკვე ცუდ ტრადიციად ჩამოყალიბდა.

„პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ ტრადიციულად ვიგებ მედიის მეშვეობით, შესაბამისად, არ ვარ ინფორმირებული არც საკითხებთან დაკავშირებით, რა იქნება განხილული და გადაწყვეტილი. ალბათ მნიშვნელოვანი საკითხები იქნება, რადგან პოლიტსაბჭოს სხდომას რიგითი საკითხების გამო ნამდვილად არ მოიწვევდნენ. არც მე და არც ჩემი მეგობრები, ის ადამიანები, რომლებიც დღეს არ წარმოადგენენ ახალ მენეჯმენტს, რა თქმა უნდა, არ იქნებოდნენ ინფორმირებულები. ეს უკვე ცუდ ტრადიციად ჩამოყალიბდა მაშინ, როდესაც პირიქით, მოტივირებული უნდა იყოს აბსოლუტურად ყველა ერთობისკენ, რომ განსხვავებული აზრიც იყოს მოსმენილი. ვხედავთ, რომ პრობლემა არის განსხვავებული აზრის მოსმენის, არსებობის, რაც საბოლოოდ, აისახება იმ რეზულტატზე, რასაც სამწუხაროდ, ყველანი ვხედავთ და ვაკვირდებით. ასე რომ, პოლიტსაბჭოს სხდომა როდესაც დასრულდება, რა საკითხებიც იქნება ამის შემდეგ დამატებით შეგვეძლება საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

მედიის მეშვეობით ვიგებ არამარტო პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ თარიღს, არამედ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, თუ საერთოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას დავარქმევთ. ცუდი პრაქტიკაა. კარი უნდა იყოს ღია და არა დაკეტილი. კარი ჩემთვის არ არის დაკეტილი, თავიანთ თავს უხურავენ კარს, ამიტომაც არის, რომ მერე აღარავის უნდა გაკარება“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

“ბიძინა ივანიშვილი ისჯება დასავლური ფინანსური ინსტიტუტებისგან”-ანდრია გვიდიანი

„რა მოტივი ამოძრავებთ ამერიკულ და ევროპულ ფონდებს, რის გამოც ასეთი უხეში ფორმით ხდება ბიძინა ივანიშვილის გაქურდვა?! ამ კითხვაზე პასუხი ნათელია – ბიძინა ივანიშვილი ისჯება დასავლური ფინანსური ინსტიტუტებისგან იმიტომ, რომ არ დაექვემდებარა გარკვეული ძალების კონიუქტურებს და არ დათანხმდა ომში  საქართველოს  ჩართვას“, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი, ანდრია გვიდიანი, რითაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის და credit suisse-ის დავის საქმე, უხეში ძარცვის კლასიკური მაგალითია. ეს ყველაფერი იმდენად დაუფარავად და თავხედურად ხდება, შვეიცარიული საბანკო სექტორი ამ ლაქას დიდხანს ვერ ჩამოირეცხავს.

„დღეს გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის წერილი უამრავი საინტერესო პასაჟით. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ის ყველა სასამართლო დავა მოუგო, დღემდე არ ხდება მისთვის ზიანის ანაზღაურება. ზოგადად, ბიძინა ივანიშვილის და credit suisse-ის დავის საქმე, უხეში ძარცვის კლასიკური მაგალითია. ეს ყველაფერი იმდენად დაუფარავად და თავხედურად ხდება, შვეიცარიული საბანკო სექტორი ამ ლაქას დიდხანს ვერ ჩამოირეცხავს. იგნორირებულია სამართალი, იგნორირებულია ყველა, თამაშის წესი, არაფერს ნიშნავს სასამართლოების არაერთი გადაწყვეტილება და ა.შ.
ყველაზე საინტერესო, რასაც წერილიდან ვიგებთ, არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის აქტივების 95% ე.წ. ჰედჯ ფონდებშია გადანაწილებული. ანუ, უშუალოდ credit suisse-ის ფინანსური პრობლემები არაფერს ნიშნავს. სინამდვილეში ივანიშვილის მიმართ დამდგარი ზარალი ამერიკულმა და ევროპულმა ფონდებმა უნდა აანაზღაურონ. ზუსტად ამიტომ ჩნდება კითხვა, რა მოტივი ამოძრავებთ ამერიკულ და ევროპულ ფონდებს, რის გამოც ასეთი უხეში ფორმით ხდება ბიძინა ივანიშვილის გაქურდვა?!
ამ კითხვაზე პასუხი ნათელია – ბიძინა ივანიშვილი ისჯება დასავლური ფინანსური ინსტიტუტებისგან იმიტომ, რომ არ დაექვემდებარა გარკვეული ძალების კონიუქტურებს და არ დათანხმდა საქართველოს ომში ჩართვას. სხვა ლოგიკური დასაბუთება უბრალოდ არ არსებობს. ყველას კარგად გვესმის, რომ სხვა თანაბარ პირობებში პრაქტიკულად გამორიცხულია ასე დაუფარავად მომხდარიყო კოორდინირებული შტურმი ივანიშვილის წინააღმდეგ”, – წერს ანდრია გვიდიანი.

“ურთულესი ამოცანაა, პოლონელი ექიმის ქცევას ოპოზიციამ ახსნა მოუძებნოს და თქვან, ყველაფერი კეთილსინდისიერი მოტივებით იყო ნაკარნახევიო”-მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პოლონელი ექიმის ინციდენტი კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს.

„პოლონელ ექიმს საშუალება ჰქონდა, პორტფელის საშუალებით, ლეგიტიმურად გამოეტანა სარკვევი მასალა. როცა ფარულად, მალულად გამოტანას ცდილობს, ის კითხვა კი არ გაგიჩნდება, ყველაფერი კანონიერად არის თუ არა, არამედ რა არაკეთილსინდისიერი მიზნისთვის შეიძლება ესაჭიროებოდეს ამ აქტივობის განხორციელება. ვის რა ჩანაფიქრი ჰქონდა, მათ გარდა, ამის ზუსტად თქმა არავის შეუძლია, მაგრამ კეთილსინდისიერებაზე ეჭვი გაგიჩნდება.

ოპოზიციამ ამ ყველაფერს რომ ახსნა მოუძებნოს, ეს მათთვის უფრო რთულია, რადგან დამაჯერებელი ვერსია უნდა შემოგვთავაზონ და თქვან, ეს ყველაფერი კეთილსინდისიერი მოტივებით იყო ნაკარნახევიო, რაც ურთულესი ამოცანაა, ამის ახსნას ვერ შეძლებენ. თუ კითხვები გაჩნდებოდა, უფრო მძაფრ თავდასხმებსა და ინსინუაციებს მიიღებდა ხელისუფლება. სხვათა შორის, ასეთ დროს არავის გაახსენდებოდა მოვლენათა ასეთი განვითარება, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

“მათი შეკრება ემსახურება მიზანს – მთავრობა შეიცვალოს რევოლუციური გზით” – ეკა სეფაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე

განხილვის საგანი, რა თქმა უნდა, იყო მათ მიერ იმ ღონისძიებების შემუშავება, რომელიც ქართულ საზოგადოებაში შემოიტანდა არეულობას, შფოთსა და აგრესიას აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია აცნობიერებს, რომ კანონიერად ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში, ამიტომ ერთადერთი გზა დარჩა – რევოლუციის მოწყობა, ამისთვის კი ყველა ხერხს მიმართავს.

„განხილვის საგანი, რა თქმა უნდა, იყო მათ მიერ იმ ღონისძიებების შემუშავება, რომელიც ქართულ საზოგადოებაში შემოიტანდა არეულობას, შფოთსა და აგრესიას აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის წინააღმდეგ. ეს საბოლოო ჯამში ემსახურება მათ მიზანს, რომ მთავრობა შეიცვალოს რევოლუციური გზით, რადგან არჩევნების გზით, კანონიერად ხელისუფლების შეცვლის არავითარი რესურსი არ გააჩნიათ. პოლონელი ექიმის ეს გაუგონარი საქციელი, რომელიც სცდება ყოველგვარ ეთიკას, რა თქმა უნდა, მოწმობს იმას, რომ მიშა სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სპეკულაციების გაგრძელებას მომავალშიც აპირებდნენ. ასეთი ტიპის ქმედებები ჩვენ არ გვიკვირს იმის ფონზე, რომ მილიონ-ნახევარი დოლარი დაიხარჯა საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს იმიჯის შესალახად“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.