Home Blog Page 1681

რუსეთის ელჩი აშშ-ისგან სერგეი ლავროვის დელეგაციისთვის, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად, ვიზებს ითხოვს

ვაშინგტონში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, გასცეს ვიზები რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის, რომლებმაც, საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით, რამდენიმე დღეში გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობა უნდა მიიღონ.

„მოვუწოდებთ ვაშინგტონს, არ გადადოს ვიზების გაცემა ჩვენი დელეგაციისთვის, მათ შორის ჩვენი ჟურნალისტებისთვის. ვიზების არგაცემა არღვევს შეერთებული შტატების, როგორც გაერო-ს შტაბ-ბინის მასპინძელი ქვეყნის ვალდებულებებს, რაც აფერხებს მსოფლიო ორგანიზაციის გამართულ, სრულფასოვან ფუნქციონირებას“, – განაცხადა ანტონოვმა.

მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლება არ თანხმდება რუსეთის დელეგაციის თვითმფრინავის აშშ-ის საჰაერო სივრცეში შესვლას.

„ველით, რომ ამერიკელები სასწრაფოდ გასცემენ ნებართვას თვითმფრინავზე (აშშ-ის საჰაერო სივრცეში შესვლისთვის) ყოველგვარი პირობებისა და შეზღუდვების გარეშე“, – აღნიშნა ანტონოვმა.

შეგახსენებთ, აპრილში რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში, მიმდინარე თვეში გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას უნდა გაუძღვეს.

“ანა ფოტიგას განცხადებაში არსებობს რამდენიმე განგებ დაშვებული შეცდომა”

ანა ფოტიგას განცხადებაში არსებობს რამდენიმე განგებ დაშვებული შეცდომა, ხუთდღიან ომზე კარგად უნდა იცოდეს, რომ აბსოლუტურად სხვა იყო რჩევა და სერიოზული იყო ამერიკისა და ევროკავშირის ძალისხმევა, რომ საქართველოსთვის არათუ ომი აერიდებინათ, არამედ კონფლიქტის მოგვარების პროცესიც განევითარებინათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი სწორედ ამას დაუპირისპირდა და ყველაფერი გააკეთა ვითომ რუსეთის საწინააღმდეგოდ და ამ დროს რუსეთს ყველა პირობა შეუქმნა, რომ ტერიტორიების ოკუპაცია მოეხდინა.

„ყველაფერი იმდენად ზედაპირზე დევს, რომ არ მგონია, ანა ფოტიგას ეს ინფორმაცია არ ჰქონდეს და მხოლოდ ემოციების საფუძველზე საუბრობდეს. მან ზუსტად იცის, რაც მოხდა და როგორ მოხდა რუსეთისთვის საქართველოს ტერიტორიების ხელში ჩაგდება. მან ზუსტად იცის, როგორ მოხდა სამოქალაქო პირების დაღუპვა, რომლებიც არ გამოიყვანეს საომარი მოქმედებებიდან. ისიც უნდა იცოდეს, რომ აგვისტოს ომის დაწყებამდე სააკაშვილი და მისი კაბინეტი ამტკიცებდა, რომ რუსეთს საერთოდ არ აინტერესებს ცხინვალის რეგიონი და გაკვირვებული იყვნენ იმ პროვოკაციით, რასაც ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლება ჩადიოდა. არც ანა ფოტიგას და არც სააკაშვილის გარემოცვას არ გაუკეთებიათ მნიშვნელოვანი განცხადება და არ მიუმართავთ სააკაშვილისთვის, რომ მკურნალობას დაემორჩილოს და თავი დაანებოს თვითდაზიანებას, როცა ზუსტად იციან, რომ ადგილი აქვს თვითდაზიანებას და არავითარ მოწამვლას ადგილი არ ჰქონია. ისეთ სურათს ქმნიან, რომ საქართველო დააზიანონ. ვინც საქართველოს აზიანებს განზრახ გადადგმული ნაბიჯებით, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ არ უნდა იყოს დადებითად შეფასებული და ამაზე რეაქცია უნდა გვქონდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯილდოს, გია ვოლსკის თქმით, იმდენად წარმოუდგენელია სააკაშვილის დაჯილდოვება „პრომეთეს“ ჯილდოთი, რომელმაც სიმართლე შემოიტანა, რომ ყველაფერი შეიძლება, იფიქრო – დაინტერესება, ლობიზმი, რაც სააკაშვილის გარემოცვისთვის უცხო არ არის და რაშიც უშველებელი თანხები დაიხარჯა.

„ყველაზე დასანანია, რომ სააკაშვილის ბიოგრაფიაში არცერთი ფაქტი დაკავშირებული არ არის არანაირ პოზიტივთან, გარდა იმისა, რომ მმართველობის პირველ წლებში რაღაც ნაბიჯები გადადგა, რათა სახელმწიფო სტრუქტურები შექმნილიყო. აქაც დიდი იყო ფინანსური დახმარება, რაც ბიძინა ივანიშვილმა გასწია და არავის არაფერი დააყვედრა. სახელმწიფოს მშენებლობის პერიოდში ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა საკმარისია იმისთვის, რომ მას არანაირი ჯილდო არ გადაეცეს, რადგან ეს არის სულში ჩაფურთხება უამრავი ადამიანისთვის, ვინც შეეწირა გესტაბოს ტიპის სადამსჯელო სისტემას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

“რამდენი ინტელექტუალი კარისკაცი ჰყოლია ევროსკავშირს!” – გოგა ხაინდრავა

ფრანგმა ინტელექტუალმა პოლიტიკურმა ფილოსოფოსმა და მწერალმა ბერნარ-ანრი ლევიმ ქართველ ხალხს მიმართა: -თუ მიხეილ სააკაშვილს რამე დაემართება ქვეყანა ევროკავშირში ვერ შევა! – ამის შესახებ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა twitter-ში პოსტს აქვეყნებს.

„რამდენი ინტელექტუალი კარისკაცი ჰყოლია ევროსკავშირს. ნეტა რა ჯდება პოლიტიკური ფალოსოფია?“, – წერს გოგა ხაინდრავა.

” BBC-ს მსგავსი გამოძიება მნიშვნელოვანი კომპონენტია”-კელი დეგნანი

„ბიბისის“ მსგავსი გამოძიება მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა,  თავად გამოიძიოს მათ მიერ წარდგენილი ბრალდებები, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩს კითხვა დაუსვეს, თუ განიხილავს აშშ დავით კეზერაშვილის დასანქცირებას და რამდენად სანდოა „ბიბისის“ ინფორმაცია აშშ-თვის.

კელი დეგნანის განცხადებით, აშშ წინასწარ არ აცხადებს სანქციებს.

„ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, რამდენად მნიშვნელოვანია საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიება, რათა მიაწოდონ ასეთი ინფორმაცია საზოგადოებას, რომელიც ღია და დახურული წყაროებიდან არის მოპოვებული, რაც ქმნის საფუძველს ამ ტიპის ზომებისთვის. ჩვენ თავადაც ვაწარმოებთ ზედმიწევნით პროცესს, რომ შევაფასოთ ის, ვიდრე რაიმე ნაბიჯს გადავდგამთ. „ბიბისის“ მსგავსი გამოძიება მნიშვნელოვანი კომპონენტია. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, თავად გამოიძიოს მათ მიერ წარდგენილი ბრალდებები, როგორიც ესაა. ეს იმ ტიპის ინფორმაციაა, რომელიც, შესაძლოა, ამ ყველაფრის ნაწილი გახდეს“, – განაცხადა დეგნანმა.

„ბიბისიმ”  ჟურნალისტური გამოძიების მასალები გამოაქვეყნა, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1 208 462 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-მარტის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1 208 462 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74.7%-ით აღდგენაა, ხოლო 2022 წლის იანვარი-მარტის პერიოდთან შედარებით ზრდა +109.6%-ს შეადგენს.

„განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ნაწილში. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 845,332 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მონაცემის 95.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +83.8%-ს შეადგენს.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს“,-აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ამ ხალხთან ერთად ევროპაში ვერ წავალთ”- თამარ ჩერგოლეიშვილი

“ოლიგარქის რასკლადში არიან და ამიტომ ესხმოდა თავს მელიას ელენე, როცა მელიას წევდა კეზერაშვილი. ამიტომ უჭერდნენ მხარს ამ ანტიდემოკრატიულ სისტემურ სიმახინჯეს.

იგივე მოხდა 2021 წლის შემოდგომაზე – დიდი ფულის გავლენით, ფულის შანტაჟით წევდნენ ევროპულ საქართველოს (ელენემ ეს ზუსტად იცის და მალავს)

იგივე მოხდა 2021 წლის დასაწყისში ევროპულ საქართველოში – ელენეს გარემოცვამაც კი ყველაფერი იცის, მათაც იბარებდნენ და ბოკერიას გაწევაზე ელაპარაკებოდნენ.

არავინ ხმა არ ამოიღო სისტემურ სიმახინჯეზე და ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ ხალხთან ერთად ევროპაში ვერ წავალთ. ამ ხალხს ევროპა არა სისტემურად, არამედ სადღეგრძელოებისთვის უნდა.

პ.ს. “ორჯერ მყავს ნანახი” – რიმა ბერიძესაც რამდენჯერმე ყავს ნანახი ბიძინა”,- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

 

“ტაივანთან დაკავშირებით საფრანგეთი არ უჭერს მხარს პროვოკაციებს” – ემანუელ მაკრონი

ტაივანთან დაკავშირებით საფრანგეთი არ უჭერს მხარს პროვოკაციებს, ფანტაზიურ პოლიტიკას და მიიჩნევს, რომ ევროპის სტრატეგიული ავტონომიისთვის სტატუს კვო საუკეთესო მოკავშირეა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ნიდერლანდებში ვიზიტის დროს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, კომენტარს არ გააკეთებს ჩინეთში მის ვიზიტთან დაკავშირებით აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებაზე, რადგან მიაჩნია, რომ ტრამპი ზოგიერთების მიერ მოთხოვნილ ესკალაციაში მონაწილეობს.

„როცა ის პრეზიდენტი იყო, მის განცხადებებზე კომენტარს არ ვაკეთებდი, არც ახლა ვაპირებ ამის გაკეთებას, როცა პრეზიდენტი აღარ არის“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა. მანამდე დონალდ ტრამპმა თქვა, რომ „ემანუელ მაკრონი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს უკანალზე კოცნის“.

თავის მხრივ, მარკ რუტემ აღნიშნა, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავდროულად, ევროპამ უნდა შეძლოს, სათანადოდ მონიშნოს საკუთარი გეოპოლიტიკური პოზიციები მსოფლიო ასპარეზზე.

„ეს არის ბალანსი, რომელსაც ყოველთვის ერთად ვეძებთ და სწორედ ამიტომ არის ევროკავშირის წევრებს შორის კოორდინაცია ასე მნიშვნელოვანი. მინდა, დავამატო, რომ ზოგჯერ ჩნდება განცდა, თითქოს თვითმფრინავში ვსხდებით, მიფრინავთ პეკინში ან ვაშინგტონში და იქ ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა. არა, ასე არ ხდება. ეს არის ფრთხილად კოორდინირებული. ეს ნამდვილად ასე მუშაობს და სწორედ ასე გვინდა გავლენის მოხდენა“, – განაცხადა მარკ რუტემ.

“გარკვეული პირები და მათი უახლოესი ოჯახის წევრები ვერ შეძლებენ აშშ-ში შესვლას” – კელი დეგნანი მოსამართლეების დასანქცირებაზე

რა ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული, შედეგები იგივეა. ვიზის განსაზღვრა ნიშნავს, რომ გარკვეულ პირებსა და აშშ-ის მოქალაქეობის არმქონე მათი ოჯახის წევრებს აშშ-ში შესვლის უფლება არ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა აშშ-ის მიერ მოსამართლეების სანქცირების საკითხებს და მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ტერმინი არასწორად იქნა თარგმნილი.

მისი თქმით, ნებისმიერი სანდო და დამოუკიდებელი გამოძიება, იგივე შედეგებამდე მივა.

„რაც შეეხება ინფორმაციის გაზიარებას, ამის საფუძველია საინფორმაციო წყაროების მრავალფეროვნება, მათ შორის არის საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია. თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს, დაიწყოს საკუთარი გამოძიება ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, ინფორმაციის დიდი ნაწილი ცნობილია და წლების განმავლობაში ფართოდ იყო ცნობილი. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი სანდო და დამოუკიდებელი გამოძიება, იგივე შედეგებამდე მივა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

ცნობისათვის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოახდინა მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირება მოახდინა.  მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს  აშშ-ში შესვლა აეკრძალათ.

“პენსიონერების თაღლითური ძარცვის სკანდალი, მხოლოდ ეპიზოდია კეზერაშვილის ბანდის საარაკო ავაზაკობისა”

კეზერაშვილი რომ ფურუნკულია, რომელიც დიდი ხნის წინ გასკდა – საქართველოში ძალიან კარგად იცის ყველამ, მათ შორის ამ ფურუნკულის მიერ დაფინანსებულმა სუბიექტებმაც, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბლოგერი დავით ზარდიაშვილი წერს.

მისი თქმით, პენსიონერების თაღლითური ძარცვის ეს სკანდალი, რაც ბი-ბი-სიმ გაასაჯაროვა, მხოლოდ ეპიზოდია კეზერაშვილის ბანდის საარაკო ავაზაკობისა.

“აქ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ იკვეთება – რამდენად მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი საერთაშორისო კრიმინალი და საერთაშორისო ჩრდილოვანი პოლიტიკა. უარესიც: არსებობს პირდაპირი მინიშნებები, რომ კეზერაშვილს უშუალო კავშირები აქვს დასავლეთის სახელმწიფოების, უწინარესად აშშ-ს – სპეც-სამსახურებთან; ეს კიდევ ერთი საბუთია, რა შორს არის წასული ე.წ. ჩრდილოვანი სახელმწიფოს (“Deep state”) ჩირქმდენი მეტასტაზები; კეზერაშვილი მხოლოდ ერთ-ერთი რიგითი რგოლია და ბუნებრივია, არა მთავარი, იმ საერთაშორისო სინდიკატისა, რომელიც მსხვილ კრიმინალს, მსხვილ ჩრდილოვან ბიზნესს, ჩრდილოვან პოლიტიკას და მათ სამსახურში მყოფ სპეც-სამსახურებს, ასევე სხვა ლეგალურ, ნახევრად ლეგალურ თუ აშკარად დანაშაულებრივი სამყაროს – ორგანიზებული დამნაშავეობის, სტრუქტურებს როგორც საშინელ “სპრუტს” – ზესახელმწიფოებრივ საერთაშორისო კორპორაციას, აერთიანებს. საქართველოში მათი მიზანია სწორედ ამ “სპრუტს” ეკსკუზიურად ეკუთვნოდეს ჩვენი ქვეყანა.

ეს მხილებული მათი დანაშაული – პენსიონერთა ძარცვა მხოლოდ ერთ-ერთი რიგითი მიმართულებაა, ცხადია, გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე, მაგალითად, თუნდაც იარაღის მსოფლიო ბიზნესი – ანუ გლობალურად სიკვდილის თესვა.

თავად ის გარემოება, რომ საქართველოში დიდ ხნის წინ გამსკდარი ეს ფურუნკული თავს აფარებდა ევროპას და ფაქტობრივად, სრული იმუნიტეტით სარგებლობდა – ძალზე მრავლისმეტყველია. უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი მხილება ბი-ბი-სის მიერ გამოხატულებაა მხოლოდ ამ ზესახელმწიფოებრივ კორპორაციაში, ამ “სპრუტში”, რომელიც მსოფლიოს ავთვისებიანი სიმსივნეს სახით მოსდებია, მიმდინარე გარკვეული შიდა დაპირისპირებებისა. ცხადია – მთლიანად ეს კორპორაცია არ და ვერ იქნება მხილებული.

მიუხედავად ამისა – კეზერაშვილის მხილება უდავოდ მნიშვნელოვანია, რადგან მას, როგორც დღევანდელი ქართული ექსტრემიზმის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორს, არსებითად აზიანებს. ვნახოთ, მისწვდება თუ არა მართლმსაჯულება ამჟამად მას და ბოლოსა და ბოლოს, მოისვენებს თუ არა ჩვენი ქვეყანა და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, ამ დიდი ხნის წინ უკვე გამსკდარი ჩირქიანი ფურუნკულისაგან,”- წერს დავით ზარდიაშვილი.

თიბისისთან პარტნიორობით კომპანია „ჭარებულამ“ გორის რაიონში ინტენსიური ვაშლის ბაღები გააშენა

კომპანია „ჭარებულამ“ ინტენსიური ვაშლის ბაღების გაშენება 2020 წელს დაიწყო და თიბისის მხარდაჭერით ახლა უკვე 12 ჰა ბაღების მფლობელია. კომპანიის დირექტორი, გიორგი აბესაძე, ინტენსიური ვაშლის ბაღების ტრადიციულ ბაღებთან უპირატესობაზე საუბრობს:

„ინტენსიურ ბაღს, ტრადიციულთან შედარებით, რამდენიმე უპირატესობა აქვს: პირველ რიგში, აქ ჰექტარზე ძალიან ბევრი – 3000-ამდე ხე ირგვება. ხეები მსხმოიარობაში მალე შედიან და ინვესტიციაც მალე ამოგებადია. ამასთანავე, მარტივად მოსავლელი ხეებია, გამძლე, დაავადებების მიმართ მედეგი, მოსავალსაც მეტს იძლევა და დასაკრეფადაც ადვილია.

„ჭარებულა“ მდინარეა, რომელიც გორის რაიონში, ამჟამად ოკუპირებულ სოფელში, ჭარებში იღებს სათავეს და ტყვიავში ჩვენს ბაღებს ჩამოუდის. ამ ლამაზი მდინარის სახელი დავარქვით ჩვენს მეურნეობასაც, რომლის გაშენებაც თიბისის შეღავათიანი აგროკრედიტის და დანერგე მომავლის მხარდაჭერით, 2019 წელს დავიწყეთ.

პირველი ნერგები 2020 წელს, 4 ჰა მიწაზე ჩავყარეთ. 2021 და 2022 წლებში კიდევ ოთხ-ოთხი ჰექტარი დავამატეთ და დღეისათვის ჯამში 12 ჰა ინტენსიური ვაშლის ბაღი გვაქვს. პირველმა, 2020 წელს ჩაყრილმა ნერგებმა ნიშანი – 60 ტონამდე ვაშლი – უკვე გასულ წელს მოგვცა. ამ ბაღიდან შემოდგომაზე უფრო მეტს ველოდებით. შემდეგი წლის ხეებსაც ექნება ნიშანი და წელს, ალბათ, 150 ტონამდე ავალთ. შემდეგ წლებში კი სხვა ბაღების ნიშანიც წამოგვეწევა. ვაპირებთ კიდევ 1,5 ჰა მიწის დამატებას. ასე რომ, საბოლოო ჯამში, „ჭარებულას“ ბაღებიდან წლიურად 700-800 ტონა მოსავალს ველოდებით.

პირველი მოსავლის აღებისთანავე დადგა ხილის შესანახი მაცივრის საჭიროება. თიბისის მხარდაჭერით დავიწყეთ მაცივრის დამზადება. კონსტრუქციული ნაწილი თითქმის დასრულებულია და ახალ მოსავალს უკვე იქ შევინახავთ. ამ მაცივრის გარეშე ხილის შენახვა ჭირს, ამიტომ იძულებული ვიყავით, პირველი მოსავალი აღებიდან მალე, შემოდგომითვე გაგვეყიდა, რაც არახელსაყრელია, რადგან შემოდგომაზე ვაშლი ბაზარზე ბევრია და ფასი, შესაბამისად, დაბალი. ახლა შეგვიძლია მოსავალი 6 თვე მაცივარში შევინახოთ და გაზაფხულზე გავყიდოთ, რაც გაცილებით მეტ მოგებას მოგვცემს.

მოსავალს, 6 ჯიშის ვაშლს, ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით. 4 მუდმივი თანამშრომელი გვყავს, სეზონურად კი – ვაშლის დარგვის, მოსავლის აღების, დახარისხების, ჩაწყობის დროს – მათი რიცხვი 25-ამდე ადის.

მომავალში, თიბისის მხარდაჭერით, ვგეგმავთ კიდევ რამდენიმე ჰექტარი მიწის დამატებას და, შესაბამისად, მაცივრის გაფართოებასაც.

თუ საქმე კარგად წავიდა, ვაპირებთ, ასევე, შესაფუთი, ჩასაწყობი თუ სხვა საჭირო მასალის ადგილზე დამზადებასაც, რომელსაც ახლა სხვაგან ვყიდულობთ.

ჯერჯერობით კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საქმემ გაამართლა, რაც, ჩვენს მონდომებასთან ერთად, თიბისის შეღავათიანი აგროკრედიტის და დანერგე მომავლის დამსახურებაა.“

“რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის გახსნეს” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგზაო დეპარტამენტის მიერ დაწესებული რეჟიმის მიხედვით, რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის გახსნეს.

როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ამოქმედდა ახალი რეჟიმი: 07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან 194-ე კმ-მდე (ახალსოფლის კვანძიდან ზესტაფონამდე) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის, 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე კი ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები.

„გუშინ, 18:00 საათიდან, რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება დაიშვა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ავტომობილებისათვის. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, რომ მოძრაობა შეუფერხებლად და უსაფრთხოდ გაგრძელებულიყო. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მობილიზებული არიან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე, შეუფერხებელი საავტომობილო მოძრაობის უზრუნველსაყოფად და მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, საგზაო მოძრაობას არეგულირებენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“სიცრუეა თითქოს რიკოთის პროექტი გეოლოგიური კვლევების გარეშე დაიწყო” – გიორგი წერეთელი

„სრული სიცრუეა თითქოს რიკოთის პროექტის  მშენებლობა გეოლოგიური კვლევების  გარეშე დაიწყო. ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და გარკვეულწილად, რიკოთის პროექტის დისკრედიტაცია. პროექტი დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის მიერ და ყველა პროცესი, მათ შორის, პროექტის, სამუშაოების და ზედამხედველობის შესყიდვა, ყველა ნაბიჯი, ყველა დეტალი თანხმდება ამ ორგანიზაციებთან და მიმდინარეობს მათივე ზედამხედველობით,“– განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა რიკოთის მონაკვეთზე ბოლო დროს განვითარებული მეწყრული პროცესისა და ქვათაცვენის შესახებ საუბრისას.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი ერთ-ერთი ურთულესი პროექტია, რომელიც 52 კმ-მდე გზის, 97 ხიდისა და 52 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. 30 მარტიდან რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა ორჯერ აიკრძალა, მეწყერსაშიში პროცესებისა და ქვათაცვენის გამო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის საპროექტო გადაწყვეტილება და თავად პროექტი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, საერთაშორისო დონის საგზაო ინჟინერიაში ერთ-ერთმა დიდმა ამერიკულმა კომპანია „აეკომმა“ მოამზადა. რიკოთის მეორე, მესამე და მეოთხე მონაკვეთების პროექტები კი, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, იტალიური კომპანიების, მათ შორის, „აიარდის“ მიერ არის მომზადებული.

„ამ მონაკვეთებზე ჩატარებული გეოლოგიური, გეოტექნიკური, გეოფიზიკური, სეისმური კვლევების და ჰიდროლოგიის შედეგად იქნა ეს პროექტები გადაწყვეტილი. ამასთანავე,  აზიის განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის მოწვევით, შესაბამისი სპეციალისტები იყვნენ ჩამოსული, რომლებმაც საპროექტო გადაწყვეტილებების რევიზია და გადახედვა მოახდინეს,“-განაცხადა წერეთელმა.

გიორგი წერეთელმა, აღნიშნა, რომ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე არაერთი გეოლოგიური და სხვა სახის კვლევა ჩატარდა, მიმდინარე პროცესები კი მთიანი რელიეფისთვის დამახასიათებელია. თუმცა არსებული პროცესების მართვა და მონიტორინგი უცხოური საზედამხედველო კომპანიების მიერ 24 საათის განმავლობაში წარმოებს.

„პროექტირების ეტაპზე, გეოლოგიური კვლევისთვის ტერიტორია დაახლოებით 250 ხიმინჯოვანი ბურღით გაიბურღა, რაც უპრეცედენტოა. არსებობს გეოლოგიური რუკა.  შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები გაწერილია საპროექტო გადაწყვეტილებაში, რის მიხედვითაც მიმდინარეობს სამუშაოები. ეს არის სამშენებლო პროცესი და როცა სამთო გზები კეთდება, ვმუშაობთ მთიან რეგიონში, ასეთი ინციდენტები შესაძლებელია მოხდეს. ჩვენ ვართ ფრთხილად იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ყველა შესაძლო ზიანი და მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება. სწორედ ამის გამო მოგვიწია რამდენჯერმე მოძრაობის გადართვა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე. ზედამხედველობას ვახორციელებთ 24 საათის განმავლობაში,“ – აღნიშნა გიორგი წერეთელმა.