„უკრაინული საზღვაო დრონის შეტევა ყირიმის ხიდის წინააღმდეგ სტრატეგიის ცვლილებაზე მიგვანიშნებს“

152
spot_img

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინული საზღვაო დრონის შეტევა ყირიმის ხიდის წინააღმდეგ სტრატეგიის ცვლილებაზე მიგვანიშნებს“ (ავტორი – როლანდ ოლიფანტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ყირიმის ხიდზე უპილოტო აპარატების შეტევა ზღვიდან – მანამდე კი სევასტოპოლზე  ჰაერიდან დრონების თავდასხმა – მოწმობს იმას, რომ ყირიმი რუსეთის მოწყვლად ადგილს წარმოადგენს. მომხდარი ამბები ადასტურებს რუსეთისათვის იმ არასასიამოვნო სიმართლეს, თუ რა ზიანს აყენებს უკრაინა ყირიმს დისტანციური დარტყმებით.

რასაკვირველია, ოფიციალური კიევი ზოგადად თავშეკავებულად ეკიდება რუსეთის ჯარების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიისადმი მსგავსი თავდასხმების ფაქტებს: უკრაინელი სახელმწიფო ჩინოვნიკები გადაკრულად, ორაზროვნად და დაუზუსტებლად ლაპარაკობენ და თავიანთ პასუხისმგებლობას არ აღიარებენ.

მაგრამ ამჯერად უკრაინის უშიშროების სამსახურმა ადგილობრივ მასმედიას აცნობა, რომ ოპერაცია განხორციელდა სამხედრო-საზღვაო ძალებთან ერთად საზღვაო უპილოტო მცურავი აპარატების გამოყენებით.

არსებობს ვიდეოკადრები, თუ როგორ მოქმედებენ საზღვაო დრონები. დაკვირვებით რომ შევხედოთ, დაახლოებითი წარმოდგენა შეგვექმნება მათზე: როგორ გამოიყურებიან ისინი და როგორ მოახერხეს დიზაინერებმა ჰიბრიდის შექმნა – თანამედროვე ნავიგაციური ტექნოლოგიის გამოყენება საწყლოსნო სპორტის ტექნიკაში – მოტორიან ნავში ძველმოდური წესით ბომბის დასამზადებლად.

დრონები, რომლებსაც დღეს ვხედავთ, 5,5-მეტრიან ჩქაროსნულ, სწრაფმავალ კატერებს ჰგავნან. მათ წინა ნაწილთან („ცხვირთან“) ახლოს პატარა კოშკურაზე დამონტაჟებული აქვთ მოძრავი ვიდეოკამერა, ხოლო უკან, კიჩოსთან – აპარატურა, რომელიც, როგორც ჩანს, ოპერატორთან კავშირის საშუალებას წარმოადგენს, ალბათ, Starlink-ის ტერმინალი.

ძრავაც, როგორც ჩანს, სამხედრო წარმოებისა არ არის, ცვეულებბრივი ბენზინის მოტორს ჰგავს, რომელსაც კანადის კომპანია ამზადებს სამოქალაქო ჰიდროციკლებისათვის.

ერთადერთი, რაც სამხედრო პროდუქციად შეიძლება ვაღიაროთ, არის დეტონატორი, რომელიც საბჭოური ავიაბომბიდან არის მოხსნილი და კატერზე დაყენებული.

საერთოდ, უპილოტო კატერ-ბომბდამშენები (ანუ ბრანდერები) რაიმე ახალი აღმოჩენა არ არის: სერ ფრენსის დრეიკმა მსგავსი ტექნიკა ჯერ კიდევ 1588 წელს გამოიყენა, ესპანური „უძლეველი არმადის“ წინააღმდეგ.

დასავლური სამხედრო-საზღვაო სტრუქტურები – კერძოდ, ბრიტანეთის სამეფო ფლოტი და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო  ძალები, რასაკვირველია, ითვალისწინებდნენ იმას, თუ როგორ უნდა მომხდარიყო სწრაფმავალი კატერების თავდასხმის მოგერიება – ეს მოხდა მას შემდეგ, როცა „ალ-ქაიდას“ ტერორისტმა კამიკაძემ ჩქაროსნული კატერით ამერიკულ ხომალდს – Cole-ს  შეუტია, 2000 წელს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია გახდა მსგავსი კატერების ნაკლები დანახარჯებით დამზადება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე საჭირო აღარ არიან მესაჭე-კამიკაძეები მიზანთან მიახლოებისათვის.

როცა ათამდე უკრაინულმა უპილოტო კატერმა სევასტოპოლის ნავსადგურში მყოფ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებს შეუტია, ზოგიერთმა სამხედრო ექსპერტმა ამ ფაქტში საზღვაო ბრძოლების გარდამტეხი მომენტი დაინახა.

მართალია, შეტევის შედეგად არცერთი რუსული გემი არ ჩაძირულა (თუმცა ორი საკმაოდ დაზიანდა), უპილოტო კატერებმა აჩვენეს, რომ შავ ზღვაზე ახალი და სერიოზული ძალა გამოჩნდა.

17 ივლისს ყირიმის ხიდის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევა მიგვანიშნებს, რომ საფრთხე მატულობს და ვითარდება. ალბათ, ამ ფაქტს რიგი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალები ყურადღებას მიაქცევენ და შეისწავლიან.

ქერჩის ხიდი რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ და მოწყვლად ობიექტს წარმოადგენს. მისი მშენებლობა 2018 წელს დასრულდა. ქერჩის ხიდი მნიშვნელოვან საინჟინრო მიღწევად და ვლადიმერ პუტინის მიერ ყირიმის დაუფლების სიმბოლოდ იქცა. ხიდის ექსპლოატაციაში გაშვებამ შეამცირა საზღვაო ბორნების დატვირთვა, რომელთა მეშვეობითაც რუსეთის მატერიკული ნაწილიდან ნახევარკუნძულთან კავშირი ხორციელდებოდა.

დღეს ხიდი რუსეთის არმიის ლოჯისტიკურ ქსელში (უკრაინის სამხრეთში) კრიტიკულად სუსტ და იმავდროულად მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს. უკრაინელებმა ხიდს პირველად გასული წლის ოქტომბერში შეუტიეს, როცა მასზე საბარგო ავტომობილი ააფეთქეს. ხიდი მწყობრიდან რამდენიმე კვირით გამოვიდა. ორშაბათის შეტევა ადასტურებს, რომ მიუხედავად ვლადიმერ პუტინის შარშანდელი ბრძანებისა ხიდის დაცვის გაუმჯობესების თაობაზე, 12-კილომეტრიანი ხიდის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სულ უფრო ძნელი ხდება.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყირიმის (ქერჩის) ხიდი კომპლექსურია – მასში შედის როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ხიდიც და დაზიანდა მხოლოდ საავტომობილო ნაწილი, აფეთქების ფაქტი სამხედრო მომარაგებაზე რაიმე ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს, რადგან ყველაზე მეტი ტვირთი რკინიგზით გადაიზიდება, მაგრამ თვით ხიდის დაზიანება რუსეთის ჯარზე, რომელიც უკრაინელთა კონტრშეტევას იგერიებს, მორალურად მაინც უარყოფითად იმოქმედებს.

რუსეთის ხელისუფლებამ ყირიმის(ქერჩის) მხრიდან მატერიკისაკენ (ტამანისაკენ) მიმავალი ავტომობილების ნაკადი როსტოვისაკენ „ახალი ტერიტორიების“ (ყირიმ-დონბასისსახმელეთო დერეფნის) გავლით მიმართეს, რაც სამოქალაქო მგზავრებისათვის სარისკოა.

ქერჩის ხიდზე შეტევა, როგორც შარშანდელი, ასევე ახლანდელიც, უხერხულ მორალურ-ეთიკურ მომენტებთანაც არის დაკავშირებული. პირველი ინციდენტის დროს ავტომანქანის მძღოლი დაიღუპა. არავინ იცის, ზუსტად როგორ იყო ორგანიზებული აფეტქება. ბევრი კითხვა ისმება: ნებაყოფლობით მონაწილეობდა თუ არა მძღოლი? თუ ასე არ არის, მაშინ აქვს თუ არა რაიმე გამართლება იმას, რომ სამოქალაქო პირს ბომბების წაღებას აძალებ? მეორე აფეთქების დროს კი, 17 ივლისს, მშვიდობიანი მოქალაქეები – ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა, მათი გოგონა კი დაიჭრა.

ქერჩის ხიდი უკრაუინისათვის კანონიერ სამხედრო სამიზნეს წარმოადგენს. ტოტალური ომის დროს, როცა ხალხი ეროვნული გადარჩენისათვის იბრძვის და მტრისაგან თავს იცავს, ზოგიერთი თანმდევი ზარალი გარდაუვალია. ხიდის აფეთქებისაგან გამოწვეული მსხვერპლი ვერანაირად ვერ შეედრება რუსეთის არმიის მხეცობას ომის დროს, რომელიც აშკარად წინასწარგანზრახულად არის ჩადენილი.

ომი ყოველთვის ცუდი და მიუტევებელია – იმის მიუხედავად, თუ ვის მხარეზე ხართ.  თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ ეს ასე არ არის.

წყარო