“სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი ინსტიტუტის პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას განაგრძობს” – ირაკლი ქადაგიშვილი

21
spot_img

პრეზიდენტის გამოსვლაში შეჯამებული იყო რადიკალური ოპოზიციის გზავნილები. სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი ინსტიტუტის პოლიტიკური და პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას განაგრძობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ახლა კიდევ უფრო რადიკალური გახდება.

„პრეზიდენტის გამოსვლაში შეჯამებულად იყო მოყვანილი რადიკალური ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის“ გზავნილები. ყველა გზავნილში რადიკალური „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის გზავნილები იყო გაერთიანებული. სამართლიანობაზე, დემოკრატიაზე, კორუფციაზე, ეკონომიკაზე როცა საუბრობდა, ერთხელაც არ დაეყრდნო ევროპული და მსოფლიოს ავტორიტეტული ორგანიზაციების დასკვნებს, რომელთა მიხედვითაც, საქართველო აღიარებული, ლიდერი ქვეყანაა სამართლიანობის, ღია მმართველობის თუ ღია და გამჭვირვალე ბიუჯეტის კუთხით არა მარტო კანდიდატ ქვეყნებთან, არამედ ევროკავშირის ბევრ ქვეყანასთან შედარებით. სალომე ზურაბიშვილის გზავნილები ოპოზიციური თემის აქტუალიზაცია იყო. დასასრულიც ვნახეთ, მან კონსტიტუციური უფლებამოსილებების გვერდზე გადადებით გამოაცხადა, რომ ევროპული ფასეულობები ჩამოვწეროთ, რა არისო. წაიკითხოს საქართველოს კონსტიტუცია, იქ წერია ევროპული ფასეულობები. ახალი პოლიტიკური პლატფორმის ჩამოყალიბების საკითხი დააანონსა. პრეზიდენტი როგორც არღვევდა კონსტიტუციას, ისე აგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას და დამოუკიდებელი, ნეიტრალური პრეზიდენტის ინსტიტუტის პოლიტიკური და პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რეალობაა. პრეზიდენტის გამოსვლით რაც ვიხილეთ, ეს იყო მცდელობა, ნაჯახით გაეჩეხა საქართველო შუაზე. პრეზიდენტმა დღეს ეს გააკეთა, საქართველოს ნაჯახით შუაზე გადაჭრა გადაწყვიტა. რადიკალური ოპოზიცია ახლა კიდევ უფრო რადიკალური გახდება. მან საქართველოში რადიკალიზმს საწვავი ჩაუსხა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.