Home Blog Page 1684

„საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს ფართო რეგიონის, ევროპის და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის”

„ჩვენი პროგნოზი საქართველოს ეკონომიკის სწრაფი, სტაბილური ზრდა-განვითარების შესახებ ყოველთვიურად მართლდება და ახლა უკვე 2023 წლის სტატისტიკური მონაცემებით არის გამყარებული“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. როგორც მან აღნიშნა, საქართველომ არამხოლოდ შეძლო პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევების გამკლავება, არამედ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს ფართო რეგიონის, ევროპის და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის.

ლევან დავითაშვილმა დეპუტატებს მთავარი ეკონომიკური მაჩვენებელები გააცნო: 2021 – 2022 წლებში დაფიქსირებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდგომ, მაღალი ზრდის დინამიკა 2023 წელსაც გაგრძელდა – გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ 7% შეადგინა. ამასთან, მისი პროგნოზით, 2024 და მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება და ერთ სულ მოსახლეზე მშპ 2024 წლისთვის 23100 ლარს, 8500 აშშ. დოლარს გადააჭარბებს. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ასევე 2023 წლის აპრილიდან ინფლაციის დონე მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება – გასული წლის საშუალო წლიურმა ინფლაციამ 2.5% შეადგინა, ბოლო 8 თვის განმავლობაში კი 1 პროცენტზე ნაკლებს შეადგენს.

„2023 წელს საქონლის ექსპორტი 9.1 პროცენტით გაიზარდა და რეკორდული 6.1 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 17.3%-ით გაიზარდა (608.7 მლნ. აშშ. დოლარით) და ასევე რეკორდულ მოცულობას – 4.1 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა. ამასთან, 2023 წელს  ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით გადააჭარბა. მდგრად დონეზე ნარჩუნდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა და საქართველოს მშპ-სთან მიმართებით აქვს რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი”, – განაცხადა  ლევან დავითაშვილმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ლევან დავითაშვილმა აქცენტი გააკეთა – გასულ წელს უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, ეს ტენდენცია 2023 წლის სამივე  კვარტალში გაგრძელდა და კვარტალურ ჭრილში უმუშევრობის მინიმალური დონე დაფიქსირდა (III კვარტალი – 15.6%).  წინასწარი შეფასებით, 2023 წელს დაფიქსირდება უმუშევრობის მინიმალური დონე, ასევე რეკორდული იქნება  დასაქმების დონეც. ამასთან, მინისტრობის კანდიდატი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი ორიენტირი იქნება სიღარიბის შემცირება,  დასაქმების ხელშეწყობა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება.

„ეს გულისხმობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, სტრუქტურული რეფორმების გატარებას, საექსპორტო პოტენციალის გაფართოებასა და ვაჭრობის ხარისხობრივ გაუმჯობესებას. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაზე, ეკონომიკური გამოწვევების თანმიმდევრულ დაძლევასა და არსებული შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენებაზე, რაც გულისხმობს: ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობას, ქვეყნის ეკონომიკური ფუნქციების დივერსიფიკაციას და  ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაუმჯობესებას.  გაძლიერდება და თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავა ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა. 

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6622 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6622 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6622 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6648 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0026 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8565 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8649 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0084 ლარი შეადგინა.

“ეგრე გააგრძელე და ქართული საზოგადოება წლის ბოლოს, ერთად შეყრილ ძველ და ახალი ფორმაციის “ნაცმოძრაობას”, უმტკივნეულოდ გაგისტუმრებთ ნაგავსაყრელზე”

მოკლედ, ორი წარმომადგენელი ჰყავს მიშას, ერთი – სოფო ჯაფარიძე და მეორე, სალომე ზურაბიშვილი. განსხვავება მხოლოდ ასაკშია, ერთი დამწყები და მეორე ხანდაზმული თითლიბაზია… – წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა „ხალხის ძალის“ ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე.

იგი ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას და აცხადებს, რომ რაც მეტ სიგიჟეს ჩაიდენს სალომე ზურაბიშვილი, მით უფრო მარტივი იქნება საზოგადოებისთვის არჩევანის გაკეთება.

„აჰა, გავიდა გაღმა, ვივამედში და დააჯდა სააკაშვილის „ნარატივს“… მოკლედ, ორი წარმომადგენელი ჰყავს მიშას, ერთი – სოფო ჯაფარიძე და მეორე, სალომე ზურაბიშვილი. განსხვავება მხოლოდ ასაკშია, ერთი დამწყები და მეორე ხანდაზმული თითლიბაზია…

კარგია, რაც მეტ სიგიჟეს ჩაიდენთ და იტყვით, უფრო მარტივი გახდება არჩევანის გაკეთება.

მიდი სალომე, ეგრე გააგრძელე და ქართული საზოგადოება წლის ბოლოს, ერთად შეყრილ ძველ და ახალი ფორმაციის ნაც-მოძრაობას, უმტკივნეულოდ გაგისტუმრებთ ნაგავსაყრელზე!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ყველა დასავლურ ძალას ვთავაზობ, ჩამოვყალიბდეთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატზე – მიხეილ სააკაშვილი

პრეზიდენტის დღევანდელმა გამოსვლამაც და საერთოდ იმ პოლიტიკურმა ატმოსფერომ, რომელიც შექმნილია ნათლად დაადასტურა, რომ ოლიგარქის მმართველობას წყალი აქვს შეყენებული და ამ ისტორიულ არჩევნებზე, ჩვენ მას მიტაცებული საქართველო კლანჭებიდან აუცილებლად უნდა გავაგდებინოთ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

მისივე თქმით, ის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ეთანხმება, რომ „არ არის ხელოვნური ფორმალური გაერთიანებების დრო“.

„პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით: ვეთანხმები, რომ არ არის ხელოვნური ფორმალური გაერთიანებების დრო, ამავე დროს, ჩამოსაყალიბებელია ერთობლივი პროევროპული ძალების საკოორდინაციო ფრონტი, თუნდაც არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ.

როგორც პირველ ნაბიჯს, მე ყველა დასავლურ ძალას ვთავაზობ, ჩამოვყალიბდეთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატზე. მე დაახლოებით ვხვდები, თუ ვინ იკვეთება ასეთ კანდიდატად, მაგრამ ასევე სხვების აზრის გაგება მაინტერესებს.

ამავე დროს, სალომე ზურაბიშვილმა გაიმეორა ის, რასაც მე სულ ვამბობ: ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა შეწყვიტონ ერთმანეთის ლანძღვა და სამიზნე გაასწორონ ოლიგარქზე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხაზგასმით უარს ამბობს სხვა ოპოზიციური ჯგუფების კრიტიკაზე და პრაქტიკულად ყოველთვის უპასუხოდ ტოვებს მათ თავდასხმებს.

პრეზიდენტის დღევანდელმა გამოსვლამაც და საერთოდ იმ პოლიტიკურმა ატმოსფერომ, რომელიც შექმნილია ნათლად დაადასტურა, რომ ოლიგარქის მმართველობას წყალი აქვს შეყენებული და ამ ისტორიულ არჩევნებზე, ჩვენ მას მიტაცებული საქართველო კლანჭებიდან აუცილებლად უნდა გავაგდებინოთ და ქართველი ხალხი სიღატაკისგან, უპერსპექტივობისგან და საბოლოო განადგურებისგან დავიხსნათ“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

“ახლა გველოდება დიდი ეროვნული ამოცანა – მეორედ არჩევნების გზით, საქართველოს ისტორიაში უნდა შევძლოთ შევცვალოთ ხელისუფლება”

ერთხელ კარგი იყო, რომ არჩევნების გზით შევცვალეთ ხელისუფლება, მითუმეტეს, ის ხელისუფლება ახლა რომ ოპოზიციაშია, მაგრამ ახლა გველოდება დიდი ეროვნული ამოცანა – მეორედ, არჩევნების გზით საქართველოს ისტორიაში უნდა შევძლოთ შევცვალოთ ხელისუფლება, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ.

როგორც ალექსანდრე ელისაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლაში ხელს უშლის ერთმანეთის მუდმივი კრიტიკა.

„ამაში გვაფერხებს ერთმანეთის გაუთავებელი ლანძღვა და ამიტომ ხალხს აქვს განცდა, რომ ესენი რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში კიდევ უფრო დააქცევენ ამ ქვეყანასო. ამიტომ, ჩვენ თავში ძალა უნდა მოვიკრიბოთ. ყველას გვგონია, რომ მარტო მისი პარტია შეცვლის ყველაფერს ქვეყანაში, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენი ამბიციები უნდა „დავამიწოთ“ და ერთობის კონტურები შევქმნათ. სხვანაირად ეს ცვლილება არ გამოვა. სხვანაირად ვეხმარებით „ქართულ ოცნებას“, რომ უკუნითი უკუნისამდე იყოს ხელისუფლებაში“, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

კლუბი „ბასიანი“ 19 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კლუბ „ბასიანის“ განცხადებით, 19 წლის გოგონა, რომელიც გარდაიცვალა, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით გახდა შეუძლოდ.

როგორც კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ახალგაზრდას პირველადი დახმარება მომენტალურად გაეწია, თუმცა, მისი გადარჩენა ვერც კლინიკაში შეძლეს.

„ბასიანის“ განმარტებით, მათ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაში ცილს სწამებენ, რის გამოც, მიზანშეწონილად მიაჩნიეს მომხდარის შესახებ მათ ხელთ არსებული დეტალების გასაჯაროება.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვეხმაურებით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს და უმძიმეს ტრაგედიას, რომელსაც ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პირველ რიგში, ღრმა მწუხარებას და თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

საკითხის სენსიტიურობის გამო, ზუსტი ინფორმაციის მოპოვებამდე თავს ვიკავებდით საჯარო კომენტარისგან, თუმცა ცრუ ბრალდებებისა და გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ, რომლითაც ცილს გვწამებენ ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაში, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მომხდარის შესახებ ჩვენს ხელთ არსებული დეტალების გასაჯაროება.

ახალგაზრდა ადამიანი კლუბს 27 იანვარს, კვირას, 07:30 საათზე ეწვია, ხოლო 10:40 საათზე ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც, მომენტალურად გაეწია პირველადი დახმარება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე უსაფრთხოების გუნდის მხრიდან, ხოლო დაახლოებით 10-12 წუთში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების საშუალებით გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის, აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რომლის შედეგებსაც ველოდებით და მის დასრულებამდე, გთხოვთ, თავი შეიკავოთ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისგან.

ამავდროულად, ვეხმიანებით დეზინფორმაციას, თითქოს, გასულ პარასკევს, 2 თებერვალს, ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებისგან კლუბის კიდევ ერთი სტუმარი გარდაიცვალა – აღნიშნული არ შესაბამება სიმართლეს, არის სიცრუე და მისი გავრცელება სასიკეთო მიზნებს არ ემსახურება. მოვუწოდებთ მადისკრედიტირებელი კამპანიის ავტორებს, შეწყვიტონ ტრაგედიით ურცხვად მანიპულირება. ჩვენ ერთხელ უკვე გვახსოვს ასეთი კამპანიის შედეგები 2018 წლის 12 მაისს, რომელიც შეიარაღებული სპეცრაზმის მიერ თბილისის კლუბებში შეჭრით, რეიდითა და სასტიკი დარბევით დასრულდა.

უსაფრთხო სივრცის შექმნის იდეა BASSIANI-ის მთავარი მიზანია მისი დაფუძნების დღიდან. წლების განმავლობაში, კლუბს დიდი რესურსი და შრომა აქვს გაწეული ამ მიზნის სრულყოფისთვის. საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ადგილობრივი სცენის სპეციფიკის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კლუბი მეთოდურად ნერგავს დისკრიმინაციისგან თავისუფალი სივრცის შექმნის პრაქტიკებს. ყოველ საკლუბო ღამეს სტუმრების სიმშვიდეზე ზრუნავს უსაფრთხოებისა და ცნობიერების ამაღლების გუნდის 50-ზე მეტი წევრი, რომელთა უმრავლესობას გავლილი აქვთ პირველადი სამედიცინო დახმარების და სხვა საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები, მონაწილეობენ უსაფრთხო და ჯანსაღი საკლუბო გამოცდილების საერთაშორისო პროგრამებში, რაც სარისკო ქცევის მომატების და განსაკუთრებით ხალხმრავალი საკლუბო ღამეების დროს პრევენციულ ღონისძიებებს ითვალისწინებს.

BASSIANI-ს შემუშავებული აქვს გრძელვადიან ხედვებზე დაფუძნებული შიდა წესებისა და უსაფრთხოების სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც სრულად ვრცელდება მუსიკალურ პროგრამაზე, სტუმართა გამოცდილებაზე, კარის პოლიტიკასა და შიდა სტრუქტურებზე და ხელმისაწვდომია საჯაროდ, კლუბის ვებ-პლატფორმის საშუალებით.

ვაცნობიერებთ, რომ სრულფასოვანი და პასუხისმგებლობიანი მცდელობების მიუხედავად, რისკებისგან დაზღვეული არავინაა, არცერთ საჯარო, თუ კერძო სივრცეში. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ჩვენი მხრიდან გადადგმული პრევენციული ნაბიჯების გარდა მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობა და აქტიურობა. როგორც აქამდე, არაერთხელ, ახლაც, ვთხოვთ არამხოლოდ კლუბის სტუმრებს, არამედ ყველას, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, გაეცნოთ ზიანის შემცირებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის წესებს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთო კეთილდღეობისთვის.

რეალობის გათვალისწინებით, ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც ჩვენს ხელთ არსებული საერთაშორისო და ადგილობრივი ცოდნისა და რესურსების პირობებშია შესაძლებელი. ბუნებრივია, კლუბი ვერ იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რაც სცდება ჩვენი მოქმედების არეალს.

ჩვენ აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ არსებული ნარკოპოლიტიკის პირობებში საზოგადოების თითოეული წევრის ჯანმრთელობის დაცვისა და გაფრთხილების რესურსები და შესაძლებლობები შეზღუდულია და რადიკალური პრევენციული ზომების მიღება – შეუძლებელი, ის არათუ პრობლემის გადაჭრისკენაა მომართული, არამედ თავად ხდება პრობლემის, ზოგჯერ კი საუბედუროდ, ტრაგედიების გამომწვევი მიზეზი.

საკლუბო კულტურის მიზანმიმართული დემონიზირებისა და დისკრედიტაციის ნაცვლად, შედეგის მომცემი იქნება, პასუხისმგებლობა შევახსენოთ სახელმწიფოს, ვის ხელშიცაა სისტემური ცვლილების მთავარი ბერკეტი ზიანის შემცირებასა და ზრუნვაზე ორიენტირებული ჰუმანური ნარკოპოლიტიკის შესამუშავებლად. ეს არის ერთადერთი გზა, რომლის საშუალებითაც, საზოგადოების თითოეული წევრი, კულტურული და საჯარო, კერძო და სახელმწიფო ინსტიტუციები, ცოდნის მიღებით, გაზიარებით და ურთიერთდახმარებით უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს შექმნას ყველგან“, – ნათქვამია „ბასიანის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“არც ეროვნული თვითმყოფადობა, არც სუვერენიტეტი და არც ტერიტორიული მთლიანობა დღეს ზურაბიშვილისგან არ მოგვისმენია, არ სტკივა და იმიტომ!”-სოზარ სუბარი

არც ეროვნული თვითმყოფადობა, არც სახელმწიფო სუვერენიტეტი და არც ტერიტორიული მთლიანობა დღეს სალომე ზურაბიშვილისგან არ მოგვისმენია. არ სტკივა და იმიტომ! – იმიტომ, რომ ეს არ არის მისი ქვეყანა, ეს არ არის მისი სამშობლო, უბრალოდ შეუძლებელია ადამიანს ორი სამშობლო ჰქონდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის ტრიბუნიდან არ აჟღერებს საკითხებს, რომლებიც ყველაზე მტკივნეულია ქვეყნისთვის და ლაპარაკობს იმაზე, რაც „მის დამკვეთებს, პატრონებს სჭირდებათ“.

„ჩვენი მიზანია ჩვენი ქვეყანა საბოლოო გამარჯვებამდე მივიყვანოთ“, „ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა“, „სრულად აღვადგინოთ სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა“, „საქართველო 2030 წლამდე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში ჩავაყენოთ და ევროკავშირში გავაწევრიანოთ“. ეს სიტყვები დაახლოებით ერთი თვის წინ ითქვა „ქართული ოცნების“ ყრილობაზე და ეს სიტყვები ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკაში დაბრუნდა. არცერთი ამ სიტყვათაგანი, არც ეროვნული თვითმყოფადობა, არც სახელმწიფო სუვერენიტეტი და არც ტერიტორიული მთლიანობა დღეს არ მოგვისმენია სალომე ზურაბიშვილისგან. არ სტკივა და იმიტომ! იმიტომ, რომ ეს არ არის მისი ქვეყანა, ეს არ არის მისი სამშობლო, უბრალოდ შეუძლებელია ადამიანს ორი სამშობლო ჰქონდეს და როდესაც ადამიანი ასეთი არჩევანის წინაშე დგება, ის სამწუხაროდ ერთ-ერთს ირჩევს და მან ეს არჩევანი გააკეთა. გააკეთა ეს არჩევანი მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა რადიკალურ ოპოზიციას. ეს არჩევანი გააკეთა მაშინ, როდესაც მისი ორივე შვილი სრულიად მოულოდნელად დააწინაურეს და მაღალ თანამდებობებზე გადაიყვანეს იქ, სადაც არავინ არ ელოდა და არავითარი დამსახურება იქ არ უძღოდათ. დღეს, როდესაც ის ლაპარაკობს ელიტურ კორუფციაზე, კორუფცია ამას ჰქვია და სხვას არაფერს. როდესაც ის ამ ტრიბუნიდან არ აჟღერებს საკითხებს, რომლებიც ყველაზე მტკივნეულია ქვეყნისთვის და ლაპარაკობს იმაზე, რაც მის დამკვეთებს, პატრონებს სჭირდებათ, აი, ეგ არის ქვეყნის ინტერესების არ მსახურება და ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი, როდესაც ის არ ლაპარაკობს იმ საფრთხეზე, რომელიც საქართველოს აქვს ომში ჩართვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

როგორც მან აღნიშნა, მათ შეცდომა დაუშვეს, როდესაც ქართველ ხალხს უთხრეს, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება გამაერთიანებელი ქვეყნის, „ჩვენი დღევანდელობის და ქვეყნის იმ წარსულის, რომელიც ევროპაში ერთი საუკუნის წინ გაიქცა“.

„კარგად გვახსოვს მისი განცხადებები, როდესაც საქართველოდან სპეციალური თვითმფრინავით ჯარისკაცების, მოხალისეების გაგზავნაზე ლაპარაკი იყო. მოხალისეების გაგზავნა პირდაპირ ნიშნავდა საქართველოს ომში ჩართვას და ერთი წუთით არ უთქვამს, რომ ეს საქართველოს სახელმწიფოს არ უნდა გაეკეთებინა, პირიქით, იმათ წისქვილზე ასხამდა წყალს, ვინც ამბობდა, რომ საქართველომ უნდა გაგზავნოს ჯარისკაცები. იგივე მისი მოწოდებები სანქციებთან დაკავშირებით. ეს აბსოლუტურად ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იყო. რატომ? – იმიტომ, რომ მას ეს ქვეყანა არ სტკივა. როგორც მან თქვა ერთხელ, უფრო მაღლა დგას, ვიდრე ქართველი ხალხი, რომელსაც ის ვითომ წარმოადგენს, მაგრამ ვის წარმოადგენს სინამდვილეში, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ძალიან კარგად ვიცით, როგორ გაიმარჯვა მან და ძალიან კარგად ვიცით, მისი პოლიტიკური წონა, რომელიც ძალიან კარგად გამოჩნდა მაშინ, როდესაც ის დამოუკიდებლად იყრიდა კენჭს და ეს იყო მაშინ, როცა მისი პოპულარობა პიკში იყო. როდესაც „ქაჯები მიდიან-მოდიან“ რაღაც ფრაზები, რომ ისროლა და უცებ რომ ეგონა, რომ მთელი საქართველო მის გვერდით იდგა, მაშინ ის 2%-ს ვერ გასცდა. მთელს საქართველოში ვერცერთ საკრებულოში ერთი წევრი ვერ გაიყვანა. ეს არის მისი პოლიტიკური წონა. მიუხედავად ამისა, ჩვენ შეცდომა დავუშვით, ქართველ ხალხს ვუთხარით, რომ ეს ადამიანი იქნება გამაერთიანებელი ქვეყნის ჩვენი დღევანდელობის და ქვეყნის იმ წარსულის, რომელიც ევროპაში გაიქცა ერთი საუკუნის წინ. გაიქცნენ, ჩვენ მათ პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენს წინაპრებს ეს სამშობლო არ დაუტოვებიათ. ჩვენი წინაპრები აქ დარჩნენ, ბევრი მათგანი დაიხვრიტა, ბევრი მათგანი გაციმბირდა, ბევრმა მათგანმა იბრძოლა ქვეყნისთვის და ქართული კულტურა შექმნეს. ივანე ჯავახიშვილი იყო, რომელიც კათედრაზე გარდაიცვალა, როცა ლექციას კითხულობდა. გალაკტიონ ტაბიძე იყო, რომლის მეუღლე გადაასახლეს და ამ ადამიანებმა იბრძოლეს და ამ ადამიანებმა საქართველო შეინარჩუნეს. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ემიგრაციასაც, რომელიც უცხოეთში წავიდა, მაგრამ მე ვერ მივიღებ სიტყვა დეფიტიზმს ჩვენს ქვეყანასთან და ჩვენს მოქალაქეებთან დაკავშირებით, დეფიტიზმის ხსენებას სალომე ზურაბიშვილისგან, იმიტომ, რომ ჩვენი წინაპრები არ გაქცეულან. ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს და საქართველო აქ შეინარჩუნეს და არა პარიზში, გერმანიაში და სხვაგან.

30 კილომეტრში არის სამხედრო ბაზა ახალგორთან, ბევრად უფრო ახლოს არის და ბევრად უფრო საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე ის ბაზა, რომელიც შეიძლება მომავალში აშენდეს ან არ აშენდეს. ახალგორზე რა ვთქვათ იქნებ ამაზეც გვითხრათ ორი სიტყვა, როგორ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა, როგორ დაველაპარაკოთ ჩვენს ოს და აფხაზ ძმებს, როგორ წარმოუდგენია მათთან ლაპარაკის გარეშე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამაზე მას არც ერთი სიტყვა არ უთქვამს. ლაპარაკობს სამაგიეროდ იმაზე, რომ თურმე 19 აპრილის შეთანხმება დარღვეული იყო“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

“სად იყო ანგარიში, ვინმემ მოისმინა პრეზიდენტმა რა გააკეთა ამ ერთი წლის მანძილზე?” – ამირან სალუქვაძე

ვინმემ მოისმინა პრეზიდენტმა რა გააკეთა ამ ერთი წლის მანძილზე? არა. მოვისმინეთ დამოძღვრა, თავი ქართლის დედა ჰგონია, ლანძღვა და ტრიბუნის გამოყენება წინასაარჩევნოდ, მათ შორის კოლექტიური ნაცმოძრაობის სასარგებლოდ. ანგარიში – ნული, – წერს ექსპერტი ამირან სალუქვაძე პარლამენტში პრეზიდენტის წლიური ანგარიშის წარდგენის შესახებ.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ზურაბიშვილის მთავარი ადრესატი იყო ოპოზიცია, ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობა, მათი გაერთიანება და მათ შემდუღებლად წარმოუდგენია თავი.

„სალომე ზურაბიშვილი იმაზე მეტად გაუნათლებელი და მავნეა, ვიდრე მეგონა. ე.წ. ანგარიშის დეტალურ განხილვას არ შევუდგები. ზოგადად შევაფასებ. რატომ ეგრეთ წოდებული? აბა სად იყო ანგარიში? ვინმემ მოისმინა პრეზიდენტმა რა გააკეთა ამ ერთი წლის მანძილზე? არა.
მოვისმინეთ დამოძღვრა, თავი ქართლის დედა ჰგონია, ლანძღვა და ტრიბუნის გამოყენება წინასაარჩევნოდ, მათ შორის კოლექტიური ნაცმოძრაობის სასარგებლოდ. ანგარიში – ნული.
კიდევ ერთი. ბევრჯერ მაქვს დაწერილი: არ მიყვარს ნიშნის მოგება და ნიშნის მოგებით საუბარი. მთელი ე.წ. ანგარიში გაჟღენთილი იყო ნიშნის მოგებით.

ზურაბიშვილის მთავარი ადრესატი იყო ოპოზიცია, ანუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მათი გაერთიანება და მათ შემდუღებლად წარმოუდგენია თავი. ვნახავთ რას და ვის შეადუღებს.
განა 2018 წელია, რომ მთელი ქვეყანა დაირაზმოს ვაშაძის და შკლიაროვის წინააღმდეგ? ჰგონია თავისით გახდა პრეზიდენტი. მარგველაშვილსაც ასე ეგონა და სადაა ახლა?

P.S. რაჭა ახსენა დღეს, პოლიტიკური მიზნებისთვის. აჭარაში დღეს სტიქიაა და სიტყვა არ დასცდენია“- წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

“სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას აბსოლუტურად ვიზიარებ” – ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ჟურნალისტებტან საუბრის დროს აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას იზიარებს.

„სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას აბსოლუტურად ვიზიარებ და მგონია, რომ ეს არის არა მთავარი გამოსავალი, არამედ ერთადერთი გამოსავალი. გასაგებია, რომ შესაძლოა, ციფრების ჯამი სხვადასხვანაირად გადალაგდეს, მაგრამ საარჩევნო შედეგები ყოველთვის მშრალი სოციოლოგია და წინასწარი მათემატიკა არაა, ეს ყოველთვის არის ემოციური დამოკიდებულება ადამიანების ნიჰილისტურ განწყობებზე, უბრალოდ არჩევნებზე არ მივლენ, მათ სჭირდებათ ძალის გამოსხივება და იმედის ჩასახვა. წინასწარ ვერ გავაკეთებ განცხადებას, ვიდრე არ ვიქნები მიწვეული ამ შეხვედრაზე, თუმცა ჩემთვის ნებისმიერი ფორმატი არის მისაღები და საჭირო, რომელიც ემსახურება გაერთიანებას, კონსოლიდაციას ძალების, რომელიც ემსახურება ხელისუფლების ცვლილებას, რომელიც დღეს გვყავს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა სალომე ზურაბიშვილთან მე მივალ აუცილებლად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზეც დაველაპარაკები“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დაცულობა, ამიტომ, ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, შევქმნათ მომავლის ქარტია „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.

უკრაინელებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემების მესამედი მწყობრიდან გამოიყვანეს – სტრატკომი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინულმა ძალებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდების დაახლოებით 33% მწყობრიდან გამოიყვანეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ჩვენმა სამხედროებმა მწყობრიდან გამოიყვანეს 24 რუსული ხომალდი და ერთი წყალქვეშა ნავი“, – აცხადებენ სტრატკომში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ინფორმაციით, ღია წყაროების მონაცემებით, ფართომასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში რუსეთის შავი ზღვის ფლოტი 74 საბრძოლო ხომალდისგან შედგებოდა.

“სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი ინსტიტუტის პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას განაგრძობს” – ირაკლი ქადაგიშვილი

პრეზიდენტის გამოსვლაში შეჯამებული იყო რადიკალური ოპოზიციის გზავნილები. სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი ინსტიტუტის პოლიტიკური და პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას განაგრძობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ახლა კიდევ უფრო რადიკალური გახდება.

„პრეზიდენტის გამოსვლაში შეჯამებულად იყო მოყვანილი რადიკალური ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის“ გზავნილები. ყველა გზავნილში რადიკალური „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის გზავნილები იყო გაერთიანებული. სამართლიანობაზე, დემოკრატიაზე, კორუფციაზე, ეკონომიკაზე როცა საუბრობდა, ერთხელაც არ დაეყრდნო ევროპული და მსოფლიოს ავტორიტეტული ორგანიზაციების დასკვნებს, რომელთა მიხედვითაც, საქართველო აღიარებული, ლიდერი ქვეყანაა სამართლიანობის, ღია მმართველობის თუ ღია და გამჭვირვალე ბიუჯეტის კუთხით არა მარტო კანდიდატ ქვეყნებთან, არამედ ევროკავშირის ბევრ ქვეყანასთან შედარებით. სალომე ზურაბიშვილის გზავნილები ოპოზიციური თემის აქტუალიზაცია იყო. დასასრულიც ვნახეთ, მან კონსტიტუციური უფლებამოსილებების გვერდზე გადადებით გამოაცხადა, რომ ევროპული ფასეულობები ჩამოვწეროთ, რა არისო. წაიკითხოს საქართველოს კონსტიტუცია, იქ წერია ევროპული ფასეულობები. ახალი პოლიტიკური პლატფორმის ჩამოყალიბების საკითხი დააანონსა. პრეზიდენტი როგორც არღვევდა კონსტიტუციას, ისე აგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას და დამოუკიდებელი, ნეიტრალური პრეზიდენტის ინსტიტუტის პოლიტიკური და პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რეალობაა. პრეზიდენტის გამოსვლით რაც ვიხილეთ, ეს იყო მცდელობა, ნაჯახით გაეჩეხა საქართველო შუაზე. პრეზიდენტმა დღეს ეს გააკეთა, საქართველოს ნაჯახით შუაზე გადაჭრა გადაწყვიტა. რადიკალური ოპოზიცია ახლა კიდევ უფრო რადიკალური გახდება. მან საქართველოში რადიკალიზმს საწვავი ჩაუსხა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველო იყო საფრთხის ქვეშ, დაჰბრალებოდა ტერაქტების მოწყობა, რას ნიშნავს უკრაინის საელჩოს განცხადება, პოლიტიზება არ მოხდეს, არ გავახმაუროთ ამბავი? – მამუკა მდინარაძე

წარმოუდგენელ ამბავთან გვაქვს საქმე, როდესაც მცდელობაა, საქართველოს დაჰბრალდეს რუსეთში ტერაქტების მოწყობა. ამის ერთადერთი მიზანია, საქართველო ჩაბმული იყოს ომში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, საქართველო არის შემდგარი სახელმწიფო, რომელსაც ძლიერი სპეცსამსახურები ჰყავს.

„ტრანსნაციონალური დანაშაული როცა იხსნება და ამაში რომელიმე ქვეყნის მმართველი პარტიის წარმომადგენლის როლი იკვეთება, ჩვენი მეგობარი თუ არამეგობარი ქვეყნის, უდავოა, რომ განმარტებები უნდა გაკეთდეს. წარმოუდგენელ ამბავთან გვაქვს საქმე, როდესაც მცდელობაა, საქართველოს დაჰბრალდეს რუსეთში ტერაქტების მოწყობა. ამის ერთადერთი მიზანია, საქართველო ჩაბმული იყოს ომში და გამოცხადდეს მხარედ. ამისთვის იყო არა მხოლოდ მოწოდებები, დაძალებებიც კი, ხან მთავრობის ნებართვით მოხალისეების თვითმფრინავების გაშვებას გვთხოვდნენ, პირდაპირი მოწოდებებიც გვახსოვს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უკრაინის კონკრეტული მაღალჩინოსნების მხრიდან. ახლა ტერაქტების მოწყობის გზით ცდილობენ, რაღაცნაირად ჩაითრიონ საქართველო ამ ამბავში. კიდევ კარგი, საქართველოს სახელმწიფო არის შემდგარი და ჰყავს ძლიერი სპეცსამსახურები. უდიდესი მადლობა მათ, ამ სპეცსამსახურებმა შექმნეს პრეცედენტი, რომ ასეთი ვითომ კარგად ორგანიზებული დანაშაულებიც კი იხსნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძეს კითხვა დაუსვეს უკრაინის საელჩოს განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ იმედოვნებენ, ქართული მხარე საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს, რაზეც მამუკა მდინარაძემ განაცხადა:

„რას ნიშნავს, პოლიტიზება არ მოხდეს, საერთოდ კომენტარი არ გავაკეთოთ? ანუ არ გავახმაუროთ ამბავი? გამოიკვეთა კონკრეტული ადამიანები, რომლებთან დაკავშირებითაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს განმარტებები. ქვეყანა იყო უდიდესი რისკის, საფრთხის ქვეშ, დაჰბრალებოდა რუსეთში ტერაქტების მოწყობა. არავინ ახსენებს ასაფეთქებელი მოწყობილობების იმ ნაწილს, რომელიც საქართველოში დარჩა და აქ რა იგეგმებოდა. ამაზე კიდევ ცალკე კითხვის ნიშნებია, რა იგეგმებოდა საქართველოში ასაფეთქებელი მოწყობილობებით. ეს დამატებით გამოძიებას საჭიროებს, გარკვეული მინიშნება ალბათ არის ამასთან დაკავშირებით. საქართველო, უნდა დაფიქსირებულიყო, როგორც კონფლიქტის მხარე, ტერაქტების მომწყობი და ხმა არ ამოვიღოთ, ამას გვთავაზობენ?“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის თქმით, სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით წარმოუდგენელ არგუმენტებს ისმენს ოპოზიციის მხრიდან.

„ამავდროულად, ჩვენ ოპოზიციისგან წარმოუდგენელი არგუმენტები გვესმის, ალბათ რუსეთის სპეცსამსახურებიდან მიიღეს ინფორმაციაო. ასეთი სისულელე რატომ უნდა თქვა. რუსეთის სპეცსამსახურებს რომ ინფორმაცია ჰქონოდა, რატომ მისცემდნენ ინფორმაციას ქართულ სპეცსამსახურებს, გადავიდოდა საზღვარზე და შემდეგ გახსნიდნენ საქმეს, მიიწერდნენ. ბევრ ისეთ ამბავს გამოაცხადებდნენ, რაც აწყობთ. სისულელეს იგონებენ, ოღონდ სიტყვა რუსული ახსენონ და მესიჯბოქსში ჩაჯდნენ. მათი ლოგიკით, რა კარგი ხალხი ყოფილან რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომ ზრუნავენ, საქართველოს არ დაჰბრალდეს რუსეთში ტერაქტის მოწყობა, „ნაცების“ ლოგიკა ასეთი გამოვიდა, ასეთი სიგიჟეები არ უნდა ილაპარაკონ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 თებერვალს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღო რამდენიმე ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელთა გადაადგილებასაც ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე ანდრეი შარაშიძე“.

სუს-ის განცხადებით, „საქმის დეტალები იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება, საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა ემსახურებოდა იმ მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები საქართველოს დაჰბრალებოდა“.

სუს-ის ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა უკრაინის საელჩომ, სადაც აღნიშნულია: „ვამოწმებთ სუს-ის ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას, ვარკვევთ ყველა გარემოებას, ვიმედოვნებთ, ქართული მხარე საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს.